USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Тбилиси
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 5 აგვისტოს?
дата:  650

5 აგვისტოს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა მოწამენი ტროფიმე, თეოფილე და მათთან ათცამეტი მოწამე (IV)

წმიდა მოწამენი ტროფიმე, თეოფილე და სხვა ათცამეტნი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს აწამეს. სამსჯავროზე წარმდგარმა მორწმუნეებმა გაბედულად აღიარეს ქრისტე და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე მტკიცე უარი განაცხადეს. ამისთვის ისინი სასტიკად აწამეს. შემდეგ კი, წვივებგადამსხვრეულები, ცეცხლში ჩაყარეს. სულიწმიდის მადლით განკურნებული და განმტკიცებული ქრისტეს ტარიგები სრულიად უვნებელნი გამოვიდნენ კოცონიდან და კიდევ უფრო ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი სარწმუნოება. უსჯულოებს წმიდათა მოდრეკის იმედი საბოლოოდ გადაეწურათ და მათ თავები მოჰკვეთეს.

მღვდელმოწამე აპოლინარი, რავენელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 75)

მღვდელმოწამე აპოლინარი, რავენელი ეპისკოპოსი წარმოშობით ანტიოქიელი იყო. რავენის ეპისკოპოსად იგი პავლე მოციქულმა აკურთხა რომში, იმპერატორ კლავდიუსის (41-54) დროს.

თავის ეპარქიაში ნეტარი უბრალო მწირის სახით ჩავიდა და ადგილობრივ მკვიდრს, მხედარ ირინეოსს თავშესაფარი სთხოვა. მასპინძელთან საუბარში წმინდანმა გააცხადა მისი უმაღლესი სასულიერო წოდება და შემდეგ უფლისადმი აღვლენილი ლოცვით თვალისჩინი დაუბრუნა ირინეოსის ბრმა ვაჟს. გახარებულმა ირინეოსმა და მისმა სახლეულებმა, პირველებმა რავენელებს შორის, ირწმუნეს ჭეშმარიტი ღვთის ყოვლადძლიერება. მღვდელმთავარი მათ სახლში დარჩა საცხოვრებლად. წმიდანის ქადაგებას მრავალი სასწაული ახლდა თან. როცა მისი ლოცვით ტრიბუნის დავრდომილი მეუღლე, თეკლა განიკურნა, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცა ტრიბუნის მთელი ოჯახი. მათ სასახლეში აპოლინარმა მოაწყო მცირე ეკლესია. ახალმოქცეულ რავენელთათვის წმიდა ეპისკოპოსმა ორი ხუცესი - ადერეტი და კალორიკე - და ორი დიაკონი დაადგინა. ქალაქში აპოლინარის მოღვაწეობის თორმეტი წლის მანძილზე მართლმორწმუნეთა რიცხვი სულ უფრო და უფრო მატულობდა. შეშფოთებულმა წარმართმა ქურუმებმა მმართველ სატურნინესთან დაასმინეს და სამსჯავროს წინაშე წარადგინეს მწყემსმთავარი და სასტიკად აწამეს. როცა ჩათვალეს, რომ წმიდანს სული აღმოხდა, მტარვალებმა ქალაქგარეთ გაიტანეს მისი ცხედარი და ზღვის ნაპირას დააგდეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნეტარი ცოცხალი იყო. იგი ერთმა კეთილმსახურმა ქვრივმა შეიფარა, მოასულიერა და უწამლა. მის სახლში წმიდა მღვდელმთავარი ექვსი თვის მანძილზე იმყოფებოდა და ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას. აპოლინარის ადგილსამყოფელი მაშინ გაცხადდა, როცა მან ქალაქის დიდგვაროვანს ბონიფანტეს მეტყველების უნარი დაუბრუნა. ამ სასწაულმა მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, წმიდანი კი კვლავ სამსჯავროზე წარადგინეს და წამება დაუწყეს - აიძულებდნენ, ფეხშიშველა მდგარიყო გავარვარებულ ნაღვერდალში. მღვდელმთავარს ქადაგება არ შეუწყვეტია მანამ, სანამ უღმრთოებმა იგი ქალაქიდან არ განდევნეს. გარკვეული ხნის განმავლობაში წმიდანი იტალიაში იმყოფებოდა და კვლავინდებურად განაგრძობდა სახარების სწავლებას. ამ დროს რავენის ეკლესიას ხუცესი კალორიკე განაგებდა. სამწყსოსთან დაბრუნებული აპოლინარი კვლავ დაატუსაღეს, ქალაქიდან გაძევება მიუსაჯეს და მძიმე ბორკილებით შებოჭილი აიყვანეს გემზე, რომელიც დუნაის გზით ილირიისკენ მიემართებოდა.

გადასახლების ადგილამდე მისი ჩაყვანა ორ მეომარს მიანდეს. დევნილ ეპისკოპოსს სამი ღვთისმსახური ნებით გაჰყვა ქალაქიდან. გზაში ხომალდი დაიღუპა და ყველა მგზავრი დაიხრჩო, გადარჩა მხოლოდ აპოლინარი, მისი თანმხლები ღვთისმსახურები და ორი მცველი. წმიდა მღვდელმთავრის ქადაგების გავლენით მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. მგზავრები მიზიაში ჩავიდნენ. აქ აპოლინარმა კეთრისგან განკურნა ერთი დიდებული მოქალაქე, რომელმაც, მადლიერებით აღვსილმა, შეიფარა თავისი მხსნელიც და მისი თანმხლებნიც. წმიდა მამა დაუცხრომლად ქადაგებდა მაცხოვრის სწავლებას და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე, რისთვისაც უსჯულოებმა დევნა დაუწყეს. მათ უმოწყალოდ გვემეს ნეტარი, შემდეგ კი იტალიისკენ მიმავალ ხომალდზე აიყვანეს და უკანვე გაგზავნეს. სამი წლის იძულებითი განშორების შემდეგ მართლმადიდებლობის ერთგული მსახური ისევ დაუბრუნდა თავის სამწყსოს, რომელმაც სიხარულით მიიღო იგი, მაგრამ წარმართები კვლავ შფოთავდნენ: ისინი თავს დაესხნენ ტაძარს, მლოცველები დაფანტეს, თავად აპოლინარი კი ქურუმებთან, აპოლონის საკერპოში წაიყვანეს. როგორც კი ნეტარმა ბომონში ფეხი შედგა, კერპი ჩამოვარდა და დაიმსხვრა. გაავებულმა წარმართებმა აპოლინარი ოლქის ახალ მმართველ ტაბრუსთან მიიყვანეს. აქ მან კიდევ ერთი სასწაული აღასრულა - მმართველის ბრმადშობილი ვაჟი განკურნა. ტაბრუსი შეეცადა, გამხეცებული ბრბოსგან დაეფარა უფლის რჩეული და იგი ქალაქგარეთ გაგზავნა, თავის მამულში. აქ მმართველის ცოლ-შვილი მოინათლა. თავად ტაბრუსმა იმპერატორის შიშით ვერ გაბედა ნათლისღება, მაგრამ კეთილისმყოფელს კი სიყვარულითა და მადლიერებით ეპყრობოდა. ოთხი წელი ცხოვრობდა აპოლინარი მმართველის მამულში. წარმართმა ქურუმებმა იმპერატორ ვესპასიანეს მიმართეს თხოვნით, სიკვდილით დაესაჯა ქრისტიანთა „ქურუმი“. მაგრამ ვესპასიანემ არ მიიღო საჩივარი და მომჩივრებს შეუთვალა რომ: „ღმერთებს საკმაო ძალა გააჩნიათ იმისთვის, რომ შური იძიონ, თუ თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ!“

კერპთმსახურების მრისხანება მაინც დაატყდა თავს წმიდა მამას: ისინი თავს დაესხნენ ქალაქიდან მახლობელი დაბისკენ მიმავალს, და სასტიკად გვემეს. ქრისტიანებმა ნეტარი მამა უკვე სულთმობრძავი იპოვეს და ჩაიყვანეს დაბაში, სადაც შვიდი დღე იწვა სასიკვდილო სარეცელზე. ბოლოს მოწამემ მღვდელმთავრული კურთხევით დალოცა ირგვლივ მყოფნი და სული უფალს შეჰვედრა. წმიდა აპოლინარი ოცდარვა წლის მანძილზე განაგებდა რავენის ეკლესიას და მიიცვალა ქრისტეს შობიდან დაახლოებით 75 წელს.

общество
ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი. რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?
თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გაქვთ სახლი ან მიწა ან ავტომობილი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
დაინტერესებული ფიზიკური პირებს, რომელთაც ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა უწევთ, შემდეგი პროცედურები უნდა იცოდნენ:
"1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი.
2. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
3. წელს, უნდა წარადგინოთ 2025 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე.
4. წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
ბ) 2024 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები.
5. თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება 2024 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე).
6. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე - 2025 წლის 1 აპრილისთვის მისი ფართობის მიხედვით (არასასოფლო მიწაზე - კვ/მ; სასოფლო მიწაზე - ჰა).
7. გადასახადის განაკვეთებს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი შეგირჩევთ.
8. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
9. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
10. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია.
11. ქონების გადასახადს თვითონ გამოიანგარიშებს პორტალი თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა.
12. ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.
13. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი"
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати