USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 18 მაისს?
Date:  461

18 მაისს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა დიდმოწამე ირინე (I-II)

5 (18) მაისი

წმიდა დიდმოწამე ირინე ცხოვრობდა I საუკუნეში. ნათლობამდე მისი სახელი იყო პენელოპე. ის იყო ასული წარმართი ლიკინიუსისა, ქალაქ მიგდონიის (მაკედონია, ანუ თრაკია) მმართველისა. ლიკინიუსმა ქალიშვილს მდიდრული სასახლე აუშენა, სადაც ცხოვრობდა თავის აღმზრდელ კარიეასთან ერთად თანატოლებითა და მსახურებით გარემოცული. პენელოპესთან ყოველდღე მოდიოდა მასწავლებელი, სახელად აპელიანე და სხვადასხვა მეცნიერებას ასწავლიდა. აპელიანე ქრისტიანი იყო. სწავლების დროს იგი გოგონას უყვებოდა ქრისტე-მაცხოვარზე. როცა პენელოპე გაიზარდა, მშობლებმა გადაწყვიტეს მისი გათხოვება. ამ დროს უფალმა მას საოცარი ხილვა გამოუცხადა: მასთან მოფრინდნენ მტრედი - ზეთისხილის რტოთი, არწივი - გვირგვინით და ყვავი - გველით. აპელიანემ პენელოპეს აუხსნა ამ ხილვის მნიშვნელობა: მტრედმა, რომელიც სახეა სათნოებათა - მორჩილებისა, სიმდაბლისა და უბიწოებისა, მოუტანა ზეთისხილის რტო - მადლი უფლისა, რომელსაც ნათლისცემით იღებს ყოველი ადამიანი. არწივმა - სულიერი სიმაღლის სიმბოლომ - მოართვა გვირგვინი, ბოროტ ძალებზე გამარჯვებისათვის უფლისაგან მოძღვნილი ჯილდო; ყვავმა კი გველი მოუტანა ნიშნად იმისა, რომ ეშმაკი ამხედრდებოდა მის წინააღმდეგ და მწუხარებასა და დევნილობას მოუტანდა წმიდანს. საუბრის ბოლოს აპელიანემ თქვა, რომ უფალმა პენელოპე გამოარჩია და მას ზეციური სასიძოსთვის ბევრი სატანჯველის დათმენა მოუწევს. პენელოპემ უარი განაცხადა ქორწინებაზე, მოინათლა წმიდა პავლე მოციქულის მოწაფის, მოციქული ტიმოთესაგან და ეწოდა ირინე. მან მშობლების გაქრისტიანებაც მოინდომა. დედას უხაროდა შვილის მოქცევა. მამა თავიდან არ ეწინააღმდეგებოდა ქალიშვილს, მაგრამ შემდეგ მოსთხოვა, წარმართული ღვთაებებისათვის ეცა თაყვანი. როცა წმიდა ირინემ მტკიცედ უარყო მამის წინადადება, გამძვინვარებულმა ლიკინიუსმა ბრძანა, ქალწული შეეკრათ და გაუხედნავი ცხენების ფლოქვებქვეშ ჩაეგდოთ. ცხენები გაირინდნენ წმიდანის წინაშე, ბოლოს კი ერთმა აიწყვიტა, ლიკინიუსს მარჯვენა მხარი მოტეხა და ფეხებით გათელა. წმიდა ქალწული გაათავისუფლეს. მისი ლოცვით, ყველას თვალწინ, ლიკინიუსს ხელი გაუმრთელდა. ამ სასწაულის მხილველმა ლიკინიუსმა, მისმა მეუღლემ და 3000 ადამიანმა ირწმუნეს ქრისტე და უარყვეს წარმართობა. ლიკინიუსმა ქალაქის მართვას თავი დაანება, წმიდა ირინეს სასახლეში დასახლდა და სურდა იესო ქრისტეს მსახურებისთვის გადაედო თავი. წმიდა ირინემ ქრისტეს მოძღვრების ქადაგება დაიწყო წარმართთა შორის. ის ცხოვრობდა თავისი მასწავლებლის, აპელიანეს სახლში. ქალაქის ახალმა მმართველმა სედეკიამ დაიბარა წმიდა ქალწული და მოსთხოვა, მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. წმიდა ირინემ უშიშრად აღიარა ქრისტიანობა და განემზადა მოწამეობრივი ღვაწლისათვის. სედეკიას ბრძანებით წმიდანი ჩააგდეს გველებით სავსე ორმოში, სადაც 10 დღე გაატარა. იგი უვნებლად დაიცვა უფლის ანგელოზმა, რომელიც საზრდელს აწვდიდა მას. სედეკიამ ეს სასწაული ჯადოქრობას მიაწერა და ბრძანა, გაეხერხათ ქალწული. რკინის ხერხები ტყდებოდა და ვნებას ვერ აყენებდა წმიდა მოწამეს. ბოლოს, მეოთხე ხერხმა სისხლით შეღება მოწამის სხეული. სედეკიამ დაცინვით ჰკითხა წმიდანს: „სად არის შენი ღმერთი, რატომ არ გეხმარება?“ მოულოდნელად ქარიშხალი ამოვარდა, იელვა, იქუხა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა. სედეკიამ ახალი სატანჯველი განუმზადა მოწამეს, მაგრამ ღმერთმა კვლავ უვნებლად დაიცვა თავისი რჩეული. ხალხი აღშფოთდა, აღდგა სედეკიას წინააღმდეგ და ქალაქიდან გააგდო. მისი შემცვლელი მმართველებიც აწამებდნენ წმიდა ირინეს, მაგრამ ღმერთი კვლავ იცავდა მას. მისი ქადაგებისა და სასწაულების მხილველი ხალხი კი ქრისტიანდებოდა. წმიდა ირინეს მიერ მოქცეულ იქნა 10000 წარმართი. წმიდანი თავისი ქალაქიდან კალაპოლში გადავიდა და იქ გააგრძელა ქადაგება. ქალაქის მმართველმა ბაბადონმა შეიპყრო და აწამა ქალწული, მაგრამ, ღვთის ნებით თავადაც ქრისტიანობაზე მოექცა. მასთან ერთად ქრისტეს სჯული მიიღო მრავალმა წარმართმა. მათ ნათელ-იღეს წმიდა ტიმოთეს ხელით. ამის შემდეგ წმიდა ირინემ ქადაგებით მოიარა თრაკიის სხვა ქალაქები. ეფესოში მას უფალმა გამოუცხადა, რომ მოახლოებულია ამიერ სოფლისაგან მისი განსვლის ჟამი. წმიდა ირინე აპელიანესა და სხვა ქრისტიანებთან ერთად ქალაქიდან გავიდა, გამოქვაბულთან მივიდა, პირჯვარი გადაისახა, თავის თანმხლებლებს სთხოვა, დიდი ქვით დაეგმანათ შესასვლელი და შიგნით შევიდა. მეოთხე დღეს ქრისტიანები გამოქვაბულში შევიდნენ, მაგრამ წმიდანის ნეშტი ვერ იხილეს.

მოწამე საგდუხტ ქალწული

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way