USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 1 აპრილს?
თარიღი:  454

1 აპრილს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი (+283)

19 (01.04) მარტი

წმიდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი. წმიდა ქრისანთო წარმართული ოჯახიდან იყო. მან კარგი განათლება მიიღო, ქრისტეს შესახებ კი პირველად ქრისტიანობისადმი მტრულად განწყობილი წარმართი ავტორებისაგან შეიტყო. ახალგაზრდა ქრისანთოს გაუჩნდა სურვილი, თავად წაეკითხა ქრისტიანთა ნაწერები. წმიდა წერილმა სული გაუნათა გონიერ ყმაწვილს. მან მოძებნა დევნულობის გამო დამალული პრესვიტერი კარპოფორი და ნათელიღო. ამის შემდეგ ქრისანთომ აშკარად დაიწყო ქრისტიანობის ქადაგება. მამა ყოველნაირად ცდილობდა შვილის მობრუნებას წარმართობისაკენ და დააქორწინა ათენა-პალადას ქურუმზე, დარიაზე, მაგრამ წმიდანმა ცოლიც მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა ქალწულებრივი ცხოვრება გადაწყვიტა. მამის გარდაცვალების შემდეგ ისინი ცალ-ცალკე სახლებში დასახლდნენ, ახალმოქცეული ქრისტიანები შემოიკრიბეს და მოძღვრავდნენ მათ.

თანაქალაქელებმა ეპარქ კარელინთან იჩივლეს, რომ წმიდა ქრისანთო და დარია უქორწინებლობას ქადაგებდნენ. წმიდა ქრისანთო ტრიბუნ კლავდის გადაეცა საწამებლად.

ტანჯვამ ვერ მოდრიკა ახალგაზრდა მოწამის სიმტკიცე. მისი გამძლეობით გაოგნებულმა ტრიბუნმა კლავდიმ ცოლთან, შვილებთან და მთელ სახლეულთან ერთად ნათელ-იღო. როდესაც ეს ამბავი იმპერატორმა ნუმერმიანემ (283-284) შეიტყო, ახალმოქცეულთა მოკვდინება ბრძანა. მოწამე კლავდი ტრიბუნი ზღვაში დაახრჩვეს, მის შვილებსა და მეომრებს კი თავი მოჰკვეთეს. ქრისტიანებმა მოწამეთა ცხედრები გამოქვაბულში დაფლეს. კლავდის მეუღლე, წმიდა ილარია გამუდმებით დადიოდა საფლავზე და ლოცულობდა. მისი საქციელი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ წარმართებს და ისიც სიკვდილით დასაჯეს. მოსამსახურემ წმიდა ილარია შვილების გვერდით დაასაფლავა.

წმიდა დარია წარმართებმა საროსკიპოში შეადგეს, მაგრამ მას მფარველად მოევლინა ღვთისაგან გამოგზავნილი ლომი, რომელიც არავის აკარებდა წმიდანს. წმიდა დარია ქრისტეს სჯულს ქადაგებდა და ჭეშმარიტების გზაზე აყენებდა ირგვლივ მყოფთ.

წმიდა ქრისანთო ჩააგდეს ორმოში, სადაც მთელი ქალაქის უწმინდურება ჩაედინებოდა. მის თავზე ზეციური ნათელი დადგა, მყრალი ორმო კი კეთილსურნელებით აივსო.

იმპერატორმა ნუმერმიანემ ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ წმიდა ქრისანთო და დარია. ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ მოწამენი ცოცხლად დამარხეს.

წმიდათა წამების შემდეგ ქრისტიანები ახლომდებარე გამოქვაბულში იკრიბებოდნენ, ღვთისმსახურებას აღასრულებდნენ და ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარებოდნენ. როდესაც წარმართებმა ეს გაიგეს, მლოცველებით სავსე გამოქვაბულის შესასვლელი ამოქოლეს. ასეთ წამებაში აღესრულა მრავალი ქრისტიანი. მათგან ორის სახელია ცნობილი. ესენია: დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი.

წმიდა მოწამე პანქარი ( +დაახლ.302)

19 (01.04) მარტი

წმიდა მოწამე პანქარი იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) სასახლის კარის წარჩინებული მოხელე იყო. მან უარყო ქრისტე და წარმართობა მიიღო.

დედამ და დამ განდგომილს გაუგზავნეს წერილი, სადაც უფლის სამსჯავროს შეახსენებდნენ და მოუწოდებდნენ, მოენანიებინა. პანქარიმ იმპერატორ მაქსიმიანეს წინაშე საჯაროდ აღიარა ქრისტე, რისთვისაც ჯერ რომში აწამეს, შემდეგ კი ნიკომიდიაში გაგზავნეს და თავი მოჰკვეთეს.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის