USD 2.7056
EUR 3.1223
RUB 3.4355
თბილისი
რომელ ქვეყნებში არის საქართველოს საპენსიო აქტივები ინვესტირებული?
თარიღი:  505

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, საპენსიო სააგენტოს 2024 წლის საინვესტიციო შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე, რაც მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს მოქალაქეთა სოციალური დაცვის და ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის საზედამხედველო მანდატის როლს, რომელიც 2025 წლის 1 მაისიდან ფართოვდება და მოიცავს როგორც საპენსიო ფონდის საინვესტიციო, ასევე ადმინისტრაციული, საოპერაციო და სხვა ფუნქციების ზედამხედველობას.

„ჩვენი, როგორც ზედამხედველის, მთავარი მიზანია საპენსიო ფონდის მონაწილეთა დანაზოგების უსაფრთხოებისა და ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად საიმედო მარეგულირებელი გარემოს შექმნა. მიგვაჩნია, რომ დღემდე საპენსიო სააგენტო წარმატებით ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს და მტკიცედ გვწამს, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო შედეგების წლიური შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში პანელური დისკუსიები გაიმართა. ერთ-ერთი პანელური დისკუსია „კარგი მმართველობის ჩარჩოს“ თემას მიეძღვნა. პანელზე ეფექტური მმართველობის მნიშვნელობასა და როლზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო საქმიანობის შედეგად საპენსიო ფონდის აქტივები 6 მლრდ. ლარს აღემატება, ამონაგები კი 1.4 მლრდ. ლარს აჭარბებს.

საქართველოს საპენსიო სააგენტოს აქტივები 6.5 მილიარდ ლარს აღწევს. ამ თანხიდან დაახლოებით 5 მილიარდი ლარი სისტემის მონაწილეთა შენატანებს, 1.5 მილიარდი ლარი კი ამ შენატანებზე დარიცხული საინვესტიციო სარგებელია.

საპენსიო სააგენტოს აქტივების უდიდესი ნაწილი - 80.2% საქართველოს ეკონომიკაში არის განთავსებული, რაც მოიცავს ქართული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებს, სახელმწიფო სახაზინო ფასიან ქაღალდებსა და ქართული კომპანიების ობლიგაციებს. თანხის დანარჩენი ნაწილი კი უცხოურ აქტივებში არის ინვესტირებული, ეს მოიცავს საერთაშორისო კომპანიების ფასიან ქაღალდებს და აქციებს, სხვა ქვეყნების სახელმწიფო ობლიგაციებს.

საპენსიო აქტივების გეოგრაფიული განაწილება შემდეგია:

  • საქართველო - 80.2%;
  • ჩრდილოეთ ამერიკა - 8.8%;
  • განვითარებული ევროპა - 5.3%;
  • განვითარებადი ბაზრები - 3%;
  • განვითარებული აზია - 2.8%.

საპენსიო სისტემის მონაწილეთა რაოდენობაა 1.4 მილიონი, ხოლო ფონდის მთლიანი ზომა 6.5 მილიარდ ლარს შეადგენს. შესაბამისად, საპენსიო სისტემის საშუალო მონაწილის მიერ დაზოგილი თანხის საშუალო მოცულობა 4,642 ლარს შეადგენს.

დაგროვებითი საპენსიო სისტემით დაზოგილ თანხებს მოქალაქეები საპენსიო ასაკის მიღწევისას, საბაზო სახელმწიფო პენსიებთან ერთად მიიღებენ, შესაბამისად, ეს მეორე საფეხურის პენსიებს წარმოადგენს. მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკი 65 წელს შეადგენს, ხოლო ქალებისთვის 60 წელს, შესაბამისად, დაგროვებით სისტემაში კაცებს 5 წლით მეტი ხნის განმავლობაში უწევთ დაზოგვა ვიდრე ქალებს სანამ დაგროვებით პენსიას მიიღებენ.

მსოფლიო
აშშ-მა ვენესუელური Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

აშშ-მა ვენესუელური Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, - ინფორმაციას The Hill-ი აშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებული Cartel de los Soles-ისთვის უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

გამოცემის ცნობით, Cartel de los Soles-ის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მოქმედებისთვის დამატებით შესაძლებლობას ანიჭებს.

„გადაწყვეტილება თეთრ სახლს უფრო ფართო უფლებამოსილებას მისცემს, რათა სანქციები დააწესოს და მადუროს აქტივებზე ზეწოლა განახორციელოს“, - წერს გამოცემა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივან გილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციაა“.

„ვენესუელა კატეგორიულად უარყოფს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ახალ და აბსურდულ გამოგონებას. ამ ნაბიჯის მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციის გამართლებაა, აშშ-ის კლასიკური რეჟიმის შეცვლის ფორმატით. ამ მანევრსაც იგივე ელის, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ ყველა აგრესიას: წარუმატებლობა“, - აღნიშნა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის