6 ნოემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
წმიდა მოწამე არეთა და მასთან ოთხიათას ორას ოთხმოცდა-ცხრამეტი მოწამე (+523)
წმიდა არეთა და მასთან სხვა ოთხიათას ორას ოთხმოცდა-ცხრამეტი ქრისტიანი (სხვა ცნობით - ოთხიათას ორას ორმოცდათორმეტი) VI საუკუნეში ეწამნენ მართლმადიდებლობის ერთგულებისთვის. არეთა იყო არაბეთის ქალაქ ნეგრანის მმართველი, რომლის მცხოვრებლებიც ქრისტიანები იყვნენ.
ომირიტების (სამხრეთ არაბეთში, არაბეთის ყურესთან მოსახლე ხალხი) მეფემ, იუდეველმა დუნაანმა ქვეყანაში ქრისტიანობის ამოძირკვა გადაწყვიტა და გამოსცა ბრძანება, ამოეჟლიტათ ქრისტეს ყველა მიმდევარი, ქალაქი ნეგრანი არ განუდგა მაცხოვრის სარწმუნოებას. მაშინ უღმერთო ხელისუფალი დიდი ლაშქრით დაიძრა მის ასაოხრებლად. ნეგრანის კედლებთან მეფის მაცნეებმა განაცხადეს, რომ ცოცხალი მხოლოდ ის გადარჩებოდა, ვინც ქრისტეს უარყოფდა. დუნაანმა ქრისტიანული ქალაქის აღება ძალით ვერ შეძლო და ხერხს მიმართა - ფიცი დადო, რომ ქრისტიანებს არ შეეხებოდა და მხოლოდ დაბეგრავდა ნეგრანს. ქალაქის მცხოვრებლებმა ყურად არ იღეს არეთას რჩევა, ერწმუნნენ დუნაანს და მტერი ქალაქში შეუშვეს.
უსჯულო მეფემ ბრძანა, დიდი კოცონი დაენთოთ და სხვა ქრისტიანების დასაშინებლად ყველა ღვთისმსახური შიგ ჩაეყარათ. ასე დაწვეს ოთხასოცდაშვიდი ღვთისმსახური. მმართველი არეთა და სხვა უხუცესები საპყრობილეში გამოკეტეს. „არ უარვყოფთ ქრისტეს, რადგან ის ჩვენთვის სიცოცხლეა, მისთვის სიკვდილი კი - შესაძინელი“, - ერთხმად ღაღადებდნენ ქრისტიანები. უღმერთოებმა ქრისტეს აღსარებისთვის ქალაქ ნეგრანისა და მისი მახლობელი სოფლების ოთხი ათასზე მეტ მკვიდრს წამებით ამოჰხადეს სული. წმიდა არეთა, ერთი ცნობით, მახვილით განგმირეს.
ნეტარი ელეზვოი - ეთიოპიის მეფე (+დაახლ. 553-555)
ნეტარი ელეზვოი - ეთიოპიის მეფე არაბეთში ქრისტიანთა მდევნელი იუდეველი დუნაანის მეფობის ჟამს ცხოვრობდა. კეთილმსახურმა ხელისუფალმა, რომელიც ძალიან შეაწუხა მართლმორწმუნეთა გაუთავებელმა ხოცვა-ჟლეტამ, უღმრთო დუნაანს ომი გამოუცხადა, მაგრამ მისი ლაშქრობა მარცხით დამთავრდა. ელეზვოის სურდა, შეეტყო, თუ რა იყო დამარცხების მიზეზი და ზეგარდამო შთაგონებით ერთ დაყუდებულ ბერს მიმართა. ამ უკანასკნელმა კი წმიდანს განუცხადა, რომ იგი არასწორად მოიქცა, როცა მხოლოდ საკუთარ ძალებზე მინდობით დუნაანზე შურისძიება გადაწყვიტა, რადგან უფალი ბრძანებს: „ჩემი არს შურის-გებაჲ და მე მივაგო“ (ებრ. 10,30). განდეგილმა ნეტარ ელეზვოის ურჩია, დუნაანის წინააღმდეგ ებრძოლა არა საკუთარი ძალის, არამედ ღვთის მოწყალების იმედით დაეწყო და ბრძოლის მიზანი მხოლოდ ქრისტიანობის დაცვა და წმიდა ეკლესიის სიყვარული უნდა ყოფილიყო. ამასთანავე ურჩია, საკუთარი სულის ცხონებისათვის სიცოცხლის უკანასკნელი დღეები ღვთისათვის მიეძღვნა. წმიდა ელეზვოიმ აღთქმა დაუდო უფალს, რის შემდეგაც მტერზე გაიმარჯვა, ქვეყანაში ქრისტიანებს აღმსარებლობის თავისუფლება მიანიჭა და ტაძრები გახსნა. ამის შემდეგ წმიდანმა დატოვა სამეფო ტახტი და ერთ-ერთ სავანეს მიაშურა, სადაც თხუთმეტი წელი დაყუდებით ცხოვრობდა. ნეტარი ელეზვოი გარდაიცვალა დაახლოებით 553-555 წელს.
წმიდა მოწამენი: სვინკლიტიკია და ორნი ასულნი მისნი (VI)
წმიდა მოწამენი: სვინკლიტიკია და ორნი ასულნი მისნი არაბთა მეფემ, დუნაანმა აწამა VI საუკუნეში. სვინკლიტიკია (რაც სენატორის მეუღლეს ნიშნავს) დიდგვაროვანთა ოჯახის ჩამომავალი იყო. იგი სრულიად ახალგაზრდა დაქვრივდა, რის შემდეგაც კეთილგონივრულად და ღვთისმოშიშებით ცხოვრობდა და ასულებსაც მაცხოვრის მცნებების ერთგულებით ზრდიდა. უსჯულო დუნაანის მიერ ნეგრანელ მართლმორწმუნეთა ხოცვა-ჟლეტის დროს, სხვა აღმსარებლებს შორის მის წინაშე სვინკლიტიკიაც წარადგინეს თავისი ქალიშვილებით. მათი მშვენიერებით გაოცებულმა მტარვალმა კეთილმსახურ დედას მიმართა: „ყოველთვის მესმოდა შენი გონიერების შესახებ. ახლა ამ ხმების ჭეშმარიტებაზე შენი გარეგნობაც მეტყველებს. ასე რომ, როგორც მეფე და მეგობარი, გირჩევ: შენი ღირსების შესაფერისად მოიქეცი. დაუტევე შენგან თაყვანისცემული ნაზარეველი, მაშინ შენ ჩემი მეუღლის, დედოფლის მეგობარი შეიქნები, შენი ასულები კი მეფისწულებივით აღიზრდებიან. ყველაფერი ხელს გიწყობს დაწინაურებაში, მხოლოდ ქრისტიანული ცრურწმენა - საზიზღარი და უგნური ბრბოს სენი ეღობება წინ თქვენს კეთილდღეობას“.
წმიდა სვინკლიტიკიამ, რომელიც უსჯულოს მიერ ყოველი ღვთისმგმობელი სიტყვის წარმოთქმაზე ძრწოლით აღაპყრობდა თვალებს ზეცისკენ, ახოვნად მიუგო ქრისტესმოძულეს: „მეფეო! პატივის მიგება გმართებს მისთვის, ვინც ხელმწიფება, პორფირი და დიადემა გიბოძა, არსებობა და სიცოცხლე მოგმადლა, ყოველთა უწინარეს შენ უნდა სცემდე თაყვანს იესო ქრისტეს, ძე ღვთისას. შენ კი, მადლის უმადურო ჭურო, ასე უტიფრად გმობ შენს კეთილისმყოფელს. გეშინოდეს, მიწამ არ გშთანთქას დათან და აბირონივით. თავად იღუპები რა, სხვების დაღუპვაც გსურს, და მით უფრო იახლოებ იესოს შურისგებას. ამსოფლიურ პატივს აღმითქვამ, მაგრამ ამაოდ შვრები! მეფეო, ისიც კი არ მსურს, რომ შენი ენა მაქებდეს: ამაზრზენია ღვთისმგმობელის ქება. ჯერ იესო ქრისტეს სახელი განადიდე და ამის შემდეგ შენი მცირეოდენი ქებაც ჩემთვის ჭეშმარიტად მეფური წყალობა იქნება“.
უღმრთო დუნაანი ამ სიტყვებმა საშინელი რისხვით აღავსო და ბრძანა, დედა ქალიშვილებითურთ დამნაშავეებივით ეტარებინათ ქალაქის ქუჩებში. წმიდანის შეურაცხყოფას რომ ხედავდნენ, ქალები ტიროდნენ, სვინკლიტიკია კი ამშვიდებდა მათ - ეს შეურაცხყოფა ჩემთვის ყოველგვარ მიწიერ პატივზე უფრო ძვირფასიაო.
როცა მოწამე კვლავ მიიყვანეს დუნაანთან, უღმრთომ მას მიმართა: „თუ გსურს ცოცხალი დარჩე, უარყავი ქრისტე!“ რაზეც ნეტარმა მიუგო: „თუ მას უარვყოფ, ვინ მიხსნის საუკუნო სიკვდილისაგან?!“ მაშინ გააფთრებული ხელისუფლის ბრძანებით ჯერ სვინკლიტიკიას ასულები მოკლეს და მათი სისხლი ძალით ჩაასხეს პირში დედას, შემდეგ კი თავად მასაც თავი მოჰკვეთეს.
წმიდა ათანასე კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+1311)
წმიდა ათანასე I, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (1289-1293; 1303-1311), ერისკაცობაში - ალექსი, საბერძნეთის ქალაქ ადრიანოპოლიდან იყო. ჯერ კიდევ სიყმაწვილეში, ქრისტიანული სიბრძნის შემეცნებაში წარმატებულმა, დატოვა მშობლიური სახლი, თესალონიკს მიაშურა და ერთ-ერთ მონასტერში აკაკის სახელით ბერად აღიკვეცა. აქედან წმიდანი მალე ათონის წმიდა მთაზე გადავიდა და ესთიგმენის სავანის ძმობაში შევიდა, სადაც სამი წლის მანძილზე გულმოდგინედ აღასრულებდა მეტრაპეზის მოვალეობას. გამუდმებული შრომითა და თავისი სათნოებებით ნეტარმა საყოველთაო კეთილგანწყობა დაიმსახურა.
მდაბალი აკაკი განერიდა კაცთამიერ ქებას, დატოვა ათონი, იერუსალიმის სიწმიდეები მოილოცა, შემდეგ კი პატრის მთას მიაშურა და განდეგილის ღვაწლი იტვირთა. აქედან მოსაგრე ჯერ აქვსენტის მთაზე გადავიდა, შემდეგ კი გალანტის მთაზე მდებარე მონასტერში, სადაც დიდი სქიმა შეიმოსა ათანასეს სახელით, მღვდლადა აკურთხეს და ეკლესიარქად იქნა დადგენილი. აქვე შეიქნა წმიდანი ღირსი ღვთაებრივი გამოცხადებისა: ჯვარცმიდან გამოსულმა უფლის ხმამ სამღვდელმთავრო მსახურებისკენ მოუწოდა.
ათი წლის შემდეგ წმიდა ათანასე, კვლავ ათონზე გადავიდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებმა აიძულა, გალანტის მთასვე დაბრუნებოდა. ვერც აქ ჰპოვა ნეტარმა სასურველი განმარტოება: უამრავი ხალხი მიდიოდა რჩევა-დარიგებისათვის. ასე წარმოიქმნა ამ ადგილას დედათა მონასტერი. იმ ხანებში, პატრიარქ იოანე ვეკის დროინდელი შფოთისა და არეულობის შემდეგ, კონსტანტინოპოლის კათედრა დაქვრივებული იყო. კეთილმსახური იმპერატორის, ანდრონიკე პალეოლოგის წინადადებით 1289 წელს მღვდელმთავართა და ღვთისმსახურთა კრებამ წმიდა ათანასე ერთხმად აირჩია ეკლესიის წინამძღვრად.
ნეტარი მამა მოშურნედ შეუდგა ახალი მოვალეობის შესრულებას: გულმოდგინედ იღვწოდა სამწყსოში მწვალებლურ სწავლებათა აღმოსაფხვრელად, მკაცრად ამხელდა სასახლის კარისა და ეკლესიის მსახურთა მანკიერებებს. ყოველივე ამან გავლენიან სასულიერო პირთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1293 წელს წმიდანი იძულებული შეიქნა, კათედრა დაეტოვებინა. ნეტარი კვლავ განმარტოებულ მოღვაწეობას დაუბრუნდა თავის მონასტერში. 1303 წელს, უფლის ნებით, ათანასეს ხელმეორედ გადასცეს პატრიარქის კვერთხი. კიდევ შვიდი წელი ზიდა უფლის რჩეულმა მწყემსმთავრის მძიმე ჯვარი, მაგრამ 1311 წელს, როცა სამღვდელოებაში ისევ უკმაყოფილებამ იჩინა თავი, მან არ ისურვა, ეკლესიური შფოთის მიზეზი შექმნილიყო, თავის სავანეს მიაშურა. სიცოცხლის დასასრულს ათანასე კიდევ ერთხელ შეიქნა ღირსი იესო ქრისტეს გამოცხადებისა: უფალმა გაკიცხა იგი სამეუფო მოვალეობის ბოლომდე შეუსრულებლობისათვის. წმიდანმა ცრემლებით შეინანა თავისი სულმოკლეობა, რისთვისაც ცოდვათა შენდობა და საკვირველთქმედების ნიჭი მიემადლა. მღვდელმთავარი ათანასე ასი წლის ასაკში მიიცვალა XIV საუკუნის დასაწყისში.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.