USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 18 ნოემბერს?
Date:  723

16 ნოემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა მოწამენი: გალაქტიონი და ეპისტიმია (III)

5 (18) ნოემბერი

წმიდა მოწამენი: გალაქტიონი და ეპისტიმია. მდიდარი და დიდებული, მაგრამ უშვილო კლიტოფონი და ლევკიპია ფინიკიის ქალაქ ემესაში ცხოვრობდნენ. ისინი უხვად სწირავდნენ ოქროებს წარმართ ქურუმებს, მაგრამ მემკვიდრე მაინც არ ეძლეოდათ.

III საუკუნეში ქალაქ ემესას განაგებდა რომაელი კეისრებისგან დადგენილი სირიელი სეკუნდუსი. იგი ქრისტიანთა დაუნდობელი მდევნელი იყო და მათ დასაშინებლად ქალაქის ქუჩებში წამების ამაზრზენი იარაღების გამოფენა ბრძანა. მიუხედავად ამისა, ქრისტესთვის სატანჯველთა დათმენის მოსურნე მრავალი ქრისტიანი ნებით ბარდებოდა ჯალათებს.

ამ დროს ემესაში ცხოვრობდა მღვდელ-მონაზონი ონოფრე, რომელიც გლახაკის ძონძებით ფარავდა თავის სამღვდელო ღირსებებს, სახლიდან სახლში გადადიოდა და მოწყალებას ითხოვდა. ყველგან, სადაც ადამიანების წარმართთა ცთომილებისგან დახსნის შესაძლებლობას ხედავდა, ნეტარი ქრისტეს სარწმუნოებას ქადაგებდა. ერთხელ მოხუცი ლევკიპიას მდიდრულ სახლშიც მივიდა. როცა ქალისგან მოწყალებას იღებდა, ონოფრემ იგრძნო, რომ იგი დამწუხრებული იყო და სევდის მიზეზი ჰკითხა. ლევკიპიასაც არ დაუმალავს თავისი უბედურება. ბერმა ანუგეშა უშვილო დედაკაცი, მოუთხრო ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ და დაარწმუნა ის ქრისტეს ყოვლისშემძლეობასა და გულმოწყალებაში. ლევკიპია იმედით აღივსო, ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. მალე ღვთისმოსავ ქალს ძილში ეუწყა, რომ შობდა ძეს, რომელიც მაცხოვრის ჭეშმარიტი მიმდევარი შეიქნებოდა. თავდაპირველად ლევკიპია მეუღლეს არ უცხადებდა თავის სიხარულს, მაგრამ როცა ყრმა იშვა, გაუმხილა საიდუმლო და ნათლობაზეც დაიყოლია.

ახალშობილს გალაქტიონი დაარქვეს. მშობლებმა იგი ქრისტეს მცნებების ერთგულებით აღზარდეს და შესანიშნავი განათლება მისცეს. წმიდანს ბრწყინვალე საეროკარიერის გაკეთება შეეძლო, მაგრამ იგი უბიწო ცხოვრებას - განმარტოებასა და ლოცვას ესწრაფოდა.

როცა გალაქტიონს ოცდაოთხი წელი შეუსრულდა, მამამ მისი დაქორწინება გადაწყვიტა და სასძლოც მოუძებნა - მშვენიერი და დიდებული ქალწული, სახელად ეპისტიმია. ყმაწვილი მამის ნების წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ, ღვთის განგებულებით, ჯვრისწერა დროებით გადაიდო. გალაქტიონმა, რომელიც ხშირად დადიოდა თავის საცოლესთან, თანდათან ისიც მოაქცია ქრისტიანობაზე და ფარულად მონათლა. ეპისტიმიასთან ერთად ნათელიღო მისმა ერთ-ერთმა მონამ - ევტოლმიუსმაც. ახალმოქცეულებმა გალაქტიონის მიბაძვით გადაწყვიტეს, მონაზვნურ ღვაწლს შესდგომოდნენ. მათ დატოვეს ქალაქი და მიაშურეს პუბლიონის მთას, სადაც ფარულად არსებობდა ორი - მამათა და დედათა მონასტერი. ორივე სავანის მკვიდრნი ასაკოვანნი და უძლურნი იყვნენ, ამიტომ ყოველგვარი აუცილებელი ფიზიკური სამუშაოს შესრულება ახალმა მოწესეებმა იტვირთეს. ისინი რამდენიმე წელს მოსაგრეობდნენ შრომით, მარხვითა და ლოცვით. ერთხელ ეპისტიმიამ ძილში იხილა ჩვენება, თითქოს ის და გალაქტიონი საკვირველ სასახლეში იდგნენ ბრწყინვალე მეუფის წინაშე, რომელმაც მათ ოქროს გვირგვინები გამოუწოდა. ეს ნეტართა მოახლოებული მოწამეობრივი აღსასრულის წინასწარი განცხადება იყო.

წარმართებმა შეიტყვეს მონასტრების შესახებ და მის მკვიდრთა შესაპყრობად მეომართა რაზმი გაგზავნეს, მაგრამ ბერებმა და მონაზვნებმა მოასწრეს მთებში გახიზნვა. მხოლოდ გალაქტიონმა არ ისურვა გაქცეულიყო და, სენაკში დარჩენილი, წმიდა წერილს კითხულობდა. როცა ეპისტიმიამ იხილა, რომ მეომრებს ნეტარი შებოჭილი მიჰყავდათ, მხურვალედ ევედრა იღუმენიას, ისიც გაეშვა - სურდა, რომ თავის დაწინდულთან და მოძღვართან ერთად წამებულიყო ქრისტესთვის. წინამძღვარმაც, ცრემლმორეულმა, აკურთხა იგი მოწამეობრივ ღვაწლზე.

წმიდა გალაქტიონმა და ეპისტიმიამ ლოცვა-ვედრებითა და ქრისტეს დიდებით დაითმინეს უმძიმესი სატანჯველები. ბოლოს უღმერთოებმა ისინი ცოცხლად გაატყავეს და ისე ამოხადეს სული.

ევტოლმიუსმა - ეპისტიმიას ყოფილმა მონამ, მისმა ქრისტესმიერმა ძმამ და თანამოსაგრემ, ფარულად მიაბარა მიწას წმიდა მარტვილთა ცხედრები. თავისი თანამედროვეებისა და შემდგომი თაობების დასამოძღვრად მანვე აღწერა უფლის რჩეულთა ცხოვრება და წამება.

წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)

5 (18) ნოემბერი

წმიდა სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე (I) სხვადასხვა ქალაქებში ქადაგებდნენ სახარებას. წმიდა პატრობა (რომ. 16,14) ნეაპოლისა და პუტეოლის (იტალია) ეპისკოპოსი იყო, წმიდა ერმე (ერმი) (რომ. 16, 14) ფილიპოპოლისისა. ლინოსმა (2 ტიმ. 4,21) პეტრე მოციქულის შემდეგ დაიკავა რომის საეპისკოპოსო კათედრა, წმიდა გაიოზი კი ეფესოს ეპისკოპოსი იყო მოციქულ ტიმოთეს შემდგომ; წმიდა ფილოლოგე (რომ. 16,15) ანდრია პირველწოდებულმა სინოპის (შავიზღვისპირეთი) ეპისკოპოსად აკურთხა. უფლის რჩეულები მრავალ მწუხარებას ითმენდნენ, წარმართთა მრავალ გამოხდომას უმკლავდებოდნენ თავიანთი მღვდელმთავრული ღვაწლის დროს, ბოლოს კი ყველა მათგანმა (გარდა ერმესი) მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა ერმე მოციქული მოწამეობრივად აღესრულა ქალაქ ფილიპოპოლისში (იხ. 8 მარტის და 31 მაისის საკითხავები).

წმიდა გრიგოლი - ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი (IX)

5 (18) ნოემბერი

წმიდა გრიგოლი - ალექსანდრიის ეპისკოპოსი, ყოველგვარი სათნოებებით შემკული მღვდელმთავარი, იმპერატორ ლეონ სომეხის (813-320) დროს ეწამა წმიდა ხატთა თაყვანისცემის დაცვისათვის. ყოველგვარი წამების დამთმენი და ხატმბრძოლთა ერესის უშიშრად მამხილებელი წმიდანი გადასახლებაში აღესრულა.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way