USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 11 მარტს?
Date:  856

11 მარტს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი პროკოპი აღმსარებელი, დეკაპოლელი (+დაახლ.750)

27 (11.03) თებერვალი

ღირსი პროკოპი დეკაპოლელი გალილეის ტბის აღმოსავლეთით, დეკაპოლის, ანუ ათქალაქის (მკ.7,31) ოლქში მოღვაწეობდა. წმიდა პროკოპი თავის თანამოსაგრესთან, წმიდა ბასილისთან (ხს. 28 თებერვალს) და მართლმადიდებლობის სხვა ერთგულ დამცველებთან ერთად ახოვნად აღუდგა წინ ახალაღმოცენებულ ხატმებრძოლთა ერესს. იმპერატორის ლეონ ისავრიელის (716-741) ბრძანებით, იგი შეიპყრეს, სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც წმიდა ბასილისთან ერთად იმყოფებოდა მტარვალი მეფის აღსრულებამდე. ამის შემდგომ ღირსი აღმსარებლები გაანთავისუფლეს. სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი წმიდა მამამ მშვიდობით გალია; მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში, 750 წელს.

ღირსი თალალე ასურელი (+დაახლ. 460)

27 (11.03) თებერვალი

ღირსი თალალე V საუკუნეში ცხოვრობდა. წარმოშობით იგი კილიკიიდან (მცირე აზია) იყო, ბერად იგი საბა განწმენდილის ლავრაში აღეკვეცა და იქვე ეკურთხა მღვდლად. მოგვიანებით, სირიაში გადახვეწილმა მამამ ქალაქ ჰავალის მახლობლად მიტოვებული, აკლდამებით გარშემორტყმული სამსხვერპლო იპოვა და იქ დაემკვიდრა კარავში. აქაურობას ცუდი სახელი ჰქონდა გავარდნილი, რადგან შიგ დაბუდებული ბოროტი სულები აფრთხობდნენ და მრავალ ბოროტებას შეამთხვევდნენ მგზავრებს. აი, ამგვარ ადგილას დაეყუდა ღირსი თალალე და განუწყვეტელ ლოცვას მიეცა. ეშმაკები საშინელი ღრიანცელითა თუ ამაზრზენი ჩვენებებით დიდხანს ცდილობდნენ მის შეშფოთებას, მაგრამ ღირსმა მამამ, ღვთის შეწევნით, დაამარცხა, საბოლოოდ დათრგუნა და და თავიდან მოიშორა აბეზარი მტერი. ამის შემდეგ მან კიდევ უფრო გაამკაცრა ღვაწლი: ისეთი ვიწრო ქოხი აიშენა, რომ თავდახრილი ძლივს მოძრაობდა და აქ იცხოვრა დაახლოებით 10 წლის განმავლობაში.

უფალმა წმიდანს საკვირველთქმედების ნიჭი მიმადლა. მის მიერ აღსრულებული სასწაულები მრავალს მოაქცევდა ქრისტეს სჯულზე. გაქრისტიანებული წარმართების მეშვეობით ღირსმა მამამ დაარღვია სამსხვერპლო, მის ადგილზე ტაძარი ააშენა და შიგ ყოველდღიური მსახურება განაწესა. წმიდა თალალე გარდაიცვალა დაახლოებით 460 წელს, ღრმა მოხუცებულობაში. იოანე მოსხის (+622) „ლიმონარში“ ღირს მამაზე ნათქვამია, 60 წელი იყო მონაზონი თალალე კილიკიელი და არასოდეს შეუწყვეტია ცრემლთა ღვრა, ამბობდა: ეს დრო ღმერთმა სინანულისათვის მოგვცა, ძმებო, და თუ მას დავკარგავთ, მკაცრად დავისჯებით.

ღირსნი ასკლიპი და იაკობ სირიელი (V)

27 (11.03) თებერვალი

ღირსი ასკლიპი და იაკობი, სირიელი მოღვაწეები, V საუკუნეში ცხოვრობდნენ. მათ შესახებ ცნობებს გვაწვდის ნეტარი თეოდორიტე, კვიპრელი ეპისკოპოსი. ღირსი ასკლიპი მშობლიურ სოფელშივე ეწეოდა მკაცრ მოღვაწეობას. წმიდა მამას მრავალი მოწაფე და მიმბაძველი ჰყავდა. ერთი მათგანი იყო ნეტარი იაკობი, რომელიც სოფელ ნიმუზის მახლობლად მცირე ქოხში გამოიკეტა და თავისი 90-წლოვანი სიცოცხლის ბოლომდე არ გამოსულა კელიიდან. მნახველებს წმიდანი პასუხობდა ვიწრო ჭრილიდან, რომელიც ირიბად იყო კედელში დატანებული, ისე, რომ არავის შესძლებოდა მისი დანახვა.

წმიდა მოწამენი: ივლიანე, მსახური მისი ევნუსი, ბეზა მხედარი და მეკარი (III)

27 (11.03) თებერვალი

წმიდა მოწამენი: ივლიანე, მსახური მისი ევნუსი, ბეზა მხედარი და მეკარი დეკიუსის (249-251) მეფობის დასაწყისში ეწამნენ ალექსანდრიაში. ღრმად მოხუცებული ივლიანე ნეკრისის ქარებით იტანჯებოდა, არც ფეხზე დგომა შეეძლო და არც მოძრაობა. იგი სამსჯავროზე თავისმა მსახურებმა მიიყვანეს, რომელთაგან ერთმა, ევნუსმა, ახოვნად აღიარა ქრისტე, მეორემ კი უარყო მაცხოვარი. ივლიანე და ევნუსი აქლემებით დაჰყავდათ ქალაქში, დასცინოდნენ და შეურაცხოფდნენ, ბოლოს კი კოცონზე დაწვეს. მათთან ერთად ეწამა მხედარი ბეზა და მეკარი. ისინი ცდილობდნენ, უპატიო მოპყრობისგან დაეცვათ წმიდანები, რისთვისაც წმიდა ბეზას თავი მოჰკვეთეს. წმიდა მეკარი კი ცეცხლში დაწვეს.

ღირსი სტეფანე (IV)

27 (11.03) თებერვალი

ღირსმა სტეფანემ, იმპერატორ მავრიკიუსის (582-602) ყოფილმა კარისკაცმა, დატოვა სამსახური, არმატიაში (კონსტანტინეპოლი) დავრდომილთა თავშესაფრები დაარსა და მთლიანად უცხოთშეწყნარებისათვის გადადო თავი. წმიდანი მშვიდობით მიიცვალა 61 წლის ასაკში.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way