USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Tbilisi
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 5 დეკემბერს
 249

5 დეკემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა მოციქულნი: ფილიმონი და არქიპო - სამოცდაათთაგანნი და წმიდა მოწამე, მოციქულთასწორი აპფია (I)

22 (05.12) ნოემბერი

წმიდა მოციქული ფილიმონი და მეუღლე მისი აპფია ფრიგიის ქალაქ კოლოსეში ცხოვრობდნენ. მას შემდეგ, რაც პავლე მოციქულის ხელით ნათელიღეს, წმიდანებმა თავიანთი სახლი სამლოცველოდ აქციეს, სადაც მართლმორწმუნენი იკრიბებოდნენ ღვთისმსახურების აღსასრულებლად. მოციქული ფილიმონი ქალაქ ღაზის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი და მთელს ფრიგიაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. პავლე მოციქულმა ნეტარს გაუგზავნა სიყვარულით სავსე ეპისტოლე, რომელშიც წერს: „ფილიმონს, საყუარელსა და თანაშემწესა ჩუენსა, და აპფიას, დასა და საყუარელსა, და არქიპოსს, თანა-მოსაგრესა ჩუენსა და სახლისა შენისა კრებულთა“ (ფილიმ. 1, 1-3). წმიდანები ფილიმონი, აპფია და წმიდა მოციქული არქიპო მოწამეობრივად აღესრულნენ იმპერატორ ნერონის (54-68) მიერ ქრისტიანთა დევნისას. წარმართული დღესასწაულის დროს ქრისტიანულ ტაძარში, სადაც ღვთისმსახურება აღესრულებოდა, გააფთრებული ბრბო შეცვივდა. ყველანი დაფრთხნენ და დაიფანტნენ, დარჩნენ მხოლოდ: ფილიმონი, არქიპო და აპფია. უღმერთოებმა შეიპყრეს ისინი. გამხეცებული წარმართების მიერ სასტიკად ნაგვემმა და დანებით დასერილმა არქიპომ სამსჯავრომდე ვერ მიაღწია - გზაშივე გარდაიცვალა, წმიდა ფილიმონი და აპფია კი მმართველის ბრძანებით ქვებით ჩაქოლეს.

ეკლესია წმიდა მოციქულებს - ფილიმონსა და არქიპოს და მოციქულთასწორ აპფიას 19 თებერვალსაც იხსენიებს.

წმიდა მოწამენი: კიკილია (ცეცილია), ვალერიანე, ტიბურტი და მაქსიმე (+დაახლ. 230)

22 (05.12) ნოემბერი

წმიდა მოწამენი: კიკილია (ცეცილია), ვალერიანე, ტიბურტი და მაქსიმე. წმიდა მოწამე კიკილია მდიდარი და დიდებული წარმართების ასული, სიყმაწვილეშივე შეუდგა ქრისტეს. მდიდრული ტანსაცმლის ქვეშ წმინდანს ჯვალოს სამოსი ეცვა. მშობლებმა გადაწყვიტეს, ქალწული დიდებული წარმართის, ვალერიანესთვის მიეთხოვებინათ. წმიდანმა ვერ გაბედა მშობლების ნებას წინ აღდგომოდა, მან ცრემლებით შესთხოვა უფალს, მისი საქმრო ქრისტიანობაზე მოექცია, თავად მას კი უბიწოების დამარხვაში შესწეოდა.

წმიდანმა ვალერიანე ეპისკოპოს ურბანოსთან მისვლაზე დაიყოლია, რომელიც ქრისტიანთა დევნის გამო მღვიმეს აფარებდა თავს. ბრძენი მოძღვრის ქადაგების გავლენით წმიდა ქალწულის წარმართმა საქმრომ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და თავისი ძმა, ტიბურტიც მოაქცია მაცხოვრის სარწმუნოებაზე.

როცა მმართველმა ამაქმა ამის შესახებ შეიტყო, ბრძანა, შეეპყროთ და სამსჯავროზე წარედგინათ წმიდა ძმები. მან ველერიანესა და ტიბურტის ქრისტეს უარყოფა და წარმართული ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა, რაზეც მათ უარით უპასუხეს. მაშინ მოწამეები სასტიკად გვემეს. წამების დროს ვალერიანე ქრისტიანებს მოუწოდებდა, სატანჯველების არ შეშინებოდათ და მტკიცედ დაეცვათ ქრისტეს სარწმუნოება.

მმართველმა, რომელსაც სურდა, რომ ხალხი წმიდა აღმსარებლის ქადაგების ზემოქმედებისთვის განერიდებინა, ბრძანა, მოწამეები ქალაქგარეთ დაესაჯათ სიკვდილით. მეომართა რაზმს, რომელსაც უკანასკნელ გზაზე მიმავალი უფლის რჩეულების დაცვა დაევალა, მაქსიმე წინამძღვრობდა. იგი გააოცა მარტვილების სიმტკიცემ და ჰკითხა მათ, რატომ არ ეშინოდათ სიკვდილის. წმიდანებმა მიუგეს, რომ ისინი დროებით ცხოვრებას მარადიული ცხოვრებისთვის თმობდნენ. მაქსიმეს აღეძრა სურვილი, უფრო საფუძვლიანად გასცნობოდა ქრისტიანთა სწავლებას. წმიდა ძმების ქადაგების შემდეგ მაქსიმემ მთელი სახლეულით აღიარა ქრისტე.

მეორე დღეს ვალერიანესა და ტიბურტის თავი მოჰკვეთეს, მაქსიმემ საჯაროდ განაცხადა, რომ ისიც ქრისტიანი იყო, ამგვარი კადნიერებისთვის იგი სულის ამოხდომამდე სცემეს (+230).

მმართველს სურდა, სიკვდილით დასჯილთა ქონება მიეთვისებინა, მაგრამ როცა შეიტყო, რომ წმიდა კიკილიას უკვე გლახაკებისთვის დაერიგებინა ყველაფერი და თავისი ქადაგებით ოთხასი კაცი მოექცია ქრისტიანობაზე, მისი სიკვდილით დასჯაც ბრძანა.

წმიდა მოწამე პროკოფი წიგნისმკითხველი (+303)

22 (05.12) ნოემბერი

წმიდა მოწამე პროკოფი იერუსალიმის ტაძრის მედავითნე იყო. იგი მკაცრი მოსაგრე ცხოვრებით ცხოვრობდა, რისთვისაც უფალმა ეშმაკთა განსხმის ნიჭი მიმადლა. ღვთის სიტყვის მოშურნე მქადაგებელი შეიპყრეს, პალესტინის კესარიაში სამსჯავროზე წარადგინეს და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანმა მტკიცე უარი განაცხადა, რისთვისაც თავი მოჰკვეთეს (+303).

წმიდა მოწამე მენიგნი (+250)

22 (05.12) ნოემბერი

წმიდა მოწამე მენიგნი უბრალო ხელოსანი იყო. ღვთისა და მოყვასის სიყვარულით აღვსილ წმინდა მენინგის უფალმა განსაკუთრებული წყალობა მიმადლა: ნეტარმა ორჯერ გაიგონა ზეციური ხმა, რომელმაც ქრისტესთვის მოწამეობრივი აღსასრულისკენ მოუწოდა. იმპერატორ დეკიუსის (249-251) მიერ ქრისტიანთა დევნისას ერთი ასეთი სასწაული აღესრულა: ანგელოზმა პყრობილი ქრისტიანები ციხიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ რომ შეიტყო, მენიგნი სიხარულით აღივსო და მთელი გულით შეიყვარა ქრისტე. მას მოაგონდა ზეციური მოწოდება ქრისტესთვის მარტივლობისკენ, დახია მოედანზე გამოკიდებული უსჯულო დეკიუსის ბრძანება მართლმორწმუნეთა დევნის შესახებ და საჯაროდ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. ამისთვის იგი შეიპყრეს და სასტიკი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს (+250). აღსასრულის წინ მოწამის ბაგეებს თეთრი მტრედი მოსწყდა.

ღირსი აგაბო ისმაიტელი (V)

22 (05.12) ნოემბერი

ღირსი აგაბო ისმაიტელი სირიაში მოღვაწეობდა. იგი ღირსი ევსების მორჩილი იყო, წმიდანი მუდამ ფეხშიშველი დადიოდა, წელზე ჯაჭვებს ატარებდა, არ წვებოდა. მუდმივი შინაგანი ლოცვისა და მდუმარების ოცდათვრამეტ წლიანი ღვაწლის შემდეგ უფლის რჩეული მშვიდობით მიიცვალა.

მართალი მიქაელ მხედარი, ბულგარელი (+866)

22 (05.12) ნოემბერი

მართალი მიქაელ მხედარი ბულგარელი იყო. იგი ბავშვობიდანვე კეთილმსახურებით იღვწოდა. არსებობს გადმოცემა, რომ წმიდა მიქაელმა ლოცვით მოკლა საშინელი გველეშაპი, რომელიც ადამიანებს იტაცებდა. წმიდანი მშობლიურ ქალაქ პოტუკში გარდაიცვალა 886 წელს. აქედან მისი უხრწნელი ნაწილები ქალაქ ტირნოვოში გადაასვენეს, XIX საუკუნის დასაწყისში კი - ვლახეთში.

კეთილმორწმუნე მიხეილ ტვერელი (+1318)

22 (05.12) ნოემბერი

კეთილმსახური მთავარი მიხეილ ტვერელი წმიდა ალექსანდრე ნეველის (ხს. 23 ნოემბერს) ძმისწული იყო. იგი დაიბადა 1272 წელს. მამის - დიდი მთავრის იაროსლავ იაროსლავის ძის გარდაცვალების შემდეგ მიხეილის დედამ, ქსენიამ წმიდანის აღზრდა-განათლებაზე ზრუნვა ნოვგოროდელ მთავარეპისკოპოს კლიმენტის მიანდო.

მიხეილი ტვერის სამთავროს ტახტზე ძმას, სვიატოსლავს შეენაცვლა. წმიდა მთავრის ღვთივსათნო ცხოვრების მოშურნე და საკუთარი ამბიციებით გონებადაბინდულმა მოსკოვის მთავარმა იურიმ ჯერ ომი დაიწყო ტვერის სამთავროს წინააღმდეგ, შემდეგ კი, დამარცხებით გაბოროტებულმა, ცილისმწამებლური ბრალდებებით ოქროს ურდოში დაასმინა წმიდა მიხეილი. განრისხებულმა ხანმა თავისთან იხმო წმიდანი. უფლის რჩეულმა არ ისურვა, ხანთან უთანასწორო ბრძოლაში რუსი მეომრების სისხლი დაეღვარა და მორჩილებით გაემართა ოქროს ურდოში, სადაც უეჭველი სიკვდილი ელოდა. გამგზავრების წინ ის გამოემშვიდობა ოჯახს, ტვერელებს და სულიერი მოძღვრისგან - იღუმენ იოანესგან მოწამეობრივ ღვაწლზე ითხოვა კურთხევა. „მამაო, - თქვა წმიდანმა, - ბევრი ვიზრუნე ქრისტიანთა შორის სიმშვიდის დასამყარებლად, მაგრამ, ჩემი ცოდვების გამო, შინაომებს ბოლო ვერ მოვუღე. ახლა მაკურთხე, რომ თუ ხალხისთვის სისხლის დათხევა მომიხდა, მათ ოდნავ მაინც ამოისუნთქონ, მე კი ცოდვები მომიტევოს უფალმა“.

ურდოში წმიდა მთავარს ხანის ურჩობაში დასდეს ბრალი და სიკვდილი მიუსაჯეს. საპყრობილეში მიხეილი, ჩვეულებისამებრ, გამუდმებით ფსალმუნებს კითხულობდა, უფალს მადლობდა მისთვის წარმოგზავნილი სატანჯველებისათვის და წინამდებარე მოწამეობრივ ღვაწლში შემწეობას სთხოვდა. დატყვევებული წმიდა მთავარი მოთმინებით იტანდა გვემას და შეურაცხყოფას. მას გაქცევაც შესთავაზეს, მაგრამ ნეტარი გაბედულად უპასუხა: „სიცოცხლეში მტრებს არასდროს გავქცევივარ! მე რომ გადავრჩე, ჩემს ხალხს კი უბედურება ეწიოს, ჩემთვის რა სახელი იქნება? იყოს ნება ღვთისა!“ წმიდა მიხეილს ხშირად აკითხავდნენ მართლმადიდებელი მღვდელმსახურები. ნეტარი ყოველ კვირას ამბობდა აღსარებას და ეზიარებოდა. ერთ საღამოს დატყვევებულ წმიდანთან მკვლელები შეიჭრნენ. მახვილით განგმირეს და გული ამოაჭრეს (+1318). იმავე ღამეს ბევრმა ცხადად იხილა, თუ როგორ დაადგა ნათლის ორი ღრუბელი იმ ადგილს, სადაც მარტვილი ესვენა. ურდოდან წმიდა მიხეილის ნეშტი მოსკოვში გადაასვენეს და კრემლის მაცხოვრის ტაძარში დაკრძალეს. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, 1319 წელს შეიტყვეს ტვერელებმა, თუ რა ბედი ეწია მათ მთავარს. წმიდანის მეუღლის, მთავარი ანას (ხს. 2 ოქტომბერს) სურვილითა და ტვერელთა თხოვნით ნეტარი მიხეილ ტვერელის წმიდა ნაწილები 1320 წლის 6 სექტემბერს მის მშობლიურ ქალაქში, მის მიერვე აგებულ უფლის ფერისცვალების ტაძარში დაკრძალეს. კეთილმსახური მთავარი 1549 წელს შერაცხეს წმიდანად, 1632 წლის 24 ნოემბერს კი მოხდა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.

1912 წელს თბილისში აიგო კეთილმსახური მთავრის, მიხეილ ტვერელის სახელობის ტაძარი.

analytics
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way