USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 11 იანვარს?
дата:  436

11 იანვარს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ათოთხმეტნი ათასნი ჩვილნი მოწამენი, მოწყვეტილნი იროდის მიერ ბეთლემს ჰურიასტანისასა (I)

29 (11.01) დეკემბერი

წმიდანი ათოთხმეტი ათასნი ჩვილნი მოწამენი მეფე ჰეროდემ ამოხოცა ბეთლემში.

როცა უდიდესი მოვლენის - ძე ღვთისას განკაცებისა და ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან მისი შობის ჟამმა მოაწია, აღმოსავლელმა მოგვებმა ცაზე ახალი, ჰურიათა მეუფის შობის მომასწავებელი ვარსკვლავის გამოჩენა შენიშნეს და იერუსალიმში გაემგზავრნენ ახალშობილის თაყვანსაცემად. როდესაც ეს ამბავი ჰეროდემ შეიტყო, შეკრიბა ებრაელთა მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი და გაიგო, რომ ქრისტე უნდა შობილიყო „ბეთლემს ჰურიასტანისასა“. შემდეგ მან მოგვებიც მოიხმო თავისთან. მათაც გამოჰკითხა ყოველივე და, შეშინებულმა, გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, მოეკლა ახალშობილი.

ჰეროდემ ცბიერებით უთხრა მოგვებს: „მივედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთჳს, და რაჟამს ჰპოოთ იგი, მითხართ მე, რაჲთა მეცა მივიდე და თაყუანის-ვსცე მას“. ვარსკვლავთმრიცხველები იერუსალიმში არ დაბრუნდნენ და, ზეციური განცხადებისაებრ, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში. როცა ჰეროდე მიხვდა, რომ განკაცებულ მესიას ვერ იპოვიდა, ბრძანა, მოეწყვიტათ ყველა ყრმა, „რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი“. უსჯულო იმედოვნებდა, რომ დახოცილ ბავშვებს შორის ის ჩვილიც იქნებოდა, რომელიც თავის მეტოქედ მიაჩნდა. ამ ხოცვა-ჟლეტის ჟამს დაღუპულნი ქრისტეს პირველი მოწამეები გახდნენ. ჰეროდეს რისხვა დაატყდა თავს სვიმეონ ღვთისმიმრქმელსაც, რომელმაც ტაძარში საჯაროდ დაამოწმა მესიის განკაცება. როცა წმიდა მოხუცი გარდაიცვალა, ჰეროდემ არ დაუშვა, რომ იგი ღირსეული პატივით დაეკრძალათ. მეფის ბრძანებით განგმირეს წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარიაც: იგი იერუსალიმის ტაძრის საკურთხეველზე მოკლეს იმისათვის, რომ თავისი ძის, იოანეს ადგილსამყოფელი არ გაამხილა.

ჰეროდეს უსჯულოება დაუსჯელი არ დარჩენილა: ღვთის ნებით, მას საშინელი სენი შეეყარა და მატლებისგან ცოცხლად დაჭმულს აღმოხდა სული. ეშმაკის ჭურჭლად ქცეულმა მეფემ თავისი ცოდვების ნუსხას სიკვდილამდე სხვა, ახალი და საშინელი ბოროტმოქმედებებიც შესძინა: დახოცა იუდეველი მღვდელმთავრები და მწიგნობრები, ღვიძლი ძმა და სიძე, მეუღლე - მარიამი სამი ძითურთ და, აგრეთვე, სინედრიონის წევრი სამოცდაათი ბრძენკაცი.

 

ღირსი მარკელე, მღვიძარეთა მონასტრის წინამძღვარი (+485)

29 (11.01) დეკემბერი

ღირსი მარკელე, მღვიძარეთა მონასტრის წინამძღვარი სირიის ქალაქ აპამეაში დაიბადა, ქრისტიანულ ოჯახში. მშობლები მას ადრე გარდაეცვალა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჯერ ანტიოქიაში, შემდეგ კი ეფესოში კარგი განათლება მიიღო. მემკვიდრეობით მიღებული მთელი ქონება ნეტარმა გლახაკებს დაურიგა და მოსაგრე ცხოვრება დაიწყო ეფესოში მოღვაწე გამოცდილი ბერის ხელმძღვანელობით, შემდეგ კი ბიზანტიაში გაემგზავრა, მღვიძარეთა მონასტრის წინამძღვარ ღირს ალექსანდრესთან. იღუმენმა ბერად აღკვეცა ნეტარი. მარკელეს თავდადებული მოღვაწეობა სათნოეყო უფალს და სხვადასხვა სულიერი ნიჭებით, მათ შორის, განჭვრეტის მადლით დააჯილდოვა წმიდანი. ღირს მამას წინასწარ განეცხადა ამბა ალექსანდრეს აღსასრულის ჟამი და ისიც ეუწყა, რომ თავად გახდებოდა იღუმენი. ნეტარი ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო, ძმათა წინამძღვობისათვის თავი უღირსად ჩათვალა და დროებით დატოვა სავანე. იგი სხვადასხვა მონასტრებში მიმოდიოდა და ბერებისგან სულიერ რჩევა-დარიგებებს იღებდა.

წმიდა ალექსანდრეს მიცვალების შემდეგ იღუმენად ამბა იოანე აირჩიეს. ეს რომ შეიტყო, მარკელე დაუბრუნდა მონასტერს, რითაც მთელი საძმო ძალიან გაახარა. ახალმა წინამძღვარმა წმიდა მამა უახლოეს თანაშემწედ გაიხადა. როცა იოანე გარდაიცვალა, მარკელე, საკუთარი ნების წინააღმდეგ, მის ნაცვლად დაადგინეს. უფლის რჩეული სამოცი წელი განაგებდა სავანეს. შორეული ადგილებიდან მოეშურებოდნენ მასთან სულიერი რჩევების მისაღებად. წმიდანის ირგვლივ მყოფნი ხშირად ცხადად ხედავდნენ ანგელოზებს, რომლებიც მუდამ თან ახლდნენ და იცავდნენ მას. ღირს მარკელეს უფალი შეეწეოდა სავანის აღმშენებლობასა და კეთილმოწყობაში. მორწმუნეთაგან შემოწირული თანხებით მან ააგო დიდი ტაძარი, საავადმყოფო და დავრდომილთა თავშესაფარი. წმიდანი ლოცვით კურნავდა სნეულებს, ერთხელ მიცვალებულიც აღადგინა მკვდრეთით. გადმოგვცემენ, რომ მან მრავალი სხვა სასწაულიც აღასრულა. ასე მაგალითად, მარკელეს მიერ ანკარაში გაგზავნილი ერთ-ერთი ბერი მოულოდნელად მძიმედ დასნეულდა. სულთმობრძავმა გონებით მოძღვარს მოუხმო შემწედ. ამ უკანასკნელმაც სულით გაიგო ბერის გოდება, ლოცვად დადგა და სნეული განკურნა. ნეტარის ლოცვამ აბობოქრებული ზღვა დააცხრო. ერთხელ უფლის რჩეულს აცნობეს, რომ კონსტანტინოპოლში საშინელი ხანძარი მძვინვარებდა. მან კვლავ ცრემლებით ჰხადა უფალს და ქალაქს მოდებული ცეცხლი იმავ წამს ჩაქრა.

ნეტარი იღუმენი საოცარი გულმოწყალებითაც გამოირჩეოდა და მონასტრის მარაგიდან უშურველად შეეწეოდა გლახაკებს. ერთხელ, საშინელი შიმშილობის ჟამს, შეშფოთებულმა მეკუჭნავემ მას აცნობა, რომ სულ რამოდენიმე დღისთვის საკმარი ხორბლის მარაგი იყო დარჩენილი. წმიდანმა დაამშვიდა ბერი, რის შემდეგაც, ჩვეულებრივ, ძმებსაც ყოველდღიურად აძლევდნენ კუთვნილ ულუფას და მშივრებსაც აპურებდნენ. ბოლოს, როცა სათავსოები სრულიად დაცარიელდა, მეკუჭნავემ კვლავ მიაკითხა ნეტარ მარკელეს, ისინი ერთად წავიდნენ ბეღლისკენ და აღმოაჩინეს, რომ იგი კვლავ პირთამდე გავსებულიყო. ამ დღიდან მოყოლებული შიმშილობის დამთავრებამდე სავანეში პური არ გამოლეულა.

წმიდა მარკელე 485 წელს მიიცვალა.

ღირსი თადეოზ აღმსარებელი (+818)

29 (11.01) დეკემბერი

ღირსი თადეოზ აღმსარებელი, თეოდორე სტუდიელის მოწაფე, ლეონ V-ის (813-820) მეფობაში ეწამა ხატთა თაყვანისცემისთვის. ხატმბრძოლთა ზეობის ჟამს იგი სამსჯავროზე წარადგინეს. მწვალებლებმა, რომლებიც აბუჩად იგდებდნენ ნეტარს, მაცხოვრის ხატი მიწაზე დადეს, შემდეგ კი მისცვივდნენ უფლის რჩეულს და ძალადობით ხატზე ფეხი დაადგმევინეს. ამის შემდეგ მსაჯულმა თქვა: „შენ ქრისტეს ხატი გათელე, ახლა - შემოგვიერთდი“. მაგრამ წმიდა თადეოზმა ახოვნად უპასუხა, თაყვანს ვსცემ და სიყვარულით ვემთხვევი მაცხოვრის წმიდა ხატს, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მასზე ფეხის დადგმა კი ცოდვად არ შემერაცხებაო და შეაჩვენა ხატმბრძოლთა უსჯულოება. ამისთვის უფლის რჩეული სასტიკად ტანჯეს, შემდეგ კი მიწაზე ათრიეს და ცოცხალ-მკვდარი ქალაქის გალავანს მიღმა დააგდეს. ერთმა ქრისტიანმა წმიდანი შინ მიიყვანა. ნეტარმა თადეოზმა კიდევ სამი დღე იცოცხლა, შემდეგ კი სული უფალს შეჰვედრა.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати