USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 15 მაისს?
თარიღი:  475

15 მაისს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი (+373)

2 (15) მაისი

წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი (+373) დაახლოებით 297 წელს დაიბადა ალექსანდრიაში. მან დიაკვნის ხარისხში მიიღო მონაწილეობა ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე 325 წელს და წამოაყენა წინადადება, ევსების მიერ შემოთავაზებული ფორმულისათვის დაემატებინათ ერთადერთი, უმოკლესი განსაზღვრება - „ერთარსი მამისა“. წმიდა ათანასე ალექსანდრიის ეკლესიას 325-373 წლებში განაგებდა. ამ ხნის განმავლობაში მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა მოუხდა. იყო დრო, როცა ნეტარი ერთადერთ მართლმადიდებელ ეპისკოპოსად რჩებოდა და უკაცრიელი თავშესაფრიდან ეპისტოლეებითა და ტრაქტატებით ამხელდა არიანელებს.

მხცოვანმა მღვდელმთავარმა 373 წელს შეჰვედრა სული უფალს. მისი ხსენება წელიწადში ორჯერ აღესრულება -2 მაისს და 18 იანვარს, წმიდა კირილე ალექსანდრიელთან ერთად (მისი ცხოვრება სრული სახით 18 იანვრის საკითხავშია მოთავსებული).

წმიდა მოწამე ესპერი, მეუღლე მისი ზოია და ძენი კირიაკე და თეოდულე (II)

2 (15) მაისი

წმიდა მოწამე ესპერი, მეუღლე მისი ზოია და ძენი კირიაკე და თეოდულე მდიდარი წარმართ რომულის კატულუსის მონები იყვნენ (II). ისინი ეწამნენ ადრიანე იმპერატორის (117-138) მიერ ქრისტიანთა დევნისას. კატულუსის ვაჟის დაბადებასთან დაკავშირებით სასახლეში ქალღმერთ ფორტუნას სახელზე ზეიმი გამართეს. მონებს სადღესასწაულო ტრაპეზიდან გაუყვეს საჭმელი, რომელშიც ნაკერპავი ხორცი და ღვინოც შედიოდა. წმიდანები საჭმელს არ გაეკარნენ. ზოიამ ღვინო მიწაზე დაასხა, ხორცი კი ძაღლებს მიუგდო. მაშინ კატულუსმა ბრძანა, წმიდა ზოიას ვაჟები ეწამებინათ.

წმიდა კირიაკე და თეოდულე ხეზე მიაბეს და მშობლების თვალწინ სასტიკად აწამეს. წმიდა ესპერი და ზოია შვილებს განამხნევებდნენ და განსაცდელის ბოლომდე დათმენისკენ მოუწოდებდნენ. შემდეგ თვითონ მშობლებიც აწამეს, ბოლოს კი ოთხივე გახურებულ ღუმელში შეყარეს, სადაც ლოცვით მიაბარეს უფალს სული. მოწამეების სულებს სასუფევლისკენ ანგელოზთა გალობა მიაცილებდა, სხეულები კი უვნებლად იქნა დაცული.

წმიდა კეთილმსახური მთავარი, მოციქულთასწორი ბორის-მიხეილ ბულგარელი (+907)

2 (15) მაისი

ბულგარელები ხშირად ეომებოდნენ მეზობელ ტომებს, ქვეყანა შიმშილობდა, 860 წელს კი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ბორის მეფე წარმართული ქვეყნის ხსნას ქრისტიანული რწმენის მიღებაში ხედავდა. ბერძნებთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს ბულგარელებმა ტყვედ ჩაიგდეს სახელოვანი დიდებული თეოდორე კუფარა, რომელსაც ბერობის აღთქმა ჰქონდა დადებული. ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც სახარების მარცვალი დათესა ბულგარელთა მეფის გულში. ამის შემდეგ ბულგარეთზე გამოლაშქრებულმა ბერძნებმა თავად იგდეს ხელთ ძვირფასი ტყვე - მეფის მცირეწლოვანი და, რომელიც შემდგომ ბიზანტიის იმპერატორის კარზე მართლმადიდებლურად იზრდებოდა. როცა იმპერატორი თეოფილე გარდაიცვალა, ბორის მეფემ გადაწყვიტა, შური ეძია ბერძნებზე. იმპერატორის ქვრივმა თეოდორამ ელჩები გაუგზავნა მეფეს და გააფრთხილა, რომ ის თვითონ დაიცავდა იმპერიას. ბორის მეფემ ზავი ირჩია და შერიგების ნიშნად ტყვეებიც გაცვალეს - თეოდორე კუფარა საბერძნეთში დაბრუნდა, ბულგარელთა მეფის ასული კი სამშობლოში. მან უფრო განამტკიცა ძმის გულში ქრისტეს სასოება. მოგვიანებით ბულგარეთში ჩამოვიდა წმიდა მეთოდე, რომელმაც ძმასთან, წმიდა კირილესთან ერთად მოაქცია სლავები. წმიდა მეთოდემ ნათელ-სცა მეფე ბორისს, მის ოჯახს და მრავალ ბულგარელს. წარმართმა ბულგარელებმა მეფის მოკვდინება გადაწყვიტეს, მაგრამ ახალმონათლულმა ბორისმა დაამარცხა შეთქმულები. მეამბოხე ბელადებისაგან თავდახსნილმა ბულგარელმა ხალხმა ნებით მიიღო ქრისტიანობა. ბიზანტიასა და ბულგარეთს შორის დაიდო ზავი, რომელიც არ დარღვეულა კეთილმსახური მეფის აღსასრულამდე. ბულგარელი ხალხის სულიერი განმტკიცებისთვის დიდი ღვაწლი გასწია პატრიარქმა ფოტიოსმა. 867 წელს ბულგარეთში ჩამოვიდნენ რომის პაპის წარგზავნილები. სამი წელი გრძელდებოდა ბულგარეთში დავა ბერძნულ და რომის ეკლესიებს შორის. 869 წელს კონსტანტინეპოლში ჩატარებულმა კრებამ უთანხმოებას ბოლო მოუღო. 870 წლის 3 მარტს კი ბულგარეთის ეკლესია საბოლოოდ შეუერთდა აღმოსავლეთის ეკლესიას. კეთილმსახურმა ბორის მეფემ ქვეყანა ტაძრებით შეამკო. შემდეგ ბულგარეთში საპატრიარქო კათედრაც დაარსდა. ხანშიშესული წმიდა ბორისი მონასტერში წავიდა, სამეფო კი შვილებს - ვლადიმირს და სიმეონს დაუტოვა. მონასტერში მყოფმა ბორისმა, ნათლობით მიხეილმა, გაიგო, რომ ძე მისი ვლადიმირი ქრისტიანობისგან განდგომის გზაზე იდგა. ამით შეძრწუნებული მეფე კვლავ სამეფო პორფირით შეიმოსა, ურჩი შვილი დასაჯა და საპყრობილეში ჩასვა, უმცროსი ძე, სიმეონი აღასაყდრა სამეფო ტახტზე და კვლავ მონასტერში განმარტოვდა. მხოლოდ ერთხელ გამოვიდა მეფე-ყოფილი მონასტრიდან - უნგრელთა შემოსევა მოიგერია - და კვლავ ღვთის სადიდებელ მოღვაწეობას შეუდგა.

წმიდა ბორისი მშვიდობით მიიცვალა 907 წლის 2 მაისს.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის