USD 2.6104
EUR 2.9933
RUB 3.1028
თბილისი
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 29 მარტს?
თარიღი:  803

29 მარტს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა მღვდელმთავარი ამბროსი აღმსარებელი (ხელაია)

16 (29) მარტი

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია) დაიბადა 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში. დაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ პერიოდში დაოჯახდა, 1887 წელს სოხუმის ეპისკოპოსისგან მღვდლად იკურთხა. მსახურობდა სოხუმში, ახალ ათონსა და ლიხნში. ებრძოდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში, პრესაში ილაშქრებდა იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აფხაზებს ქართველთა სიძულვილს უნერგავდნენ. 1896 წელს დაქვრივდა.

მისი მეუღლე კესარია მერჩულე, მშობიარობას გადაყვა, მამა ამბროსის დარჩა სამი შვილი, რომლებიც გვერდიდან არ მოუშორებია; თან ჰყავდა ყაზანში სწავლისას და გადასახლების დროსაც კი. ასეთი მზრუნველი მამა იყო და შემდგომ... ასეთივე პატრიარქი.

1897 წელს, 36 წლის ასაკში, მამა ამბროსი ყაზანის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. სწავლის დროს ბერად აღიკვეცა. დაწერა დისერტაცია თემაზე: „ქრისტიანობის ბრძოლა ისლამთან საქართველოში“. 1902 წელს არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და ჭელიშის მონასტრის წინამღვრად დაინიშნა.

არქიმანდრიტმა ამბროსიმ დიდად იღვაწა ჭელიშის მონასტრის აღორძინებისთვის. აქ აღმოაჩინა „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ე.წ. ჭელიშური ხელნაწერი, აგრეთვე წმიდა სახარება, შემდგომში „ჭელიშის ოთხთავის“ სახელით ცნობილი. აი, ერთი იმდროინდელი ჩანაწერი: „მამა ამბროსი - სულ წელიწადი არ არის, რაც აქ წინამძღვრად გამოამწესეს, მაგრამ ღვთისა და კაცის მოყვარე ადამიანისთვის ეს დროც საკმაო ყოფილა, რომ წრფელი გულით შეეყვარებინა ხალხს. „ღვთის ენა-პირი ასხიაო“, - ამბობდნენ იქაურები. „ჯერ მაგისთანა არავინ მოსულა და არც მაგ დალოცვილისთანა ქადაგება გაგვიგონიაო“.

1904 წელს არქმიანდრიტი ამბროსი თბილისში სინოდური კანტორის წევრად და ფერისცვალების მონასტრის წინამღვრად დაინიშნა. იგი იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ამისთვის  1905 წელს რუსეთში გადაასახლეს, 1908 წელს - ახალი ბრალდება წაუყენეს, თითქოს ეგზარქოს ნიკონის სიკვდილში მიეღოს მონაწილეობა. 1911 წელს გაამართლეს, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის უფლება მაინც არ მისცეს.

გადის წლები და ყოველი მისი თხოვნა დაბრუნებაზე უპასუხოდ რჩება. ამასობაში საქართველოში ვრცელდება ხმები, რომ ამბროსი ხელაია მატერიალურად კარგად არის უზრუნველყოფილი და უბრალოდ არ უნდა დაბრუნება. ამაზე გულისტკივილით წერს თავის წერილში: „ჩემი ექსორიანი“: „ზოგიერთნი მთვლიან მე ბედნიერად, რომ მოვშორდი საქართველოს და ვითომ მატერიალურად კარგად მოვეწყვე. ამ წერილის დამწერთ ალბათ ჯერ არ გამოუცდიათ მარტოობა სულისა, - არ გამოუცდიათ ის სიმწვავე, რასაც განიცდის სამშობლოდან გადახვეწილი, თუ კი გადაგვარების გზაზე არ არის დამდგარი და გული შესტკივა სამშობლოს მდგომარეობაზე“.

1917 წელს წმიდანი საქართველოში ბრუნდება. მას ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ კი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად აკურთხებენ. 1921 წლის 14 ოქტომბერს მიტროპოლიტი ამბროსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.

საქართველოს გასაბჭოებიდან რამდენიმე თვეა გასული. ეკლესიის დევნის, ქართული ენის უფლებების შეზღუდვისა და ისტორიული მიწების სხვათა განკარგულებაში გადაცემის გამო იგი აგზავნის დოკუმენტებს ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციაში - უშედეგოდ. 1922 წელს აგზავნის მოწოდებას გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე. „ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, უბილწავენ ეროვნულ კულტურას, დასასრულს, მას უბღალავენ წმიდათაწმიდას, სარწმუნოებრივ გრძნობას“, - ამბობს კათოლიკოსი მემორანდუმში და ქართველი ერის სახელით საქართველოდან წითელი ჯარის გაყვანასა და რეფერენდუმის მოწყობას ითხოვს.

 

კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიური აღდგენის საშუალებით გამოიძებნა. სინამდვილეში ის მიზნად ისახავდა, დაებრუნებინა ნედლეულით მდიდარი რუსეთი საერთაშორისო ბაზარზე, ასევე საბჭოთა რუსეთის მთავრობისთვის მოეთხოვა მეფის რუსეთის ვალები. ამიტომ საქართველოს გამო ისინი რუსეთს არ დაუპირისპირდნენ. პატრიარქის მიმართვა პოლიტიკური რეაგირების გარეშე დარჩა. გაძლიერდა მისი დევნა.

კათოლიკოს-პატრიარქსა და საკათალიკოსო საბჭოს 9 წევრს აპატიმრებენ. ბრალდება ოთხია: კონფერენციისადმი მემორანდუმის გაგზავნა, ეკლესია-მონასტრებში დაცული საგანძურის გადამალვა, საეკლესიო ქონების სააღრიცხვო წიგნების არასწორი წარმოება და სამხედრო ტაძრის (რომელიც დღევანდელი მთავრობის სასახლის ტერიტორიაზე იყო) კომკავშირისადმი გადაცემის პროცედურაში საპატრიარქოს წამომადგენლის გამოუცხადებლობა.

გთავაზობთ რამდენიმე ამონაწერს სასამართლო სხდომების ოქმებიდან:

თავმჯდომარე: მემორანდუმში ნათქვამი გაქვთ, რომ ქართველ ხალხს ართმევენ მიწა-წყალს და ურიგებენ სხვა ერებს. დამისახელეთ, რა წაართვეს ხალხს და ვის რა გადასცეს!

ამბროსი: არამც თუ მიწა-წყალი, ხალხიც გადაცემულია სხვა ერებზე. ეს დამტკიცდება მაშინ, როცა მოიტანთ საქართველოს რუქას. თუ ასეთი გზით დამტკიცება და სასამართლოს შეხედულებით საჭირო არ არის - მაშინ გავჩუმდები.

პროკურორი ოკუჯავა: დამისახელეთ, რომელი საბუთის ძალით წაერთვა საქართველოს დამოუკიდებლობა?

ამბროსი: ინტერვენციით.

პროკურორი მაჭავარიანი: რელიგიურია, თუ როგორი თქვენ მიერ გენუის კონფერენციისადმი გაგზავნილი მემორანდუმი?

ამბროსი: რელიგიური. და თუ პოლიტიკური მიმართულება მიიღო, ეს გამოწვეულია არსებული მდგომარეობით.

პროკურორი მაჭავარიანი: ტერიტორიის საკითხის შესახებ პოლიტიკურია თუ რელიგიური?

ამბროსი: პოლიტიკურიც და რელიგიურიც, რადგან ტერიტორიის დაკარგვა დაკარგვაა ეკლესიისათვის.

პარალელურად გაზეთებში თითქმის ყოველდღე შუქდება სასამართლო პროცესი სათაურით „კათალიკოს ამბროსის და მისი „ძმების“ (ბრჭყალებში) გასამართლება“. სადაც არაერთხელაა აღნიშნული: „ბრალდებულთა შემოყვანის დროს დარბაზში გაისმის ხმები: „ძირს ამბროსი“, „ძირს კონტრრევოლუცია“, „ზიზღი ამბროსის“.

სხდომები წყდება, რადგან მუშა-მოსამსახურეები იყრიან თავს გარეთ და გაიძახიან: მოგვეცით, ჩვენ გავასამართლებთ მუშათა კლასის მოღალატეებსო. იწერება კადნიერი ლექსები, სტატიები. მაგ. „ბრალდებულნი თავს დამნაშავედ არ სცაქცობას, ტყუილს, ინსინუაციებს, ისინი ხომ მოვაჭრენი არიან სიმართლით, და სინდისით“. როდესაც პატრიარქი ტოვებს სასამართლო შენობას, საგანგებოდ მოწვეული კომკავშირელები მას კვერცხებს ესვრიან.

და ყოველივე ამის შემდეგ კათალიკოსი ამბობს საბოლოო სიტყვას სასამართლოზე, სადაც ნიშანწყალიც არ ჩანს ნანახი უმადურობისა. პირიქით, ესაა სიტყვები ერის პატრიარქისა, რომელიც სიკვდილის საშიშროების წინაშეც იბრძვის, ზრუნავს და უყვარს:

„ნუთუ ჩემი გამოსვლის წინააღმდეგი იქნება ქართველი ერის მშრომელთა უმრავლესობა, რომლის ინტერესებისათვის მინდოდა შემეწირა ჩემი თავი და ჩემი პირადი ინტერესები და კიდევაც შევწირე. არა, არ დავიჯერებ...“ და კვლავ: „გლეხობა, რომლის წინაპრების სისხლით მორწყული და ძვლებით გაპოხიერებულია სამშობლოს ველ-მინდვრები, ეს გლეხობა, მწამს, მუდამ იქნება თავისი სამშობლოს მოსიყვარულე და მისი თავისუფლების იდეის დამცველს არასოდეს არ შეიძულებს და არც გადაეკიდება“.

აი, კიდევ რამდენიმე ამონარიდი მისი საბოლოო სიტყვიდან ძირითად ბრალდებებთან დაკავშირებით, რაც ეკლესიური აზროვნების ერთგვარ ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს: „ჩვენ, ღვთისმსახურნი, ქრისტიანულ სწავლა-მოძღვრების მიხედვით, ვალდებულნი ვართ, დავემორჩილოთ „ხელმწიფებასა მას უმთვრესსა“ (ლაპარაკია მთავრობაზე), რადგან ხელმწიფებასა შინა მყოფნი „მსახურნი ღმრთისანი არიან“, მათთვის უნდა ვილოცოთ და მათთვის არ ვსთქვათ ბოროტი, მაგრამ ბოროტისა არა თქმა იმას არ ნიშნავს, რომ მათ მოქმედებას კრიტიკის თვალით არ შევხედოთ, მათი შეცდომები არ აღვნიშნოთ... თუ ვხედავდი ეროვნული მოსპობის საშიშროებას, მოვალე ვიყავი ხმა ამომეღო“.

საეკლესიო განძის დამალვის ბრალდებაზე წერს: „მე ვმსახურებდი სოხუმში და ნივთების დამალვა მოხდა უჩემოდ... მაგრამ მართლაც რომ ვყოფილიყავი დამალვის მონაწილე, მაშინაც ვერ ჩავთვლიდი ჩემს თავს დამნაშავედ, ვინაიდან სამღვდელოება მოვალე იყო, ეზრუნა ეკლესიის ქონების დაცვისათვის და უხსოვარი დროიდან არეულობის და მტრების შემოსევის დროს მიმართავდნენ ამ საშუალებას“.

