USD 2.6942
EUR 3.1282
RUB 3.3717
თბილისი
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 29 თებერვალს?
თარიღი:  269

29 თებერვალს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა მოწამენი: პამფილე ხუცესი, ვალენტი დიაკონი, პავლე, პორფირე, სელევკი, თეოდულე, იულიანე, სამოელი, ილია, ისაია და დანიელი (+307-309)

16 (29) თებერვალი

წმიდა მოწამენი: პამფილე ხუცესი, ვალენტი დიაკონი, პავლე, პორფირე, სელევკიუსი, თეოდულე, იულიანე, სამოელი, ილია, იერემია, ისაია და დანიელი დიოკლეტიანეს მიერ 308-309 წლებში გაჩაღებულ ქრისტიანთა დევნისას ეწამნენ პალესტინის კესარიაში. წმიდა მოწამე პამფილე ქალაქ ბირითში (ბეირუთი) დაიბადა და განათლება ალექსანდრიაში მიიღო, რის შემდეგაც ხუცესად აკურთხეს კესარიაში. მან ბევრი იღვაწა გადამწერთა მიერ დამახინჯებული ახალი აღთქმის წიგნების შეჯერებისა და შესწორებისათვის. საბოლოო, დადგენილ ტექსტებს წმიდანი იწერდა და მსურველებს უგზავნიდა. მან ჭეშმარიტ სჯულზე მოაქცია მრავალი წარმართი. მისი შრომითა და მონდომებით კესარიაში სასულიერო წიგნების მდიდარი ბიბლიოთეკა შეიქმნა, რაც ხელს უწყობდა ქრისტიანული განათლების გავრცელებას. წმიდა პამფილეს ქმედითად ეხმარებოდნენ წმიდა წერილში ღრმად განსწავლული მოხუცი დიაკონი ვალენტი და ქრისტეს სიყვარულითა და სასოებით ანთებული წმიდა პავლე. პალესტინის კესარიის მმართველმა ურბანმა 2 წლით სამივენი საპყრობილეში გამოამწყვდია, მისმა მემკვიდრემ, ფირმილიანემ კი გაასამართლა ისინი და კილიკიის (მცირე აზია) ოქროს საბადოებში სამუშაოდ გაგზავნა 130-მდე სხვა ქრისტიანთან ერთად. წმიდანებს დევნულობის ადგილამდე ხუთი ქრისტიანი ძმა მიაცილებდა. გამობრუნებისას, კესარიაში, ისინი ქრისტეს აღსარებისათვის დააკავეს და დაატუსაღეს. სამსჯავროზე პამფილეს, ვალენტისა და პავლესთან ერთად წარმდგარმა ჭაბუკებმა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების - ილიას, იერემიას, ისაიას, სამოელის და დანიელის სახელით გააცნეს მსაჯულს თავი და განაცხადეს, რომ იერუსალიმიდან იყვნენ, რაშიც ზეციურ იერუსალიმს გულისხმობდნენ. ფირმილიანს არაფერი გაეგონა ამგვარი ქალაქის შესახებ, რადგან იერუსალიმი იმპერატორ ტიტეს მიერ 70 წელს უკვე დანგრეული იყო და მის ადგილას იმპერატორ ადრიანეს (117-138) ელიადრიანედ წოდებული ქალაქი აეშენებინა. ფირმილიანი დიდხანს აწამებდა ჭაბუკებს, ცდილობდა, უცნობი ქალაქის ადგილმდებარეობა დაეცდევებინა მათთვის და ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგანაც გადაედრიკა. მაგრამ, როცა ვერაფერს გახდა, ხუთივეს თავი მოჰკვეთა პამფილესთან, ვალენტისთან და პავლესთან ერთად.

მათ წამებამდე პამფილე ხუცესის 18 წლის მსახური, პორფირე აღესრულა მოწამეობრივად. სიმშვიდითა და მორჩილებით გამორჩეულმა ყმაწვილმა როცა შეუტყო, რომ აღმსარებლებს სიკვდილი ჰქონდათ მისჯილი, განაჩენის აღსრულების შემდეგ მათი ცხედრების დაფლვის ნებართვა ითხოვა, რისთვისაც მოაკვდინეს და ცეცხლში დაწვეს.

წმიდა ღვაწლით აღფრთოვანებული კეთილმსახური ქრისტიანი სელევკიუსი, ყოფილი მეომარი, სასიკვდილოდ გამზადებულ პამფილესთან მივიდა და პორფირეს ნეტარი აღსასრული ამცნო. ამისთვის წმიდანი მაშინვე შეიპყრეს და სხვა სიკვდილმისჯილებთან ერთად მოკლეს.

 

ერთმა მმართველის მსახურთაგანმა, უკვე ხანშიშესულმა, ფარულმა ქრისტიანმა თეოდულემ დასასჯელად გადაყვანის წინ გადაკოცნა მარტვილები და სთხოვა, ელოცათ მისთვის, რისთვისაც ჯვარს აცვეს.

კაბადოკიელმა ჭაბუკმა იულიანემ კესარიის მახლობლად მხეცების საჯიჯგნად მიმოფანტული მოწამეთა წმიდა ცხედრების წინაშე მუხლი მოიყარა და ეამბორა მათ. მეომრებმა შენიშნეს ღვთისმოყვარე ახალგაზრდა, დააკავეს და, ფირმილიანის ბრძანებით, ცეცხლში გამოწვეს. ქრისტეს ტარიგთა გვამები 4 დღის განმავლობაში ღია ცის ქვეშ ეყარა, მაგრამ არც მხეცები და არც ფრინველები არ გაჰკარებია მათ. ამ სასწაულით შეძრწუნებილმა წარმართებმა ნება დართეს ქრისტიანებს, წაესვენებინათ და მიწისთვის მიებარებინათ წმიდა ნაწილები.

ღირსი მარუფი, მესოპოტამიელი ეპისკოპოსი (+422)

16 (29) თებერვალი

ღირსი მარუფი ეპისკოპოსი მონაწილეობდა კონსტანტინეპოლის II (381წ.) და მესალიანების წინააღმდეგ მიმართულ ანტიოქიის ადგილობრივ კრებაში (383წ.).

403-404 წლებსი წმიდანი ორჯერ შეხვდა იმპერატორ არკადის, სპარსელი ქრისტიანების გასაჭირი ამცნო და დახმარება გამოითხოვა; იმპერატორმა თეოდოსი უმცროსმა ღირსი მამა ორჯერ გაგზავნა შაჰ იეზდიგერდთან იმპერიასა და სპარსეთს შორის საზავო ხელშეკრულების დადებაზე მოსალაპარაკებლად.

414 წელს მარუფი იეზდიგერდის კარზე ელჩად მსახურობდა, მან კეთილგანაწყო მეფე ქრისტიანების მიმართ და დიდად შეუწყო ხელი სპარსეთში ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმსარებლობის თავისუფლებას. იგი აღადგენდა საპორის დროინდელ დევნულობისას დანგრეულ ქრისტიანულ ტაძრებს, გამოითხოვა წმიდა მოწამეთა ნაწილები და ისინი მიტროპოლში (ტიგრიტში) გადაასვენა; წმიდანი გარდაიცვალა დაახლოებით 422 წელს. მოგვიანებით, მისი ნეშტი ეგვიპტეში გადაასვენეს და ღვთისმშობლის სახელობის სკიტის მონასტერში დააბრძანეს.

ღირსი ფლაბიანე, ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსი (+404)

16 (29) თებერვალი

წმიდა ფლაბიანე, ანტიოქიელი არქიეპისკოპოსი (381-404) იოანე ოქროპირის (+407) თანამედროვე იყო. წმიდა მამამ იმით გაითქვა სახელი, რომ მოახერხა შეგონებით დაეცხრო იმპერატორ თეოდოსის (379-395) რისხვა და შეწყალება გამოეთხოვა ანტიოქიელებისათვის, რომლებმაც მეფის ქანდაკი დაამსხვრიეს. ღირსი მამა მშვიდად მიიცვალა.

ანალიტიკა
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება - გიორგი კობერიძე
თავს თუ არ მოვიტყუებთ დასავლეთის ჩართილობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა და რეგიონის მიზიდულობასაც გაზრდის, მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება. ამერიკის მცდელობა იშუამდგომლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განპირობებულია ორი მარტივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზნით:
 
1. ზანგეზურის დერეფნის ირიბი კონტროლი: - აშშ-ს მიზანია არ დაუშვას ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენა ამ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებაზე. პირიქით, ამ დერეფნის ვაშინგტონზე დამოკიდებულებაა პრიორიტეტი. მეთოდურად, ამერიკული გავლენისა და არაპირდაპირი კონტროლის უკან უამრავი მექანიზმი არსებობს: ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობით, ინვესტიციებით, გზის უსაფრთხოების ვალდებულებით, საერთაშორისო მისიით, სამმხრივი პარტნიორობით, რეჟიმების მხარდაჭერით, რაიმე სახის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. მეთოდი ბევრია, გავლენებისა და ირიბი კონტროლის ზრდა კი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს.
 
2. შუა დერეფნის შიგნით ალტერნატივების გაჩენა: - ამერიკელებს უყვართ გამოთქმა, რომ არასდროს უნდა ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თითქმის უალტერნატივო იყო. რუსული ანუ ჩრდილოეთის დერეფანი დახურულია. წითელი ზღვის საზღვაო დერეფანი ორი წელია საბრძოლო ზონადაა ქცეული, ირან-ისრაელის ომებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო გზაგამტარიც არასტაბილურად აქცია და კავკასიაზე გადმორთო. ამ ყველაფრიდან და სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან გამომდინარე საქართველო ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ დერეფნად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25 წელიწადი ასე იყო მოაზრებული და საქართველოც ასე პოზიციონირებდა.
 
ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და სხვადასხვა კალათის მნიშვნელობა იზრდება: ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ რომ ზანგეზურის ალტერნატივა უნდა ამუშავდეს და დაიტვირთოს, რომლის მნიშვნელობა ეკონომიკურიც იქნება და პოლიტიკურიც. ეკონომიკურში იმას გულისხმობენ, რომ გზა მოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის: სომხეთზე გამავალი გზა უფრო მოკლე იქნება ვიდრე საქართველოზე გამავალი. ამასთან, ზანგეზურის გზით სომხეთის სამხრეთული სიუნიქის პროვინციაც გამოცოცხლება და აზერბაიჯანის ნახიჩევანიც. სწორედ ამ უკანასკნელიდანაა ალიევების ოჯახი. შესაბამისად, ბაქოს დამატებითი მოტივაციაც აქვს ნახიჩევანის გასავითარებლად და იქ გზის დასატვირთად.
 
ეკონომიკური გასაგებია, მაგრამ შეფასებებში პოლიტიკური განზომილება ყველაზე სამწუხარო და თვალშისაცემია: დასავლური ანალიტიკური ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ საქართველო რუსულ და ჩინურ ორბიტაზეა გადასული, შესაბამისად, მისდამი ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ, მათი არგუმენტებით, აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური საყრდენი კავკასიაში, რომელიც რუსეთის გავლენების მიღმა იქნება.
ვახსენოთ თურქეთიც: ანკარასათვის სომხეთის ეკონომიკური მიბმა გავლენის ზრდასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენელი რუსეთი სომხეთში, ნიშნავს რომ თურქეთი მით უფრო გაძლიერდება იქ. სომხეთთან შედარებით თურქეთი ეკონომიკური გიგანტია და მისი შესვლა ახალ ბაზარზე დიდი ეფექტის მქონე იქნება და პოლიტიკურად გადათარგმნის პერსპექტივაც ექნება. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის, ოფიციალურ დონეზე ხისტი რიტორიკა სრულიად შეცვლილია.
 
ცხადია, სომხეთის რუსეთისაგან სრულად ჩამოხსნაზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ მოსკოვი რომ გავლენებს კარგავს ეს შესანიშნავია. კვლევითი ორგანიზაციები არაორაზროვნად საუბრობენ, რომ წაგებულებს შორის რუსეთი, საქართველო და ჩინეთია. თუმცა ეს უკანასკნელი თურქეთთანაც გამონახავს ენას. რუსეთს სომხეთში ბევრი სვლა არ აქვს საბოტაჟებისა და გადატრიალების გარდა (და ომებისაგან განსხვავებით ისინი მას ძალიან კარგად გამოსდის). ისიც მოსალოდნელია, რომ დასავლეთის ჩართულობის ხელის შესაშლელად მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს და მათ ნაწილს უკვე ხმარობს კიდეც - სომხეთში არეულობა და გადატრიალება სცადა მან - ამ თემაზე გამოძიება სომხეთში ახლაც მიმდინარეა. არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
 
რაც შეეხება საქართველოს: ახლა საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნები Agile Spirit სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ აშშ კვლავ ცდილობს კავშირების შენარჩუნებას აქ. საქართველოს რუსულ ბანაკში საბოლოო აღმოჩენა შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერებას და კავკასიაში მოსკოვის გავლენების ზრდას მოასწავებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში უკვე ბევრი რამაა მოწყობილი, თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ აზერბაიჯანში საგზაო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი სისწრაფით აშენებენ ხოლმე. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ცვლილებებისათვის საერთაშორისო პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს პოლიტიკური ნება კი დასავლეთს როგორც ჩანს აქვს. პოლიტიკურ ნებას კი ინვესტიციები მიჰყვება ხოლმე, ინვესტიციებს კი დაცვა სჭირდება. შესაბამისად, ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს ზანგეზურის დერეფანი საკითხავია, მაგრამ მნიშვნელობას კი ნამდვილად შეამცირებს.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.