USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 1 იანვარს?
Date:  359

1 იანვარს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი მამაჲ ჩვენი გიორგი მწერალი და ძმა მისი საბა, ხახულელნი (XI)

19 (1.01) დეკემბერი

ღირსი გიორგი მწერალი და მისი ძმა საბა, წმიდა გიორგი მთაწმინდელის (ხს. 27 ივნისს) მამის, იაკობის, ძმები იყვნენ. ისინი, ბერმონაზვნობის ღვაწლს შემდგარნი, ხახულის მონასტერში მოღვაწეობდნენ.

წმიდა მამები სავსენი იყვნენ საღმრთო მადლით. „ესენი მკჳდრ იყვნეს ხახულს ორითავე ცხორებითა შეზავებულად, რამეთუ სიმდიდრესა თანა საღმრთოჲსა მოქალაქობისასა ჴორციელიცა სიმდიდრე უხუებით აქუნდა“. როცა ღირსმა მამებმა ყრმა გიორგის სიკეთე და ღმრთისმოშიშება გაიგეს, იაკობს მისი ხახულში მიყვანა ურჩიეს. იაკობმაც სიხარულით მიჰგვარა შვილი ღმერთშემოსილ ძმებს.

ღირსმა გიორგიმ და საბამ ყრმა გიორგი ლოცვა-კურთხევის მისაღებად მონასტერში დავანებულ წმიდა მამებს: მაკარი მმარხველს, ბასილი ბაგრატის ძეს, ილარიონ თუალელს და ნატონი მნათეს წარუდგინეს, შემდეგ იქვე, მონასტერში დატოვეს და ხელმძღვანელობდნენ მის აღზრდასა და სწავლა-განათლებას. ამ დროს დაბა ტვარწატაფში ცხოვრობდა დიდებული ფერის ჯოჯიკისძე, რომელსაც ცოლად ჰყავდა მეფე ბაგრატ III-ის ასული. მათ განიზრახეს გონიერი და სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი ბერის მიპატიჟება სასახლეში მასწავლებლად და სულიერი ცხოვრების საქმეთა გამგედ. მათი არჩევანი ღირს გიორგი მწერალზე შეჩერდა, რადგან „უგონიერესსა ვერვის ჰპოვებდნენ“. ვედრებით დაითანხმეს ღირსი მამა მონასტრიდან წასვლაზე.

გიორგი ხახულელმა ფერის ჯოჯიკისძის ოჯახში თან წაიყვანა ყრმა გიორგი. ერთი წლის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორმა ბასილიმ ცილი დასწამა ფერისს და თავი მოჰკვეთა. მისი მეუღლე სახლიკაცებით, რომელთა რიცხვში გიორგი მწერალი და ყრმა გიორგი მთაწმინდელიც იყვნენ, კონსტანტინეპოლს წაიყვანეს, სადაც თორმეტი წელი დაჰყვეს. შემდგომ კვლავ უკან დაბრუნდნენ.

ქრისტესმიერი მოღვაწეობით დამაშვრალი ძმები მშვიდობით მიიცვალნენ.

წმიდა მოწამე ბონიფანტე (+290); მართალი აგლაიდა

19 (1.01) დეკემბერი

წმიდა მოწამე ბონიფანტე მდიდარი და ახალგაზრდა რომაელი ქალის, აგლაიდას მონა იყო და ქალბატონთან სასიყვარულო კავშირი ჰქონდა. შემდეგ აგლაიდა ქრისტიანობაზე მოექცა. მან ვერ შეძლო საყვარელთან კავშირის გაწყვეტა, მაგრამ ყოველნაირად ცდილობდა, ეს ცოდვა კეთილი საქმეებით გადაეფარა და ხშირად ეხმარებოდა გაჭირვებაში მყოფ ქრისტიანებს. ერთხელ მან გაიგო, რომ აღმოსავლეთში ქრისტიანების სასტიკი დევნა დაიწყო. თავისთან მოიხმო ბონიფანტე და აღმოსავლეთში წასვლა და იქიდან რომელიმე მოწამის სხეულის ჩამოსვენება თხოვა.

აგლაიდა იმედოვნებდა, რომ ქრისტეს მოწამე შეეწეოდა მას ცოდვის დაძლევაში და უშუამდგომლებდა ღვთის წინაშე. ამის გაგონებაზე ბონიფანტემ სიცილით მიუგო: „ქალბატონო, თუ წმიდა ნაწილები ვერ ვიპოვე და თავად ვეწამე ქრისტესთვის, პატივით მიიღებ ჩემს სხეულს?“ აგლაიდა სერიოზულად მოეკიდა ნათქვამს და გაკიცხა იგი იმის გამო, რომ წმიდა საქმეზე გამგზავრების წინ თავს ლაზღანდარობის ნებას აძლევდა. ბონიფანტეც დააფიქრა მისმა ნათქვამმა.

კილიკიაში, ქალაქ ტარსოსში ჩასულმა ბონიფანტემ თანამგზავრები სასტუმროში დატოვა, თავად კი ქალაქის მოედანს მიაშურა, სადაც ქრისტიანებს აწამებდნენ. ნეტარმა საკუთარი თვალებით იხილა უფლის რჩეულთა სასტიკი ტანჯვა და ღვთის მადლით გაბრწყინებული მათი სახეები. თანაგრძნობით აღსავსე ბონიფანტე მოწაფეებს ევედრებოდა, ელოცათ, რომ ისიც ამგვარივე ხვედრის ღირსი გამხდარიყო. მაშინ მსაჯულმა ბონიფანტეს ვინაობა ჰკითხა. „მე ქრისტიანი ვარ!“ - გაბედულად უპასუხა ნეტარმა, შემდეგ კი კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა. ამისთვის მას იქვე დაუწყეს წამება: ისე გვემეს, რომ ხორცი ნაფლეთებად ჩამოცვივდა და ძვლები გაუშიშვლდა, ფრჩხილებქვეშ ნემსებით ჩხვლეტდნენ, ბოლოს გამლღვალი კალაც ჩაასხეს ყელში, მაგრამ, ღვთის ნებით, უვნებლად გადარჩა. სამსჯავროს ირგვლივ შემოჯარული ხალხი აღშფოთებამ მოიცვა; მათ მსაჯულს ქვები დაუშინეს, შემდეგ კი წარმართული საკერპოსკენ გაქანდნენ კერპების შესამუსრავად.

მეორე დილით, როცა მღელვარება რამდენადმე ჩაცხრა, მსაჯულმა ბრძანა, წმიდა მოწამე ადუღებული ფისით სავსე ქვაბში ჩაეგდოთ, მაგრამ ნეტარს ამანაც ვერაფერი ავნო. წმიდა ბონიფანტეს მახვილით თავის მოკვეთა მიუსაჯეს. ჭრილობიდან სისხლმა და რძემ გადმოხეთქა. ამ სასწაულის ხილვამ ხუთას ორმოცდაათამდე ადამიანი მოაქცია ქრისტიანობაზე.

ამასობაში წმიდა ბონიფანტეს თანამგზავრებმა, რომლებიც ორი დღე ამაოდ ელოდნენ სასტუმროში ნეტარის დაბრუნებას, მისი ძებნა დაიწყეს - ფიქრობდნენ, რომ იგი ქარაფშუტულ დროსტარებას მიეცა. თავდაპირველად მათი ძიება უნაყოფო იყო, მაგრამ ბოლოს წმიდანის მოწამეობრივი აღსასრულის თვითმხილველს გადაეყარნენ. ეს უკანასკნელი მათ იმ ადგილამდე მიუძღვა, სადაც ჯერ კიდევ ესვენა ბონიფანტეს თავმოკვეთილი სხეული. მოწამის თანამგზავრები დიდხანს ცრემლებით ითხოვდნენ მისგან შენდობას უკადრისი აზრებისათვის, შემდეგ კი გამოისყიდეს მისი წმიდა ნეშტი და რომში გადაასვენეს.

მათი ჩამოსვლის წინა დღეს აგლაიდას ძილში ანგელოზი გამოეცხადა და უბრძანა, მისი ყოფილი მონის, ამჟამად კი - ბატონის, მფარველის და ანგელოზთა თანამოდასის დასახვედრად გამზადებულიყო. წმიდა დედამ მღვდელმსახურებს თხოვა, პატივით მიეღოთ წმიდა ნაწილები, შემდეგ კი მოწამის სახელობის ტაძარი ააგო და სიწმიდე შიგ დააბრძანა. წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა. აგლაიდამ მთელი ქონება გლახაკებს განუყო, თავად კი მონასტერს მიაშურა, სადაც სინანულში გალია თვრამეტი წელი და სიცოცხლეშივე არაწმიდა სულების განსხმის ნიჭი მოიგო. წმიდა დედა ნეტარი ბონიფანტეს საფლავის მახლობლად დაკრძალეს.

წმიდა მოწამენი: ილია, პროვოსი და არისი - მეგვიპტელნი (+308)

19 (1.01) დეკემბერი

წმიდა მოწამენი: ილია, პროვოსი და არისი იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას აღესრულნენ. მათ ტყვე-ქრისტიანთა მსახურება იტვირთეს, რისთვისაც პალესტინის ქალაქ ასკალონში შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. უფლის რჩეულებმა ახოვნად დაითმინეს სატანჯველები, რის შემდეგაც წმიდა არისი დაწვეს, ილიას და პროვოსს კი თავები მოჰკვეთეს (+308).

წმიდა ბონიფანტე მოწყალე - ფერენტიელი ეპისკოპოსი (IV)

19 (1.01) დეკემბერი

წმიდა ბონიფანტე მოწყალე - ფერენტიელი ეპისკოპოსი სიყრმიდანვე გლახაკთმოყვარებით გამოირჩეოდა. როცა მას გზაში ღატაკი გადაეყრებოდა, დაუფიქრებლად იხდიდა სამოსელს და მოწყალებად გასცემდა. ამის გამო მისი ქვრივი დედა ძალიან წუხდა და კიცხავდა შვილს. ერთხელ ბონიფანტემ მთელი წლის ხორბლის მარაგი უქონლებს დაუნაწილა, მაგრამ მისი ლოცვით ბეღელი სასწაულებრივ კვლავ პირთამდე გაივსო.

წმიდანი, ღვთის ნებით, ფერენტინის (რომის ჩრდილოეთით) ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. იგი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს და მათაც მოყვასისთვის უკანასკნელის გაღებას ასწავლიდა. ლოცვით, მარხვით, მოწყალებითა და სხვა მრავალი ქველი საქმეებით გაბრწყინებული მღვდელმთავარი მშვიდობით მიიცვალა IV ს-ში.

წმიდა გრიგოლი - ომირიტელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 552)

19 (1.01) დეკემბერი

წმიდა გრიგოლი - ომირიტელი ეპისკოპოსი, მედიოლანში დაიბადა, კეთილმსახური მშობლების, აღაპისა და თეოდოტიას ოჯახში. სიყრმიდანვე მასზე სულიწმიდის მადლი იყო დავანებული და კურნებისა და სასწაულთქმედების ნიჭი გააჩნდა. ღვთის განგებულება ნეტარს სამღვდელმთავრო მსახურებისთვის ამზადებდა. იგი ჯერ კიდევ დიაკვნად მსახურობდა, როცა მშობლიურ ქალაქში ერთი განდეგილის პირით წინასწარ განეცხადა მისი სამღვდელმთავრო მოღვაწეობის შესახებ. შემდეგ ამ უკანასკნელის სიტყვები მთებში მოღვაწე სხვა ღვთივსულიერმა ბერმაც დაამოწმა. მან წმიდა გრიგოლს აუწყა, რომ რომში წმიდა ბონიფანტესა და აგლაიდას საფლავის მოლოცვის შემდეგ ალექსანდრიაში უნდა წასულიყო, იქ ეპისკოპოსის ხარისხი მიეიღო და ეთიოპიის ქალაქ ნეგრანში ქრისტეს სარწმუნოება განემტკიცებინა. ნათქვამის ჭეშმარიტებაში წმიდანს ეჭვი რომ არ შეჰპარვოდა, ბერმა გაუცხადა, რომ იცოდა თუ როგორ გამოეცხადებოდნენ წმიდა გრიგოლს საღვთო ხილვაში მოციქულთა თავნი, პეტრე და პავლე და მღვდელმთავრის ომოფორით შემოსეს.

ზეციურ კურთხევას დამორჩილებულმა გრიგოლი რომში ჩავიდა. აქ, წმიდა ბონიფანტესა და აგლაიდას საფლავზე, მას კიდევ ერთხელ გამოეცხადა წმიდა პეტრე მოციქული და დაავალა, შესწეოდა ქრისტიანებს, რომლებიც უფლის სახელისთვის იტანჯებოდნენ ქალაქ ნეგრანში. ღამით, სიზმრისეულ ჩვენებაში, პავლე მოციქული წარდგა ნეტარის წინაშე და ზეთით სავსე ფიალა გაუწოდა, რაც მასზე სამღვდელმთავრო მადლის გარდამოსვლის წინაუწყება იყო.

ამ დროს ეთიოპიის მეფის, ელეზვოის (ხს. 24 ოქტომბერს) ლაშქარმა ებრაელი ტირანის, დუნაანის უღლისგან გაათავისუფლა ომირიტის ქალაქი ნეგრანი. ამის შემდეგ აქ ქრისტიანობა აღდგა, მაგრამ ებრაელ დამპყრობთა მიერ მთელი საეკლესიო იერარქია განადგურებული იყო. ამიტომ ელეზვოიმ ალექსანდრიის პატრიარქთან ელჩები გაგზავნა და ნეგრანისთვის ეპისკოპოსი და სამღვდელოება გამოითხოვა. ღვთის ნების შესაცნობად ლოცვად დამდგარ პატრიარქს მარკოზ მოციქული გამოეცხადა და უბრძანა, მოეძებნა დიაკონი გრიგოლი, ჯერ მღვდლად ეკურთხებინა, შემდეგ - ეპისკოპოსად და ელეზვოისთან გაეგზავნა. პატრიარქი ასეც მოიქცა. ქიროტონიის დროს განსაკუთრებული მადლი გარდამოვიდა წმიდა გრიგოლზე: მას სახე არაამქვეყნიური ნათლით გაუბრწყინდა, სამოსლიდან კი კეთილსურნელოვანი საკმევლის სურნელი დაიფრქვა.

ომირიტში ჩასულმა გრიგოლმა ქრისტიანული სალოცავების აღდგენას და წარმართებსა და ებრაელებს შორის ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებას მიჰყო ხელი. მღვდელმთავარმა აკურთხა ახალი მეფე - აბრაამი, რომელმაც თავის ყველა ქვეშევრდომს მონათლვა უბრძანა. მაშინ დიდგვაროვანმა ებრაელებმა მას მოსთხოვეს, სარწმუნოებრივ საკითხებზე კამათი გაემართა მათსა და ქრისტიანებს შორის, თან შეჰპირდნენ, რომ თუ სიტყვიერ პაექრობაში მაცხოვრის მოსავები გაიმარჯვებდნენ, იუდეველებიც მოინათლებოდნენ. ორმოცი დღის შემდეგ დაიწყო დისპუტი, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდებოდა. მეუფე გრიგოლმა ძველი აღთქმის ტექსტებზე დაყრდნობით ებრაელთა უხუცესის, რაბინ ერბანის ყველა არგუმენტი უარყო. რაბინმა ჩვენებით იხილა, თუ როგორ სცა თაყვანი მოსე წინასწარმეტყველმა უფალ იესო ქრისტეს. ღვთის მადლით, კამათში ქრისტიანები იმარჯვებდნენ, მაგრამ ერბანს არასგზით არ სურდა, თავი დამარცხებულად ეცნო და, სასოწარკვეთილმა, უკანასკნელ ღონეს მიმართა - თავხედურად გამოსცრა: „თუ გსურს, რომ გულით ვირწმუნო ქრისტე და ვაღიარო, რომ შენი ღმერთი - ჭეშმარიტი ღმერთია, - დამანახე იგი, ეპისკოპოსო!“ მღვდელმთავარმა მიუგო: „ძალიან ბევრს ითხოვ - ადამიანს კი არა, თავად ღმერთს ეკამათები. მაგრამ, კაცთა შორის სარწმუნოების განსამტკიცებლად უფალს შეუძლია სასწაული მოახდინოს!“ მართლმორწმუნეები შიშითა და კადნიერებით ელოდნენ, თუ რა მოხდებოდა შემდგომ. მტკიცე სარწმუნოებითა და ურყევი სასოებით აღსავსე წმიდა გრიგოლმა ხმამაღლა დაიწყო ლოცვა: მოიგონა ძე ღმერთის განკაცება, მიწიერი ცხოვრების დროს მის მიერ აღსრულებული სასწაულები, აღდგომა, ამაღლება და ცხოველმყოფელი ჯვრის ძალას მოუხმო შემწედ.

როცა მეუფემ ლოცვა დაასრულა, უეცრად მიწა შეირყა, აღმოსავლეთით ზეცა გაიხსნა და უფალი იესო ქრისტე გამოჩნდა ნათლის ღრუბელში, თან ხმა გაისმა: „ეპისკოპოს გრიგოლის ლოცვებით განგკურნავთ მამათა თქვენთაგან ჯვარცმული!“

არაამქვეყნიურმა ნათელმა დამასკოსკენ მიმავალი სავლეს მსგავსად, თვალისჩინი წარსტაცა ებრაელებს. დაბრმავებულებმა წმიდა ეპისკოპოსს სთხოვეს შეწევნა, რის შემდეგაც წმიდა ნათლისღება მიიღეს და ყველანი განიკურნნენ. რაბინ ერბანს ნათლობისას ლეონი დაერქვა.

ამ დიდი სასწაულის შემდეგ მღვდელმთავარი გრიგოლი კიდევ ოცდაათ წელზე მეტ ხანს განაგებდა თავის სამწყსოს. იგი მშვიდობით მიიცვალა 552 წელს.

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way