USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
რომელ წმინდათა ხსენების დღეა13 მარტს?
Date:  930

12 მარტს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი იოანე კასიანე რომაელი (+435)

29 (13.03) თებერვალი

ღირსი იოანე კასიანე რომაელი წარჩინებულ და დიდებულ რომაელთა შვილი იყო. სიყმაწვილიდანვე სიბეჯითითა და ნათელი გონებით გამორჩეული ჭაბუკი ჯერ ასტრონომიასა და ფილოსოფიაში განისწავლა, შემდეგ კი სასულიერო მწერლობას ჩაუღრმავდა.

დაახლოებით 388 წელს წმიდა მამამ ბეთლემის სავანეში მონაზვნობა შეიმოსა. ორი წლის შემდეგ იგი სულიერ ძმასთან, გერმანესთან ერთად თებაიდასა და სკიტის უდაბნოში სამოგზაუროდ გაეშურა, მოინახულა აქ მოსაგრე მამები და გაიღრმავა სულიერი გამოცდილება. 397 წელს იოანე და გერმანე დაბრუნდნენ ბეთლემში, შემდეგ კი იოანე ოქროპირის სწავლა-მოძღვრების მოსასმენად კონსტანტინოპოლში გაემგზავრნენ, სადაც იოანე დიაკვნად აკურთხეს. 405 წელს წმიდა მამა კონსტანტინეპოლის სამღვდელოების გადაწყვეტილებით სათავეში ჩაუდგა რომის პაპ ინოკენტი I-თან გაგზავნილ მისიას უსამართლოდ დევნილი მღვდელმთავრის დასაცავად.

ღირს იოანეს მღვდლად სამშობლოში დაასხეს ხელი. მარსელში მან დაარსა მამათა და დედათა მონასტრები, რომლებიც აღმოსავლეთის სავანეთა წეს-განგებით ხელმძღვანელობდნენ. იგი ცდილობდა, თანამემამულეები მართლმადიდებლური აღმოსავლეთის მოღვაწეთა სულისკვეთებასთან მიეახლებინა. 431 წელს იოანე კასიანე, რომელმაც აღმოსავლელ და დასავლელ მამათა ნაშრომების შეჯერებით დაწერა თავისი უკანასკნელი თხზულება, მიმართული ნესტორის ერესის წინააღმდეგ. თავის ნაწერებში ღირსი კასიანე მოსაგრე მამების სულიერ გამოცდილებას ეყრდნობოდა. იგი წერდა: „მადლი ნაკლებად მოიპოვება მაღალფარდოვანი სიტყვებით ენაწყლიანი დისპუტებით, დიალექტიკური სილოგიზმებით და ციცერონის მჭერმეტყველებით“.

ღირსი იოანე, დამასკელი ეპისკოპოსი, ბარსანოფად წოდებული (V)

29 (13.03) თებერვალი

ღირსი იოანე დამასკელი, ბარსანოფად წოდებული დაიბადა პალესტინაში. იგი 18 წლის იყო, როცა მოინათლა, მცირე ხნის შემდეგ კი მონაზვნობა შეიმოსა. ასკეტ ბერს დამასკოს ეპისკოპოსადაც დაასხეს ხელი, მაგრამ განმარტოებისკენ მიდრეკილმა მამამ ფარულად დატოვა ეპარქია და ალექსანდრიას მიაშურა ბარსანოფის სახელით. იოანე ნიტრიის უდაბნოს სავანეში დამკვიდრდა: დღისით მორჩილად ემსახურებოდა ბერებს, ღამეებს კი ლოცვაში ათევდა. მალე წმიდა თეოდორე ნიტრიელმა მდაბალ ბერში დამასკელი ეპისკოპოსი შეიცნო, რის შემდეგაც წმიდა მამა აქაურობასაც განერიდა, ეგვიპტეში წავიდა და იქ მოღვაწეობდა აღსასრულამდე (V).

წმიდა მოწამე თეოქტირისტე (VIII)

29 (13.03) თებერვალი

წმიდა მოწამე თეოქტირისტე, პელიკითის იღუმენი, წმიდა ხატების თაყვანისცემისთვის ეწამა უსჯულო იმპერატორის, კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) დროს. ნეტარ მარტვილს ადუღებილი ფისი გადაასხეს. მასთან ერთად ეწამნენ წმიდა სტეფანე ახალი (ხს. 28 ივნისს) და სხვა კეთილმსახური ბერები.

წმიდა თეოქტირისტე ცნობილია, როგორც სასულიერო მწერალი.

ღირსი ლეონი, კაბადოკიელი მონაზონი

29 (13.03) თებერვალი

ღირსმა ლეონმა, კაბადოკიელმა მონაზონმა მოყვასის სიყვარულისთვის „დადო სული თვისი“. იგი ნებით ჩაბარდა ტყვედ სარკინოზებს: სამი სნეული მონაზვნის ნაცვლად მათ საკუთარი ჯანსაღი, სამუშაოებისთვის ვარგისი თავი შესთავაზა. უდაბნოში ხანგრძლივ მგზავრობას წმიდა მამამ ვერ გაუძლო და ძალები გამოეცალა, რისთვისაც უსჯულოებმა მახვილით მოკლეს.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way