USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
როინ მეტრეველი – აღუვსებელი საწყაული, ანუ ამაოება ამაოთა
თარიღი:  440

“მაინც რა არის ჩვენი ყოფა – წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი.

ნ. ბარათაშვილი

დღესდღეობით, XXI საუკუნის ათიან წლებში, მსოფლიო კვლავ შფოთავს. კვლავ უხვადა გვაქვს ომები, რევოლუციები; იხოცება ადამიანები. ბუნებაც გამძვინვარებულია – მიწისძვრებმა და ქარბორბალებმა უმძიმესი დაღი დაასვა ცხოვრებას; დიდია მსხვერპლი – ათასობით ადამიანი ეწირება სტიქიას, ინგრევა შენობები – უბინაოდ რჩებიან მისი ბინადარნი. ადამიანებში ისადგურებს პესიმიზმი, ფიქრი იმაზე, რომ მომავალი არ არსებობს. უნებლიედ ნიკოლოზ ბარათაშვილის სტრიქონები გახსენდებათ: “არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება რად იყო ფუჭი და მხოლოდღა ამაოება”.

ძლიერნი ამა ქვეყნისანი ივიწყებენ ისტორიის გაკვეთილებს. ეს კი ტრაგედიად უჯდება ხალხს. ევროპაში ომებისაგან 1801-1914 წწ-ში – 5,7 მილიონი დაიღუპა. პირველმა მსოფლიო ომმა 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მეორე მსოფლიო ომმა 40 მილიონზე მეტი. პოლიტიკურ ლიდერთა გეგმებმა საფუძვლიანად გაანადგურა ევროპის კონტინენტი. ევროპა ვეღარ იჯერებდა, რომ შესაძლო იყო მშვიდობიანი მომავლის დადგომა. ფრანგი პოეტი პოლ ვალერი 1945 წელს წერდა: “ჩვენი იმედები ბურუსიანია, ჩვენი შიში კი სრულიად განსაზღვრული”. კვლავ მოვიხმობთ გენიალური ნიკოლოზ ბარათაშვილის სტრიქონებს:

“თვითონ მეფენიც უძლეველნი,
რომელთ უმაღლეს
ამაო სოფლად არღა არის სხვა
რამ დიდება,
შფოთვენ და დრტვინვენ
და იტყვიან “როდის იქნება,
ის სამეფოცა ჩვენი იყოს.”
და აღიძვრიან
იმავ მიწისთვის, რაც დღეს
თუ ხვალ თვითვე არიან!…”

ეს ნარკვევი 2008 წლის აგვისტოში იწერება. საქართველო ფაქტობრივად ოკუპირებულია რუსეთის რეგულარული ჯარების მიერ. რუსებმა გაანადგურეს ცხინვალი, მთელი სამაჩაბლო; ტრაბახობენ, რომ დიდი ლიახვის ხეობის ქართული სოფლები მიწასთან გაასწორეს. დაბომბეს თბილისი, გორი, ზუგდიდი, ფოთი, ვაზიანი, მარნეული, რაჭის რამდენიმე სოფელი, სამეგრელოს სოფლები. გაიძარცვა მოსახლეობა – მათ პირადი ქონება და პირუტყვი წაართვეს. გაიძარცვა სკოლები, სხვადასხვა დაწესებულებები, დაინგრა მრავალი შენობა. ქვეყნის ოკუპაცია, რუსი ჯარისკაცების აღვირახსნილობის ფონზე, გაჭიანურდა.

1991 წლის მარტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია || წერდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს ალექსი ||-ს (რუსეთის პატრიარქმა 1991 წლის 23 მარტს წერილით მიმართა ილია ||-სა და მორწმუნე ქართველებს ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე კონფლიქტის თაობაზე):

“თქვენო უწმინდესობავ, ძვირფასო ქრისტესმიერო ძმაო!
“…მთელი ტრაგედია ისაა, რომ საქართველოს მიწაზე იღვრება სწორედ ქართული სისხლი, ქართველები იძულებული არიან თავი დაიცვან იმ ხალხებისგან, რომლებიც საქართველომ გადაარჩინა, მიიღო როგორც ლტოლვილები და რომლებიც მადლობის მაგივრად პრეტენზიას აცხადებენ ჩვენს ტერიტორიაზე და გვემუქრებიან საქართველოსგან მისი გამოყოფით. მთელი ტრაგედია, თქვენო უწმინდესობავ, არის ის, რომ ქართველები საკუთარ ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ ლტოლვილები; ათასობით ქართველი ეგრეთ წოდებული “სამხრეთ ოსეთიდან”, რომელსაც ქართულად შიდა ქართლს უწოდებენ, სიცოცხლის გადასარჩენად იძულებული გახდა გაქცეულიყო სხვა რაიონებში”.

ეს იყო 17 წლის წინათ. 17 წლის შემდეგ ტრაგედია უფრო საშინელი სისასტიკით დატრიალდა. დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა – მოხუცები, ბავშვები, ქალები. თუ გავიხსენებთ XX საუკუნის ომების ევოლუციას, აქ აშკარად დაინახავთ, რომ პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთაგან 95 პროცენტი სამხედრო მოსამსახურე იყო, სამოქალაქო მოსახლეობა მხოლოდ 5 პროცენტი. მეორე მსოფლიო ომში ეს თანაფარდობა იყო შესაბამისად 52 და 48 პროცენტი, კორეის ომში 16 და 84 პროცენტი, ვიეტნამის ომში – 8 და 92 პროცენტი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ატომური ომის დროს სამხედრო მოსამსახურეთაგან მხოლოდ 1 პროცენტი დაიღუპება. 99 პროცენტი კი მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლება. ამ კანონზომიერებას რუსეთის მიერ წარმოებული ომიც (ცინიკურად ჟღერს, როცა თავად რუსეთის ხელმძღვანელობა აურაცხელი ჯარისა და ტექნიკის შემოყვანის მიზეზად სამშვიდობო ჯარების დახმარებას სახავს) ემორჩილება. ასეულობით დაღუპული და ორი ათასამდე დაჭრილი მშვიდობიანი ადამიანი ამისი დასტურია. ამ რუსული თავდასხმის შედეგი საშინელი ტრაგედიაა. ტრაგედიამდე კი დანაშაულებრივმა მოქმედებამ მიგვიყვანა.

მსოფლიო სოციალისტური სისტემის დანგრევამ და საბჭოთა კავშირის დაშლამ აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ქვეყნებისა და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების წინაშე დააყენა მეტად სერიოზული ამოცანა – განესაზღვრათ თავიანთი ადგილი მსოფლიოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებში. ეს თავის მხრივ რთული პროცესია, რისთვისაც საჭიროა არა მარტო ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურის, არამედ ადამიანთა მენტალიტეტისა და საზოგადოებრივი აზროვნების შეცვლა. მსოფლიო სოციალისტური სისტემის პირობებში აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა რესპუბლიკების მეურნეობებს გარკვეული ეკონომიკური სპეციალიზაცია ჰქონდათ და ჩართულნი იყვნენ მსოფლიო სამეურნეო სისტემაში. დღესდღეობით, როცა საბაზრო ეკონომიკის კანონები ბატონობს, როცა კონკურენცია და ბაზრისათვის ბრძოლა განსაზღვრავს ეკონომიკურ ცხოვრებას, ყველა ყოფილი სოციალისტური ქვეყანა იძულებულია ეძებოს ეკონომიკური განვითარების ახალი გზები. ეს მეტად მტკივნეული პროცესი ნაკლებად პრობლემურია ბუნებრივი რესურსებით (კერძოდ, სასარგებლო წიაღისეულით) მდიდარი (აზერბაიჯანი, უზბეკეთი, თურქმენეთი) ქვეყნებისათვის. იმ ქვეყნებში კი, სადაც მინერალური ნედლეული არ მოიპოვება, საქმე უფრო რთულადაა. ასეთ მდგომარეობაშია ყოფილი სოციალისტური ქვეყნების უმრავლესობა და შავი ზღვის აუზის რესპუბლიკები.

ამ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ბუნებრივ რესურსს, როგორიცაა ხელსაყრელი ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა. არ შეიძლება ეს ფაქტორი პანაცეად ჩაითვალოს და მთელი იმედები საზოგადოების კეთილდღეობისა მასზე დამყარდეს, თუმცა, არ შეიძლება არ ითქვას, რომ მსოფლიოს სავაჭრო არტერიებთან მოხერხებული მდებარეობა გარკვეული უპირატესობაა ამა თუ იმ ქვეყნისათვის.

კავკასია თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ბუნებრივი ხიდია აზიასა და ევროპას შორის. აქ გადის აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი უმოკლესი გზები. განსაკუთრებით მოხერხებული ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა აქვს საქართველოს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე “შიდაკონტინეტური” საზღვაო ქვეყანაა, ოკეანეში პირდაპირი გასასვლელით. საქართველო ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ერთადერთი საზღვაო სახელმწიფოა; ქალაქები ფოთი და ბათუმი კი უმნიშვნელოვანესი საზღვაო პორტებია.

კავკასია მსოფლიოსათვის ისტორიულად იყო უმნიშვნელოვანესი რეგიონი. იგი ყოველთვის იყო მსოფლიოს ხალხთა თვალსაწიერში, უკანასკნელმა ათწეულებმა კი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრად აქცია. ამის მიზეზი ის პოლიტიკური მოვლენებია, რომლებიც კავკასიის თითქმის ყველა კუთხეში დატრიალდა. ეს რეგიონი ე.წ. “ცხელ წერტილად” იქცა და საერთაშორისო ინტერესთა არეალში მოექცა.

კავკასიამ, კავკასიელებმა მძიმე ბრძოლებით აღსავსე გზა გაიარეს. უძველესი დროიდან მოექცა კავკასია ევროპისა თუ აზიის სახელმწიფოთა თვალსაწიერში. სხვადასხვა სახელმწიფოთა ე.წ. “კავკასიური პოლიტიკა” რეგიონს მუდმივ საომარ მდგომარეობაში ამყოფებდა.

ოქროს საწმისის ხელში ჩასაგდებად მოსულმა ბერძნებმა კოლხებთან საზღვაო ომი გადაიხადეს. კავკასიას არაერთხელ დაესხა თავს სკვითები და სარმატები. კავკასიის სახელმწიფოები იძულებით ჩაებნენ ბიზანტიასა და ირანს შორის ატეხილ ხანგრძლივ ომში. კავკასიის საგარეო პოლიტიკას საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრავდა არაბებთან, სელჩუკებთან, ბიზანტიელებთან ბრძოლები. რეგიონისათვის დამანგრეველი იყო მონღოლთა შემოსევები, როცა მთელი კავკასია მონღოლთა მფლობელობაში მოექცა. მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა ჯერ ხორეზმშაჰ ჯალალედინის, შემდეგ თემურლენგის რვაგზის შემოსევამ.

კავკასიის რეგიონის, მისი მოსახლეობისათვის მეტად მძიმე აღმოჩნდა კონსტანტინოპოლის ოსმალთა ხელში გადასვლა (1453 წ.). XVII საუკუნიდან მოკიდებული კავკასია ირან-ოსმალეთის ხანგრძლივი ომების ასპარეზად იქცა.

განსაკუთრებული საკითხია რუსეთის დამოკიდებულება კავკასიასთან. რუსეთს ადრიდანვე ჰქონდა “თვალი დადგმული” ამ რეგიონზე.: რუსებმა უზარმაზარი მსხვერპლი გაიღეს იმისათვის, რომ კავკასიაში გავლენა და მასზე ბატონობა მოეპოვებინათ. მათ მიაჩნდათ, რომ “კავკასია იყო გასაღები, ურომლისოდაც შეუძლებელი იყო ვრცელი დაბლობების ათვისება და მათი გადაკეტვა სულ ახალი და ახალი ტომებისა და ხალხების შემოჭრისაგან” (ვ.პოტო).

რუსული მატიანეები გადმოგვცემენ სვიატოსლავის ბრძოლის შესახებ ყუბანში, მსტისლავისა და ჩერქეზთა ბატონის ურთიერთშებრძოლებისა და სხვა ფაქტების შესახებ. კავკასიისათვის ბრძოლას აწარმოებდნენ რუსეთის მეფეები ივანე III, ივანე IV (მრისხანე). რუსეთი პრაქტიკულად იჭრება კავკასიაში. XVII საუკუნის მეორე ნახევარში ჩრდილოეთ კავკასიაში ფუძნდება რუსული ახალშენები და ციხე-სიმაგრეები (თერგის, სუნჯის). განსაკუთრებით უტევს კავკასიას რუსეთი XVIII საუკუნის პირველ ნახევარში. ამავე საუკუნის მეორე ნახევარში რუსები მტკიცედ იკიდებენ ფეხს კავკასიაში. არსდება ქალაქები: ყიზლარი, მოზდოკი, ვლადიკავკაზი (დააკვირდით სახელწოდებას!), შეიქმნა კავკასიის გამაგრებული ხაზი. 1783 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის გიორგიევსკში დაიდო ე.წ. “მფარველობითი ხელშეკრულება”, ტრაქტატი, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ არ შეასრულა და 1801 წელს შეიერთა ქართლ-კახეთის სამეფო. ეს ქვეყნის დაპყრობის ტოლფასი იყო, რადგან გაუქმდა მეფობა და საქართველომ დაკარგა სახელმწიფოებრიობა. რუსეთის ხელისუფლების ქმედება კიდევ უფრო შორს წავიდა – გააუქმეს ქართული სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, გააუქმეს კათოლიკოს-პატრიარქობა და ნაცვლად საეგზარქოსო დააარსეს (1811 წ.). პირველი ეგზარქოსის (ვარლამ ერისთავი) შემდეგ ყველა მომდევნო რუსი იყო.

კავკასიელები ძლიერ წინააღმდეგობას უწევდნენ რუსეთის დამკვიდრებას მათ მიწა-წყალზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩრდილო კავკასიელი – დაღესტნელი და ჩეჩენი მთიელების ბრძოლა რუსი მოძალადეების წინააღმდეგ. სამხრეთ დაღესტანში XIX საუკუნის 20-იან წლებში დაწყებული ანტირუსული მოძრაობა ფართოდ გაიშალა. მის სათავეში ღაზი მუჰამედი იდგა. მას წინააღმდეგობა გაუწიეს ავარელმა ხანებმა, რომლებიც მთაში ცარიზმის დასაყრდენს წარმოადგენდნენ. 1831 წელს, ღაზი მუჰამედმა გაანადგურა სამეფო ჯარის ნაწილები და დაიკავა გეოგრაფიული პუნქტები: პარაული, ტარკი, ყიზლარის ციხე-სიმაგრე. 1832 წელს შეიჭრა ჩეჩნეთის სიღრმეში, ილაშქრა ვლადიკავკაზზე და ალყა შემოარტყა ნაზრანს…

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ძლიერი ძალის წარმოქმნამ (ევროკავშირია მხედველობაში) არ გამოიწვია სხვა ქვეყნების წინააღმდეგობა. თითქმის ყველა მსხვილი სახელმწიფო (მაგალითად, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები XIX საუკუნეში, შემდეგ გერმანია, იაპონია, საბჭოთა კავშირი XX საუკუნეში, აშშ – XXI საუკუნეში) თავისი გავლენის საპირწონე ძალის შექმნის პროვოცირებას ახდენდნენ. ევროპა კი ისე გახდა ერთიანი და ძლიერი, რომ მეზობლების ამგვარი დამოკიდებულება არ გამოუწვევია. ნიშანდობლივია, რომ ისეთი დიდი სახელმწიფოები, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი ევროპის ეკონომიკური სიძლიერის ზრდაში ნაკლებ საფრთხეს ხედავენ, ვიდრე ერთმანეთის ეკონომიკის ცვლილებებში.

ინგლისელი მეცნიერი არნოლდ ტოინბი ამტკიცებდა, რომ კაცობრიობის განვითარების გარკვეულ ეტაპზე ცივილიზაციები შეეჯახებიან ერთმანეთს. ცივილიზაციური წინააღმდეგობები გამოჩნდა იმ კონფლიქტში, რომელიც დასავლურ ცივილიზაციასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის არსებობს. XX საუკუნესა და XXI საუკუნეში დასავლეთის ცივილიზაცია ევრო-ამერიკული გახდა. ამერიკის შეერთებული შტატები პრეტენზიას აცხადებს მსოფლიოში პოლიტიკურ და ცივილიზაციურ ჰეგემონობაზე. მიუხედავად ევროპული ქვეყნების მცდელობისა, შეინარჩუნონ თავისი ტრადიციები და ცხოვრების წესი, ამერიკანიზაცია მაინც მიმდინარეობს.

დღესდღეობით როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე ევროპის ქვეყნების მნიშვნელოვანი პრობლემაა დემოგრაფიული ვითარება. შემცირებულია შობადობა და გაზრდილია უცხოელთა შემოჭრა (იმიგრაცია ). ეს ორი ფაქტორი ცივილიზაციის განვითარებას ან უკან სწევს, ან ცივილიზაციებს დაცემით ემუქრება. დიდია სიკვდილიანობა. ევროპის არც ერთ სახელმწიფოში (მუსლიმური ალბანეთის გარდა) ადგილობრივი მოსახლეობის შობადობის დონე არ იძლევა ბუნებრივი მატების გარანტიას. ეს მდგომარეობა ევროპის მსხვილ ქვეყნებში ათწლეულების მანძილზე გრძელდება. ბევრ ქვეყანაში ადგილობრივი (მკვიდრი) მოსახლეობის რიცხვი მცირდება კიდეც. მიჩნეულია, რომ უცხოელ მიგრანტთა რიცხვის ზრდამ, რაც კატასტროფული ინტენსიურობით ხდება, შეიძლება დასავლეთის დეკონსტრუქცია და ცივილიზაციის დაღუპვა გამოიწვიოს.

ბარბაროსთა შემოსევებმა რომის იმპერიის დაღუპვა განაპირობა (ა.ტოინბი ). შექმნილი კრიზისი – დაშლილობა და ქაოსი, კათოლიკურმა ეკლესიამ განმუხტა. შეიქმნა რა ახალი რელიგიური თემი, მან დასაბამი მისცა ახალ კულტურასა და ცივილიზაციას. აქედან დაიწყო ქრისტიანული სამყაროს ისტორია. ქრისტიანულმა სამყარომ, ევროპის ქვეყნებმა ბევრი სიახლე შესძინეს მსოფლიოს. ევროპა XX საუკუნეში, პრაქტიკულად მთელ პლანეტას განაგებდა. დასავლეთის წინსვლას დაქვეითება მოჰყვა. დაეცა ესპანეთის იმპერია, 1914-1945 წწ. დასავლური ცივილიზაციის ომი სასიკვდილო ჭრილობებით გასრულდა. 1918 წლისათვის დაეცა გერმანიის, ავსტრია-უნგრეთისა და რუსეთის იმპერიები. მეორე მსოფლიო ომმა ბრიტანელებისა და ფრანგების ბატონობას მოუღო ბოლო. ომის დამთავრების შემდეგ ერთმანეთზე მიყოლებით დაიშალნენ დასავლეთის ფორპოსტები: სუეცი, პალესტინა, როდეზია, სამხრეთ აფრიკა, ჰონკონგი. ევროპას აზიასა და აფრიკაში აღარაფერი დარჩა.

1990-1991 წწ.-ში საბჭოთა კავშირი დაიშალა თხუთმეტ ცალკეულ სახელმწიფოდ. ამჟამად აფრიკელები, აზიელები, მუსლიმები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ლათინურ-ამერიკელები, რომლებზეც დასავლეთი ერთ დროს ბატონობდა, საკმაოდ აქტიურად ავსებენ ყოფილი მეტროპოლიების მოსახლეობას.

მოსახლეობის სიკვდილიანობა, კულტურის დეზინტეგრაცია და უცხოელთა (იმიგრანტთა) შემოჭრაზე წინააღმდეგობის გაუწევლობა დასავლურ ცივილიზაციას მწვავე კრიზისით ემუქრება. თითქმის მთელ მსოფლიოში შეიქმნა პენსიონერთა სიჭარბე, რომლებიც მშრომელთა კმაყოფაზე არიან. ამ უკანასკნელთა რიცხვი ევროპაში თანდათან იზრდება. 1960 წელს 60 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის რაოდენობა 20 %-ს შეადგენდა, 2000 წელს კი 35 %-ს გაუტოლდა. პროგნოზით 2020 წელს ეს მაჩვენებელი 47 %-მდე გაიზრდება. 2050 წელს კი 70 %-ს მიაღწევს. აქედან გამომდინარე, ევროკომისიამ გათვალა, რომ 2040 წლისთვის წლიური მატება დაიკლებს დაახლოებით 2(-იდან 1,25(-მდე.

ცხადია, პროგნოზისტი დემოგრაფების მიერ გამოვლენილი ტენდენცია არ ნიშნავს გარდაუვალ კატასტროფას. ცნობილია, რომ დემოგრაფიული წინასწარმეტყველებების უმრავლესობა არ გამართლდა. ასეთი ბედი ხვდა წილად თომას მალთუსის აპოკალიპტურ დასკვნას მოსახლეობის გეომეტრიული პროგრესით ზრდისა და მათი შიმშილით მასობრივად დაღუპვის შესახებ. არ არის გამორიცხული ცდომილება თანამედროვე პროგნოზებისაც. ამისი გარკვეული ნიშნები შეიმჩნევა კიდეც. ასე მაგალითად, წლების მანძილზე შობადობის კლების შემდეგ ინგლისში, საფრანგეთში, შვედეთში, დანიასა და ნორვეგიაში გარკვეულ სასიკეთო დემოგრაფიულ ცვლილებებთან გვაქვს საქმე. ამჟამად შობადობის ყველაზე დაბალი დონის ევროპულ ქვეყნებს: იტალიას, გერმანიასა და ესპანეთს საგანგებო ზომების გატარება უხდებათ (ძირითადად ფინანსური და საგადასახადო შეღავათები ), რათა მოხდეს ცოლქმრული წყვილების სტიმულირება შვილიანობის რიცხობრივი გაზრდის მიზნით.

მძიმე დემოგრაფიული ვითარებაა რუსეთშიც. გამოკვეთილია მოსახლეობის შემცირების ტენდენცია. მხოლოდ 2005 წელს 750000 რუსი გარდაიცვლა, შემცირებული შობადობის ფონზე მოსახლეობა 143 მილიონამდე შემცირდა. როგორც ვარაუდობენ, შობადობის დაბალი დონისა და ადრეული სიკვდილიანობის პირობებში, უახლოეს 10 წელიწადში მოსახლეობა კიდევ 10 მილიონით შემცირდება. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ჩინელი მუშები და ვაჭრები, ყოველწლიურად ათასობით კაცი, გადმოდის და იკავებს რუსეთის ტერიტორიას.

როცა ცივილიზაციათა დაპირისპირებაზეა ლაპარაკი, აქ განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ჩინეთი – უძველესი წარსულისა და ცივილიზაციის ქვეყანა, მზარდი მოსახლეობით. არ გამოვრიცხავთ (ცხადია, ჩვენ არა ვართ ორიგინალური ), რომ XXI საუკუნეში ჩინეთი და ჩინური ცივილიზაცია მთელს მსოფლიოში წამყვანი გახდეს. დღესდღეობით ჩინეთში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება დემოკრატიის მდგომარეობა და ადამიანის უფლებების დაცვა. ქვეყანაში შეიმჩნევა სწრაფვა მერიტოკრატიული (განსაკუთრებულად განათლებულთა მმართველობა) სისტემის შექმნისაკენ კომუნისტური პარტიის შიგნით; მიიზიდეს წარმატებული ბიზნესმენებიც. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ჩინეთი ემზადება დიდი რევოლუციისათვის – დემოკრატიული რევოლუციისათვის (სახელმწიფო და საქალაქო დონეზე არჩევნების დაწესება).

აბრაამ ლინკოლმა თავის ერთ-ერთ “მიმართვაში” დემოკრატია განსაზღვრა, როგორც ხალხის მმართველობა, რომელიც ხალხის მიერ ხორციელდება, ხალხისავე ინტერესებში. სახელმწიფო უნდა იყოს ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე და მისი პოლიტიკა ხალხის ნებას უნდა შეესაბამებოდეს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩინეთისთვის დემოკრატიული გარდაქმნების გატარება ხანგრძლივი პროცესი იქნება.

ჩინეთი შევიდა მსოფლიო ბაზარზე და მნიშვნელოვანი ადგილიც დაიკავა. იგი მშვიდობისმოყვარულ პოლიტიკასა და მრავალმხრივი ურთიერთობების პრინციპს ემხრობა. როცა ჩინეთი ზესახელმწიფო გახდება (ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება), იგი თავის გავლენას სხვა დიდ სახელმწიფოებზეც გაავრცელებს. აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა გულწრფელად და დარწმუნებით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს დღესდღეობით სხვა ქვეყნებთან შედარებით პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო უპირატესობა აქვთ. მაგრამ 30 წლის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკას შესაძლებლობა აქვს აშშ-ს ეკონომიკას გაუთანაბრდეს, შეიძლება უფრო წინაც წავიდეს. მაშინ ამერიკა ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოში ლიდერობას შეინარჩუნებს, ბატონობას კი ვერა. კლინტონი დარწმუნებულია, რომ თუკი ამერიკა და ჩინეთი შეეჯახებიან (დაუკვირდით – ესეც ცივილიზაციათა შეჯახების მაგალითია), საკითხი საერთაშორისო სამართლის ნორმებით გადაწყდება და არა სამხედრო ძალით.

ფაქტი ერთია – ჩინეთი წინ მიიწევს და მსოფლიოსთვის არსებით, ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს.

ალბათ მართებულია მეცნიერთა მოსაზრება, რომ დასავლეთს მოუწევს სხვადასხვა ცივილიზაციის არაერთი კონტრდარტყმის გადატანა. ამასთან, დასავლეთი უნდა შეებრძოლოს, ერთი მხრივ, ცივილიზაციურ ექსპანსიას, მეორე მხრივ, “ჩასახლებულთა” (მიგრანტთა) ექსპანსიასაც. ევროპის ქვეყნებისა თუ ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქები სავსეა აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან ჩამოსახლებულებით. თითქოსდა უწყინარი მიგრანტები (ასე მოჩანდნენ ერთ დროს) ევროპელებისათვის მიუღებელი გახდნენ, რადგან სერიოზული საფრთხე შეუქმნეს როგორც სოციალურ-ეკონომიკურ სტაბილურობას, ასევე პოლიტიკურ კულტურულ ვითარებას.

1960 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში აზიისა და ესპანურენოვანი ქვეყნებიდან ჩასული 5 მილიონი კაცი ცხოვრობდა. დღესდღეობით მათი რიცხვი 57 მილონს შეადგენს. ყოველწლიურად აშშ-ში შემოედინება 1-2 მილიონი კაცი, თანაც თითქმის მათი ნახევარი არ სცნობს ამერიკის კანონებსა და მის საზღვრებს. არის არალეგალურ მიგრანტთა დიდი მასა (შეფასებით 12-დან 20 მილიონამდე). მიუხედავად ამერიკელთა წინააღმდეგობისა, ამერიკის ტრანსფორმირება მაინც ხდება. შპენგლერისა და ტოინბის წყალობით, კარგადაა ცნობილი ბზარშეპარული ცივილიზაციის ნიშნები: რწმენის დაკარგვა, მორალის დაქვეითება, ძველი ღირებულებების სიძულვილი, კულტურის კოლაფსი და ნების დამბლა. ამას ემატება კიდევ ორი გარემოება – მკვიდრი მოსახლეობა მცირდება და წინააღმდეგობა არ ეწევა უცხო ქვეყნებიდან მიგრანტთა შემოჭრას.

ამერიკის ელიტარულმა საზოგადოებამ ღიად უსაყვედურა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს, რომ მისი თაოსნობით 2006 წლის მაისში გამოცხადდა ამინისტია 12 მილიონი უკანონოდ შემოსული იმიგრანტისათვის. თავად პრეზიდენტს მოუნდა აღიარება, რომ აშშ-ში კანონდარღვევით შემოჭრისას 4,5 მილიონი უცხოელი დაიჭირეს, რომელთაგან 350000 კაცს კრიმინალური წარსული ჰქონდა (ჯ.ბუშის გამოსვლა ტაქსონში 2005 წლის ნოემბერში).

დღესდღეობით ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეთაგან 36 მილიონი წარმომავლობით უცხოელია. საინტერესოა იმიგრაციის წარსულიც. 1820-იან წლებში აშშ-ში 150000 იმიგრანტი შევიდა, 1840-იან წლებში – 1,7 მილიონი, 1870-იან წლებში – 2,8 მილიონი, 1880-იან წლებში – 5,2 მილიონი, XX საუკუნის პირველ ათწლეულში – 8,8 მილიონი კაცი. ასე რომ, აშშ რეალურად მრავალენოვანი, მრავალრასული, მულტიეთნიკური და მულტიკულტურული ქვეყანაა. ვერ სრულდება თეოდორ რუზველტის მოწოდება, რომ ამერიკელებს შეეცნოთ საკუთარი თავი და იმადვე დარჩენილიყვნენ. ამერიკელი პოლიტოლოგები შიშობენ, ხომ არ მიდის ქვეყანა ბალკანიზაციისაკენ, რაც თავის მხრივ სახელმწიფოს განადგურებას მოასწავებდა.

სემუელ ხანტინგტონი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ეპოქის უმნიშვნელოვანესი პრობლემა აშშ-სთვის მიგრაციაა. ამერიკელები მისტირიან იმ დროს, როცა მოსახლეობა უპირატესად ევროპული წარმოშობის ამერიკელები იყვნენ. 1960 წელს აშშ-ის მოსახლეობა 180 მილიონი იყო. აქედან 89 % ევროპელი წარმოშობის ამერიკელები იყვნენ, 10 % – შავკანიანები, აზიური წარმოშობისა და ესპანურენოვანი მიგრანტები შედარებით მცირენი იყვნენ. მოსახლეობის 97 % ლაპარაკობდა ინგლისურ ენაზე. სტატისტიკოსები ძალიან მძიმე პროგნოზებს აკეთებენ: 2050 წელს ქვეყნის მოსახლეობა 1960 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაიზრდება – გახდება 420 მილიონი. ამჯერად ევროპული წარმოშობის ამერიკელები ეროვნული უმცირესობა იქნება (ეს მოვლენა დღესაც შეიმჩნევა კალიფორნიაში, ტეხასსა და ნიუ-მექსიკოში). ესპანურენოვანი მოსახლეობა 102 მილიონამდე გაიზრდება და საერთო რაოდენობის 24 %-ს შეადგენს.

ამერიკელებს უხდებათ კონსტატირება იმ ფაქტისა, რომ მცირდება სკოლაში მოსწავლეთა რიცხვი და სასკოლო განათლების დონე დაბლა იწევს. ბავშვები ძლივს ეუფლებიან წერა-კითხვას; სტუდენტები ვეღარ უწევენ კონკურენციას ევროპელ და აზიელ თანატოლებს. ყოველივე ეს იმ ფონზე, როცა ზრდასრულ ამერიკელთა 45 პროცენტმა არ იცის წერა-კითხვა საშუალო სკოლის კურსდამთავრებულის დონეზეც კი. აქ სტატისტიკას იმიგრანტები “აფუჭებენ”. ამერიკელი იმიგრანტები, სხვა ქვეყნების იმიგრანტებთან შედარებით დაბალი დონისანი არიან.

იმიგრაციის საკითხების წამყვანი მკვლევარის ედვინ ს.რუბენსტაინის დაკვირვებით, ცოდნის ტესტური შემოწმებისას თეთრკანიანმა და აზიური წარმოშობის ამერიკელებმა შეფასება “ხუთი” მიიღეს; ესპანურენოვანი და შავკანიანი ამერიკელები უკეთეს შემთხვევაში “ოთხი მინუსით” შეფასდნენ. აშშ-ს განათლების სამინისტროს 2005 წლის ანგარიშში მინიშნებულია, რომ კოლუმბის ოლქში, სადაც სკოლის მოსწავლეები თითქმის მთლიანად იმიგრანტების, ან აფროამერიკელების შვილები არიან, ერთ მოსწავლეზე წლიურად 16.344 დოლარი იხარჯება. ეს ყველაზე მეტი დანახარჯია ქვეყნის მასშტაბით. სწორედ აქ 2005 წელს მერვეკლასელების მხოლოდ 12 % დაეუფლა კითხვას სასკოლო მოთხოვნილების დონეზე და 7 % – მათემატიკას სკოლის პროგრამის ფარგლებში.

ერთი სიტყვით, დემოგრაფიულ პრობლემებთან ერთად იმიგრაციული პრობლემები ამერიკის შეერთებული შტატების მძიმე ტვირთად რჩება. უდიდესი დარტყმა იყო 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი, რომელმაც კარდინალური ცვლილება შეიტანა აშშ-სა და საერთოდ მსოფლიოს ხალხების ცხოვრებაში. თავის დროზე ცივი ომის დამთავრების (1990 წ.) შემდეგ გლობალიზაციური პროცესები დაჩქარდა, ძალთა გადანაწილება შეიცვალა. აქედან მოკიდებული ძალის ვექტორი დასავლეთის ქვეყნებიდან აღმოსავლეთისაკენ გადაიხარა; საზოგადოების ძირითადი საზრუნავი საფრთხეებისგან (გენოციდი, ტერორიზმი, გლობალური დათბობა) ადამიანთა დაცვა გახდა; დაიწყო სწრაფვა რეგიონალური ინტეგრაციის სისტემის დამკვიდრებისათვის. დღესდღეობით ევროპას აქვს შანსი შექმნას მსოფლიო წესრიგის ახალი მოდელი, მაგრამ ეს ამერიკის გარეშე ვერ მოხერხდება. ამიტომ მასთან ერთად უნდა გამოინახოს ახალი კავშირის ბერკეტები. ევროპას სჭირდება ახალი ეპოქის შესაბამისად მსოფლიო წესრიგის გარდაქმნა, ინტერნაციონალიზმის პრინციპების დამცველი და ამ საქმის წარმატებაში დაინტერესებულ ამერიკასთან ერთად. მხოლოდ ერთობლივი სწრაფვით (ცხადია, სხვა ქვეყნებთან ერთად) შეიძლება წარმატების მიღწევა.

XXI საუკუნის ათიან წლებში არსებული ვითარებისას, აღარ შეიძლება მსოფლიოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას განაგებდეს მხოლოდ ევროპისა და ამერიკის ინტერესების უზრუნველმყოფი სისტემა. ამ საუკუნეში სიმძიმის ცენტრი ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან აღმოსავლეთისა და სამხრეთისკენ გადაადგილდება. არ გამოვრიცხავთ, რომ ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში, საუკუნის შუა წლებში, ჩინეთმა ეკონომიკის თვალსაზრისით გაასწროს კიდეც ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩინეთს ამჟამად უცხოური ვალუტის რეზერვი 440 მილიარდი დოლარი აქვს (შესყიდული აქვს აშშ-ს ობლიგაციები 5 მილიარდი დოლარის ოდენობით); აღსანიშნავია, რომ ინდოეთსაც 100 მილიარდი დოლარი აქვს სარეზერვო ფონდში. თუ ხანგრძლივ პერსპექტივას განვიხილავთ, როცა ჩინეთი და ინდოეთი უფრო გაძლიერდებიან და უფრო აქტიურ როლს შეასრულებენ მსოფლიოს არენაზე, ამერიკა იძულებული გახდება კვლავ დააფასოს საერთაშორისო სამართლისა და მსოფლიოს ინსტიტუტების არსებობის აუცილებლობა. აშშ კვლავ დარჩება ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ მსოფლიოში, მაგრამ მისი წილი მსოფლიოს ძალებში შემცირდება, თანაც თანაბარი შესაძლებლობების ქვეყნების პოლიტიკას ვეღარ განსაზღვრავს.

არნოლდ ტოინბი მიუთითებდა, რომ ცივილიზაცია მაშინ იღუპება, როცა მას არ ძალუძს თავისი ეპოქის კრიზისის დაძლევა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ეგზისტენციალური კრიზისი – ესაა კულტურის კოლაფსი და დემოგრაფიული პრობლემები (მოსახლეობის კლება ). ამასთან, ე. წ. მესამე სამყაროს მოსახლეობა ყოველ თვრამეტ თვეში 100 მილიონით მატულობს. ცხადია, მესამე სამყარო მთელი ძალით იჭრება ისტორიაში. აღარავის უკვირს, როცა დასავლეთელი ადამიანები ნატრობენ უინსტონ ჩერჩილისა და შარლ დე გოლის ევროპას; ენდრიუ ჯეკსონის, თეოდორ რუზველტისა და დუაიტ ეიზენჰაუერის ამერიკას.

კაცობრიობა მოუთმენლად ელოდა XXI საუკუნეს. არც ეს საუკენე გამოდგა სიმშვიდის მომტანი. კვლავ ჰყვავის ტერორიზმი, იღუპებიან ადამიანები, მძვინვარებს ომები. ხალხთა მასებში განახლდა მოლოდინი “მეორედ მოსვლისა”, განკითხვის დღისა და საშინელი სამსჯავროსი. ხშირად მოიხსენიება იოანეს “გამოცხადება” (იოანეს “გამოცხადების” ჭეშმარიტებაში დღეს დარწმუნებულია ყველაზე დიდი რაოდენობა ადამიანებისა, ვიდრე ოდესმე ყოფილა), სახელდებიან სხვადასხვა წინასწარმეტყველები (ნოსტრადამუსი და სხვ.). თავი იჩინა ესქატოლოგიური პრობლემების გააქტიურებამ.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ყოველგვარი წინასწარმეტყველებანი მიუხედავად, ზოგიერთი მოვლენის დამთხვევისა, არ შეიძლება იყოს სწორი. უფალი იესო ქრისტე გვაფრთხილებს, რომ “მეორედ მოსვლის” დღე იცის მხოლოდ მაღალმა ღმერთმა და სხვამ არავინ. ადამიანები ფიქრობენ ცხოვრების ამაოებაზე.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ამ საერთო, გლობალურ კონტექსტში განსაკუთრებულად წარმოჩნდა საქართველო. ამ უძველესი ისტორიისა და ცივილიზაციის ქვეყანას XXI საუკუნემ უმძიმესი “სიურპრიზები” მოუმზადა. 2008 წლის აგვისტო საბედისწერო გახდა სახელმწიფოსათვის. ეს პატარა წერტილი მსოფლიოს რუკაზე საერთაშორისო ცხოვრების ცენტრში მოექცა. მეტად აქტიური მასმედიის წყალობით საქართველო მსოფლიოს ყურადღების არეალში შევიდა.

საქმე ისაა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში ინსპირირებულ იქნა ეთნოკონფლიქტები და საქართველოსაც XX საუკუნის 90-იან წლებიდან მოუხდა ამ პრობლემასთან შეჯახება. იგივე პრობლემები გადმოვიდა XXI საუკუნეში. საქმეს რუსეთი ართულებდა ტრადიციულად. იგი ვერ თმობს თავის ჰეგემონობას პოსტსაბჭოთა სივრცეში და საომარ ისტერიასაც არ ერიდება. გავიხსენოთ ჩეჩნეთის აურაცხელი მსხვერპლიანი მოვლენები, ბესლანის ტრაგედია (მძევალთა გადასარჩენად გაცემულმა რუსეთის ხელისუფლების ბრძანებამ 334 ადამიანის, მათ შორის 186 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, 700-ზე მეტი მძიმედ დაიჭრა), დაღესტნისა და ინგუშეთის სისხლიანი ამბები.

საქმე ისაა, რომ XX საუკუნის მიწურულიდან კავკასიის ქვეყნები და საზოგადოებები პოსტსაბჭოთა, ანუ პოსტიმპერიულ ეპოქაში იმყოფებიან. საბჭოთა იმპერიამ ამოწურა თავისი თავი და დაინგრა. ახალმა ისტორიულმა ვითარებამ ახალი პრობლემები დააყენა: საზოგადოებაში ყალიბდება ახალი მენტალური სტრუქტურები, გამომუშავდება ახალი კულტურული და ფსიქოლოგიური ფაქტორები.

კავკასიის ხალხების ასიმილაცია ძალზე მცირე მასშტაბით ან პრაქტიკულად არ ხდება. აქ მოსახლე ხალხები, განსაკუთრებით ქართველები და სომხები, რომლებსაც რუსეთის იმპერიაში შესვლამდე სახელმწიფოებრიობისა და ცივილიზაციის ხანგრძლივი ისტორია აქვთ, მნიშვნელოვნად მცირე ასიმილაციური მიდრეკილებას იჩენენ, ვიდრე ის ეთნოსები, რომლებიც პირველად მოხვდნენ მდგრადი, რეგულარული ხელისუფლების (რუსეთის სახელმწიფო) პირობებში.

იმპერიულიდან პოლიტიკურ ერად გარდაქმნის პროცესი ახალი ეროვნული იდენტურობის სტრატეგიის შემუშავების ფონზე რთულად მიმდინარეობს. კავკასიის რეგიონში ინტეგრაციული პროცესების პარალელურად მწვავე ეთნოსეპარატისტული მოვლენებიც ფიქსირდება. მეცნიერები ადასტურებენ ჩრდილოეთ კავკასიაში დერუსიფიკაციისა და რუსების გამოდევნის ტენდენციებს. რუსეთის იმპერიისა თუ საბჭოთა პერიოდში რუსი ეროვნების ხალხის დასახლება ჩრდილო კავკასიაში ინტენსიური იყო, თანაც ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ასიმილირება ხდებოდა. ამასთან, რუსეთის ოლქები კავკასიიდან მოსახლეობის მიგრაციისათვის დაკეტილი იყო. ტრადიციული კულტურები, როგორც წესი, თვითჩაკეტილები არიან, ამ კულტურის მატარებლები არ ისწრაფვიან ურბანიზებული იმპერიული ცენტრებისაკენ. უკანასკნელ ხანს ეს ვითარება შეიცვალა. კავკასიელები ზეწოლის გზით რუსულ მოსახლეობას თავიანთი ოლქებიდან “გამოდევნიან”, თვითონ კი რუსეთში მიდიან და სახლდებიან უპირატესად დედაქალაქში, ან სხვა მსხვილ ქალაქებში. ბოლო პერიოდში, კავკასიიდან მნიშვნელოვანი მიგრაცია შეიმჩნევა. ეს რუსეთის ხელისუფლებისათვის სერიოზული პრობლემაა, რადგან რუსი ეროვნების ბიოლოგიური აღწარმოება შემცირებულია. რუსეთი, ცხადია ცდილობს მართოს დემოგრაფიული პერსპექტივა. დემოგრაფიული სტატისტიკა მიანიშნებს იმ სერიოზულ კრიზისზე, რომელიც დღესდღეობით რუსეთშია და რომლიდან გამოსვლაც მნიშვნელოვან რისკებთანაა დაკავშირებული. ამიტომ არ არის გასაკვირი ის უხეში ნაბიჯები, რასაც რუსეთის ხელისუფლება მიმართავს. აზერბაიჯანელების, ჩეჩნებისა და ქართველების დეპორტაცია, რომელიც საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევით გატარდა, ამის ნათელი მაგალითია.

სრულიად განსაკუთრებული საკითხია ე.წ. სამხრეთ ოსეთისა (სამაჩაბლო) და აფხაზეთის საკითხი რუსულ პოლიტიკაში. ამ ორი სეპარატისტული ერთეულის დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის მიერ პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ორგანიზაციამ (ევროკავშირი, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ნატო და სხვ.) და თითქმის ყველა სახელმწიფომ დაგმო. განსაკუთრებულად გაუმართლებელია საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია რუსეთის მიერ. უხეშად დაირღვა საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპები – მოხდა ადამიანის უფლებების ხელყოფა, დაიღუპა დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოსახლეობა, დაანგრიეს სახლები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები. რუსეთის ხელისუფლება ცდილობს გაამართლოს თავისი საქციელი. საკუთარმა მოსახლეობამ ნაწილობრივ შესაძლოა კიდეც იწამა რუსეთის საქართველოში შეჭრის სამართლიანობა. ეს დიდი დამსახურებაა რუსული მასმედიისა, რომელიც ცალმხრივად აშუქებს მოვლენებს. ყალბდება ისტორია, რაშიც დიდი “ამაგი” მიუძღვით, როგორც ზოგიერთ აფხაზ და ოს, ისე რუს ავტორებს.

რეალურად საქმე სხვაგვარადაა.
დავიწყოთ იქიდან, რომ ტერიტორიები, რომელიც ოსებსა და აფხაზებს უჭირავთ, ისტორიულად ქართულია. საქართველოს საზღვრების საკითხი საფუძვლიანად გამოიკვლია ივანე ჯავახიშვილმა (იხ. მისი “საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული”, თბ., 1919.). ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, აშკარად მტკიცდება, რომ შუა საუკუნეების საქართველოს სახელმწიფოს აღმოსავლეთის საზღვარი თეთრ წყლებზე ან ჩაღან უსუნზე გადიოდა (ჟამთააღმწერელი). უფრო ზუსტად ეს საზღვარი თეთრ წყლებსა და შამახიის მთის ძირას (თეთრი წყალი შამახიას მთის დასავლეთ ფერდობს ჩამოუდის) მდებარეობდა. საკუთრივ საქართველოს ეთნიკური საზღვარი კი, როგორც ივ.ჯავახიშვილი მიიჩნევს, უფრო დასავლეთით – გიშის წყალზე გადიოდა. დასავლეთი საზღვარი “ყოველი იმერი სამეფო” იყო, ე.ი. მთელი დასავლეთი საქართველო სრულიად საქართველოს სახელმწიფო შემადგენლობაში შედიოდა. ასე რომ, სახელმწიფო საზღვარი დასავლეთით შავ ზღვამდე აღწევდა. სამხრეთით საზღვარი ქურდვაჭრის იქეთა (აღმოსავლეთი) მხარეა (ბასილი ეზოსმოძღვარი), რომელშიც იგულისხმება კაენისა (მდ. აღსტევის ხეობაში) და კაიწონის (მდ. ქურდვაჭრის – დებედის მარჯვენა მხარეს) ციხეები. უფრო ზუსტად, ესაა გარდაბანი, ე.ი. ტერიტორია, რომელიც ქურდვაჭრის (მდ.დებედა) ხევსა და მდ.აღსტევს შორის მდებარეობდა (ჟამთააღმწერელი). საქართველოს სახელმწიფოს აღმოსავლეთმდებარე საზღვრისპირა მხარედ წყაროები შამქორს ასახელებენ (ჟამთააღმწერელი). ესაა გელაქუნის ტბასა და მდინარე მტკვარს შორის მოქცეული ტერიტორია. ქვეყანას სამხრეთითვე ესაზღვრებოდა აირარატის პროვინცია, მდ.რახსი და ნახჭევანი (“ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”). თამარისდროინდელი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი სპერია (“ჯავახეთით სპერამდის”).

საქართველოს ჩრდილოეთი საზღვარი კავკასიონის ქედის გასწვრივ ჩრდილო-დასავლეთით ნიკოფსიამდე მიდიოდა, ჩრდილო-აღმოსავლეთით შამახიის მთამდე ვრცელდებოდა (“ნიკოფსიიდან დარუბანდამდე”). კავკასიონის მიღმა მდებარეობდა საქართველოს ყმადნაფიცი (ვასალური) ქვეყნები: ქაშაგეთი, ოვსეთი, დურძუკეთი, დიდოეთი, ღუნძეთი, ლეკეთი (ბასილი ეზოსმოძღვარი).

დავით აღმაშენებლის ტიტულატურაა – “მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა”. აქ დიდი მეფის მფლობელობაში შემავალი ქვეყნებია დასახელებული. დავით აღმაშენებელი თავის ანდერძშიც ხაზგასმით მიანიშნებს, მისი “მოგებული” მამული გადაჭიმულია “ნიკოფსიიდგან დარუბანდის ზღუდამდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე”. დავით აღმაშენებლის ტიტულატურის ანალოგიურია მეფე თამარის ტიტულატურაც. აქაც რეალურადაა ასახული საქართველოს პოლიტიკური სიძლიერე და გეოგრაფიული სიდიდე.

იქნებ არც იყო საჭირო დეტალურად საქართველოს ისტორიული საზღვრების შესახებ ვრცელი საუბარი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს ისტორიის გაყალბების ყოველგვარი მცდელობა მტრულად განწყობილი პირებისა, უსუსურია და სინამდვილეს არ შეეფერება. ეს კარგად იცოდნენ თვით აფხაზმა და ოსმა მეცნიერებმაც.

აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებელი დიმიტრი გულია საგანგებოდ აღნიშნავდა: “აფხაზეთი, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ცხოვრობდა მასთან ერთად ერთი ცხოვრებით მთელი ისტორიის მანძილზე, ორგანულად მონაწილეობდა ქართული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის შექმნაში და ასრულებდა არსებით როლს ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, ცალკეული ქართული ტომებისა და ოლქების გაერთიანებისთვის ბრძოლაში ერთიან, მძლავრ, ეროვნულ ქართულ სახელმწიფოდ” (დ.გულია, ჩემი წიგნის “აფხაზეთის ისტორია” შესახებ). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, აფხაზეთის ისტორიის თვალსაჩინო მკვლევარი ზურაბ ანჩაბაძე როგორც თავის მონოგრაფიულ ნაშრომში “შუა საუკუნეების აფხაზეთის ისტორიიდან”, ისე ქართული ენციკლოპედიისათვის დაწერილ განმაზოგადებელ სტატიებში, ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ “აფხაზთა სამეფო” “ერთ-ერთი ადრინდელი ფეოდალური ქართული სახელმწიფოა” (ქსე, სტ. “აფხაზთა სამეფო”). ამ თვალსაზრისით სხვა აფხაზი ავტორების დასახელებაც შეიძლება. შეგნებულად არ მოვიხმობთ იმ ქართველ მეცნიერთა (ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, ნ. ბერძენიშვილი, გ. მელიქიშვილი, მ. ლორთქიფანიძე და სხვ.) მოსაზრებებს, რომელთაც არაერთი გამოკვლევა მიუძღვნეს აფხაზეთის ისტორიას. ნიშანდობლივია, რომ ამ დროს საურთიერთობო ენა საკუთრივ აფხაზეთში ქართული იყო. ქართულ ენაზე მიმდინარეობდა საკანცელარიო საქმიანობა, წირვა-ლოცვა. ერთი სიტყვით, ქვეყნის ყველა კუთხის (მათ შორის აფხაზეთის) სახელმწიფო ენა ქართული იყო.

რაც შეეხება ოსებს, ვფიქრობთ სადავო არ არის, რომ ისინი ჩრდილო კავკასიაში (ახლანდელი ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე) გარკვეული საუკუნეების წინათ დასახლდნენ სკვითურ-სარმატულ ტომებთან ერთად (ნიშანდობლივია, რომ ოსური ენა განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახის ირანულ ენათა ჩრდილო-აღმოსავლურ ჯგუფს). ოსეთის სამეფოს ურთიერთობა ჰქონდა სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთანაც (ოსეთი საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყანა იყო). თემურ-ლენგის შემოსევებმა ოსების გაერთიანებას ბოლო მოუღო და ისინი გაიფანტნენ სხვადასხვა მხარეს (უნგრეთში, ბალკანეთის ქვეყნებში და სხვ.). ოსების ერთი ნაწილი შეეცადა ქართლში გადმოსვლას და დამკვიდრებას, მაგრამ ქართველ ფეოდალთა წინააღმდეგობის გამო ეს ვერ მოხერხდა და იძულებულნი გახდნენ უკან გაბრუნებულიყვნენ. ოსები საქართველოს მთისწინა და ბარის ზოლში (ქართლის ჩრდილო განაპირა ტერიტორიაზე) ჩამოდიან და სახლდებიან. მცირე ნაწილი (კუდაროს ოსები) იმერეთის სამეფოში ჩასახლდა.

ქართლში დამკვიდრებული ოსები არაგვისა და ქსნის ერისთავებისა და მაჩაბლების სამფლობელოში მოხვდნენ. ისინი ფეოდალებს ქართველი ყმა-გლეხების მსგავსად ემსახურებოდნენ. ნიშანდობლივია, რომ ოსები ქართველების მხარდამხარ იბრძოდნენ მომხდური მტრის წინააღმდეგ. შემონახულია ცნობები, რომ ოს ყმა-გლეხებს ყურადღებით ეკიდებოდა ერეკლე II. იგი საგანგებოდ სწერდა ზაზა მაჩაბელს, რომ მის მსახურებაში მყოფი თორმეტი ოსისათვის დროულად მიეწოდებინა საკვები და კეთილად მოჰკიდებოდა მათ.

გაკვირვება გამოიწვია რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის სტტ-ისადმი მიცემულ ინტერვიუში გამოთქმულმა კატეგორიულმა განცხადებამ, რომ რუსეთის შემადგენლობაში არსებობდა ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი (ერთიანი ოსეთი), რომ ი.სტალინმა ოსეთი გაჰყო და სამხრეთი ოსეთი საქართველოს გადასცა, სადაც ავტონომიური ოლქი შეიქმნა; რომ ი. სტალინისავე ძალისხმევით აფხაზეთის ტერიტორია საქართველოს გადაეცა: აქ შეიქმნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. ჩვენ ვერ მოვთხოვთ ბატონ ვ.პუტინს კავკასიის ისტორიის უზადო ცოდნას, მაგრამ ისინი კი, ვინც პრემიერ-მინისტრს ამგვარი ინფორმაცია მიაწოდა, შორს არიან ჭეშმარიტებისაგან. როცა სახელმწიფოს მეთაური ამგვარ განცხადებებს აკეთებს, მას მეტი დაფიქრება სჭირდება; არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ფაქტების გადამოწმებაა საჭირო. სამწუხაროდ ბოლო პერიოში რუსეთ-ოსეთის ისტორიის ბევრი ფაქტის გაყალბება ხდება (იხ.ან.თოთაძე, ოსები საქართველოში: მითი და რეალობა, თბ., 2006 წ.).

საკმარისია გავეცნოთ ოსი ისტორიკოსის პროფესორ გ.თოგოშვილის გამოკვლევებს, მის სტატიებს ქართულ ენციკლოპედიაში, განსაკუთრებით სპეციალურ ტომში “საქართველოს სსრ”. თავი “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, სამხრეთი ოსეთი” (1981 წ., გვ.337-339), რომ რეალურად წარმოვიდგინოთ სამხრეთ ოსეთის ისტორია. ამ თვალთახედვით საინტერესოა, ვ.აბაევის, ბ.ფლიევის, ო.თედეევას, ზ.გაგლოითის, პ.დოგუზოვისა და სხვ.ნაშრომები. აი, რას წერს ოსური მეცნიერების პატრიარქი ვასილ აბაევი: კავკასიის მთავარი ქედი – ბუნებრივი საზღვარია საქართველოსა და ოსეთს შორის, და ნებისმიერი მცდელობა ამ საზღვრის წალეკვისა გამოიწვევს ქართველებსა და ოსებს შორის პერმანენტული კონფლიქტის მდგომარეობას… საჭიროა, უწინარეს ყოვლისა, მოვეშვათ საუბრებს საქართველოსგან სამხრეთ ოსეთის გამოყოფის შესახებ. არცერთი ქართული მთავრობა ამას არასოდეს დათანხმდება და მართალიც იქნება, ვინაიდან ეს იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.

ვისაც მშვიდობა სურს სამხრეთ ოსეთელებსა და ქართველებს შორის, სამუდამოდ უნდა მოიშოროს სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთთან შეერთების იდეა. ვისაც მშვიდობა უნდა საქართველოსა და რუსეთს შორის, აგრეთვე უნდა მიატოვოს ეს იდეა. ასეთია რეალობა (“ნეზავისიმაია გაზეტა”, 1992 წ. 22.1.# 13). აი, ჭეშმარიტი ოსი პატრიოტის, დიდი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის მოსაზრება. კომენტარი ზედმეტად მიმაჩნია. სამწუხაროა, რომ ამგვარი სიბრძნე არც ოსმა და არც რუსმა ფუნქციონერებმა არ გაითვალისწინეს. ალბათ წინ მძიმე შედეგს უნდა ველოდეთ.

ბოლო პერიოდში რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება აბსურდული მტკიცება: თითქოს 1774 წელს რუსეთსა და ოსმალეთს შორის დადებული ქუჩუკ-კაინარჯის ზავით, რუსეთს შეუერთდა არა ისტორიული ოსეთის ერთი ნაწილი, არამედ “მთელი ოსეთი”. აქ შიდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილსაც გულისხმობენ, სადაც შემდგომში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შეიქმნა. 2004 წლის 10 ივლისს რუსეთის დუმამ უპასუხისმგებლო, შეიძლება ითქვას, აბსურდული განცხადება გააკეთა, თითქოსდა 1774 წელს ოსეთი ნებაყოფლობით შეუერთდა რუსეთს. აქედან გამომდინარე საჭიროდ ჩაითვალა, რომ რუსეთმა დაიცვას ოსი მოქალაქეების უფლებები. აქ საქმე გვაქვს ისტორიის ელემენტარულ უცოდინარობასთან. აღვნიშნოთ, რომ იმ დროს გეოგრაფიული ცნება “ოსეთი” არ არსებობდა. ცხადია, არც ასეთი სახელმწიფო არსებობდა. თვით ოსებსაც, რომლებიც ქართლის მთიანეთში ცხოვრობდნენ, თავი ხიზნებად მიაჩნდათ. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან რუსი ჩინოვნიკები ცდილობენ დაამკვიდრონ ხელოვნური ტერმინები “ჩრდილოეთი ოსეთი” და “სამხრეთი ოსეთი”. XIX საუკუნემდე კი არავითარი საბუთი არ მოიპოვება, რომელიც დაამტკიცებდა, რომ შიდა ქართლის მთიანეთი ოსეთად იწოდებოდა. რეალურად 1774 წელს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა ჩრდილო კავკასიის სამი ხეობის – ალაგირის, ქურთათის და თაგაურის ოსური თემები. მეოთხე თემი – დიგორი ყაბარდოს გამგებლობაში იყო და რუსეთს 1781 წ. შეუერთდა. რაც შეეხება შიდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილს, სადაც შემდგომში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შეიქმნა, ჯერ ერთიანი საქართველოს, შემდეგ ქართლისა და ბოლოს ქართლ-კახეთის სამეფოში შედიოდა განუყოფლად. 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატზე თანდართული მასალები საშუალებას გვაძლევს დაბეჯითებით ვთქვათ, რომ შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი და მისი უკიდურესი ჩრდილოეთი პროვინცია დვალეთი ქართლ-კახეთის შემადგენლობაში შედიოდა. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსირების (1801 წ.) შემდეგ შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი დვალეთითურთ ერთხანს იმერეთის გუბერნიაში შედიოდა, შემდეგ თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში. 1858 წ. კავკასიის მეფისნაცვლის ალექსანდრე ბარიატინსკის განკარგულებით დვალეთი “კავკასიის ლინიის” ოსეთის ოკრუგს გადასცეს. ამგვარად, ჩრდილოეთ ოსეთს მიუერთეს მხოლოდ დვალეთი და არა შიდა ქართლის ის მიწა, სადაც შემდგომში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ჩამოყალიბდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის (1918 წ.) შემდეგ (ოქტომბრის რევოლუციამ რუსეთის იმპერიაც დაანგრია) დვალეთი კვლავ საქართველოში შემოვიდა. 1920 წლის 7 მაისის რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა საქართველო-რუსეთის საზღვარი – იგი კავკასიის მთავარ ქედზე გადიოდა. ამდენად სრულიად ცხადია, რომ შიდა ქართლის უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილი – დვალეთი საქართველოს შემადგენლობაში იყო.

რუსეთს მიზნად ჰქონდა დასახული შიდა ქართლის შეერთება და ყოველგვარად ცდილობდა ოსებსა და ქართველებს შორის კონფლიქტური სიტუაციის შექმნას. საბჭოთა რუსეთმა ოსეთში და შიდა ქართლში შეიარაღებული აჯანყებების ინსპირირება მოახერხა. მათი მიზანი იყო “სამხრეთ ოსეთში” საბჭოთა ხელისუფლების დამყარება, მისი საქართველოსგან ჩამოცილება და რუსეთისთვის მიერთება. შემდეგ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასაც ჩაიგდებდნენ ხელთ. 1920 წელს საბჭოთა რუსეთმა და ბოლშევიკებმა აჯანყებულ ოსებს ყოველმხრივ შეუწყვეს ხელი ე.წ. სამხრეთ ოსეთში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებას და ეს ტერიტორია საბჭოთა რუსეთის ნაწილად გამოაცხადეს. ეს აქტი ყველა ნორმის დარღვევით გატარდა: დაირღვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, იგნორირებულ იქნა ქართველი მოსახლეობის აზრი და ნება. რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) კავკასიის სამხარეო კომიტეტის 1920 წლის 23 მარტის დადგენილებაში ვკითხულობთ: “1. ჩამოყალიბდეს რევოლუციური კომიტეტი სამხრეთ ოსეთში… 2. გამოცხადდეს საბჭოთა ხელისუფლება… 3. დაუყოვნებლივ შეიქმნას შეიარაღებული რაზმი, 4. შევიდეთ კავშირში ჩრდილოეთ ოსეთთან… რევოლუციის კომიტეტის შემადგენლობაში გაიგზავნოს 100 ათასი რუბლი”. არის ასეთი მიმართვაც: “მოსკოვი, რკპ (ბ), ამხანაგებს ლენინსა და ჩიჩერინს. კავკასიის სამხარეო კომიტეტის 23 მარტის ბრძანების თანახმად, რომელიც დადასტურებულია იმავე კომიტეტის განსაკუთრებული კურიერებით… 8 ივნისს სამხრეთ ოსეთში გამოცხადებულია საბჭოთა ხელისუფლება”. არსებობს სხვა მასალები, საიდანაც თვალნათლივ ჩანს, თუ ვისი კარნახით გააჩაღეს ოსებმა ძმათამკვლელი ბრძოლა. ამდენად საქართველოს ე. წ. “ნაციონალ-შოვინისტური” მთავრობის დადანაშაულება ოსი ხალხის “გენოციდში”, რბილად რომ ვთქვათ, უზნეობაა.

ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ განხორციელდა საბჭოთა რუსეთისა და ბოლშევიკური პარტიის მზაკვრული გეგმა – 1921 წლის თებერვალში საქართველო გასაბჭოვდა, რაც ფაქტობრივად ანექსიის (უკვე მეორედ) ტოლფასი იყო. ამით საბჭოთა რუსეთმა დაარღვია 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება. ნიშანდობლივია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთს ბოლშევიკებმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიური ოლქის სტატუსი მისცეს (1922 წ. აპრილი). რაც შეეხება ოსების ისტორიულ სამშობლოს – ჩრდილოეთ ოსეთს, მას ორი წლის შემდეგ (1924 წლის ივლისი) მისცეს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი და იგი რუსეთის შემადგენლობაში დარჩა. ე.წ. სამხრეთ ოსეთში შევიდა მეტ-ნაკლებად ოსური მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებული რაიონები და ხელოვნურად მიმატებული ქართული ქალაქი ცხინვალი (1900 წლის “კავკასიის კალენდრის” მიხედვით XX საუკუნის დადგომისას ცხინვალში ცხოვრობდნენ, ქართველები, ქართველი ებრაელები და სომხები) და მის ირგვლივ მყოფი რამდენიმე ქართული სოფელი. ეს გარკვეული ძალადობით მოხდა და ქართველი მოსახლეობის სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია (მასალები იხ.წიგნში: “ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობის ისტორიიდან”, თბ., 1991, გვ.56-73). ავტონომიური ოლქის შექმნამ იმ რეგიონის ქართული მოსახლეობა საკუთარ სამშობლოში ეროვნულ უმცირესობად აქცია, რაც თავის მხრივ ადამიანის და ერის უფლებათა და თავისუფლებათა უხეში დარღვევა იყო.

აუცილებელია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ოსებს საქართველოს შემადგენლობაში ეროვნული კულტურისა და ეკონომიკის განვითარების ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი. საბჭოთა კავშირის დაშლის წინ 1990-1991 წლებში საქართველოში 100 ზოგადსაგანმანათლებლო ოსური სკოლა იყო, აქედან 90 – ე. წ. სამხრეთ ოსეთში. იქ სწავლა ოსურ ენაზე მიმდინარეობდა. დამოუკიდებელ საგნებად გადაიცემოდა ოსური ენა და ოსური ლიტერატურა. ცხინვალში ფუნქციონირებდა პედაგოგიური ინსტიტუტი, მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, სამედიცინო, მუსიკალური, სამხატვრო სასწავლებლები; პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლები და სხვ. 1979 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ე.წ. სამხრეთი ოსეთი უმაღლეს განათლებამიღებულთა რაოდენობით ყოველ ათას სულ მოსახლეზე საბჭოთა კავშირში მეორე ადგილზე იყო. 1927 წელს შეიქმნა მხარეთმცოდნეობის ინსტიტუტი, რომელიც შემდგომში გარდაიქმნა სამხრეთ ოსეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტად (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში). ცხინვალში მომზადდა და გამოიცა ოსეთის ისტორიის (დოკუმენტები და მასალები) მრავალტომეული, “სამხრეთ ოსეთის ისტორიის” ორტომეული, “ოსური ენის განმარტებითი ლექსიკონი” ოთხ ტომად, “ოსური ლიტერატურის ისტორიის” მრავალტომეული, ოსური ზღაპრების სამტომეული, ოსური სიმღერების კრებული (ნოტებითურთ). აქ ფუნქციონირებდა სახელმწიფო ეროვნული თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სამხატვრო გალერეა, საჯარო ბიბლიოთეკა; მწერალთა , მხატვართა, კომპოზიტორთა კავშირები, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოება, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ეროვნული ანსამბლი. მშობლიურ ენაზე მიმდინარეობდა რადიომაუწყებლობა. გამოიცემოდა გაზეთები, ჟურნალები, მხატვრული ლიტერატურა. 1988 წელს ავტონომიურ ოლქში ჩრდილო ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან შედარებით ყოველ 10 ათას ოსი ეროვნების მოსახლეზე 5-ჯერ მეტი წიგნი გამოიცა, 3-ჯერ მეტი ტირაჟით. როგორც ვხედავთ, ოსებს საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი ყველანაირ საშუალებას აძლევდა ეროვნულ-კულტურული, სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებისათვის.

რაც შეეხება რუსეთის შემადგენლობაში მყოფ ჩრდილო ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკას, იქ ვითარების დასახასიათებლად მოვიტანთ მცირე ამონარიდს ჩრდილო ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ა. გალაზოვის პუბლიკაციიდან: მე ყოველთვის ჭეშმარიტად მეცოდებოდა ჩემი ეროვნების ახალგაზრდა ადამიანები, როდესაც, მიუხედავად უცხოური ენებისა და მსოფლიო ცივილიზაციის ცოდნისა, თავიანთ სახლში ვერ გრძნობენ სიმყუდროვეს ოსური კულტურის ელემენტარული საფუძვლების უცოდინარობის გამო… ეროვნულ ახალგაზრდობას, მაგალითად, წაართვეს მისი მშობლიური ენა. შარშანდლამდე ჩრდილოეთ ოსეთში ფაქტობრივად არ იყო არც ერთი სკოლა სწავლების ოსური ენით” (გაზეთი “პრავდა”, 1989, 11.11). აქ ყოველგვარი კომენტარი ზედმეტია.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვ. პუტინმა ზემოხსენებულ სტტ-ისადმი მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის საქართველოსათვის გადაცემის შესახებ მცდარი ვერსია წამოაყენა. საქმე ისაა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს შეერთების დროს (1801 წ.) აფხაზეთის სამთავრო ოსმალეთის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. 1812 წლის ბუქარესტის ზავის მიხედვით, ოსმალეთმა რუსეთის სასარგებლოდ დასთმო აფხაზეთი. მოგვიანებით აფხაზეთის სამთავრო სოხუმის ოკრუგის სახით ქუთაისის გუბერნიაში შევიდა. XX საუკუნის დასაწისში სოხუმის ოკრუგის ჩრდილო დასავლეთი ნაწილი (აქ გაგრაც შედიოდა) შავი ზღვის გუბერნიას გადასცეს (1904 წ.). 1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს შეთანხმებით (ხელშეკრულებით) საქართველოს საზღვარი რუსეთთან მდინარე ფსოუზე გავიდა და შესაბამისად აფხაზეთის სამთავროს მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში დარჩა.

მას შემდეგ, რაც საქართველო გასაბჭოვდა (1921 წ.), აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში იყო და აქვე დარჩა. ასე რომ, ამ ტერიტორიის ვინმესგან (რუსეთისა თუ ი.სტალინისგან) გადმოცემის საჭიროება არ არსებობდა. 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება აფხაზეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღიარებდა.

თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია, მიუხედავად ყბადაღებული დაუსაბუთებელი მტკიცებებისა (რასაც რუსი ფუნქციონირები ეწაფებიან) ისტორიულად ყოველთვის იყო საერთო ქართული ეთნოკულტურული და პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი სივრცის ორგანული ნაწილი. 1918 წლის 11 ივნისს აფხაზეთის სახალხო საბჭოსა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც აფხაზეთი გაერთიანდა დანარჩენ საქართველოსთან ავტონომიის უფლებით. ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა აფხაზეთის ახლადარჩეულმა სახალხო საბჭომ 1919 წლის 20 მარტს. 1920 წლის 16 ოქტომბერს მიღებულ იქნა აფხაზეთის ავტონომიის კონსტიტუცია, რომელმაც ხაზგასმით დააკანონა აფხაზეთის ავტონომიური სტატუსი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში. ეს დებულება თავის მხრივ გაამაგრა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციამ, რომელიც საქართველოს დაფუძნებელმა კრებამ მიიღო 1921 წლის 21 თებერვალს. საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობის და საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1921 წლის 16 დეკემბერს განსაკუთრებული “სამოკავშირეო ხელშეკრულებით” აფხაზეთი შევიდა საქართველოს შემადგენლობაში ე.წ. “სახელშეკრულებო რესპუბლიკად”, თუმცა რეალურად იმთავითვე განიხილებოდა, როგორც საქართველოს ავტონომიური ერთეული. 1931 წელს აფხაზეთი გარდაიქმნა ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად (ასსრ) საქართველოს შემადგენლობაში.

გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან აფხაზეთში დაიწყო სეპარატისტული მოძრაობა, რომელსაც საბჭოთა ხელმძღვანელებიც ახალისებდნენ. ეს მოძრაობა განსაკუთრებით გამძაფრდა 80-90-იან წლებში, როცა სეპარატისტებმა ძმათამკვლელი კონფლიქტის ინსპირირება შესძლეს. 1993 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციის რეგულარული სამხედრო დანაყოფების მხარდაჭერით საქართველოსთან შეიარაღებული დაპირისპირებისას “გამარჯვება” მოიპოვეს. ბოლო 10-15 წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფლება ვეღარ აკონტროლებდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს, ისინი ფაქტობრივად გასული იყვნენ საქართველოს იურისდიქციიდან.

სწორედ უკანასკნელი 15 წლის მოვლენები გვიჩვენებენ, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, კერძოდ საქართველოში, ხელოვნურად შექმნას მუდმივი საომარი რეჟიმი. რუსეთის პრობლემა ისაა, რომ მას აღარა აქვს უფლება იყოს დომინანტი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე. მისთვის ძნელია დაიჯეროს, რომ ეს რესპუბლიკები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. დღეს პოლიტოლოგები საყოველთაოდ აღიარებენ, რომ რუსულ ელიტას სხვებზე დომინირების, ერთხელისუფლებიანობის ინსტინქტი ამოძრავებს. ისინი ცხოვრებას განიხილავენ იმ ადამიანის პოზიციიდან, რომელსაც სხვისი დაჩაგვრა შეუძლია. რაც შეეხება კავკასიას, მისი ტრადიციები და კულტურა თავისუფლების სიყვარულითაა გაჯერებული. ჯერ იყო და რუსეთის არმიის შენართები უშუალოდ მონაწილეობდნენ საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთის კონფლიქტისას. რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ეს თავად აღიარა საქართველოში ვიზიტის დროს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას.

რუსეთის სწრაფვა საქართველოში დამსჯელი ექსპედიციის მოვლენისა და ქვეყანაზე გავლენის გავრცელების სურვილი აშკარად გამოჩდა ზემოხსენებული 2004 წლის 10 ივლისის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს განცხადებაში, სადაც თითქოს რუსი მოქალაქეების დაცვის მიზნით, საქართველოს “დასჯით” დაემუქრნენ. თვით რუსი პოლიტოლოგი-ანალიტიკოსები დარწმუნებული იყვნენ, რომ რუსეთი არ წავიდოდა ჩეჩნეთში ომის ესკალაციასა და საქართველოში საბრძოლო მოქმედების გადატანაზე. არ გამართლდა ექსპერტთა მოლოდინი. ჩეჩნეთში სისხლისმღვრელი ომი გააჩაღა რუსეთმა. პოლტოლოგები მიიჩნევენ, რომ ეს ომი აუცილებელი იყო მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმერ პუტინისათვის, რომლის რეიტინგი 2 პროცენტს უდრიდა. გასამარჯვებლად რაღაც უნდა გაკეთებულიყო. მიზანში ჩეჩნეთი იქნა ამოღებული. რუსულ ელიტას მუდამ სჭირდება საგარეო საფრთხის შექმნა, რათა რუსმა ადამიანმა არც ისე ხშირად იფიქროს ამ ელიტის კორუმპირებულობაზე და ქვეყანაში დემოკრატიული წყობის შექმნაზე (დეივიდ სატერი – აშშ-ის ჰუვერისა და ჰადსონის ინსტიტუტების მეცნიერი-მკვლევარი).

ომისაკენ სწრაფვას განსაკუთრებით გამოხატავდა რუსეთის პრეზიდენტის 2002 წლის 11 სექტემბრის განცხადება, რომლის ძირითადი მომენტი იყო თეზისი, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დააპირებს “გაეროს რეზოლუციის იგნორირებას და ბოლოს არ მოუღებს ბანდიტურ გამოხდომებს პანკისის ხეობის ტერიტორიიდან”, რუსეთი ჩათვლიდა თავს უფლებამოსილად თავი იარაღით დაიცვას, ე.ი. მიმართოს შეიარაღებულ იძულებით ზომებს. გაუთვითცნობიერებელ პიროვნებას, ვინც ამ განცხადებას გაეცნობა, ჩეჩნეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილი ეგონება, საიდანაც ხდება მეზობელ რუსეთზე “ბანდიტური გამოხდომები”.

რას ნიშნავს “თავდაცვა” საერთაშორისო სამართალში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 51-ე მუხლი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოებს აქვთ უფლება ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვისა (თავდაცვა). ამასთანავე მკაცრად გასათვალისწინებელია, რომ შეიარაღებული ძალის გამოყენება თავდაცვისათვის მართებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ესაა ერთი სახელმწიფოს აგრესიაზე საპასუხო მოქმედება მეორე სახელმწიფოსი, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით. ყოველი შემთხვევისათვის ასეთი აგრესორი არ შეიძლება საქართველო ყოფილიყო იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ “წონით კატეგორიებში” ასტრონომიული სხვაობაა რუსეთის სასარგებლოდ. რაც შეეხება ჩეჩნეთს, ესაა ერთ-ერთი ეროვნული რესპუბლიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციაში შედის და რომლის ხალხიც უთანასწორო ბრძოლაში იცავდა სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. ასეთ შემთხვევაში, ცხადია, გაეროს წესდების 51-ე მუხლის გამოყენებაზე ლაპარაკი ზედმეტია.

ჩეჩნეთის სამხედრო კომპანიის საქართველოზე გავრცელება, როგორც ჩანს, რუსეთის უმაღლესი გენერალიტეტის მიზანს შეადგენდა. მიზანი კი საქართველოს ქალაქებისა და სოფლების დაკავება და მოსახლეობის გაძარცვა იყო. დავუშვათ, რომ პანკისის ხეობიდან მართლაც გადადიოდნენ რუსეთში თუნდაც ბანდიტები. ვთქვათ, ისინი წინააღმდეგობის გარეშე ჰკვეთდნენ საქართველოს საზღვარს, მაგრამ როგორ გადადიოდნენ რუსეთში, იქ ხომ რუსეთის მესაზღვრეები იდგნენ. როგორ ჰკვეთდნენ საზღვარს რუსეთისათვის არასასურველი პირები. აქ ხომ არ ვეძებოთ დამნაშავეები.

ვლადიმერ პუტინის 2002 წლის 11 სექტემბრის განცხადება საერთაშორისო ექსპერტების განხილვის საგანი გახდა. ნიშანდობლივია აშშ-ის მთავრობის ბერლინში ოფიციალური წარმომადგენლის დ.ევანსის განცხადება: “ვაშინგტონში თვლიან, რომ პუტინი თავის გენერლებს მთლად ვერ აკონტროლებს. სრულიად შესაძლებელია, რომ რუსეთის პრეზიდენტის მრისხანე განცხადება საქართველოს შესახებ – ამ სისუსტის კიდევ ერთი გამოვლინებაა”.

რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის განცხადება ფაქტობრივად ულტიმატუმი იყო (დაწვრილებითი შეფასება იხ. ლ.მატარაძე, თავის თავზე ყალბი მაღალზნეობრივი წარმოდგენისა და ყველაფრის უფლების მქონეობაზე მოთხოვნილებისადმი მიდრეკილების ძალის შესახებ. “სვობოდნაია გრუზია” 2002. 31.10). მუქარა-მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ძალის გამოყენების შესახებ, ამგვარი მუქარა კი აგრესიის ქრესტომატიული ნიმუშია (აგრესია მხოლოდ ძალის გამოყენება კი არა, მუქარაცაა ამ ძალის გამოყენების შესახებ). პრეზიდენტის განცხადებას დასავლეთის პრესის დაუფარავი კრიტიკა მოჰყვა და არა მხოლოდ დასავლეთისა. რუსეთის საერთო ეროვნულმა კომიტეტმა “ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ომის შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარებისათვის” გამოაქვეყნა თავისი მიმართვა: “საქართველოში შეჭრის ნებისმიერი მცდელობა გახდება რუსეთისთვის აბსოლუტური კატასტროფა… დარტყმა საქართველოზე გახდება უმძიმეს დანაშაულად რუსეთის ისტორიისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ეს იქნება დარტყმა თვით რუსეთის გულზე, რომლის საშინელი შედეგების გამოსყიდვა მოუწევს კიდევ მრავალ თაობას”.

სხვადასხვა ფაქტორის გამო საქართველოს “დასჯის” მისია გადაიდო. მაგრამ არც ისე დიდი ხნით. დროის მსველობა და ვითარება აჩვენებდა, რომ რუსეთი პატივს არ სცემდა საქართველოს დამოუკიდებლობას, მის (ისე, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების) სუვერენტიტეტს. იგი კვლავ ფიქრობს, რომ ყველაფერი კრემლმა უნდა გადაწყვიტოს და მზადაა მკაცრად დასაჯოს, ვინც ევროკავშირის ან ნატოსკენ გაიხედავს. ასეთია რუსული რეჟიმის ხასიათი. როცა ასეთი ხელისუფლება კარგად შეიარაღებული და სამხედრო მზადყოფნაშია, მისი ფუნდამენტალისტური მენტალიტეტიდან გამომდინარე, ეს საშიში ფაქტორია. თანაც ტრადიციული დიდმპყრობელური ფსიქოლოგია ზნეობრივი ნიადაგისგან შორსაა.

ნიშანდობლივია, რომ ვ.პუტინის პრეზიდენტად ზეობის პერიოდში საქართველოს მიმართ მკვეთრი საომარი ნაბიჯი არ გადადგმულა. სწორედ ახალი პრეზიდენტის ბრძანებით შემოვიდა რუსეთის ჯარი საქართველოში და ხალხის ხოცვა-ჟლეტა და ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა. ამას ხაზი გაუსვა თვით ვ. პუტინმაც – აგვისტოს ომისდროინდელ პირველივე ინტერვიუში ხმამაღლა მიუთითა მემკვიდრეზე – ომი პრეზიდენტ დ. მედვედევის ბრძანებით დაიწყოო. შედეგი. შედეგი კატასტროფულია. ამაზე ალბათ ბევრი დაიწერება. დღეს ერთი რამის თქმა ღიად შეიძლება – ეს იყო რუსეთის მიერ წინაწარ გათვლილი და კარგად დაგეგმილი ოპერაცია. საქართველო მკაცრად “დაისაჯა”.

რუსეთის მმართველი ელიტის აზრი საკმაოდ გულწრფელად გადმოსცა დუმის დეპუტატმა სერგეი მარკოვმა. საინფორმაციო სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენის” კორესპონდენტის კითხვაზე, თუ როდის დამთავრდება ომი კავკასიაში, ს. მარკოვმა უპასუხა: “კავკასიაში ომები დამთავრდება მხოლოდ მის შემდეგ, რაც ამ რეგიონში რუსეთის სრული და განუყოფელი დომინირება დამყარდება” (იხ.”საქართველოს რესპუბლიკა”, 2008 წ., 9ყ9.). ვფიქრობთ, ყველაფერი ნათელია.

“მაინც რა არის ჩვენი ყოფა-წუთისოფელი” – გენიალური ნიკოლოზ ბარათაშვილის ეს სტრიქონი მარადიული შეკითხვის ბადალია. დღეს, როცა მომხდური მტრისგან დანგრეულ და გადამწვარ სოფლებს ვუყურებთ, როცა ჩვენს თვალწინ ათასობით საკუთარი საცხოვრისიდან აყრილ და საკუთარ სამშობლოში ლტოლვილად ქცეულ ათასობით ადამიანს ვხედავთ, როცა ტკივილებთან ერთად დამარცხებით გამოწვეულ შეურაცხყოფის გრძნობა არ გვტოვებს, ადამიანი მტკიცედ რწმუნდება ამაოების ბიბლიური განსაზღვრის ჭეშმარიტებაში.

“ნუმცა დაგემართოთ ამგვარი რამ, გზად ჩამვლელნო! მოიხედეთ, შეხედეთ, თუ ყოფილა სატკივარი ჩემი სატკივრის მსგავსი, მე რომ მჭირს, უფალმა რომ შემყარა თავისი რისხვით!” – ეს იერემია წინასწარმეტყველის გოდებაა (|-12). საოცრად ეხმიანება ქართველი კაცის დღევანდელ განწყობას.

გვიხდება კონსტატირება სამწუხარო ფაქტის, რომ XXI საუკუნეში, ამ ე.წ. იმედის საუკუნეში, ადამიანი ისეთივე ხარბია და ბოროტი, როგორიც წინა საუკუნეებში იყო. ძალმომრეობას კვლავ ფართო გზა აქვს. ცხოვრებაც “აღუვსებელ საწყაულად” დარჩა და იმავ მიწისთვის ბრძოლა, “რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან” გააფთრებით მიმდინარეობს. მოკვდავთა ვალია, კარგად შეიმეცნოს და გაითავისოს ეკლესიასტეს სიტყვები: “ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა”.

წყარო: გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” N188-193. 2008 წელი

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.