USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 16 იანვარს?
дата:  442

16 იანვარს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი იოვანე ჭყონდიდელი (+1110)

3 (16) იანვარი

ღირსი იოვანე ჭყონდიდელი დაიბადა მეათე საუკუნის პირველ ნახევარში. მის შესახებ ცნობები გვხვდება გიორგი ხუცეს-მონაზონის თხზულებაში: „ცხორებაჲ გიორგი მთაწმიდელისა“.

როგორც ჩანს, წმიდა იოვანე დაწინაურებულ ქართველ თავადიშვილთა გვარიდან იყო. იოვანე მისი დროის ერთ-ერთი უგანათლებულესი ღმრთისმეტყველი და უდიდესი პატრიოტი იყო.

1050 წელს, წმიდა იოვანე, ჯერ კიდევ ერისკაცობაში თავის ძმასთან, პეტრიკთან ერთად თან ახლდა საქართველოს მეფე ბაგრატ VI-ს (+1072) და დედოფალ მარიამს კონსტანტინეპოლში, ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე მონომაქოსის კარზე. აქ ისინი შეხვდნენ ათონიდან ჩამოსულ გიორგი მთაწმიდელს და დიდი შესაწირავი გაატანეს ათონზე, რისთვისაც იოვანეს და მის ძმას ივერონში აღაპი დაუწესეს.

იოვანე 1054 წელს, ჯერ კიდევ ერისკაცი, აქტიურად მონაწილეობდა საერო და სასულიერო ცხოვრებაში. 1059 წელს წმიდა იოვანემ მეფე ბაგრატ IV-ის დავალებით საქართველოში ჩამოიყვანა გიორგი მთაწმიდელი, რომლის ინიციატივითაც იოვანეს ჭყონდიდელ ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.

იოვანე ჭყონდიდელი 1061-65 წლიდან მთავარეპისკოპოსის ხარისხით განაგებს იმ დროისათვის უკვე საკმაოდ დაწინაურებელ ჭყონდიდის კათედრას. იგი აქტიურად ამოუდგა მხარში გიორგი მთაწმიდელს, საქართველოში იმ დროისათვის საკმაოდ დარღვეული საეკლესიო საქმეების გამართვა-მოწესრიგებაში.

1065 წელს წმიდა იოვანე, მის ძმასთან და ბედიელ მთავარეპისკოპოს იოვანესთან ერთად თან ახლდა საქართველოს მეფის ასულ მართას კონსტანტინეპოლში. ამის შემდეგ, 1066-67 წლებში, იოვანე ჭყონდიდელი კიდევ მიდის კონსტანტინეპოლშჲ ბიზანტიის იმპერატორთან, როგორც ბაგრატ მეფის წარმომადგენელი და საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მღვდელმთავარი. ამ ელჩობის დროს იოვანე ჭყონდიდელს გიორგი ხუცესმონაზონისთვის უთხოვია დაეწერა გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება. გიორგი ხუცესმონაზონი წმიდა იოვანეს მისი თხზულების ერთ-ერთ შემკვეთად ასახელებს: „ღმრთისმოყვარისაცცა მის მიერ მთავარეპისკოპოსისა იოვანეს ვიტყვი ჭყონდიდელსა, ძმასა ნეტარისა პეტრე პატრიკისასა... დიდად იძულებულ იქნა უღირსებაჲ ჩუენი... რათა ყოველი სახე აღსრულებისა და გასლვისა წმიდისა ამის მამის ჩუენისაჲ უნაკლოდ მიუთხრა“.

1085 წლიდან იოვანე ჭყონდიდელი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი დიმიტრის (1080-1090) თანაშემწეა - იგი სვინგელოზის პატივითაა დაჯილდოებული.

გიორგი მთაწმიდელის მიერ შედგენილი სვინაქსარის გვიანდელ მინაწერის მიხედვით, დაახლოებით 1110 წლის 3 იანვარს „გარდაიცვალა სულკურთხეული მთავარეპისკოპოსი იოვანე ჭყონდიდელი“.

წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი)

3 (16) იანვარი

წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) დაიბადა 1863 წლის 3 იანვარს. სულ პატარას გარდაეცვალა მამა, სიმონ თაყაიშვილი, ხუთი წლისას კი - დედაც. სამიოდე წლისა ხიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა; წესიერი ექიმი ვერ გამოუძებნეს და სამუდამოდ დაკოჭლდა.

შვიდი წლის ექვთიმე ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში შეიყვანეს. ამ სკოლაში საღმრთო სჯულს ასწავლიდა ცნობილი პედაგოგი დეკანოზი სიმონ ქიქოძე, გამოჩენილი ქართველი მოღვაწის წმიდა გაბრიელი ეპისკოპოსის ძმა. სიმონ ქიქოძემ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ექვთიმეზე. იგი მოსწავლეებს უკითხავდა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და სხვა ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს, ასწავლიდა ლექსებს.

ოზურგეთში სწავლისას დაუახლოვდნენ ერთმანეთს ექვთიმე თაყაიშვილი და შემდგომ ცნობილი მეცნიერი ნიკო მარი. ეს ნაცნობობა შემდეგ დიდ მეგობრობაში გადაიზარდა.

ექვთიმე ოზურგეთიდან ფოთის სამაზრო სასწავლებელში გადაიყვანეს, შემდეგ კი ქუთაისის გიმნაზიაში. 1883 წ. გიმნაზიას ამთავრებს და პეტერბურგში მიემგზავრება უნივერსიტეტში სასწავლებლად. აქ ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მსმენელად ჩაირიცხა. 1887 წ. დაამთავრა უნივერსიტეტი და საქართველოსკენ გამოემართა. საქართველოში მასწავლებლობას იწყებს. ასწავლის ბერძნულ და ლათინურ ენებს, ისტორიასა და გეოგრაფიას. 1887-94 წლებში თბილისის სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაშია. 1894-1904 წლებში განაგებს სათავადაზნაურო გიმნაზიას.

ექვთიმე თაყაიშვილი მთელი გატაცებით აგროვებს საქართველოს სიძველეებს: ხელნაწერებს, არქეოლოგიურ მასალას, შინამრეწველობის ნიმუშებს. ცდილობს მათ მეცნიერეულ შესწავლა-დამუშავებას. დაუახლოვდა სახელგანთქმულ მეცნიერს დიმიტრი ბაქრაძეს და საბოლოოდ გადაწყვიტა ისტორიკოსობა - ეს კეთილშობილური, მაგრამ მძიმე საქმე. დიმიტრი ბაქრაძეს მაშინ დაუახლოვდა, როცა საქართველოს წარსულის ძეგლები მიმოფანტული იყო და განწირული დასაღუპავად. „იმხანად, - იგონებს ე. თაყაიშვილი, - უკვე გარკვეული მქონდა მუშაობის მთავარი მიზანი: რამდენადაც შეიძლებოდა და გარემოება ნებას მაძლევდა, შემეკრიბა მასალა საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისათვის; ყოველი ძალ-ღონე მეხმარა ძეგლთა დაღუპვისა და დაკარგვისაგან გადასარჩენად; რაც შეიძლება მეტი გამომემზეურებინა და მისაწვდომი გამეხადა მკვლევართათვის...“

წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი აქტიურად თანამშრომლობდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში“. ჯერ კიდევ სტუდენტი იყო ამ საზოგადოების გამგეობის წევრი. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მთელი ძალით შეუდგა „საზოგადოებაში“ მუშაობას. მოგზაურობდა ქვეყნის სხვადასხვა მხარეში და ეხმარებოდა სკოლებსა და სამკითხველოებს; აგროვებდა ძვირფას წიგნებს, სხვადასხვა სახის სიძველეებს, სიგელ-გუჯრებსა და ისტორიულ საბუთებს.

ექვთიმე თაყაიშვილმა 1907 წ. დააარსა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომლის თავმჯდომარეც იყო 1921 წლამდე (ემიგრაციაში წასვლამდე), ეწეოდა ფართო არქეოლოგიურ საქმიანობას. მისი ხელმძღვანელობით გაითხარა წინაქრისტიანული ხანის სასაფლაო დებედის ხეობაში, სოფ. ვორნაკში. დიდი ღვაწლი მიუძღვის ახალგორის განძის შეგროვაებასა და დაცვაში. კვალდაკვალ სდია ამ განძის შემსყიდველ-გადამყიდველებს; მოახერხა განძის უმეტესი ნაწილის თავმოყრა და კავკასიის მუზეუმში დაბინავება. მეტად მნიშვნელოვანი იყო ექვთიმე თაყაიშვილის მოგზაურობა სამხრეთ საქართველოში. პირველი ექსპედიცია 1902 წ. მოეწყო. მასში მონაწილეობდნენ ხუროთმოძღვარი სვიმონ კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ალექსანდრე მამუჩაიშვილი. შესწავლილი იქნა ახალციხისა და ახალქალაქის, აგრეთვე არტაანისა და ოლთისის ოლქების არქიტექტურული ძეგლები. 1907 წ. ექვთიმე თაყაიშვილმა გამოიკვლია არტაანის ოლქის კოლას რაიონის ეკლესია-მონასტრები და დაამთავრა ოლთისის ოლქის ეკლესია-მონასტრების შესწავლა. ექსპედიციაში მასთან ერთად იყვნენ ხუროთმოძღვარი ალექსანდრე კალგინი და ფოტოგრაფი ედუარდ ლიოზენი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ 1917 წ. მოწყობილ ექსპედიციას. მათ შეისწავლეს ხახულის, ოშკის, ექექისა და სხვ. ტაძრები, ოთხთა ეკლესია, თორთუმის ციხე და სხვ. ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა და გადმოიღო მრავალი ძვირფასი წარწერა. გაარკვია მანამდე უცნობი ზოგიერთი მონასტრის სახელი. შეისწავლა მოხატულობა, ჭედური ხატები, საეკლესიო ჭურჭელი, მინიატურები.

ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურად მონაწილეობდა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში. ყველა საორგანიზაციო საკითხი, უნივერსიტეტის წესდების შედგენიდან დაწყებული უმნიშვნელო წვრილმანებამდე, ექვთიმეს გარეშე არ წყდებოდა. იგი უნივერსიტეტის პირველი პროფესორი იყო. 1918 წ. 21 მაისს უნივერსიტეტის საბჭომ დირექტორის ხარისხი მიანიჭა.

სიცოცხლის ბოლო წლებში

1921 წ. საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის უმალ მენშევიკური მთავრობა ემიგრაციაში - საფრანგეთში წავიდა. მთავრობამ გადაწყვიტა, არავისთვის დაენებებინა საქართველოს სამუზეუმო ნივთები, ძვირფასეულობა, ქართველი ხალხის ეს დიდი შემოქმედების ნაყოფი. განძეულობის მეთვალყურედ ექვთიმე თაყაიშვილი დაინიშნა. განძეულობა გატანილი იქნა საფრანგეთში. 1921 წლიდან 1945 წლამდე ექვთიმე თაყაიშვილი საფრანგეთში იმყოფებოდა და ღირსებით ასრულებდა განძის მეთვალყურის მოვალეობას. მისი უდიდესი ნებისყოფისა და თავდაუზოგავი მცდელობის შედეგი იყო საქართველო საგანძურის დაცვა მეტად რთულ პირობებში. გაუძლო ინგლისისა და აშშ მუზეუმების შემოტევებს (მათ უნდოდათ განძის გარკვეული ნაწილი ეყიდათ. ინგლისის მუზეუმი სანაცვლოდ პირობას დებდა, დანარჩენი განძი უფასოდ შეენახა), გაუძლო მეორე მსოფლიო ომის საშინელ წლებს, როცა შეიძლებოდა გერმანელებს განძი ოკუპირებული საფრანგეთიდან წაეღოთ. ვერ გატეხა შიმშილმა, დამცირებამ, მეტად მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ და 1945 წ. მთელი განძი უკლებლივ ჩამოიტანა საქართველოში.

1945 წელს სამშობლოში დაბრუნებული მხცოვანი მეცნიერი წერდა: „ორიოდე წლის სიცოცხლე დამრჩენია და, საბედნიეროდ, ისევ სამშობლოში მიწევს... მოვახმარ ჩემზე დარჩენილი ვალის ბოლომდე მოხდას: ვეცდები, აღარც ერთი ჩემი ხელთ ნამყოფი თუ ჩემ მიერ დათვალიერებული ძეგლი აღარ დარჩეს გამოუცემელი, მით უმეტეს, რომ ბევრი მათგანი უკვე იმსხვერპლა დრომ“.

დრო მიდიოდა... წლები თავისას აკეთებდა... ღრმად მოხუცებული ექვთიმე სულიერ განსაცდელშიც იყო. ხელისუფლებას ყოველი ემიგრანტის მიმართ, როგორც ჩანს, გარკვეული ეჭვები ჰქონდა. მოხუცი ერთგვარ იზოლაციაში მოექცა, მაგრამ მაინც გულგაუტეხლად აგრძელებდა თავის საქმიანობას - იხდიდა ვალს ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

ექვთიმე თაყაიშვილი 1953 წლის თებერვალში გარდაიცვალა, განისვენებს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი წმიდანად შერაცხა და მას სახელად წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. 2003 წლის მაისში თბილისში წმიდა ექვთიმეს სახლ-მუზეუმი და სამლოცველო გაიხსნა. ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღედ დაწესდა 3 აინვარი.

წინასწარმეტყველი მალაქია (დაახ. 400 წ. ქრისტეს შობამდე)

3 (16) იანვარი

წმიდა წინასწარმეტყველი მალაქია ქრისტეს შობამდე 400-ზე მეტი წლის წინ ცხოვრობდა, როცა ბაბილონის სამეფო სპარსეთის მეფე კვიროსმა დაიმორჩილა და იუდეველებს სამშობლოში დაბრუნების ნება მისცა. თავისი სიკეთითა და სათნოებით წინასწარმეტყველი ხალხს აოცებდა, ამიტომაც უწოდეს „მალაქია”, რაც ანგელოზს, მახარებელს ნიშნავს. მალაქიას წინასწარმეტყველება ჩართულია ძველი აღთქმის კანონიკურ წიგნებს შორის. აქ იგი ამხელს იუდეველებს და წინასწარ ჭვრეტს იესო ქრისტესა და მის წინამორბედის მოსვლას და უკანასკნელ სამსჯავროს (3,1-5; 4,1-6) მალაქიას „წინასწარმეტყველთა ბეჭედს” უწოდებენ, რადგან იგი უკანასკნელი იყო იმ მართალთაგან, ვისაც უფალი წინასწარხედვით მადლს ანიჭებდა. მალაქიადან იოანე ნათლისმცემლის მოსვლამდე 400-ზე მეტი წლის განმავლობაში, საწინასწარმეტყველო სიტყვა არ გახმიანებულა ებრაელთა შორის.

წმიდა მოწამე გორდი (IV)

3 (16) იანვარი

წმიდა მოწამე გორდი III საუკუნის დასასრულს დაიბადა კაბადოკიის კესარიაში, ქრისტიანულ ოჯახში. როცა წამოიზარდა, იგი სამხედრო სამსახურში შევიდა და მალე ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის ასისთავის წოდებაც დაიმსახურა. IV საუკუნეში, ქრისტიანთა დევნილობის განახლების დროს, წმიდანი განერიდა ამ სოფელს და უდაბნოში განმარტოვდა, რომ ღვთის სათნო ღვაწლით მომზადებულიყო მაცხოვრის უტკბესი სახელის აღსარებისათვის. 320 წელს გორდი აშკარად გამოვიდა ქალაქის პრეფექტის წინაშე ქრისტიანთა დასაცავად, რისთვისაც იგი შეიპყრეს და სასტიკი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати