USD 2.6074
EUR 2.9941
RUB 3.1022
თბილისი
რობინ დანიგანი: ძალიან მტკიცედ მწამს, რომ ამ ქვეყანას აქვს დემოკრატიული მომავალი (ინტერვიუ - რადიო თავისუფლებასთან)
თარიღი:  612

"ისე მოხდა, რომ ყოველ ჯერზე, როცა მე აღმოვაჩენდი კარგ პარტნიორს, რომელთანაც პროგრესს ვაღწევდი, ადრე თუ გვიან, ის მინისტრი ან მაღალჩინოსანი იცვლებოდა ანდა მიღებულ გადაწყვეტილებებს ამოაყირავებდა ხოლმე ვიღაც, ვინც მათზე მაღლა იდგა", - ეუბნება რადიო თავისუფლებას რობინ დანიგანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში.

ამერიკელმა დიპლომატმა ერთი თვის წინ, 5 ივნისს, გაავრცელა განცხადება დიპლომატიური კარიერის დასრულებასა და პენსიაში გასვლაზე. განცხადების მოკლე ტექსტში ხაზგასმით მიუთითა: "ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია". ეს ვერ დააზღვევდა სხვადასხვა კითხვისა და ვერსიის გავრცელებას მისი ელჩობის შუა ვადაში შეწყვეტის მიზეზებზე, რომელთაგან ერთ-ერთს - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკასთან შეუთავსებლობას - ის სხვა არაერთ ვერსიასთან ერთად უარყოფს და ჰყვება ამბავს, როგორ ცდილობდა როგორც ბაიდენის, ისე ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საქართველოს ურთიერთობის "სწორ გზაზე დაბრუნებისთვის" შეეწყო ხელი.

 

რობინ დანიგანი აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაში პროგრესის მიღწევის განწყობით ჩამოვიდა საქართველოში და პირველი რამდენიმე თვე თითქოს იმედისმომცემიც იყო, თუმცა 2024 წლის დასაწყისიდან "ქართული ოცნების" ხელისუფლების ქმედებები სულ უფრო ავიწროვებდა კონსტრუქციული თანამშრომლობის სივრცეს ქვეყნის უდიდეს სტრატეგიულ პარტნიორთან, დღეს კი ლაპარაკობს იმ დამაზიანებელ შედეგებზე, რომლებიც მოაქვს "ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს და ეს ეხება ქვეყნის რეპუტაციის შელახვას პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით.

აშშ-ის ელჩი გვიზიარებს ამბავს აშშ-ის მთავრობის მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან წერილობითი კომუნიკაციის მცდელობასა და ივანიშვილის მიერ დანიგანთან შეხვედრის უარყოფაზე. შეკითხვას - რატომ სწერდა ტრამპის ადმინისტრაცია ივანიშვილს და არა პრემიერ-მინისტრ კობახიძეს, ელჩი პასუხობს: "მსოფლიოში ადამიანების უმრავლესობამ იცის, რომ მთავრობას მართავს ბიძინა ივანიშვილი".

საუბრის დროს ის არაერთხელ სვამს კითხვას - "რატომ?" და ეს კითხვა გამოხატავს ერთდროულად გულისწყვეტასა და გაოცებას იმით, როგორი მონდომებით ანგრევს "ქართული ოცნების" ხელისუფლება აშშ-სთან და ევროპასთან ურთიერთობას. ამასთან, არ კარგავს ოპტიმიზმს, რაც საქართველოს ხალხის მიმართ მის რწმენას უკავშირდება: "ძალიან მტკიცედ მწამს, რომ ამ ქვეყანას აქვს დემოკრატიული მომავალი. მაშფოთებს, რომ ახლანდელი მთავრობისა და ხელმძღვანელობის ხელში ეს ჩემთვის იმდენად მკაფიო არ არის, როგორიც მანამდე იყო".

საქართველოში აშშ-ის ელჩის რანგში როგორც პირველი, ისე ბოლო ინტერვიუც მან რადიო თავისუფლებას მისცა. მისი ჩამოსვლისას, "გლობალური ომის პარტიაზე" კამპანია საქართველოში უკვე გაშვებული იყო. "სასაცილოაო" მაშინ გვითხრა და იმედი გამოთქვა, რომ აღარ მოუწევდა ასეთ თემებზე საუბარი, თუმცა ორი წლის შემდეგ ამ ინტერვიუშიც ვახსენებთ:

რადიო თავისუფლება: ცხადია, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, განსაზღვროს რატომ და როდის გავიდეს პენსიაში და ასეა ელჩების შემთხვევაშიც. თუმცა ჩემი მოვალეობაა დაგისვათ შეკითხვა თქვენს გადაწყვეტილებაზე. მიუხედავად იმისა, აღნიშნეთ, რომ ეს „სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა“, არის რამდენიმე სახის სპეკულაცია ამ გადაწყვეტილებაზე, მაგალითად ის, რომ: ხართ რაღაც სახის კონფლიქტში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკასთან; გადაიტვირთეთ საქართველოში დაუსრულებელი პოლიტიკური კრიზისით; ხართ ინტენსიური დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე, ამ „გლობალური ომის პარტიისა“ და „დიპ სტეიტის“ შეთქმულებებით და ა.შ.. შეგიძლიათ, ცოტათი მეტი გვითხრათ ამ გადაწყვეტილებაზე?

რობინ დანიგანი: უპირველეს ყოვლისა, გმადლობთ ჩემი მოწვევისთვის და იმ შემთხვევაში, თუ ამ ინტერვიუში მოგვიანებით არ მომეცემა ამისი შესაძლებლობა, მინდა მადლობა გითხრათ „რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას“(RFE/RL) შესანიშნავი საქმიანობისთვის. მთელი თქვენი გუნდი შეუფასებელ სამსახურს სწევთ. ვფიქრობ ჩვენ, მსოფლიოს გვჭირდება დამოუკიდებელი მედია იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე დაგვჭირვებია, განსაკუთრებით აქ - საქართველოში.

რადიო თავისუფლება: გმადლობთ.

რობინ დანიგანი: ეს იყო პირადი გადაწყვეტილება. ჩემი მეუღლე და მე დიპლომატები ვართ 33 წელია. ეს დიდი დროა და ვიგრძენით, რომ დადგა ჩვენი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლისა და იმის ნახვის დრო, რისი გაკეთება შეგვიძლია ამ ეტაპზე. საინტერესოა, რასაც ამბობთ იმაზე, როგორ იყო ეს გადაწყვეტილება აქ აღქმული და განხილული.

რადიო თავისუფლება: ამასთან, ისიცაა, რომ ეს მოხდა თქვენი ვადის შუაში.

რობინ დანიგანი: სწორია. თუმცა მას შემდეგ, რაც ჩემს აქაურ გუნდს ვუთხარი, მთავრობას, მთავრობის მაღალჩინოსნებს მკაფიოდ განვუცხადე, რომ ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, რომ არ გავუწვევივარ. და ამის შემდეგ მყისიერად, სულ რაღაც საათებში, „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დაიწყო დეზინფორმაციის კამპანია და აცხადებდნენ, რომ მე გამიწვიეს, რომ ჩემი პოლიტიკა წინააღმდეგობაში მოდიოდა პრეზიდენტის პოლიტიკასთან, რაც არ არის სიმართლე საქართველოში მის პოლიტიკასთან მიმართებით. მე წარმოვადგენ პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის პოლიტიკას. არცერთი ადმინისტრაციის პირობებში არაფერი გამიკეთებია აქ ისეთი, რაც წინააღმდეგობაში იქნებოდა პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის პოლიტიკასთან და ამის ნებისმიერი გაშარჟება ან სხვაგვარად წარმოჩენა არის უბრალოდ სიცრუე.

რადიო თავისუფლება: იყო აგრეთვე სინანული, უმეტესად ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან და არა მხოლოდ, რომ თქვენ ტოვებთ ქვეყანას ძალიან ტურბულენტურ დროს - ქვეყანას, რომლის საგარეო პოლიტიკაშიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და მკაფიო ცვლილებები, ოპოზიციის ლიდერები არიან დაპატიმრებული, ცნობილი ჟურნალისტი მზია ამაღლობელია ციხეში, ათობით აქტივისტია პატიმრობაში, ზოგადი პოლიტიკური ვითარებაა კრიტიკული, საარჩევნო გარემოა მნიშვნელოვნად გაუარესებული და უკიდურესად დაზიანებულია

კანონმდებლობა. რა იქნებოდა თქვენი სურვილი ან რჩევა საქართველოს ხალხისადმი, შემდეგი ელჩისადმი, რომლის ვინაობაც, მგონი, ჯერ კიდევ უნდა გაირკვეს? ამრიგად, რა იქნებოდა... თავად აირჩიეთ, სურვილები თუ რჩევები?

რობინ დანიგანი: მართალია, საქართველოში ძალიან რთული დროა. უკიდურესად შეშფოთებული ვარ ყველა იმ ანტიდემოკრატიული ზომის გამო, რომლებიც ახლა ახსენეთ: პოლიტიკური ოპოზიციის ფიგურების პატიმრობა; სამოქალაქო საზოგადოების იმ წარმომადგენლების მიზანში ამოღება, რომლებიც აქ კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების ხელშეწყობას ცდილობენ; ჟურნალისტების მიზანში ამოღება. ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს ვთქვი, რომ საქართველოში რჩება ჩემი გულის ნაწილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე შევწყვეტ მუშაობას საქართველოსა და მისი დემოკრატიის მხარდასაჭერად. მე ამას ატლანტის ოკეანის გაღმიდან განსხვავებულად გავაგრძელებ, ვინაიდან ძალიან მტკიცედ მწამს, რომ ამ ქვეყანას აქვს დემოკრატიული მომავალი. მაშფოთებს, რომ ახლანდელი მთავრობისა და ხელმძღვანელობის ხელში ეს ჩემთვის იმდენად მკაფიო არ არის, როგორიც მანამდე იყო.

რადიო თავისუფლება: უკვე იცით, სად გააგრძელებთ საქმიანობას? - ატლანტის მეორე მხარეს, მაგრამ რომელ სფეროში?

რობინ დანიგანი: მაქვს იდეები, მაგრამ მეტის თქმას მოგვიანებით შევძლებ.

რადიო თავისუფლება: თუ შეიძლება, რომ შეადაროთ ვითარება საქართველოში, რომელიც ორი წლის წინ აქ ჩამოსვლისას დაგხვდათ, ქვეყანაში ახლა არსებულ ვითარებას, როცა ტოვებთ მას?

რობინ დანიგანი: კარგი შეკითხვაა და საინტერესო გზა იმაზე დასაფიქრებლად, რამდენი რამ შეიცვალა დროის ამ მონაკვეთში. პირველი, რისი თქმაც მსურს იმის გამო, რომ მთავრობის ბევრი მაღალჩინოსანი ხშირად ამბობს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა არის პარტნიორობა მხოლოდ ქაღალდზეო: მე ვთვლი, რომ ეს 

კომენტარი არა მხოლოდ სიმართლე არ არის, არამედ შეურაცხმყოფელია, ვინაიდან 1991 წლიდან ჩვენ ერთად ვმუშაობდით პარტნიორობის შენებისთვის, რაც ორივე ქვეყნისთვის კარგია. როცა აქ ჩამოვედი, ჯერ კიდევ ვლაპარაკობდით ჩვენს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობაზე, როგორც დადებით ურთიერთობაზე, როგორიც ის არის კიდეც. მათ შორის, ლაპარაკობდა ამაზე „ქართული ოცნებაც“. აშშ-ის მთავრობისთვის ძალიან შეურაცხმყოფელია, როცა „ქართული ოცნება“ ყოველდღე საჯაროდ ამბობს რაღაც უარყოფითს აშშ-სა და დასავლეთზე. ჩვენ ხომ ამდენი ჩავდეთ ამ პარტნიორობაში და მე მხოლოდ ფულს არ ვგულისხმობ. ჩვენ ჩავდეთ: დრო, ტრეინინგი, ჩამოგვყავდა ექსპერტები და მესმის, არავის სურს მოისმინოს გრძელი ჩამონათვალი, თუმცა, მგონია, რომ ზოგჯერ ეს მნიშვნელოვანია კონტექსტისთვის. ჩვენ დავხარჯეთ 1,2 მილიარდი აშშ დოლარი საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვისთვის, წვრთნისთვის; აგრეთვე სასაზღვრო ძალების აღჭურვისა და წვრთნისთვის. რვა ათას სტუდენტს დავეხმარეთ ესწავლა აშშ-ში. 1700 სამხედრო ხელმძღვანელ პირს, რომ ესწავლა აშშ-ში. ვეხმარებით ფერმერებს მათი პროდუქციის ექსპორტსა და ფერმერული ტექნოლოგიების განვითარებაში. ვთანამშრომლობდით ცე-ჰეპატიტის აღმოსაფხვრელად. ჩვენ დავეხმარეთ საქართველოს, გამხდარიყო რეგიონული ლიდერი ჯანდაცვის სფეროში. შემიძლია გავაგრძელო ჩამოთვლა: განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) განახორციელა აქ 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია დაეხმარა 30 ათას მასწავლებელს. შეხება გვქონდა ყველა საჯარო სკოლასთან ამ ქვეყანაში. ჩვენ ავაშენეთ კლინიკები. ეს ყველაფერი მეტყველებს ნამდვილ პარტნიორობაზე.

როცა მე ჩამოვედი, მთავრობა, ამ ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობა ლაპარაკობდა ამაზე, როგორც რეალურ პარტნიორობაზე და ჩემი აქ ყოფნის პირველი სამი თვის განმავლობაში ჩვენ სინამდვილეში მივაღწიეთ პროგრესს ურთიერთობების გაუმჯობესებაში. ეს ხდებოდა ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერ-იანვარში. 2024 წლის იანვრის ბოლოდან მოყოლებული, როცა ისე ჩანდა, რომ საქართველოსთვის ყველაფერი საკმაოდ კარგად მიდიოდა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ჩათვლით, რასაც მხარს უჭერდა აშშ და მხარს ვუჭერდი მე, „ქართული ოცნების“ მთავრობამ, ჩემი აზრით, ერთმანეთის მიყოლებით გადადგა ნაბიჯები, რომლებმაც სულ უფრო მეტად იზოლაციაში მოაქცია საქართველო აშშ-სგან და გადაახვევინა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თავისივე კონსტიტუციური მიზნისგან, გააღიზიანა თავისი უდიდესი პარტნიორები - აშშ და დასავლეთი, ევროპა და ნამდვილად დაიზიანა რეპუტაცია, განსაკუთრებით - ბიზნესის საზოგადოებაში. ვფიქრობ, თქვენმა მსმენელებმა თუ მაყურებლებმა იციან, რა ნაბიჯებმა გამოიწვია ეს და შემიძლია დაწვრილებითაც ვილაპარაკო, მაგრამ გულწრფელად გითხრათ, მართლა ძნელია იმის გაგება, რატომ გააკეთეს ეს?

მე აქ ჩამოვედი მზად, მოსურნე და ღია „ქართულ ოცნებასთან“ მართლა კონსტრუქციულად სამუშაოდ. და ისე აღმოჩნდა, რომ ყოველ ჯერზე, როცა მე აღმოვაჩენდი კარგ პარტნიორს, რომელთანაც პროგრესს ვაღწევდი, ადრე თუ გვიან, ის მინისტრი ან მაღალჩინოსანი იცვლებოდა ანდა მიღებულ გადაწყვეტილებებს ამოაყირავებდა ხოლმე ვიღაც, ვინც მათზე მაღლა იდგა. შედეგი კი არის ის, რომ დღეს ურთიერთობა ჩვენს მთავრობებს შორის ძალიან რთულ მდგომარეობაშია და ვფიქრობ, საქართველოს რეპუტაცია რეალურად დაზიანდა, განსაკუთრებით ბოლო თვეში ანტიდემოკრატიული მოქმედებების, ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრების, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის და ა.შ. გამო. ვფიქრობ, ბევრი აქნევს თავს და სვამს კითხვას - რა ხდება? დიდი ცვლილება მოხდა.

რადიო თავისუფლება: თქვენ ამას იზოლაციას უწოდებთ, არა უფრო მეტს? ეს მხოლოდ იზოლაციაა თუ ქვეყნის ვექტორების გაცილებით მკაფიო შეტრიალება?

რობინ დანიგანი: კვლავ იმას ვიტყვი, რომ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ. არ მინდა სპეკულაცია „ქართული ოცნების“ მოტივებზე, მაგრამ საკუთარ თავს უნდა დაუსვათ შეკითხვა - ბოლო ერთი წლის, წელიწად-ნახევრის განმავლობაში რა მიზნით გადადგეს მათ ნაბიჯების მთელი წყება, რომელმაც ასე გაართულა მათი ურთიერთობები უდიდეს პარტნიორებსა და მოკავშირეებთან?

მთავრობა ბევრს ლაპარაკობს, მაგალითად, სუვერენიტეტზე. ჩვენ ვართ საქართველოს სუვერენიტეტის უდიდესი მხარდამჭერები. ჩვენ ვართ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ გაეროს ყოველწლიური რეზოლუციის უდიდესი მხარდამჭერები. ჩვენ, ფაქტობრივად, ხმების მოპოვებაში ვეხმარებით საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ და ევროპელები ვართ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) ძლიერი მხარდამჭერები, ყოველ რაუნდზე, მას შემდეგ რაც GID დაიწყო. ჩვენ დავეხმარეთ ქვეყნის აღდგენას 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ. ჩვენ ხელი შევუწყვეთ სანდო შეკავების ძალის შექმნას საქართველოს თავდაცვის ძალებსა და სანაპირო დაცვაში. ეს არის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. და მაინც, „ქართული ოცნება“ ყოველდღე საჯაროდ აცხადებს, რომ ჩვენი პარტნიორობა არაფერს ნიშნავს და ელოდება, თუ რას გავაკეთებთ ჩვენი პარტნიორობის სწორ გზაზე დასაყენებლად. და აგრძელებს უარყოფითი რაღაცების თქმას შეერთებულ შტატებსა და ზოგადად დასავლეთზე, რითაც კიდევ უფრო მეტად ახდენს აშშ-სგან იზოლაციას. რატომ? - ნამდვილად რთულია ეს გაიგო.

მე არ უნდა მივმართავდე სპეკულაციას, მაგრამ, ვინაიდან მან ეს თავად თქვა, შემიძლია ვივარაუდო, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის პირად ინტერესებს აყენებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. და მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მასთან შეხვედრა. ტრამპის ადმინისტრაციამ მოითხოვა, რომ მე მას შევხვედროდი და გადამეცა წერილი. მე მოვითხოვე მასთან შეხვედრა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, რომ გვემსჯელა, როგორ დაგვებრუნებინა ჩვენი ურთიერთობა სწორ გზაზე და მან უარი განაცხადა. ამ უარის მის მიერ გამოცხადებული მიზეზი იყო ის, რომ ის სანქცირებულია. მე მგონია, რომ თუკი ქვეყნის დე ფაქტო ლიდერს არ სურს შეხვდეს აშშ-ის ხელმძღვანელობას ან მიიღოს გზავნილი ტრამპისგან, ის ფაქტობრივად თავის პირად ინტერესებს აყენებს ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა.

რადიო თავისუფლება: მან დაწერა, რომ შემოგთავაზათ შეხვედროდით კობახიძეს და აგრეთვე, “დიფ სტეიტის” შეთქმულებაზე დეზინფორმაციის კამპანიის პარალელურად (აქვე, მსურს ჩვენს მაყურებელს გაუზიაროთ თქვენი მოსაზრება „დიფ სტეიტის“ შეთქმულებაზეც), თავად ივანიშვილი, კობახიძე და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები კვლავაც იმეორებენ და ეს 27 ივნისს პარლამენტში გამოსვლისას კობახიძემაც გაიმეორა, რომ მნიშვნელოვანია „სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის“ და რომ ისინი ამისთვის მზად არიან, რომ აშშ-სთან ურთიერთობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. რა კომენტარს გააკეთებდით ამაზე? ვინაიდან აუდიტორიას ესმის განსხვავებული გზავნილები და თავად აუდიტორიაც არის დივერსიფიცირებული.

რობინ დანიგანი: ეს მე არ დამინახავს და გეტყვით რატომ. ჩვეულებრივ, მე არ გავაკეთებდი კომენტარს დახურულ დიპლომატიურ კორესპონდენციაზე ან საუბრებზე, მაგრამ ვინაიდან მთავრობამ გადაწყვიტა ეს გააკეთოს, რამდენიმე მონაცემს მოვიყვან.

ტრამპის ადმინისტრაციის დასაწყისში ვაშინგტონში ჩავედი, რომ შევხვედროდი ახალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს, დავლაპარაკებოდი საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაზე და მქონოდა გზამკვლევი, რა სურდათ, რომ ყოფილიყო მათი პირველი გზავნილი საქართველოს მთავრობისთვის. მე დავბრუნდი ამ შეხვედრებიდან და შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრს და ძალიან მკაფიოდ წარვუდგინე ორი თუ სამი ნაბიჯი, რომელთა გადადგმითაც „ქართული ოცნება“ ხელს შეუწყობდა ურთიერთობების სწორ გზაზე დაბრუნებას. სამი დღის შემდეგ - და კვლავ ვიტყვი, ჩვეულებრივ ამაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ პრემიერმინისტრმა თავად თქვა ამის შესახებ - „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის, პირადი წერილი. ეს არ არის საჯარო წერილი, რომელიც, გულწრფელად გეტყვით, იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში. უკიდურესად ცუდად. ამიტომ, დაგვჭირდა გარკვეული დრო პასუხის მოსაფიქრებლად. ეს მართალია. და ვფიქრობ, გარკვეული დრო დაგვჭირდა იმიტომ, რომ ხალხი ძალიან გაოცებული იყო ასეთი წერილის გამოგზავნით ერთი ქვეყნის ხელისუფლების მიერ ჩემი ქვეყნისთვის. ამასობაში, სანამ ჩვენ პასუხზე ვფიქრობდით, პრემიერმინისტრმა გამოაქვეყნა ღია წერილი. და მაშინ მე მივედი პრემიერმინისტრთან და ვუთხარი, რომ მაქვს პასუხი სახელმწიფო მდივან რუბიოსგან, რომელმაც მთხოვა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს გადავცე. ბიძინა ივანიშვილმა თქვა არა. პრემიერმინისტრს ნებისმიერ დროს სიამოვნებით შევხვდები. ცალკე მას არ უთხოვია ჩემთან შეხვედრა. მაგრამ, მე მითხრეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ეს წერილი გადამეცა პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მან თქვა არა. ჩემთვის არ უთხოვიათ, რომ ის პრემიერმინისტრისთვის მიმეცა. ასე რომ, ყველაზე უცნაური ის არის, რომ...

რადიო თავისუფლება: იკითხეთ ვაშინგტონში, რატომ უნდა გადაგეცათ ივანიშვილისთვის და არა პრემიერმინისტრისთვის?

რობინ დანიგანი: ვფიქრობ, მსოფლიოში ადამიანების უმრავლესობამ იცის, რომ მთავრობას მართავს ბიძინა ივანიშვილი.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ, რასაც ის ითხოვს - ურთიერთობების სწორ გზაზე დაბრუნებას, ეს არც ისე რთულია. ერთ-ერთი პირველი რამ, უპირველესად გადასადგმელი ნაბიჯი იქნებოდა ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა, ხომ გესმით - აშშ-ის შესახებ ისეთი რაღაცების თქმა, რაც არ არის სიმართლე. „ქართული ოცნება“ ამბობს უამრავ რამეს აშშ-ზე, რაც არ არის სიმართლე: რომ ჩვენ ვცდილობდით აქ მეორე ფრონტის დაწყებას - არ არის სიმართლე; რომ ჩემი წინამორბედი ცდილობდა აქ რევოლუციის გაღვივებას - არ არის სიმართლე; რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არის პარტნიორობა მხოლოდ ქაღალდზე - არ არის სიმართლე; რომ მე ჩემმა მთავრობამ გამიწვია - არ არის სიმართლე. შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო ჩამოთვლა.

ამერიკას საქართველოსგან, „ქართული ოცნებისგან“ რაც ყოველთვის სურს, ეს არის პარტნიორობის ერთად შენება, ორმხრივად სასარგებლო გზით. მე აქ ჩამოვედი სრულიად განწყობილი, რომ ეს მეკეთებინა ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც აირჩია ქართველმა ხალხმა და როცა მე ჩამოვედი, ეს იყო „ქართული ოცნება“. სიამოვნებით გავაგრძელებდი ამის კეთებას, თუმცა სამწუხაროდ, მთავრობის მოქმედებებმა ეს ძალიან გაართულა. ვფიქრობ, ვაშინგტონში 

საქართველოს რეპუტაციაზე გავლენის ნაწილობრივ დანახვა შეგიძლიათ MEGOBARI აქტით. ამ კანონმდებლობას ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს რესპუბლიკელებისა და დემოკრატებისგან და ის „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს ზოგიერთი ანტიდემოკრატიული, ანტიამერიკული ქმედებისთვის, რომელსაც ის ახორციელებს.

რადიო თავისუფლება: რა შეგიძლიათ თქვათ MEGOBARI აქტის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე და მისი საბოლოოდ მიღების, ხელმოწერისა და საბოლოოდ, ამოქმედების პერსპექტივაზე?

რობინ დანიგანი: მან გაიარა წარმომადგენელთა პალატა, აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით, ორპარტიული მხარდაჭერით. ახლა ის არის სენატში. სენატში რამდენიმე ადამიანისგან მოვისმინე, რომ მათი აზრით, ეს კანონი საბოლოოდ გავა. ალბათ იცით, სენატი გასულ თვეში ბევრს მუშაობდა სხვა კანონმდებლობაზე. თუმცა, პოლიტიკური მნიშვნელობა მართლაც დიდია, ვინაიდან ის გაჩვენებს როგორ აღიქმება ამ მთავრობის მოქმედებები რესპუბლიკელებისა და დემოკრატების მიერ ჩვენს კონგრესში. ეს არ არის აღმასრულებელი შტო და კონგრესი არ ლაპარაკობს აღმასრულებლის სახელით, მაგრამ ცალსახაა, რომ იქ არიან ძალიან გავლენიანი პოლიტიკოსები, რომლებსაც აქვთ ურთიერთობა აღმასრულებელ შტოსთან და ვფიქრობ, ეს ნაწილობრივ გაჩვენებს რა მოსდის საქართველოს რეპუტაციას.

შესაძლოა, ერთ-ერთი ელემენტი, რომელზეც ადამიანები იმდენად ბევრს არ ლაპარაკობენ, არის ბიზნესის ელემენტი. მე ეკონომიკური განათლება მაქვს და აქ ჩამოვედი ძალიან მოწადინებული გამეძლიერებინა ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები და მქონდა რამდენიმე კარგი საუბარი ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან იმაზე, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ამის მისაღწევად. საბოლოოდ, ამერიკული ინვესტიციის გაზრდა საქართველოში ძალიან გართულდა, რადგან საქმიანი ადამიანების მიერ საქართველო სულ უფრო მეტად აღიქმებოდა ქვეყნად, რომელიც რუსეთს, ირანსა და ჩინეთს უახლოვდება. იყო მზარდი შეშფოთება უსაფრთხოების გამო. იყო მზარდი შეშფოთება კანონის უზენაესობასა და მართლმსაჯულების სისტემაზე და ჩვენ დავინახეთ, რომ აშშ-ის კომპანიების უმრავლესობამ შეაჩერა აქ ინვესტიციების გაფართოების ან ახალი ინვესტიციების ჩადების ნებისმიერი გეგმის განხორციელება და სინამდვილეში, ვფიქრობ, რომ ციფრების უმეტესობა აჩვენებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო ერთი წლის განმავლობაში 35-40%-ით შემცირდა. ასე რომ, ამ ქმედებებს რეალური გავლენა აქვს. და კითხვაა, რატომ?

რადიო თავისუფლება: გუშინ, აშშ-ის საელჩოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, როგორც ჩვეულებრივ ხდება, ვნახეთ მხარდამჭერი, სპონსორი კომპანიები - ქართული და ერთობლივი კომპანიები. გიზიარებთ თუ არა ქართული ბიზნესი თავის გზავნილებს, სიგნალებს თავიანთ პრობლემებსა და შფოთვაზე?

რობინ დანიგანი: აბსოლუტურად. ამ ქვეყნის ეკონომიკის ლიდერებისგან, კერძო სექტორისგან მუდმივად მესმის. და რაც მესმის, არის ის, რომ ისინიც შეშფოთებული არიან იმით, რაც მოსდის საქართველოს რეპუტაციას. იცით, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ქართველი ბიზნესმენების დიდი ჯგუფები ჩამყავდა აშშ-ში ჩვენს ერთ-ერთ საინვესტიციო კონფერენციაზე. მე ვეხმარებოდი მათ შეხვედრების მოწყობაში თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში, განვითარების საფინანსო კორპორაციასთან, რითაც ხელს ვუწყობდი აშშ-სთან მათი ეკონომიკური კავშირების გაზრდას, რომ ქართველებისთვისაც და ამერიკელებისთვისაც სარგებლიანი ყოფილიყო. და მე ვიცი, რომ ბიზნესის იმ ლიდერებიდან ბევრი და სხვებიც, ვისაც აქ ვესაუბრები, შეშფოთებული არიან თავიანთი კომპანიების რეპუტაციული ზიანის გამო, აქ მიმდინარე პოლიტიკური ქმედებების გათვალისწინებით. და კიდევ ერთხელ, ეს ნამდვილად იმედგაცრუებაა, რადგან ვფიქრობ, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, იყოს რეგიონული ლიდერი, იყოს რეგიონული ლიდერი „შუა დერეფანში“. ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ამის შეცვლა, თუ მოინდომებს. ეს არც ისე რთული იქნება.

რადიო თავისუფლება: როცა “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდით, მესმის ეს არ იყო საჯარო შეხვედრა, მაგრამ, რომ ვიცოდეთ, იყენებდა ის “დიფ სტეიტის” შეთქმულების ტიპის საკითხებს თქვენთან საუბრის დროს?

რობინ დანიგანი: დიახ, არ გავაკეთებ კომენტარს საგარეო საქმეთა მინისტრთან პირისპირ შეხვედრის შესახებ, მაგრამ ვილაპარაკებ “დიფ სტეიტზე”. “ქართული ოცნება” “დიფ სტეიტს” სულ იყენებს.

რადიო თავისუფლება: ისინი იყენებენ ამას საჯაროდ.

რობინ დანიგანი: ადრე ეს იყო “გლობალური ომის პარტია”, ეს ერთგვარი შეთქმულების მსგავსი „გლობალური ომის პარტიაა“, უფრო დიდი ძალები, დიდი ბანკები, რომლებიც ომიდან მოგებას იღებენ.

რადიო თავისუფლება: ეს დაიწყო თქვენს ჩამოსვლამდე.

რობინ დანიგანი: დიახ. შემდეგ ეს გადაიქცა “დიფ სტეიტად”.

რადიო თავისუფლება: მაშინ ამბობდით, რომ ეს სასაცილოა.

რობინ დანიგანი: ეს არის სასაცილო. უცნაურია. შეთქმულებითია და სასაცილოა. ისინი ამას იყენებდნენ იმის სათქმელად, რომ… “ქართული ოცნების” ზოგიერთი წევრი ამბობს, რომ საელჩო არის “დიფ სტეიტის” ნაწილი. არა, არ ვართ. ჩვენ წარმოვადგენთ აშშ-ის მთავრობას: სახელმწიფო მდივანსა და აშშ-ის პრეზიდენტს. ჩვენ ვახორციელებთ მათ პოლიტიკას. ჩვენ ვახორციელებთ პრეზიდენტის პოლიტიკას: გახადე ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი, უფრო აყვავებული. ჩვენ ამას ვაკეთებთ და ვცდილობთ ეს ქართველებთან ერთად ვაკეთოთ.

იცით, არ მომწონს ამ ინტერვიუში მხოლოდ მთავრობასთან ძალიან რთულ და დაძაბულ ურთიერთობაზე რომ ვლაპარაკობთ, რადგან სინამდვილეში ძალიან მომეწონა აქ გატარებული დრო, ძალიან მომეწონა ამერიკელებსა და ქართველ ხალხს შორის არსებული ურთიერთობის გამო. და 33-წლიანი ცხოვრებისა და მთელ მსოფლიოში მუშაობის განმავლობაში, არასდროს შემხვედრია ასეთი თბილი და გულუხვი ადამიანები, რომლებსაც ასეთი საოცარი კულტურა აქვთ და ყველას უღებენ გულსა და სახლის კარს და ისინი ერთგულნი არიან იმისა, რომ ეს ქვეყანა გახდეს დასავლური დემოკრატიების ოჯახის ნაწილი, რომელსაც, ყველამ იცის, რომ მიეკუთვნება საქართველო. ასე რომ, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის საქართველოში მიღებული გამოცდილება საოცარი იყო ქართველი ხალხის წყალობით.

რადიო თავისუფლება: დარწმუნებული ვარ, მაგრამ სწორედ ეს ადამიანები არიან გასაჭირში. ანუ, მათი მისწრაფების პერსპექტივა სრულებით არ არის ნათელი.

და, რას იტყოდით ისეთ მოვლენაზე, რომელიც გუშინ გამოვლინდა? - გაირკვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირანის საელჩოს ეწვია. რამდენად მგრძნობიარეა აშშ-სთვის საქართველოს ასეთი სახის ურთიერთობა? რამდენად მნიშვნელოვანია ეს აშშ-სთვის?

რობინ დანიგანი: ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ადმინისტრაციისთვის. თუკი ქვეყნები ზრდიან, ქმნიან და აძლიერებენ კავშირებს ირანთან ან ჩინეთთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ადმინისტრაციისთვის. და კვლავ ჰკითხეთ საკუთარ თავს იმის შესახებ, რომ ამავდროულად საჯაროდ აკრიტიკებ და სიცრუეს ამბობ აშშ-ზე და მიმართავ ისეთ ქმედებებს, რომლებიც იცი, რომ გააუარესებს შენს ურთიერთობას აშშ-სთან, რომელიც ათწლეულებია შენი უძლიერესი მხარდამჭერია - რატომ უნდა სჩადიოდე ერთი მხრივ ამას და მეორე მხრივ დგამდე ნაბიჯებს, რომლებიც მიანიშნებს, რომ ცდილობ დაახლოებას ირანთან და ჩინეთთან? - ეს ჩემთვის აუხსნელია და არ ვაპირებ ამისი ახსნა ვცადო, მაგრამ ვფიქრობ, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ - რატომ?

რადიო თავისუფლება: თქვენ დაიწყეთ ჩამოთვლა და დაასახელეთ მხოლოდ ერთი პუნქტი - შეწყვიტეთ აშშ-ზე ცუდის ლაპარაკიო, მაგრამ ხომ ვერ შეძლებდით მეტის თქმას პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს „უმთავრეს პრიორიტეტებსა და ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც შეუძლია საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულების საჩვენებლად“? შეგიძლიათ მეტის თქმა, კიდევ ერთი ან ორი რამის გაზიარება?

რობინ დანიგანი: გავიმეორებ, რომ არ მსურს დეტალურად ვილაპარაკო ჩვენს პირისპირ საუბრებზე. მე პატივს ვცემ დიპლომატიური მიმოწერის წესს და ვცდილობ მის დაცვას, მაგრამ არა მგონია რთულად გასაგები იყოს რა არის ჩემი ადმინისტრაციის პრიორიტეტები, რადგან ისინი ძალიან მკაფიოდ გამოხატავენ ამ პრიორიტეტებს: გახადე ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო აყვავებული.

მე ძალიან კონკრეტული ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრთან და ძალიან კონკრეტული ვიქნებოდი ბიძინა ივანიშვილთანაც ორ ან სამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რისი გაკეთებაც მთავრობას შეეძლო. პირველს სიამოვნებით ვამბობ ხმამაღლა: შეწყვიტეთ ანტიამერიკული რიტორიკა და დეზინფორმაცია აშშ-ზე. თუმცა, არა მგონია, ასეთი რთული იყოს ჩემი ადმინისტრაციის, ჩემი პრეზიდენტის პოლიტიკის ნახვა და იმის მიხვედრა, თუ რა ქმედებების განხორციელება შეიძლება ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. იმის თქმა, რომ ჩვენზე, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული, გავაკეთოთ რაღაც მეტი, ვიდრე უკვე გავაკეთეთ საქართველოსთვის და რომ ბურთი ჩვენს მოედანზეა, ჩემი აზრით, არის სტრატეგია, რომელსაც დიდად აზრი არ აქვს.

რადიო თავისუფლება: თქვენი აქ ყოფნის განმავლობაში საერთოდ არ მოგცემიათ შესაძლებლობა პირადად შეხვედროდით ივანიშვილს?

რობინ დანიგანი: მან ეს ძალიან მოკლე დროში, ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში გააკეთა - შეგვატყობინა, რომ სურდა შეხვედრა. ეს იყო...

რადიო თავისუფლება: 2023-ში?

რობინ დანიგანი: 2024-ში, ზუსტად თქვენს არჩევნებამდე, დაახლოებით მაგ დროს, და ვფიქრობ, რომ მაშინ მე და ჩემმა ხელმძღვანელობამ ვაშინგტონში გადავწყვიტეთ, რომ ეს იყო ძალიან ახლოს არჩევნებთან, ზუსტად არჩევნების წინ. თუ სწორად მახსოვს, ძალიან ახლოს იყო თქვენს არჩევნებთან და შემდეგ ვითარება აქ ძალიან სწრაფად ძალიან გართულდა 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ, რომ „ქართული ოცნება“ აჩერებდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. პროტესტი დაიწყო. დაიწყო მომიტინგეების ძალადობრივი დარბევა და ეს იყო ძალიან რთული დრო მასთან შესახვედრად. ასე რომ, ის ძალიან პატარა ფანჯარა იყო. ეს ბაიდენის ადმინისტრაციის დასასრულს ხდებოდა. მაგრამ, მან არ მიიღო ტრამპის ადმინისტრაციის შეთავაზება, რომ მე შემხვედროდა.

რადიო თავისუფლება: ერთი გზავნილი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, რომელიც რჩება და აგრძელებს ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას.

რობინ დანიგანი: შესანიშნავი შენიშვნაა დასასრულებლად, ვინაიდან გუშინ, ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე ჩემი გამოსვლა შეეხებოდა დემოკრატიას და მის უმთავრეს პრინციპებს: დაპირებას, ვალდებულებასა და ოპტიმიზმს. დემოკრატიის ვალდებულება კი ის არის, რომ ყველამ ვიმუშაოთ ჩვენი თავისუფლებების დასაცავად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომავალმა თაობებმა ისარგებლონ ამ თავისუფლებებით.

სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია აქ წარმოუდგენლად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სამოქალაქო საზოგადოება ხელს უწყობს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ცდილობს უზრუნველჰყოს, რომ შშმ პირებს ჰქონდეთ აქ უფლებები, ცდილობს უზრუნველჰყოს, რომ ხანდაზმულ ადამიანებს ჰქონდეთ უსაფრთო საცხოვრისი. სამოქალაქო საზოგადოება ცდილობს იმის უზრუნველყოფას, რომ კანონის უზენაესობა იყოს ყველასთვის ამ ქვეყანაში. ესაა ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ იმის უზრუნველყოფას, რომ ფუნქციური დემოკრატიის ძირითადი ელემენტები გადარჩეს. ნამდვილად შემაშფოთებელია, რომ ისინი სამიზნედ იქცნენ იმის გამო, რომ მათი ზოგიერთი შეხედულება ეწინააღმდეგება მთავრობის შეხედულებებს.

დამოუკიდებელი მედია კიდევ უფრო მეტად არის მიზანში ამოღებული. მით უმეტეს, დეზინფორმაციის - კრემლიდან, მთელი მსოფლიოდან დეზინფორმაციის დღევანდელ ეპოქაში, დამოუკიდებელ მედიას, რომელიც სიმართლეს აფიქსირებს, არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი დემოკრატიისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ დემოკრატიის უმთავრესი ელემენტები: სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები... არ ხართ ვალდებული მათ ხმა მისცეთ, მაგრამ ყველა მათგანის ციხეში ჩასმით, თითქმის გარანტირებულია, რომ არ გექნებათ ფუნქციონირებადი დემოკრატია და ვფიქრობ, ისტორიის ამ მომენტში იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, რომ ყველამ გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია იმის უზრუნველსაყოფად, რომ დემოკრატიული თავისუფლებები მივცეთ ჩვენს შვილებს. ასე რომ, ამ ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას და ყველა ქართველს ვუსურვებ წარმატებებს ამ საქმეში.

რადიო თავისუფლება: გმადლობთ და წარმატებას გისურვებთ თქვენც.

რობინ დანიგანი: გმადლობთ, ნინო.

წყარო https://www.radiotavisupleba.ge/

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის