USD 2.6071
EUR 2.9911
RUB 3.0972
თბილისი
როგორ გაშუქდა რუსულ მედიაში პუტინის გადაწყვეტილება საქართველოსთან ფრენების აღდგენაზე?
თარიღი:  5340

ქეთი ხუციშვილი

0 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორი ბრძანებულება გამოსცა, რითაც საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის 2019 წლის გადაწყვეტილება გააუქმა და საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ფედერაციაში 90 დღით უვიზოდ შესვლა დაუშვა. გადაწყვეტილება აქტიურად გაშუქდა რუსულ მედიაში. კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და ტურისტული სფეროს წარმომადგენლები პუტინის გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდნენ. რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა კი “მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის” ხელმძღვანელ პეტრე მამრაძესა და “რადიო იმედის” წამყვან ლალი მოროშკინაზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ პუტინის გადაწყვეტილებას ქართველებიც მიესალმებიან. 

ფრენების აღდგენას მიესალმნენ კრემლის პროპაგანდისტები ვლადიმირ სოლოვიოვი და მარგარიტა სიმონიანიც, რომლებმაც განაცხადეს, რომ ამ ფაქტის გამო დასავლეთი საქართველოს სანქციებით ემუქრება და ცდილობს მეორე ფრონტის გახსნა აიძულოს. ზოგიერთი რუსული საინფორმაციო სააგენტო საქართველოს და ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან და ბელარუსთან სამოკავშირეო სახელმწიფოში გაერთიანების შესაძლებლობაზეც ალაპარაკდა. რუსულ მედიაში ასევე აღნიშნეს, რომ საქართველომ “გაკვეთილი ისწავლა” და დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა, რითაც კონფლიქტი თავიდან აირიდა.

რუსი პროპაგანდისტების მუქარანარევი მოწოდება მეგობრულად ცხოვრებისკენ

11 მაისს გადაცემაში “საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან”, რომლის სათურიც იყო “დასავლეთმა დიდი სისხლისღვრა გადაწყვიტა”, წამყვანი ვლადიმირ სოლოვიოვი საქართველოსთან ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე შესაძლო სანქციების შესახებ კომენტარი გააკეთა:

ვლადიმირ სოლოვიოვი: “აშშ ცდილობს ნებისმიერი გზით გახსნას ჩვენს წინააღმდეგ მეორე ფრონტი. უკრაინა არ ჰყოფნით, ვაშინგტონი სანქციებით საქართველოს ემუქრება არათუ რუსეთთან დაახლოების, არამედ ნორმალური ურთიერთობების აღდგენის ნებისმიერი მცდელობისთვისაც, მაგალითად ავიამიმოსვლის”

გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი იყო Russia Today-ს რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, რომელმაც თქვა, რომ ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს და პუტინის გადაწყვეტილებამ ისინი აღაფრთოვანა. მეორე ფრონტზე ისაუბრა სიმონიანმაც:

მარგარიტა სიმონიანი: “რა თქმა უნდა, ცდილობენ გაგვიხსნან მეორე ფრონტი. უფრო მეტად კი ცდილობენ საქართველოს გაუხსნან. საქართველოს პირდაპირ თირკმლებში ურტყამენ რომ მეორე ფრონტი გახსნას აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში და იქ გადაქაჩოს ჩვენი ძალები და ნერვები, რომელიც ისედაც დაძაბულია უკვე მეორე წელია.”

სიმონიანის თქმით, საქართველოს, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანას, ესმის რუსეთთან მეგობრული თანაცხოვრების მნიშვნელობა და ამის გამო არც სანქციები დააწესა და არც ომში ჩაერთო:

მარგარიტა სიმონიანი: “ჩემი აზრით, საქართველოს, რამდენადაც არის პოსტსაბჭოთა ქვეყანა და ახსოვს როგორია ჩვენთან ერთად ცხოვრება, მშვენივრად ესმის დიდებული რუსული მულტფილმის სიტყვები “ბიჭებო, მოდი ვიცხოვროთ მეგობრულად”. ვიცხოვროთ მეგობრულად როგორც ახლა, როცა საქართველოს არ დაუწესებია სანქციები, არ დაჰყვა ზეწოლას მეორე ფროტნის გახსნაზე და არანაირი სახით არ მონაწილეობს ომში უკრაინის მხარეს. არავის და არაფერს გზავნის იქ”.

გარდა ამისა, სიმონიანმა კიდევ ერთხელ გააჟღერა მუქარა საქართველოს მისამართით, რომ ომის შემთხევაში რუსეთი საქართველოს უკრაინის მსგავსად “რბილად” არ მოეპყრობა და ყველაფერი ძალიან სწრაფად და ცუდად დასრულდება რადგან რუსეთს არ ექნება შემაკავებელი ფაქტორები:

მარგარიტა სიმონიანი: ვფიქრობ, მათ კარგად ესმით, მათ რომ გაეხსნათ მეორე ფრონტი, ასე რბილად, როგორც უკრაინაშია, არ იქნებოდა. იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას, ამაში ეჭვი არავის ეპარება, აქვს შეგრძნება, რომ ეს ერთი ერია, რომ რაც ხდება მძიმე და სამწუხაროა, და გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება, მათ შორის სამხედრო, აქედან გამომდინარეობს. მაგრამ თბილისში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კიევ-პეჩორის ლავრა არ არის. ამ გადმოსახედიდან, ასეთი ძლიერი ემოციური შემაკავებელი, ასე ვთქვათ, ღვედი, რომლითაც საკუთარ თავს აკავებ, არ არსებობს საქართველოს შემთხვევაში და ეს ყველაფერი დამთავრდებოდა ძალიან სწრაფად და ცუდად”.

სიმონიანმა პუტინის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კომენტარი Twitter-ზეც გააკეთა, სადაც წერს, რომ საქართველო კარგად იქცეოდა და ამის გამო იმსახურებდა ფრენების აღდგენას:

მარგარიტა სიმონიანი: “პრეზიდენტი, რომელიც თავს დაესხა ჩვენს სამშვიდობოებს თავად დააკავეს, სანქციებს არ უერთდებიან, მეორე ფრონტს არ ხსნიან მიუხედავად იმისა, რომ აიძულებენ. იქნებ მომავალ წელს 9 მაისსაც ჩამოვიდნენ

სიმონიანი წერს, რომ მან არაერთი შეტყონობინება მიიღო გახარებული ქართველებისგან და მოსკოვში ქართული რესტორნები სავსე იქნება, სადაც მოსკოველი ქართველები ამ გადაწყვეტილების მიმღების ჯანმრთელობის სადღეგრძელოს დალევენ

ვის ეყრდნობიან რუსული მედიები, როდესაც წარმოაჩენენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს პუტინის გადაწყვეტილება უხარიათ?

რუსულმა გამოცემა взгляд-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით “თბილისში წინასწარმეტყველებენ “უკრაინის ხელისუფლების პროტესტს” პუტინის გადაწყვეტილების გამო საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე”. სტატიის მიხედვით, უკრაინის ხელისუფლების უკმაყოფილებას ქართველი ექსპერტი პეტრე მამრაძე წინასწარმეტყველებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „სტრატეგიული მართვის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი და ყოფილი დეპუტატი, პეტრე მამრაძე взгляд-თან ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს პუტინის გადაწყვეტილების მიმართ ნორმალური დამოკიდებულება ექნებათ, მაგრამ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ნეგატიური რეაქციაა მოსალოდნელი.

პეტრე მამრაძე: “რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს ასობით ათასი ქართველი, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას ადეკვატურად მიიღებენ. იმ ქართველებისთვის, რომლებსაც ნათესავები და ახლობლები ჰყავთ რუსეთში, ჰუმანიტარული თვალსაზრისით ეს ძალიან კარგია.”

მამრაძემ взгляд-თან ასევე განაცხადა, რომ რუსული ბაზარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ხოლო საქართველო რუსებისთვის პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. მამრაძის თქმით “საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის შექმნის საფრთხეზე აყვირდება” რადიკალური ოპოზიცია და მათი “ევროპარლამენტარი ლობისტები”, თუმცა “რაციონალური დასავლელი ლიდერები” ამ გადაწყვეტილებას “განსაკუთრებული ემოციების გარეშე” მიიღებენ.

საქართველოს რიგითი მოქალაქეების პუტინის გადაწყვეტილებით კმაყოფილებაზე კიდევ ერთი რუსული მედია ren.tv, ლალი მოროშკინაზე დაყრდნობით წერს. სტატიის მიხედვით, საქართველოს რიგითი მოქალაქეები არ იზიარებენ მათი ქვეყნის ფორმალური ხელისუფლის, სალომე ზურაბიშვილის პოზიციას და რუსეთში უვიზოდ შესვლის შესაძლებლობა ახარებთ.

“საჭიროა, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს ვნახულობდეთ. რუსეთში, მე მაგალითად, დედა მყავს – სოჭიდან, ჩვენ ვერ შევძელით ჩემი ბიძის და დეიდის დაკრძალვაზე ჩასვლა, ეს საშინელება იყო. საჭიროა, რომ შენარჩუნდეს ნორმალური ადამიანური ურთიერთობები”, – ამბობს თბილისის მაცხოვრებელი ლალი მოროშკინა” – ვკითხულობთ ren.tv-ის სტატიაში.

აღსანიშნავია, რომ ლალი მოროშკინა რუსულ მედიაში რესპონდენტად ადრეც გამოჩენილა, ის კრემლისტურ გზავნილებსა და დეზინფორმაციას, ასევე კონსპირაციულ მტკიცებებს, ხშირად ავრცელებს.

pravda.ru საქართველოს და ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან და ბელარუსთან ერთად სამოკავშირეო სახელმწიფოში გაერთიანების მოლოდინში

რუსეთთან უვიზო რეჟიმით საქართველოს მოქალაქეების კმაყოფილებაზე წერს Pravda.ru-ც, სადაც გამოქვეყნდა სტატია სათაურით “ქართველები მიესალმებიან რუსეთთან უვიზო მიმოსვლას, ჰორიზონტზე სამოკავშირეო სახელმწიფოა”. სტატია საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულების საჩვენებლად გამოცემა Ambebi.ge-ს კომენტარების სექციას ეყრდნობა, საიდანაც მხოლოდ ის კომენტარებია მოყვანილი, რომელთა ავტორებიც უვიზო რეჟიმს და ავიამიმოსვლის აღდგენას დადებითად აფასებენ.

სტატიაში ნახსენებია, რომ უვიზო მიმოსვლისა და ფრენების აღდგენის მოწინააღმდეგეთა არგუმენტი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისათვის საფრთხის შექმნას უკავშირდება. სტატიის ავტორები სვამენ კითხვას “სჭირდება კი საქართველოს ევროკავშირი წევრობა, თუ რუსეთი მისი მშპ-ს 7-10%-იან ზრდას უზრუნველყოფს”. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ პუტინმა საქართველოს 9 მაისი მიულოცა, რაც უკრაინის შემთხვევაში არ გაუკეთებია.

სტატიის მიხედვით, პუტინის გადაწყვეტილება მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” პოზიციამ განაპირობა, რადგან მათ არ გადასცეს უკრაინას “ბუკები”, ხოლო ბოლო ნაბიჯი ნატოს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე უარი იყო.

“თუ სომხეთი, რომელიც “კუხოს” წევრია, იღებს ამ წვრთნებში მონაწილეობას, მაშინ ქვეყანა, რომელიც უარს ამბობს, აპრიორი უნდა იყოს ამოღებული არამეგობრული ქვეყნების სიიდან” – ნათქვამია სტატიაში.

pravda.ru-ს მტკიცებით ოფიციალური თბილისის ანტიდასავლური პოზიცია რუსეთთან საქართველოს ახალ ომში ჩათრევის მცდელობებით და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით აიხსნება, რაც “უცხოეთის აგენტების კანონის” მიღებისას გამოჩნდა. “ევროკავშირმა და აშშ-მა ეს პირად შეურაცხყოფად მიიღეს და ამით დაადასტურეს საკუთარი კოლონიალისტური მისწრაფებები” – ვკითხულობთ სტატიაში.

“მომავალში არ არის გამორიცხული, რომ მალე შესაძლებელი გახდება საუბარი საქართველოს, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის გაერთიანებაზე რუსეთთან და ბელარუსთან ერთად სამოკავშირეო სახელმწიფოში, წევრების სუვერენიტეტის შენარჩუნებით” – ნათქვამია სტატიაში.

“ქვეყანა, რომელმაც გაკვეთილი ისწავლა”

ამ სათაურით სტატია Sputnik-ზე РИА Новостиის ავტორისდავით ნარმანიას, სახელით გამოქვეყნდა. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო “დამოუკიდებელ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს” საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, რაც სიჯიუტის მაგალითია. სტატიის მიხედვით, საქართველომ ამ მიწებისთვის სამი ომი წააგო, ბოლოს კი 2008-წელს, როცა “ქართული არმია უფრო სწრაფად ჩამოიშალა”.

“როგორც აღმოჩნდა, რუსეთის ჩარევა საკმარისი იყო ამ კონფლიქტების დასასრულებლად, რომლებიც ორი ათწლეული გრძელდებოდა” – ვკითხულობთ სტატიაში. ავტორის მიხედვით, სწორედ ეს გახდა გაკვეთილი ქართული საზოგადოებითვის, რომ რუსეთთან დაპირისპირება არ ღირს, ზოგისთვის კი “იქცა ტრავმად რომელიც მათ აიძულებთ წავიდნენ სიკვდილზე უკრაინაში”.

სტატიის მიხედვით დასავლეთისგან ზეწოლის მიუხედავად ქვეყნის ხელისუფლება ახერხებს აირიდოს კატასტროფა და არ ჩაებას ომში რუსეთთან.

“საქართველოს კუთვნილი უნდა მივაგოთ. ქვეყანა, რომელიც 15 წლის წინ იმის მაგალითი იყო, თუ რისი გაკეთება არ ღირს, იკავებს საკმაოდ ჯანსაღ და გასაკვირად სუვერენულ პოზიციას: აშენებს ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებს მოსკოვთან და თავს იკავებს სანქციების დაწესებისგანაც კი, რომელსაც ითხოვენ პრეზიდენტის სავარძელში მჯდომი ფრანგი ქალბატონის კურატორები. ეს, რა თქმა უნდა, აშშ-ს და მისი მოკავშირეების ყელში გაჩხერილი ძვალია. რუსეთს იზოლაციას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვაშინგტონის გუშინდელი ვასალებიც ხედავენ მოსკოვთან თუნდაც შეზღუდული თანამშრომლობის სარგებელს”. – წერს ნარმანია.

რას ეყრდნობა RT როცა ამტკიცებს, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკას მოსახლეობის 81% უჭერს მხარს?

ფრენების აღდგენაზე წერს Russia Today-ც. გამოცემამ 11 მაისს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებთან შეერთებაზე უარის შესახებ. სტატიის მიხედვით, საქართველომ უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე უარი თქვა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოფიციალური თბილისი არ აპირებს გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ. სტატიის მიხედვით, გამოკითხვები აჩვენებს რომ საქართველოს მთავრობის ამგვარ პოლიტიკას მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობა და გამოკითხულთა 81% მხარს უჭერს “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას არ ჩაერიოს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში. გამოკითხვა, რომელიც Russia Today-ს მოჰყავს, GORBI-ს მიერ 2022 წლის ნოემბერშია ჩატარებული. შედეგები ტელეკომპანია იმედმა გასული წლის 19 დეკემბერს გამოაქვეყნა და კითხვათა ნაწილი “ქართული ოცნების” ნარატივს იმეორებდა, მათ შორის კითხვა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ:

“ემხრობით თუ არა “ქართული ოცნების” ხელისუფლების პოლიტიკას, არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთი-უკრაინას შორის მიმდინარე ომში” – ამ კითხვაზე “იმედის” დაკვეთით ჩატარებული კვლევის რესპონდენტთა 81%-მა დადებითი პასუხი გასცა, 16%-მა კი უარყოფითი.

სტატიაში რუსი ექსპერტები საქართველოს მთავრობას ურჩევენ გაითვალისწინონ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიკტორ ორბანის, მაგალითი და არ გადაუხვიონ პრინციპებს.

არქივის ბმულები:

მარგარიტა სიმონიანის პოსტები (1234)
взгляд
pravda
Sputnik
Russia Today
ren.tv

წყარო:https://mythdetector.ge/

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის