20 დეკემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
წმიდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა ქალაქ ტრირში (იტალია). მისი მამა იმპერატორის ნაცვალი იყო გალიის მხარესა (დღევანდელი საფრანგეთი) და დასავლეთის სხვა პროვინციებში. ამბროსის სიყრმეშივე სასწაულებრივ გაცხადდა მისი ღვთივრჩეულობა: ერთხელ მძინარე ჩვილის სახე მთლიანად ფუტკრებმა დაფარეს და ენაზე თაფლი დაუტოვეს.
მამის გარდაცვალების შემდეგ ამბროსის ოჯახი რომში გადასახლდა. აქ მომავალმა მღვდელმთავარმა იმ დროისათვის ბრწყინვალე იურიდიული განათლება მიიღო. დაახლოებით 370 წელს, მეცნიერებათა კურსის განსრულების შემდეგ, წმიდანი ლიგურიისა და ემილიის ოლქების გამგებლად დანიშნეს. 374 წელს გარდაიცვალა მედიოლანის ეპისკოპოსი ავქსენტი. ამან მართლმადიდებლებსა და არიანელებს შორის ურთიერთობის გამწვავება და შფოთი გამოიწვია, რადგან ორივე მხარეს სურდა, დაქვრივებულ კათედრაზე თავისი წარმომადგენელი აეყვანა. რომის პრეფექტმა არეულობის დაწყნარება ამბროსის დაავალა. მედიოლანში (დღევანდელი მილანი) ჩასულმა ამბროსიმ დაუყოვნებლივ საკათედრო ტაძარს მიაშურა, სადაც მღვდელმთავრის არჩევა მიმდინარეობდა და შეკრებილებს დაშოშმინებისა და სადავო საკითხის მშვიდად გადაწყვეტისკენ მოუწოდა. ტაძარში წამიერად ჩამოვარდნილ სიჩუმეში უეცრად ჩვილი ყრმის ხმა გაისმა: „ამბროსია ეპისკოპოსი!“ ეს შეძახილი ხალხმაც აიტაცა და ყველანი, მართლმადიდებლებიცა და არიანელებიც, ერთხმად გაიძახოდნენ: „ამბროსი იყოს ეპისკოპოსი! ამბროსია ეპისკოპოსი!“ ამბროსი შეშფოთდა, რადგან ამ ხარისხისთვის თავი სრულიად შეუფერებლად მიაჩნდა. მან შეკრებილებს მოაგონა, რომ ჯერ მონათლულიც არ იყო, მხოლოდ კათაკმევლად იყო დადგენილი; შეეცადა, საკუთარ თავზე ცუდი წარმოდგენა შეექმნა ხალხში. ქალაქიდან გაქცევაც სცადა, მაგრამ ხალხი თავისას არ იშლიდა. ბოლოს მათ იმპერატორ ვალენტინიანე უფროსს (364-375) მიმართეს დახმარებისათვის. ამბროსიმ ამ უკანასკნელის ურჩობა ვერ გაბედა და იძულებული შეიქნა, დათანხმებულიყო. ნეტარი მოინათლა, შვიდ დღეში გაიარა საეკლესიო იერარქიის ყველა საფეხური და 374 წლის 7 დეკემბერს მედიოლანის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. კათედრაზე აღსაყდრებისთანავე ამბროსიმ მთელი თავისი ქონება ტაძრების მოსაწყობად, ობლებისა და გლახაკების დასაზრდელად გასცა, თვითონ კი მკაცრ მოსაგრე ცხოვრებას შეუდგა: ყოველდღიურად აღასრულებდა ღვთისმსახურებას, ბრძნულად და სიყვარულით მოძღვრავდა მრევლს, თავისი სამწყსოს ჭირსაც იზიარებდა და ლხინსაც. მეუფე ამბროსი გულმოდგინედ იღვწოდა ეკლესიის ერთიანობისათვის.
წმიდა ამბროსი ქმედითად ერეოდა სახელმწიფო საქმეებშიც. ასე მაგალითად, იმპერატორმა გრაციანემ (367-383), წმიდა მღვდელმთავრის მითითებით, რომის სენატის დარბაზიდან გაიტანა ვიქტორიას სამსხვერპლო, რომელზედაც ფიცს დებდნენ. მწყემსმთავრული კადნიერებით აღსავსე მეუფემ იმპერატორ თეოდოსი I-ს (379-395) თესალონიკის უდანაშაულო მკვიდრთა მოწყვეტისათვის მკაცრი ეპიტიმია დაადო. წმიდანისათვის არ არსებობდა განსხვავება მეფესა და უბრალო ერისკაცს შორის: ეპიტიმიის ახსნის შემდეგ მან თეოდოსი საკურთხეველში არ შეუშვა და აიძულა, მრევლთან ერთად დალოდებოდა წმიდა ძღვენის გამობრძანებას. ამბროსი მკაცრად ამხელდა არიანელ დედოფალ იუსტინას.
მღვდელმთავრის სიმკაცრე მის საოცარ სიკეთესა და გულმოწყალებასთან იყო შერწყმული. სასწაულთქმედების ნიჭმიმადლებულმა, მრავალი განკურნა სნეულებათაგან.
ერთხელ, ფლორენციაში, უფლის რჩეულმა მკვდარი ყრმა გააცოცხლა. წმიდა ამბროსიმ წინასწარ იგრძნო საკუთარი აღსასრულის მოახლოება და თავის მღვდელმსახურებს უთხრა: „მე მხოლოდ უფლის ბრწყინვალე აღდგომამდე დავრჩები თქვენთან!“
დასნეულებული მღვდელმთავარი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თავის მოწაფეს, პავლინე ხუცესს 43-ე ფსალმუნის განმარტებებს კარნახობდა. უეცრად პავლინემ ცხადად იხილა, თუ როგორ დაადგა ამბროსის თავს სულიწმიდა ცეცხლის სახით და მის ბაგეთა შორის გაუჩინარდა.
397 წლის 4 აპრილს, აღდგომა ღამეს, ნეტარი ამბროსი ლავდიის ეპისკოპოსის, ბასიანეს ხელით ეზიარა ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა ამბროსი ცნობილია აგრეთვე, როგორც საეკლესიო მწერალი. მას ეკუთვნის ხუთი წიგნი სარწმუნოების შესახებ, სამი წიგნი სულიწმიდის შესახებ და ორიც - სინანულზე; სარწმუნოების სიმბოლოს განმარტება, სიტყვები მაცხოვრის განკაცებაზე, წმიდა საიდუმლოებებზე. თხზულებებში ქრისტიანული ზნეობის შესახებ წმიდანი ცხადად გვიჩვენებს ქრისტიანული ზნეობრივი მოძღვრების აღმატებულებას წარმართულ ზნეობრივ სწავლებაზე. მღვდელმთავრის ცნობილი ნაშრომი: „მღვდელმსახურთა მოვალეობების შესახებ“ ცხადად მოწმობს, რომ მას ღრმად ჰქონდა შეცნობილი მოძღვრების უფლება-მოვალეობანი.
ნეტარი ამბროსი საეკლესიო გალობის რეფორმატორიცაა. მან დასავლეთის ეკლესიაში აღმოსავლური, სირიული ეკლესიის მიბაძვით შეიტანა ანტიფონური გალობა, რომელიც „ამბროსიანული კილოს“ სახელითაა ცნობილი.
წმიდა მოწამე ათინოდორე სირიის მესოპოტამიაში დაიბადა და სიყმაწვილიდანვე შეუდგა ბერულ ღვაწლს. ეშმაკის მანქანებითა და ცილისწამებით გაბოროტებულმა ქვეყნის მმართველმა ელევსიმ შეიპყრო წმიდანი და საწამებლად გადასცა. მარტვილის მხეცურ წამებას თან ახლდა სასწაულები, რამაც მრავალი იქ მყოფი წარმართი ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია. როცა ათინოდორესთვის თავის მოკვეთა გადაწყვიტეს, ჯალათს ხელი მოსწყდა, ქრისტეს ტარიგმა კი ლოცვით შეჰვედრა სული უფალს.
ღირსი პავლე მორჩილი
ღირსი პავლე მორჩილის მოღვაწეობის წლები უცნობია. ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ მისმა მოკლე ცხოვრებამ, რომელშიც ნათქვამია, რომ პავლე მდიდარი მშობლების შვილი იყო. როცა სრულწლოვანებას მიაღწია, იგი განერიდა ამსოფელს და ბერულ ღვაწლს შეუდგა. ზედწოდება „მორჩილი“ მან საოცარი თავმდაბლობისა და საკუთარი ნების სრული მოკვეთისთვის დაიმსახურა. ერთხელ ღირსმა მამამ ადუღებულ ფისს შიშველი ხელით მოურია, მაგრამ არაფერი დაშავებია. ამის შემდეგ ძმათა ნაწილმა იგი ღმერთშემოსილ მოსაგრედ ჩათვალა, სხვები კი უნდობლობით შეხვდნენ ნეტარს. ბერების ლოცვით ღმერთმა მათ მოუვლინა ხილვა, რომლითაც მიანიშნა, რომ მათი ძმა ჭეშმარიტი მოსაგრე იყო. ღამით ყველანი სასუფეველში იქნენ ატაცებულნი და ესაუბრნენ ბერ პავლეს, რომელმაც ყოველ მათგანს სახსოვრად თითო ყვავილის ან ტოტის წაღების ნება დართო. დილით, როცა გამოიღვიძეს, სამოთხის ყვავილები და ტოტები ყველას ხელში ეჭირა. ამის შემდეგ ნეტარი პავლე ჯერ იერუსალიმში გაემგზავრა, შემდეგ კი - კვიპროსზე. იგი განმარტოებით იღვწოდა, ბოლოს კი პერიგორის მთაზე მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მიცვალების წინ წმიდანს ზეგარდამო ჩაესმა: „აღმოვედ, პავლე, მთასა ზედა და მიიღე დასასრული ცხოვრებისა“.
ღირსი გრიგოლი წარმოშობით სერბი იყო.იგი ათონის მთაზე დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. აქ მან წმიდა ნიკოლოზის სახელობის სავანე დააარსა. ათონურ აქტებში ნაპოვნია ღირსი მამის ხელმოწერა, რომელიც 1405 წლით თარიღდება. გადმოცემით, უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები ათონიდან სერბმა ბერებმა გადაასვენეს.
ღირსი იოანე მმარხველი, საბაწმიდის ლავრაში მოღვაწე (მის შესახებ იხ. 30 მარტის და 3 დეკემბრის საკითხავებში).
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.