USD 2.7226
EUR 3.1909
RUB 3.4120
Tbilisi
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 22 ნოემბერს?
Date:  833

22 ნოემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა მოწამენი: ონისიფორე და პორფირე (+284-305)

9 (22) ნოემბერი

წმიდა მოწამენი: ონისიფორე და პორფირე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის ჟამს ეწამნენ. ჯალათებმა ისინი დაუნდობლად გვემეს, შემდეგ კი გაუხედნავ ცხენებზე გამოაბეს. მორწმუნეებმა უფლის რჩეულთა დაფლეთილი სხეულის ნაწილები შეკრიბეს და პატივით დაკრძალეს.

ღირსი მატრონა (+დაახლ. 492)

9 (22) ნოემბერი

ღირსი მატრონა პამფილიის პერგეში (მცირე აზია) დაიბადა V საუკუნეში. იგი მდიდარ დომენტიანეს მიათხოვეს. როცა ასული - თეოდოტია შეეძინათ, მეუღლეები კონსტანტინოპოლში გადასახლდნენ. ოცდახუთი წლის მატრონას ძალიან უყვარდა ტაძარში სიარული, სადაც ხშირად მთელ დღეებს ატარებდა.

 ტაძარში გაეცნო წმიდანი ორ კეთილმსახურ მონაზონს - ევგენიას და სოსანას. ღირსმა მატრონამ მათი მიბაძვით ასკეტური ცხოვრება დაიწყო, რისთვისაც ხშირად უხდებოდა მეუღლის გამოხდომების დათმენა. წმიდანის სული ამსოფლიდან განდგომას ელტვოდა. ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ მან ოჯახის დატოვება გადაწყვიტა და მხურვალედ შეჰვედრა უფალს, გაეცხადებინა, სათნოეყოფოდა თუ არა მისი განზრახვა. ერთხელ მატრონამ ჩვენებით იხილა, რომ იგი გაურბოდა მეუღლეს, ბერების ჯგუფს შეერია და ქმრისგან შეუმჩნეველი დარჩა. ეს ჩვენება ღირსმა მატრონამ ზეციურ კურთხევად მიიღო. თავისი ასული დედა სოსანას ჩააბარა აღსაზრდელად, თავად კი თმები მოიკვეცა, მამაკაცის სამოსელი შეიმოსა და ღირსი ბასიანეს (ხს. 10 ოქტომბერს) მონასტერს მიაშურა იმ იმედით, რომ მეუღლე მის იქ ყოფნას ვერ გაიგებდა. წმიდანი, რომელიც დამხვდურებს საჭურის ბაბილად წარუდგა, ძმობაში მიიღეს.

 რამდენიმე ხნის შემდეგ მონასტრის იღუმენს, ღირს ბასიანეს ჩვენებით განეცხადა, რომ საჭურისი ბაბილა ქალი იყო. ასეთივე გამოცხადება ჰქონდა მეზობლად მდებარე წმიდა აბრაამის მონასტრის იღუმენს - ნეტარ აკაკისაც. ღირსმა ბასიანემ წმიდა მატრონას მკაცრად მოსთხოვა, ეპასუხა, რა მიზნით მივიდა მონასტერში - ბერების ცთუნება და მონასტრის შერცხვენა ხომ არ ედო გულში. წმიდანმა ცრემლებით მოუთხრო იღუმენს მთელი თავისი წარსული ცხოვრების შესახებ. როცა იღუმენი დარწმუნდა, რომ ნეტარი დედის ზრახვები წმიდა და უბიწო იყო, აკურთხა იგი და ქალაქ ემესის დედათა მონასტერში გაგზავნა. ამ სავანეში წმიდანმა მრავალი წელი დაჰყო მკაცრი და დაუცხრომელი ღვაწლით, რითაც დების დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. როცა იღუმენია გარდაიცვალა, მონაზვნებმა ერთხმად ისურვეს, რომ მის ნაცვლად ღირსი მატრონა დაედგინათ.

 ხმა უფლის რჩეული მოსაგრის სათნოებებისა და ზეგარდამო მიმადლებული სასწაულებრივი კურნების ნიჭის შესახებ შორს გავარდა. დომენტიანემაც შეიტყო მეუღლის ადგილსამყოფელი და მონასტერს მიაშურა. ეს რომ გაიგო, მატრონამ ფარულად დატოვა სავანე და იერუსალიმში წავიდა, აქედან სინას მთაზე გადაინაცვლა, შემდეგ კი ბირითში, ერთ მიტოვებულ წარმართულ ტაძარში დასახლდა. როცა ადგილობრივ მცხოვრებლებს დაყუდებული დედის შესახებ ესმათ, მასთან სიარული დაიწყეს. ნეტარმა მრავალი უსჯულო იხსნა უღმერთობის წყვდიადისაგან და ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია. წმიდანის სამკვიდრებლის მახლობლად მალე ახალი მონასტერი დაარსდა. ბოლოს, ღვთის მინიშნებით, მატრონამ დატოვა ბირითი და კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, სადაც შეიტყო, რომ მისი ქმარი გარდაცვლილიყო. სულიერი მამის, ღირსი ბასიანეს კურთხევით მოსაგრემ კონსტანტინოპოლში დააარსა დედათა სავანე. აქ გადავიდნენ მატრონას მიერ დაფუძნებული ბირითის მონასტრის დედებიც. ღირსი მატრონას კონსტანტინოპოლის სავანე ცნობილი იყო მკაცრი წეს-განგებითა და დების კეთილმსახური ცხოვრებით.

ას წელს მიღწეულმა ნეტარმა დედამ დაახლოებით 492 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

 ღირსი თეოქტისტა (+881)

9 (22) ნოემბერი

ღირსი თეოქტისტა დაიბადა კუნძულ ლესბოსზე მდებარე ქალაქ მითიმნაში (მცირე აზია). მას მშობლები ადრეულ სიყმაწვილეში გარდაეცვალა და ნათესავებმა მონასტერში მიაბარეს აღსაზრდელად. გოგონას სული შეეთვისა ცხოვრების ორომტრიალს განრიდებულ მონაზვნურ ყოფას, ხანგრძლივ საეკლესიო მსახურებას, სამონასტრო მორჩილებებს, მკაცრ მარხვასა და დაუდუმებელ ლოცვას. მან ზეპირად შეისწავლა მრავალი საგალობელი, ლოცვა და ფსალმუნი. 846 წელს წმიდანი,რომელიც უკვე თვრამეტი წლისა იყო, იღუმენიას კურთხევით, სააღდგომოდ მეზობელ სოფელში გაემგზავრა ღვიძლი დის მოსანახულებლად და ღამის გასათევად იქვე დარჩა. ამ დროს სოფელს არაბები დაესხნენ თავს, მისი მცხოვრებლები დაატყვევეს, ხომალდზე დასხეს და დილით ზღვაში გავიდნენ.

 ავაზაკებმა გემი გაუდაბურებულ კუნძულ ფაროსთან შეაჩერეს, რომ აქ ტყვეები დაეხარისხებინათ და შეეფასებინათ ბაზარზე გასაყიდად. უფლის შეწევნით თეოქტისტამ მოახერხა, უსჯულოებს გაქცეოდა. ამ დროიდან მოყოლებული ნეტარმა ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრა ფაროსზე. იგი მიტოვებულ, ჩამონგრეულ ტაძარს აფარებდა თავს, მზესუმზირის მარცვლებით იკვებებოდა და მთელ დროს ლოცვაში ატარებდა.

 ერთხელ კუნძულზე მონადირეთა ჯგუფი გადავიდა. ერთმა მათგანმა გაქცეულ ნადირს გასდია, ღრმად შეიჭრა ტყეში და უეცრად ტაძარს გადააწყდა. მონადირე შევიდა შიგ და ილოცა. ლოცვის შემდეგ საყდრის ნახევრად ჩაბნელებულ კუთხეში მან რაღაც ადამიანის ფიგურის მსგავსი შენიშნა, გაემართა კიდეც მისკენ, მაგრამ უეცრად შემოესმა: „შეჩერდი, ნუ მიახლოვდები, მრცხვენია, რადგან შიშველი ქალი ვარ“. მონადირემ მას ზედა სამოსელი გადაუგდო, რის შემდეგაც დედაკაცი საფარიდან გამოვიდა. ეს იყო გაჭაღარავებული, გამხდარი და ღონემიხდილი ქალი, რომელიც მოსულს თეოქტისტას სახელით წარუდგა და სუსტი ხმით მთელი თავისი ცხოვრება უამბო.

 როცა თხრობა დაასრულა, წმიდანმა მონადირეს სთხოვა, რომ თუ ოდესმე კვლავ მოუწევდა ამ კუნძულზე ჩამოსვლა, ზიარების წმიდა ნაწილი წამოეღო მისთვის. ერთი წლის შემდეგ მონადირე ისევ წავიდა ფაროსზე და თან მცირე ჭურჭელი ჩაიტანა წმიდა ძღვნის ნაწილით. თეოქტისტა სიწმიდეს ტაძარში შეეგება, მიწაზე დაემხო და დიდხანს ტირილით ლოცულობდა, შემდეგ კი წამოდგა, კრძალვითა და ღვთის შიშით მიიღო ჭურჭელი და ქრისტეს ხორცსა და სისხლს ეზიარა. მეორე დღეს მონადირემ ტაძრის შუაგულში ღირსი თეოქტისტას უსულო სხეული იხილა.

წმიდა მოწამე ალექსანდრე თესალონიკელი (+305-311)

9 (22) ნოემბერი

წმიდა მოწამე ალექსანდრე თესალონიკელი მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ზეობისას შეიპყრეს ქრისტეს აღსარებისთვის და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანმა იმპერატორის წინაშე ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და გადააყირავა კერპებისათვის გამზადებული სამსხვერპლო. მაშინ უღმერთო ხელისუფალმა მოწამისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. როცა სასჯელი აღასრულეს, იმპერატორმა და ჯალათმა ცხადად იხილეს, თუ როგორ წარუძღვა ანგელოზი ნეტარი ალექსანდრეს ცაში აღმავალ სულს. იმპერატორმა მაქსიმიანემ ნება დართო, წმიდა მოწამის ცხედარი პატივით დაეკრძალათ ქალაქ თესალონიკში.

წმიდა მოწამე ანტონი (V)

9 (22) ნოემბერი

წმიდა მოწამე ანტონი სირიაში ცხოვრობდა V საუკუნეში. იგი ქვის მთლელი იყო. საღვთო შურით აღძრულმა წმიდანმა წარმართულ საკერპოში ცრუღვთაებათა ქანდაკები შემუსრა და სირიის აპამეის ეპისკოპოსის კურთხევით ქალაქის მახლობლად წმიდა სამების სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყო. ეს რომ აპამეაში მოსახლე წარმართებმა შეიტყვეს, ნეტარ ანტონის ღამით შეეჭრნენ სახლში და მახვილებით აჩეხეს.

ღირსი იოანე კოლოვი (V)

9 (22) ნოემბერი

ღირსი იოანე კოლოვი (ბერძნულად - ტანმორჩილი) ეგვიპტეში, სკიტის უდაბნოში მდებარე ღირსი პიმენ დიდის (ხს. 27 აგვისტოს) მონასტერში მოღვაწეობდა V საუკუნეში (შემდგომში სწორედ ამ უდაბნოს სახელწოდებიდან დაერქვა „სკიტები“ მონასტრისაგან მოშორებულ სავანეებს, სადაც ბერები განმარტოებით მოსაგრეობენ). მონასტერში იგი ძმასთან - დანიელთან ერთად მივიდა. ერთხელ ღირსმა იოანემ, თითქოსდა ანგელოზებრივი ცხოვრების მიბაძვით, გადაწყვიტა, სამოსელზე და საზრდელზე აღარ ეზრუნა, ტანსაცმელი განიძარცვა და სენაკიდან გავიდა. ღამით, როცა ძალიან აცივდა, მან სუსხს ვეღარ გაუძლო, დაბრუნდა და დანიელს კარებზე მიუკაკუნა. ძმა რამდენიმე ხანს კარებს არ უღებდა ნეტარს. უთხრა, ანგელოზები სხეულზე არ ზრუნავენო. წმიდანი მიხვდა, რომ საკუთარ თავს ზედმეტად მიენდო. ამ შეგონების შემდეგ იოანემ მტკიცე და ურყევი ნების მქონე მოძღვარს - ღირს პიმენს მიაშურა, სულიერი ხელმძღვანელობა სთხოვა და აღუთქვა, რომ ყველაფერში დაემორჩილებოდა.

ახალგაზრდა ბერის მოთმინება რომ გამოეწრთო, წმიდა პიმენმა მას უცნაური მორჩილება დაუწესა: ნეტარი იოანე სამი წელი ეზიდებოდა წყალს გამხმარი ხის მოსარწყავად, რომელიც ბოლოს მწვანე ფოთლებით შეიმოსა და ნაყოფებით დაიხუნძლა. სასწაულებრივად განედლებულ ამ ხეს „მორჩილების ხე“ უწოდეს. შემდგომში უფლის რჩეული თავად წინამძღვრობდა ცხონების გულწრფელად მაძიებელ მოღვაწეებს. მისი სულიერი შვილები იყვნენ: ღირსი არსენი დიდი (ხს. 8 მაისს), ნეტარი ტაისია (ხს. 10 მაისს) და ბევრი სხვა ცნობილი მოღვაწე.

 წმიდა მამა საოცარი კაცთმოყვარეობითა და გულისხმიერებით გამოირჩეოდა. ერთხელ იგი რამდენიმე ძმასთან ერთად სკიტიდან გავიდა. გზად შემოაღამდათ. სიბნელეში გამყოლს გზა დაებნა. „მამაო, როგორ მოვიქცეთ? ამგვარმა ხეტიალმა, შესაძლოა, დაგვღუპოს კიდეც“, - შესჩივლეს ბერებმა ღირს იოანეს. წმიდანმა მიუგო: „გამყოლს ნურაფერს ეტყვით: საბრალოს შერცხვება, დამწუხრდება, განაწყენდება და, იქნებ, დრტვინვაც დაიწყოს. უმჯობესია, ასე მოვიქცეთ: მე თავს ისე მოვიჩვენებ, თითქოს ავად ვარ, ვიტყვი, რომ გზის გაგრძელება არ შემიძლია და გათენებამდე აქ დავრჩეთ“. იოანე ასეც მოიქცა, სხვებმა კი განაცხადეს, ჩვენც მასთან დავრჩებითო: ყველანი შეჩერდნენ, იმ ადგილას გაათიეს ღამე და მოყვასს გული არ ატკინეს.

 ჩვენამდე ღირსი იოანეს მრავალმა ბრძნულმა გამონათქვამმა, იგავმა და შეგონებამ მოაღწია. ერთ-ერთ იგავში წმიდანი ამბობს: ერთ ქალაქში ცხოვრობდა მომხიბლავი, მაგრამ გარყვნილი ქალი. ქალაქის თავს უყვარდა იგი, სურდა, გაებედნიერებინა და ხელი სთხოვა იმ პირობით, რომ ამიერიდან წმიდად და უბიწოდ იცხოვრებდა. ქალმა აღთქმა დადო და ქალაქის თავი დაქორწინდა მასზე. ეს რომ ქალის ძველმა საყვარლებმა შეიტყვეს, ერთმანეთს უთხრეს: „ოლქის მმართველმა სატრფო მოგვტაცა, როგორ გამოვიტყუოთ იგი? სახლში რომ მივადგეთ, მმართველი გვიცნობს და სასტიკად დაგვსჯის. უმჯობესია, ჩვენი მეგობრის სახლის ახლოს ჩავიაროთ, სტვენით ნიშანი მივცეთ და გამოვიხმოთ. ისიც ხმაზე გვიცნობს და თვითონ გამოვა ჩვენთან“. ასეც მოიქცნენ. მაგრამ მოლოდინი გაუცრუვდათ: როცა ქალს სტვენა შემოესმა, ყურები დაიცო, თავისი ქმრის საიდუმლო ოთახში გაიქცა და შიგ ჩაიკეტა.

 ამ იგავის განმარტება ასეთია: გარყვნილი ქალი - სულია, მისი საყვარლები - ვნებები, ქალაქის მფლობელი - ქრისტე; ცოლ-ქმრობა - სინანული; სტვენა - ამსოფლიური საცთურნი; შიდა ოთახი კი - უფლის მცნებებით ცხოვრება.

 წმიდა იოანეს ეკუთვნის ღირსი პაისი დიდის (ხს. 9 ივნისს) ცხოვრებაც.

 უფლის რჩეული მამა V საუკუნის I ნახევარში 422, ან, 430 წელს გარდაიცვალა.

 ღირსი ევსტოლია (+610) და სოსიპატრა (+625)

9 (22) ნოემბერი

ღირსი ევსტოლია ქალაქ რომში დაიბადა. მან უფლის მსახურებისთვის გადადო თავი, კონსტანტინოპოლში ჩავიდა და დედათა ერთ-ერთ სავანეში დამკვიდრდა. კეთილმსახური და მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ნეტარმა დების სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მასთან არა მარტო მოწესეები, არამედ ერისკაცებიც მრავლად მოდიოდნენ სულიერი რჩევა-დარიგებისა და ნუგეშის მისაღებად.

 წმიდა სოსიპატრა იმპერატორ მავრიკიუსის (582-602) ასული იყო. მას წრფელი გულით უყვარდა ქრისტე და მონაზვნურ ცხოვრებას ესწრაფოდა. ერთხელ ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში ნეტარი ღირს ევსტოლიას შეხვდა და ესაუბრა, რის შემდეგაც საბოლოოდ გადაწყვიტა, დაეტოვებინა ეს სოფელი და წინამძღვრის - ევსტოლიას ხელმძღვანელობით შესდგომოდა სულიერ ღვაწლს. სასახლეში, რომელიც კეთილმსახურმა იმპერატორმა უძღვნა თავის ასულს, თანდათან შეიქმნა მონასტერი, რომელიც მკაცრი წეს-განგებით იყო ცნობილი.

 წმიდა ევსტოლია 610 წელს გარდაიცვალა, სოსიპატრა კი - 625 წელს.

ღირსნი ექვთიმე და ნეოფიტე დოხიარელები (X)

9 (22) ნოემბერი

ღირსი ექვთიმე და ნეოფიტე დოხიარელები, ბიძა-ძმისწული, ბიზანტიის უმაღლეს არისტოკრატიას ეკუთვნოდნენ. ექვთიმე ჯერ კიდევ ერისკაცობაში მეგობრობდა წმიდა ათანასე ათონელთან (ხს. 5 ივლისს), შემდეგ კი მისივე ხელით აღიკვეცა ბერად და დიდი მოსაგრის მოწაფე გახდა. გულწრფელი ძმათმოყვარებისთვის, სიმდაბლისა და საოცრად გულმოდგინე მოღვაწეობისთვის ნეტარმა ათანასემ წმიდანს დოხიარობა (იკონომოსობა) მიანდო. ამ მოვალეობას ექვთიმე ისე აღასრულებდა, როგორც თავად უფლისგან დაკისრებულს.

 ღირსი მამა რამდენიმე ბერთან ერთად დაფნედ წოდებულ ადგილას დამკვიდრდა და აქ დააარსა წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის მონასტერი, რომელსაც თავისი მორჩილების საქმის მოსაგონებლად დოხიარი დაარქვა. ექვთიმე სიყვარულით მოძღვრავდა თავის მცირე სამწყსოს, ასწავლიდა საკუთარი თავისადმი, სულის ყოველი მოძრაობისადმი განსაკუთრებული ყურადღების აუცილებლობას, მოაგონებდა მათ პავლე მოციქულის სიტყვებს, რომ ქრისტიანთა ბრძოლა „არა არს სისხლთა მიმართ და ჴორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა“ (ეფ. 6, 12).

 ბერების მშვიდი მოსაგრე ცხოვრების რიტმი სარკინოზებმა დაარღვიეს. ღირსმა ექვთიმემ საძმო ტყეში გახიზნა. როცა დაბრუნდნენ, მათ მონასტერი საძირკვლამდე დანგრეული დაუხვდათ. წმიდა მამა სულით არ დაცემულა და სავანეც ააღორძინეს.

 ღირსი ნეოფიტე ერისკაცობაში იმპერატორ ნიკიფორე ფოკას (963-969) დაახლოებული პირი იყო. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მან ათონს მიაშურა და თავისი ბიძის, ღირსი ექვთიმეს მონასტერში ბერად აღიკვეცა. აღსასრულის წინ ექვთიმემ სავანის წინამძღვრობა თავის ძმისწულს გადააბარა. ღირსი ნეოფიტეს იღუმენობის დროს მცირე მონასტერი ლავრად გარდაიქმნა. წმიდანმა იმპერატორ ნიკიფორეს შესთავაზა, მონასტრის ქტიტორი გამხდარიყო. მისი შემოწირულობებით დოხიარი გააფართოვა და დღევანდელი სახე მისცა. ნეტარი ნეოფიტე პროტად (პროტატის - წმიდა მთის ბერთა საბჭოს წინამძღვრად) დადგენის ღირსი შეიქნა და დიდხანს იღვწოდა ამ ხარისხში: როცა წმიდანი მხცოვანების გამო პროტატიდან გაათავისუფლეს, იგი დოხიარის მონასტერს დაუბრუნდა და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს (X).

 

 

analytics
13.08.2025 - საბრძოლო მოქმედებების მიმოხილვა დონეცკის ოლქში - გიორგი კობერიძე
ალასკის კონფერენციამდე რუსები დიდი მსხვერპლისა და ტექნიკის განადგურების ხარჯზე დაწოლას ახორციელებენ უკრაინული პოზიციების წინააღმდეგ და მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის დაკავებას ცდილობენ. კრემლი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებისას რაც უფრო უკეთესი პოზიცია გაქვს სამხედრო თვალსაზრისით, მით უფრო ადვილად შეგიძლია მოითხოვო პოლიტიკური თვალსაზრისით.
 
ფრონტის ხაზი დონეცკის ოლქში პირველი მსოფლიო ომის ვითარებას მოგვაგონებს. სანგრები, სპეციალური ფორტიფიკაციები და საარტილერიო ჭურვების დაცემისაგან გაკეთებული კრატერები გვხვდება განსაკუთრებით პოკროვსკისა და დობროპოლიას მონაკვეთზე.
- რუსებმა წარმატებული გარღვევა განახორციელეს პოკროვსკის ჩრდილოეთით, დობროპილიას სიახლოვეს. ამ ყველაფერს ჯერ მასირებული საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა უძღოდა წინ, შემდეგ გვერდი აუარეს რამდენიმე უკრიანულ საყრდენ პუნქტს და ბოლო ერთ კვირაში დაახლოებით 10 კილომეტრი წაიწიეს წინ, რაც საკმაოდ დიდი წინსვლაა ომის მოცემული დინამიკიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს დივერსანტებისა და მცირე ჯგუფების შეტევას ჰგავდა, როგორც ჩანს რუსებმა საკმაოდ დიდი ძალები ჩართეს ამ გარღვევის განსახორციელებლად.
 
- ამის საპირისპიროდ და რუსული გარღვევის შესაკავებლად გუშინ უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა, რამაც დღეს ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. კონტრშეტევაში ჩაბმულია აზოვის ბრიგადაც. რუსები საკმაოდ დიდ ფსონს დებენ ამ გარღვევაზე და ცოცხალი ძალის შტურმითა და საარტილერიო დარტყმებით ცდილობენ უკრაინული კონტრშეტევის ჩაშლას, თუმცა მათი მხრიდან გარღვევის ვიწრო ყელი 5 კილომეტრია, რაც უკრაინელთა მხრიდან გადაჭრისა და მათი დატყვევების საშუალებას ქმნის.
 
დეტალები რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი (თუმცა გარკვეული პოზიტიური სიგნალები და რუსი ტყვეების შესახებ ინფორმაცია არის, მაგრამ სრულ სურათში როგორია ვითარება ნაადრევია თქმა). თუკი რუსული შეტევა ჩავარდება, ეს მათთვის მნიშვნელოვანი დემორალიზების წყარო გახდება. შესაძლოა ვიხილოთ ტყვეებიც. წარმატების შემთხვევაში კი მათი მხრიდან დობროპილიასათვის საფრთხის შექმნა ან ფორტიფიცირებულ უკრაინულ ქალაქ დრუჟკივკასაკენ გადახვევა გამორიცხული არ იქნება, ისევე როგორც კრამატორსკი-დობროპილიას გზის გადაჭრის საშუალებაც.
 
- უფრო სამხრეთით, რუსები ცდილობენ დობროპილია-პოკროვსკის მომარაგების ხაზი გადაჭრან. პოკროვსკი-მირნოჰრადის აგლომერაციისაკენ მაგისტრალური ორი მთავარი გზა მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ რუსები მათ აქტიურად ბომბავენ, უკრაინელები მაინც ახერხებენ ორივე მათგანის შენარჩუნებას და ტვირთების გატარებასაც. რუსული მომარაგება ძირითადად რკინიგზით ხდება, ხოლო შეტევისას ისინი სამანქანო გზებსა და მათ მომიჯნავე ტერიტორიებს მიუყვებიან. საბრძოლო წარმატება მომარაგებაზეცაა დამოკიდებული. უკრაინული დრონები განსაკუთრებით აქტიურობენ ამ სექტორში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს რუსების შეტევის სისწრაფესა და მათი ლოჯისტიკისათვის საფრთხის შექმნას. იმავეს ცდილობენ რუსებიც.
 
- დონეცკის ოლქში, პოკროვსკისა და დობროპილიას გარდა, უკრაინას ოთხი მთავარი ქალაქი აქვს ფორტიფიცირებული: კოსტიანტინივკა, დრუჟკივკა, კრამატორსკი და სლოვიანსკი. ამ ქალაქების აქტიური ფორტიფიცირება 2022 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა შეტაკებები ჯერ კიდევ 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც რუსი ბანდფორმირებები აღნიშნული დასახლებებიდან ბრძოლით გაყარეს და შემდეგ უკრაინული თავდაცვის ზღუდეები შეიქმნა აქ. სანამ ეს ქალაქები დგას, მანამდე დონეცკის ოლქის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უკრაინელთა ხელში რჩება. ამ ქალაქების დაცემის შემთხვევაში არამხოლოდ დონეცკის ოლქს იგდებენ რუსები ხელში, არამედ დანარჩენ აღმოსავლეთ უკრაინასაც დაემუქრება საფრთხე.
 
სწორედ ამ ქალაქების დათმობას სთხოვს რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების წინაპირობად. ანუ ჯერ დათმე ეს ქალაქები და მერე შევძლებთ მოლაპარაკებებსო. და თან ეს ყველაფერი ზაპორიჟიას, ხერსონისა და ლუგანსკის ოლქების დათმობასთან ერთად. თავი რომ დავანებოთ დანარჩენ რეგიონებს, ამ ოთხი ფორტიფიცირებული ქალაქის დაკარგვა, უკრაინის უსაფრთხოებისათვის ძალიან სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა. დნიპროპეტროვსკის ოლქში, პავლოგრადამდე დიდი დასახლება აღარცაა. შესაბამისად, ის, რასაც რუსები ითხოვენ, უკრაინული უსაფრთხოების სისტემისათვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.
 
- შედარებით უკეთესი სიტუაციაა სლოვიანსკის აღმოსავლეთით, ლიმანის მიმართულებაზე, ლუგანსკის ოლქის მომიჯნავედ, სადაც უკრაინელებმა რუსეთის მხრიდან წარმოებული რამდენიმე მასირებული შეტევის მოგერიების შემდეგ თავად დაიწყეს ჯერჯერობით ლოკალური კონტრშეტევა. გამოითქვა მოსაზრება, რომ თუკი წელს კონტრშეტევა იქნება, უკრაინელებმა სწორედ ლუგანსკის მიმართულებაზე უნდა გააკეთონ აქცენტი კვლავ. ეს პოლიტიკურადაც გამართლებული იქნება და სამხედრო თვალსაზრისითაც. პოლიტიკურად იმიტომ, რომ იმ რეგიონში დაბრუნდება საბრძოლო მოქმედებები, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ სრულად აკონტროლებს (თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს), ხოლო სამხრედრო თვალსაზრისით იმიტომ, რომ ამ რეგიონს ახლა რუსული საუკეთესო ნაწილები არ იცავენ, თუმცა მომარაგების ხაზების ნაწილი სწორედ მასზე გადის, ისევე როგორც სამეთაურო პუნქტები (კრემინასა და ლისიჩანსკში). შეტევის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი ხარკივის ოლქში, ქალაქ კუპიანსკისაც მოეხსნება საფრთხე. თუმცა 2022 წლის ბოლოდან ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილი საკმაოდ ფორტიფიცირებულია რუსეთის მიერ.
 
- რაც შეეხება მოლაპარაკებებს. ტრამპის რიტორიკა ტერიტორების დათმობა-გაცვლასთან დაკავშირებით რას გულისხმობს არაა ნათელი, მაგრამ უკრაინა და ევროპა მას ვერ დასთანხმდება. ტერიტორიების გადაცემა რუსეთისათვის არამხოლოდ პოლიტიკურად იქნება ძალიან მძიმე დარტყმა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის, არამედ შეაჩერებს თუ არა ომს ესეც საკითხავია, რადგან რუსეთი უბრალოდ არ აღიარებს უკრაინის უფლებას იყოს სუვერენული სახელმწიფო. ამასთან ცნობილია რომ 2003 წელს უკრაინა-რუსეთს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება დაიდო, რომელზეც რუსეთის მრიდან პუტინმა მოაწერა ხელი, მაგრამ რატიფიცირებიდან 10 წელიწადში თავადვე დაარღვია ის - რუსული სტილია ის, რომ ის ომს იწყებს და არღვევს შეთანხმებებს მაშინვე, როდესაც ის თავს ძლიერად იგრძნობს. დღეს კი უფრო სწრაფად ვითარდება მოვლენები. შესაბამისად, დაპყრობითი ომის წარმატება მიეცეს რუსეთს და უკრაინამ სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტია თუ ვერ მიიღო, ეს უკრაინასთან ერთად ევროპის (და ჩვენი) უსაფრთხოების სისტემის ჩამოშლაც იქნება.
 
ევროპელები და უკრაინელები მოლაპარკებების წინაპირობად უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ასახელებენ, რომლის უარყოფის შემთხვევაშიც რუსეთს ტოტალური სანქციები უნდა დაედოს.
 
2018 წელს როდესაც პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა შედგა ჰელსინკიში ისე ჩანდა თითქოს პუტინი უფრო მძლავრად გამოიყურებიდა, ტრამპი კი დაბნეული იყო, მაგრამ მალევე შეიცვალა ვითარება და რუსეთმა ამ შეხვედრიდან ბევრი ვერაფერი მიიღო გარდა პოლიტიკური კაპიტალისა. შესაძლოა ახლაც იგივე სურათი ვიხილოთ.
 
თუმცა აშშ-ს ძალიან გამოცდილი დიპლომატი და ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი აღნიშნავს, რომ ტრამპი ახლა უფრო სერიოზულად ემზადება შეხვედრისათვის, ვიდრე ეს 7 წლის წინ იყოო. მან იცის, რომ ამ შეხვედრამ შეიძლება მისი პრეზიდენტობის საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობაც კი განსაზღვროსო, თუმცა ძალიან სერიოზული პრობელმაა ის, რომ ტრამპს ახლა შეთანხმება უფრო უნდა ვიდრე მაგიდაზე ხელის დაკვრაო. მიუხედავად ამისა, შეიძლება ტრამპს არ მოუნდეს სუსტ და დამთმობ ლიდერაც წარმოჩენა. მისი გუნდიც კარგად ემზადება შეხვედრისათვის. თუმცა ომის დანაშაულებისათვის ძებნილ პუტინთან შეხვედრა უკვე გარკვეული დათმობაა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way