USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
თბილისი
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 18 დეკემბერს?
თარიღი:  

18 დეკემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი საბა განწმენდილი (+532)

5 (18) დეკემბერი

ღირსი საბა განწმედილი V საუკუნეში დაიბადა კაბადოკიაში, კეთილმსახური ქრისტიანების, იოანესა და სოფიას ოჯახში. წმიდანის მამა მხედართმთავარი იყო. ერთხელ იგი სამსახურის საქმეებზე ალექსანდრიაში გაგზავნეს და მეუღლეც თან წაიყვანა. ხუთი წლის ძე ბიძას დაუტოვეს აღსაზრდელად.

გავიდა ხანი. წმიდანის სანათესაოში მისი მამის ქონების გამო შფოთი და მტრობა ჩამოვარდა, სიყრმიდანვე უფლისგან შეყვარებულმა საბამ კი ყოველივე ამაოდ შერაცხა და მახლობლად მდებარე ფლაბიანოსის მონასტერს შეეხიზნა. ამ დროს იგი რვა წლისა იყო. ნათესავები ბევრს ეცადნენ, საერო ცხოვრებისკენ მოებრუნებინათ ყრმა, მაგრამ ამაოდ.

გულისხმიერმა ყრმამ სწრაფად შეისწავლა წმიდა წერილი „და ყოველი წესი მონაზონებისაჲ“, ჩვიდმეტი წლისა ბერად შედგა, „სული თჳსი დაიმდაბლა მარხვითა. ჴორცნი შრომითა დააჭნვნა“, ყველა მოწესეს გარდაემატა სიმდაბლით, მორჩილებითა და ღვთისმსახურებით. წმიდა ცხოვრებისთვის საბას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა.

ფლაბიანოსის მონასტერში გატარებული ათი წლის შემდეგ საბა იერუსალიმში გაემგზავრა, აქედან კი ექვთიმე დიდის (ხს. 20 იანვარს) ლავრას მიაშურა. ღირსმა ექვთიმემ წმიდანს ამბა თეოქტისტეს სავანეში წასვლა ურჩია. უფლის რჩეულმა მდაბლად მიუგო: „ვითარცა მიბრძანო, ეგრეცა ვყო“.

წმიდა საბა ოცდაათი წლის ასაკამდე ამ მონასტერში იმყოფებოდა მორჩილად, წინამძღვრის - თეოქტისტეს გარდაცვალების შემდეგ კი სავანის მახლობლად, გამოქვაბულში დამკვიდრდა. კვირაში ხუთი დღე იგი არაფერს ჭამდა. გამუდმებით ლოცულობდა და შრომობდა, შაბათ-კვირას კი საძმოსთან ერთად ღვთისმსახურებაში მონაწილეობდა და მათთან იყოფდა ტრაპეზს. რამდენიმე ხანში წმიდანს ნება დართეს, დაყუდებიდან საერთოდ არ გამოსულიყო და ასე, სრულ მარტოობაში დაჰყო ხუთი წელი.

ღირსი ექვთიმე ყურადღებით ადევნებდა თვალს ახალგაზრდა ბერის მოღვაწეობას. ექვთიმეს გარდაცვალების შემდეგ კი (+473), წმიდა საბა ნეტარი გერასიმეს (+475; ხს. 4 მარტს) სავანის სიახლოვეს დამკვიდრდა და „გამობრწყინდა, ვითარცა მთიები, იორდანისა უდაბნოსა“.

ერთხელ უფლის ბრწყინვალე ანგელოზი წარდგა ნეტარი საბას წინაშე და უბრძანა, სილოამის ხევთან მდებარე გამოქვაბულში დამკვიდრებულიყო. მოსაგრე დამორჩილდა ზეციურ კურთხევას. საბას ახალი სენაკი ძნელად მისასვლელი იყო: იგი საბლით ადიოდა და ჩამოდიოდა. თანდათან წმიდანის ირგვლივ მოწაფეები მომრავლდნენ. ჯერ მცირე ეკვდერი ააგეს, შემდეგ კი ცეცხლოვანი სვეტით უფლისგან სასწაულებრივ მინიშნებულ მღვიმეში მცირე ტაძარიც მოაწყვეს; აშენდა სენაკებიც. ასე წარმოიშვა დიდი ლავრა. საბამ ამ სავანისთვის შექმნა პირველი წეს-განგება, „იერუსალიმის“ სახელით ცნობილი, რომელიც შემდეგ პალესტინის ყველა სავანემ მიიღო.

წმიდა საბას არ სურდა მღვდლად კურთხევა, მაგრამ უფლის ნება სხვაგვარი იყო: მთავარეპისკოპოსმა თითქოს რაღაც სხვა გარეშე მიზეზით იერუსალიმში მოუწოდა წმიდანს და ხუცესად დაასხა ხელი.

ექვთიმე დიდის მიბაძვით წმიდა საბაც დიდმარხვაში უდაბნოში გადიოდა ხოლმე. ერთხელ მან მკვდარ ზღვაში მცირე კუნძულს მოჰკრა თვალი და გადაწყვიტა, აქ გაეტარებინა მარხვის დღეები, მაგრამ, როგორც კი მისკენ გაიწია, ეშმაკის მანქანებით, „შთავარდა. ადგილსა ერთსა მის ზღჳსასა, ბნელსა და ცეცხლსა, და გამოჴდა მიერ ალი და შეწუა პირი და წუერი“ და რამდენიმე დღე უგონოდ ეგდო, შემდეგ უფალი შეეწია და განაძლიერა, მაგრამ მოტრუსული წვერი ამის შემდეგ არ წამოზრდია - უწვეროდ დარჩა. „ქუეყანისა ანგელოზი. და ზეცისა კაცი, ბრძენი და სარწმუნო მოძღუარი“, წმიდა საბა დაუცხრომელი მოღვაწე იყო. მან „უდაბნოჲ ქალაქ ყო მონაზონთა სიმრავლითა“: გარდა დიდი ლავრისა, კიდევ ექვსი სავანე დააარსა.

უფლის რჩეული ახოვნად იბრძოდა მართლმადიდებლური ეკლესიის სიწმიდის დასაცავად. ასე მაგალითად, მწვალებელმა სევერუსმა დიდი კადნიერება ჰპოვა უსჯულო მეფის, ანასტასის წინაშე და ანტიოქიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ეს რომ წმიდა საბამ გაიგო, იერუსალიმში ჩავიდა უდაბნოში მოღვაწე ბერების თანხლებით და საჯაროდ შეაჩვენა სევერუსი და მისი მწვალებლური მოძღვრება: „შე-მცა-ჩუენებულ არს სევერი და რომელნი მას ეზიარებიან!“

ანასტასიმ მხედართა რაზმი გაგზავნა იერუსალიმში, იქაური მართლმადიდებელი მღვდელმთავარი ელია გადააყენა და მის ნაცვლად მწვალებლობისკენ მიდრეკილი იოანე დაადგინა. საბა და სხვა მეუდაბნოე მამები კვლავ შეიკრიბნენ იერუსალიმში და ისევ საჯაროდ შეაჩვენეს ერეტიკოსები. ანასტასიმ გადაწყვიტა, ქალაქიდან გაესხა მართლმადიდებლობის მოსარჩლე მამები, მაგრამ „ყოველნი მონაზონნი უდაბნოჲსანი“ აღსდგნენ წინამძღვრების დასაცავად და უღმრთო ხელისუფალი აიძულეს, რისხვა დაეცხრო.

ნეტარი საბა მეტად ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. ახოვანი მოსაგრე გამოცდილი მოძღვარიც იყო. ერთხელ იგი ერთ-ერთ მოწაფესთან ერთად იერიქონიდან იორდანისკენ მიდიოდა, როცა მათ ერისაგანნი, და მათ შორის ერთი მშვენიერი ქალი შემოხვდათ. წმიდანმა მოწაფის გამოცდა მოისურვა და უთხრა: „ვითარ შუენიერ არს ქალი ესე, რომელ გარე-წარგუჴდა, და არს იგი ერთთუალი“. მოწაფემ მიუგო: „არა, მამაო, ორნივე თუალნი ასხენ“. ბერმა გაიმეორა: „სცეთ, შვილო, ერთთუალი არს“, მოწაფემ კი თავისი დაიჟინა: „არა ერთთუალი არს, არამედ დიდად ხოლო თუალითა შუენიერ არს“. მაშინ საბამ თქვა: „და სადა წერილ არს, რაჲთა შენ თუალნი მიადგნე მას და წამითა შენითა იხილო იგი? რამეთუ, ვითარცა ცეცხლი შემწუველი, ეგრე არს“. თვალდაუჭერლობისთვის ნეტარმა დასაჯა მოწაფე, სენაკიდან გააძევა და მხოლოდ მას შემდეგ დააბრუნა, რაც მან გულწრფელი სინანულით აღვსილმა, „თავი თჳსი დიდად დაიტანჯა“.

წმიდა საბა მკაცრი მმარხველი იყო: მთელი მარხვის მანძილზე პურს არ ღებულობდა, მოუძლურება კი ოდნავადაც არ ეტყობოდა; „შურებინ სიცხესა მრავალგზის და ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მისისათა შჳდეულთა მარხვით აღასრულებდა“, მაგრამ თუ სტუმარი მოვიდოდა და გაიხსნილებდნენ, „დღესა ორჯერ ჭამის და განძღის და გარდაერიის, და სიყვარულითა სტომაქსა არა ევნის“. ერთხელ, იოანე მთავარეპისკოპოსთან სტუმრობის დროს, საბა თურმე, ჩვეულებისამებრ, წრფელი გულით ღებულობდა ყველაფერს, რასაც აწვდიდნენ, და „ღმრთისა მიერ არარას განიკითხავდა“. მაშინ თეოდოსი დიდი იოანესა და მის ძმას, ასკალონის ეპისკოპოს ანტონის სიყვარულით გახუმრებია: „თქუენ ორთავე, რომელთა შემდგომად ღმრთისა თავადი პალესტინა გამოჰზარდეთ ჟამსა სიყმილისასა, მიკჳრს თუ ეგე გან-ვითარ-აძღოთ საჭმლითა“. პასუხად მთავარეპისკოპოსს უთქვამს: „შემინდვეთ, მამანო, რამეთუ ჩუენ ვერცა შიმშილსა დაუთმობთ, ვერცა სიმაძღრესა, ხოლო ამას ღმრთისა კაცსა მოციქულთაჲ იგი აქუს მადლი, იცის დამდაბლებაჲცა და აღმაღლებაჲცა. იცის მაძღრობაჲ და სიმშილი, გარდამეტებაჲ და ნაკლულევანებაჲ და ყოველივე განძლიერებულ არს ძლიერებითა ქრისტჱსითა“.

უფლისაგან საკვირველთქმედების ნიჭმიმადლებული წმიდა საბა მრავალ სასწაულს აღასრულებდა: მისი ლოცვით უდაბნოში წყარო აღმოცენდა, საშინელი გვალვის დროს ძლიერი წვიმა გარდამოხდა, მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა, ბევრი გადაურჩა სასიკვდილო საფრთხეს. ნეტარ მამას მხეცებიც უდრტვინველად ემორჩილებოდნენ და ემსახურებოდნენ, ხშირად ისინიც ღებულობდნენ მისგან კურნებას.

 

წმიდა საბამ წინასწარ განჭვრიტა საკუთარი აღსასრულის მოახლოება: დასნეულებულმა, ოთხი დღე „არარაჲსაჲ გემოჲ იხილა, არცა ვის თანა ზრახვიდა“, შაბათ საღამოს კი ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა და 532 წლის 5 დეკემბერს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოწამე ანასტასი

5 (18) დეკემბერი

წმიდა მოწამე ანასტასის აიგივებენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას მოწამეობრივად აღსრულებულ წმიდა ანასტასისთან, რომლის ხსენებაც 25 ოქტომბერს აღინიშნება.

ღირსი კირიონ ბერი და ძე მისი ზაქარია მეგვიპტელნი (IV)

5 (18) დეკემბერი

ღირსი კირიონ ბერი და ძე მისი ზაქარია. ღირსი კირიონი ეგვიპტის ერთ-ერთ სკიტში ცხოვრობდა IV საუკუნეში. ერში მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ეგვიპტეში ჩამოვარდნილი შიმშილობის ჟამს სიღატაკითა და უკიდურესი გაჭირვებით შეწუხებულმა ცოლმა წმიდანს ბავშვები მონასტერში მიუყვანა. კირიონმა ძე თავისთან დაიტოვა, ასული კი დედას გააყოლა. ნეტარი ბერი სკიტში ზრდიდა ყრმას. როცა ზაქარია წამოიზარდა, მამა-შვილმა თებაიდას მიაშურა, ზაქარიას სიყმაწვილე და მშვენიერი პირისახე მკვეთრად გამოირჩეოდა სხვა ბერების ასკეტური და მარხვით გალეული გარეგნობისაგან წმიდა ზაქარია შხამიან ტბასთან მივიდა, ნესტოებამდე ჩაეშვა წყალში და ერთი საათი დაჰყო შიგ. ამის შემდეგ ნეტარს სახე ისე შეეცვალა, რომ მამამაც ძლივს იცნო, მაგრამ ზიარების დროს წმიდა ხუცეს ისიდორეს გაეცხადა მის შესახებ და ნეტარს უთხრა - „შვილო, წინა კვირას შენ ეზიარე, როგორც კაცი, ახლა კი - როგორც ანგელოზი“. მამის სიკვდილის შემდეგ ზაქარია ღირს მოსე შავთან (ხს. 27 აგვისტოს) ერთად მოსაგრეობდა. „რა ვქმნა, რათა ვცხონდე?“ - ჰკითხა ერთხელ მას მოსემ. ამის გაგონებაზე ზაქარია ფეხებში ჩაუვარდა ნეტარს: „შენ მე მეკითხები, მამაო?!“ - „მერწმუნე, შვილო ზაქარია, - უთხრა მოსემ, - მე ვიხილე, თუ როგორ გარდამოხდა შენზე სულიწმიდა, და მხოლოდ ამიტომ გკითხე“. მაშინ ღირსმა ზაქარიამ თავიდან კუკული მოიხადა, ფეხებთან დაიდო, გათელა და თქვა: „თუ არ გაისრისები, როგორც კაცი, მონაზონი ვერ იქნები“. მომაკვდავ ზაქარიას ღირსმა მოსემ ჰკითხა: - „რას ხედავ, ძმაო?“ „დუმილი ხომ არ სჯობს, მამაო“, - იყო პასუხი. - „ჰე, სდუმენინ, შვილო!“ - მიუგო მანაც. როცა ღირსი ზაქარიას სული სხეულს ეყრებოდა, წმიდა ამბა ისიდორემ თვალები ზეცად აღაპყრო და თქვა: „გიხაროდენ, შვილო ჩემო ზაქარია, რამეთუ განგეხვნეს კარნი ზეცისა სამეუფოჲსანი“.

ღირსი ნექტარიოს (+1500) და ფილოთეოზ ათონელნი

5 (18) დეკემბერი

ღირსი ნექტარიოსი ბიტოლიაში, კოზმა და დამიანეს სავანეში მოღვაწე მამამ აღზარდა. ნეტარი წმიდა მთაზე აღიკვეცა ბერად, შემდეგ კი ღირს მამათა, ფილოთეოზ და დიონისე ათონელების მორჩილებაში იმყოფებოდა. წმიდა ნექტარიოსმა იობივით უდრტვინველად დაითმინა მძიმე ხორციელი სნეულებანი და 1500 წლის 5 დეკემბერს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა მამის ოთხი წლის შემდეგ აღმოყვანებული უხრწნელი ნაწილები საოცარ კეთილსურნელებას აფრქვევდა.

ღირსი ფილოთეოზ ათონელი (XV), ღირსი ნექტარიოსის მოძღვარი, ათონზე, კარიესის სავანეში მოღვაწეობდა. წმიდა ცხოვრებისათვის მას უფლისგან განჭვრეტის ნიჭი მიემადლა.

წმიდანი ათონელნი ღირსმოწამენი (XIII)

5 (18) დეკემბერი

წმიდა კარიესელი ღირსმოწამენი მართლმადიდებლობის მოღალატე მიხეილ პალეოლოგის (1259-1282) მეფობაში აღესრულნენ კარიესის სავანეში, ათონის მთაზე ცეცხლითა და მახვილით შემოჭრილი პაპისტების ხელით. ლათინებმა გადაწვეს და დაანგრიეს პროტატი, ცოცხალი აღარავინ გადარჩენიათ. ღირსნი მამანი, რომელთაც გაბედულად ამხილეს კათოლიკების მწვალებლობა, პაპისტებმა საშინლად აწამეს, შემდეგ კი პროტატის წინ ჩამოახრჩვეს. კარიესის ირგვლივ, სენაკებში თავშეფარებული ბერები მომხდურებმა მახვილებით აჩეხეს (იხ. 28 ოქტომბრის საკითხავი).

თბილისი
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.