USD 2.6042
EUR 2.9407
RUB 3.1195
თბილისი
როდის შეებრძოლნენ ქართველები და რუსები პირველად ომში ერთმანეთს
თარიღი:  1845

1014 წლის 7 მაისს გარდაიცვალა გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე, დიდი ხელმწიფე ბაგრატ მესამე კურაპალატი და ტახტზე ავიდა მისი ვაჟი გიორგი პირველი – „მეორმოცდათორმეტე მეფე, გიორგი. ძე ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფისა. ბაგრატოანი”.

მემატიანის თქმით, ის ამ დროს სულ 12 წლის იყო, სიყრმესა და სიჭაბუკეს შორის. თუმცა, უნდა ითქვას, მაინც უფრო სიყრმეა 12 წელი, ვიდრე სიჭაბუკე. ანუ სულ ბავშვი იყო, რომ დაობლდა და უცებ სახელმწიფოს მეთაურის – მეფის გვირგვინი დაადგეს თავზე.

ზოგიერთი აკრიტიკებს გიორგი პირველს, დაუფიქრებლად დაიწყო ომი უძლიერეს ბიზანტიასთან და უნიჭიერეს სარდალთან, ბასილი ბულგართმმუსვრელთანო. მაგრამ, თუ ცოტა დავაკვირდებით, ასე არ ყოფილა.

ამიერ-ტაოს მეფის, ბაგრატ მეორის შვილიშვილი, ბაგრატ მესამე იყო შვილობილი იმიერ-ტაოს დიდი ხელმწიფის დავით III კურაპალატისა, რომელმაც, თავის დროზე, 12 000-იანი ჯარის მიშველებით, გადაარჩინა ბიზანტიის არასრულწლოვანი იმპერატორი ბასილი მეორე და მისი უმცროსი ძმა კონსტანტინე მერვე, ბარდა სკლიაროსის აჯანყებისას. ამის გამო საიმპერატორო კარმა მას, სიცოცხლის ბოლომდე დაუთმო ძველი ქართული ქვეყნის, ბასიანის სამხრეთი ნაწილი, რომელიც მიტაცებული ჰქონდა, და სხვა ტერიტორიები, მათ შორის სომხური პროვინციები. დავით კურაპალატმაც თავისი ჯარის დახმარებით შეძლო არზრუმამდე, ვანის ტბამდე და ვალაშკერტამდე გაევრცელებინა სამეფო. ამ მიწების ნაწილი გაათავისუფლა არაბთაგან. შემდგომში ქართველთა ხელმწიფემ გადაწყვიტა, მოკავშირედ გაეხადა ბასილის წინააღმდეგ შეთქმული ბარდა ფოკა, რომელიც ეტყობა, მას პირდებოდა ამ მიწების დავითის მემკვიდრეებისთვის სამუდამოდ დათმობას. დავითის მემკვიდრე კი, მისი შვილობილი ბაგრატი, ერთიანი საქართველოს მეფე ხდებოდა. დავით მესამისათვის ქვეყნის ინტერესები უმთავრესი იყო.

ბარდა ფოკა, რომელსაც დავით კურაპალატის ჯარი ეხმარებოდა, დამარცხდა. ბასილიმ მოახერხა და მოირთო ძველი მტრები, რუსები და სხვები. ამ დროს შეხვდნენ ბრძოლის ველზე ქართველები და რუსები პირველად. სამხრეთ კავკასიის მეფე-მთავართა ლიდერისა და მედიატორის, სახელგანთქმული დავით კურაპალატის დასჯა და მისი სამეფოს დაპყრობა ბასილიმ ვერ გაბედა, – ამის გამო მას სხვა ქართულ სამთავროებთანაც მოუწევდა ომი, – და მოსთხოვა მისთვის ეანდერძებინა თავისი სამფლობელო ქართველ მეფეს. დავით მესამე იძულებული გახდა, დაეთმო და დათანხმდა. ქვეყანას ჯერ არ შეეძლო მოძლიერებული იმპერატორის წინააღმდეგ ომი.

1001 წელს გარდაიცვალა დავით მესამე და იმიერ-ტაო და ბასიანი ბასილი კეისარმა დაიკავა. სამაგიეროდ კი, აფხაზთა და ქართველთა მეფე, ბაგრატ მესამე და მისი მამა, ამიერ-ტაოს მეფეთ-მეფე, გურგენი კურაპალატად და მაგისტროსად გამოაცხადა. ქართველი პოლიტიკოსები იძულებულები იყვნენ დროებით დამორჩილებულიყვნენ.

კურაპალატისა და მაგისტროსის ტიტულები ბიზანტურია. ამ ტიტულებს ბიზანტიის კეისრები თავის მოკავშირე ქართველ და სომეხ მეფეებს აძლევდნენ. ხშირად, რეალურად, ეს ტიტულები არ იყო ვასალობის გამომხატველი, თუმცა ქართველ მეფეებს არ ეპიტნავებოდათ. მით უმეტეს, იმ დროს, როცა აღმავლობის გზას ადგნენ.

როგორც ვთქვით, 1014 წელს გარდაიცვალა ბაგრატ მესამე და ტახტზე ავიდა გიორგი პირველი.

ამ დროს ბიზანტიას ძალიან ჰქონდა გართულებული სიტუაცია ბულგარეთში. ჯერ კიდევ 986 წელს ბულგარელებმა სასტიკად დაამარცხეს ბიზანტიელები, ტრაიანის კართან და შემდეგ პლოვდივთან, ბულგარეთში. ბულგარელებმა ამ ბრძოლაში გაანადგურეს ბიზანტიელთა კავალერია – ცხენოსნები მთლიანად და ფეხოსანთა დიდი უმრავლესობა. კეისარმა ბასილიმ ძლივს გაასწრო დიდი არმიის მცირე ნარჩენებით და ასე გადარჩა ტყვეობას.

საინტერესოა რა უძღოდა წინ ამ ბრძოლას. ბულგარელების მეფეს ბასილი შეჰპირდა დას მოგათხოვებო, ბულგარელ მეფეს გაუხარდა, ომები შეწყდება და თავს დაგვანებებსო. ბასილიმ კი სრულიად უცხო ქალი და ბერძენი მიტროპოლიტი გაუგზავნა „სასიძოს“. თუმცა ტყუილი გამჟღავნდა…

ბასილიმ ისევ შეკრიბა არმია და 992 წლიდან ისევ შეტევაზე გადავიდა ბულგარეთში. გიორგი პირველის საქართველოში გამეფების წელს (1014) ბულგარელები ისევ გააფთრებით ებრძოდნენ ბასილის…

ქართულმა პოლიტიკამ გადაწყვიტა, გაეთავისუფლებინა „ერთმორწმუნე“ ბიზანტიის მიერ ოკუპირებული დავით მესამე კურაპალატის მემკვიდრეობა, „ბასიანს გადაღმა“ არსებული ისტორიული ქართული მიწები, ქართველებით დასახლებული და ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც პოლიტიკურ-იდეოლოგიურად, ისე ეკონომიკურად.

ეს მიწები, სამხრეთ საქართველო, სამხრეთ–დასავლეთ საქართველოსთან, ლაზეთ–ჭანეთთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი პლაცდარმი იყო ბიზანტიისთვის საქართველოზე შემოტევის გასაგრძელებლად, ასევე სომხეთის მიმართულებითაც… ბიზანტიას კი გეგმაში რომ ჰქონდა ქართული და სომხური სახელმწიფოების გაუქმება და თავის იმპერიისთვის შეერთება. ამ საქმეში გიორგი პირველის მხარეს იქნებოდნენ სომხებიც. ამიტომ, ყმაწვილი, თუ სიჭაბუკეში ახლად შესული მეფის ტახტზე ასვლისთანავე ქართველმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, ესარგებლათ ბულგარელების აჯანყებით, ალ-ჰაკიმის ბიზანტიისადმი მტრობით, საერთოდ, ხელსაყრელი საგარეო ვითარებით და გაათავისუფლეს იმიერ-ტაო და ბასიანი, ბიზანტიური, საოკუპაციო გარნიზონებისგან. არის ვერსია, ქართული ჯარი ტრაპიზონსაც დაემუქრა, რომ ეს ძირძველი ქართული მხარეც გაეთავისუფლებინა ბერძენი დამპყრობლებისაგან.

თუმცა, სამეფო კარს ძალიან ცუდი სიურპრიზი ელოდა. ამ პერიოდშივე გიორგი პირველს განუდგა კახეთ-ჰერეთი და კვლავ აღიდგინა თავისი ქორეპისკოპოსის ტახტი. ამ დროს კახეთის ხელმწიფე გახლდათ კვირიკე მესამე დიდი, რომელმაც ჰერეთიც შემოიმტკიცა და მეფის ტიტულიც მიიღო. კვირიკე მეფემ მოახერხა და თავისი სამეფო, რომელიც 1010 წელს, კვირიკეს ტახტზე ასვლისას შეიერთა ბაგრატ მესამემ, ბაგრატის გარდაცვალებისთანავე, მცირეწლოვანი მეფე გიორგი პირველის მფლობელობიდან უკან დაიბრუნა. ეს მოხდა 1014 წელს. ზუსტად იმ დროს, როცა აფხაზთა და ქართველთა მეფე გიორგი პირველი ბიზანტიელების წინააღმდეგ დაიძრა.

საქართველოს სამეფო კარმა გადაწყვიტა, ქართულ კახეთ-ჰერეთთან ომი არ გაემართა, რადგან ერიდებოდა ქართველთა შორის სისხლისღვრას და თან, უმთავრეს ამოცანად ითვლებოდა ბიზანტიის მიერ წართმეული მიწების კვლავ ქართველი ხალხის გამგებლობაში დაბრუნება.

1018 წელს ბასილი კეისარმა, როგორც იქნა, დაამარცხა ბულგარელები. ბულგარეთში ბასილი ბულგართმმუსვრელმა ტყვედ ჩავარდნილ 15 000 ბულგარელს თვალები დათხარა – თითოეულ ასეულში თითო მეომარ-ტყვეს, თითო თვალი დაუტოვა, რათა თავისი დანარჩენი 99 მეგობარი თავის მეფემდე მიეცილებინა. ეს რომ ბულგარელთა უბედურმა მეფე სამუელმა იხილა, გულგახეთქილი დაეცა უსულოდ…

ბასილიმ მოიცალა აღმოსავლეთისთვის, საქართველოსა და სომხეთისთვის. მან შეაგროვა დიდი არმია და მოირთო რუსები და სხვები. კეისარმა მოსთხოვა გიორგი მეფეს გასულიყო იმიერ-ტაოდან და ბასიანიდან, რომელსაც თავის საკუთრებად, ბიზანტიის „იბერიის თემად“ აცხადებდა.

საქართველოს სამეფო კარმა მოახერხა და შექმნა ანტიბიზანტიური კოალიცია კავკასიაში, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გიორგი პირველი. გარდა ამისა, გიორგი პირველის კარმა კავშირი დაამყარა ბიზანტიის დაუძინებელ მტერთან, ხალიფა ალ ჰაქიმთან, რომელიც მას ხმელთაშუა ზღვის აუზში ბატონობისთვის ექიშპებოდა და ორივეს შესთავაზა თავ-თავიანთი სამფლობელოებიდან შეეტიათ ბიზანტიისთვის. ანუ, მეორე ფრონტს ახსნევინებდა ალ-ჰაქიმს ბასილისთვის.

და კიდევ, ბიზანტიაში მზადდებოდა შეთქმულება, აჯანყება ბასილის წინააღმდეგ. ქართველი მეფე და მისი სიძე, დის ქმარი, ფერის ჯოჯიკის ძე აქტიურად იყვნენ ჩართული ამ ამბებში.

ქართველმა პოლიტიკოსებმა ყველაფერი კარგად გათვალეს. თუმცა, ცოტა იღბალმა უღალატა ჩვენს ყმაწვილ ხელმწიფეს. როგორც ვთქვით, ბასილი კეისარმა მოახერხა და დაამარცხა ბულგარელები. 1021 წლის დასაწყისში, 12 თებერვლის ღამეს, კაიროსთან ახლოს, ერთ–ერთ მთაზე გაუჩინარდა სალოცავად წასული ხალიფა ალ-ჰაქიმი, დაუძინებელი მტერი ბასილისა და მოკავშირე გიორგი მეფისა. მეორე დღეს მისი ტანსაცმელი დასისხლიანებული იპოვეს. არის ვარაუდი, რომ ის ბასილი იმპერატორმა მოაკვლევინა.

საქართველოსკენ გზა ხსნილი ჰქონდა ბულგარელების თვალების დამთხრელს.

უზარმაზარი ჯარით ბასილი ბულგართმმუსვრელი შემოვიდა ბასიანში. მას, როგორც ჩანს, ეხმარებოდა 6 000 რუსი დაქირავებულიც და სხვა ძალებიც. ბასიანში ბიზანტიის არმიას წინ დახვდა ქართველი მეფე. რამდენიმე დღის განმავლობაში ქართველები და ბერძნები პირისპირ იდგნენ და ვერც ერთი ვერ ბედავდა შეტევაზე გადასვლას.

დაზვერვამ ქართველ მეფეს მოახსენა მტრის ჯარის მრავალრიცხოვნობის შესახებ. კოალიციაში ერთსულოვნება აღარ იყო. ამიტომ, მოარიდა გიორგი მეფემ და ჯარს უკან დაახევინა.

რამდენიმე დღეში, ჩრდილის ტბასთან ახლოს, სოფელ შირიმნთან ქართული ჯარის არიერგარდს წამოეწია ბერძენთა ავანგარდი. მოხდა შეტაკება. ორივე არმია ჩაერთო ბრძოლაში. მეფე გიორგიც იბრძოდა, „უშიში ვითარცა უხორცო“. ქართველებმა ძალიან დიდი ზარალი მიაყენეს მტერს და გაიმარჯვეს. ბასილი იმპერატორი უკვე გაქცევას აპირებდა, მაგრამ ქართველებმა ვერ შეინარჩუნეს წარმატება.

მეფე გიორგი თრიალეთში გამაგრდა. ამ დროს 19 წლის მეფეს მიეშველა კახეთ-ჰერეთის ჯარი. ბიზანტიის კეისარმა უკან დაიხია და ტრაპიზონისკენ წავიდა ძალების მოსაკრებად, დასასვენებლად და გამოსაზამთრებლად. უმოწყალო ბასილი გზად ანადგურებდა ქართველთა დასახლებებს კოლაში, არტაანში, ჯავახეთში.

ტრაპიზონში მყოფ ბასილისა და მეფე გიორგის შორის დაიწყო მოლაპარაკება. მეფეები ერთმანეთს სწერდნენ ზავის პირობებს. ამ დროს, გიორგი მეფე ცდლობდა, დროის გაწელვას და ახალი ძალების მოკრებას. ასევე, იმედი ჰქონდა აჯანყების, რომელიც მზადდებოდა ბიზანტიაში დიდებულების, ქსიფესა და ფოკას მეთაურობით.

 

თუმცა, კეისარმა მალე შეიტყო აჯანყების ამბავი, შეიპყრო შეთქმულები და სიკვდილით დასაჯა. ფოკას მოჭრილი თავი კი ქართველ მეფეს გამოუგზავნა, შენი საქმიანობის ყველაფერი ვიციო. ამ დროსვე დასაჯეს სიკვდილით გიორგი მეფის დის ქმარი, ფერის ჯოჯიკის ძე, აჯანყების მონაწილე.

ორი წელი გაგრძელდა ომი და მოლაპარაკება. გიორგი მეფე ისევ ყველაფრისთვის იყო მზად. მისი ჯარი, ზვიად ერისთავთ-ერისთავის მეთაურობით, ბასილის ჯარის წინ იდგა საქართველოს სიღრმეში შემოსვლის შესაჩერებლად, ბასიანში. თუ ბასილი დაიძვრებოდა საქართველოსკენ უნდა შებრძოლებოდნენ. ბასილი მზად იყო ზავისთვის, მაგრამ ქართველთა სარდლობამ გადაწყვიტა, შებრძოლება მოულოდნელად და მისი ჯარის ნაწილი გააქციეს კიდეც.

შეშინებული ბასილი ბულგართმმუსვრელი თითქმის ღვთისგმობამდე მიიყვანა გიორგი მეფის ჯარის სასტიკმა შემოტევამ. მოაბრძანებინა წმიდა ჯვარი, ხატი და განწირული ყვიროდა თურმე, ბულგართა გამანადგურებელი:

თუ ჩამაგდებ მტრის ხელში, აღარასოდეს ვიქნები შენი თაყვანისმცემელიო და შუბზე წამოაცვა გიორგის წერილი, თითქოს ღმერთს აჩვენებდა.

ბედის სასწორი ისევ ბერძენთა სასარგებლოდ გადაიხარა.

ქართველები ისევ დამარცხდნენ და დიდი ზარალიც განიცადეს.

თუმცა, რაც ბიზანტიამ მოსწია ბულგარეთს და სომხურ სახელმწიფოებს, ქართველთა მეფეს ვერ გაუბედა. გიორგის პირველის სამი წლის ვაჟი კეისარმა მძევლად ითხოვა ორი წლით. ასევე, მძევლად წაიყვანეს გიორგი მეფის დაც, ფერის ჯოჯიკის ძის მეუღლე. მას თან ახლდა მცირეწლოვანი გიორგი მთაწმინდელი.

გიორგი მეფეს მოუწია მძიმე საზავო პირობებზე დათანხმება. ბასიანი, ტაო, კოლა, არტაანი და ჯავახეთი დაიკავა ბასილიმ. თუმცა, ამ ტერიტორიებზე ზოგიერთი სოფელი და მონასტრები ისევ ქართველ მეფეს დაუტოვა გამარჯვებულმა ბასილიმ. საქართველოს სიღრმეში ბასილი არ დაძრულა. არც სამეფოს მემკვიდრეობით გადაცემა უთხოვია. მისი არმია ძალაგამოცლილი იყო და თან, სხვა სიურპრიზებისაც ეშინოდა.

1027 წლის 16 აგვისტოს გარდაიცვალა გიორგი მეფე, 25–26 წლის ასაკში. შეიძლება, ვივარაუდოთ კიდეც, რომ ასეთი ახალგაზრდა, ის ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა და ამაში მისი მტრის ხელიც კი ურევია.

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის