USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 13 ნოემბერს?
თარიღი:  628

13 ნოემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდანი ათნი ბევრნი (100 000) მოწამენი, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი (+1227)

 საქართველოს ეკლესიას მოწამეთა ეკლესიას უწოდებენ, ქართველი ერი თავისთავში ატარებს დაფარულ და ქვეცნობიერ სიყვარულს ქრისტე ღმერთისა, რომელიც ხშირად ამა ქვეყნის სიავკარგის ეკალ-ბარდებითაა დაფარული. ისტორიული ქარტეხილები და იმპერიებს შორის მიმოხეთქებანი თითქოს საცერში ატარებს ჩვენი სარწმუნოებრივ-ეროვნული სიწმიდისა და ტრადიციების ნაერთს და ამა ქვეყნის ორომტრიალიდან ცალკე გამოიყოფა წმიდა ფქვილი - „საზეპურო ერის“ თვისებები და ბზე - ის უვარგისი მინარევი, რომელიც არც ღვთისთვის შეიწირვის და ერისთვისაც საზიანოა.

„უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხვითა შენითა მამხილებ მე. ტკბილ ხარ შენ უფალო და სიტკბოებითა შენითა მასწავლე მე სიმართლენი შენი“ - ვკითხულობთ ფსალმუნში. საქართველოს კეთილმსახური მეფის, წმიდა თამარის მეფობის ჟამს „სიტკბოებით“ სწავლობდა ქართველი ერის ღვთის სამართალს, თამარის გარდაცვალების შემდეგ ძნელბედობის ჟამი დაუდგა ქვეყანას. ჟამთააღმწერელი მოგვითრობს: „ქვეყანა საქართველოჲსა მიეცა განსარყვნელად ამის ძალითა, რამეთუ დაუტევეს მეფეთა და მთავართა სამართალი, მოწყალება, სიყვარული, სიწრფოება, სიმართლე, და ამის წილ მოიპოვეს ამპარტავნება, ზაკვა, შური, სიძვანი, უწესობანი“. ღმერთმა სჯულის დამვიწყებელ ერს სასტიკი სასჯელი მოუვლინა: „გულისწყრომით გვამხილა და რისხვით გვასწავლა“ ღვთის სიმართლე: ჩინგის ყაენისაგან ძლეული ხვარაზმის სულთანი ჯალალედინი დედაწულითურთ აიყარა და საქართველოს საზღვრებს მოადგა. ამ დროს საქართველოს თამარ მეფის ასული რუსუდანი განაგებდა. რუსუდანის ბრძანებით შეკრებილი ქართველთა ლაშქარი გარნისთან გამართულ ომში დამარცხდა.

ადარბადაგანსა და ნახჭევანს დამკვიდრებულმა ჯალალედინმა საქართველოს მაშინდელი ათაბაგი ავაგ მხარგრძელი იხმო და შესთავაზა: „აწ მნებავს, რათა შევერთნეთ მტკიცითა ფიცითა და ვბრძოლოთ მტერთა (მონღოლებს). რომელ მეფე თქუენი დედაკაცი არს და მყოთ ქმარ მისა და მეფე თქუენ ზედა და ვძლოთ ყოველთა მტერთა ჩუენთა. უკეთუ ესე არა ჰყოთ, მოოჴრდეს სამეფო თქუენი“.

ჯალალედინის უტიფარმა განზრახვამ გააოცა მეფე და დარბაზი. რუსუდანმა ავაგს შეუთვალა: „არცა თუ სმენად საქმისა მაგისა, არამედ სრულიად განყენებად“. ავაგ ათაბაგმა რუსუდანის გულისწყრომა და უარი აცნობა ჯალალედინს.

სულთანმა ლაშქარი აჰყარა და თბილისისკენ დაიძრა.

ბრძოლის პირველ დღეს „ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს ქართველთა“, დიდად დაჯაბნეს ხვარაზმის სულთანი, მაგრამ ღამით თბილისელმა სპარსელებმა უღალატეს ქართველებს, ქალაქის კარი გააღეს და მტერი თბილისში შემოუშვეს.

„ვინ-მე უძლოსა მაშინდელთა თქმულთა და ქმნულთა და განსაცდელთა, რომელი მოიწია ქრისტიანეთა ზედა?“ - კითხულობს ჟამთააღმწერელი და მოგვითხრობს ქართლის ცხოვრების ერთ-ერთ საშინელ სისხლიან დღეზე, - „ჩჳლნიცა ძუძუთაგან დედისათა აღიტაცნიან და წინაშე დედისა ქვაზედა დაანარცხიან და რომელსამე თუალნი წარსცჳდიან და რომელსამე  ტჳნი დაეთხიის“... სისხლის მდინარემ წალეკა ქალაქი. ბორცვებად ეყარნენ დახოცილები, ცხენების ფლოქვები სრესდა უძლურთ, ჭაბუკებს ასაჭურისებდნენ, დედას შვილს აკვლავდნენ. „ყვირილთა და ზახილთა ვაებითა საზარელთა ჴმათაგან იძვროდა ქალაქი ყოველი“. თბილისის ქუჩები და მტკვარი გვამებით აივსო.

ჯალალედინმა სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა და ბრძანა ზედ თავისი „ბილწი საჯდომლის“ დადგმა. შემდგომ ბოროტებამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა: ჯალალედინის ბრძანებით სიონის ტაძრიდან გადებულ ხიდზე დაასვენეს და თბილისელებს უბრძანეს „დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა“. ვინც ამას არ აღასრულებდა, „წარკუეთა თავთა“ ელოდა.

ასი ათასი ქართველი შეეწირა ამ დღეს წმიდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას, ასი ათასი მოჭრილი თავი და ასი ათასი თავწარკვეთილი სხეული გაატანეს უსჯულოებმა მდინარე მტკვარს. ამ დღიდან ასი ათასი მფარველი შეემატა საქართველოს, რომელთა ხსენება ყოველთვის „ქებით აღესრულების“.

 წმიდა მოციქულნი: სტაქოსი, ამპლია, ურბანოსი, ნარკისი, აპელოსი და არისტობულე - სამოცდაათთაგანნი (I)

წმიდა სამოცდაათთაგანი მოციქულნი: სტაქოსი, ამპლია, ურბანოსი, ნარკისი, აპელოსი და არისტობულე.

წმიდა სტაქოსი (რომ. 16,9) ანდრია პირველწოდებულმა ბიზანტიის ეპისკოპოსად დაადგინა. აქ ნეტარი 16 წლის მანძილზე მოღვაწეობდა, მოშურნედ ქადაგებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მრავალ წარმართს მოაქცევდა ქრისტიანობაზე, ბოლოს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა ამპლია (რომ. 16,8) ქალაქ დიასპოლის ეპისკოპოსი იყო, წმიდა ურბანოსი (რომ. 16,9) კი - მაკედონიისა. ისინიც წმიდა ანდრიამ აკურთხა მღვდელმთავრებად. სახარების სწავლების გავრცელებისთვის იუდეველებმა და ელინმა წარმართებმა უფლის მოწაფეები წამებით მოკლეს. წმიდა ნარკისი ათენის ეპისკოპოსი იყო, აპელოსი - თრაკიის ჰერაკლიისა, არისტობულე კი (რომ. 16,10) ბრიტანეთის მღვდელმთავარი იყო და იქვე მიიცვალა მშვიდობით (მის შესახებ იხილეთ 16 მარტის საკითხავში).

 წმიდა მოწამე ეპიმაქო (+დაახლ. 250)

წმიდა მოწამე ეპიმაქო პელუსიის მთაზე მოსაგრეობდა. იგი ქრისტეს აღსარებისთვის ალექსანდრიაში ეწამა დაახლოებით 250 წელს (ცნობები წმიდანის შესახებ იხილეთ 11 მარტის საკითხავებში).

 ღირსი მავრა (V)

ღირსი მავრა კონსტანტინოპოლში მოღვაწეობდა. აქ მან დააარსა სავანე, სადაც მიიცვალა კიდეც მშვიდობით V საუკუნეში.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის