ღირსი ევაგრე და ილია დიაკონი იყვნენ წმიდა შიომღვიმელისა და იოანე ზედაზნელის თანამოღვაწეები. მათ უშუალოდ გააგრძელეს და დააკმვიდრეს მათი წმიდა მოძღვრების ღვთივგაბრძნობილი სამონასტრო წეს-განგებანი.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით VI საუკუნეში ანტიოქიიდან საქართველოში ჩამოვიდა ცამეტი ასურელი მამა. მათმა სულიერმა მოძღვარმა, იოანემ (ხს. 6 მაისს) საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაგზავნა ისინი სამოღვაწეოდ. მათ სახელებთანაა დაკავშირებული ბევრი მონასტრის დაარსება და საქართველოში ბერ-მონაზვნობის აღორძინება-განმტკიცება.
თვითონ იოანე ზედაზნის მთაზე დარჩა და სიცოცხლის ბოლომდე იქ მოღვაწეობდა ილია დიაკონთან ერთად.
წმიდა იოანეს ერთ-ერთი თანამოღვაწე, ანტიოქიელი ღვთისმოსავი დიდებულის შვილი, ღირსი შიო მღვიმელი კი სარკინეთის მთებში დაყუდა. მიყრუებულ მთებში მოღვაწე ბერს, ღვთის განგებით, მტრედი უზიდავდა საზრდოს.
ერთხელ ღირსი შიო მღვიმელი ნახა ამ მხარეში სანადიროდ მყოფმა ციხედიდის მთავარმა ევაგრემ (ხს. 4 თებერვალს) და წმიდა ბერის სასწაულებით გაკვირვებულმა, მასთან სამოღვაწეოდ დარჩენა გადაწყვიტა.
ასე დაედო საფუძველი საქართველოში ზედაზნისა და შიომღვიმის სახელით ცნობილ პირველ მონასტრებს. მხოლო ღმერთმა უწყის ასურელ მამათა მიერ საქართველოში დაარსებულ მონასტრებში მოღვაწე წმიდა მამათა რიცხვის და ღვაწლის შესახებ. საქართველოს სამოციქულო ეკლესია ღირსი ევაგრესა და წმიდა ილია დიაკვნის სახეით მეოხებას ითხოვს ასურელ მამათა თანამოღვაწე და მათი წმიდა საქმის გამგრძელებელი ყოველი ღირსი და ღმერთშემოსილი მამისაგან, რომელთა ღვაწლით დაფუძნდა საქართველოში მონასტრები და განმტკიცდა მონაზვნური ცხოვრება.
კრება წმიდათა სამოცდაათთა მოციქულთა – ეს დღესასწაული მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაწესდა იმისათვის, რომ ცხადად გამოჩენილიყო ყველა მოციქულის თანასწორობა და ამით აღკვეთილიყო უთანხმოებანი მათ თაყვანისმცემელთა შორის. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავის მოწაფეთაგან 70 გამოარჩია, რომ მთელი ქვეყნიერებისათვის მოეფინა სახარების სწავლება.
4 იანვარს ერთად ვდღესასწაულობთ 70-ვე მოციქულის ხსენებას, წლის განმავლობაში კი წმიდა ეკლესია ცალ-ცალკე იხსენიებს მათ. მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა (23 ოქტომბერს), მარკოზ მახარებელი (25 აპრილს), ლუკა მახარებელი (18 ოქტომბერს), კლეოპა, ძმა იოსებ დამწინდველისა და სვიმეონი, ძმა მისი (2 აპრილს), ბარნაბა (11 ივნისს), იოსია, ანუ იოსები, ბარსაბად, ანუ იუსტად წოდებული (30 ოქტომბერს), თადეოზი (21 აგვისტოს), ანანია (1 ოქტომბერს), მთავარდიაკონი სტეფანე (27 დეკემბერს), ფილიპე 7 დიაკონთაგან (11 ოქტომბერს), პროხორე 7 დიაკონთაგან (28 დეკემბერს), ტიმონი 7 დიაკონთაგან (28 ივლისს და 30 დეკემბერს), პარმენი 7 დიაკონთაგან (28 ივნისს), ტიმოთე (22 იანვარს), ტიტე (25 აგვისტოს), ფილიმონი (22 ნოემბერს და 19 თებერვალს), ონისიმე (15 თებერვალს), ეპაფრა და არქიპო (22 ნოემბერს და 19 თებერვალს), სილა, სილუანი, კრისკენტი, ანუ ქრისკი (30 ივლისს), კრისპი და ეპენტი (30 ივლისი), ანდრონიკე (17მაისს და 30 ივნისს), სტაქოსი, ამპლი, ურვანოსი, ნარკოსი, აპელიუსი (31 ოქტომბერს), არისტობულე (31 ოქტომბერს და 16 მარტს), იროდიონი, ანუ როდიონი (8 აპრილს და 10 ნოემბერს), აგავი, რუფი, ასინკრიტე, ფლელიანტე (8 აპრილს), ერმი (5 ნოემბერს და 31 მაისს), პატროვი (5 ნოემბერს), ერმი (8 აპრილს), ლინი, გაიოზი, ფილოლოგი (5 ნოემბერს), ლუკა (10 სექტემბერს), იასონი (28 აპრილს), სოსიპატრე (28 აპრილს და 10 ნოემბერს), იოიმპი, ანუ ოლიმპანი (10 ნოემბერს), ტერტიუსი (30 ოქტომბერს და 10 ნოემბერს), ერასტი, კუარტი (10 ნოემბერს), ევოდი (7 სექტემბერს და 8 დეკემბერს), ონისიფორე (7 სექტემბერს და 8 დეკემბერს), კლიმენტი (25 ნოემბერს), სოსთენი (8 დეკემბერს), აპოლო (10 სექტემბერს და 8 დეკემბერს), ტვიქიკე, ეპაფროდიტე (8 დეკემბერს), კარპოსი (26 მაისს), კოდრატე (21 სექტემბერს), მარკოზი, იგივე იოანე, ზინა (27 სექტემბერს), არისტარქოსი (15 აპრილს და 27 სექტემრერს), პუდი, ტროფიმე (15 აპრილს), მარკოზი, ბარნაბას ძმისწული არტემი (30 ოქტომბერს), აკვილა (14 ივლისს), ფორტუნატიანი და აქაიკი (4 იანვარს).
70 მოციქულს მიათვლიან აგრეთვე კეფას, რომელსაც უფალი გამოეცხადა აღდგომის შემდეგ (1 კორ. 15, 5-6) და სვიმეონს, ნიგერად წოდებულს (საქმე 13,1), რადგან მათაც დიდად გაითქვეს სახელი თავიანთი მოციქულებრივი ღვაწლით.
წმიდა დიონისე არეოპაგელი ათენში ცხოვრობდა, აქვე მიიღო კლასიკური ელინური განათლება, შემდეგ კი ეგვიპტეში, ქალაქ ილიოპოლში სწავლობდა ასტრონომიას. წმიდანი თავის მეგობარ აპოლოფონთან ერთად შეესწრო მზის დაბნელებას იესო ქრისტეს ჯვარცმის დროს. „ახლა ან უფალი, მთელი სამყაროს შემოქმედი იტანჯება, ან ხილული სამყარო ასრულებს არსებობას”, - უთქვამს მას მაშინ. ათენში დაბრუნებული დიონისე, არეოპაგის – ათენის უზენაესი სამსჯავროს წევრად აირჩიეს. როცა არეოპაგის წინაშე წარმდგარმა პავლე მოციქულმა წარმართებს „უცნაური ღმერთის” განკაცება ახარა და მართლმადიდებლური სწავლება უქადაგა, წმიდანმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მოციქულთა თავის ერთგული მოწაფე გახდა. სამი წლის განმავლობაში იგი მოძღვართან ერთად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, შემდეგ კი პავლემ ათენის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. 57 წელს დიონისე ღვთისმშობლის დაკრძალვას ესწრებოდა.
ჯერ კიდევ ყოვლადწმიდა ქალწულის სიცოცხლეში, ათენიდან იერუსალიმში საგანგებოდ მის სანახავად ჩასული დიონისე პავლე მოციქულს წერდა: „ღმერთია მოწამე, მთელს სამყაროში სხვა არაფერია ღვთაებრივი ძალითა და მადლით ამდენად აღვსილი. ადამიანური გონება ვერ გაიაზრებს იმას, რაც ვნახე. უფლის წინაშე ვაღიარებ: როცა მე იოანესთან ერთად, რომელიც ისე ბრწყინავს მოციქულებში, როგორც მზე ცის კაბადონზე, ყოვლადწმიდა ქალწულთან წარმადგინეს, ენით აღუწერელი რამ განვიცადე. ჩემს წინ რაღაც ღვთაებრივი ნათელი გაბრწყინდა. მან გააცისკროვნა ჩემი სული. ვგრძნობდი საოცარ კეთილსურნელებას და იმდენად ვიყავი აღფრთოვანებული, რომ არც ჩემს უძლურ სხეულს და არც სულს არ შეეძლო დაეტია მარადიული ნეტარებისა და ზეციური დიდების ეს ნიშნები და საწყისები. კარგად რომ არ მხსომებოდა შენი დარიგებები, მე მას თავად ჭეშმარიტ ღმერთად ჩავთვლიდი. შეუძლებელია წარმოიდგინო იმაზე დიდი ნეტარება, რომელიც მე მაშინ განვიცადე.”
პავლე მოციქულის აღსრულების შემდეგ დიონისე, რომელსაც სურდა გაეგრძელებინა მისი საქმე, დასავლეთის ქვეყნებში გაემგზავრა საქადაგებლად. მას თან ახლდნენ მოძღვარი რუსტიკი და დიაკონი ელეფთერი. წმიდანმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე ჯერ რომში, შემდეგ – გერმანიასა და ესპანეთში. გალიაში წარმართი ხელისუფლების მიერ ქრისტიანთა დევნის დროს, სამივე აღმსარებელი შეიპყრეს და საპყრობილეში ჩაყარეს. ღამით წმიდა დიონისემ საღვთო ლიტურღია აღასრულა უფლის ანგელოზებთან ერთად, დილით კი მოწამეებს თავები მოჰკვეთეს. დიონისემ თავისი მოკვეთილი თავი აიღო, ტაძრამდე მივიდა და მხოლოდ იქ დაეცა. მისი ცხედარი კეთილმსახურმა ქალმა კატულამ დაკრძალა.
დიონისე არეოპაგელის სწავლებამ ჩვენამდე მოაღწია ოთხი წიგნით: „საღმრთოთა სახელთათჳს” „ზეცათა მღვდელთმთავრობისათჳს”, „საეკლესიოჲსა მღვდელთმთავრობისათვის”, “საიდუმლო ღმრთისმეტყველებისათჳს” და 10 ეპისტოლით.
წმიდა დიონისე არეოპაგელის თხზულებებს (ე.წ. არეოპაგელის წიგნებს) განუზომელი მნიშვნელობა აქვთ მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმეტყველებისათვის. თითქმის ოთხი საუკუნის მანძილზე, VI ს-ის I ნახევრამდე, წმიდა მამის სწავლება მხოლოდ საიდუმლო გადმოცემებით იქნა შემონახული, უმეტესად, ალექსანდრიის ეკლესიის ღვთისმეტყველთა მიერ. მას იცნობდნენ კლიმენტი ალექსანდრიელი, ორიგენე, დიონისე დიდი, რომლებიც მემკვიდრეობით განაგებდნენ ალექსანდრიის სასწავლებელს, და გრიგოლ ღვთისმეტყველი.
დიონისე არეოპაგელის თხზულებები XI ს. მეორე ნახევარში ქართულ ენაზე მთლიანად თარგმნა ეფრემ მცირემ.
წმიდა სვიმეონ ნიგერი იმდენად წარემართა მოციქულებრივ ღვაწლში, რომ მას უფლის 70 რჩეულ მოწაფის გვერდით აყენებენ. ცნობებს მის შესახებ მოციქულთა საქმეებში ვხვდებით. „იყვნეს ანტიოქიას შინა მსგავსად კრებულისა მის წინასწარმეტყუელნი და მოძღუარნი: ბარნაბა და სჳმეონ, რომელსა იგი ერქუა ნიგერ, და ლუკიოს კვირინელი და მანიან, რომელი – იგი იყო ძუძუჲს-მტე ჰეროდე მეფისაჲ და სავლე” (საქ. 13,1).
ღირსი აქილე პეჩორელი დიაკონი მკაცრი მმარხველი იყო. იგი დიდი ხანი ცხოვრობდა განმარტოებით, კელიაში გამოკეტილი. გადმოცემით, წმიდანი ცეცხლზე დამზადებულ და ტკბილ საჭმელს არასოდეს ღებულობდა, ბოსტნეულსაც იშვიათად ჭამდა, თან მცირე რაოდენობით, მარხვაში კი მხოლოდ სეფისკვერი იყო მისი საზრდელი.
ღირსი ზოსიმე აღმსარებელი წარმოშობით კილიკიიდან იყო. დიოკლეტიანეს (284-305) დროს იგი შეიპყრეს და ქრისტეს აღსარებისათვის სასტიკად აწამეს, მაგრამ ღვთის ნებით უვნებელი დარჩა. ამ სასწაულის მოწმემ – საპყრობილის ზედამხედველმა ათანასემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა. განთავისუფლების შემდეგ წმიდანები უდაბნოში გავიდნენ, მთის ნაპრალში დამკვიდრდნენ და აღსასრულამდე აქ მოსაგრეობდნენ.
ღირსი ევსტათე, ახოვანი მოსაგრე და კეთილი მოძღვარი, საყოველთაო სიყვარულით სარგებლობდა იგი. მალე მონასტრის იღუმენად აირჩიეს. რამდენიმე წლის შემდეგ წმიდანს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. თბილად მიიღო სამწყსომ მდიდარი სულიერი გამოცდილების მქონე, ასკეტური ცხოვრებით გამორჩეული მღვდელმთავარი.
მოკლე ხანში ღირსი მამა სერბეთის მთავარეპისკოპოსი გახდა. შვიდი წელი ბრძნულად განაგებდა იგი ეკლესიას, 1285 წელს კი მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.
ღირსმოწამე ექვთიმე, ვატოპედის მონასტრის იღუმენი და მასთან ერთად 12 ბერი XIII საუკუნეში მოსაგრეობდნენ ათონის მთაზე. ისინი პირუთვნელად ამხელდნენ ლათინთა ერესისაკენ მიდრეკილ პატრიარქებს – მიხეილ პალეოლოგს (1261-1281) და იოანე დეკს (1275-1282), რისთვისაც წამებით ამოხადეს სული – იღუმენი ზღვაში დაახრჩვეს, ბერები კი – ჩამოახრჩვეს.
ღირსმოწამე ონოფრე (ერობაში მათე) ბულგარეთის სოფელ გაბროვოში დაიბადა. მან კარგი განათლება მიიღო და ბრწყინვალე მომავალიც ელოდა, მაგრამ ღვთისმოყვარე ჭაბუკმა ათონის მთას მიაშურა და ხილენდარის მონასტერში მანასეს სახელით აღიკვეცა ბერად. თურმე ერთხელ, ბავშვობაში, მამას მათე ანცობისათვის დაუსჯია და გაბრაზებულ ბავშვს უაზროდ დაუყვირნია: „გავთურქდები!” ქრისტიანობის ამ უნებლიე, სიტყვიერი გმობის გამო სინანულმა მიიყვანა იგი წმიდა მთაზე, მაგრამ ათონელ ბერთა ცხოვრების მკაცრმა წესმაც ვერ დააკმაყოფილა, ქრისტესათვის წამების სურვილი აღეძრა და თავისი გულისნადები გამოცდილ მოძღვარს, ნიკიფორეს გაუმხილა. ნიკიფორემ სქემით შემოსა მოშურნე ბერი, ონოფრე უწოდა და თურქების კუთვნილ კუნძულ ხიოსზე გაგზავნა, სადაც წმიდანმა გმო ყურანის ცრუ-სიბრძნე და აშკარად აღიარა ქრისტე. ამისთვის იგი შეიპყრეს და სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს და ზღვაში ჩააგდეს.