USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 29 იანვარს?!
თარიღი:  649

29 იანვარს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლად ქებულისა პეტრესი

16 (29) იანვარი

თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლად ქებულისა პეტრესი. დაახლოებით 42 წელს, ჰეროდე აგრიპას ბრძანებით, პეტრე მოციქული მაცხოვრის სიტყვის ქადაგებისთვის შეიპყრეს და ჯაჭვით შეკრული საკანში გამოკეტეს. „ლოცვაჲ გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს”. და აი, მოხდა სასწაული: „ანგელოზი უფლისაჲ ზედა მოადგა და ნათელი გამობრწყინდა სახლსა მას შინა, და სცა გუერდსა პეტრჱსსა, და განაღჳძა იგი და ჰრქუა მას: „აღდეგ ადრე და დასცუეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა”. ანგელოზმა დახშულ კარებში გაატარა და სამშვიდობოს გამოიყვანა მოციქული (საქმე, 12,11-11). ქრისტიანებმა შეძლეს მოეპოვებინათ ეს ჯაჭვები და შეინახეს, როგორც სიწმიდე. მათთან რწმენით მიახლოებული სნეულები იკურნებოდნენ სხვადასხვა სალმობათაგან. ჯაჭვები იერუსალიმის ტაძარში ინახებოდა პატრიარქ იუბენალის დრომდე. ამ უკანასკნელმა კი იგი თეოდოსი უმცროსის მეუღლეს, ევდოკიას აჩუქა. ევდოკიამ სიწმინდე კონსტანტინეპოლში ჩაიტანა, შემდეგ კი ერთი ჯაჭვი თავის ასულს, ევდუქსიას გაუგზავნა. ევდუქსიამ რომში ტაძარი ააგო პეტრე მოციქულის სახელზე და სიწმიდე იქ დაასვენა. რომში ინახებოდა სხვა ჯაჭვებიც, რომლითაც თავი მოციქული თავისი ნეტარი აღსასრულის წინ იყო შეკრული. ყოველი წლის 16 იანვარს ამ სიწმინდეებს გამოაბრძანებდნენ ხოლმე თაყვანსაცემად.

წმიდა მოწამენი სპევსიპი, ელევსიპი, მელევსიპი,
ლეონილა, ნეონი, ტურვონი და იოვილი (+161-180)

16 (29) იანვარი

წმიდა მოწამენი სპევსიპი, ელევსიპი, მელევსიპი, ლეონილა და მათთან ერთად ნეონი, ტურვონი და იოვილა II საუკუნეში, მარკუს ავრელიუსის (161-180) დროინდელ დევნულობისას ეწამნენ გალიაში (სხვა გადმოცემით კაბადოკიაში). ლეონილა უკვე ხანშიშესული იყო, როცა მოინათლა პოლიკარპე სმირელის ერთი მოწაფის ხელით. შემდეგ მან თავისი შვილიშვილებიც მოაქცია ქრისტიანობაზე. საღვთო შურით აღძრულმა ძმებმა დაამსხვრიეს კერპები და აყვედრეს წარმართებს თავიანთი უგნურება. მტარვალებმა საჯალათო კუნძთან მიიყვანეს ლეონილა და უბრძანეს, შვილიშვილები ქრისტეს უარყოფაზე დაეყოლიებინა, მან კი შეაქო ჭაბუკები გაბედულებისა და სარწმუნოების მხნე აღსარებისთვის. მაშინ წმიდანები საშინლად აწამეს: ჯერ ხეზე დაჰკიდეს ხელებით და ისე ექაჩებოდნენ ძირს, რომ ძვლები სახსრებიდან უვარდებოდათ, შემდეგ კი კოცონში ჩაყარეს. ღვთაებრივი მადლით დაცული სპევსიპი, ელევსიპი და მელევსიპი თავისუფლად დადიოდნენ ცეცხლში, თან ნიშნისმოგებით მიმართავდნენ ჯალათებს: „ჩვენ მონიჭებული გვაქვს ხელმწიფება, მაშინ მივეახლოთ უფალს, როცა მოვისურვებთ, მაგრამ გადავწყვიტეთ, ჯერ თქვენი სიგიჟის დაცინვით გული ვიჯეროთ”. ამ დროს ანგელოზთა გუნდი მიეახლა მარტვილებს. მათ მუხლი მოიყარეს, ილოცეს და სული უფალს შეავედრეს. შვილიშვილების სიკვდილის შემდეგ, ლეონილასაც თავი მოჰკვეთეს. მათთან ერთად ეწამა კეთილმსახური იოვილა, რომელმაც მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟი დატოვა და აშკარად აღიარა ქრისტე. მტარვალებმა თმებით ჩამოკიდეს წმიდანი, შემდეგ კი ქედზე მახვილის დაკვრით მოუსწრაფეს სიცოცხლე. წმიდა ნეონმა აღწერა მარტვილთა ნეტარი აღსასრული, ხელნაწერი ტურვონს გადასცა, თვითონ კი გააცხადა თავისი ქრისტიანობა, რისთვისაც გვემით მოკლეს. ტურვონმაც მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე. ამ წმიდანებს განსაკუთრებით პატივს სცემენ ესპანეთში, სადაც მათი სახელობის მრავალი ტაძარია აგებული.

წმიდა მოწამე დანაქტი მკითხველი (II)

16 (29) იანვარი

წმიდა მოწამე დანაქტი II საუკუნეში ცხოვრობდა და მკითხველად მსახურობდა მაკედონიაში. უსჯულოთა თავდასხმის დროს მან საეკლესიო ჭურჭლეულობა აიღო და მტერთაგან განრიდებას აპირებდა, მაგრამ ვერ მოასწრო: მეომრებმა შეიპყრეს და კერპის თაყვანისცემა მოსთხოვეს; როცა პასუხად უარი მიიღეს, ქრისტეს მხნე აღმსარებელს უღმრთოებმა თავი მოჰკვეთეს.

მღდელმოწამე დამასკინ ახალი (+1771)

16 (29) იანვარი

მღვდელმოწამე დამასკინ ახალი ტირნოვის ეპარქიის სოფელ გაბროვოში დაიბადა. როცა მოწიფულობის ასაკს მიაღწია, მან დატოვა სამშობლო, ათონის მთას მიაშურა და ხილენდარის მონასტერში ბერად აღიკვეცა. შემდგომ წმიდანი ამ სავანის იღუმენი გახდა. ერთხელ ნეტარი მამა მონასტრის საქმეებზე ჩავიდა ბულგარეთში, სოფელ სისტოვში. ურჯულოებმა ქალის მოტაცებაში დასდეს ბრალი და მიუხედავად სოფლის მმართველის გამოსარჩლებისა, მოკვლა გადაწყვიტეს. სახრჩობელასთან მიყვანილ წმიდანს უღმრთოებმა მაჰმადის სჯულის მიღება შესთავაზეს, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა და მოწამის გვირგვინიც მიიღო. ეს მოხდა 1771 წლის 6 იანვარს. მტარვალებს მალე ეწიათ უფლის სასჯელი: დუნაის გადალახვის დროს ყველანი მდინარეში ჩაიხრჩვნენ.

ღირსი მაქსიმე, ტოტმელი ხუცესი (+1650)

16 (29) იანვარი

მართალი მაქსიმე, ტოტმელი ხუცესი კარგა ხანი ვოლოგდის ეპარქიის ქალაქ ტოტმაში მსახურობდა მოძღვრად, შემდეგ კი ლოცვითა და მარხვით განმტკიცებულმა, ქრისტეს სალოსობის მძიმე ღვაწლი იტვირთა. ნეტარი მაქსიმე ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა 1650 წლის 16 იანვარს და აღდგომის ტაძარში დაკრძალეს. მის საფლავზე სასწაული აღესრულა.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის