2 სექტემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
წინასწარმეტყველი სამოელი (XI ს. ქრისტეს შობამდე)
წინასწარმეტყველი სამოელი - ისრაელის მეთხუთმეტე და უკანასკნელი მსაჯული - ქრისტეს შობამდე ათასასორმოცდა-ექვს წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. იგი ლევიტელთა ტომიდან იყო. მისი დედა - ანა დიდხანს იტანჯებოდა უშვილობის გამო. ბოლოს უფალმა შეისმინა თავისი მხევლის მხურვალე ვედრება და უბოძა ძე, რომელსაც სამოელი - „გამოთხოვილი“ დაარქვეს. როცა ყმაწვილს სამი წელი შეუსრულდა, მშობლებმა იგი სელომში წაიყვანეს და მღვდელმთავარ ელის მიაბარეს, რომელიც, იმავდროულად, ისრაელთა მსაჯულიც იყო. „და ყრმაჲ იგი სამოელ იყო მსახურ წინაშე უფლისა ელი მღდელისა თანა“ (I მეფ. 2.11). თორმეტი წლის ასაკში მას ზეგარდამო ეუწყა, რომ ღმერთი მღვდელმთავრის მთელი სახლეულობის დასჯას აპირებდა „სიცრუვისათჳს ძეთა მისთაჲსა, რამეთუ ძჳრსა იტყოდეს ღმრთისათჳს, და არა ასწავლიდა მათ“ (I მეფ. 3.13).
წინასწარმეტყველება ახდა, როცა რჩეული ერის სამკვიდრებელს შემოსეულმა ფილისტიმელებმა ოცდაათი ათასი ისრაელი, მათ შორის ელის ძეები - ოფნე და ფინეზი ერთ დღეს ამოხოცეს და ტაძრის კიდობანიც გაიტაცეს. ეს რომ შეიტყო, თავზარდაცემული ელი წაიქცა, ხერხემალი გადაიმტვრია და მოკვდა. ისრაელის დაცემით შეძრწუნებულ ფინეზის ცოლსაც მშობიარობისას აღმოხდა სული.
ელის შემდეგ ისრაელის მსაჯული სამოელი გახდა. ორმოცი წელი მკაცრად და პირუთვნელად სჯიდა და წინამძღვრობდა იგი ისრაელებს, შემდეგ კი, მხცოვანებაში შესულმა, თავისი ძეები - იოველი და აბია დაადგინა მსაჯულებად. ვერ აღმოჩნდნენ შვილები მამის ღირსეული მემკვიდრეები. ანგარებას დამონებულები, ხშირად შემცოდეთა სასარგებლოდ წყვეტდნენ საქმეებს. ამის გამო ისრაელის უხუცესებმა სამოელს მოსთხოვეს, სხვა ხალხის მსგავსად მათთვისაც მეფე დაედგინა. ამაში წინასწარმეტყველმა განჭვრიტა საშინელი დაცემა ერისა, რომელსაც მანამდე თავად უფალი წინამძღვრობდა თავის რჩეულთა მეშვეობით. პირველი მეფე, რომელიც აკურთხა წინასწარმეტყველმა, იყო საული. ღვთის ურჩობაში მისი მხილების შემდეგ კი დავითს სცხო მირონი. საულისგან დევნილი დავითი ხშირად სწორედ სამოელთან პოულობდა ხოლმე თავშესაფარს. წმიდა წინასწარმეტყველი ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. მისი ცხოვრება ბიბლიაშია აღწერილი (1 მეფ; ზირ. 46.16-23). 406 წელს უფლის სათნომყოფლის უხრწნელი ნაწილები იუდეიდან კონსტანტინოპოლში გადაასვენეს.
წმიდა მოწამენი: სევეროსი, მემნონი და მათ თანა 37 მოწამე (+304)
წმიდა მოწამენი სევეროსი, მემნონი და მათთან ოცდაჩვიდმეტი მოწამე თრაკიის ფილიპოპოლში აღესრულნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. ქრისტეს სარწმუნოების მხნე აღსარებისთვის წმიდა სევეროსი საშინლად აწამეს, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს. როცა მმართველმა შეიტყო, რომ წმიდა სევეროსმა ასისთავი მემნონი ქრისტიანობაზე მოაქცია, ისიც სატანჯველად გადასცა. მასთან ერთად ეწამა კიდევ ოცდაჩვიდ-მეტი ქრისტიანი. ყველა მათგანს ხელ-ფეხი მოაჭრეს და გახურებულ ღუმელში შეყარეს (+304).
წმიდა მოწამე ლუკიუსი (+310)
წმიდა მოწამე ლუკიუსი, სენატორი, ქრისტეს აღსარებისთვის მახვილით აჩეხეს კუნძულ კრეტაზე 310 წელს.
წმიდა მოწამენი ილიოდორე და დოსე (+380)
წმიდა მოწამენი ილიოდორე და დოსე (ანუ დოსა) ქრისტესთვის ეწამნენ სპარსეთში მეფე საპორ II-ის ზეობისას, 380 წელს.