USD 2.7456
EUR 3.1012
RUB 3.3356
თბილისი
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 28 აპრილს?
თარიღი:  152

28 აპრილს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა მოწამე სუქია და მისთანა 16 ქართველი:
ანდრია, ანასტასი, თალალე, თეოდორიტე, ივქირიონი, იორდანე, კონდრატე, ლუკიანე, მიმნანოსი,
ნერანგიოსი, პოლიევქტოსი, იაკობი, ფოკა, დომენტიანე, ბიქტორი და ზოსიმე (II)

15 (28) აპრილი

წმიდა მოწამენი - სუქია, ანდრია, ანასტასი, თალალე, თეოდორიტე, ივქირიონი, იორდანე, კონდრატე, ლუკიანე, მიმნანოსი, ნერანგიოსი, პოლიევქტოსი, იაკობი, ფოკა, დომენტიანე, ბიქტორი და ზოსიმე - ქართველი დიდებულები იყვნენ. ისინი ალბანეთის მთავრის კარზე მსახურობდნენ და შესაბამისი პატივიც ჰქონდათ მთავრისაგან.

სომეხთა მეფის, არტაქსარის მეფობის დროს (88-123 წწ) წმიდანები არტაშტში, სომხეთის მაშინდელ დედაქალაქში მოხვდნენ. ისინი ახლდნენ ალბანეთის მთავრის ასულ სათენეკს, რომელიც სომეხთა მეფეს გაჰყვა ცოლად. აქ ქადაგებდა წმიდა თადეოზ მოციქულის მოწაფე და ხელდასხმული ხუცესი ხრისოსი. ქართველი დიდებულები დაემოწაფნენ მას და გადაწყვიტეს უფლის სამსახურისთვის გადაედოთ თავი. ხრისოსმა ახალმოქცეულები მესოპოტამიაში წაიყვანა და ევფრატის წყალში მონათლა. ნათლისღებისას მათ იხილეს ბორცვზე მდგარი ქრისტე. ახალნათელღებული ქრისტიანები აღარ განეშორებოდნენ ადგილს, სადაც ნათელიღეს, მაცხოვრის გამოცხადების ადგილას ჯვარი აღმართეს და მას ჯვარი ხარებისა უწოდეს.

ამის შემდეგ ხრისოსთან არტაქსარ მეფის გამოგზავნილი კაცები მივიდნენ და სთხოვეს, თავისი მოწაფეებისთვის ებრძანებინა სომხეთში დაბრუნება. ხრისოსმა უპასუხა: „ნებისაებრ თვისისა აღირჩიონ მათ სარგებელი თვისი“. მოძღვრის სიმტკიცით განრისხებულმა ბარბაროსებმა ხრისოსი და ოთხი მოწაფე მახვილით მოსწყვიდეს, სუქიასთვის კი ხელი არ უხლიათ, რადგან ეშინოდათ დედოფლისა, რომელსაც წმიდანი ნათესავად ეკუთვნოდა.

სუქიამ და მისმა თანამოძმეებმა დაფლეს სიმართლისათვის ვნებულნი, თვითონ კი „დაადგრეს სამხოლოსა მათსა ანგელოსებრივითა ცხოვრებითა“.

ხრისოსის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ საძმოს სულიერი მოძღვარი წმიდა სუქია გახდა. მალე ისინი გადავიდნენ სუკაკეთის მთაზე, რომელიც სოფელ ბაგდევანდის ახლოს მდებარეობდა. ყოფილი დიდებულები მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდნენ. მათი საჭმელი იყო მთის ბალახი, სასმელი კი - ცივი წყაროს წყალი. გამუდმებით ღია ცის ქვეშ ცხოვრებამ მოღვაწეთა კანი გამომწვარ თიხას დაამსგავსა, სხეულს კი თმა მოედო, რომელიც მათ ყოველგვარ სნეულებისაგან იცავდა.

წარმართული ალბანეთის ახალმა მთავარმა დატიანოსმა შეიტყო, რომ მისმა ქვეშევრდომმა დიდებულებმა ნათელიღეს და განმარტოებით ცხოვრობდნენ. მან თავის კარისკაც ბარლაპას უბრძანა, სპითურთ წასულიყო სუკაკეთს და პატივით მოეყვანა სუქია და მისი თანმხლებნი, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი მახვილით მოეწყვიტა ბერები.

ბარლაპამ სუკაკეთის ტყეში მოიძია მამაკაცები, რომლებიც უტყვ ველურებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე დიდებულებს. მან მეფის ბრძანება გადასცა სუქიას, პასუხად კი წმიდანმა მიუგო: „ჩვენ სახელისათვის უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესისა, რომელ არს შემოქმედი და უფალი ყოველთა მყოფთა, ნებსით მკუდარ ვიქმნენით და დავიწყებულ ხორციელად და რად სადამე სახმარ მკვდართა პატივი მთავრობითი, რომელნიცა ქრისტეს ჩვენისაგან მისთანა უკვდავსა და უბერებელსა, წარუდგინებელსა და სამარადისოსა მოველით დიდებასა ანგელოსთან თანა წმიდათა“.

წმიდანთა სიმტკიცით განრისხებულმა ბარლაპამ ბრძანა, შეეკრათ ძმები და ცეცხლი შემოენთოთ. წმიდანები 21-ე ფსალმუნს გალობდნენ: „შენ, უფალო, ნუ განმაშორებ შეწევნასა შენსა ჩემგან და ხელის აღპყრობად ჩემდა მომხედენ. იხსენ მახვილისაგან სული ჩემი და ხელთაგან ძაღლთაისა მხოლოდშობილება ჩემი, უთხრა სახელი შენი ძმათა და შორის ეკლესიისა გიგალობდე შენ“.

ცეცხლმოკიდებული წმიდა მოწამენი ბარლაპას ბრძანებით მახვილით აკუწეს, მათი დანახშირებული ნაწილები კი მიმოაბნიეს.

ეს მოხდა 123 წელს (სხვა გადმოცემით - 130 წელს, ათონის ივერთა მონასტრის XI ს-ის პერგამენტის მიხედვით - 100 წელს). უღმრთო მთავარმა წმიდანთა ნაწილების დაფლვა აკრძალა. ღვთის განგებულებამ 230 წლის განმავლობაში დაუმარხავი წმიდა ნაწილები უხრწნელად დაიცვა. IV საუკუნეში ქრისტიანებმა შეაგროვეს ისინი, ლუსკუმაში ჩაასვენეს და დაფლეს (წმიდანთა სახელები კლდეზე აღმოჩნდა ამოკაწრული).

წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლმა, სომეხთა განმანათლებელმა (+335; ხს. 30 სექტემბერს), წმიდა სუქიასა და მისი ძმების წამების ადგილზე ააგო ეკლესია და დააარსა მონასტერი. შემდგომ ამ ადგილას მაკურნებელმა წყალმა ამოხეთქა.

მოციქულნი: არისტარქოს, პუდი და ტროფიმე (+დაახლ. 67)

15 (28) აპრილი

წმიდა მოციქულები არისტარქოს, პუდი და ტროფიმე (I) - იყვნენ სამოცდაათ მოციქულთაგანნი, რომელნიც თვით მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ წარგზავნა საქადაგებლად (ლკ. 10,24).

წმიდა მოციქული არისტარქოსი წმიდა პავლე მოციქულის თანამოღვაწე იყო. შემდგომ ის გახდა სირიის ქალაქ აპამეის ეპისკოპოსი. მისი სახელი ხშირად იხსენიება მოციქულთა საქმეებში (19, 29, 20, 4, 27, 2) და წმიდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში (კოლ. 4,10 ფილ. 1,24).

წმიდა მოციქული პუდი მოხსენიებულია წმიდა პავლე მოციქულის მე-2 ეპისტოლეში ტიმოთეს მიმართ (2, 21). მას რომის სენატში მაღალი თანამდებობა ეჭირა. წმიდა პუდის სახლში თავს იყრიდნენ მოციქულები, შემდგომ ეს სახლი გადაკეთდა ეკლესიად, სადაც, გადმოცემით, თვით წმიდა მოციქული მღვდელმსახურებდა.

წმიდა ტროფიმე მოციქული წარმოშობით ედესელი იყო. იგი მოხსენიებულია საქმე მოციქულთაში (20,4) და ტიმოთეს მიმართ მე-2 ეპისტოლეში (4,20). ის იყო წმიდა პავლე მოციქულის მოწაფე და თანამგზავრი, იზიარებდა მის გასაჭირს და დევნულებას.

სამივე მოციქული მოწამეობრივად აღესრულა რომში იმპერატორ ნერონის დროს.

მოწამენი: ვასილისა და ანასტასია (I)

15 (28) აპრილი

წმიდა ვასილისა და ანასტასია (I) რომში ცხოვრობდნენ. ისინი ქრისტიანული რწმენის ნათელს წმიდა პეტრე და პავლე მოციქულებისგან ეზიარნენ. მათ ღვთის მსახურებისთვის გადადეს თავი. როდესაც ნერონის (54-68) ბრძანებით დაიწყეს ქრისტიანთა დევნა და ტანჯვა-წამება, წმიდა ვასილისა და ანასტასია უშიშრად პატრონობდნენ წამებულთა გვამებს. როცა ამის შესახებ ნერონმა გაიგო, წმიდა ვასილისა და ანასტასია შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. წმიდანები უშიშრად აღიარებდნენ მაცხოვრის სარწმუნოებას. ნერონის ბრძანებით მათ თავი მოჰკვეთეს (+დაახლ. 68).

მოწამე საბა (+372)

15 (28) აპრილი

წმიდა მოწამე საბა (+372) წარმოშობით გუთი იყო. იგი ქრისტიანობაზე მოაქცია ეპისკოპოსმა ვულფილმა, რომელიც IV საუკუნეში ქადაგებდა გუთთა შორის.

ნათელღების შემდეგ წმიდა საბა თამამად ქადაგებდა ქრისტიანობას.

გუთმა მთავრებმა და მსაჯულებმა წარმართი ქურუმების გავლენით ქრისტიანთა დევნა დაიწყეს და აიძულებდნენ მათ, ნაკერპავი ეჭამათ. ბევრი წარმართი თანაუგრძნობდა ქრისტიან ნათესავებსა და ახლობლებს და ნაკერპავის ნაცვლად ჩვეულებრივ ხორცს აძლევდა. წმიდა საბამ არ ისურვა სიცოცხლის შესანარჩუნებლად ამგვარ ტყუილთან შეგუება და განაცხადა, რომ ქრისტიანმა თავისი სარწმუნოება აშკარად უნდა აღიაროს. წმიდანის სიმტკიცით გაბრაზებულმა თანასოფლელებმა სოფლიდან გააძევეს იგი, მაგრამ შემდეგ შეინანეს და დაბრუნება სთხოვეს. როცა ქრისტიანთა დევნა გაძლიერდა, საბას თანასოფლელებმა გადაწყვიტეს, სამსჯავროზე წასულიყვნენ და ფიცის ქვეშ განეცხადებინათ, რომ მათ შორის არ იყო არც ერთი ქრისტიანი. წმიდა საბამ ხმამაღლა წარმოთქვა: „ჩემს მაგივრად ფიცს ნუ დადებთ, რადგან მე ქრისტიანი ვარ“. სოფლელები წავიდნენ და განაცხადეს, რომ მათ შორის მხოლოდ ერთი ქრისტიანი იყო. მსაჯულმა მოითხოვა, მასთან მოეყვანათ წმიდანი, მაგრამ როცა მისი სიგლახაკე იხილა, საშიშ მტრად ვერ მიიჩნია იგი და გაუშვა.

დევნა გრძელდებოდა. წმიდა აღდგომის დღესასწაულზე საბას სოფელს ერთ-ერთი გუთი მხედართმთავარი - ათარიდი დაესხა თავს. წმიდა საბა ეპისკოპოს გუთიკთან უნდა შეხვედროდა დღესასწაულს, მაგრამ უფლის ანგელოზმა გზიდან მოაბრუნა და სოფელში დარჩენა უბრძანა. ამ დროს საბერძნეთიდან დაბრუნდა პრესვიტერი სპასალიც. მეომრებმა სპასალი და საბა შეიპყრეს, პრესვიტერი ურემზე შესვეს, წმიდა საბას კი ჯოხის ცემით მიერეკებოდნენ და ეკალ-ბარდებში ათრევდნენ. უფალმა დაიცვა წმიდანი: დილით, როცა ქალაქამდე მიაღწიეს, მან მეომრებს უთხრა: „შეხედეთ ჩემს სხეულს, ხედავთ მასზე ეკლებისა და ჯოხის კვალს?“ დარაჯები გაოგნებულნი შესცქეროდნენ უვნებელ მოწამეს. ამ სასწაულით გაბოროტებულებმა წმიდა საბა ურემზე მიაბეს და დაუნდობლად ცემეს. მეორე დღეს საბას და სპასალარს ათარიდის ბრძანებით ნაკერპავის ჭამა უბრძანეს. სპასალმა უპასუხა: „უმალ ჯვარცმას დავთანხმდებით, ვიდრე ეშმაკებისგან შერყვნილი ხორცის ჭამას“. წმიდა საბამ იკითხა: „ვინ გამოგზავნა ხორცი?“ - „მეუფე ათარიდმა“, - უპასუხა მსახურმა, „არა არს მეუფე თვინიერ ღვთისა, მამის ზეცათასა“, - წარმოთქვა მოწამემ. ერთმა განრისხებულმა მსახურმა წმიდანს შუბი ჩასცა მკერდში. ყველას ეგონა, რომ წმიდა საბა მოკვდა, მაგრამ მას ტკივილიც არ უგრძვნია.

ათარიდმა ბრძანა, წმიდა საბა სიკვდილით დაესაჯათ. იგი მდინარისკენ წაიყვანეს. სასიკვდილოდ გამზადებული წმიდანი გზაში ხმამაღლა მადლობდა უფალს, რამეთუ მან სათნოიჩინა მოწამეობრივი გვირგვინი მიემადლებინა მისთვის.

მსახურებმა საბას განთავისუფლება შესთავაზეს, მაგრამ მოწამემ იუარა: „ქმენით ნაბრძანები. მე ვხედავ ანგელოზებს, რომლებმაც უნდა შეივედრონ ჩემი სული“. წმიდანი მდინარეში დაახრჩვეს.

წმიდა საბა აღესრულა 372 წლის 12 აპრილს, 38 წლისა. ჯალათებმა მისი გვამი წყლიდან ამოიღეს და ნაპირზე დააგდეს. ქრისტიანებმა პატივით დამარხეს წმიდა ნეშტი. მოგვიანებით გუთმა მთავარმა იური სარანმა წმიდა საბას ნაწილები კაბადოკიაში გადაასვენა.

გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.