USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 3 ივლისს?
თარიღი:  370

მღვდელმოწამე მეთოდე, პატარელი ეპისკოპოსი (+312)

20 (3.07) ივნისი

წმიდა მეთოდე პატარელი ეპისკოპოსი იყო (ლიკიის ოლქი, მცირე აზია). იგი სიმშვიდითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა, ჩუმად და უდრტვინველად მოძღვრავდა სამწყსოს, მაგრამ როცა საქმე მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვას შეეხებოდა, საოცარ სიმტკიცეს იჩენდა და დაუცხრომლად ებრძოდა მწვალებლებს. წმიდანმა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა. მას ეკუთვნის თხზულებები წარმართული სარწმუნოებისა თუ იმ დროს ფართოდ გავრცელებული ერესების სამხილებლად, ზნეობრივი შეგონებები, წმიდა წერილის განმარტებები და სხვა.

 წმიდა მეთოდე 312 წელს შეიპყრეს წარმართებმა და მართლმადიდებლობის მხნე აღსარებისათვის თავი მოკვეთეს.

წმიდა მოწამენი ინა, პინა და რიმა (I-II სს.)

20 (3.07) ივნისი

წმიდა მოწამენი ინა, პინა და რიმა - მათ შესახებ ცნობები მოთავსებულია 20 იანვრის - მარტვილთა აღსრულების დღის საკითხავში. 20 ივნისს აღინიშნება მათი უხრწნელი ნაწილების გადასვენება ალუშტაში (I-II სს.).

წმიდა მოწამენი არისტოკლე ხუცესი, დიმიტრი დიაკონი და ათანასე წიგნისმკითხველი (დაახლ. 306)

20 (3.07) ივნისი

წმიდა მოწამენი არისტოკლე ხუცესი, დიმიტრი დიაკონი და ათანასე წიგნისმკითხველი მაქსიმიანე გალერიუსის მეფობაში (305-311) ეწამნენ ქრისტესთვის.

 არისტოკლე ხუცესი, რომელიც ქალაქ ტამასის მკვიდრი იყო, საკათედრო ტაძარში მსახურობდა. როცა ქრისტიანების დევნა დაიწყო, მოსალოდნელი წამების შიშით იგი მთებში გაიხიზნა და გამოქვაბულს შეაფარა თავი. ერთხელ, ლოცვის დროს, წმიდანს ნათელი მოეფინა და ჩაესმა უფლის ბრძანება, რომელიც კუნძულ კვიპროსზე დაბრუნებისა და ქრისტესთვის მარტვილობისკენ მოუწოდებდა. არისტოკლე მორჩილად დაჰყვა ზეციურ კურთხევას. წმიდანმა გზად მოციქულ ბარნაბას სახელობის ტაძარში შეიარა, აქ დიმიტრი დიაკონსა და ათანასე წიგნისმკითხველს შეხვდა და ჩვენების შესახებ მოუთხრო. დიმიტრიმ და ათანასემ გადაწყვიტეს, მასთან ერთად დაეთხიათ სისხლი ყოვლადსახიერი ღვთის სადიდებლად.

 ქალაქ სალამინში ჩამოსულმა წმიდანებმა ქრისტიანობის ქადაგება დაიწყეს, რისთვისაც წარმართებმა შეიპყრეს ისინი და მმართველს წარუდგინეს. ეს უკანასკნელი მალე დარწმუნდა, რომ აღმსარებელთა მოდრეკა შეუძლებელი იყო და ბრძანა, არისტოკლესთვის თავი მოეკვეთათ, დიმიტრი და ათანასე კი დაეწვათ. მოწამეებს ცეცხლმა ვერაფერი ავნო, ბოლოს მათაც მახვილით წარკვეთეს თავები. მარტვილები 306 წელს აღესრულნენ.

წმიდა ლევკი აღმსარებელი, ვრუნტისიოპოლელი ეპისკოპოსი (V)

20 (3.07) ივნისი

წმიდა ლევკი აღმსარებელი კეთილმსახური ალექსანდრიელების, ევდოკისა და ევფროსინიას შვილი იყო. მშობლებმა ახალშობილს ევტროპი დაარქვეს. წმიდანი 11 წლისა იყო, როცა დედა გარდაეცვალა. მამა წმიდა ერმის მონასტერში ბერად შედგა და ვაჟიც თან წაიყვანა. აქ ყმაწვილის აღზრდას იღუმენი ნიკიტა და სხვა გამოცდილი მამები ხელმძღვანელობდნენ. საოცარი გულისხმიერებით გამორჩეულმა ყრმამ კარგად შეისწავლა საღვთო წერილი, ბუნებითაც მშვიდი, თავმდაბალი და მორჩილი იყო. როცა იღუმენი ნიკიტა გარდაიცვალა, ძმებმა წინამძღვრად ერთსულოვნად 18 წლის ევტროპი აირჩიეს, თუმცა იგი ჯერაც არ იყო მონაზვნად ნაკურთხი. მომავალი წმიდანი, რომელიც თავს არ თვლიდა ღირსად ვინმესთვის ეხელმძღვანელა, მტკიცე უარზე დადგა. სავანე შვიდი წელი იღუმენის გარეშე იყო. ამ ხნის განმავლობაში ევტროპიმ სულიერების მაღალ საფეხურს მიაღწია. ერთხელ, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, ევდოკიმ თავის ძესთან ერთად ალექსანდრიის მახლობლად მდებარე მიძინების ტაძრის მოლოცვა გადაწყვიტა. ღამე მათ მონასტერში გაათიეს, რომელსაც იღუმენი თეოდორე წინამძღვრობდა. აქ ევდოკის უფალმა აუწყა, რომ მალე გარდაიცვლებოდა, მისი შვილი კი მღვდელმთავარი შეიქნებოდა და ქრისტეს ნათლით გაანათლებდა იტალიის ქალაქ ვრუნტისიოპოლსა და მის შემოგარენს. მამას ვაჟიშვილის ახალი სახელიც გაუცხადდა - ლევკი, რაც ნიშნავს: „სული ღვთისა სუფევდეს მას ზედა“. სადღესასწაულო წირვაზე ელიოპოლელ ეპისკოპოს ელის ზეგარდმო ჩაესმა ხმა, რომელიც ლევკის სამღვდელმთავრო ღვაწლზე აკურთხებდა.

ერმის მონასტრის ბერები ეპისკოპოსს დაჟინებით სთხოვდნენ, წმიდანი სავანის იღუმენად დაედგინა. მოსაგრეს თავი უღირსად მიაჩნდა და უარობდა, მაგრამ ეპისკოპოსის ნებას წინ ვერ აღუდგა. ჯერ მას მღვდლად დაასხეს ხელი, შემდეგ კი წინამძღვრადაც აკურთხეს.

 ამ დროიდან მოყოლებული ლევკიმ კიდევ უფრო გააძლიერა ღვაწლი, რისთვისაც უფალმა სასწაულთქმედებისა და ბოროტ სულთა განსხმის ნიჭი მიმადლა.

 ამასობაში მოწამეობრივად აღესრულა ალექსანდრიელი ეპისკოპოსი ფილიპე და მის ნაცვლად ლევკი აირჩიეს. ეპარქმა, რომელიც ხედავდა, რომ ეკლესიის წმიდა წინამძღვარი მრავალ კერპთაყვანისმცემელს მოაქცევდა ქრისტიანობაზე, მისი მოკვლა გადაწყვიტა. ხალხი დაირაზმა საყვარელი მღვდელმთავრის დასაცავად, წმიდა მწყემსმთავარმა თავისი ტახტი ღირსეულ ეპისკოპოსს დაუთმო, თან გაიყოლა დიაკვნები - ევსები, დიონისე, კიდევ ხუთი მოწაფე, და იტალიისკენ მიმავალ ხომალდზე ავიდა. მალე მათ შეუერთდნენ მღვდლები - ლეონი და საბინი. ვრუნტისიოპოლის გზაზე წმიდანს შეხვდა ტრიბუნი არმალეონი 67 მხედართან ერთად და ქრისტიანობაზე მოაქცია ისინი. ქალაქში შესულმა მამამ განაგრძო უფლის სიტყვის ქადაგება. როცა ქალაქის თავმა ანტიოქოსმა შეიტყო, რომ ტრიბუნი არმალეონი გაქრისტიანდა, თავისთან მოიხმო იგი და დიდხანს ესაუბრა. მისგანვე შეიტყო წმიდა ლევკის შესახებ და მისი ნახვაც მოიწადინა. შეხვედრისას მმართველმა ნეტარ ბერს უთხრა: „თუ გსურს ვირწმუნოთ ღმერთი, რომელსაც ქადაგებ, შესთხოვე მას, მოგვივლინოს წვიმა, რომელიც ორი წელია არ გვინახავს“. წმიდანმა შეკრიბა ღვთისმსახურები, ყველა ახალმოქცეული ქრისტიანი და მათთან ერთად მხურვალე ლოცვა აღავლინა ყოვლისშემძლე მეუფის მიმართ. ღმერთმა მოწყალე თვალით მოხედა მვედრებლებს: მალე ცაზე საავდრო ღრუბლები გამოჩნდა და ღვარივით გადმომსკდარმა წვიმამ დაარწყულა გვალვისგან გამომშრალი და დამსკდარი მიწა. ამ სასწაულის მოწმე ანტიოქოსმა და ვრუნტისიოპოლის მთელმა მოსახლეობამ (27 000 კაცმა) ნათელ-იღო. ამ მოვლენის აღსანიშნავად ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ააგეს, იმ ადგილას კი, სადაც ქალაქის მკვიდრნი მოინათლნენ, მეორე ეკლესიაც აღმართეს - იოანე ნათლისმცემლის სახელობისა.

 მალე მღვდელმთავარი დასნეულდა. უფალმა გამოცხადებით აუწყა წმიდანს, რომ სნეულება სასიკვდილო იყო. მან უხმო მოწაფე ანტიოქოსს და სთხოვა, იქ დაესაფლავებინათ, სადაც ალექსანდრიიდან მოსული ხომალდი მოადგა ნაპირს. ანტიოქოსმა შეასრულა მოძღვრის ანდერძი და მის საფლავზე წმიდა ლევკის სახელობის ტაძარიც ააშენა. ნეტარი მამის უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა.

წმიდა კალისტე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+დაახლ. 1363)

20 (3.07) ივნისი

წმიდა კალისტე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი იმპერატორების იოანე კანტაკუზენის (1341-1355) და იოანე პალეოლოგის (1341-1376) მეფობაში მეთაურობდა კონსტანტინეპოლის ეკლესიას. წმიდა მამამ მოღვაწეობა ათონის მთაზე დაიწყო. საპატრიარქო ტახტზე იგი 1350 წელს აღასაყდრეს, მაგრამ ორ წელიწადში დაუტევა მღვდელმთავრის მძიმე ჯვარი და მდუმარების ღვაწლისთვის მის მიერვე დაარსებულ წმიდა მამანტის მონასტერს მიაშურა ტენოდოსში. შემდეგ ნეტარი კალისტე კვლავ დაუბრუნდა კათედრას. წმიდანი დაახლოებით, 1363 წელს გარდაიცვალა სერბეთში, სადაც იოანე პალეოლოგმა ელჩად გაგზავნა. მღვდელმთავარი კალისტე ცნობილია თავისი სასულიერო თხზულებებით.

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის