USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
"რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები..."- დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა
дата:  873

”იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი, თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი” – ასე ეხმაურებოდა პოეზიის მეფის გალაკტიონ ტაბიძის დაბადებას პოეტი შოთ ნიშნიანიძე.

თავად გალაკტიონმა კი საკუთარ დაბადების დღეს ასეთი ლექსი მიუძღვნა:

”დღეს ჩემი დღეა, დაბადების დღე,

მსურს ვიხალისო, მსურს მოვილხინო,

მომავალ ბედის სადღეგრძელებლად

მინდა, რომ ყანწით დავსცალო ღვინო.

მაშ მომილოცეთ, რაღას უყურებთ?

ვარდ-ყვავილებით მომირთეთ ბინა,

წუხელის მე ამ დღეზე ვფიქრობდი,

ვერ მოვისვენე, არ დამეძინა.

ერთი დღე მაინც, ერთი დღე მაინც

მწარე ოცი წლის განმავლობაში

დამითმეთ, რომ მე ვიყო მეუფე

ამ განუსაზღვრელ მარტოობაში.

არავინ მოდის?.. არავისა სურს,

რომ ვიხალისო, რომ მოვილხინო?..

ხა, ხა, ხა, ხა, ხა! დღესაც მარტო ვარ,

მაგრამ რას ვეძებ, მომეცით ღვინო!”

გალაკტიონ ტაბიძე (დ. 17 ნოემბერი [ძვ. სტ. 5 ნოემბერი], 1891 ან 18 ნოემბერი [ძვ. სტ. 6 ნოემბერი], 1892 — გ. 17 მარტი, 1959) — ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944). დაიბადა კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში. 1900-08 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, ხოლო 1908-10 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც სათავეში ჩაუდგა მოსწავლეთა ლიტერატურულ წრეს და დააარსა ხელნაწერთა ჟურნალი „შუქი“. 1910-11 წლებში სკოლის მასწავლებლად მუშაობდა. 1912 წელს ქუთაისში დასახლდა. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ქუთაისისა და თბილისის ჟურნალ-გაზეთებში. 1917-18 წლებში მოსკოვსა და პეტროგრადში იმყოფებოდა. პირველი ლექსები „მთვარე კაშკაშებს“ და „შავი ღრუბელი“ 1908 წელს გამოაქვეყნა გაზეთ „ამირანსა“ და ჟურნალ „ჩვენს კვალში“. თბილისში გამოქვეყნებულმა კრებულებმა „ლექსები“ (1914) და „არტისტული ყვავილები“ (1919) ტაბიძეს საყოველთაო აღიარება მოუტანეს. 1918 წლიდან საბოლოოდ დამკვიდრდა თბილისში. 1921 წლიდან რედაქტორობდა ჟურნალ „ლომისს“. 1922-23 წლებში გამოსცა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“. გალაკტიონ ტაბიძე იყო „მნათობის“ (1924) ერთ-ერთი დამაარსებელი. 1927 წელს თბილისში გამოვიდა მისი ლექსების ერთტომეული. აღსანიშნავია, რომ 1935 წელს იგი მონაწილეობდა პარიზის ანტიფაშისტურ კონგრესში.

გალაკტიონ ტაბიძემ იმთავითვე დაიმკვიდრა „გენიალური გალაკტიონის“ და „პოეტების მეფის“ სახელი. „მე და ღამემ“, „მთაწმინდის მთვარემ“, „ლურჯა ცხენებმა“, „სილაჟვარდემ...“, „მერიმ“ და მრავალმა სხვა ლექსმა მკითხველს წარმოუდგინა სრულიად ახლებური პოეტური სამყარო, ქართული ბგერის დიდებული კეთილხმოვანება, სიტყვის მოქნილობა, საოცარი უნარი რიტმის, ფერის, ტონისა თუ ნახევარტონების გადმოცემისა. ეს იყო რომანტიკული სამყარო, სადაც პოეტმა მინიშნების, ნიუანსებისა და ასოციაციების საშუალებით იშვიათი უშუალობითა და სილამაზით აამეტყველა ადამიანის ყველაზე ფაქიზი განცდები. ამ მხრივ გალაკტიონ ტაბიძის პოეზია ორგანულად ეფუძნებოდა და აგრძელებდა ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებით ტრადიციებს. გალაკტიონ ტაბიძემ განიცადა უცხოელ რომანტიკოსთა, ფრანგ და რუს სიმბოლისტთა გავლენა. პოეზია გალაკტინისთვის იყო ერთადერთი სფერო, რომელიც არ ემორჩილებოდა სიზმარეული სამყაროს მსწრაფლწარმავლობას — იგი სიკეთით სავსე, მშვენიერი და მარადიული იყო. მაგრამ სიკეთეს, მშვენიერებას და ჰარმონიას პოეტმა არა მხოლოდ შემოქმედების, არამედ სინამდვილის, რეალობის სფეროშიც მიაკვლია.

ტაბიძის შემოქმედების დასაწყისი XX საუკუნის 10-იან წლებზე მოდის ეს იყო პერიოდი, როცა ლირიკაში კვლავ განუყოფლად ბატონობდა აკაკი წერეთლის ავტორიტეტი. უხვად მომადლებული პოეტური ნიჭის წყალობით გალაკტიონმა ქართული პოეტიკა ახალ ეტაპზე დააყენა. გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება რამდენიმე ათეული წელია გადაულახავ მწვერვალად დგას თანამედროვე ქართულ პოეზიაში. ამ ხნის მანძილზე არ მოსულა არც ერთი პოეტური თაობა, რომელსაც მისი გავლენა არ განეცადოს. თანამედროვე ქართულ პოეზიაში ტაბიძის ავტორიტეტი კვლავ განუყოფლად ბატონობს და დღესაც გადაუჭრელ ამოცანად რჩება ქართული ლექსის თვისებრივად ახალი, მის ლექსთან შედარებით უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა. მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.

ბიოგრაფია

გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა ვანთან ახლოს სოფელ ჭყვიშში. პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე, შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910–1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1917–1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 წელს გამოცემულმა „არტისტულმა ყვავილებმა“ ავტორს „გენიალური გალაკტიონისა“ და „პოეტების მეფის“ სახელი მოუტანეს. 1919 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1922-1923 წლებში გამოსცემდა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს“. 1924 წელს იგი იყო ჟურნალ „მნათობის“ ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1935 წელს პარიზში მონაწილეობდა ანტიფაშისტურ კონგრესში.

უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც, რომელმაც პოეზიას ახალი სიცოცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქნილობა შესძინა.

გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შემოქმედება

გალაკტიონ ტაბიძე და მისი დიდებული შემოქმედება მუდამ იყო მოქცეული დასავლეთის ლიტერატურათმცოდნეთა ყურადღების ცენტრში. მისი ლექსების და პოემების თარგმანები სისტემატურად ქვეყნდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ არაერთი თარგმანი გამოქვეყნდა ქართული ემიგრანტული პრესის ფურცლებზე (ჟურნალები „კავკასიონი“, „ბედი ქართლისა“ და ა. შ.). 1991 წელს გალაკტიონის ერთტომეული გამოიცა ბერლინში, გერმანულ ენაზე. მისი შემოქმედების შესახებ შტეფი იუნგერ-ხოტივარის მიერ მომზადებული სტატია შესულია „მსოფლიო ლიტერატურის ენციკლოპედიურ ლექსიკონში“, რომელიც შტუტგარტში, გერმანულ ენაზე გამოიცა 2004 წელს. 1992 წელს საერთაშორისო ქართველოლოგიური ჟურნალის გეორგიკა (იენა) მე-15 ტომში გამოქვეყნდა ქრისტიან ლიჰტენფელდის ვრცელი სტატია პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. გალაკტიონის შემოქმედების განხილვას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პროფ. დონალდ რაიფილდის მონოგრაფიაში ქართული ლიტერატურის ისტორიაზე, რომელიც 2000 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა ლონდონში.

გაუმარჯოს მეფეს ქართველი პოეტებისას!

"მე თანდათან ვრწმუნდები, არც ერთს მათგანს არა აქვს ჩემდენი დაფარული პოეტური ენერგია. ეს ენერგია თავისთავად, უჩემოდ იკვალავს გზას და სადმე დაგუბებული ვულკანისებური ცეცხლით ამოხეთქავს. იგი გაანადგურებს ყოველივეს, რაც კი წინ დახვდება. გაანადგურებს, დალეწავს, დაანგრევს.
გაუმარჯოს მომავალ ბრწყინვალებას და მეფეს ქართველი პოეტებისას. შორს არაა ის დრო, როცა კიდევ იგრიალებენ გაზეთები, ქუჩები, თეატრები."
გალაკტიონის დღიური,1921.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати