USD 2.8478
EUR 2.9967
RUB 2.6780
თბილისი
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 11 ნოემბერს?!
 117

11 ნოემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

 ღირსი სერაპიონ ზარზმელი (+900)

წმიდა სერაპიონ ზარზმელი კლარჯელი აზნაურის შვილი იყო. ღირსი სერაპიონის მამა კვიპრიანე და დედა, რომლის სახელი „მოუჴსენებლად დაიფარა სოფლით“, ღვთისმოშიშებით და პატიოსნად ცხოვრობდნენ, „ნაშრომისაგან მათისა მდიდრად ზრდიდეს გლახაკთა და ძალისაებრსა მისცემდეს უღონოთა ჴელის აპყრობასა“.

 სერაპიონს ჰყავდა ორი ძმა. დედა ადრე გარდაეცვალა. შვილები კეთილად აღზარდა მამამ და მცირე ხნის შემდეგ იგიც აღესრულა.

 სერაპიონს სიყრმიდანვე მეუდაბნოების სურვილი ჰქონდა. სერაპიონი თავის უმცროს ძმასთან, იოანესთან ერთად წავიდა და თავი თვისი შეჰვედრა „მამასა სულთასა და მზრდელსა ობოლთასა“, „სასწაულთა და ნიშთა მოქმედსა“ დიდ მიქელ პარეხელს (ხს. 27 მაისს). ღირსმა მამამ მიიღო სერაპიონი და იოანე და „თანააღრაცხილ ყვნა დასსა მოწაფეთასა“. უფროსი ძმა სახლში დარჩა და ოჯახის ტრადიცია გააგრძელა - „უცხოთა და გლახაკთა“ მსახურებით ცხოვრობდა.

 ღირსი მიქელი ხედავდა სერაპიონის საღმრთო მოქალაქეობას, მოშურნეობას და მღვდლად აკურთხა იგი. ერთხელ, ლოცვისას, ღირსმა მიქელმა იხილა მღვდელშვენიერად შემოსილი კაცი, რომელმაც უბრძანა, რომ მის მიერ განსწავლული მოწაფეები, სერაპიონი და იოანე სამცხეში გაეგზავნა მონასტრის ასაშენებლად. სერაპიონი შეაკრთო დიდმა პატივმა და მოვალეობამ, მაგრამ, ცხოველმყოფელი ჯვრის მსასოებელი და მოძღვრის მიერ გამხნევებული, თანამოსაგრეებთან ერთად სამცხეში წავიდა. ძმებს თანაშემწედ „თანაეტჳრთათ ცხოველი ხატი ფერისცვალებისაჲ“.

 ბერები მშვიდობით მივიდნენ ადგილზე, ძალიან მოეწონათ ერთი მთა, დაათვალიერეს იქაურობა, და, მიუხედავად იმისა, რომ „სასწაულნი იგი ადგილსა ამას“ ვერ იხილეს, გადაწყვიტეს, აქ აეშენებინათ მონასტერი. მალე იქაურმა მცხოვრებლებმა ძმები განდევნეს. დაღონებულმა ბერებმა მდინარის გაღმა, დასავლეთით, სწორედ ის ადგილი იპოვეს, რომელიც მიქელმა იხილა გამოცხადებით. ამ მხარის მთავარი იყო კეთილმსახური ფეოდალი გიორგი ჩორჩანელი. ერთხელ, ნადირობისას, გიორგი ჩორჩანელმა ნახა უსიერი ტყის თავზე აღმართული კვამლი, გაუკვირდა და მაცნე გაგზავნა ამბის გასაგებად. მას აუწყეს ორი საკვირველი ბერის შესახებ. გიორგი დიდი პატივით გაეშურა მამებისკენ, მდაბლად მოიკითხა, თაყვანი სცა ფერისცვალების წმიდა ხატს და კურთხევა ითხოვა ბერებისგან. შემდეგ იქაურობა უბოძა მონასტრის ასაშენებლად და მთელი იმ ადგილების დამტკიცებასაც დაჰპირდა, რომელსაც ბერები დილიდან საღამომდე შემოივლიდნენ. მაგრამ ყველა ადგილობრივი მკვიდრი როდი შეხვდა ბერებს ასე გულთბილად: დაბა-წისქვილის მცხოვრებლები აუჯანყდნენ და ყოველნაირად ცდილობენენ მათ დაბრკოლებას. წმიდა სერაპიონმა გონებადაბინდულ ხალხს წინასწარმეტყველურად მიმართა: „ვიხილე უღმრთო ამაღლებული ნაძვთამდე ლიბანისათა და თანაწარვხედ და არა იპოვა ადგილი მისი“.

 იმ ღამით დიდი სასწაული აღესრულა: მიწა იძრა, კლდე გაიპო, სათახვის მღვრიე ტბა გადმოდინდა და დაბა-წისქვილი წალეკა, მხოლოდ ორი ძმა გადარჩა სასწაულებრივად: ახდა წმიდა სერაპიონის წინასწართქმა. შიშით თავზარდაცემულმა ხალხმა ამ ადგილს ზარზმა უწოდა.

 ძმებმა ეკლესიისთვის შესაფერისი ადგილის ძებნა დაიწყეს. წმიდა სერაპიონს მაღალ ბორცვზე სურდა მშენებლობის დაწყება, იოანე და სხვა ბერები კი ეუბნებოდნენ: „ნუ, წმიდაო მამაო, ადგილსა ამას, რამეთუ მაღალ და ცივ არს და ძმანი ესე შიშველ და გლახაკ“. მაშინ ნეტარი მამები ასე მოიქცნენ: ორ კანდელში თანასწორი რაოდენობის ზეთი ჩაასხეს. ერთი თავად სერაპიონმა დადგა მაღალ ბორცვზე, მეორე კი ბორცვის სამხრეთით, მცირე ღელეში - იოანემ. ორივენი დადგნენ ლოცვად. როცა გათენდა, ნახეს, რომ სერაპიონის კანდელი დაშრეტილიყო, იოანესი კი შუა-სამხრამდე ბრწყინავდა.

 ეკლესიის საძირკველი იოანეს არჩეულ ადგილზე ჩაყარეს, მაგრამ მშენებლობა გაძნელდა: ირგვლივ დაბურული ტყეები იყო, მშენებლობისთვის საჭირო ქვები მხოლოდ მდინარეში იპოვებოდა. გიორგი ჩორჩანელის რჩევით, უმწის მიწისძვრისგან დანგრეული ეკლესიის ქვებიც გამოიყენეს და სამ წელიწადში ტაძრის მშენებლობდა დასრულდა, წესისამებრ შეიმკო იგი და შიგ დაასვენეს ფერისცვალების სასწაულთმოქმედი ხატი. ამის შემდეგ ძმათა სენაკებიც ააგეს. მამა სერაპიონმა „განაჩინა წესნი და კანონნი საეკლესიონი“.

 ნეტარმა სერაპიონმა წინასწარ იგრძნო, რომ მისი ამსოფლიდან გასვლის ჟამი ახლოვდებოდა, მოუწოდა ძმათა კრებულს, დამოძღვრა ისინი და წინამძღვრად განუწესა მღვდელ-მონაზონი გიორგი, „კაცი კეთილი, სათნოებითა ბრწყინვალე და ტკბილი სიტყვითა და საქმითა“.

 რამდენიმე დღის შემდეგ დასნეულებული სერაპიონი წამოდგა, საკურთხეველში შევიდა, ემთხვია წმიდა ტრაპეზსა და მაცხოვრის ხატს, ეზიარა, ძმებს სთხოვა, ელოცათ მისთვის, „მიიწია ცხედრად ჟამსა მეექვსესა და მეცხრესა ჟამსა შეჰვედრა სული თვისი ხელთა ღმრთისათა“.

 წმიდა სერაპიონი პატივით დაკრძალეს საკურთხევლის აღმოსავლეთით. წმიდა მამას თავისი საფლავი ადრევე გაეთხარა საკუთარი ხელით, რომ მისი ხილვისას მოჰგონებოდა სიკვდილი, „რომელი იგი სამარადისოდ წინაშე თვალთა აქვნდა“.

 წმიდანის ძმისწულმა ბასილ ზარზმელმა (ხს. 5 ოქტომბერს) სერაპიონის წმიდა ნაწილები ღვთის ბრძანებით ახალშემზადებულ ქვის ლარნაკში ჩაასვენა და „გადაასვენა საჩინოსა შტოსა ახლისა ეკლესიისასა“.

 

ღირსმოწამე ანასტასია რომაელი (III)

 ღირსმოწამე ანასტასია რომაელი, ერთი ცნობით - იმპერატორ დეკიუსის (249-251), სხვა წყაროს მოწმობით კი - ვალერიანეს (253-260) ზეობისას ეწამა ქრისტესთვის. წმიდანი სამი წლის იყო, როცა მშობლები გარდაეცვალა. ობოლზე ზრუნვა ერთმა კეთილმსახურმა დიაკონისამ, სოფიამ იტვირთა და იგი ღვთისმოშიშებით აღზარდა. როცა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, ქალაქის თავმა პრობოსმა ბრძანა, მისთვის მიეგვარათ ანასტასია. ქრისტეს ტარიგი, რომელსაც თავისმა გამზრდელმა და მოძღვარმა მოწამეობრივ ღვაწლზე მისცა კურთხევა, მშვიდად შეხვდა შეიარაღებულ მეომრებს. პრობოსმა წმიდანის სიყმაწვილე და მომხიბლველობა რომ იხილა, თავდაპირველად ლიქნით სცადა მისი გადაბირება: „რატომ ღუპავ შენს ყმაწვილქალობას, რად გაურბიხარ შვება-სიამოვნებას? რა მოსაგებელია ჯვარცმულისთვის ტანჯვა და სიკვდილი? ჩვენს ღმერთებს ეცი თაყვანი და ღირსეულ ქმარსაც შეიძენ, დიდებასაც და პატივსაც“. ანასტასიამ მტკიცედ მიუგო: „ჩემი სიძე, ჩემი საუნჯე, ცხოვრება და სიხარული - იესო ქრისტეა. ტანჯვის შიშით ვერ განმაშორებ უფალს!“ დაიწყო ღვთის რჩეულის სასტიკი ტანჯვა: მარტვილის არაადამიანური წამებისა და აბუჩად აგდების მოწმე ხალხი აღშფოთებამ მოიცვა, ქალაქის თავი იძულებული გახადა, შეეწყვიტა ანასტასიას ტანჯვა და მისთვის თავის მოკვეთის ბრძანება გასცა. ნეტარის ცხედარი ქალაქგარეთ დააგდეს მხეცების საჯიჯგნად, მაგრამ უფალმა არ დაუშვა სიწმიდის შეურაცხყოფა: ზეგარდამო მინიშნებით წმინდა ანასტასიას აღმზრდელმა სოფიამ მიაკვლია მოწამის ნეშტს და ორი სხვა ქრისტიანის დახმარებით მიწას მიაბარა.

 ღირსი აბრაამ დაყუდებული და ნეტარი მარიამი, ძმისწული მისი (+დაახლ. 360)

ღირსი აბრაამ დაყუდებული, ასურელი მოღვაწე, IV საუკუნეში ცხოვრობდა. წმიდანი შეძლებული ოჯახის შვილი იყო, მაგრამ ერთ უკაცრიელ ქოხში დაეყუდა. და მკაცრ მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. როცა მშობლები გარდაეცვალა, უფლის რჩეულმა მისი კუთვნილი მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა.

რამდენიმე ხნის შემდეგ ედესის ეპისკოპოსისა და სამღვდელოების თხოვნით მან ხუცესის ხარისხი მიიღო და ერთ-ერთ წარმართულ სოფელში დაიწყო მოღვაწეობა. სამი წელი დაუცხრომლად იღვწოდა წმიდა მამა კერპთმსახურთა განსანათლებლად, მოთმინებით იტანდა მათგან ყოველგვარ ლანძღვა-გინებასა და გვემას: ერთხელ უღმერთოებმა სასიკვდილოდ ნაცემი მოღვაწე მახლობელ ტყეში უპატრონოდ დააგდეს, მაგრამ, ღვთის წყალობით, გადარჩა. ყოვლადსახიერმა უფალმა მოწყალებით მოხედა თავის ერთგულ მსახურს - მისი ღვაწლი წარმატებით დაგვირგვინდა: წარმართებმა ირწმუნეს ქრისტე და ნეტარი აბრაამის ხელით მოინათლნენ. ამის შემდეგ ღირსი მამა კვლავ ძველ სამოღვაწეო ადგილს დაუბრუნდა. უსაზღვრო იყო წმიდანის თავშეკავება - მის მთელ ქონებას შეადგენდა: ქიტონი და ჯვალო, რომელიც ემოსა, ჯამი, რომლითაც საზრდელს ღებულობდა და ჭილობი, რომელზეც ეძინა. წმიდანი სულ უფრო და უფრო მაღლდებოდა სულიერი სრულყოფის საფეხურებზე. მისი ახოვნებით სირცხვილეულ-ქმნილი ბოროტი ცდილობდა, ამპარტავნების ვნებით დაეთრგუნა ღვთის სათნომყოფლის სული. ერთხელ, შუაღამით, როცა ღირსი აბრაამი თავის სენაკში ლოცულობდა, უეცრად იქაურობა ნათლით გაბრწყინდა და გაისმა: „ნეტარ ხარ შენ, ნეტარ ხარ, როგორც არავინ კაცთა შორის“. წმიდანმა გულისხმაყო მტრის მანქანება და თქვა: „მე - ცოდვილი კაცი ვარ, მაგრამ ჩემი უფლის შეწევნასა და მადლს ვსასოებ და შენი არ მეშინია“.

წმიდანთან მრავალი ადამიანი მიდიოდა სულიერი რჩევა-დარიგების მისაღებად. დაუცხრომელი ღვაწლისთვის მას უფალმა კურნებისა და ბოროტ სულთა განსხმის ნიჭი მიმადლა. უკვე მოხუცი ღირსი აბრაამი მიცვალებამდე თხუთმეტი წლით ადრე მეორეჯერ, ამჟამად მცირე ხნით, გამოვიდა დაყუდებიდან - წრფელ გზას გადამცდარი თავისი ძმისწულის, მარიამის გადასარჩენად. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მოსაგრე ცხოვრების შემდეგ სამოცდაათ წელს მიღწეული უფლის რჩეული მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 360 წელს. უამრავი ხალხი შეიკრიბა მის დაკრძალვაზე. „კაცად-კაცადი მიეახლებოდა მოსწრაფებითა წმიდათა მათ ჴორცთა მისთა, და მოიტაცებდეს სამოსლისა მისისაგან ფესუსა და რავდენთა სნეულთა შეახებდეს ფესუსა მას, განიკურნებოდეს“.

წმიდა აბრაამ დაყუდებულის ცხოვრების შესახებ ცნობები შემოგვინახა მისმა თანამედროვემ და სულიერმა მეგობარმა, ღირსმა ეფრემ ასურმა (ხს. 28 იანვარს).

ღირსი მარიამი, აბრაამ დაყუდებულის ძმისწული, შვიდი წლის იყო, როცა მშობლები გარდაეცვალა და აღსაზრდელად ბიძას ჩააბარეს. წმიდა მამამ „ბრძანა ყოფაჲ მისი გარეშესა მას სახლსა“. სენაკის მცირე სარკმლიდან შეასწავლა ღირსმა აბრაამმა მარიამს „დავითნი და სხუანი წიგნნი“. უბიწო ასული ბიძასთან ერთად მარხულობდა, მღვიძარებდა, გალობდა „და ისწრაფდა აღსრულებად ყოველთა სათნოებათა“. აბრაამმა ძმისწულის მთელი ქონება ობლებსა და გლახაკებს განუყო და ცრემლით ევედრებოდა უფალს, „რაჲთა არა შეიკრას გონებაჲ მისი რომელითამე ქუეყანისა საქმითა და ზრუნვითა“. „აღბორგდა ეშმაკი მის ზედა“. ნეტარის სიყვარულით აღძრულმა, ერთმა ყმაწვილმა შეძლო წმიდა ქალწულის ცთუნება - მარიამმა გააღო სარკმელი, დატოვა ოთახი და „შეიგინა მის თანა მწჳრითა მით ურჩულოებისაჲთა“. ცოდვის აღსრულების შემდეგ გონს მოსული ასული სასოწარკვეთილებამ მოიცვა, სახლში დაბრუნება ვერ გაბედა, სხვა ქალაქს მიაშურა და გარყვნილ ცხოვრებას მიეცა. ძმისწულის დაკარგვა რომ შეიტყო, აბრაამი მწარედ ატირდა და გულმოდგინედ ევედრა უფალს, დაეცვა იგი „პირისაგან ვეშაპისა“. ორი წლის შემდეგ წმიდა მამამ მარიამის ადგილსამყოფელიც გაიგო, გამოვიდა ქოხიდან, ერისკაცის სამოსელი შეიმოსა და ქალაქს მიაშურა. საროსკიპოში შესულმა წმიდანმა მოითხოვა მარიამი „ქალი ქმნულ-კეთილი“. „მოუწოდე მას, რაჲთა დღეს ვიხარო მის თანა, რამეთუ ფრიადისა ჰამბავისა მისისათჳს ვეტრფიალე მას“. ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ „პირი მისი აღივსო ცრემლითა“, მაგრამ თავი შეიკავა, „რაჲთა არა ცნას და ივლტოდეს“. მაშინ ნეტარმა მამამ, „რომელმან ერგასისთა წელთა მონაზონებისა მისისათა პურისა გემოჲ არა იხილა და არცა ყოველთავე ღჳნისა. ჴორცი ჭამა და ღჳნოჲ სუა, რაჲთა იჴსნეს სული წარწყმედული“. ტრაპეზთან განცხრომის შემდეგ, როცა მარიამმა ოთახის კარი ჩაკეტა, სარეცელზე ჩამომჯდარმა ღირსმა აბრაამმა თავისთან მოუხმო მას, მაგრა ჩასჭიდა ხელი, რომ არ გაქცეულიყო, შემდეგ კი ქუდი მოიხადა, გამოემცნაურა სულიერ შვილს და გოდებით უთხრა: „შვილო ჩემო, მარიამ, ვერ მიცანა? მე ვარ მამის ძმაჲ შენი აბრაჰამ! შვილო ჩემო და ნაწლევო ჩემო, არა მიცანა? მე ვარ, რომელმან განგზარდე შენ! რაჲ ესე ჰქმენ, შვილო ჩემო, ანუ ვინ მოგკლა შენ? სადა არს ხატი იგი შენი ანგელოზებრი, რომელი გემოსა შენ?. რაჲსათჳს არა მითხარ, ოდეს იგი სცოდე, შვილო ჩემო და მემცა ვევედრე შენ წილ ღმერთსა საყუარელსა ჩუენისა ეფრემის თანა. რაჲსათჳს ესე საქმჱ ჰქმენ? რაჲსათჳს ესრეთ დამაგდე მე და მწუხარებასა დიდსა შემაგდე მე, შვილო ჩემო?“ შემდეგ კი შეუნანებელ ცოდვილთათვის განმზადებული ჯოჯოხეთის სატანჯველები და მონანულთა მიმართ ღვთის უსაზღვრო გულმოწყალება მოაგონა დაცემულს. მარიამს ეს რომ ესმა, „იქმნა ვითარცა ქვაჲ უსულოჲ ჴელთა შინა მისთა შიშისაგან და სირცხჳლისა“. აბრაამმა დასძინა: „არარას მომიგება, შვილო ჩემო მარიამ, და არას მეტყჳა, ნაწლევო ჩემო, ჩემ ზედა იყავნ ცოდვაჲ ეგე შენი, შვილო ჩემო, მე სიტყუაჲ მიუგო ღმერთსა დღესა მას საშჯელისასა, მე ვინანდე ცოდვისა მაგის შენისათჳს, შვილო ჩემო“, და შუაღამემდე ტირილით ევედრებოდა და შეაგონებდა მას. ბოლოს მარიამმა თქვა: „უკუეთუ უწყი, ვითარმედ შემძლებელ ვარ სინანულად და თუ შეიწყნაროს ღმერთმან სინანული ჩემი და მომიტევნეს მე ღმერთმან შეცოდებანი ჩემნი, აჰა ესერა, მოვალ, შეუვრდები და ვჰლოცავ შენსა სიწმიდესა და ჰამბორს უყოფ ფერჴთა შენთა, რამეთუ ესრეთ წყალობა ჰყავ ჩემთჳს და მოხუედ აქა, რაჲთა გამომიყვანო მე მწჳრისა ამისგან არაწმიდებისა“. მან თავი წმიდანის ფეხებთან დადო და, სინანულითა და ღვთისადმი უსაზღვრო მადლიერებით აღსავსე, მთელი ღამე ტიროდა. როცა გათენდა, ბიძა-ძმისწული დაყუდების ადგილს დაუბრუნდნენ. აბრაამმა წმიდა მარიამი შიდა სენაკში შეიყვანა, სადაც ადრე თავად მოღვაწეობდა, თვითონ კი გარეთა სანაკში დამკვიდრდა. „მიერითგან ნეტარი იგი ქალი ინანდა ძაძითა და ნაცრითა, სულ-თქუმითა და ცრემლითა მწარითა, აღმსთობითა და მღჳძარებითა დიდითა, მარხვითა და ცრემლითა, სიმდაბლითა და სიმშვიდითა შურებოდა გულსმოდგინედ და ინანდა მოსწრაფედ და ჰმადლობდა დაუცხრომლად“. ფიცხელი ღვაწლისთვის უფალმა თავის რჩეულს ცოდვათა მიტევება და კურნების ნიჭი მიმადლა.

ნეტარი აბრაამის გარდაცვალების შემდეგ ღირსმა მარიამმა ხუთი წელი იცოცხლა და „გარდარეულად შურებოდა და ცრემლითა ევედრებოდა ღმერთს დღჱ და ღამჱ“. როცა უფალმა წმიდა დედის სულიც შეივედრა, „პირი მისი. გაბრწყინდა, ვითარცა მზე“.

ღირსი ანა (+826)

 ღირსი ანა ევფიმიანეს სახელით მოღვაწეობდა მამათა ერთ-ერთ სავანეში ოლიმპოს მახლობლად. ცნობები მის შესახებ იხილეთ 13 ივნისის საკითხავებში.

 წმიდა მოწამენი: კლავდიოსი, ასტერიოსი, ნეონი და თეონილა (+285)

 წმიდა მოწამენი: კლავდიოსი, ასტერიოსი, ნეონი და თეონილა, ღვიძლი და-ძმანი, 285 წელს, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ეწამნენ კილიკიაში.

მამის სიკვდილის შემდეგ დედინაცვალმა, რომელსაც არ სურდა მათთან ქონების გაყოფა, ქრისტიანთა მდევნელებს გადასცა უფლის რჩეულები. კილიკიის მმართველი, ლისიუსი დიდხანს აწამებდა წმიდანებს და კერპების თაყვანისცემას ითხოვდა მათგან. მაცხოვრის სარწმუნოების ერთგული ძმები: კლავდიოსი, ასტერიოსი და ნეონი საშინელი სატანჯველების შემდეგ ქალაქგარეთ გაიყვანეს და ჯვარს აცვეს, მათი და - კეთილმსახური ქვრივი თეონილა კი მარგილებს შორის გაჭიმეს, ქამრებით სცემეს, მუცელზე ცხელი ნახშირი დააყარეს. ამ სასტიკი წამების დროს გარდაცვლილი მოწამის ნეშტი ბოლოს ტომარაში ჩააგდეს და ზღვაში დანთქეს.

ბიზნესი
"BM.GE": დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - რა უნდა იცოდეს ბიზნესმა ახალ რეგულაციაზე

დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.

- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?

- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.

- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?

- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.

- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?

- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.

- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?

- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.

წყარო:https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.