USD 2.7226
EUR 3.1909
RUB 3.4120
Tbilisi
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 2 დეკემბერს?
Date:  423

2 დეკემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი ილარიონ ქართველი, საკვირველთმოქმედი (+875)

19 (02.12) ნოემბერი

ღირსი მამა ილარიონი კახელი აზნაურის შვილი იყო, დონაურთა გვარიდან. ექვსი წლის ყრმა სასწავლებლად ღირსეულ და ღმრთისმოყვარე ბერს მიაბარეს. ილარიონი განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა. როცა მამამ იხილა შვილის გულმოდგინება და ღვთის სიყვარული, იქვე, სოფელში, ააშენა მონასტერი.

თოთხმეტი წლის ილარიონმა გადაწყვიტა, განრიდებოდა მამის ზედმეტ ყურადღებას, დატოვა მონასტერი, გარეჯის უდაბნოს მიაშურა, ჰპოვა პატარა გამოქვაბული და იქ დაეყუდა.

 ილარიონი საოცარ მოღვაწეობას შეუდგა. „მარხვითა და მღჳძარებითა ჰასაკსა მას სიჭაბუკისასა და დააჭკნობდა, ლოცვითა და მარადის ღმრთისა ხედვითა უჴორცოთა მიემსგავსებოდა, ვიდრეღა წარემატებოდა მოღუაწებითა ყოველთავე მყოფთა მის ადგილისათა უდაბნოსა მას შინა, რამეთუ ყოველთავე უკჳრდა ეგეოდენი შრომაჲ მისი და მოთმინებაჲ“.

 ახალგაზრდა მონაზონმა მეუდაბნოეთა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. „აღეშენებოდეს ყოველნი იგი ძმანი სწავლითა მისითა და შეუვრდებოდეს მას, რათა იყოფებოდიან მის თანა“. ასე დაემკვიდრნენ ღირს ილარიონთან „ათერთმეტნი ძმანი მოღუაწენი მშჳდნი და მდაბალნი“.

 ანგელოზებრ მმარხველი და დაუცხრომლად მლოცველი ბერის ამბავი მთელმა ქართლმა და კახეთმა გაიგო. მის სანახავად, ლოცვა-კურთხევისა და რჩევა-დარიგების მისაღებად უამრავი ხალხი მიდიოდა. როდესაც მასთან მისულმა რუსთველმა ეპისკოპოსმა ფერმკრთალი, თავმდაბალი, შეურაცხ სამოსელში ჩაცმული ბერი იხილა, მოწიწებით სთხოვა, მისი ხელიდან მიეღო მღვდლობის პატივი. მიწიერი დიდების უარმყოფელი ილარიონი ევედრებოდა მღვდელმთავარს, არ დაემძიმებინა იგი მღვდლობის პატივით, მაგრამ ბოლოს მაინც დაემორჩილა.

 კურთხევის შემდეგ ახალი დიდებით შეიმოსა ღირსი მამის სახელი. მან გადაწყვიტა, განრიდებოდა სამშობლოს, მონასტრის წინამძღვრად ერთი ძმათაგანი დატოვა, თვითონ კი იერუსალიმს გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად.

 გზაში ღირს ილარიონს ავაზაკები დაესხნენ თავს და მახვილები იშიშვლეს მის მოსაკვდინებლად. მოულოდნელად მათ ხელები გაუშეშდათ. შეშინებული და გაოცებული ავაზაკები მიხვდნენ, რომ ღვთის სასჯელი დაატყდათ თავს, ფეხებში ჩაუვარდნენ წმიდანს და შენდობა სთხოვეს.

 წმიდა მამამ ჯვარი გადასახა ავაზაკებს, განკურნა და მშვიდობით განუტევა. განკურნებულებმა კვლავ შენდობა ითხოვეს ღირსი მამისგან, ერთმა მათგანმა კი თაბორის მთამდე გააცილა წმიდანი.

 ილარიონმა მოილოცა იერუსალიმი, შემდეგ იორდანეს უდაბნოს მიაშურა და ერთ გამოქვაბულში დაეყუდა (გადმოცემით, ეს იყო ის გამოქვაბული, სადაც თავს აფარებდა წმიდა ელია თეზბიტელი (ხს. 20 ივლისს)). ერთ ღამეს მან ჩვენებით იხილა, თითქოს ზეთისხილის მთაზე, სადაც უფალი დიდებით ამაღლდა, თორმეტი კაცის თანხლებით მდგარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წინაშე წარდგა და მარადის ქალწულმა უთხრა: „ჰოი, ილარიონ, წარვედ და მიისწრაფე სახედ შენდა და უმზადე სერი უფალსა და ძესა ჩემსა“. გამოღვიძებულმა წმიდა ილარიონმა გულისხმაჰყო ჩვენება, მადლობა შესწირა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და სამშობლოში გამოეშურა.

 საქართველოში დაბრუნებულ ღირს ილარიონს მამა და ძმები აღსრულებული დახვდა. დედამ მამის მთელი საგანძური შვილს გადასცა და უთხრა: „წარაგე ესე, შვილო, ვითარცა სათნო გიჩნს“. ნეტარმა ილარიონმა დედათა მონასტერი ააშენა, შესწირა მას სოფლები და განუჩინა წესი, შემდეგ სამოცდათექვსმეტი ღირსი და მოღვაწე ბერი შეკრიბა და მამათა მონასტერიც ააგო, დანარჩენი ქონება კი გლახაკებს და უპოვრებს გაუნაწილა.

 კეთილისმოძულე ეშმაკმა ღირსი მამის ბიძა აღძრა მონასტრის დასაწვავად და მოძღვრის მოსაკლავად. ილარიონის ბიძას ეგონა, რომ ნათესავის ქონება თვითონ დარჩებოდა, მაგრამ როცა კეთილი ბერის ხელგაშლილობა იხილა, გაცოფდა და ერთ დღეს მონასტრის კარებზე ნახშირით მიაწერა: „ესრეთ იხილონ ყოველთა ესე მონასტერი სამ დღემდე“. განთიადისას მამა ილარიონმა იხილა წარწერა და დიდად შეწუხდა ბიძის სულის წარწყმედის გამო. მთელი ღამე ლოცულობდა და მხურვალედ ევედრებოდა უფალს განსაცდელის თავიდან აცილებას. როცა თვალი მილულა, მას გამოეცხადა ბრწყინვალე კაცი, რომელმაც უთხრა: „ნუ გეშინინ, ჰოი ილარიონ, რამეთუ დღესვე განისწავლოს მტერი იგი შენი და შეგივრდეს ფერჴთა შენთა“. მართლაც, როცა გათენდა, ილარიონის ბიძა მიწაზე დაეცა, გორავდა და საოცარი ხმებით გოდებდა. მსახურებმა წმიდანს მიჰგვარეს ბოროტისაგან გვემული. წმიდა ილარიონმა მას ჯვარი გადასახა და განკურნა. ბიძა გონს მოეგო, სინანულით ატირდა, აღსარება თქვა, მთელი ქონება მონასტერს შესწირა და თვითონაც მონაზვნად აღიკვეცა.

 წმიდა ილარიონის სახელი მთელს საქართველოს მოედო, მრავალს სურდა, ეხილა წმიდა ბერი და მისი რჩევა-დარიგება მიეღო. მალე მისი ეპისკოპოსად კურთხევაც განიზრახეს. მყუდროებისმოყვარე ღირსმა მამამ გაიფიქრა: „დიდებაჲ ესე ამის სოფლისა მომატყუებელ არს საუკუნოჲსა მის შეურაცხებისა“, მონასტრის ძმათაგან ერთი სიბრძნითა და სიწმინდით გამორჩეული ბერი დაადგინა სავანის წინამძღვრად, უფალს შეავედრა ყველა და ორ ძმასთან ერთად კონსტანტინოპოლს გაემართა.

 ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ილარიონმა და მისმა თანამგზავრებმა ულუმბოს მთას მიაღწიეს, ერთი მცირე მიტოვებული ეკლესია იპოვეს და შიგ დაბინავდნენ.

ყელიერის შაბათის მწუხრზე დიდი ლავრიდან ერთი ბერი მივიდა კანდელის ასანთებად, ნახა ეკლესიას შეხიზნული ძმები და მცირეოდენი საჭმელი მიუტანა.

 შემდგომ შაბათს, წმიდა თეოდორე ტირონის ხსენების დღეს, მოწესე ისევ მივიდა პატარა ეკლესიაში და ნახა, რომ ძმებს მთელი კვირა უჭმელად გაეტარებინათ, მხოლოდ მცირედ ცერცვი ეხმიათ. ბერმა წმიდა ილარიონს ჰკითხა, რა სჭირდებოდა. მან მხოლოდ სეფისკვერი და ზედაშე ითხოვა. დიდი ლავრის მამასახლისმა გაიგო, რომ ეკლესიაში ვიღაც უცხო და ბერძნული ენის უმეცარმა კაცმა სწირა, გულისწყრომით აღივსო და იკონომოსს და რამდენიმე ძმას უბრძანა, უცხოები მონასტრის ტერიტორიიდან გაეძევებინათ.

 ეკლესიაში მისულ იკონომოსს წმიდა ილარიონი ბერძნულად გამოელაპარაკა და ღამის გათენების ნებართვა სთხოვა, თან აღუთქვა, რომ მეორე დღესვე ეკლესიას დატოვებდა.

 იმ ღამეს მამასახლისმა ჩვენება იხილა: ყოვლადწმიდა ქალწული რისხვით დაადგა თავს და უთხრა: „ჰოი, უბადრუკო, რაჲსა ინებე განძებაჲ უცხოთაჲ მათ, რომელნი მოსრულ არიან სიყუარულისათჳს ძისა და ღმთისა ჩემისა და დაუტეობია ქუეყანაჲ მათი და არა დაიმარხე მცნებაჲ იგი უცხოთა და გლახაკთა შეწყნარებისათვის, ვითარ-ეგე ეტყჳს მდიდარსა მას უფალი ჩემი და ძე ჩემი. ანუ არა უწყია, ვითარმედ მრავალნი დამკვიდრებულ არიან მთასა ამას მათისა ენისა მეტყუელნი და ცხოვრებად არიან ღმრთისა მიერ? და რომელნი მათ არა შეიწყნარებენ, მტერ ჩემდა არიან, რამეთუ ჩემდა მონიჭებულ არს ძისა მიერ ჩემისა ნათესავი იგი შეურყეველად მართლმადიდებლობისათჳს მათისა, ვინაჲთგან ჰრწმენა სახელი ძისა ჩემისაჲ და ნათელ იღეს“. შეშინებული მამასახლისი ფეხებში ჩაუვარდა წმიდა ილარიონს, კადნიერებისათვის შენდობა სთხოვა და შეევედრა, დარჩენილიყო და ყოვლადწმიდა დედოფლის რისხვა აერიდებინა მისთვის.

წმიდა ილარიონი ხუთი წელი ცხოვრობდა ულუმბოს მთაზე, შემდეგ კონსტანტინოპოლში წავიდა, მოილოცა წმიდა ადგილები და რომს გაეშურა წმიდა პეტრე და პავლე მოციქულთა საფლავების თაყვანსაცემად.

 რომს მიახლებულმა ილარიონმა ვენახის ძირთან მჯდარი დავრდომილი ნახა და ერთი მტევანი ყურძენი სთხოვა. დავრდომილმა უთხრა: „აჰა, მამაო, ვენახი, რაც გსურთ, მიირთვით, მე კი „ვერ შემძლებელ ვარ აღდგომად ცოდვათა ჩემთაგან“.

 ღირს ილარიონს შეეცოდა დავრდომილი, ილოცა და ავადმყოფს უთხრა: „აღდეგ, ძმაო, უფალსა უბრძანებიეს და ჴელითა შენითა მომართუ ნაყოფისაგან სამოთხისა მაგის“. განკურნებული კაცი მყისვე წამოდგა, ვენახში შევიდა და მტევნით გამოვიდა, მაგრამ წმიდა ილარიონი იქ აღარ დახვდა. ვენახის პატრონი ქალაქისკენ წავიდა თავისი კეთილისმყოფლის მოსაძებნად, თან ყველას უყვებოდა სასწაულს.

 წმიდა ილარიონი ორი წელი ცხოვრობდა რომში ანგელოზებრივი ცხოვრებით. შემდეგ კვლავ კონსტანტინოპოლში დაბრუნდა.

 გზად წმიდა ილარიონმა თესალონიკში გაიარა, თაყვანი სცა წმიდა დიდმოწამე დიმიტრის (ხს. 26 ოქტომბერს) სამარტვილეს და ქალაქის მთავრის კართან შეისვენა. სახლიდან მხევალმა ოთხი წლის დამბლადაცემული ყრმა გამოიყვანა და მზის გულზე დააწვინა. ღირსმა მამამ ქალს წყლის მოტანა სთხოვა. როცა ქალი წავიდა, წმიდა ილარიონმა ჯვარი გადასახა ყრმას და თქვა: „სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა შენ გეტყჳ, ყრმაო, აღდეგ ცოცხლებით“. ყრმა სასწრაფოდ წამოხტა ფეხზე და დედასთან გაიქცა. წმიდა ილარიონი კი იქაურობას გაშორდა, რომ არავის ეხილა.

 როცა განკურნებული ყრმის მამამ, ქალაქის მთავარმა ეს სასწაული იხილა, ბრძანა, ჩაეკეტათ კარები და ეძებნათ სასწაულთმოქმედი, რომ თაყვანი ეცათ მისთვის. მართლაც მოძებნეს წმიდა ილარიონი, ფეხებში ჩაუვარდნენ და ლოცვა-კურთხევა გამოსთხოვეს. შემდეგ მთავარი შეევედრა წმიდანს, თესალონიკში დარჩენილიყო და სამოღვაწეო ადგილი თვითონ აერჩია.

 წმიდანმა მთავრის ღვთისმოყვარება რომ იხილა, თხოვნა შეუსრულა - სამოღვაწეოდ გამოირჩია მყუდრო ადგილი, სადაც მთავარმა ეკლესია ააშენა.

 მთელმა თესალონიკმა გაიგო წმიდა ილარიონის მოღვაწეობის ამბავი, მრავალი მოდიოდა მასთან ლოცვა-კურთხევის მისაღებად თუ ღვთივსულიერი საუბრის მოსასმენად. მისმა სათნო ცხოვრებამ ბევრს გაუღვიძა საღვთო შური და ღირსი მამის ხელით მონაზვნობა მიიღო.

 ერთხელ წარმართებმა ერთი თესალონიკელი დიაკონი შეიპყრეს. ტყვექმნილი ღვთისმსახური ლოცვით შეევედრა წმიდანს შეწევნას. იმავე ღამეს დიაკონს ძილში წმიდა ილარიონი ეჩვენა და უთხრა: „აღდეგ, ჰოი, დიაკონ და ნუ გეშინინ, რამეთუ მე ვარ, რომელსა იგი მევედრებოდე“. გამოღვიძებულმა დიაკონმა იხილა, რომ ბორკილებისგან განთავისუფლებულიყო, შეუმჩნევლად გაიარა წარმართთა შორის და თესალონიკში ჩავიდა. ქალაქში ჩამოსვილსთანავე მან წმიდანი მოინახულა და ფეხებში ჩაუვარდა მადლიერების ნიშნად. წმიდა ილარიონმა უთხრა: შვილო! ენება ღმერთსა ჴსნაჲ შენი. ამისთჳსცა ანგელოზი თჳსი მოავლინა ხატითა ჩემითა, ვინაჲთგან შენ სარწმუნოებით ჩემ ცოდვილისა სახელსა ხადოდე და გამოგჴსნა მწარისა ტყუეობისაგან. ამისთჳსცა ჰმადლობდი ღმერთსა მოქმედსა საკჳრველებათასა“.

 წმიდა ილარიონმა მთელი ცხოვრება თესალონიკში გაატარა. თავისი აღსასრული მას წინასწარ ეუწყა უფლისაგან, ქალაქის მთავარი დაიბარა, მადლობა უთხრა ყველაფრისათვის და ანდერძად გლახაკთა და მონაზონთა სიყვარული, სამართლიანობა და მოწყალება დაუტოვა.

 დამწუხრებულმა მთავარმა მარმარილოს ლუსკუმა გაამზადებინა წმიდანის ნეშტისათვის. წმიდა ილარიონის სამარხთან სარწმუნოებით მისულნი ყოველგვარი სენისგან იკურნებოდნენ. ამ სასწაულების შესახებ ბიზანტიის კეისარს, ბასილი მაკედონელს (867-886) აცნობეს თესალონიკის მთავარმა და მთავარეპისკოპოსმა. კეისარმა ულუმბოდან მასთან ჩამოსულ მამებს თესალონიკის ამბები მოუთხრო. მამათა შორის ის მამასახლისიც აღმოჩნდა, რომელმაც წმიდა ილარიონს განდევნა დაუპირა ულუმბოს მთიდან, იგი დაწვრილებით მოუყვა კეისარს ნანახსა და გაგონილს. ბასილი დაინტერესდა ილარიონის თანამემამულე მოწაფეებით. მას მიჰგვარეს სამი მოხუცებული ბერი. მამების სიწმიდით გაკვირვებულმა კეისარმა კონსტანტინოპოლის პატრიარქთან გაგზავნა ისინი ლოცვა-კურთხევისათვის.

 პატრიარქმა ძმური სიყვარულით მოიკითხა სტუმრები, აკურთხა და მათი ლოცვაც მიიღო. ის მიხვდა, რომ ამ სამ მოხუცში დიდი მადლი ტრიალებდა და კეისარს ურჩია, პატივი მიეგო მათთვის.

 კეისარმა წმიდა ილარიონის მოწაფეებს შესთავაზა: „გამოირჩიენ ღირსებამან თქუენმან მონასტერი, სადაც გენებოს, თქუენთჳს და ნათესავისა თქუენისათჳს“. მამებმა უარი შეჰკადრეს, რადგან სხვის აშენებულში შესახლება არ იყო სწორი საქმე. მაშინ ბასილი კეისარმა თვითონ შეარჩევინა მამებს სამონასტრი ადგილი და მალე დიდი ტაძარი ააშენა. იქვე თავისთვის ერთი სენაკიც მოიწყო: „ესე იყოს საყოფელი ჩემი მახლობელად ღირსთა ამათ მამათა, რაჲთა ლოცვითა მათითა ინებოს ღმერთმან ჴსნაჲ ჩემი მოსაგებელისაგან ცოდვათა ჩემთაჲსა“. მონასტერს რომანა-წმიდა უწოდეს. კეისარმა თავისი ძე, ლეონი და ალექსანდრე მიჰგვარა ღირს მამებს აღსაზრდელად.

 ბასილი კეისარმა წმიდა ილარიონის ნაწილების გადასვენება ინება სატახტო ქალაქში, თესალონიკში თავისი ხალხი გაგზავნა და თან წერილიც გააყოა: „ბასილი მეფე, ცოდვილი მონაჲ ცათა მეუფისაჲ, გევედრები, წმიდაო მამაო ილარიონ, აღმოვედ ქალაქად სამეუფოდ, დაღაცათუ არა ღირს ვიქმენ პირისპირ ხილვად შენდა, გარნა აწ ღირს მყავ ამბორისყოფად წმიდათა ნაწილთა შენთა და იხაროს ქალაქმან ამან სამეუფომან შემთხუევითა მათითა და მადლი შენი იყავნ ჩუენ თანა, ამინ“.

 თესალონიკელები არ დათანხმდნენ წმიდა ილარიონის ნაწილების მიცემაზე. კეისრის კარისკაცები იძულებულნი გახდნენ, ღამით მალულად გაეხსნათ ლუსკუმა და წმიდანის ნაწილები ჩუმად წაესვენებინათ.

 კეისარმა, პატრიარქმა, მთელმა ერმა გალობით, ლიტანიობით, საკმევლის კმევით მიიღეს წმიდა ილარიონის ნაწილები. კეისარმა ის დროებით თავის პალატში დაასვენა, სანამ განსაკუთრებულ საძვალეს ააშენებდა მისთვის.

 მესამე ღამეს მეფე კეთილსურნელებამ გამოაღვიძა. როცა მეფემ კვლავ მილულა თვალები, სამღვდელო სამოსში ჩაცმული წმიდა ილარიონი გამოეცხადა და უთხრა: „კეთილად ჰყავ შეწყნარებაჲ ჩემი, ჰოი, მეფე, უცხოჲსა ამის და გლახაკისაჲ, გარნა სულნელებაჲ ესე, რომელ იყნოსე, არა მომიგიეს მე იგი ქალაქთა შინა, არამედ უდაბნოთა. აწ უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულებით მადლი გაქუნდეს, წარმიყვანე მე უდაბნოსავე ადგილსა“.

 კეისარმა პატრიარქს და მთავრებს აუწყა ყოველივე, შემდგომ დიდი პატივით წაასვენა წმიდა ილარიონის ნაწილები რომანა-წმიდის მონასტერში და მის მოწაფეებს ჩააბარა.

წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)

19 (02.12) ნოემბერი

წმიდა წინასწარმეტყველი აბდია, ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი (ამ წინასწარმეტყველებს „მცირე“ მათი წიგნების მოცულობათა სიმცირის გამო ეწოდებათ), ქრისტეს შობამდე IX საუკუნეში ცხოვრობდა. იგი სიქემის მახლობლად მდებარე სოფელ ბითარამიდან იყო და ისრაელის უსჯულო მეფის, აქაბის ეზოსმოძღვრად მსახურობდა. ამ დროს მთელი ისრაელი განუდგა უფალს და ბაალს წირავდა მსხვერპლს, აბდია კი აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთს მტკიცედ ერთგულებდა და ფარულად მსახურებდა. როცა აქაბის ცოლი, უსჯულო და გარყვნილი იეზებელი უფლის წინასწარმეტყველებს დევნიდა, აბდია იფარებდა და საზრდელს აწვდიდა მათ. აქაბის მემკვიდრემ, მეფე ოქოზიამ სამი რაზმი გაგზავნა წმიდა წინასწარმეტყველ ელიას (ხს. 20 ივნისს) შესაპყრობად. მათგან ერთ-ერთს წმიდა აბდია წინამძღვრობდა. ელიას ლოცვით ორი რაზმი ზეციდან გარდამომხდარმა ცეცხლმა შთანთქა, აბდია და მისი მეომრები კი უფალმა შეიწყნარა (4 მეფ. 1). ამ დროიდან ნეტარმა დატოვა სამხედრო სამსახური და წინასწარმეტყველ ელიას შეუდგა. შემდგომში მან თავადაც მიიღო წინასწარმეტყველების ნიჭი. წმიდა აბდიას ღვთივსულიერი თხზულება - საწინასწარმეტყველო წიგნი მეოთხე ადგილზე დგას მცირე წინასწარმეტყველთა წიგნებს შორის. იგი შეიცავს წინასწარმეტყველებებს ახალი აღთქმის ეკლესიის შესახებ. წმიდა აბდია სამარიაშია დაკრძალული.

 წმიდა მოწამე ბარლაამი (+დაახლ. 304)

19 (02.12) ნოემბერი

წმიდა მოწამე ბარლაამი სირიის ანტიოქიაში ცხოვრობდა. როცა იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, უკვე მხცოვანი ბარლაამიც შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. მტარვალის ბრძანებით იგი საკერპოში შეიყვანეს, წარმართული სამსხვერპლოს წინ დააყენეს და მარჯვენა ხელისგულზე გახურებული ნახშირი დაუდეს. უსჯულო ხელისუფალი ფიქრობდა, რომ ბარლაამი ვერ გაუძლებდა ტკივილს, ნაკვერჩხალს საკურთხეველზე დაყრილ საკმეველზე დააგდებდა და, ამგვარად, კერპს მსხვერპლს შესწირავდა, მაგრამ ნეტარ მოწამეს მანამ ეპყრა ხელთ გავარვარებული მუგუზლები, სანამ ხელები არ დაეწვა. ამის შემდეგ მან სული უფალს შეჰვედრა (+304).

 ღირსი ბარლაამ და იოდასაფი - ინდოეთის მეფის ძე და მამა მისი აბენესი (IV)

19 (02.12) ნოემბერი

ღირსი ბარლაამი (ბალაჰვარი) და იოასაფი (იოდასაფი) - ინდოეთის მეფის ძე და მამა მისი აბენესი. ინდოეთში წმიდა თომა მოციქულმა იქადაგა ქრისტიანული სარწმუნოება და დააარსა წმინდა ეკლესია, მაგრამ ქვეყანა მაინც ძირითადად წარმართული აზროვნების ტყვეობაში დარჩა. IV საუკუნეში ინდოეთს წარმართი მეფე აბენესი მართავდა. იგი დიდხანს იტანჯებოდა უშვილობით, მაგრამ ბოლოს ყოვლადსახიერმა უფალმა მემკვიდრე მიანიჭა. გახარებულმა აბენესმა ახალშობილ ყრმას იოასაფი (იოდასაფი) დაარქვა, კიდევ უფრო ადიდა წარმართული ღმერთები და ვარსკვლავთმრიცხველებს, ფილოსოფოსებსა და მისნებს მოუწოდა, „რათა აუწყონ, თუ რა წინა-უც ძესა მისსა“. შემოკრებილთაგან უბრძნესმა ხელმწიფეს აუწყა, რომ იოასაფი მამისთვის საძულველ ქრისტეს სჯულს მიიღებდა. ეს რომ ესმა, აბენესს სიხარული მწუხარებად გადაექცა, ბრძანა, სამ დღეში ყველა ქრისტიანს დაეტოვებინა მისი სამეფო.

 თავისი ძისთვის ხელმწიფემ ააგო სასახლე, სადაც განკერძოებულად უნდა აღეზარდათ ისე, რომ მაცხოვრისა და მისი სწავლების შესახებ ერთი სიტყვაც არ გაეგონა. როცა იოასაფი წამოიზარდა, მამას სასახლიდან გასვლისა და ქვეყნის მოხილვის ნებართვა სთხოვა და აბენესმაც შეუსრულა გულისწადილი. მაშინ იოასაფმა შეიტყო, რომ არსებობს ტანჯვა, სნეულება, სიბერე და სიკვდილი, სცნო, „რომ არღარა ჰამო არს ცხორება ესე საწუთროისა“ და მტანჯველ ფიქრებს მიეცა.

 ამ დროს შორეულ უდაბნოში მოღვაწეობდა ღვთივგაბრძნობილი ბერი ბარლაამი (ბალაჰვარი), რომელსაც უფალმა აუწყა, რომ ჭეშმარიტების არსზე ჩაფიქრებულ მეფისწულს სულიერი წინამძღვარი სჭირდებოდა. წმიდანმა დატოვა სამოღვაწეო ადგილი, ვაჭრის სამოსელი გადაიცვა, სასახლეში მივიდა და მეფისწულის გამზრდელს შეუთვალა: „მაქვს მე თვალი პატიოსანი და უკუეთუ გნებავს, მიიღე იგი მეფისა ძისათვის, რამეთუ ბრმათა აღუხილავს თვალთა და ყრუთა ასმენს, და უტყვთა ატყვებს, და უძლურთა ჰკურნებს და ნაკლულევანთა განამდიდრებს და მტერთა ზედა მძლე ჰყოფს, და ყოველსა საწადელსა გულისასა მოატყვებს“. ღვთის ნებით, მან შეაღწია იოასაფთან და ჯერ იგავებით, შემდეგ კი წმიდა სახარებიდან და სამოციქულოდან მოხმობილი ადგილებით ქრისტიანული სწავლება განუმარტა. ბარლაამის შეგონებებიდან ჭაბუკმა გულისხმაყო, რომ ძვირფასი თვალი - მაცხოვრის სარწმუნოებაა, გულით მიიღო იგი და მოინათლა. წასვლის წინ წმიდა მოძღვარმა სულიერ შვილს დაუბარა: „დაუმარხე ღმერთსა სჯული მისი, რომელი მოგცა ჩემ მიერ. განეკრძალე, რათა არა გარდაჰხდე მცნებათა მისთა და შთაჰვარდე მთხრებლსა წარწყმედისასა“. პასუხად კი მიიღო: „შენ მხადი ძედ მეფისა და არა ვარ ძე მეფისა, არამედ მონა და ძე მეუფისა უკვდავისა“.

„ამიერითგან იწყო იოდასაფ მარხვად და ლოცვად ღმრთისა მიმართ. და რაჟამს კაცნი დაწვიან, მან იწყის ღამის თევად და ტირილითა და სულთქმითა აღასრულებდა ლოცვათა თვისთა“.

 როცა ძის გაქრისტიანება შეიტყო, აბენესი რისხვამ და მწუხარებამ შეიპყრო. მაშინ ერთ-ერთმა დიდებულმა მას აუწყა ჯადოსნის, ნაქორის შესახებ, რომელიც გარეგნულად ძლიერ ჰგავდა ბარლაამს და ურჩია, ის გამოეყენებინათ მეფის ძის წარმართობისკენ მისაბრუნებლად. მეფის მხედრებმა უდაბნოში ბარლაამის თანამოსაგრეები მოიძიეს, დახოცეს, ნაკუწ-ნაკუწ აჩეხეს და მათი ნაწილები გზაზე მიმოაბნიეს. ბარლაამის ნაცვლად, რომელსაც, ღვთის ნებით, ვერ მიაკვლიეს, მათ ქალაქში ნაქორი ჩაიყვანეს. ამის შემდეგ, აბენესის ბრძანებით, ქრისტიანები და წარმართები ერთმანეთს დაუპირისპირეს. კამათში ქრისტიანების მხრიდან იოასაფის გარდა, ბარლაამად საგონებელ ნაქორს უნდა მიეღო მონაწილეობა და თავი დამარცხებულად ეცნო. ღვთის განგებით, ქრისტიანულ სწავლებას გაცნობილმა ჯადოქარმა არა მარტო დაამარცხა წარმართები, არამედ წრფელი გულით ირწმუნა ქრისტე, შეინანა, მოინათლა და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ.

 ამის შემდეგ მეფემ მოუწოდა უმშვენიერეს ქალწულებს და იოასაფის ცოლობას დაჰპირდა მას, ვინც მის ცთუნებას შესძლებდა. ასულები „წინა უროკვიდეს და სტვირითა და ჩანგებითა ქებასა შეასხმიდეს“ მეფის ძეს. წმინდანი ვნებების დასაცხრობლად სანთლის ალზე ადებდა ხელს და ტკივილისაგან შეწუხებული, ბრძნულად ამხელდა საკუთარ თავს: „ჰოი, იოდასაფ საწყალო, უკუეთუ ვერ დაუდგამ აწ ცეცხლსა შენსავე აღნთებულსა და კვალად დაშრეტადსა და მას საუკუნეთა ვითარ დაუდგნე ცეცხლსა დაუშრეტელსა და ვითარ მოითმენ ბნელსა მას გარესკნელსა? აწ დასცხერ ბოროტისაგან და ცოდვისა“.

 იოასაფს სიბრძნისა და გონიერებისათვის ძლიერ მოეწონა ერთ-ერთი მისთვის მიჩენილ ქალწულთაგანი - მეფის ასული, რომელიც აბენესს ტყვედ ჰყავდა წამოყვანილი. ეს დედაკაცი ნეტარს ევედრა, მხოლოდ ერთი ღამე თანა-ჰყოფოდა მას, თუ სურდა, რომ მისი სული გადაერჩინა და ქრისტიანობაზე მოექცია. იოასაფიც „მიდრკა ნებასა ქალისასა მიზეზითა, რათა აცხოვნოს იგი, და შეაშთობდეს გულის-სიტყვანიცა“. ამასობაში მას ჩაეძინა და სიზმრისეულ ჩვენებაში იხილა მართალთათვის განმზადებული „საშვებელნი მრავალფერნი სამოთხისანი“ და ჯოჯოხეთის სატანჯველები - ცოდვილთა საუკუნო მისაგებელი. გამოფხიზლებულმა, გულისხმაყო ზეციური შეგონება, ადიდა უფალი და ყველა ქალი გაასხა სასახლიდან.

 მეფემ დიდებულთა რჩევით იოასაფი თავისი სახელმწიფოს ერთ ნახევარზე გაამეფა. ნეტარი მეფისწული წინ არ აღდგომია მამის ნებას - „არა თუ სიყვარულისათვის მეფობისა, არამედ მორჩილებისათვის“. ტახტზე ასვლის შემდეგ მან მამისგან ბოძებული ოქრო-ვერცხლი გლახაკებს დაურიგა, ააღორძინა დაქცეული ტაძრები, ახლებიც ააგო და ღვთისმსახურება კეთილად გამართა. აბენესმა იხილა „მოკლება სამეფოისა მისისა“ და იოასაფის სამეფოს საოცარი აყვავება და ირწმუნა ქრისტე, მოინათლა და მთელ ერს ნათელსცა.

გავიდა მცირე ხანი და დასნეულებული აბენესი მიიცვალა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „აწ, შვილო ჩემო, მეცა გამცნებ, ვითარცა-იგი შენ მამცნებდი, და გამხილებ, ვითარცა შენ მე მამხილებდი, რათა შეურაცხყო სოფელი და ყოველი, რა არს სოფელსა შინა, და ღმერთი ოდენ მოიპოვე და ლოცვათა შინა ხსენებულ მყავ, შვილო ჩემო!“ მოსიყვარულე ძემ ურიცხვი მოწყალებაც გასცა მამის სულის მოსახსენებლად, შემდგომ კი ფარულად დატოვა სამეფო ტახტი და ძონძებით შემოსილი გაუყვა გზას უდაბნოსაკენ, მაგრამ ქვეშევრდომებმა მოაბრუნეს და შეახსენეს პასუხისმგებლობა, რომელიც სამეფოს წინაშე ეკისრებოდა, რაზეც უფლის რჩეულმა მიუგო: „რა სარგებელ არს, უკეთუ ყოველი სოფელი შეიძინოს კაცმან და სული თვისი წარიწყმიდოს, გინა იზღვიოს“, თავის ნაცვლად მეფემ კეთილმსახური ბარაქია დაადგინა და „მსწრაფლ წარვიდა უდაბნოს“. ორი წლის ხიფათითა და განსაცდელებით სავსე მოგზაურობის შემდეგ მან მიაკვლია წმინდა ბარლაამს, რომელიც მდუმარების ღვაწლში იმყოფებოდა. „მოეხვივნეს ქედთა ურთიერთას, შეიტკბნეს და ტიროდის და ჰამბორსუყვეს“. ამსოფლიდან განსვლის წინ წმინდა ბარლაამმა საღმრთო ლიტურგია აღასრულა, თავადაც ეზიარა და მოწაფეც აზიარა ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს, რის შემდეგაც, არაამქვეყნიური ნათლით სახეგაბრწყინებულმა, სული უფალს შეჰვედრა. უდაბნოში წმიდა ბალაამმა თავისი საუკუნოვანი სიცოცხლის შვიდი ათწლეული გაატარა. როცა მოძღვრის დაკრძალვის შემდეგ დამწუხრებულ იოასაფს ჩაეძინა, სიზმრად იხილა „კაცნი ვინმე ნათლისანი“, რომელთაც პატიოსანი თვლებით მოოჭვილი გვირგვინები ეპყრათ ხელთ. „ესე გვირგვინი მათთვის არს, რომელნი სწავლითა შენითა წარუდგინენ ღმერთსა“, - თქვეს მათ, და განაგრძეს: „ესე ერთი შენი არს ღვაწლთა მათთვის, რომელ თავს-ისხენ, და ერთი მამისა შენისა არს, რამეთუ მოიქცა ღმრთისა“. იოასაფმა გაიკვირვა: „და რა სწორება არს, რომელმან მცირედ შეინანოს, მოღვაწისა თანა?“ მაშინ მას ბარლაამი გამოუჩნდა და მიუგო: „მოიხსენე, ძეო მეფისაო, ოდეს-იგი გეტყოდე, ვითარმედ: ოდეს განჰმდიდრდე, არა გინდეს მიცემად მოყვასისა. და აწ გშურს მამისათვისცა შენისა“. სულით განმტკიცებულმა იოდასაფმა თავისი მოძღვრის მღვიმეში განაგრძო მოღვაწეობა და ოცდათხუთმეტი წლის მეუდაბნოე ცხოვრების შემდეგ, სამოცი წლის ასაკში, მიიცვალა. მეფე ბარაქიამ ერთი ბერის მინიშნებით მიაკვლია მღვიმეში დაკრძალული ბარლაამისა და იოასაფის უხრწნელ და კეთილსურნელოვან ნაწილებს, თავის სამშობლოში გადაასვენა და მეფისწული იოასაფის მიერ აგებულ წმიდა სამების ტაძარში დაჰფლა.

 ბარლაამისა და იოასაფის ცხოვრება შუა საუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ძეგლია. თხზულება ქართულად IX საუკუნეში უთარგმნიათ არაბული ენიდან. იგი ჩვენამდე ორი - ვრცელი და მოკლე - რედაქციითაა მოღწეული.

 X-XI საუკუნეთა მიჯნაზე, გიორგი მთაწმიდელის ცნობით, ექვთიმე მთაწმინდელს ქართული „ბალავარიანი“ ბერძნულად უთარგმნია. ბერძნულის გზით კი თხზულება დასავლეთ ევროპაში გავრცელდა.

 წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)

19 (02.12) ნოემბერი

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარი ისავრიაში (მცირე აზია) ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. აზა თავდაპირველად მეომარი იყო, მაგრამ შემდეგ დატოვა სამხედრო სამსახური და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. წმიდა ცხოვრებისათვის უფალმა მას სასწაულთქმედებისა და კურნების ნიჭი მიმადლა. როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ეპარქ აკვილინეს ბრძანებით აზაც დაატუსაღეს. წმიდანმა მის შესაპყრობად გაგზავნილი ასორმოცდაათი მხედარი გზად ქრისტიანობაზე მოაქცია და მისივე ლოცვით სასწაულებრივად აღმოცენებულ წყაროში მონათლა. ახალნათელღებულ მეომრებს სურდათ, გაეთავისუფლებინათ წმიდა აზა, მაგრამ უფლის რჩეულმა აიძულა ისინი, აღესრულებინათ მცნება ხორციელი ხელისუფლების მორჩილების შესახებ და ეპარქთან მიეყვანათ. სამსჯავროზე მხედრებმა ნეტარ აზასთან ერთად მტკიცედ აღიარეს ქრისტიანული სარწმუნოება, რისთვისაც ყველას თავები მოკვეთეს. აკვილინემ მათთან ერთად სიკვდილით დასაჯა საკუთარი ცოლი და ასულიც, რომლებიც ესწრებოდნენ აზას წამებას და, იხილეს რა მისი შეურყევლობა, ქრისტიანობაზე მოექცნენ.

წმიდა მოწამე ილიოდორე (+273)

19 (02.12) ნოემბერი

წმიდა მოწამე ილიოდორე ქალაქ მაგიდაში (პამფილია) ცხოვრობდა იმპერატორ ავრელიანეს (270-275) ზეობისას. ქალაქის თავმა, აეციმ სასტიკად აწამა იგი ქრისტეს აღსარებისათვის, ბოლოს კი თავი მოჰკვეთა (+დაახლ. 273).

 წმიდა მოწამე რომანოზი (+303)19 (02.12) ნოემბერი

წმიდა მოწამე რომანოზის შესახებ იხილეთ 18 ნოემბრის საკითხავში.

analytics
13.08.2025 - საბრძოლო მოქმედებების მიმოხილვა დონეცკის ოლქში - გიორგი კობერიძე
ალასკის კონფერენციამდე რუსები დიდი მსხვერპლისა და ტექნიკის განადგურების ხარჯზე დაწოლას ახორციელებენ უკრაინული პოზიციების წინააღმდეგ და მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის დაკავებას ცდილობენ. კრემლი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებისას რაც უფრო უკეთესი პოზიცია გაქვს სამხედრო თვალსაზრისით, მით უფრო ადვილად შეგიძლია მოითხოვო პოლიტიკური თვალსაზრისით.
 
ფრონტის ხაზი დონეცკის ოლქში პირველი მსოფლიო ომის ვითარებას მოგვაგონებს. სანგრები, სპეციალური ფორტიფიკაციები და საარტილერიო ჭურვების დაცემისაგან გაკეთებული კრატერები გვხვდება განსაკუთრებით პოკროვსკისა და დობროპოლიას მონაკვეთზე.
- რუსებმა წარმატებული გარღვევა განახორციელეს პოკროვსკის ჩრდილოეთით, დობროპილიას სიახლოვეს. ამ ყველაფერს ჯერ მასირებული საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა უძღოდა წინ, შემდეგ გვერდი აუარეს რამდენიმე უკრიანულ საყრდენ პუნქტს და ბოლო ერთ კვირაში დაახლოებით 10 კილომეტრი წაიწიეს წინ, რაც საკმაოდ დიდი წინსვლაა ომის მოცემული დინამიკიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს დივერსანტებისა და მცირე ჯგუფების შეტევას ჰგავდა, როგორც ჩანს რუსებმა საკმაოდ დიდი ძალები ჩართეს ამ გარღვევის განსახორციელებლად.
 
- ამის საპირისპიროდ და რუსული გარღვევის შესაკავებლად გუშინ უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა, რამაც დღეს ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. კონტრშეტევაში ჩაბმულია აზოვის ბრიგადაც. რუსები საკმაოდ დიდ ფსონს დებენ ამ გარღვევაზე და ცოცხალი ძალის შტურმითა და საარტილერიო დარტყმებით ცდილობენ უკრაინული კონტრშეტევის ჩაშლას, თუმცა მათი მხრიდან გარღვევის ვიწრო ყელი 5 კილომეტრია, რაც უკრაინელთა მხრიდან გადაჭრისა და მათი დატყვევების საშუალებას ქმნის.
 
დეტალები რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი (თუმცა გარკვეული პოზიტიური სიგნალები და რუსი ტყვეების შესახებ ინფორმაცია არის, მაგრამ სრულ სურათში როგორია ვითარება ნაადრევია თქმა). თუკი რუსული შეტევა ჩავარდება, ეს მათთვის მნიშვნელოვანი დემორალიზების წყარო გახდება. შესაძლოა ვიხილოთ ტყვეებიც. წარმატების შემთხვევაში კი მათი მხრიდან დობროპილიასათვის საფრთხის შექმნა ან ფორტიფიცირებულ უკრაინულ ქალაქ დრუჟკივკასაკენ გადახვევა გამორიცხული არ იქნება, ისევე როგორც კრამატორსკი-დობროპილიას გზის გადაჭრის საშუალებაც.
 
- უფრო სამხრეთით, რუსები ცდილობენ დობროპილია-პოკროვსკის მომარაგების ხაზი გადაჭრან. პოკროვსკი-მირნოჰრადის აგლომერაციისაკენ მაგისტრალური ორი მთავარი გზა მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ რუსები მათ აქტიურად ბომბავენ, უკრაინელები მაინც ახერხებენ ორივე მათგანის შენარჩუნებას და ტვირთების გატარებასაც. რუსული მომარაგება ძირითადად რკინიგზით ხდება, ხოლო შეტევისას ისინი სამანქანო გზებსა და მათ მომიჯნავე ტერიტორიებს მიუყვებიან. საბრძოლო წარმატება მომარაგებაზეცაა დამოკიდებული. უკრაინული დრონები განსაკუთრებით აქტიურობენ ამ სექტორში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს რუსების შეტევის სისწრაფესა და მათი ლოჯისტიკისათვის საფრთხის შექმნას. იმავეს ცდილობენ რუსებიც.
 
- დონეცკის ოლქში, პოკროვსკისა და დობროპილიას გარდა, უკრაინას ოთხი მთავარი ქალაქი აქვს ფორტიფიცირებული: კოსტიანტინივკა, დრუჟკივკა, კრამატორსკი და სლოვიანსკი. ამ ქალაქების აქტიური ფორტიფიცირება 2022 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა შეტაკებები ჯერ კიდევ 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც რუსი ბანდფორმირებები აღნიშნული დასახლებებიდან ბრძოლით გაყარეს და შემდეგ უკრაინული თავდაცვის ზღუდეები შეიქმნა აქ. სანამ ეს ქალაქები დგას, მანამდე დონეცკის ოლქის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უკრაინელთა ხელში რჩება. ამ ქალაქების დაცემის შემთხვევაში არამხოლოდ დონეცკის ოლქს იგდებენ რუსები ხელში, არამედ დანარჩენ აღმოსავლეთ უკრაინასაც დაემუქრება საფრთხე.
 
სწორედ ამ ქალაქების დათმობას სთხოვს რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების წინაპირობად. ანუ ჯერ დათმე ეს ქალაქები და მერე შევძლებთ მოლაპარაკებებსო. და თან ეს ყველაფერი ზაპორიჟიას, ხერსონისა და ლუგანსკის ოლქების დათმობასთან ერთად. თავი რომ დავანებოთ დანარჩენ რეგიონებს, ამ ოთხი ფორტიფიცირებული ქალაქის დაკარგვა, უკრაინის უსაფრთხოებისათვის ძალიან სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა. დნიპროპეტროვსკის ოლქში, პავლოგრადამდე დიდი დასახლება აღარცაა. შესაბამისად, ის, რასაც რუსები ითხოვენ, უკრაინული უსაფრთხოების სისტემისათვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.
 
- შედარებით უკეთესი სიტუაციაა სლოვიანსკის აღმოსავლეთით, ლიმანის მიმართულებაზე, ლუგანსკის ოლქის მომიჯნავედ, სადაც უკრაინელებმა რუსეთის მხრიდან წარმოებული რამდენიმე მასირებული შეტევის მოგერიების შემდეგ თავად დაიწყეს ჯერჯერობით ლოკალური კონტრშეტევა. გამოითქვა მოსაზრება, რომ თუკი წელს კონტრშეტევა იქნება, უკრაინელებმა სწორედ ლუგანსკის მიმართულებაზე უნდა გააკეთონ აქცენტი კვლავ. ეს პოლიტიკურადაც გამართლებული იქნება და სამხედრო თვალსაზრისითაც. პოლიტიკურად იმიტომ, რომ იმ რეგიონში დაბრუნდება საბრძოლო მოქმედებები, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ სრულად აკონტროლებს (თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს), ხოლო სამხრედრო თვალსაზრისით იმიტომ, რომ ამ რეგიონს ახლა რუსული საუკეთესო ნაწილები არ იცავენ, თუმცა მომარაგების ხაზების ნაწილი სწორედ მასზე გადის, ისევე როგორც სამეთაურო პუნქტები (კრემინასა და ლისიჩანსკში). შეტევის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი ხარკივის ოლქში, ქალაქ კუპიანსკისაც მოეხსნება საფრთხე. თუმცა 2022 წლის ბოლოდან ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილი საკმაოდ ფორტიფიცირებულია რუსეთის მიერ.
 
- რაც შეეხება მოლაპარაკებებს. ტრამპის რიტორიკა ტერიტორების დათმობა-გაცვლასთან დაკავშირებით რას გულისხმობს არაა ნათელი, მაგრამ უკრაინა და ევროპა მას ვერ დასთანხმდება. ტერიტორიების გადაცემა რუსეთისათვის არამხოლოდ პოლიტიკურად იქნება ძალიან მძიმე დარტყმა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის, არამედ შეაჩერებს თუ არა ომს ესეც საკითხავია, რადგან რუსეთი უბრალოდ არ აღიარებს უკრაინის უფლებას იყოს სუვერენული სახელმწიფო. ამასთან ცნობილია რომ 2003 წელს უკრაინა-რუსეთს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება დაიდო, რომელზეც რუსეთის მრიდან პუტინმა მოაწერა ხელი, მაგრამ რატიფიცირებიდან 10 წელიწადში თავადვე დაარღვია ის - რუსული სტილია ის, რომ ის ომს იწყებს და არღვევს შეთანხმებებს მაშინვე, როდესაც ის თავს ძლიერად იგრძნობს. დღეს კი უფრო სწრაფად ვითარდება მოვლენები. შესაბამისად, დაპყრობითი ომის წარმატება მიეცეს რუსეთს და უკრაინამ სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტია თუ ვერ მიიღო, ეს უკრაინასთან ერთად ევროპის (და ჩვენი) უსაფრთხოების სისტემის ჩამოშლაც იქნება.
 
ევროპელები და უკრაინელები მოლაპარკებების წინაპირობად უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ასახელებენ, რომლის უარყოფის შემთხვევაშიც რუსეთს ტოტალური სანქციები უნდა დაედოს.
 
2018 წელს როდესაც პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა შედგა ჰელსინკიში ისე ჩანდა თითქოს პუტინი უფრო მძლავრად გამოიყურებიდა, ტრამპი კი დაბნეული იყო, მაგრამ მალევე შეიცვალა ვითარება და რუსეთმა ამ შეხვედრიდან ბევრი ვერაფერი მიიღო გარდა პოლიტიკური კაპიტალისა. შესაძლოა ახლაც იგივე სურათი ვიხილოთ.
 
თუმცა აშშ-ს ძალიან გამოცდილი დიპლომატი და ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი აღნიშნავს, რომ ტრამპი ახლა უფრო სერიოზულად ემზადება შეხვედრისათვის, ვიდრე ეს 7 წლის წინ იყოო. მან იცის, რომ ამ შეხვედრამ შეიძლება მისი პრეზიდენტობის საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობაც კი განსაზღვროსო, თუმცა ძალიან სერიოზული პრობელმაა ის, რომ ტრამპს ახლა შეთანხმება უფრო უნდა ვიდრე მაგიდაზე ხელის დაკვრაო. მიუხედავად ამისა, შეიძლება ტრამპს არ მოუნდეს სუსტ და დამთმობ ლიდერაც წარმოჩენა. მისი გუნდიც კარგად ემზადება შეხვედრისათვის. თუმცა ომის დანაშაულებისათვის ძებნილ პუტინთან შეხვედრა უკვე გარკვეული დათმობაა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way