USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 22 იანვარს
дата:  285

22 იანვარს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა მოწამე პოლიევქტო მხედარი (+259)

9 (22) იანვარი

წმიდა პოლიევქტო იმპერატორ დეკიუსის (249-251) ლაშქარში მსახურობდა, ქრისტესთვის კი ვალერიანს (253-259) ზეობისას ივნო. წმიდანი მტკიცე ქრისტიან, მხედარ ნეარქთან მეგობრობდა, ღვთისმოშიშებითაც გამოირჩეოდა, მაგრამ მაინც წარმართად რჩებოდა. როცა ქრისტიანების დევნა დაიწყო, ნეარქმა პოლიევქტოს უთხრა: „ძმაო, ჩვენ მალე გავიყრებით: მე ქრისტესთვის საწამებლად წამიყვანენ, შენ კი, გთხოვ, უარი თქვა ჩემს მოყვრობაზე.” წმიდანმა პასუხად მიუგო, რომ ძილში იხილა ქრისტე, რომელმაც ახალი, ბრწყინვალე სამოსით შემოსა იგი. „ამ წუთიდან, - თქვა მან, - მე მზად ვარ ქრისტეს სამსახურისათვის.”

სულით ანთებული პოლიევქტო ქალაქის მოედანზე გავიდა, ჩამოგლიჯა და დახია მეფის ბრძანება, რომელიც ავალდებულებდა კერპების თაყვანისცემას, შემდეგ კი ქურუმებს ხელიდან გააგდებინა და დაუმსხვრია წარმართული კერპები.

პოლიევქტოს სიმამრს, მმართველ ფელოქსს, რომელსაც ევალებოდა მეფის ბრძანების შესრულება, თავზარი დასცა სიძის საქციელმა. „ახლა შენ უნდა მოკვდე! – თქვა მან, - წადი, გამოემშვიდობე ცოლ-შვილს.” ცოლი ტირილით ევედრებოდა წმიდანს უარეყო ქრისტე, ფელოქსსაც ცრემლები წასკდა, მაგრამ პოლიევქტოს ვერაფერმა შეაცვლევინა განზრახვა, - მან სიხარულით მოუდრიკა თავი მახვილს და საკუთარი სისხლით მოინათლა (+259). მალე, როცა მოციქულთასწორ კონსტანტინეს დროს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა მთელს იმპერიაში, ქალაქ მელიტინში წმიდა მოწამე პოლიევქტოს სახელობის ტაძარი აღმართეს. ამ ტაძარში მრავალი სასწაული აღესრულებოდა. უშვილობით გატანჯული ექვთიმე დიდის (ხს. 20 იანვარს) მშობლებიც აქ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას და წმიდანის მეოხებით შეუსრულდათ კიდეც სათხოვარი. წმიდანის ხსოვნის ღრმა თაყვანისმცემელი იყო მღვდელმთავარი აკაკი მელიტინელიც – III მსოფლიო კრების მონაწილე და მართლმადიდებლობის დიდი მოღვაწე. წმიდა პოლიევქტო ითვლება დადებული აღთქმებისა და ხელშეკრულებების მფარველად.

წმიდა ფილიპე – მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, სასწაულმოქმედი (+1569)

9 (22) იანვარი

მღვდელმთავარი ფილიპე მოსკოველი (ერობაში თევდორე) 1507 წელს დაიბადა. იგი ერთგული სამსახურის გამო მოსკოველ მთავართა კარზე მეტად დაწინაურებულ კოლიჩევების გვარის ჩამომავალი იყო. წმიდანის მამა _ ბოიარი სტეფანე ივანეს ძე, განათლებული და მხედრული სულისკვეთებით აღსავსე კაცი, გულმოდგინედ ამზადებდა შვილს სახელმწიფო სამსახურისთვის. დედა კი – კეთილმსახური ბარბარე, გულწრფელი სარწმუნოებისა და ღვთისმოშიშების მარცვლებს თესდა მის სულში (ბარბარე შემდგომ მონაზვნად აღიკვეცა ბარსანოფიას სახელით). ყმაწვილი საოცარ გულმოდგინებას იჩენდა საღვთო წერილისა და წმიდა მამათა ნაშრომების შესწავლაში. მოსკოვის დიდმა მთავარმა ვასილი III ივანეს ძემ, ივანე მრისხანეს მამამ, სამეფო კარზე მიიწვია ახალგაზრდა თევდორე. მომავალ წმიდანს არ იზიდავდა სასახლის კარის ამაოებით აღსავსე და ცოდვებით დამძიმებული ცხოვრება. ის კიდევ უფრო მეტად ჩაუღრმავდა სასულიერო ლიტერატურას, უმატა ტაძრებში სიარულს. მოსკოვის სულისშემხუთველი ატმოსფერო თრგუნავდა წმიდანს, მისი სული მონაზვნური ღვაწლისა და ლოცვითი განმარტოებისკენ მიისწრაფოდა. წმიდანმა ფარულად დატოვა მოსკოვი. კარგა ხანი ონეგის ტბის სანაპიროზე, სოფელ ხიჟში ცხოვრობდა და თავს მწყემსობით ირჩენდა, შემდეგ კი სულიერი მოღვაწეობის სურვილმა თეთრ ზღვაზე მდებარე სოლოვკების მონასტერში მიიყვანა. აქ წმიდანი ყველაზე მძიმე მორჩილების საქმეებს ასრულებდა: შეშას ჭრიდა, მიწას ამუშავებდა, წისქვილში მუშაობდა. წელიწადნახევრის შემდეგ თევდორე კოლიჩევი, მისივე სურვილით, ბერად აღკვეცა იღუმენმა ალექსიმ და მას ფილიპე უწოდა.

1546 წელს მთავარეპისკოპოსმა თეოდოსმა ფილიპე სოლოვკების სავანის იღუმენად აკურთხა. ახალმა წინამძღვარმა ბევრი იღვაწა მონასტრისათვის: შეადგინა ახალი წესდება, ააგო ორი დიდებული ტაძარი ღვთისმშობლის მიძინებისა და უფლის ფერისცვალების სახელზე. თვითონაც რიგითი მუშაკივით მუშაობდა მშენებლებს შორის. ფერისცვალების ტაძრის ჩრდილოეთ კარიბჭესთან მან საკუთარი ხელით გაითხარა სამარე თავისი მოძღვრის იონას საფლავის გვერდით. მონასტერში სულიერი ცხოვრება ყვაოდა.

18 წელი წინამძღვრობდა სოლოვკების სავანეს წმიდა მამა და იმდენი იღვაწა ამ ხარისხში, რომ სოლოვკელ საკვირველთმოქმედებთან, ზოსიმესა და საბასთან ერთად, მასაც სამართლიანად თვლიან ამ სავანის დამაარსებლად. შემდეგ უფალმა ფილიპეს სხვა სამსახურისკენ მოუწოდა: სოლოვკელი განდეგილი ივანე მრისხანეს მოაგონდა და გადაწყვიტა, იგი რუსეთის ეკლესიის მესაჭედ დაედგინა. მეფე იმედოვნებდა, რომ მღვდელმთავარი ფილიპე შეიქნებოდა მისი ერთგული თანამოსაგრე, მოძღვარი და მრჩეველი, რომელსაც არაფერი ექნებოდა საერთო ურჩ და მოჯანყე ბოიარებთან.

ფილიპე დიდხანს უარობდა: იოანესთან იგი სულიერ სიახლოვეს ვერ გრძნობდა. ის სთხოვდა მეფეს, გაენადგურებინა ოპრიჩნინა – სამეფო ძალაუფლების განსამტკიცებლად შექმნილი ძალა, რომელიც სასტიკად უსწორდებოდა ბოიარებს, მსხვილ მიწათმფლობელებს და, საერთოდ, ყველას, ვინც კი ეჭვმიტანილი იქნებოდა მეფისადმი არაკეთილგანწყობაში და ამ საბაბით ბევრ უსამართლობასაც სჩადიოდა, იოანე კი ირწმუნებოდა, სახელმწიფოსათვის აუცილებელია მისი არსებობაო. ბოლოს მრისხანე მეფემ და წმიდა მიტროპოლიტმა გადაწყვიტეს: ფილიპე არ ჩარეულიყო ოპრიჩნინისა და სახელმწიფო საქმეებში, არ დაეტოვებინა მიტროპოლია და მეფის მრჩეველი და დასაყრდენი ყოფილიყო მისი წინამორბედი მიტროპოლიტების მსგავსად. 1566 წლის 15 ივნისს ფილიპე მოსკოველი მღვდელმთავარი გახდა.

ივანე მრისხანე, რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე წინააღმდეგობრივი ისტორიული მოღვაწე, დაძაბული ცხოვრებით ცხოვრობდა: ის იყო ნიჭიერი მწერალი და ბიბლიოგრაფი, თავად ღებულობდა მონაწილეობას მატიანეების შედგენაში და თავადვე მოულოდნელად გაწყვიტა მოსკოვის ჟამთაღმწერლობის ჯაჭვი, კარგად ერკვეოდა სამონასტრო წესდებაში, არაერთხელ უფიქრია ტახტიდან გადადგომასა და ბერად აღკვეცაზე. ივანე მრისხანე თავისი მოღვაწეობის ყოველ ნაბიჯს, სასტიკ ზომებს, რომლითაც ცდილობდა რუსული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ძირეულ გარდაქმნას, ისტორიაში ღვთის Nნების გამოვლინებად თვლიდა. მისი საყვარელი წმიდანები იყვნენ მიხეილ ჩერნიგოველი (ხს. 20 სექტემბერი) და წმიდა თევდორე შავი (ხს. 19 სექტემბერს ) – მოღვაწეები, რომელთაც რთული, წინააღმდეგობრივი ცხოვრება ჰქონდათ, მაგრამ გაბედულად ძლევდნენ სიძნელეებს სამშობლოსა და ეკლესიის მსახურების გზაზე და მტკიცედ მიიწევდნენ სანუკვარი მიზნისაკენ. რაც უფრო მეტად მჭიდროვდებოდა შავი ჯანღი ივანეს ირგვლივ, მით უფრო ითხოვდა მისი სული სინანულით განწმედას. ერთხელ, წმიდა კირილეს სახელობის მონასტერში ღვთისმსახურებაზე ჩასულმა მეფემ იღუმენისა და ძმათა კრებულის წინაშე ბერად აღკვეცის სურვილი გამოთქვა და ფერხთით ჩაუვარდა წინამძღვარს, მანაც მონაზვნობის კურთხევა მისცა მონანულ თვითმპყრობელს. ამ დღიდან მოყოლებული მთელი ცხოვრების მანძილზე „მელანდება მე დაწყევლილს, რომ ნახევრად უკვე შაოსანი ვარ”, - წერდა ივანე მრისხანე. თვით ოპრიჩნინაც მას მონაზონთა სახით ჰქონდა ჩაფიქრებული: მას შემდეგ, რაც იარაღითა და საბრძოლო ღვაწლით სამსახურს აღასრულებდნენ, ოპრიჩნიკებს მონაზვნური სამოსელი უნდა შეემოსათ და ხანგრძლივ საეკლესიო მსახურებას დასწრებოდნენ, რომელიც დილის 4 საათიდან 10 საათამდე გრძელდებოდა, „ძმას”. რომელიც დილის 4 საათზე არ გამოცხადდებოდა ღვთისმსახურებაზე, მეფე-იღუმენი ეპიტიმიას ადებდა. თვითონ იოანე ვაჟიშვილებთან ერთად ლოცულობდა და საეკლესიო გუნდშიც გალობდა. ტაძრიდან ოპრიჩნიკები სატრაპეზოში მიდიოდნენ, ჭამის დროს მეფე თვალყურს ადევნებდნენ მათ. ნარჩენ სანოვაგეს მეომრები მაგიდიდან კრეფდნენ და სატრაპეზოდან გამოსვლისთანავე გლახაკებს ურიგებდნენ. ივანე მრისხანე, დიდი მამების მიბაძვით, ცრემლებით ცდილობდა თავისი და თავისი თანამებრძოლთა ცოდვების ჩამორეცხვას . იგი თავს ირწმუნებდა იმაში, რომ ყველაზე საშინელ და სასტიკ ქმედებებსაც კი რუსეთის საკეთილდღეოდ და მართლმადიდებლობის სადიდებლად ჩადიოდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მეფის ბრძანებით, შეადგინეს მისი ოპრიჩნიკებისა და პირადად, მის მიერ დახოცილთა სრული ნუსხა და დაგზავნეს რუსეთის მონასტრებში. ერის წინაშე ჩადენილი მთელი ცოდვის სიმძიმეს ივანე მრისხანე საკუთარ თავზე იღებდა და ევედრებოდა წმიდა ბერებს, ელოცათ მისი გატანჯული სულის საოხად.

ივანე ცრუ-მონაზვნობა, პირქუშ უღლად ქედზე რომ აწვა რუსეთს, აღაშფოთებდა ფილიპეს. იგი თვლიდა, რომ არ შეიძლება მიწიერისა და ზეციურის აღრევა, არ შეიძლება ერთდროულად ემსახურო მახვილსაც და ჯვარსაც. მით უმეტეს, რომ წმიდა ფილიპე ხედავდა, თუ რამდენი მოუნანიებელი ბოღმა და სიძულვილი იმალებოდა ოპრიჩნიკთა შავი სამოსელების Qქვეშ. მათ შორის იყვნენ პროფესიონალი მკვლელები, გამომძალველები და მძარცველები.

მღვდელმთავარმა ფილიპემ გადაწყვიტა, რომ წინ აღდგომოდა მრისხანე თვითმპყრობელს.

1567 წელს ახალი შეთქმულება გაიხსნა: მოღალატეები აპირებდნენ, ხელში ჩაეგდოთ მეფე და გადაეცათ იგი პოლონელებისათვის, რომლებიც რუსეთის საზღვარს მოსდგომოდნენ. ივანე მრისხანე სასტიკად გაუსწორდა შინამტრებს. ძალიან უმძიმდა ფილიპეს, მაგრამ, როგორც ერის სულიერი მამა, თავს ვალდებულად თვლიდა, სიკვდილით დასჯილებს გამოსარჩლებოდა. საბოლოო განხეთქილება მეფესა და მღვდელმთავარს შორის მოხდა 1568 წელს. ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკეს, როცა მეფე, ჩვეულებისამებრ, ოპრიჩნიკებთან ერთად შევიდა მიძინების ტაძარში, მღვდელმთავარმა უარი განაცხადა მის კურთხევაზე და გაბედულად ამხილა ოპრიჩნიკების უსჯულოება. ივანემ მას რისხვით მიმართა: „ჩვენ დაგვიპირისპირდი? ვნახოთ, როგორი მტკიცე ხარ!” და დასძინა: „თქვენ მე ძალიან რბილად გეპყრობით!”

მეფე კიდევ უფრო სასტიკი გახდა მოწინააღმდეგეთა მიმართ, სისხლისღვრამ იმატა. აღმსარებელი მღვდელმთავრის ბედიც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ივანე მრისხანემ ისურვა, ყველაფერი გარეგნული წესრიგის დაცვით აღესრულებინათ. ბოიართა სათათბირომ მორჩილად გამოუტანა მსჯავრი რუსეთის ეკლესიის მესაჭეს. შემდეგ საჯარო სასამართლო მოუწყვეს მიტროპოლიტ ფილიპეს. ორი ცრუმოწმეც გამოჩნდა, ფილიპესგან უსაზღვროდ შეყვარებული სოლოვკების სავანის ბერები, მისი ყოფილი მოწაფეები, მის მიერ ხელდასმულნი. წმიდა ფილიპეს ბევრ რამეში დებდნენ ბრალს, მათ შორის ჯადოქრობაშიც. „მე, ჩემი წინაპრების მსგავსად, მწირი ვარ ამსოფლად – მზად ვარ, ვეწამო ჭეშმარიტებისათვის!” – აღუშფოთებლად პასუხობდა მღვდელმთავარი. მან უარყო ყველა ბრალდება და ნებით განაცხადა უარი მიტროპოლიტობაზე. წმიდანს ახალი შეურაცხყოფა ელოდა: მას შემდეგ, რაც სიკვდილამდე პატიმრობა მიუსაჯეს, წმიდა ფილიპე აიძულეს, ლიტურღია აღესრულებინა მიძინების ტაძარში. ეს მოხდა 1568 წლის 8 ნოემბერს. შუა მსახურების დროს ეკლესიაში შემოცვივდნენ ოპრიჩნიკები, სახალხოდ წაიკითხეს სამსჯავროს განაჩენი, რომელიც ჩირქს ცხებდა მღვდელმთავარს, შემოაგლიჯეს მთავარეპისკოპოსის შესამოსელი, ძველი ფლასები ჩააცვეს, გამოაგდეს ტაძრიდან და უბრალო მარხილით წაიყვანეს ღვთის განცხადების სახელობის მონასტერში. შემდეგ მოსკოვის მონასტრების სარდაფებში დიდხანს აწამებდნენ, ბორკილებით შებოჭეს, ქედზეც დიდი ხუნდი ედო. ბოლოს წმიდანი ოპრიჩნიკების მეთაურმა მალიუტა სკურატოვმა ბალიშით გაგუდა. სიკვდილამდე სამი დღით ადრე განჭვრიტა მღვდელმთავარმა თავისი სიკვდილი და ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა. ფილიპეს წმიდა ნაწილები ჯერ იქვე, მონასტერში გადაასვენეს (1591 წ. 11 აგვისტოს), ბოლოს კი – მოსკოვში (1652 წ. 3 ივლისს).

წმიდა მღვდელმთავარმა ფილიპემ მრავალი სასწაული აღასრულა სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც.

წინასწარმეტყველი სამე (X ს. ქრისტეს შობამდე)

9 (22) იანვარი

წინასწარმეტყველი სამე ცხოვრობდა მეფე სოლომონისა და მისი ძის, რობიამის დროს, რომელთაც, ღვთის სახელით, აუკრძალა ბრძოლა დავითის შტოსაგან გამოყოფილ 10 ებრაელ ტომთან.

ღირსი პეტრე, სებასტიელი ეპისკოპოსი (IV)

9 (22) იანვარი

წმიდა პეტრე სებასტიელი, მღვდელმთავრების – ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელის (ხს. 1 და 10 იანვარს) ძმა იყო, მის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის უფროს დას – მაკრინას (ხს. 19 ივლისს).

პეტრე წმიდა ბასილი დიდმა აკურთხა მღვდლად, ბასილის სიკვდილის შემდეგ კი იგი დადგენილ იქნა სებასტიის ეპისკოპოსად, მღვდელმთავარი პეტრე ესწრებოდა კონსტანტინეპოლში გამართულ II მსოფლიო საეკლესიო კრებას.

ღირსი ევსტათი საკვირველთმოქმედი (IX)

9 (22) იანვარი

ღირსი ევსტათი ქალაქ ტარძსში დაიბადა. 20 წლის წმიდანმა ფარულად დატოვა ოჯახი, აგვაროვის სავანეში (ოლიმპოზე, მცირე აზიაში) მივიდა და იქ დაემკვირა. იგი მკაცრი, თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა: მხოლოდ პურითა და წყლით საზრდოობდა, ღამეებს ლოცვაში ათევდა. საღვთო ტრფიალებით აღსავსე ბერი ძმებმა სავანის იღუმენად აირჩიეს. ხატმბრძოლი ლეონ სომეხის (813-820) მეფობაში ღირსი ევსტათი განერიდა დევნას და მთებსა და უდაბნოებში იმალებოდა. იგი გამუდმებით ლოცულობდა.

სიკვდილის წინ იღუმენმა დამოძღვრა ძმები: მიწიერ კეთილდღეობას ნუ მიემსჭვალებით, საუკუნო ცხოვრებაზე იფიქრეთ გამუდმებით, შემდეგ პირჯვარი გადაიწერა და სიტყვებით – „ხელთა შენთა, უფალო, შეგვედრებ სულსა ჩემსა,” – მშვიდობით მიიცვალა, 95 წლის ასაკში.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати