“ეს შეუძლებელია” - თქვა მიზეზმა.
“ეს უგუნურებაა”-აღნიშნა გამოცდილებამ.
“ეს უსარგებლოა”- აღშფოთდა სიამაყე.
“ცადე”- წაიჩურჩულა იმედმა.
გინდათ დაიწყოთ ბიზნესი, მაგრამ ვერ იღებთ გადაწყვეტილებას? ეს დილემა მრავალი თქვენთაგანის წინაშე დგას და მისი გადაწყვეტა მხოლოდ თქვენს ხელშია. უბრალოდ უნდა გაერკვიოთ თქვენს თავში იყოთ დაქირავებული მუშაკი თუ გქონდეს საკუთარი საქმე და თვითონ იღებდე გადაწყვეტილებას. იცოდეთ, რომ ეს ნაბიჯი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია თქვენს ცხოვრებაში. ეს გადაწყვეტილება განაპირობებს თქვენი ცხოვრების სტილს და დონეს.
განვიხილოთ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს როგორც დაქირავებულ შრომას, ასევე საკუთარი ბიზნესის წარმოებას
დაქირავებული შრომა:
დადებითი - ა) სტაბილური შემოსავალი; ბ) სტაბილური ურთიერთობები გ) შემოსავლების დაკარგვის ნაკლები რისკი; დ) თავისუფალი დრო – შაბათ-კვირა თქვენს განკარგულებაშია.
უარყოფითი - ა) შედარებით დაბალი შემოსავალი – ხელფასი არასოდეს არ გყოფნით; ბ) ხელფასის მომატება თქვენი შეფის ან სახელმწიფოს ნებასურვილზეა დამოკიდებული გ) არასაინტერესო საქმის კეთება; დ) როდემდე უნდა ვასრულო ამ სულელის დავალებები.
საკუთარი ბიზნესი:
დადებითი - ა) შენი შემოსავალის ზედა ზღვარი პრაქტიკულად არ არსებობს; ბ) იღებ გადაწყვეტილებებს და შენზეა დამოკიდებული შენი თანამშრომლების კეთილდღეობა; გ) თვითონ ირჩევ როდის და სად დაისვენო.
უარყოფითი - ა) წარმატებიდან წარუმატებლობამდე ერთი ნაბიჯია; ბ) დრო კატასტროფულად არ გყოფნით; დ) ბევრია პრობლემები და ხშირია კონფლიქტები: ბიზნესი - ომის და სპორტის კომბინაციაა. (ა.მორუა).
კარგად აწონ-დაწონეთ და გადაწყვიტეთ კიდევ გინდათ დაიწყოთ ბიზნესი?
თუ თქვენ მაინც ბიზნესის სასარგებლოდ მიიღეთ გადაწყვეტილება, მაშინ გავაგრძელოთ.
* * *
საკუთარი საქმის დაწყებამდე გულწრფელად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები და რამოდენიმე შეკითხვას გაეცით პასუხი:
ხართ თუ არა თქვენს თავში დარწმუნებული?
გაქვთ თუ არა ლიდერის თვისებები და ადვილად ღებულობთ თუ არა გადაწყვეტილებებს?
შეგიძლიათ პასუხისმგებლობის თქვენს თავზე აღება?
გაქვთ თუ არა ადამიანების მართვის გამოცდილება?
გაქვთ თუ არა რაიმე ცოდნა ბიზნესის წარმოების შესახებ?
გიადვილდებათ ადამიანებთან ურთიერთობა?
ადვილად იღებთ გადაწყვეტილებებს?
თუ თქვენ, ზემოთ მოყვანილი კითხვების უმეტესობაზე დადებითი პასუხი გაქვთ, მაშინ ბიზნესი თქვენთვის ყოფილა მოგონილი. თუ რამოდენიმე კითხვაზე პასუხი უარყოფითია, ესეც კარგია, გაამახვილეთ ყურადღება თქვენს ნაკლოვანებებზე, იმუშავეთ მათ აღმოფხვრაზე და თქვენ წარმატებას მიაღწევთ.
თუ უმეტეს კითხვებზე პასუხი უარყოფითი გაქვთ, მაშინ ალბათ თქვენთვის აჯობებს გარანტირებული, სტაბილური შემოსავალი გქონდეთ და სტაბილურ გარემოში მუშაობდეთ.
* * *
ეხლა კი დაივიწყეთ ყველაფერი რაც ზემოთ მოისმინეთ, ეს არის ტრადიციული სქემა იმ შეხედულებების და რჩევების რომელსაც დამწყები მეწარმეებისათვის გამოიმუშავებენ სხვადასხვა საზოგადოებრივი თუ ბიზნეს ინსტიტუტები.
გინდათ იყოთ წარმატებული? იყავით!!!
გინდათ დაიწყოთ საკუთარი საქმე? გარისკეთ და დაიწყეთ!!!
დაიჯერეთ და აუცილებლად გაგიმართლებთ!!!
მაგრამ აქ ჩნდება ერთი შეკითხვა, რა სახის ბიზნესი გვინდა დავიწყოთ, ან გვაქვს კი საერთოდ ბიზნეს იდეა.
თუ თქვენ უკვე შერჩეული გაქვთ საქმე რომელის დაწყებაც გინდათ, მაშინ კარგად შევაფასოთ რამდენად გახორციელებადია ეს იდეა. ბევრი მეწარმე ჯერ ბიზნეს იწყებს და მერე ხვდება, რომ თურმე ყველაფერი ისე ადვილი არ ყოფილა როგორც თავიდან ეჩვენებოდა. ნება მოგვეცით რამდენიმე მარტივი რჩევა მოგცეთ:
-გააცანით თქვენი იდეა მაქსიმალურად ბევრ ადამიანს: ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს რომელთაც შეხება აქვთ ბიზნესთან. მოუსმინეთ ყველას აზრს, თუნდაც კრიტიკულს. გაანალიზეთ ყველაფერი კარგად, წარმოიდგინეთ რა რისკზე მიდიხართ და გარისკეთ.
-შეაგროვეთ მაქსიმალური ინფორმაცია თქვენი ბიზნესის შესახებ, შეისწავლეთ ბაზარი
- გაესაუბრეთ პოტენციურ მომხმარებლებს და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მათ აზრს
-განსაკუთრებით კარგად გაეცანით კონკურენტებს. გახსოვდეთ რომ თქვენი ამოცანაა პირველი იყოთ ამ სფეროში. თუ ამის სურვილი და ამბიცია არა გაქვთ წარმატების იმედი ნუ გექნებათ.
- შეადგინეთ ბიზნეს გეგმა. კარგად დათვალეთ და დაიწყეთ საქმის კეთება.
გახსოვდეთ ბიზნესში მთავარია დრო არ დაკარგოთ და სხვებზე სწრაფად იმოქმედოთ.
და რაც მთავარია ნუ იმოქმედებთ შაბლონურად და დამკვიდრებული სტანდარტების შესაბამისად.
“შაბლონურად აზროვნება - საქმის ჩაგდების საუკეთესო საშუალებაა.” - დ. ენრაიტი
მაგრამ თუ თქვენ არ გაქვთ ბიზნეს იდეა და ძიების პროცესში ხართ, მაშინ რა ვქნათ?
საერთოდ კარგი ბიზნეს იდეის ძებნა გეგმის მიხედვით ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელი.
ხშირად გვსმენია, ბიზნესში უკვე დიდიხნია ყველაფერი მოფიქრებულია და ახალი ბიზნეს იდეის მოფიქრება წარმოუდგენელია. თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს ჯეფრი ფოქსი თავის წიგნში “როგორ გავაკეთოთ დიდი ფული მცირე ბიზნესში”_ “საინტერესო იდეები ფეხქვეშ გვიყრია”- ამბობს ის. თუ მას დავუჯერებთ აღმოჩნდება რომ, იდეები ჩვენს ირგვლივ დაფრინავენ. საკმარისია, მხოლოდ ფანჯარაში გავიხედოთ ან ჩავიხედოთ საკუთარ თავში და გავათავისუფლოთ იდეები, რომლებიც უკვე დიდი ხანია ჩვენში ცხოვრობენ.
* * *
მაგრამ სანამ დავიწყებთ ბიზნესს, აუცილებელი და საჭირო პირობაა ავირჩიოთ ჩვენი საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა.
ნებისმიერ ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობას სახელმწიფო რეგისტრაცია ჭირდება. არარეგისტრირებული სამეწარმეო საქმიანობა ყველგან დასჯადია სახელმწიფოს მხრიდან.
საქართველოს კანონმდებლობა ბიზნესის წარმოების შემდეგ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს იცნობს:
ყველაზე მისაღები ფორმა ბიზნესის დასაწყებად საქართველოში არის - ინდივიდუალური საწარმო და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – შპს.
განვიხილოთ ორივე ფორმა და შევადაროთ ერთმანეთს მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ინდივიდუალური საწარმო – ეს არის მცირე საწარმო, რომელსაც ერთი ადამიანი ან ოჯახი ფლობს. საწარმოს ვალდებულებებზე (გადასახადების გადახდა, კრედიტორული დავალიანება ან საბანკო კრედიტი) პასუხისმგებელია მისი მეპატრონე, მთელი თავისი ქონებით და არა მხოლოდ ბიზნესის ქონებით.
დადებითი მხარეები: რეგისტრაციას არ სჭირდება წესდება და სხვა იურიდიული დოკუმენტები. რეგისტრაციის ხარჯები დაბალია.
უარყოფითი მხარეები - მფლობელი პირადი ქონებით არის პასუხისმგებელი მოვალეებთან, დიდი კაპიტალის მოზიდვის სიძნელეები. მეპატრონეს უხდება ბიზნესის წარმოების ყველა ასპექტის მართვა, ბიზნეს პარტნიორები არასერიოზულად ეკიდებიან ასეთი სამართლებრივი ფორმის მქონე პარტნიორს.
და ბოლოს, როგორც წესი, წარმატებული ინდივიდუალური საწარმო შპს-დ გარდაიქმნება.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა საქართველოში. შპს-ს შეიძლება დააფუძნოს 1-დან 49-მდე პარტნიორმა.
დადებითი მხარეები - შპს-ს წევრები საზოგადოების მიერ აღებულ ვალდებულებებზე პასუხს აგებენ მხოლოდ საზოგადოების კაპიტალში თავიანთი შენატანების ფარგლებში. საზოგადოება კი, როგორც იურიდიული პირი, პასუხს აგებს მესამე პირების წინაშე მხოლოდ თავისი ქონებით. კლიენტებისთვის და პარტნიორებისათვის შპს, როგორც წესი, უფრო სანდოა, ვიდრე “ინდმეწარმე”, საბანკო კრედიტი უფრო ხელმისაწვდომია. აქვს საფირმო სახელი, რომელიც კანონმდებლობით არის დაცული. მიღებული საგადასახადო ფორმების გარდა არ ევალება რეგულარული დეტალური ანგარიშების ჩაბარება თავისი საქმიანობის შესახებ.
უარყოფითი მხარეები: დაფუძნების და შემდგომი ხარჯები უფრო დიდია, ვიდრე “ინდმეწარმის” შემთხვევაში. წილის გასხვისება უფრო რთულია სხვა ანალოგიურ ფორმებთან შედარებით. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას პარტნიორებთან შეთანხმება ჭირდება.
რაც შეეხება გადასახადებს, ის თითქმის იდენტურია ორივე შემთხვევაში, თუმცa არის განსხვავებებიც.
დღეს საქართველოში მოქმედი ბიზნესის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებს შორის ყველაზე მეტია შპს-ს, როგორც ყველაზე მოქნილი ფორმის, ხვედრითი წილი და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბოლოს როგორც წესი წარმატებული ინდივიდუალური საწარმო შპს-დ გარდაიქმნება.
მაშ ასე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ვყოფილიყავით წარმატებული ბიზნესმენები, ავირჩიეთ ბიზნესის ის სფერო, რომელშიც ჩვენ აუცილებლად პირველები ვიქნებით და უკვე მზადა ვართ დავიწყოთ საქმის კეთება. ბიზნესის საწარმოებლად ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმად შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო ავირჩიეთ და ეხლა გვინდა დავარეგისტრიროთ ჩვენი ბიზნესი..
დღეს შპს-ს დარეგისტრირება ძალიან გამარტივებულია. საკმარისია მოძებნოთ თავისუფალი 30 წუთი, მიხვიდეთ საგადასახადოში და დაარეგისტრიროთ თქვენი საწარმო.
გილოცავთ, თქვენ უკვე ოფიციალურად იურიდიული პირი ბრძანდებით და ეხლა წინ აღარაფერი გეღობებათ!
დაიწყეთ ბიზნესი და იშოვეთ დიდი ფული!!!
გიორგი გურული
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/