1 ნოემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
წმიდანი: პროხორე ქართველი (XI); ლუკა იერუსალიმელი (მუხაის ძე) (+1273); ნიკოლოზ დვალი (+1314) და ყოველნი მოწამენი და ღირსნი მამანი ქართველნი - იერუსალიმის ქართველთა მონასტერში ცხოვრებულნი
წმიდა პროხორე დაიბადა დაახ. 985-990 წელს. წმიდანი ბავშვობიდანვე მონასტერში აღიზარდა. ყოველმხრივ გამორჩეული ახალგაზრდა მოღვაწე მონაზვნად აღკვეცეს პროხორეს სახელით, და მალე მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი. დაახ. 1010-1015 წლიდან წმიდანი იერუსალიმში წავიდა საბას ლავრაში. შემდეგ კი, ექვთიმე გრძელის ძის ბრძანებით, მან „იწყო შენება მახლობლად იერუსალიმისა სავანისა, რომელსა უწოდიან ჯუარისა მონასტერი“.
გადმოცემის მიხედვით, ამ ადგილას აბრაამის ძმისწულ ლოთს სამი ხე - სარო, ფიჭვი და ნაძვი დაურგავს. შემდეგ ეს ნერგები სასწაულებრივად შეერთებულან და ერთი დიდი ხე აღმოცენებულა. ტაძრის შენებისას, სოლომონის ბრძანებით, ეს ხე მოუჭრიათ, მაგრამ მშენებლობისთვის აღარ გამოუყენებიათ. წმიდა გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ ხისგან გაკეთდა ჯვარი, რომელზეც გააკრეს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ეს მიწა IV საუკუნეში უბოძებიათ მირიან მეფისთვის (ხს. 1 ოქტომბერს). V საუკუნეში ვახტანგ გორგასალს (ხს. 30 ნოემბერს) აქ აუგია ჯვრის მონასტერი, რომელიც VII-XI საუკუნეებში არაერთხელ დაუნგრევიათ.
მონასტრის აღსადგენად ამბა პროხორეს დიდძალი საფასე მისცა საქართველოს მეფემ ბაგრატ კურაპალატმა.
ღირსმა პროხორემ ყოველმხრივ შეამკო მონასტერი. მან თავის გარშემო ოთხმოცი ბერი შემოიკრიბა, რომელთაც საბაწმიდის ლავრის მსგავსი წესი და კანონი განუჩინა.
წმიდა პროხორეს ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ შრომისა და სიბერისგან სხეული მოუუძლურდა, მოწაფეთაგან ერთი, სახელად გიორგი, მონასტრის მამასახლისად დაადგინა, თვითონ კი ორი მოწაფის თანხლებით უდაბნოში გავიდა და მცირედი ხნის შემდეგ, დაახ. 1066 წელს სული უფალს შეავედრა.
წმიდა ლუკა იერუსალიმელი პატიოსან და წარჩინებულ ქართველთა ოჯახიდან იყო. მისმა დედამ ქმრის გარდაცვალების შემდეგ შვილები დატოვა, მონაზვნად აღიკვეცა და იერუსალიმს დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. როცა წმიდა ლუკა ოცი წლისა შესრულდა, იერუსალიმს გაემგზავრა, ისიც მონაზვნად აღიკვეცა და მალე დიაკვნადაც აკურთხეს. ღირსმა მამამ მალე შეისწავლა არაბული ენა. როცა ძმებმა იხილეს „ორკერძოჲვე სიბრძნე“ და სიწმიდე მისი, ჯვრის მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს. ნეტარი ლუკა კეთილად განაგებდა მონასტერს სამი წლის განმავლობაში.
კაცთა წაწყმედის მოსურნე ეშმაკი შურით აღენთო ღვთის სათნო მამის მიმართ და მის წინააღმდეგ ბოროტებით აღსავსე სპარსელი, სულთნის კარზე გავლენიანი შეხ ჴიდარი აამხედრა. მან სულთან ფენდუხტისგან ჯვრის მონასტერი გამოითხოვა. მონასტრის ხელში ჩაგდების შემდეგ ბოროტი სპარსელი „ვითარცა მხეცი, მიუდგა ძმათა ჩუენთა ქართველთა და არარაჲთ შეარჩინა“. ღირსი ლუკა, როგორც წინამძღვარი, წავიდა სულთანთან საშუამდგომლოდ. ქრისტიანებმა წმიდა მამა გააფრთხილეს: „შეხ ხიდარი გემუქრება, ამიტომ გაიქეცი და დაიმალეო“. ლუკამ ყურადღება არ მიაქცია ამ გაფრთხილებას, პირიქით, წუთისოფლის ცხოვრებას ქრისტესთვის სიკვდილი არჩია, მივიდა შეხ ხიდართან და უთხრა „რათა განუტევოს მამანი და მისგან ითხოვოს, რაჲთა უნებს“. ბოროტებით აღვსილმა სპარსელმა ქრისტიანობის დათმობა და მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა, სამაგიეროდ ამირობა და „ტაძრის თავადობა“ აღუთქვა ნეტარს. წმიდა ლუკამ მტკიცედ აღიარა შახის წინაშე ქრისტიანობა. უარით განაწყენებულმა და გულისწყრომით აღვსილმა შახმა ბრძანა, თავი მოეკვეთათ ქრისტეს ერთგული მსახურისათვის.
სასჯელის აღსრულების შემდეგ ლუკას წმიდა მოკვეთილი თავი აღმოსავლეთით შებრუნდა, გაიცინა და მადლობა შესწირა უფალს. შეხ ხიდარის ბრძანებით, წმიდანის პატიოსანი გვამი ცეცხლში დაწვეს.
წმიდა მოწამე ნიკოლოზ დვალი მართლმორწმუნე მშობელთა შვილი იყო. ღვთისმოშიშმა დედ-მამამ იგი შობიდანვე უფალს შესწირა. თორმეტი წლის ყრმა ნიკოლოზი კლარჯეთის უდაბნოში წავიდა, იქ აღიკვეცა და დაიწყო მოღვაწეობა. შემდეგ წმიდანი იერუსალიმს წავიდა და იქ ქართველთა ჯვრის მონასტერში დაემკვიდრა. ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსრულების სურვილით ანთებული წმიდა ნიკოლოზი მხნედ ქადაგებდა სარწმუნოებას მუსულმანებში და თან უშიშრად ამხელდა მათ ცდომილებებს.
უსჯულოებმა წმიდა ნიკოლოზი შეიპყრეს და მრავალფერი სატანჯველის შემდეგ ციხეში გამოკეტეს. ქრისტიანებმა შეძლეს და საპყრობილეიდან გამოიხსნეს აღმსარებელი. წინამძღვრის ბრძანებით წმიდა ნიკოლოზი კვიპროსზე წავიდა, ქართველთა მონასტერში. იგი მოწამეობრივ აღსასრულს ევედრებოდა უფალს, და წმიდა იოანე ნათისმცემლის მიერ მიიღო გამოცხადება: დამასკოში უნდა წასულიყო.
დამასკოში ჩასულმა წმიდანმა უსჯულოთა წინაშე ისევ მხნედ აღიარა ქრისტე და ამხილა მათი უგუნურება. განრისხებულმა უღმრთოებმა შეიპყრეს წმიდა აღმსარებელი, სასტიკად გვემეს და დილეგში ჩააგდეს. ქრისტიანებმა ძლივს მოახერხეს მისი გამოხსნა ტყვეობიდან. ახლად განთავისუფლებული წმიდა ნიკოლოზი კვლავ მივიდა უსჯულოთა შესაკრებელში, კვლავ ჰგმო მათი უგუნურება, რისთვისაც სასტიკად აწამეს, ხუთასჯერ დაჰკრეს შოლტი და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა მოწამე ნათლისმცემლის სასწაულებრივი გამოცხადებით განიკურნა, ორი თვის შემდეგ კი კვლავ გაათავისუფლეს.
ქალაქის ამირამ შემთხვევით ნახა იერუსალიმში გასამგზავრებლად მომზადებული წმიდა ნიკოლოზი, შეიპყრო და ამირათ-ამირას, დენგიზს გაუგზავნა. დენგიზმა წმიდანს მაჰმადიანობის მიღება შესთავაზა. წმიდა ნიკოლოზმა გაბედულად აღიარა ქრისტე.
ამირათამირამ მისი მოკვდინება ბრძანა. სანატრელ მოწამე აღმოსავლეთით მიბრუნდა, სიხარულით მოუდრიკა მახვილს ქედი და თქვა: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, რომელმან ღირს მყავ შენთჳს სიკვდილსა“. მახვილმა თავი წარკვეთა წმიდა ნიკოლოზს. მოჭრილმა თავმა შვიდგზის ადიდა ღმერთი და ხმა-ჰყო: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო!“ ამ სასწაულის მხილველმა სპარსელებმა წმიდანი გვამი დაწვეს. მისი წამების ადგილს სამი დღე ნათლის სვეტი ადგა.
როცა წმიდა ნიკოლოზის მოძღვარმა თავისი სულიერი შვილის მოწარობრივი აღსასრული შეიტყო, ადიდა ღმერთი და შეევედრა, გამოეცხადებინა მისთვის შეირაცხა თუ არა ნიკოლოზი წმიდა მოწამეთა შორის. ერთ დღეს, წიგნის კითხვისას, მან სასწაულებრივი გამოცხადებით იხილა ნათლითა და სურნებელებით სავსე მთა და ბრწყინვალედ შემკობილი გუნდი წმიდა მოწამეთა, რომელთა შორის გამორჩეულად ბრწყინავდა დიდმოწამე გიორგი. წმიდა გიორგიმ წმიდა ნიკოლოზი იხმო: „ნიკოლოზ! გამოვედ და იხილე ბერი ესე, შენი მოძღვარი, რამეთუ მრავალნი ცრემლნი დასთხინა შენთჳს“. ნიკოლოზმა მოიკითხა მოძღვარი: „აჰა, მიხილე მეცა და ჩემი ადგილიცა და ამიერითგან ნუღარა მწუხარე ხარ ჩემთვის“, - დაამშვიდა მან იგი. წმიდა ნიკოლოზ დვალი ეწამა 1314 წლის 19 ოქტომბერს, სამშაბათს.
წინასწარმეტყველი იოველი (800 წ. ქრისტეს შობამდე)
წმიდა წინასწარმეტყველი იოველი ქრისტეს შობამდე რვაასი წლის წინ ცხოვრობდა. მან იწინასწარმეტყველა იერუსალიმის მოოხრება. წინასწარ განჭვრიტა ისიც, რომ მაცხოვრის მეოხებით სულიწმიდა გარდამოვიდოდა „ყოველსა ზედა ჴორცსა“ (იოველი, 2; 28-32).
წმიდა მოწამე უარი და მასთან შვიდნი მოძღვარნი ქრისტიანეთანი (+დაახლ. 307)
რომის იმპერიაში, უკეთური მაქსიმიანეს მეფობის დროს (დაახ. 307 წ.), ეგვიპტის მთავარ ქალაქ ალექსანდრიაში ცხოვრობდა ერთი მხედარი, სახელად უარი. იგი კერპთაყვანისმცემლების შიშით გარკვეულ დრომდე მალავდა თავის ქრისტიანობას, მაგრამ შემდგომში ყველას წინაშე განაცხადა თავისი რწმენა.
იმ დროისათვის მაქსიმიანემ წამოიწყო ქრისტიანთა დევნა და მთელს თავის სამფლობელოში გასცა ბრძანება, დაეხოცათ ყველა ქრისტიანი, რომლებიც უარს იტყოდნენ, მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის. მიაღწია ამ ბრძანებამ ეგვიპტემდეც და უმოწყალოდ იღვრებოდა მრავალი მორწმუნის უდანაშაულო სისხლი. ამ დროს უარი ღამღამობით, მცველების მოსყიდვით შედიოდა საპყრობილეებში, ამბორს უყოფდა წმიდა მოწამეთა ბორკილებს, ჰბანდა ჭრილობებს, მიჰქონდა საკვები და სთხოვდა შუამდგომლობას ღვთის წინაშე.
ერთხელ, უდაბნოში შეიპყრეს შვიდი ქრისტიანი, რომლებიც ასწავლიდნენ ხალხს ჭეშმარიტ სარწმუნოებას და მიჰგვარეს ეგვიპტის მბრძანებელს. დაკითხვისა და წამების შემდეგ, როცა ისინი მტარვალის ბრძანებით ჩაყარეს საპყრობილეში, უარი თავის ჩვეულებისამებრ ღამით მივიდა მათთან, გაუხსნა ხელ-ფეხი, ამბორს უყოფდა მათ და მიუგებდა: „ნეტარ ხართ თქვენ, ერთგულნო და კეთილნო მონანო ღვთისანო, რომელთაც გეგულებათ შესვლა უფლისა თქვენის სიხარულში, რამეთუ მტკიცედ იდექით სისხლის დათხევამდე. ნეტარ ხართ თქვენ კეთილნო მოღვაწენო, რომელთათვისაც უზენაესის ხელით მზადდება გვირგვინი, რამეთუ „მოთმინებით გალიეთ თქვენს წინაშე მდებარე სარბიელი. დილისათვის, როგორც მე დანამდვილებით ვიცი. დასრულდება თქვენი ტანჯვა. ნეტარ ხართ თქვენ ჭირთადამთმენელნო ქრისტესთვის, რომელთათვისაც ღიაა ცათა სასუფეველი, რამეთუ ჩვენთვის ტანჯულ ქრისტესთან „ერთად ევნებით, რათა მასთან ერთად იდიდოთ. გევედრებით წმიდანო ღვთისანო - ევედრეთ ჩემთვის უფალს, რათა მოიღოს მოწყალება, რამეთუ მსურს თქვენსავით ვეწამო მისთვის, მაგრამ ჩემი სისუსტის გამო მეშინია იმ ტანჯვისა, რომელიც თქვენ გიტვირთავთ“.
წმიდანებმა კი მიუგეს: „ვერვინ მიაღწევს სრულყოფილებას, თუკი ექნება შიში გულში, ვერვინ მოიმკის თუ არ დასთესს, ვერვინ მოიგებს გვირგვინს, თუ არ ეწამება. გახსოვდეს სახარების სიტყვები „ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ მას, მამის ჩემის ზეციერის წინაშე“. თუ გეშინია წუთიერი ტანჯვისა, ვერ გადაურჩები საუკუნო ტანჯვას. თუ გეშინია აღიარო იგი მიწაზე, ვერ შესძლებ იხილო იგი ზეცაში. მოდი ძმაო, და ვიდოდე ჩვენთან ერთად ტანჯვის გზით უფლისათვის, რომელიც ხედავს ჩვენს საქმეს; ევნე ჩვენთან ერთად, რამეთუ სხვა ასეთ ძმობას ვეღარ იხილავ მალე“. ამ სიტყვებით გამხნევებული უარი, აენთო ღვთისადმი სიყვარულით, და მზად იყო ყოველგვარი განსაცდელისათვის. მთელი ღამე გაატარა მან მოწამეებთან ერთად.
დილით მცველებმა მიჰგვარეს ისინი ეგვიპტის მრძანებელს. რადგან ერთი მოწამე მიყენებული ჭრილობებისაგან უკვე აღსრულებულიყო, კითხვაზე, თუ სად იყო მეშვიდე ქრისტიანი, საღმრთო შურით აღვსილი წმიდა უარი უშიშრად წარსდგა მტარვალთა წინაშე და მიუგო: „მეშვიდე მე ვარ, რადგან ერთი უკვე წარუდგა ქრისტეს - და მე დამტოვა თავისი წამების მემკვიდრედ, და ამიტომაც, რაც მას ემართა შენთვის, მე მზად ვარ გადაგიხადო, მსურს მის მაგივრად ვეწამო, რამეთუ ქრისტიანი ვარ“.
ამ სიტყვების მოსმენით განრისხებულმა მბრძანებელმა, ბრალი დასდო წმიდა მოწამეთ, რომ ეს მათ მოხიბლეს და შეაცდინეს უარი და მუქარით ეუბნებოდა: „ამ წამს ნაკუწებად ვაქცევ თქვენს სხეულებს, თუ თაყვანს არ სცემთ ეგვიპტის ღმერთებს“. წმიდანები კი მიუგებდნენ: „ჩვენ უარვყოფთ ღმერთებს, რომელთაც არ შეუქმნია ცა და ქვეყანა“. ნეტარი უარი კი მბრძანებლის უფრო მეტად განსარისხებლად ამბობდა: „უგუნური უგუნურად ლაპარაკობს“, - ამბობს წინასწარმეტყველი ესაია. აჰა შენს წინაშეა მათი სხეულნი - ჰქმენი რაც გნებავს“.
გაცოფებული მტანჯველის ბრძანებით იქვე დაიწყეს უარის სასტიკი წამება. რკინის ბრჭყალებითა და დანებით ჭრიდნენ მის სხეულს, შემდეგ ლურსმნებით ხეზე თავდაღმა მიაკრეს და დაუწყეს ტყავის გაძრობა, ხოლო მუცელზე იმდენი სცემეს ჯოხით, სანამ შიგნეულეობა გარეთ არ გადმოუცვივდა. ამის შემხედვარე წმიდა მოწამენი გულმხურვალედ ევედრებოდნენ უფალს და უარს ამხნევებდნენ: „მტკიცედ სდექ უარი, რამეთუ ქრისტე დგას შენს გვერდით და უხილავად გეხმარება“. უარმა უპასუხა: „ჭეშმარიტად ვიგრძენი შეწევნა მეუფისა, რამეთუ არარად მიღირს წამება“.
ხუთი საათის შეუბრალებელი წამების შემდეგ უარის წმიდა და მართალი სული უფალს ჩაბარდა. მტანჯველები კი, რომელთაც უარი ცოცხალი ეგონათ, განაგრძობდნენ მის წამებას. შემდეგ მისი სხეული ქალაქგარეთ ძაღლების შესაჭმელად დააგდეს იმ ადგილას, სადაც საქონლის გვამებს ჰყრიდნენ.
ერთი კეთილმორწმუნე ქალი სახელად კლეოპატრა, წარმოშობით პალესტინიდან, რომლის ქმარიც მხედართმთავარი იყო ეგივპტეში და რომელსაც ჰყავდა ვაჟი, ჯერ კიდეც ყმაწვილი იოანე, - შორიდან მწუხარებით ადევნებდა თვალს წმიდა უარის ტანჯვას. ღამით, მან ფარულად წამოიღო მოწამის გვამი და თავის სახლში დაკრძალა. მეორე დღეს დანარჩენ წმიდა მოწამეებს თავი მოჰკვეთეს.
გავიდა რამდენიმე წელიწადი. ქრისტიანთა დევნა მიწყნარდა და კლეოპატრამ გადაწყვიტა დაბრუნებულიყო პალესტინაში, ამასთან მოინდომა წმიდა უარის ნეშტის თან წაღება. ფიქრის შემდეგ მან გადაწყვიტა მოქცეულიყო შემდეგნაირად: ეგვიპტის მბრძანებლისაგან გამოეთხოვა ნებართვა, რომ მისი ქმარი, რომელიც ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს, გადაესვენებინა სამშობლოში. მიიღო რა თანხმობა, თავისი ქმრის მაგივრად წაასვენა წმიდა უარის ნეშტი და დაკრძალა სოფელ ედრაში, თაბორის მახლობლად, თავისი წინაპრების გვერდით. ყოველ დღე იგი მიდიოდა უარის საფლავთან, აკმევდა საკმეველს და აღანთებდა სანთლებს. მისი მაგალითით მრავალმა ქრისტიანმა დაიწყო ამ წმიდა საფლავთან მისვლა, თან მიჰყავდათ სნეულნი, რომლებიც წმიდა უარის ლოცვით იკურნებოდნენ. მთელს ახლომახლო სოფლებში გავრცელდა წმიდა უარის დიდება. ხედავდა რა, რომ მრავალი ქრისტიანი მიდიოდა წმიდანის საფლავთან სალოცავად, კლეოპატრამ გადაწყვიტა ტაძრის აგება და შეუდგა კიდევ საქმეს. იმ დროისათვის მისი ვაჟი იოანე 17 წლის ყმაწვილი იყო და დედამ ჩაარიცხვინა იგი მეფის მხედრობაში, მაგრამ გადაწყვიტა ტაძრის მშენებლობის დასრულებამდე არ გაეშვა იმპერატორის სამსახურში. როცა დამთავრდა ტაძრის შენება, კლეოპატრამ მოუწოდა ეპისკოპოსებს, მღვდლებს, მლოცველებს და დიდი ზეიმით აკურთხეს ტაძარი. წმიდა უარის ნეშტი შეაბრძანეს ტაძარში და დაკრძალეს ტრაპეზის ქვეშ. კლეოპატრა მუხლმოყრილი ევედრებოდა წმიდა უარს შემდეგი სიტყვებით: - „გევედრები შენ, ჭირთადამთმენელო ქრისტესო, გამომითხოვე უფლისაგან ის, რაც სათნო იქნება მისთვის და სასარგებლო ჩემთვის და ჩემი ერთადერთი შვილისათვის, მე არ მაქვს სხვა სათხოვარი, გარდა იმისა, რაც ღმერთს სურს ჩვენთვის, მან თვითონ იცის რა არის ჩვენთვის საჭირო და დაე აღსრულდეს ჩვენზედა მისი კეთილი ნება“. ლიტურგიის აღსრულების შემდეგ მან გადაიხადა დიდი ნადიმი ყველა იქ მყოფთათვის და თავის ვაჟთან ერთად ემსახურებოდა სტუმრებს. როცა ყველა სტუმარი წავიდა, კლეოპატრამ დაინახა, რომ მისი შვილი უეცრად ავად გამხდარიყო. ყმაწვილი ცხელებისგან იწვოდა. ამის დამნახავმა დედამ თქვა: „ვფიცავ უფალს, რომ ერთ ლუკმასაც არ ჩავიდებ პირში, სანამ არ ვნახავ, რით დამთავრდება ჩემი შვილის ავადმყოფობა“. შუაღამისას ყრმა გარდაიცვალა. ამ მოულოდნელი უბედურებით თავზარდაცემულმა დედამ ტირილით მიირბინა წმიდა უარის საფლავთან და შეჰღაღადა:
- „ასე გადამიხადე სამაგიერო ჩემი სამსახურისთვის ღვთის სათნომყოფელო? ასე დამეხმარე, მაშინ როცა მე უგულებელვყავ საკუთარი ქმარი და შენზე ვამყარებდი მთელს იმედებს? შენ დაუშვი, რომ მომკვდარიყო ჩემი ერთადერთი შვილი, დაღუპე ჩემი იმედი, წამართვი ჩემი თვალის ჩინი. ვინღა მიპატრონებს სიბერეში? ვინღა დამიხუჭავს თვალებს? ვინღა მომაყრის მიწას? უმჯობესი იყო მე მოვმკვდარიყავი ვიდრე ნაადრევი ყვავილივით მოწყვეტილი ჩემი შვილი მენახა. აღმიდგინე ჩემი შვილი, როგორც ოდესღაც ელისემ სამარიტელს, თუ არა და მეც წამიყვანე აქედან, რამეთუ გამიმწარდა სიცოცხლე დარდისაგან“. დიდი მწუხარებისა და უკიდურესი დაღლილობისაგან გათანგულ ქალს ცოტა ხანს ჩასთვლიმა წმიდანის საფლავთან. ძილში გამოეცხადა მას წმიდა უარი, რომელსაც ხელჩაკიდებული ეჭირა მისი ვაჟი. ორივენი გაბრწყინებულნი იყვნენ როგორც მზე, მათი სამოსი იყო თოვლზე უთეთრესი, წელზე ერტყათ ოქროს ქამრები და თავზე ედგათ გამოუთქმელი სილამაზის ოქროს გვირგვინები. ნეტარი კლეოპატრა ფეხებში ჩაუვარდა მათ, მაგრამ წმიდა უარმა ააყენა და უთხრა: - „ჰოი, დედაკაცო, რისთვის მემდური მე? ნუთუ გგონია, რომ დავივიწყე შენი სამსახური ეგვიპტეში. ან იქნებ გგონია, ვერაფერს ვგრძნობდი, როცა აიღე ჩემი სხეული საქონლის გვამებიდან და შენს ოთახში დაასვენე. განა მე ყოველთვის არ ვისმენ შენს ლოცვას და ვევედრები უფალს შენთვის? და უპირველეს ყოვლისა მე შევავავედრე უფალს შენი ახლობლები, რომლებთანაც დამასვენე აკლდამაში. ახლა კი, მე წავიყვანე შენი ვაჟი ზეციური მეფის სამსახურისათვის. ყოვლად მოწყალე უფალმა თავისი გამოუთქმელი მოწყალებით ინება და შენი შვილი მიღებულ იქნა მის ზეციურ მხედრობაში. თუ გსურს, წაიყვანე უკან და გააგზავნე მიწიერი და დროებითი მეფის სამსახურში, რადგან ვხედავ, რომ არ გინდა ემსახუროს ზეციურ და მარადიულ მეფეს“. ყრმა კი მოეხვია წმიდა უარს და უთხრა: ნუ ბატონო ჩემო, ნუ დაუჯერებ დედაჩემს, ნუ დამაბრუნებ სიცრუითა და ყოველგვარი უსამართლობით აღსავსე სოფელში, რომელსაც შენი მეოხებით თავი დავაღწიე. ნუ მომაკლებ, მამაო, შენსა და წმიდანების სიახლოვეს. შემდეგ მიუბრუნდა დედამისს და უთხრა: „რისთვის სტირი, დედაო ჩემო? მე მომეცა უფლება ანგელოზებთან და ზეციურ მხედრობასთან ერთად ვემსახურო უფალს, შენ კი ითხოვ, რომ მომაკლონ ამ დიდებას“. ნეტარმა კლეოპატრამ დაინახა რა, რომ მისი შვილი შემოსილია ანგელოზთა სამოსელში, შეევედრა მათ: „მეც წამიყვანეთ, რათა თქვენთან ერთად ვიყო“, მაგრამ წმიდა უარმა მიუგო: „მანდ, მიწაზე ყოფნისას შენ მაინც ჩვენთან ხარ. წადი მშვიდობით და როცა ინებებს უფალი, მოვალთ და წაგიყვანთ“. ამ სიტყვებზე ორივენი უჩინარნი გახდნენ.
გამოღვიძებულმა კლეპატრამ კი გულში გამოუთქმელი სიხარული იგრძნო. მოუხმო მღვდლებს და მათთან ერთად პატივით დაკრძალა თავისი შვილი წმიდა უარის გვერდით, უკვე არა გლოვით, არამედ უფლისმიერი სიხარულით. შემდეგ მან გაყიდა მთელი თავისი ქონება და ამა სოფელს განშორებული ცხოვრობდა წმიდა უარის ეკლესიაში დღედაღამ უფლის სამსახურში. ყოველ კვრია დღეს, ლოცვის დროს, ეცხადებოდნენ მას წმიდა უარი და მისი შვილი ბრწყინვალე ნათლით მოსილნი. შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ ნეტარი კლეოპატრა წარსდგა უფლის წინაშე. მისი სხეული დაკრძალეს მისი შვილის გვერდით, ხოლო მისი სული კი წმიდა უართან და წმიდა იოანესთან ერთად მარადის მეოხ არს ჩვენთვის ღვთის წინაშე, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნეტარი კლეოპატრა (+დაახ. 327) და ძე მისი იოანე (+320)
ნეტარი კლეოპატრა პალესტინაში, თაბორის მთის მახლობლად მდებარე სოფელ ედრაში დაიბადა, იგი წმიდა მოწამე უარის თანამედროვე იყო და, ღვთის ნებით, მის მარტვილობას შეესწრო. როცა უარს სული აღმოხდა, ჯალათებმა მისი წმიდა ცხედარი ძაღლებს მიუგდეს დასაგლეჯად, კლეოპატრამ კი შუაღამისას ძესთან და ერთგულ მსახურებთან ერთად იგი შინ წაასვენა. მალე კეთილმსახურმა ქვრივმა მოწამის წმიდა ნაწილები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი თავისი მეუღლის ნეშტად გაასაღა, მთავრობის ნებართვით თავის სამშობლოში გადაასვენა, საგვარეულო სასაფლაოზე წმიდა უარის სახელობის ტაძარი ააგო და მღვდელმსახურთა დასისა და ურიცხვი ერის თანდასწრებით სიწმიდე შიგ დააბრძანა.
კლეოპატრა შვილის სამეფო კარზე მსახურებაზე ოცნებობდა, მაგრამ იოანე უცებ ავად გახდა და გარდაიცვალა. სასოწარკვეთილმა დედამ სირბილით მიაშურა წმიდა უარის ტაძარს, მისი ლუსკუმის წინ დაემხო და მხურვალედ ილოცა: „უფლის სათნომყოფელო! დამიბრუნე ჩემი შვილი, თუ არა ის, ვინ დამიხუჭავს თვალებს, ვინ მომაყრის მიწას?! უმჯობესია, თავად მოვკვდე, ვიდრე ჩემს ძეს ვხედავდე მიცვალებულს. ან მოწყალებით მომხედე, როგორც ელისემ მოხედა სომანელ ქვრივს, ან ჩემი სულიც შეივედრე. იოანეს გარეშე არ მსურს ცხოვრება“. წმიდანის ნაწილებთან ასეთ მოთქმა-ტირილში კლეოპატრას ჩაეძინა. უეცრად მის წინაშე უარი წარდგა ხელში ყრმა იოანეთი. ორივენი სპეტაკი სამოსლებით იყვნენ მოსილნი. უარმა წმიდა დედას მიმართა: „მოწამეთა თაყვანისმცემელო! მე არ დამვიწყებია ის პატივი, რომელიც ჩემს ცხედარს მიაგე ჯერ ეგვიპტეში, შემდეგ კი აქ. შენი ლოცვა მუდამ მესმის და უფალს ვავედრებ შენს თავს. ჯერ ჩემს ირგვლივ დაკრძალული შენი მიცვალებულებისთვის ვლოცულობდი - მათთვის ცოდვათა შენდობა გამოვითხოვე, შემდეგ კი უფალს ვევედრე, რომ შენი ძე, იოანე შერთვოდა ანგელოზთა დასს და მარადიული მეუფის მსახური გამხდარიყო. ხედავ მის დიდებას?! - იგი დღეს ღვთის საყდრის წინაშე დგას. ასე მწარედ რამ დაგამწუხრა? ნუთუ არ გსურს, რომ იოანე ამ ნეტარებით ტკბებოდეს? თუ ასეა - დაიბრუნე!“ ამ სიტყვებზე ყმაწვილი იოანე ყელზე შემოეჭდო უარს და თქვა: „ნუ მიმცემ დედას, თუმცა მთელი გულით მიყვარს იგი; ნუ დამაბრუნებ მშფოთვარე და გარყვნილ წუთისოფელში, სამუდამოდ შენთან დამტოვე“; შემდეგ კი კლეოპატრას მიმართა: „რა გატირებს, დედა? თუ გიყვარვარ, ჩემი ბედნიერებით გაიხარე: მე წმიდათა თანამკვიდრი და ზეციური მეუფის მხედარი ვარ!“ კლეოპატრა შეევედრა წმინდანებს: „ნეტარო სულებო! სასუფევლის ახალნო მკვიდრნო! მეც თქვენთან წამიყვანეთ, მეც მაგემეთ ანგელოზებრივი ნეტარება!“ მაგრამ წმიდა უარმა უპასუხა: „ჯერ მშვიდობით მიიქეცი შენი ღვთივსათნო საქმეებისკენ და უწინდებურად იცხოვრე. მოვა დრო, როცა უფალი შენც მოგიწოდებს. აქ შენთვის ასეთივე სავანეა განმზადებული“. ამ სიტყვებზე წმიდანები გაუჩინარდნენ და კლეოპატრასაც გამოეღვიძა. გამოუთქმელი სიხარულით აღსავსემ ეპისკოპოსს ამცნო თავისი ხილვის შესახებ და იოანე პატივით დაკრძალა უარის გვერდით.
ამის შემდეგ ნეტარმა მთელი ქონება წმიდა სავანეებს და გლახაკებს განუყო. წმიდა უარის ტაძართან სენაკი მოიწყო და ლოცვასა და მარხვაში ატარებდა დღეებს. ლოცვის დროს მას ხშირად ეცხადებოდა ზეციურ დიდებაში მყოფი უარი ხელში ყრმა იოანეთი. შვიდი წლის შემდეგ კლეოპატრამ უფალს შეჰვედრა ლოცვითა და მარხვით განწმენდილი სული (+დაახლ. 327).
მღვდელმოწამე სადუკი, სპარსელი ეპისკოპოსი და მასთან ასოცდარვა მოწამე (+342)
მღვდელმოწამე სადუკი, სპარსელი ეპისკოპოსი ქრისტეს აღსარებისთვის IV საუკუნის პირველ ნახევარში, საპორ II-ის ზეობისას დასაჯეს სიკვდილით ასოცდარვა მართლმორწმუნესთან ერთად. მათ შესახებ მოთხრობილია 20 თებერვლის საკითხავში.
ღირსი იოანე რილელის ნაწილთა გადასვენება (1238)
ღირსი იოანე რილელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბულგარეთში, მისი უხრწნელი ნაწილები ქალაქ სრედეციდან (სოფია) ბულგარეთის მაშინდელ დედაქალაქ ტირნოვოში 1238 წლის 19 ოქტომბერს იქნა გადასვენებული. წმიდანის ცხოვრება 18 აგვისტოს საკითხავშია ჩართული.