USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 10 მარტს?
თარიღი:  771

10 მარტს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა პორფირე ღაზელი მთავარეპისკოპოსი (+420)

26 (10.03) თებერვალი

წმიდა პორფირე ღაზელი დაახლოებით 346 წელს დაიბადა მაკედონიის ქალაქ თესალონიკეში. შეძლებულმა მშობლებმა მას კარგი განათლება მიაღებინეს. სიყრმიდანვე მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილმა ჭაბუკმა ოცდახუთი წლის ასაკში დატოვა სამშობლო და იერუსალიმში გაემგზავრა იქაური სიწმიდეების თაყვანისაცემად. ამის შემდეგ ღირსი მამა იორდანეს უდაბნოში დამკვიდრდა, სადაც მძიმედ დასნეულდა. განკურნების იმედით მან წმიდა ადგილების მოლოცვა გადაწყვიტა. ერთხელ, გოლგოთის ძირში მიგდებულმა, ავადმყოფობისგან ძალაგამოცლილმა წმიდანმა ჩვენებით იხილა მაცხოვარი, რომელიც ჯვრიდან გარდამოხდა და მას მიმართა: „მიიღე ეს ძელი და დაიცავი“. გამოღვიძებულმა პორფირემ სრული სიჯანსაღე იგრძნო. მაცხოვრის სიტყვები მალე აღსრულდა: იერუსალიმის პატრიარქმა წმიდანი მღვდლად აკურთხა და უფლის ცხოველსმყოფელი ჯვრის ძელის მცველად დაადგინა. იმ ხანებში ღირსმა მამამ მშობლებისგან მემკვიდრეობით 400 ოქროს მონეტა მიიღო, რომელიც გლახაკთა განკითხვისა და ტაძრების კეთილმოწყობას მოახმარა.

395 წელს გარდაიცვალა ქალაქ ღაზის (პალესტინა) ეპისკოპოსი. ადგილობრივი ქრისტიანები კესარიაში მივიდნენ მიტროპოლიტ იოანესთან და სთხოვეს, ისეთი ეპისკოპოსი დაედგინა მათთვის, რომელიც შეძლებდა წინ აღდგომოდა მომძლავრებულ წარმართებს. უფლის შთაგონებით მიტროპოლიტმა იერუსალიმელ ხუცესს პორფირეს მოუწოდა. კრძალვით და შიშით მიიღო წმიდანმა მღვდელმთავრის ხარისხი, თაყვანი სცა ცხოველმყოფელ ძელს და ახალი მორჩილების აღსასრულებლად გაეშურა. ღაზში მას დახვდა სამი ქრისტიანული ეკლესია უამრავი წარმართული სამსხვეპლოსა და კერპის გარემოცვაში. ამ დროს ქალაქში საშინელი გვალვა იყო. ქურუმები მსხვერპლს სწირავდნენ ბომონებს, მაგრამ უბედურებას ბოლო არ უჩანდა. პორფირემ ქრისტიანებს მარხვისკენ მოუწოდა, მწუხრის ლოცვა აღასრულა, შემდეგ კი ლიტანიით შემოუარა მთელ ქალაქს. უეცრად ცა მოიქუფრა, იჭექა და ხშირმა წვიმამ დაუშვა. ამ სასწაულის მხილველმა უსჯულოებმა ადიდეს ჭეშმარიტი ღმერთი. იმ დღეებში ორასზე მეტი კერპთაყვანისმცემელი მოინათლა.

მიუხედავად ამისა, წარმართები განაგრძობდნენ ქრისტიანთა შევიწროებას: თანამდებობიდან ანთავისუფლებდნენ მათ, გადასახადებს უმძიმებდნენ. მღვდელმთავარი პორფირე და მიტროპოლიტი იოანე კონსტანტინეპოლში გაემგზავრნენ, რომ იმპერატორისთვის შეწევნა ეთხოვათ. აქ მათ დახვდათ წმიდა მამა იოანე ოქროპირი.

იოანე და პორფირე დედოფალ ევდოქსიას წარუდგინეს, რომელიც მაშინ ორსულად იყო. „იზრუნე ჩვენზე, - უთხრეს მას ეპისკოპოსებმა, - და უფალი გამოგიგზავნის ძეს, რომელიც შენსავე სიცოცხლეში გამეფდება“. მართლაც, წმიდა მამების ლოცვით, იმპერატორს მემკვიდრე შეეძინა. ამის შემდგომ, 401 წელს გამოვიდა იმპერატორის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ღაზაში წარმართული სამსხვერპლოები უნდა დაემსხვრიათ და ქრისტიანებს პრივილეგიები მინიჭებოდათ. გარდა ამისა, დედოფალმა მღვდელმთავრებს სახსრებიც გამოუყო ქალაქში ახალი ტაძრის ასაშენებლად.

მღვდელმთავარმა პორფირემ სრულიად განამტკიცა ქრისტიანობა ღაზაში. ღირსი მამა 420 წელს გარდაიცვალა, ღრმა მოხუცებულობაში.

წმიდა მოწამენი: სებასტიანე და ქრისტოდულე (+დაახლ. 66)

26 (10.03) თებერვალი

წმიდა მოწამე – სებასტიანე და ქრისტოდულე წმიდა ფოტინის რაზმის მეომრები იყვნენ. ისინი მახვილით აღესრულნენ იმპერატორ ნერონის (54-68) დროს.

წმიდა მოწამე იოანე კალფა (+1575)

26 (10.03) თებერვალი

წმინდა მოწამე იოანე კალფა (ხუროთმოძღვარი) კონსტანტინოპოლის გარეუბანში ცხოვრობდა. ის პროფესიით ხუროთმოძღვარი იყო და თავის ხელოვნებაში ისეთ ოსტატობას მიაღწია, რომ ცნობილი დიდებულები აძლევდნენ შეკვეთებს. მას დაევალა სულთნის სასახლის შიდა ფასადის მოპირკეთებაც.

წმიდა იოანე ქრისტიანული გულმოწყალებით გამოირჩეოდა: ზრუნავდა ობლებზე, ტუსაღებზე, ბევრი მიმართავდა მას შემწეობის თხოვნით. ერთხელ ერთმა დიდებულმა სთხოვა წმიდანს, მოწაფედ აეყვანა მისი ძმისწული. იოანეც დათანხმდა და მალე ჭაბუკმა მისი შემწეობით სასახლეში საპატიო თანამდებობა დაიკავა. ერთხელ, ყოფილი მოწაფე შეხვდა თავის ოსტატს და, სხვათა შორის, ჰკითხა, - „რა არისო ნათქვამი ქრისტიანულ წიგნებში „წინასწარმეტყველ“ მუჰამედის შესახებ“? წმიდანს არ უნდოდა პასუხი გაეცა, მაგრამ ჭაბუკმა დაიჟინა და იოანემაც განუმარტა მას მაჰმადიანური სარწმუნოების სიცრუე და უსაფუძვლობა, ისლამის ერთგულმა მსახურმა თანამორწმუნეებს აცნობა, რომ ხუროთმოძღვარმა ჰგმო მაჰმადი. იოანე შეიპყრეს, სამსჯავროზე წარადგინეს და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვეს, მაგრამ წმიდანმა გაბედულად აღიარა მართლმადიდებლური სარწმუნოება. ნეტარი მარტვილი წამების შემდეგ კატორღაში გააგზავნეს, სადაც 6 თვე ქანცგაწყვეტამდე ამუშავებდნენ, შემდეგ საპყრობილეში ჩააგდეს და გვემეს, ბოლოს კი, 1575 წლის 26 თებერვალს, იგი სავაჭრო მოედანზე გადაიყვანეს და თავი მოჰკვეთეს. წმიდა იოანეს ღვაწლი აღწერა კონსტანტინეპოლის პატრიარქის იკონომოსმა ანდრიამ, რომელმაც აზიარა იგი საპყრობილეში წმიდა საიდუმლოს.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის