3 აპრილის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:
ამერიკული გაზეთი „ქრისჩენ საიენს მონითორი“ (The Christian Science Monitor) აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინი რუსეთს უკვე მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მართავს. როგორ გაძლო მან ამდენ ხანს პრეზიდენტის თანამდებობაზე?“ (ავტორი - ფრედ უეირი), რომელშიც გაანალიზებულია რუსეთის ლიდერის ხანგრძლივი მმართველობის („პუტინური ეპოქის“) მიზეზები და გარემოებები.
მეოთხედი საუკუნის წინათ, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ვლადიმერ პუტინი დანიშნა, ძალიან ბევრს ეგონა, რომ იგი მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულ რაღაც რამდენიმე კვირას თუ გაძლებდა - ფართო საზოგადოებისათვის უცნობი პიროვნება, „კაგებეს“ ჩვეულებრივი ყოფილი თანამშრომელი ვერ დაძლევდა პრობლემებს და იმ უიღბლო პრემიერების ჯაჭვის კიდევ ერთი რგოლი იქნებოდა, რომლებიც მანამდეც ბევრნი იყვნენ.. მაგრამ „ურწმუნოები“ მწარედ მოტყუვდნენ - არავინ არ ელოდებოდა იმას, რაც შემდეგ მოხდა.
მოკლედ, ვლადიმერ პუტინმა კრიზისებს გაუძლო. მისი მმართველობის წლებში მთელი თაობა გაიზარდა, რომელიც, პუტინის გარდა, სხვა ლიდერის მომსწრე არ არის. მიმდინარე წლის დასაწყისში მისი უფლებამოსილება ექვსწლიანი ვადით გაგრძელდა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ კრემლის ბინადარი არასოდეს ისე დამარწმუნებლად არ ფლობდა ხელისუფლებას და დამაჯერებლად არ აკონტროლებდა სიტუაციას, როგორც ამჟამად.
თუმცა ის, თუ როგორ მოახერხა ვლადიმერ პუტინმა რუსული დათვის ესოდენ იოლად მორჯულება, ან მისი პოლიტიკური დღეგრძელობის მიზეზები, დღემდე ბოლომდე ცნობილი არ არის.
რუსული საზოგადოება, მთლიანობაში, კმაყოფილია იმით, თუ როგორ შეიცვალა ქვეყანა 25 პუტინური წლის განმავლობაში. მაგრამ რუსი ექპერტების აზრით, ეს მოხდა არა იმდენად პრეზიდენტის, როგორც ლიდერის, რაღაც უნიკალური თვისებების გამო, არამედ უფრო ისტორიული ეპოქისა და კულტურის ძალით.
ვლადიმერ პუტინის მომხრეებიც კი იშვიათად ლაპარაკობენ, რომ მას რაღაც უჩვეულო და უნიკალური უნარები აქვს - ვთქვათ, ქარიზმა, შეუმცდარობა ან სიბრძნე. ისინი თავს აარიდებენ ამგვარ ქება-დიდებას და უფრო მეტად ისინი იმაზე დაიწყებენ საუბარს, თუ როგორ შეიცვალა და გარდაიქმნა რუსეთი ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში: არასტაბილური და უბედური პოსტსაბჭოური ნანგრევებიდან და ბანდიტური ქვეყნიდან დისციპლინირებულ და შედარებით აყვავებულ საზოგადოებად, სადაც ადამიანები გულწრფელად ამაყოვენ იმით, რომ ისინი რუსები არიან. რეფორმების უმრავლესობა, რომლებმაც რუსეთი შეცვალა, ვლადიმერ პუტინს არ დაუწყია, მაგრამ მათ სწორედ პუტინის მმართველობის დროს მიაღწიეს მიზანს.
ამისკარგი მაგალითია კერძო საკუთრება მიწაზე, რომელიც ამჟამად საყოველთაო უფლებას წარმოადგენს. ბოლო 15 წლის განმავლობაში მიწით სარგებლობამ და გაყიდვამ სხვადასხვა საჭიროებისდა მიხედვით გამოიწვია ის, რომ რუსული მეგაპოლისების ირგვლივ მსხვილი ფერმერული მეურნეობები შეიქმნა (ისევე როგორც აშშ-ში 1950-იან წლებში), დაიწყო სასოფლო-სამეურნეო ბუმი. შესაძლოა დასავლეთის მოსახლეობისათვის ეს შთამბეჭდავი არ იყოს, მაგრამ რუსეთში მილიონობით მიწისმფლობელის არსებობა - უფრო მეტის, ვიდრე ათასი წლის წინ იყო (მეფის პერიოდის გამოკლებით), უჩვეულოა. დღეს ქალქისა და სოფლის მცხოვრებთ შეუძლიათ მიწასთან მიგიყვანონ და თქვან - „ეს ჩემი საკუთრებაა და რაც მინდა, იმას გავაკეთებ“.
„ჩვენ არ ვსვამთ კითხვას - რატომაა ვლადიმერ პუტინი პოპულარული. თვითონ კითხვა არ იქნება სწორი“, - ამბობს ალექსი მუხინი, მოსკოვის პოლიტიკური ინფორმაციის დამოუკიდებელი ცენტრის დირექტორი, - ჩვენ უფრო მეტად ირგვლივ არსებულ ცხოვრებას ვაკვირდებით. მე პირადად მეჩვენება, რომ ცხოვრება უფრო კარგად მიდის მაშინ, როცა სახელმწიფო და საზოგადოება თითოეული თავის სფეროთია დაკავებული და ერთმანეთს ხელს არ უშლიან. მეც და მოსახლეობას ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ ვლადიმერ პუტინმა იპოვა ფორმულა, რომელიც მუშაობს - ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც“.
უკეთესია, ვიდრე 1990-იანებში...
ვლადიმერ პუტინმა მთელი რიგი მკაცრი გამოცდა გადაიტანა, რომელთაგან ნებისმიერი შეიძლებოდა ბევრი პოლიტიკოსისთვის კარიერის დამანგრეველი ყოფილიყო. მათ შორისაა ატომური წყალქვეშა ნავის „კურსკის“ ტრაგიკული დაღუპვა მისი პრეზიდენტობის პირველივე წელს, ფინანსური კრიზისები, კავშირების გაწყვეტა დასავლეთთან და არნახული პოლიტიკურ-ეკონომიკური სანქცია-ემბარგოების „გრიგალი“. მან გადაიტანა სამხედრო ამბოხება და დღემდე აგრძელებს ძვირადღირებულ ომს უკრაინასთან, რომელიც, როგორც ამბობენ, ისე დაიწყო ორი წლინახევრის წინ, რომ თავისი ბევრი ახლო მრჩეველისთვისაც არაფერი უკითხავს.
ამ ხნის განმავლობაში ვლადიმერ პუტინის რეიტინგი იშვიათად თუ ჩამოსცილებია 60%-იან ნიშნულს, ამჟამად კი მისი პოპულარობა 80%-ს აღწევს.
„რუსულ საზოგადოებაში ქვეყნის ლიდერს მტკიცე მხარდაჭერა აქვს - დაახლოებით ორი მესამედი მიმდინარე პოლიტიკის მიმართ ლოიალურ განწყობას გამოხატავს“, - ამბობს ალექსი ლევინსონი, დამოუკიდებელი „ლევადა-ცენტრის“ ექსპერტი, - რეიტინგის ყველაზე დაბალი დონე - 60-62% - იყო ეკონომიკური სირთულეების პერიოდში, როცა მოსახლეობა უკმაყოფილებას ამჟღავნებდა, მაგრამ იმავდროულად, „იმპერიული პოლიტიკის წარმატებები“, მაგალითად, საქართველოსთან ომი 2008 წელს და ყირიმის მიერთება 2014 წელს - პირიქით, მხარდაჭერას 20%-ით ზრდიდა“.
მიუხედავად იმისა, მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებები შემცირდა, განსაკუთრებით კი უკრაინასთან ომის დაწყებიდან, რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობის კერძო ცხოვრება მაინცდამაინც არ დაზარალებულა. 40 წელზე მეტი ასაკის მქონე რუსებისათვის ათვლის მთავარი წერტილი იყო და ახლაც არის 1990-ინი წლების კატასტროფა.
„როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინს ნამდვილად კარგი გუნდი ჰყავს, რადგანაც მათ შეძლეს 1990-იანი წლების ყველა სირთულისა და მძიმე გადმონაშთების გადალახვა - უწესრიგობების, ქაოსისა და თავაშვებული ბანდიტიზმის ჩათვლით“, - ამბობს მარინა, მოსკოველი პენსიონერი, რომელიც მუშაობას აგრძელებს, - ძალიან კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა იმ ავადსახსენებელ დროში, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ვუფრთხილდებით სტაბილურობასა და სიმშვიდეს. ძნელია რუსეთის საჭესთან სხვა პიროვნების წარმოდგენა, ვლადიმერ პუტინის გარდა“.
პიტინი როგორც „სწორედ ის ადამიანი“
რუსი ოპოზიციონერებიც კი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ხელისუფლების დევნას საზღვარგარეთ გაექცა, ვერ თანხმდებიან ერთმანეთში ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური დღეგრძელობის წყაროების ძიების დროს. ერთნი ამას სახელმწიფო პროპგანდით ხსნიან, როცა დამოუკიდებელი ექსპერტებისა და ოპოზიციონერების ხმა ტელეეკრენიდან აღარ ისმის და ისინი ოფიციალური ეთერიდან გაძევებულები არიან. მეორენის თქმით, გაფართოებულმა რეპრესიებმა, რომელიც ანტიუკრაინულ „სპეცოპერაციას“ მოჰყვა, შიშის ატმოსფერო შექმნა, რომლის დროსაც „დიდი მესაჭის“ პოპულარობა და სიყვარული, პრინციპში, შეუძლებელია. მესამენი ხაზს უსვამენ ტრადიციულ რუსულ პოლიტიკურ კულტურას და ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთის მეფის როლს ასრულებს, რომელსაც მოსახლეობა ყველანაირ დემოკრატიულ ღირებულებებზე მაღლა აყენებს.
პრეზიდენტის ყოფილი სპიჩრაიტერი, ამჟამად კი მისი კრიტიკოსი აბას გალიამოვი (იგი ქვეყნიდან არის გაძევებული) თვლის, რომ რუსეტის ლიდერმა დააკმაყოფილა საზოგადოების მოთხოვნილება „ძლიერ ხელზე“, რომელიც ესოდენ აკლდა ქვეყანას, როცა საზოგადოება დაიშალა, ეკონომიკა დაინგრა, ხოლო დემოკრატიული მართვის დანერგვის ყველა მცდელობა კრახით სრულდებოდა. „პუტინი აღმოჩნდა სწორედ ის ადამიანი, რომელიც ამ მოთხოვნას გამოეხმაურა და მხარი აუბა“, - ამბობს აბას გალიამოვი.
თავდაპირველად პრეზიდენტმა გააცნობიერა დასავლეთთან რუსეთის ინტეგრირების აუცილებლობა, მაგრამ ცოტა მოგვიანებით მან აღმოაჩინა, რომ ნაციონალიზმის გაღვივება და რუსეთის ყველა უბედურებაში გარეშე მტრის დადანაშაულება უფრო უკეთეს ფორმულას წარმოადგენს. „როცა გარეშე დღის წესრიგი დომინირებს, ხელისუფლება უფრო პატრიოტულად გამოიყურება, ოპოზიცია კი - სამშობლოს გამყიდველთა ხროვად“, - განმარტავს აბას გალიამოვი, - როცა ყურადღება მიპყრობილი აქვს საშინაო საკითხებს, ადამიანები ხელისუფლებას კორუმპირებულად თვლიან, რომელიც მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს... პრინციპი - „რუსეთი მტრებით არის გარშემორტყმული“ - წარსულშიც ყოველთვის კარგად მუშაობდა“.
„მეომარი“-„მზრუნველი“-„შემოქმედი“
ყველა ეთანხმება იმ აზრს, რომ ვლადიმერ პუტინი ბოლო წლებში შეიცვალა - ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების კვალობაზე
ამას წინათ მოსკოვში არსებული ანალიტიკური ჯგუფი „მინჩენკო კონსალტინგი“ შეეცადა გაერკვია, თუ როგორ იცვლებოდა ვლადიმერ პუტინის როლი რუსეთის საზოგადოებაში. როგორც გამოკვლევაშია ნათქვამი, ეყრდნობოდა რა რუსული რეალობის სტერეოტიპებს, პუტინი თავდაპირველად „მეომრის“ სახით გამოდიოდა, რომელმაც ქაოსით მოცულ ქვეყანაში წესრიგი აღადგინა, გაიმარჯვა ჩეჩნურ სეპარატიზმზე და 2000-იანების დასაწყისში ქვეყნიდან მზაკვარი ოლიგარქების გააძევა. შემდეგ ვლადიმერ პუტინი „მზრუნველი მმართველი“ გახდა, რომელმაც ქვეყანა საბაზრო ურთიერთობების აღმავლობამდე მიიყვანა და პირველად რუსეთის ისტორიაში კარგად აწყობილი სამომახმარებლო ეკონომიკა შექმნა. თავისი ბოლო გარდაქმნის შედეგად პუტინი გლობალურ „შემოქმედად“ არის წარმოდგენილი, ან ლიდერად, რომელიც ახალ მსოფლიო წესრიგს აყალიბებს და რომელშიც რუსეთი სრულიად ახალ როლს შეასრულებს.
რუსეთის სახელმწიფო ტელეარხმა „რაშა თუდეიმ“ ამასწინათ შექმნა საიტი, რომელშიც ვლადიმერ პუტინის მმართველობის 25 წელი სამ პერიოდად არის გაყოფილი, ხოლო მათთვის აუცილებელი თითოეული საკვანძო გამოსვლა, ხელოვნური ინტელექტის მიერ, გასაგებ ინგლისურ ენაზეა თარგმნილი.
„ასეა თუ ისე, ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება, თუ როგორ ამუშავდა ყველაფერი ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. რუსებს ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, აწყობთ. დიახ. ადამიანებს მისი ეშინიათ, მაგრამ ალტერნატივაც არ ჩანს. შესაძლოა, ეს ყველაფერი ალქიმიას ჰგავს, მაგრამ მასში ძალიან ბევრი ხედავს ნამდვილ რუს გმირს“, - ასკვნის ალექსი მუხინი
წყარო: https://www.csmonitor.com/World/Europe/2024/1031/vladimir-putin-russia-kremlin-25-years-ukraine-war