„თქვენი წინადადება (ლაპარაკია ეკლესიის კომკავშირისთვის გადაცემაზე) ჩვენთვის მიუღებელი იყო, ვინაითგან ამის მიღებით ჩვენ გავხდებოდით ღვთის დადგენილებისა და სარწმუნოების მოღალატენი. ეს არის და ეს“.

დაბოლოს: „როგორც ჩვენ წინაპრებს ტკბილად მიაჩნდათ სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის ტანჯვის მიღება, აგრეთვე ჩემთვისაც ტკბილი იქნება ის სასჯელი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სასამართლო მშობლიური ეკლესიის და ერის თავისუფლების დაცვის მიზნით ხმის ამოღებისათვის. ეს იქნება დაგვირგვინება იმ ჯვრისა, რომელიც ჩემგან ნატვირთია და ვატარებ ჩემი ცხოვრების თითქმის 37 წლის განმავლობაში.

ჩემგან ეროვნული ინტერესების დასაცავად ამაღლებული ხმა და მსჯავრი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სამსჯავრო, მონახავენ თავის ადგილს ყოველის ქართველის გულში, - იმ ქართველისა, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სარწმუნოება და სამშობლოს სიყვარული. ამითაც ბედნიერად ჩავთვლი ჩემს თავს. როგორც მორწმუნე ვიტყვი - იყოს ნება ღვთისა! - და მოგმართავთ ქრისტეს სიტყვებით: „ასულნო იერუსალიმისანო, ნუ სტირთ ჩემზედა, არამედ თავთა თქვენთა სტიროდეთ და შვილთა თქვენთა“ (ლუკ. 23, 28).

არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს. კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის განაჩენი ითვალიწინებს სიკვდილით დასჯას, მაგრამ მხცოვანი ასაკის გამო უსჯიან თავისუფლების აღკვეთას 8 წლამდე, სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების კონფისკაციით.

ციხეში ყოფნისას მის შვილებს რამდენჯერმე მიეცათ მამის მონახულების საშუალება. ისინი იგონებდნენ, რომ კათოლიკოსი ხვდებოდა მათ ყოველთვის მხნედ და მშვიდად, თითქოს არაფერი აწუხებდა. თუ რამდენად მძიმე იყო პატიმრობის პერიოდი, იქიდანაც ჩანს, რომ მას მოსთხოვეს, თავისი ნებით გადამდგარიყო პატრიარქობიდან, რაზედ უარი თქვა. ამის შემდეგ მის ფიზიკურ უძლურებაზე ლაპარაკი, ალბათ, არ ღირს.

1924 წლის ბოლოს გამოცემული ამინისტიით კათოლიკოსს სასჯელს უხსნიან.

როგორც მისი შვილიშვილი, ქალბატონი ანა კლდიაშვილი მოგვითხრობს, ერთ დღეს ბებიამისს (კათოლიკოს-პატრიარქის, ამბროსის ქალიშვილს) მეზობელმა ბიჭმა ამბავი მოუტანა, კათოლიკოსი მეტეხის ხიდზე გადმოდისო, ეს ამბავი ისე სწრაფად მოედო ქალაქს, რომ როცა კათოლიკოსი სიონში მივიდა, ტაძარი უკვე მრევლით სავსე დახვდა. შევიდა თუ არა სიონში, ხალხი მუხლებზე დაემხო. მაშინ აღმოხდა თურმე სიხარულით „როგორც ჩანს, ქრისტიანობას საქართველოში ვერა ძალა ვერ გაანადგურებს“.

შემორჩენილია ქადაგებები, რომლებიც მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ წარმოთქვა. თავის პირველ ქადაგებაში ორი წლის განშორების შემდეგ მან მადლობა გადაუხადა მრევლს იმ თანაგრძნობისათვის, რასაც გრძნობდა მათგან ამ მძიმე პერიოდში და თქვა: „ეს იყო შედეგი არა ჩემი ღირსებისა, არამედ იმისა, რომ თქვენ გიყვართ დედა ეკლესია და აფასებთ იმ ხარისხს, რომლის სატარებლად აირჩიეთ ჩემი უღირსება... რწმენის საქმეებში არ ემსგავსეთ ლერწამს, რომელიც მუდამ ქანაობს და გადაიხრება  იქითკენ, საითკენაც ქრის ქარი, არამედ ხართ მტკიცენი და ურყევნი. ეს არის ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო“. მისი მამობრივი ზრუნვა მრევლზე განსაკუთრებული ძალით ჩანს ამავე ქადაგებაში. ის ამბობს, რომ სანამ თავის მოვალეობას შეუდგება, სურს გაეცნოს, რა მდგომარეობაა ჩვენს ეკლესიაში. ალბათ გაგიკვირდებათ, ხომ ისედაც ცნობილია, რომ ეკლესია-მონასტრები დაქცეულია და გაპარტახებულიო. მაგრამ, ეკლესიაში გულისხმობდა თვითონ მათ და მათ გულებს. როგორც შემდეგ ამბობს, ეს ეკლესია მას ახლა უფრო მშვენიერი ეჩვენა, ვიდრე მანამდე.

კათოლიკოსი ამბროსი გარდაიცვალა 1927 წლის 29 მარტს.

1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა წმიდა მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით.

სულ რამდენიმე ნივთი გადარჩა წმიდა პატრიარქის ცხოვრებიდან (მისი სოხუმის სახლი ამ რამდენიმე წლის წინ დაიბომბა და დაინგრა); ესენია: ჭიქები, ციხეში ნაჩუქარი წიგნის საჭრელი დანა, რამდენიმე ფოტოსურათი.

არის კიდევ სასამართლოზე წაკითხული საბოლოო სიტყვის ხელნაწერი, არაჩვეულებრივი ქადაგებები და ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნაშრომები, რომელთა დიდი ნაწილი გამოუქვეყნებელია.

მაგრამ არსებობს ყოველივე ამაზე ბევრად უფრო ძვირფასი. ეს არის სული ადამიანისა, რომელმაც დაიმკვიდრა ადგილი მასთან, ვისთანაც იყო ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც. ერთხელ უთქვამს: „მორწმუნე გული ყოლველთვის გრძნობს ქრისტეს სიახლოვეს და მას ატარებს თავის არსებაში“. ერთი სიტყვით, არსებობს სული ღვთისმოყვარე პატრიარქისა - ახალი წმიდანისა წმიდანთა დასში.

ღირსი პიმენ სალოსი და ანტონი მესხი (XIII)

16 (29) მარტი

წმიდა პიმენ სალოსი დაიბადა XIII სს. 60-იან წლებში. წმიდანი წარმოშობით კახეთის თავადთა გვარიდან იყო - „კეთილშობილთაგანი“. წმიდა პიმენი ბავშვობიდანვე ღვთისმოშიშებით აღიზარდა. სასულირო და საერო მეცნიერების „ხედვითი და ღვთისმეტყველებითი სიბრძნის“ უბადლო მცოდნე პიმენი დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა ღვთისსათნო ცხოვრებით.

წმიდა პიმენი მის „ხედვით და ღვთისმეტყველებით სიბრძნეს“ მოგონილი სისულელით მალავდა „და იქმნა იგი ქრისტესათვის სალოს“. წმიდანი უშიშრად ამხელდა ძლიერთა ამა სოფლისა, მეფეთა და მთავართა უსამართლოებასა და უწესოებას. ღრმად განათლებული წმიდა მამა იყო „მამხილებელ უსამართლოებასა და უწესოებასა ზედა მეფეთა და მთავართა არა თუ სიტყვით, არამედ წერილებითაცა“.

წმიდა ანტონი მესხი, ღრმად განათლებული „მოღვაწე და მმართველობითა სრული“ წმიდა მამა დავით გარეჯის ლავრაში მოღვაწეობდა, ბიოგრაფიული ცნობები წმიდა ანტონის შესახებ არ შემონახულა, მაგრამ მხოლოდ ის ფაქტი, რომ „მას „სახელ-სდვეს ქართველთა მზედ“ ბევრ რამეზე მეტყველებს.

წმიდა მამები ერთად მოღვაწეობდნენ ღვთის სადიდებლად და ქვეყნის სასარგებლოდ, ქვეყანა კი ამ დროს საოცრად დაცემული და განადგურებული იყო: მონღოლთა შემოსევებით გამწარებულ მოსახლეობაში იმძლავრა ურწმუნოებამ, თვით წმიდა მეფე დემეტრე თავდადებულიც (ხს. 12 მარტს) აღერია უწესობაში, მაგრამ იყვნენ ღვთისა და ერის წინაშე თავდადებულნი, რომლებიც ყოველნაირად ცდილობდნენ ხალხის ქრისტესკენ მობრუნებას. კათოლიკოსმა ნიკოლოზმა მეფე დემეტრე ამხილა უსჯულოებაში. მეფის ურჩობამ კათოლიკოსი აიძულა, თავისი ნებით დაეთმო საპატრიარქო ტახტი და უბრალო განდეგილი ბერის ცხოვრებით ეცხოვრა. წმიდა ათონის მთიდან ჩამოვიდა მონაზონი ბასილი (ხს. 18 აპრილს), მანაც უშიშრად ამხილა მეფე.

საღვთო მადლით გაბრწყინებულმა მამებმა პიმენმა და ანტონმა კარგად იცოდნენ, თუ მეფე და მთავრები შეინანებდნენ, შეინანებდა ხალხიც, და ამიტომ მათ ერზე ზრუნვა მეფის დამოძღვრითა და მხილებით დაიწყეს. „ქართლის ცხოვრებაში“ წერია, რომ წმიდა ბერები ამხელდნენ „მეფესა და ყოველსა ერსა, გარნა არარაჲ ისმინეს“.

 

ბერებმა სალოსობის, მეფისა და ერის მხილების საოცრად დიდ და გაბედულ ღვაწლს წარმართებს შორის ქადაგებაც დაუმატეს. ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს, რომ წმიდა პიმენმა „ნათესავი ლეკთა წარმართობისაგან მოაქცია, რომელნი ჰგიან სარწმუნოებასა ქრისტესა“.

ღვთის ნებითა და წმიდანთა ლოცვით აღსრულდა წმიდა პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის დიდი სურვილი - მეფე დემეტრემ არა მარტო თავისი უსჯულოება შეინანა, არამედ მოწამოებრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხე. ერი ფეხზე წამოდგა, მისთვის თავდადებული ბერები წმიდათა დასში შერაცხა და მათი ხსენება ერთად დააწესა.

წმიდა მოციქული არისტობულე (I)

16 (29) მარტი

წმიდა მოციქული არისტობულე (I), ბრიტანეთის ეპისკოპოსი, სამოცდაათთაგანი იყო. იგი თავის ძმასთან, წმიდა მოციქულ ბარნაბასთან ერთად წმიდა პავლე მოციქულს მოხსენიებული ჰყავს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ. 16,10). მოციქულმა პავლემ არისტობულეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და ბრიტანეთში გაგზავნა, სადაც მან ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე და უფლისთვის სათნო ღვაწლში მშვიდობით მიიცვალა.

წმიდა მოწამე საბიანე (+287)

16 (29) მარტი

წმიდა მოწამე საბიანე (+287) ეგვიპტის ქალაქ ჰერმოპოლისის მმართველი იყო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას საბიანე, თანამოსაგრეებთან ერთად, მივარდნილ სოფელში დაიმალა. მისი ადგილსამყოფელი ორი ოქროს მონეტის ფასად გასცა ერთმა უმადურმა ღატაკმა, რომელსაც წმიდანი ყოველთვის ეხმარებოდა. სხვა ექვს ქრისტიანთან ერთად საბიანე შეიპყრეს და წამების შემდეგ ნილოსში დაახრჩვეს.

წმიდა მოწამე პაპი (+305-311)

16 (29) მარტი

წმიდა მოწამე პაპი (+305-311) ქალაქ ლარანდაში (მცირე აზია) ცხოვრობდა იმპერატორ მაქსიმიანეს (305- 311) დროს. ქრისტეს აღიარებისათვის სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ლურსმნებგაჩრილი ჩექმებით წაიყვანეს ჯერ ნეოკესარიაში, შემდეგ კი- ისავრის სელევკიაში. წმიდა პაპი უნაყოფო ხეზე მიაბეს, ხემ ნაყოფი გამოიღო.

მღვდელმოწამე ალექსანდრე - რომის პაპი (+119)

16 (29) მარტი

მღვდელმოწამე ალექსანდრე - რომის პაპი ათი წელი განაგებდა, რომის ეკლესიას. იმპერატორ ადრიანეს ბრძანებით, ცოცხლად დაწვეს 119 წლის 3 მაისს.

მღვდელმოწამე იულიანე ანაზავრელი (+305-311)

16 (29) მარტი

მღვდელმოწამე იულიანე ანაზავრელი (+305-311) სირიის ანტიოქიაში ეწამა იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305- 311) ზეობისას. წმიდა იოანე ოქროპირის დროს იულიანეს ნაწილები ავადმყოფებს კურნავდა. წმიდა მღვდელმთავარი მასზე ლაპარაკობს 47-საუბარში.

წმიდა მოწამენი ტროფიმე და თალია (+300)

16 (29) მარტი

წმიდა მოწამენი ტროფიმე და თალია (+300) პრესვიტერები, ძმები იყვნენ. ისინი ლაოდიკიაში მსახურობდნენ. დიოკლეტიანეს (284-305) და მაქსიმიანეს (283-305) დროს, ქრისტიანთა დევნისას, ძმები შეიპყრეს და მიჰგვარეს გამგებელ ასკლიპიოდოტს. მან წმიდანთა ქვებით ჩაქოლვა ბრძანა, მაგრამ ნასროლი ქვები მსროლელებს უბრუნდებოდა. განმეორებითი დაკითხვის შემდეგ, ძმებს ჯვარცმა მიუსაჯეს. სასიკვდილოდ მიმავალნი უფალს განადიდებდნენ და მადლობდნენ, რამეთუ სათნო იჩინა და წმიდანებს ჯვარზე გაკრულნიც ქადაგებდნენ. დედა ამხნევებდა ჯვარცმულებს. ერთმა იუდეველმა ქალმა თაყვანი სცა წმიდანებს და წამოიძახა: „ნეტარ არიან დედანი, მშობელნი ამგვარი შვილებისა“. წმიდანთა გარდაცვალების შემდეგ საპყრობილის დარაჯმა იხილა სამი ანგელოზის თანხლებით ზეცას აღმავალი ძმების სულები. ხალხი მთელი ღამე არ მოშორებია წმიდა მოწამეთა გვამებს. დილით სასჯელის ადგილზე მივიდა ასკილიპიოდოტის ცოლი ნელსაცხებლებით და ძვირფასი სახვევებით. მან ხალხს მოუთხრო, თუ როგორ იხილა ძილში წმიდანები და ასკლიპიოდოტის დასასჯელად გამოგზავნილი ანგელოზები.

მოწამეთა დედამ და ორმა ქრისტიანმა - ზოსიმემ და არტემმა, წმიდა ძმები დაასაფლავეს მათ მშობლიურ ქალაქ სტრატონიკეში. ასკლიპიოდოტი მალე დაავადმყოფდა და საშინელი ტკივილებით გარდაიცვალა.

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის