USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
თბილისი
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 9 ოქტომბერს?
 555

9 ოქტომბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

მიცვალება წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღვთისმეტყველისა (II ს. დასაწყისი)

წმიდა მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი თავდაპირველად წმიდა იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო. იესო ქრისტეს გამოჩენამ, რომელშიც უფლის წინამორბედმა მესია შეიცნო, საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე და ანდრია მოციქულთან ერთად თან გაჰყვა მაცხოვარს (ინ. 1,35-40). შემდგომ ქრისტემ წმიდანს, „რომელი ბადეთა და თევზთა და ტბასა შინა იქცეოდა“, ძმით, იაკობითურთ მოუწოდა და კაცთა მონადირედ დადგინება აღუთქვა (მთ. 4,21). მანაც დაუტევა ყოველივე.

მხურვალე სიყვარულისა და ქალწულებრივი სიწმიდისათვის ქრისტემ გამორჩევით შეიყვარა იგი და ორ სხვა ურჩეულეს მოწაფესთან ერთად განსაკუთრებით დაიახლოვა.

 იოანე ღვთისმეტყველმა საკუთარი თვალებით იხილა იაიროსის ასულის განკურნება და უფლის ფერისცვალება თაბორის მთაზე.

 საიუდმლო სერობაზე პეტრემ, „დაღათუ პირველი იყო მოწაფეთაჲ“, თავად ვერ იკადრა და იოანეს სთხოვა მოძღვრისათვის ეკითხა, „თუ ვინ მიუდგა საზარელსა მას განმცემლობასა“. ისიც მკერდზე მიეყრდნო ქრისტეს და ჰკითხა: „ვინ არს, რომელი მიგცემს შენ?“ და მაცხოვარმა „მყისვე აღუხსნა კითხული და პურითა მოასწავა განმცემელი“.

 ცხადია, რომ როცა იოანემ ძმასთან ერთად იესოსგან მისი მახლობელი საყდარი ითხოვა (მკ. 10,35-36): „არა ვითარცა დიდების ტრფიალმან, არამედ ვითარცა ქრისტეს ტრფიალმან ითხოა იგი, რადგან სურდა, არავინ ყოფილიყო სხუაჲ მისსა უმახლობელესი სასურველისაჲ“.

 წმიდა მოციქული არ მოშორებია მოძღვარს, როცა იგი, შებორკილი, გეთსიმანიის ბაღიდან ანასა და კაიაფას სამსჯავროზე მიჰყავდათ, თან შეჰყვა მაცხოვარს მღვდელმთავრის ეზოში და მის დაკითხვას დაესწრო; ნეტარი გოლგოთის გზაზეც შეუდგა ქრისტეს, ჯვრის კვარცხლბეკთან იდგა და ღვთისმშობელთან ერთად ტიროდა. ჯვარცმულმა მაცხოვარმა, როცა იხილა დედამისი და „მოწაფე იგი, რომელი უყუარდა“, დედას უთხრა: „დედაკაცო, აჰა ძე შენი!“ შემდეგ კი იოანეს უთხრა: „აჰა დედაჲ შენი!“ (იოანე 19,26-27). ამ დროიდან მოყოლებული ნეტარი მოციქული მოსიყვარულე შვილივით ზრუნავდა ყოვლადწმიდა ქალწულზე და ერთგულად ემსახურებოდა მას.

 როდესაც ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ მის წმიდა გვამს გეთსიმანიის ბაღში დასაკრძალავად მიასვენებდნენ, იოანეს ცხედრის წინ მიჰქონდა სამოთხის შტო, რომელიც გაბრიელ მთავარანგელოზმა მიართვა მას.

 ამ დრომდე წმიდა მახარებელი იურუსალიმში ქადაგებდა და არაერთხელ დაუთმენია დევნა იუდეველ მღვდელმსახურთაგან.

 ღვთისმშობლის დაკრძალვის შემდეგ იოანე მოწაფესთან, პროხორესთან ერთად თავის წილხვედრ ქალაქ ეფესოში წავიდა. გზად იოპიაში მათ ძლიერმა ქარიშხალმა მოუსწრო და ხომალდი, რომლითაც მიემგზავრებოდნენ, დაიღუპა. ზღვამ ყველა მგზავრი ნაპირზე გამორიყა, მხოლოდ იოანე დაინთქვა უფსკრულში. პროხორე გულამომჯდარი მოთქვამდა მოძღვრის დაკარგვის გამო, ბოლოს კი მარტო დარჩენილმა გზა განაგრძო. მეთოთხმეტე დღეს მან იხილა, რომ ტალღებმა ნაპირზე ადამიანი გამოაგდო. როცა ნეტარი უცნობს მიუახლოვდა, გაოცებამ და სიხარულმა შეიპყრო - ეს იოანე მახარებელი იყო, რომელიც უფალს მთელი ან ხნის მანძილზე ზღვის წიაღში უვნებლად დაეცვა.

 მოძღარი და მოწაფე ეფესოსკენ გაემართნენ, სადაც წმიდა იოანე მძვინვარე წარმართებს შორის დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტეს. მის ქადაგებებს მარავალრიცხოვანი სასწაულები ახლდა თან და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცეულთა რიცხვიც სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. როდესაც იმპერიაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, იოანე შეიპყრეს და ერთი წყაროს მოწმობით, იმპერატორ ნერონის (53-68) სხვა ცნობით კი - დომიციანეს (81-96) სამსჯავროზე წარადგინეს.

 ქრისტეს აშკარა აღსარებისთვის ნეტარს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ უფალმა დაიცვა თავისი რჩეული. წმიდა მოციქულს მომაკვდინებელი შხამით სავსე ფიალა გამოაცლევინეს, მაგრამ ცოცხალი გადარჩა, ადუღებული ზეთით სავსე ქვაბში ჩააგდეს, მაგრამ იქიდანაც უვნებელი ამოვიდა. ამის შემდეგ იოანე კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს, სადაც მრავალი წელი დაჰყო. იოანემ თავისი ქადაგებებით და სასწაულებით მთელი კუნძულის მოსახლეობა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია.

 იოანეს გამოცხადება

 ნეტარი მახარებელი თავის მოწაფესთან, პროხორესთან ერთად უდაბურ მთაზე ავიდა და სამი დღე იმარხა. მისი ლოცვის დროს მთა შეზანზარდა და საშინლად იქუხა. შეძრწუნებული პროხორე მიწაზე დაემხო. იოანემ წამოაყენა ნეტარი და უბრძანა ჩაეწერა, რასაც მისგან გაიგონებდა: „მე ვარ ანი და ჵ, იტყვის უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი“ (გამოცხ. 1,8) - ამბობდა ღვთის სული მოციქულის მიერ. ასე დაიწერა დაახლოებით 67 წელს იოანეს გამოცხადება, ანუ აპოკალიფსი, რომელშიც ეკლესიისა და სამყაროს მომავალი და დასასრულია განცხადებული.

 ხანგრძლივი გადასახლებიდან განთავისუფლების შემდეგ იოანე მახარებელი ეფესოში დაბრუნდა. იგი აქედან ადევნებდა თვალყურს ყველა მახლობელი ეკლესიის ცხოვრებას, ხშირად მოიხილავდა მათ და ქრისტიანულ სარწმუნოებას წარმართული ამაოდბრძნობით შერყვნისაგან იცავდა.

 იოანე მახარებელი უპირატესად სიყვარულის მოციქულია. ვერც მხცოვანებამ, ვერც ხორციელმა უძურებამ ვერ შეძლო დაეცხრო მასში საოცარი მოშურნეობა.

 იოანე მახარებელი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მოწაფეებს იკრებდა ირგვლივ და მოუწყინებლად შეაგონებდა, ურთიერთს შორის მშვიდოდა დაეცვათ და ერთმანეთი ყვარებოდათ. როცა ნეტარი წლებმა იმდენად დაამძიმა, რომ ქრისტიანთა თავყრილობებზე სიარული არ შეეძლო და მოწაფეები დაატარებდნენ, უწინდელივით ქადაგებასაც ვეღარ ახერხებდა და მხოლოდ ამ სიტყვებს იმეორებდა: „შვილნო, იყუარებოდეთ ურთიერთას“. ბოლოს მოწაფეებმა ჰკითხეს მოძღვარს, რატომ უმეორებდა მათ გამუდმებით ერთსა და იმავეს, იოანემ კი უპასუხა: „ეს უფლის მცნებაა და თუ მას დაიცავთ - კმა გეყოფათ“.

 იოანე მახარებელი ას წელს იყო გადაცილებული, როცა სასუფეველს შეერთო.

 წმ. იოანე მახარებლის მიცვალება

 ერთხელ ნეტარი შვიდ მოწაფესთან ერთად ეფესოდან გავიდა, ქალაქის სიახლოვეს, მაღალ კლდეზე განმარტოვდა და ილოცა, შემდეგ კი სიყვარულით დაემშვიდობა ყველას, ჯვრის სახის საფლავი გაათხრევინა, შიგ ჩაწვა და მიწის დაყრა ითხოვა. მოწაფეებმა ტირილით დაჰკოცნეს ძვირფასი მოძღვარი, მაგრამ ურჩობა ვერ გაბედეს და საფლავი ნელ-ნელა ამოავსეს. ეს რომ ეფესელებმა შეიტყვეს, მივიდნენ მოციქულის სამარხთან, გათხარეს იგი, მაგრამ შიგ ვერაფერი იპოვეს.

 ყოველწლიურად, 8 მაისს, იოანე მახარებლის საფლავიდან ამოდიოდა თხელი მტვერი, რომელსაც მორწმუნეები აგროვებდნენ და სასწაულბრივ იკურნებოდნენ. ამის გამო ეკლესია წმიდა მოციქულის ხსენებას 8 მაისსაც აღნიშნავს.

 უფალმა თავის საყვარელ მოწაფეს ძმასთან ერთად „ბანერგეს“ - ძენი ქუხილისანი უწოდა და ამით მიანიშნა მათ ცეცხლოვან მოშურნეობაზე და სულის სიძლიერეზე. იოანე მახარებლის იკონოგრაფიული ნიშანია არწივი - სიმბოლო ღვთისმეტყველური აზრის აღმაფრენისა. ზედწოდება „ღვთისმეტყველი“ წმიდა ეკლესიამ ქრისტეს მოციქულებიდან მხოლოდ წმიდა იოანეს მიაკუთვნა - ღვთაებრივი განგების ფარულ მჭვრეტელს.

 

„შვილნო, გიყვარდეთ ერთმანეთი“, - წმინდა იოანეს ამ სიტყვებს კიდევ ერთხელ მოისმენენ მორწმუნენი, ახლა უკვე ბოლო ჟამს. როგორც წმინდა ანდრია სალოსი ბრძანებს (იხილეთ მისი ცხოვრების ვრცელი ვარიანტი), უფლის მეორედ მოსვლის წინ, ანტიქრისტეს გამეფებისას, წმინდა ელიასა და ენუქთან ერთად წმინდა იოანეც მოევლინება ცოდვილ კაცობრიობას, განამხნევებს ქრისტიანებს და ამხელს ანტიქრისტეს (წმინდა თეოდოსი იერუსალიმელი აზუსტებს, წმინდა ელია და ენუქი ანტიქრისტიანულ ქვეყნებში იქადაგებენ, წმინდა იოანე კი კავკასიაშიო), მის ხელთაგან მიიღებენ სიკვდილს და ანტიქრისტე მათ სხეულებს „უბანთა ზედა“ დაყრის; ასე იქნებიან სამდღე-ნახევარი, შემდგომ კი უფალი მკვდრეთით აღადგენს მათ და თავადაც მალე მობრძანდება დიდებით...

 როგორც ბრძანებს წმინდა ანდრია, „ნეტარ არს, რომელი არა იპოვოს მბრძოლ ღმრთისა მათ დღეთა შინა, არამედ დაიმარხოს სარწმუნოება იესუ ქრისტესი“.

დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა,
რომელიც ჩამოსვენდა საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან (1989)

დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც ჩამოსვენდა საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან. 1989 წლის 26 სექტემბერს ათონის ივერთა მონასტრიდან თბილისში ჩამოასვენეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, პორტაიტისას ასლი, რომელიც წმინდა მთის ბერებმა შეასრულეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ქართველი ერისადმი სიყვარულისა და მადლიერების გამოსახატავად.

მთელი საქართველო ზეიმობდა ამ დღეს. ერის იმდროინდელ გაჭირვებაში ივერიის მფარველი ხატის ჩამობრძანება ყველამ ზეციურ კურთხევად აღიქვა და ეს დღე საქართველოს ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც დღესასწაული.

ხატი ასვენია თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში.

წმიდა ტიხონი, პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა

წმიდა ტიხონი, პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა (ერისკაცობაში - ვასილი) 1865 წლის 19 იანვარს დაიბადა ფსკოვის გუბერნიაში, ტროპეცკის მაზრაში მღვდლის, იოანე ბელავინის ოჯახში.

ფსკოვის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ წმიდანი სანკტ-პეტერბურგში სწავლობდა, სასულიერო აკადემიაში. არქიმანდრიტის ხარისხში ნეტარი დაინიშნა ხოლმის სასულიერო სემინარიის რექტორად. 1898 წლიდან ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. წმიდა მამა ფრიად დაშვრა მართლმადიდებლური სარწმუნოების განსამტკიცებლად ამერიკაში, სადაც მას დღემდე მართლმადიდებლობის მოციქულს უწოდებენ. მღვდელმთავარი ტიხონი 1905 წელს მთავარეპისკოპოსის ხარისხში იქნა აღყვანილი და 1907 წლიდან იაროსლავის, 1913 წლიდან კი - ლიტვის (ვილნოს) კათედრაზე გაამწესეს. 1917 წლიდან წმიდანი მოსკოვისა და კოლომნის მთავარეპისკოპოსია (აგვისტოს თვიდან - მიტროპოლიტი). 1917 წლის 5 ნოემბერს სრულიად რუსეთის ადგილობრივ კრებაზე, რომელმაც აღადგინა პატრიარქობა, წმინდა ტიხონი აირჩიეს რუსეთის ეკლესიის მესაჭედ. ინტრონიზაცია კრემლის მიძინების ტაძარში აღესრულა 21 ნოემბერს. ნეტარი ტიხონი საოცრად მშვიდი, კეთილი და გულთბილი ადამიანი იყო, მაგრამ საეკლესიო საქმეებში, განსაკუთრებით კი მტერთა ძალადობისგან ეკლესიის დაცვისას, შეურყეველ სიმტკიცეს იჩენდა. ეკლესიის რღვევის, რასკოლის, ქრისტეს მსახურთა დევნისა და ხოცვა-ჟლეტის წლებში მან შეძლო დაეცვა მართლმადიდებლობის სიწმინდე.

1921 წლის აგვისტოში ვოლგისპირეთში შიმშილობის მძვინვარების ჟამს პატრიარქმა მორწმუნეები აკურთხა, დამშეულთა დასახმარებლად შეეგროვებინათ ძვირფასი ნივთები, რომელთაც საეკლესიო დანიშნულება არ გააჩნდათ. ამ მოწოდების პასუხად 1922 წლის თებერვალში საბჭოთა ხელისუფლებამ დაადგინა, ტაძრებიდან ყოველგვარი საეკლესიო ფასეულობა გაეტანათ. ნეტარმა ტიხონმა ხმა აიმაღლა ამგვარი ძალადობის წინააღმდეგ, რაც საბოტაჟად შეფასდა და ეკლესიის წინამძღვარი დააპატიმრეს. 1922 წლის აპრილიდან 1923 წლის ივნისამდე მწყემსმთავარი პყრობილებაში იმყოფებოდა. განთავისუფლების შემდეგ კი, 1923 წლის 26 ივნისს, დაიბრუნა სამღვდელმთავრო ტახტი.

პატრიარქი ტიხონი მოულოდნელად გარდაიცვალა 1925 წლის 6-7 აპრილს, ღამის 12 საათზე ოსტოჟენკის საავადმყოფოში. 1989 წლის 26 სექტემბერს იგი წმიდანად შერაცხეს, 1992 წლის 19 თებერვალს კი მოხდა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.

 

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.