USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 31 დეკემბერს?
 609

31 დეკემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა მოწამენი: სებასტიანე და მეგობარნი მისნი: ნიკოსტრატე, მეუღლე მისი ზოია, კასტორი, ტრანკვილინე ხუცესი და ძენი მისნი: მარკელინე და მარკოზ დიაკონნი, კლავდი ციხის უფროსი, ძე მისი სიმფორიანე, ძმა ვიქტორინე, ტიბურტი და კასტული (+დაახლ. 287)

18 (31) დეკემბერი

წმიდა მოწამე სებასტიანე გალიის ქალაქ ნარბონში დაიბადა, განათლება კი მედიოლანში მიიღო. თანამმართველი იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) დროს იგი სასახლის მცველთა რაზმს ედგა სათავეში. ახოვანი და ბრძენი სებასტიანე ყველას ძალიან უყვარდა და პატივს სცემდა. იგი ფარულად აღიარებდა მაცხოვარს და ბევრს იღვწოდა ქრისტესმიერი ძმების დასახმარებლად. საპყრობილეში გამომწყვდეულ ქრისტიან ძმებს - მარკელინესა და მარკოზს, რომლებიც თავდაპირველად მხნედ აღიარებდნენ ქრისტეს, წარმართი მშობლების: ტრანკვილინესა და მარკიას, მეუღლეების და შვილების ცრემლიანმა მუდარამ ქრისტესთვის წამების სურვილი გაუნელა. მაშინ წმიდა სებასტიანე მივიდა მეფის ხაზინადარის - ნიკოსტრატეს სახლში, სადაც ციხიდან განთავისუფლებული ქრისტიანი ძმები იმყოფებოდნენ. საღმრთო მადლით გაბრწყინებულმა, განამტკიცა ისინი და კვლავ მოწამეობრივი აღსასრულის სურვილი გააღვიძა მათში. მისმა სიტყვებმა იქ მყოფებზეც იმოქმედა. მათ ცხადად იხილეს, რომ წმიდანს არაამქვეყნიური ნათლით გაუბრწყინდა სახე, შემდეგ კი შვიდი ანგელოზი მიეახლა მას და სპეტაკი სამოსით შემოსა. ნიკოსტრატეს ექვსი წლის წინ დამუნჯებული მეუღლე ზოია ფეხებში ჩაუვარდა წმიდანს, თაყვანი სცა მას და განიკურნა. ზოიამ თქვა, რომ იხილა ანგელოზი გაშლილი წიგნით, საიდანაც სებასტიანე თავის ქადაგებას კითხულობდა.

ნიკოსტრატემ და მისმა მეუღლემ ნათლისღება ითხოვეს. წმიდა სებასტიანემ ნიკოსტრატეს ურჩია, ისე მოეწყო, რომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი მონათლულიყო. მაშინ ამ უკანასკნელმა რომის ციხეების უფროსს კლავდიოსს სთხოვა, ყველა პატიმარი მის სახლში გაეგზავნა. პყრობილებთან საუბრისას სებასტიანე დარწმუნდა, რომ ყველანი ნათლისღების ღირსნი იყვნენ და ხუცეს პოლიკარპეს მოუწოდა. მამა პოლიკარპემ დამოძღვრა კათაკმევლები, მარხვა დაუწესა და გადაწყვიტა, წმიდა საიდუმლო საღამოს აღესრულებინა.

ამასობაში კლავდიოსმა ნიკოსტრატეს აუწყა, რომ რომის ეპარქი აგრესტიუსი მას თავისთან იხმობდა იმის გასარკვევად, თუ რა მიზეზით გადაიყვანეს მის სახლში ტუსაღები. ნიკოსტრატემ კლავდის თავისი მეუღლის განკურნების შესახებ მოუთხრო, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა სებასტიანეს სნეულებით გვემული თავისი ძე - სიმფორიანე მიჰგვარა. საღამოს წმიდა პოლიკარპემ მონათლა მარკელინე, მარკოზი და მამა მათი ტრანკვილინე, ნიკოსტრატე ოჯახით, კლავდიოსი, მისი ძეები და, გარდა ამისა, თექვსმეტი მსჯავრდებული. ტრანკვილინე უკვე ძალიან მხცოვანი და დასნეულებული იყო. ნათლისღების წინ პოლიკარპემ მას ჰკითხა: „გწამს თუ არა, რომ მხოლოდშობილ ძეს ღვთისას, უფალ იესო ქრისტეს შეუძლია, ჯანის სიმრთელე დაგიბრუნოს და ცოდვები მოგიტევოს?“ ტრანკვილინემ მიუგო: „მრწამს, რომ ქრისტეს, ძეს ღვთისას და უფალს ყოველივე ძალუძს, მაგრამ მხოლოდ ერთს ვითხოვ მისგან - შეცოდებათა მიტევებას, ჩემს სნეულებაზე კი არც ვფიქრობ“. ნათლობის საიდუმლოს დაწყებისთანავე ტრანკვილინე სრულიად განიკურნა.

ეპარქის წინაშე წარმდგარმა ნიკოსტრატემ მოუთხრო მას, თუ როგორ მოაქცია სებასტიანემ ისინი ქრისტეს სარწმუნოებაზე. ნიკოსტრატეს სიტყვებმა აგრესტიუსსაც შეურყია რწმენა წარმართული ღვთაებებისადმი. მან წმიდა სებასტიანეს და ხუცეს პოლიკარპეს მოუწოდა, მოუსმინა მათ დამოძღვრას, რის შემდეგაც აღიარა ქრისტე და მოინათლა. ეპარქთან ერთად ნათელიღო მთელმა მისმა სახლეულმა, მათ შორის ძემ - ტიბურტიმაც. ახალმოქცეულთა რიცხვი ათას ოთხასამდე გაიზარდა. ქრისტიანთა რჩევით აგრესტიუსი ეპარქის თანამდებობიდან გადადგა. ამ დროს რომის ეპისკოპოსი იყო წმიდა გაიოზი (შემდგომ, 283-296 წლებში - რომის პაპი; ხს. 11 აგვისტოს); მან აგრესტიუსი აკურთხა, რომ პოლიკარპესთან ერთად თავის მამულებში გამგზავრებულიყო იმ ქრისტიანებთან ერთად, რომელთაც მოწამეობის ძალა არ შესწევდათ. აგრესტიუსის ძეს, ტიბურტის სურდა, სისხლი დაეთხია ქრისტესთვის და რომში დარჩა, წმიდა სებასტიანესთან. მათთან დარჩნენ აგრეთვე მღვდელმთავარი გაიოზი, ხუცესი ტრანკვილინე, დიაკვნები მარკელინე და მარკოზი, ნიკოსტრატე, მისი მეუღლე ზოია და ძმა კასტორი, კლავდი, ძე მისი სიმფორიანე და ძმა ვიქტორინე. წმიდანები იმპერატორის სასახლეში შეიკრიბნენ ერთ-ერთ მდიდარ და ფარულ ქრისტიან კასტულთან და მოწამეობრივი აღსასრულისათვის დაიწყეს მზადება.

წარმართებმა პირველად ზოია შეიპყრეს. საპყრობილეში ჩააგდეს, ექვსი თვის განმავლობაში ტანჯავდნენ, შემდეგ კი თმებით დაკიდეს, მყრალი ბოლით გაგუდეს და მდინარე ტიბრში გადააგდეს. ქრისტეს ტარიგი საღვთო ხილვაში ეჩვენა წმიდა სებასტიანეს და თავისი აღსასრული ამცნო. ნეტარი ზოიას შემდეგ ხუცესი ტრანკვილინე აწამეს: წარმართებმა იგი ქვებით ჩაქოლეს პეტრე მოციქულის საფლავთან, შემდეგ კი მისი წმიდა ცხედარიც ტიბრში მოისროლეს. წმიდა ნიკოსტრატე, კასტორი, კლავდიოსი, ვიქტორინე და სიმფორიანე მდინარის ნაპირას შეიპყრეს, როცა ისინი მოწამეთა ცხედრებს ეძებდნენ. უფლის რჩეულები ეპარქს მიჰგვარეს. უღმრთო ხელისუფალმა მათ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა და, როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, ყველანი, ყელზე ლოდგამობმულნი, ზღვაში დააღრჩო. წმიდა ტიბურტი ერთმა ცრუქრისტიანმა, ტორკვატმა გასცა. მსაჯულმა ვერ მოახერხა, ქრისტეს უარყოფაზე დაეყოლიებინა პირმშვენიერი ჭაბუკი, რის შემდეგაც მისი გავარვარებულ მუგუზლებზე დაყენება ბრძანა. უფალმა დაიცვა თავისი რჩეული: ტიბურტი ნაკვერცხლებზე ისე დადიოდა, რომ ვერანაირ მხურვალებას ვერ გრძნობდა. ბოლოს ჯალათებმა მას თავი მოჰკვეთეს.

წმიდა დიაკვნები: მარკელინე და მარკოზი და დიდებული კარისკაცი კასტულიც ტორკვატმა გასცა. წამების შემდეგ კასტული ორმოში ჩააგდეს და ცოცხლად დამარხეს, მარკელინე და მარკოზი კი სასტიკი წამების შემდეგ მახვილით განგმირეს.

ბოლოს წმიდა სებასტიანეც გაიყვანეს საწამებლად. იგი პირადად იმპერატორმა დიოკლეტიანემ დაკითხა და, როცა დარწმუნდა მის სიმტკიცეში, ქალაქგარეთ გააყვანინა სიკვდილით დასასჯელად. აქ წმიდა მარტვილი ხეზე მიაბეს და ისრები დააყარეს. დიდებული კასტულის მეუღლე, ირინე, ღამით სებასტიანეს დასაკრძალად გავიდა, მაგრამ იგი ცოცხალი დაუხვდა და სახლში გადაიყვანა. წმიდანი მალე სრულიად გამოჯამრთელდა. ქრისტიანებმა სებასტიანეს თხოვეს, რომი დაეტოვებინა, ის კი კვლავ მოშურნედ ეძიებდა ქრისტესთვის სიკვდილს. მოწამეობის სურვილით ანთებულმა ხუცესმა წარმართულ ტაძრისკენ მიმავალი იმპერატორი შენიშნა და საჯაროდ ამხილა მისი უსჯულოება. დიოკლეტიანემ ბრძანა, იპოდრომზე გაეყვანათ ნეტარი და სიკვდილით დაესაჯათ. ჯალათებმა სულის ამოხდომამდე გვემეს იგი, შემდეგ კი ნაგავსაყარში გადააგდეს. წმიდა მოწამე სიზმრისეულ ჩვენებაში გამოეცხადა ქრისტიან ქალს, ლუკიანას და უბრძანა, აეღო მისი ცხედარი და კატაკომბებში დაეკრძალა. კეთილმსახურმა დედამ კრძალვით აღასრულა წმიდანის კურთხევა.

წმიდა მოდესტოსი - იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსი (+633-634)

18 (31) დეკემბერი

წმიდა მოდესტოსი - იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსი კაბადოკიის სებასტიაში (მცირე აზია) დაიბადა, ქრისტიანთა ოჯახში. მან სიყმაწვილიდანვე იგრძნო მისწრაფება მკაცრი, ასკეტური ცხოვრებისკენ და, როცა ჟამმა უწია, ბერად აღიკვეცა. შემდგომში ნეტარი მოდესტოსი წმიდა თეოდოსი დიდის სავანის იღუმენი იყო პალესტინაში. ამ დროს სირიასა და პალესტინას თავს დაესხნენ სპარსელები, ოთხმოცდაათი ათასი ქრისტიანი ამოხოცეს და მართლმადიდებლური ტაძრები დაანგრიეს. მტერმა უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი იგდო ხელთ და მრავალ სხვა ქრისტიანთან ერთად იერუსალიმის პატრიარქი ზაქარიაც დაატყვევა. ამის შემდეგ იერუსალიმის ეკლესიის განმგებლობა დროებით წმიდა მოდესტოსს დაევალა.

ნეტარმა მოდესტოსმა ალექსანდრიის პატრიარქის, იოანე მოწყალის (ხს. 12 ნოემბერს) დახმარებით აღადგინა დარბეული ქრისტიანული საყდრები. მან პატივით დაკრძალა დახოცილი ბერები საბა განწმენდილის ლავრიდან. თოთხმეტი წლის შემდეგ პატრიარქი ზაქარია ტყვეობიდან დაბრუნდა და თან ცხოველმყოფელი ძელიც ჩამოასვენა. მისი მიცვალების შემდეგ იერუსალიმის ეკლესიის მწყემსმთავრად წმიდა მოდესტოსი დაადგინეს. უფლის რჩეული 634 წელს მიიცვალა, ოთხმოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში.

ღირსი ფლოროსი - ამიელი ეპისკოპოსი (VII)

18 (31) დეკემბერი

წმიდა ფლოროსი, ამიელი ეპისკოპოსი მართლმორწმუნე მშობლების, ფლოროსისა და ეფემიას ძე იყო. წმიდანმა კარგი განათლება მიიღო, რის შემდეგაც ბიზანტიის იმპერატორის კარზე დაიწყო სამსახური და პატრიციუსის ხარისხს მიაღწია. ფლოროსი დაქორწინდა და შვილებიც ჰყავდა, მაგრამ მთელი მისი ოჯახი ყვავილმა იმსხვერპლა. ნეტარი განერიდა ამსოფელს და კონსტანტინოპოლის გარეუბანს მიაშურა, სადაც კეთილმსახურებით ცხოვრობდა, მარტოობაში. მოგვიანებით წმიდა ფლოროსი ამიის (მცირე აზია) ეპისკოპოსად აირჩიეს. უფლის რჩეული ბრძნულად განაგებდა სამწყსოს და VII საუკუნის დასაწყისში მშვიდობით მიიცვალა.

ღირსი მიქაელ აღმსარებელი (+დაახლ. 845)

18 (31) დეკემბერი

ღირსი მიქაელ აღმსარებელი იერუსალიმში დაიბადა, ქრისტიანულ ოჯახში და სიჭაბუკეშივე ბერული ღვაწლისთვის გადადო თავი. მამის სიკვდილის შემდეგ წმიდანის დედამ და დებმა მონასტერს მიაშურეს. ღირსი მიქაელი მღვდლად აკურთხეს. ნეტარმა მამამ სახელი გაითქვა, როგორც ძლიერმა მქადაგებელმა, ამიტომ იერუსალიმის პატრიარქმა თომამ იგი დაიახლოვა და სვინგელოზად (საეკლესიო მმართველობის საქმეთა გამგედ) დაადგინა. მაშინ ხატმბრძოლი იმპერატორი ლეონ სომეხი (813-820) მეფობდა. პატრიარქმა მასთან ღირსი მიქაელი გააგზავნა წმიდა ძმებთან: თეოდორესთან (ხს. 27 დეკემბერს) და თეოფანესთან (ხს. 11 ოქტომბერს) ერთად, რათა უსჯულო ხელისუფალს შეეწყვიტა მართლმადიდებელთა დევნა. იმპერატორმა წმიდა მიქაელი აწამა და გადაასახლა. გადასახლებიდან დაბრუნებული ღირსი მამა იმპერატორმა თეოფილემ (829-842) ხატთა თაყვანისცემისათვის კვლავ საწამებლად გადასცა. წმიდა მიქაელის თანამოსაგრეებმა - წმიდა თეოდორემ და თეოფანემაც სასტიკი სატანჯველები დაითმინეს: ჯალათებმა მათ სახეზე გახურებული შანთებით შეურაცხმყოფელი წარწერები ამოტვიფრეს. ამის გამო ძმებს „გამომეტყველნი“ ეწოდათ. ხელმეორედ გასამართლებული წმიდა მიქაელი თავის მოწაფესთან, იობთან ერთად პავეიადის მონასტერში გაგზავნეს. თეოფანეს გარდაცვალების შემდეგ იმპერატორმა თეოდორამ (842-855) ხატთაყვანისცემა აღადგინა, ხატმბრძოლთაგან დევნილი და გადასახლებული ქრისტიანები დააბრუნა და წმიდა მიქაელს შესთავაზა, პატრიარქის ტახტი დაეკავებინა გადაყენებული მწვალებელი მღვდელმთავრის, იოანე გრამატიკოსის ნაცვლად. წმიდა მოწამემ უარი განაცხადა მაშინ ეკლესიის მესაჭედ მღვდელმთავარი მეთოდე დაადგინეს.

ნეტარი მიქაელ აღმსარებელი სიკვდილის დღემდე სვინგელოზად მსახურობდა. 845 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way