USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 22 დეკემბერს?
თარიღი:  431

22დეკემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

 მუცლადღება მართალი ანას მიერ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა

9 (22) დეკემბერი

მუცლადღება მართალი ანას მიერ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დედა - ანა ლევიტელთა ტომის ჩამომავლის, ბეთლემელი მღვდლის - ნათანის ასული იყო. იგი გალილეის მკვიდრს, მართალ იოაკიმეს მიათხოვეს. მეუღლეები ოცი წელი ცხოვრობდნენ უშვილოდ და რადგანაც იუდეველთა მაშინდელი შეხედულების მიხედვით უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა, მათ მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა - ისინი მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს ნაყოფის მინიჭებას. ბოლოს ღმერთმა შეისმინა წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა და ანგელოზის პირით იოაკიმესა და ანას ახარა ჩასახვა ასულისა, „რომლისა მიერ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი“.

„დღესასწაულობს დღეს ყოველი სოფელი ანას მუცლად ღებას, საღმრთოდ აღსრულებულსა, რამეთუ ამან გვიშვა ზესთა სიტყვისა, მშობელი იგი სიტყვისა“, - ნათქვამია დღესასწაულის კონდაკში (იხ. 25 ივლისის და 9 სექტემბრის საკითხავებში).

 

წმიდა ანა წინასწარმეტყველი - დედა სამოელ წინასწარმეტყველისა (1100 ქრისტეს შობამდე)

9 (22) დეკემბერი

წმიდა ანა წინასწარმეტყველი - დედა სამოელ წინასწარმეტყველისა იყო მეუღლე ელკანასი, რომელიც, ეფრემის მთაზე ცხოვრობდა. უფლის რჩეულ დედაკაცს შვილი დიდხანს არ ეძლეოდა. ელკანამ მეორე ცოლიც შეირთო - ფენანა, რომელიც, ანასგან განსხვავებით, ნაყოფიერი გამოდგა. საშინლად წუხდა ნეტარი ანა და ღმერთს მხურვალედ ევედრებოდა შვილის მონიჭებას.

 ელკანა მთელი სახლეულითურთ ყოველწლიურად ადიოდა „ტაძარსა უფლისასა“ და თაყვანს სცემდა და მსხვერპლს სწირავდა ღმერთს. ერთხელ, ამგვარი მოგზაურობის დროს, დარდისგან ჩამომდნარი ანა დაემხო სკინიის წინ, „სალმობითა გულისათა ილოცვიდა უფლისა მიმართ, ტირილით ტიროდა და აღუთქუმიდა. ადონა უფალო, ილიო საბაოთ, უკუეთუ მოხედვით მომხედო სიმდაბლესა ზედა მჴევლისა შენისასა, მომიჴსენო და მომცე თესლი მამაკაცისაჲ, მიცემით მიგცე წინაშე შენსა ვიდრე სიკუდიდმდე მისა, ღჳნოჲ და სათრობელი არა სუას და რკინაჲ არა აღვიდეს თავსა მისსა“. ნეტარი დედა გულში ლოცულობდა - ბაგეებს ამოძრავებდა, ხმა კი არ ისმოდა, ამიტომ ელი მღვდელმა ჩათვალა, რომ ის ნასვამი იყო, აყვედრა უღირსი საქციელი და უბრძანა, ტაძარს მოშორებოდა. ანამ სიმდაბლით მიუგო: „ნუ ჰგონებ მჴევალსა შენსა ასულთაგან უღირსთაჲსა, რამეთუ მრავლითა ურვითა და სულმოკლებითა ჭირისაჲთა დადნობილ ვარ აქამომდე“. დედაკაცის სატკივარი რომ გაიგო, ელიმ აკურთხა იგი, მისი თხოვნის აღსრულება გამოსთხოვა უფალს და მშვიდობით განუტევა. ანამ გაიხარა, ნუგეში მიეფინა მის სულს და სულ მალე მუცლად იღო კიდეც. ნანატრ ძეს უფლის მხევალმა სამოელი დაარქვა (იხ. 20 აგვისტოს საკითხავი), რაც „უფლისგან გამოთხოვილს“ ნიშნავს. როცა სამოელი დედის ძუძუს განეშორა, ანამ და ელკანამ უხვი ძღვენი შესწირეს უფალს და ძეც, აღთქმისამებრ, ტაძარში დატოვეს. ელი მღვდელმა დალოცა მართალი დედაკაცი, მან კი, გახარებულმა, სამადლობელი გალობა შესწირა უფალს, სადაც ქრისტეს შობამდე ათასი წლით ადრე იწინასწარმეტყველა მაცხოვრის განკაცება. ეს საგალობელი დღესაც სრულდება ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს. ამის შემდეგ ანას კიდევ სამი ძე და სამი ასული შეეძინა, ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

მართალი ანას შესახებ მეფეთა I წიგნშია მოთხრობილი (1, 1-28; 2, 1-11).

წმიდა სოფრონი, კვიპრელი მთავარეპისკოპოსი (VI)

9 (22) დეკემბერი

წმიდა სოფრონი, კვიპრელი მთავარეპისკოპოსი ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა, კუნძულ კვიპროსზე. იგი მრავალ მეცნიერებას დაეუფლა, მაგრამ ყველაზე მაღლა წმიდა წერილს აყენებდა. უფლის რჩეული გამოირჩეოდა კეთილმსახურებით, გლახაკთმოყვარეობით და ასკეტური ცხოვრებით, რის გამოც უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. კვიპროსის ეპისკოპოსის, წმიდა დამიანეს გარდაცვალების შემდეგ მთელი ხალხის სურვილით დაქვრივებულ კათედრაზე ღირსი სოფრონი აღასაყდრეს. ახალ ხარისხში იგი ბრძნულად და სიყვარულით განაგებდა თავის სამწყსოს. გარდაიცვალა VI საუკუნეში.

 ღირსი სტეფანე ახალგაბრწყინებული (+912)

9 (22) დეკემბერი

ღირსი სტეფანე ახლადგაბრწყინებული კეთილმსახური კონსტანტინოპოლელი მღვდლის, ზაქარიას ძე იყო. იგი სიყრმიდანვე მოღვაწეობდა კონსტანტინოპოლის დიდი ტაძრის ღვთისმსახურთა დასში. მამის გარდაცვალების შემდეგ ღირსმა სტეფანემ დაყუდებული ცხოვრება იტვირთა და სულ უფრო და უფრო ამკაცრებდა ღვაწლს. ნეტარმა სრულყოფილების ისეთ საფეხურს მიაღწია, რომ უფალმა წმიდა მოციქულ პეტრეს და წმიდა ანტიპას (იხ. 11 აპრილის საკითხავი) ხილვის ღირსი გახადა. წმიდა მამა სქიმაში აღესრულა 912 წელს (სხვა ცნობით, IX საუკუნეში). მას „ახლადგაბრწყინებულს“ უწოდებენ, რადგან ფიცხელი ღვაწლით ძველ მოსაგრეებს მიმსგავსებულმა, დიდი მადლი მოიგო და მათ ბრწყინვალე დასს შეერთო.

 

 

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის