USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 14 ნოემბერს?
თარიღი:  477

14 ნოემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდანი უვერცხლონი მკურნალნი კოზმა და დამიანე,რომელნი იყვნენ ასიით და დედა მათი ღირსი თეოდოტია (III)

წმიდა უვერცხლონი კოზმა და დამიანე ღვიძლი ძმები იყვნენ, ისინი ასიაში (მცირე აზია) ცხოვრობდნენ. მათი დედა, მართლმორწმუნე ქრისტიანი თეოდოტია ადრე დაქვრივდა. კეთილმსახურებით აღზრდილი ძმები საოცარი ქველმოქმედებით გამოირჩეოდნენ. მოყვასთათვის კიდევ უფრო მეტი სარგებელი რომ მოეტანათ, ისინი მკურნალობის ხელოვნების დაუფლებას შეუდგნენ: ბალახებისა და მცენარეების სამკურნალო თვისებებს ეძიებდნენ და მალე საქმეში ღრმად ჩახედული ექიმები გახდნენ. უფალმა აკურთხა თავისი რჩეულები და ლოცვის ძალით სულიერი და ხორციელი ავადმყოფობების კურნების ნიჭი მიმადლა. წმიდანები მკურნალობდნენ არა მარტო ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც და გაწეული დახმარებისთვის არანაირ საზღაურს არ ღებულობდნენ. ხალხმა მათ უვერცხლონი შეარქვა.

ერთხელ წმიდა მკურნალებს უხმეს მძიმედ დასნეულებულ დედაკაცთან, პალადიასთან, რომლის მკურნალობაზეც, სნეულის მძიმე მდგომარეობის გამო, ყველა ექიმმა უარი განაცხადა. პალადიას სარწმუნოებითა და ნეტარი ძმების მხურვალე ლოცვით უფალმა სულთმობრძავი განკურნა.

მადლიერებით აღსავსე ქალი მივიდა დამიანესთან, სამი კვერცხი გაუწოდა და უთხრა: „მიიღე ეს მცირედი საბოძვარი ყოვლადწმიდა სამების - მამის, ძის და სულიწმიდის სახელით“. წმიდა სამების სახელი რომ ესმა, უვეცხლომ უარის თქმა ვერ გაბედა.

კოზმა ძალიან დაღონდა - მან ჩათვალა, რომ დამიანემ დაარღვია მათი მკაცრი აღთქმა და სიკვდილის წინ დაიბარა, იგი მის გვერდით არ დაეკრძალათ. მალე დამიანეც გარდაიცვალა. ყველანი გაუგებრობაში აღმოჩნდნენ - ვერ გადაეწყვიტათ, სად დაეკრძალათ წმიდა მკურნალი. მაშინ, ღვთის ნებით, სასწაული აღესრულა: ხალხის წინაშე უვერცხლო მკურნალების მიერ ოდესღაც ცოფისგან განკურნებული აქლემი წარდგა, ადამიანური ხმით ალაპარაკდა და ყველას ამცნო, დამიანე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დაეკრძალათ კოზმას გვერდით, რადგან მას ანგარებით კი არ მიუღია ძღვენი დედაკაცისაგან, არამედ უფლის სახელით. ნეტარი ძმების წმიდა ნეშტი ერთად დაკრძალეს ფერემანში (მესოპოტამია).

წმიდანი უვეცხლონი სიკვდილის შემდეგაც მრავალ სასწაულს აღასრულებდნენ. ფერემანში, კოზმასა და დამიანეს სახელობის ტაძრის მახლობლად მცხოვრებმა ქრისტიანმა კაცმა, მალქოზმა შორეული მგზავრობის წინ მისი ახალგაზრდა მეუღლე წმიდა ძმებს შეავედრა და მათ ზეციურ მფარველობას მიანდო. მალქოზის ერთი ახლობელი კაცი რამდენიმე ხნის შემდეგ ქალთან სახლში მივიდა და უთხრა, შენმა ქმარმა გამომგზავნა, რომ მასთან მიგიყვანოო. მალქოზის მეუღლე ენდო სტუმარს და გაჰყვა, კაცმა კი იგი უდაბურ ადგილას გაიყვანა და შეეცადა, ჯერ ძალა ეხმარა მასზე, შემდეგ კი მოეკლა. უეცრად საიდანღაც ორი ჭაბუკი გამოჩნდა. მზაკვარმა კაცმა გაქცევა სცადა, მაგრამ ხრამში გადაიჩეხა. ჭაბუკებმა მალქოზის ცოლი შინ დააბრუნეს. სასწაულებრივ გადარჩენილმა ქალმა სახლის ზღურბლთან მათ მდაბალი მადლი უძღვნა და ჰკითხა: „რა გქვიათ, ჩემო მხსნელებო, ვის ვუმადლოდე სიცოცხლეს?“ „ჩვენ ქრისტეს მონები კოზმა და დამიანე ვართ“, - უპასუხეს ჭაბუკებმა და გაუჩინარდნენ. შეძრწუნებულმა და გახარებულმა ქალმა ყველას მოუთხრო, რაც თავს გადახდა, ღვთისადმი მადლიერებით აღსავსემ, აცრემლებულმა, კოზმასა და დამიანეს ხატს მიმართა და სამადლობელი ლოცვა აღავლინა გადარჩენისთვის. ამ დღიდან მოყოლებული, წმიდა უვეცხლო მკურნალ ძმებს თაყვანს სცემენ, როგორც ქრისტიანული ოჯახის სიწმიდისა და სიმტკიცის მფარველებს.

მღვდელმოწამე იოანე ეპისკოპოსი და იაკობ ხუცესი, სპარსეთს წამებული (+დაახლ. 345)

მღვდელმოწამე იოანე ეპისკოპოსი და იაკობ ხუცესი ქრისტეს მოშურნე ქადაგებისთვის 345 წელს, საპორ II-ის ზეობისას ეწამნენ სპარსეთში: უღმერთოებმა ისინი მახვილებით განგმირეს.

წმიდა მოწამენი: კვირიენა და იულიანა (IV)

წმიდა მოწამენი: კვირიენა და იულიანა ქრისტეს აღსარებისთვის შეიპყრეს იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. კილიკიის მმართველის, მარკიანეს ბრძანებით, გაშიშვლებულ, თმებმოკვეცილ წმიდა კვირიენას ბრბოს დასაცინად დაატარებდნენ თავისი მშობლიური ქალაქის, ტარსოსის ირგვლივ, შემდეგ კი წმიდა იულიანასთან ერთად ქალაქ როსაში გაგზავნეს, სადაც ორივენი ცეცხლში დაწვეს.

წმიდა მოწამე ერმინინგელდი, გუთების უფლისწული (+586)

წმიდა მოწამე ერმინინგელდი იყო გუთთა მეფის შვილი, იგი ესპანეთის ეპისკოპოსმა ლეანდრემ არიანელთა მწვალებლობიდან მართლმადიდებლობაზე მოაქცია. ერმინინგელდის მამა მტკიცედ იდგა არიანობაზე. ის ყოველმხრივ ეცადა, ძე კვლავ არიანელობაზე გადაედრიკა, მაგრამ ამაოდ. სარწმუნოებრივ ნიადაგზე მამა-შვილს შორის ატეხილი ბრძოლის დროს ერმინინგელდი შეიპყრეს და ბორკილებასხმული ვიწრო და ბნელ საკანში გამოამწყვდიეს. აღდგომის წინა დღეს პყრობილი მეფისწულის საზიარებლად არიანელი ეპისკოპოსი გაგზავნეს, მაგრამ უფლის რჩეულმა არ მიიღო ერეტიკოსი. გამძვინვარებულმა არიანელებმა ნეტარს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 586 წელს, 13-14 აპრილს. ძის სარწმუნოების სიმტკიცითა და სიმამაცით გაოცებულმა მამამ შეინანა თავისი საქციელი, მაგრამ მართლმადიდებლობის მიღება ვერ გადაწყვიტა და ეპისკოპოს ლეანდრეს უბრძანა, მისი მემკვიდრე რიჰარდი მაინც მოექცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. გამეფების შემდეგ რიჰარდმა მთელს ქვეყანაში განამტკიცა მართლმადიდებლობა.

წმიდა მოწამენი: კესარიოსი, დასიოსი და მათ თანა ხუთნი მოწამენი (VII)

წმიდა მოწამენი: კესარიოსი, დასიოსი და მათ თანა ხუთნი მოწამენი, VII საუკუნეში, როცა ქალაქი დამასკო მაჰმადიანებმა დაიპყრეს, ქრისტეს მხნე აღსარებისთვის კესარიოსსა, დასიოსს და კიდევ ხუთ ქრისტიანს, რომელთა სახელები არ შემონახულა

წმიდანი ათონელნი ღირსმოწამენი: იაკობი და მოწაფენი მისნი- ბერდიაკონი იაკობი და დიონისე მონაზონი (+დაახლ. 1520)

წმიდა ღირსმოწამე იაკობი ათონის მთაზე აღიკვეცა ბერად. იგი იოანე ნათლისმცემლის სახელობის ივერთა დაცარიელებულ სკიტში დამკვიდრდა, განაახლა იგი და ბერი ეგნატეს ხელმძღვანელობით შეუდგა მოსაგრეობას. დაუცხრომელი ღვაწლით უფლის რჩეულმა სულის ისეთი სიწმიდე მოიგო, რომ ღვთაებრივი ხილვების ღირსი შეიქნა. პავლე მოციქულის მსგავსად მასაც განეცხადა სასუფევლის ნეტარება და ჯოჯოხეთის სატანჯველები. ზეგარდმო ნიჭით წმიდანი ცხადად ჭვრეტდა ყოველი მომსვლელის ფარულ გულისზრახვებსა და ფიქრებს, უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭიც ჰქონდა მიმადლებული. მოწაფეებთან ერთად ეტოლიაში ჩასული ნეტარი იაკობი მრავალ სასწაულს აღასრულებდა: სნეულებს კურნავდა და ყველას მოძღვრავდა. ურიცხვი ადამიანი იყრიდა თავს წმიდანის ირგვლივ. ავისმზრახველებმა ღირსი მამა თურქეთის ხელისუფლებასთან დაასმინეს, ხალხს იკრებს და ამბოხის მოწყობაც შეუძლიაო. მტარვალებმა ეს ცრუხმები საბაბად გამოიყენეს და ნეტარს მართლმადიდებლური სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვეს. პასუხად წმიდა იაკობმა და მისმა ორივე მოწაფემ: ბერ-დიაკონმა იაკობმა და დიონისე მონაზონმა მტკიცედ აღიარეს ქრისტე. ამისთვის მათ უღმრთოებისგან ხანგრძლივი წამება დაითმინეს და ბოლოს, 1520 წლის 1 ნოემბერს, ტანჯვით შეჰვედრეს სული უფალს. ღირსმოწამეთა სასწაულებით გაბრწყინებული წმიდა ნაწილები წმიდა ანასტასიას (ხს. 22 დეკემბერს) სახელობის მონასტერში დააბრძანეს თესალონიკის მახლობლად, დაბა გალატისტაში.

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.