USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 4 იანვარს?
 2720

4 იანვარს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

დიდმოწამე ანასტასია (+დაახლ. 304); წმიდა მოწამენი: ქრისოგონი, თეოდოტია, ევოდი, ევტიქიანე და სხვანი (+დაახლ. 304)

22 (4.01) დეკემბერი

დიდმოწამე ანასტასია დიოკლეტიანეს (284-305) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას ეწამა ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის. მამამისი წარმართი იყო, დედა კი - ფარული ქრისტიანი. ყრმა ანასტასია აღსაზრდელად ცნობილ ბრძენკაცს - ქრისოგონს მიაბარეს. მოძღვარმა სხვადასხვა სათნოებისა და მეცნიერებებთან ერთად ქრისტიანული სარწმუნოების სიყვარული დანერგა წმინდა ანასტასიას გულში.

ანასტასია სიყმაწვილეშივე ეზიარა მწუხარებას: მას დედა ადრე გარდაეცვალა, მამამ კი, საკუთარი ნების წინააღმდეგ, მდიდარ და დიდებულ, მაგრამ ურჯულო და გულსასტიკ რომაელს - პომპლიუსს მიათხოვა. წმიდანმა შესძლო, მოგონილი ავადმყოფობის საბაბით ქალწულობა დაემარხა. იგი, ღარიბულად ჩაცმული, მოახლის თანხლებით აკითხავდა ხოლმე საპყრობილეში გამომწყვდეულ ქრისტიანებს. როცა მოახლემ ამის შესახებ პომპლიუსს აუწყა, ეს უკანასკნელი საშინლად განრისხდა და მეუღლე სახლში გამოკეტა. ანასტასიამ ფარულად მიმართა წერილით ქრისტეს აღსარებისთვის საპყრობილეში გამომწყვდეულ თავის აღმზრდელს - ქრისოგონს და ლოცვითი შეწევნა სთხოვა. ქრისოგონმა გაამხნევა წმიდა ანასტასია და თან უწინასწარმეტყველა, რომ მალე მისი მეუღლე დაიღუპებოდა. მართლაც, რამდენიმე ხანში, ელჩიონთან ერთად სპარსეთში მიმავალი პომპლიუსი ზღვაში დაიხრჩო. დაქვრივების შემდეგ წმიდა ანასტასია უხვად ურიგებდა ქონებას გლახაკებს.

ამ დროს რომის ციხეები ქრისტიანებით იყო სავსე. იმპერატორმა დიოკლეტიანემ განკარგულება გასცა, ერთ ღამეში მოეწყვიტათ ყველა მათგანი, ქრისოგონი კი - მასთან გაეგზავნათ, აკვილეაში. წმიდა ანასტასია შორიახლო მიჰყვებოდა თავის აღმზრდელსა და მასწავლებელს.

იმპერატორმა პირადად დაკითხა ქრისოგონი, მაგრამ ვერ მოახერხა მისი გადაბირება და ბრძანა, თავი მოეკვეთათ ნეტარისთვის, შემდეგ კი ზღვაში გადაეგდოთ. მოწამის მოკვეთილი თავი და სხეული ტალღებმა ნაპირზე გარიყა. საღვთო ჩვენებით ხუცესმა ზოილმა მიაკვლია მათ, კიდობანში ჩააბრძანა და სახლში დამალა. მაშინ ზოილს ქრისოგონი ეჩვენა, გაუცხადა, რომ მახლობლად მცხოვრები ყმაწვილი ქრისტიანების - აღაპიას, ქიონიას და ირინას (ხს. 16 აპრილს) წამება მოახლოებული იყო და უბრძანა, წმიდა ანასტასია გაეგზავნა მათთან. თავად ზოილს ნეტარმა მოწამემ მშვიდობიანი აღსასრულის მოახლოება უწინასწარმეტყველა.

ანასტასია კეთილმსახურ ახალგაზრდა ქვრივს, თეოდოტიას გაეცნო და მისი სახით ერთგული თანამდგომი ჰპოვა. მალე წარმართებმა ორივეს დევნა დაუწყეს. უღმრთოებმა წმიდა ანასტასია ილირიაში შეიპყრეს. მას შემდეგ, რაც დიოკლეტიანეს ბრძანებით ყველა ტყვე ქრისტიანი ერთ ღამეში ამოხოცეს, ნეტარი დედა ერთ-ერთ საპყრობილეში მივიდა და, შიგ რომ ვერავინ ნახა, ხმამაღლა ატირდა. ციხის მცველები მიხვდნენ, რომ იგი ქრისტიანი იყო, დააკავეს და ოლქის მმართველს მიჰგვარეს. მან კი ქურუმ ულპიანეს გადასცა იგი. მზაკვარმა ქურუმმა ერთ მხარეს ოქრო, ძვირფასი თვლები და სამოსელი დააწყო, მეორე მხარეს კი - წამების საშინელი იარაღები. ქრისტეს სასძლომ წამების იარაღები აირჩია. ანასტასიას მშვენიერებით მოხიბლულმა ქურუმმა გადაწყვიტა, ძალა ეხმარა მასზე, მაგრამ როგორც კი ნეტარისთვის ხელის შეხება დააპირა, დაბრმავდა. ტკივილისაგან გონდაკარგული ეშმაკის მსახური წარმართული ტაძრისკენ გაიქცა, რომ კერპებისგან გამოეთხოვა შეწევნა, მაგრამ გზაში დაეცა და სული განუტევა. წმიდა ანასტასია განთავისუფლდა და თეოდოტიასთან ერთად კვლავ ტანჯულ ქრისტიანთა მსახურებას მიეცა. მალე წმიდა თეოდოტია და მისი სამი ძე (ცნობილია მხოლოდ ერთი მათგანის სახელი - ევოდი) მოწამეობრივად აღესრულნენ (იხ. 29 ივლისის საკითხავი). წმიდა ანასტასია ხელმეორედ შეიპყრეს და შიმშილით სიკვდილი გადაუწყვიტეს. მან სამოცი დღე უჭმელ-უსმელად დაჰყო სატუსაღოში. მოწამეს ყოველ ღამე წმიდა თეოდოტია ეცხადებოდა და განამტკიცებდა. როცა მსაჯულმა იხილა, რომ შიმშილმა ანასტასიას ვერაფერი დააკლო, ბრძანა, იგი სიკვდილმისჯილ დამნაშავეებთან ერთად ზღვაში დაეხრჩოთ. მათ შორის იყო ქრისტესთვის დევნილი ევტიქიანეც.

როცა ხომალდი გაშლილ ზღვაში გავიდა, მხედრებმა რამდენიმე ადგილას გაბურღეს იგი, თავად კი ნავში გადასხდნენ. ტყვეებს თეოდოტია გამოეცხადა და გემს ნაპირისკენ გაუძღვა. ხმელზე გასულმა, სასწაულებრივად გადარჩენილმა ასოცმა კაცმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. მალე ყველა მათგანი შეიპყრეს და წამებით ამოჰხადეს სული. წმიდა ანასტასია ანთებულ კოცონს ზემოთ ბოძზე დაკიდეს. მას შემდეგ, რაც მოწამის ტანჯვით განწმენდილი სული უფალმა შეივედრა, მისი პატიოსანი სხეული კეთილმსახურმა ქალმა აპოლინარიამ ბაღში დაკრძალა. V საუკუნეში წმიდა ანასტასიას უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, სადაც მისი სახელობის ტაძარი ააგეს. მოგვიანებით ქრისტეს მხევლის თავი და მკლავი ათონის წმიდა მთის მახლობლად დაარსებულ წმიდა დიდმოწამე ანასტასიას სახელობის მონასტერში გადაასვენეს.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати