31 ოქტომბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა (I)
წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა სირიის ანტიოქიაში დაიბადა. იგი განათლებულ ბერძენთა წრეს ეკუთვნოდა და პროფესიით ექიმი იყო. ქრისტეს შესახებ რომ ესმა, ლუკა პალესტინაში ჩავიდა და აქ თავად უფლისგან ეზიარა მაცხოვნებელ სწავლებას. ჯერ კიდევ მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს წმიდა ლუკა, როგორც ერთი სამოცდაათ მოციქულთაგანი, უფლის მიერ ცათა სასუფევლის შესახებ პირველი ქადაგებისთვის გაიგზავნა (ლკ. 10, 1-3). აღდგომის შემდეგ უფალი იესო ქრისტე ემაუსში მიმავალ ლუკას და კლეოპას გამოეცხადა.
ლუკა თან გაჰყვა წმიდა მოციქულ პავლეს მეორე მისიონერულ მოგზაურობაში, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს არ განშორებიან. უფლის რჩეული პავლეს გვერდით დარჩა მაშინაც, როცა იგი ყველა თანაშემწემ მიატოვა (2 ტიმ. 4,10). მოციქულთა თავის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმიდა ლუკამ რომი დატოვა და ქადაგებით მოიარა აქაია, ლიბია, ეგვიპტე და თებაიდა; ამქვეყნიური ცხოვრება მან მოწამეობრივი ღვაწლით დაასრულა ქალაქ თებეში.
გადმოცემის მიხედვით, წმიდა ლუკა ღვთისმშობლის პირველი ხატების დამწერიცაა. „მადლი ჩემგან შობილისა ჩემითა მეოხებითა იყოს ამა ხატთანა!“ - უბრძანებია ყოვლადწმიდა ქალწულს თავისი წმიდა გამოსახულების ხილვისას. გადმოცემა აწყურის ღვთისმშობლის ხატსაც ლუკა მახარებლის სახელთან აკავშირებს. წმიდა მოციქულს ეკუთვნის თავთა მოციქულთა - პეტრეს და პავლეს ხატებიც.
სახარება ლუკას 62-63 წლებში პავლე მოციქულის ხელმძღვანელობით დაუწერია რომში. როგორც თვითონვე გვამცნობს პირველივე მუხლებში, მისი მიზანი ყოფილა, უფრო სრულად და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აღეწერა ყველაფერი, რაც იესო ქრისტესა და მისი სწავლების შესახებ იყო ცნობილი და ამით ქრისტიანული სასოებისათვის მტკიცე ისტორიული საფუძველი დაედო (ლკ.1, 1-4).
ლუკა მახარებელს ეკუთვნის „საქმე მოციქულთა“. იგი ოთხთავის გაგრძელებაა და მოგვითხრობს წმიდა მოციქულთა შრომასა და ღვაწლზე მაცხოვრის ამაღლების შემდეგ. როგორც უდიდეს საეკლესიო მოვლენას, თხრობისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოციქულთა კრებას (51 წ. ქრისტეს შემდეგ), რომელმაც დოგმატური საფუძველი დაუდო იუდაიზმისგან ქრისტიანობის გამიჯვნას და მსოფლიოში მისი დამოუკიდებელი გავრცელების საწინდარი შეიქნა (საქმე. 15, 6-29).
წმიდა მოწამე მარინი (IV)
წმიდა მოწამე მარინი ბერი იყო. იგი დაიბადა კილიკიის (მცირე აზია) ქალაქ ანაზარვში. იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობის ჟამს მარინი ქალაქ ტარსოსში სასტიკად აწამეს ქრისტეს აღსარებისთვის, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.
ღირსი იულიანე (IV)
ღირსი იულიანე მეუდაბნოე მესოპოტამიაში მოსაგრეობდა, მდინარე ევფრატის ნაპირას. წმიდა ცხოვრებისათვის მას უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. ნეტარმა სიკვდილისაგან იხსნა ქვრივი ქალის ჭაში ჩავარდნილი ერთადერთი ძე: მისი ლოცვით, ყრმა მაშველის მოსვლამდე წყალში იდგა და არ იძირებოდა. ერთხელ, ლოცვის დროს ღირს მამას ჩაესმა ხმა, რომელმაც იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) აღსასრულის მოახლოება ამცნო. მალე წინასწარმეტყველება ახდა.
ღირსი იოსებ ვოლოცკელი (+1515)
ღირსი იოსებ ვოლოცკელი (ერობაში - იოანე სანინი) 1439 წელს დაიბადა ქალაქ ვოლოკოლამსკის მახლობლად, კეთილმსახური მშობლების იოანესა (ბერობაში - იოანიკე) და მარინეს (სქიმაში - მარიამი) ოჯახში. როცა შვიდი წელი შეუსრულდა, ყრმა ვოლოკოლამსკის ჯვართამაღლების მონასტრის კეთილმსახურ და განათლებულ ბერს, არსენის მიაბარეს აღსაზრდელად. იშვიათი გულისხმიერებით გამორჩეულმა ყმაწვილმა ერთ წელიწადში - ფსალმუნები, შემდგომ წელს კი - წმიდა წერილი ზეპირად შეისწავლა. იგი მონასტრის ტაძრის მედავითნე და მგალობელი გახდა. თანამედროვეებს აოცებდა წმიდანის საკვირველი მეხსიერება: ზეპირად ამბობდა ტიპიკონით გათვალისწინებულ საკითხავებს ფსალმუნთა წიგნიდან, სახარებიდან და სამოციქულოდან.
ნეტარი ოცი წლის იყო, როცა ცხოვრების უფლისთვის შეწირვა გადაწყვიტა და მშობლიური სახლი დატოვა. იგი ბოროვსკში ჩავიდა, 1460 წლის თებერვალში ღირსი პაფნუტი ბოროვსკელის ხელით აღიკვეცა ბერად.
წმიდანმა თვრამეტი წელი დაჰყო ამ მონასტერში. 1477 წელს, პაფნუტი ბოროვსკელის გარდაცვალების შემდეგ, იგი მღვდელმონაზვნად აკურთხეს და წმიდა იღუმენის ანდერძისამებრ, სავანის წინამძღვრობა მიანდეს. მამა იოსებმა გადაწყვიტა, მონასტრის წეს-განგება კიევო-პეჩორის, სერგის წმიდა სამების და კირილო-ბელოეზერის სავანეთა ტიპიკონების მიხედვით შეესწორებინა და გაემკაცრებინა, რასაც ძმობა უკმაყოფილებით შეხვდა. მაშინ ნეტარმა შვიდ თანამოაზრე ბერთან ერთად დატოვა მონასტერი და ახალი სავანის დასაარსებლად ვოლოკოლამსკის ტყეებს მიმართა. მათი აქ ჩასვლა სასწაულით აღინიშნა: უეცრად ამოვარდნილმა ქარიშხალმა ტყე მიმოანგრია - თითქოს სამონასტრო ადგილი მოასუფთავა. ძმები გულმოდგინედ შეუდგნენ მშენებლობას. მათ გვერდიგვერდ იღვწოდა თავად ღირსი იოსებიც. დღიური შრომით დამაშვრალი ბერი ლოცვებში ათევდა ღამეებს. მცირე ხანში მონასტრის ბერების რიცხვმა ასს მიაღწია. ამბა იოსები ცდილობდა, ყველაფერში თავშეკავებისა და ზომიერების მაგალითი მიეცა სულიერი შვილებისათვის და გარეგნულად მათგან არაფრით განსხვავდებოდა. იგი ყველაზე ადრე მიდიოდა ტაძარში, სხვებთან ერთად კითხულობდა და გალობდა, ქადაგებდა, და ბოლოს, უკანასკნელი ტოვებდა იქაურობას. ღამღამობით იღუმენი ტაძარსა და სენაკებში მიმოდიოდა ხოლმე - ერთგულ დარაჯად ედგა ძმების სიმშვიდეს და სიფხიზლეს. თუ უქმი საუბარი შემოესმებოდა, კაკუნით ამცნობდა ბერებს თავის იქ ყოფნას, შემდეგ კი მდაბლად განერიდებოდა.
ღირსი იოსები მთავარ ყურადღებას ბერების შინაგანი ცხოვრების მოწესრიგებას უთმობდა. იგი მკაცრად ადევნებდა თვალყურს მონასტრის წეს-განგების შესრულებას, რომლის საფუძველიც იყო სრული უპოვარება, საკუთარი ნების მოკვეთა და მუდმივი შრომა. ძმებს ყველაფერი საერთო ჰქონდათ. წინამძღვრის კურთხევის გარეშე არავის შეეძლო რამის შეტანა სენაკებში - თვით წიგნებისა და ხატებისაც კი. საერთო შეთანხმებით, ტრაპეზის ნაწილს ბერები გლახაკებისთვის ტოვებდნენ. შრომა, ლოცვა და პირადი ღვაწლი ავსებდა ძმების ცხოვრებას. იესოს ლოცვა არ შორდებოდა მათ ბაგეებს. ამბა იოსები უქმობას დემონურ საცდურთა მთავარ იარაღად თვლიდა. თავად იღუმენი მუდამ ყველაზე მძიმე მორჩილების საქმეებს ტვირთულობდა ხოლმე. სავანის მრავალი ბერი იყო დაკავებული საღვთისმსახურო წიგნებისა და წმიდა მამათა ნაშრომების გადაწერით, რის გამოც მალე ვოლოკოლამსკის წიგნთსაცავი ერთ-ერთი საუკეთესო შეიქნა რუსეთის მონასტერთა ბიბლიოთეკებს შორის.
უფლის რჩეული მოსაგრე 1515 წლის 9 ოქტომბერს მიიცვალა, სამოცდათექვსმეტი წლის ასაკში.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.