USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
რითი დაიმსახურა თბილისმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხრიდან შექება?
дата:  881

ამ კვირაში სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა ერგნეთში განაცხადა, რომ ბოლო თვენახევარი ყველაზე მშვიდი იყო, სადემარკაციო ხაზზე სამშვიდობო ფორმატში შეხვედრების დაწყებიდან. პარასკევს სოხუმმა ასევე კმაყოფილება გამოთქვა, რომ „საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სიტუაციას აკონტროლებს“. დროთა განმავლობაში ეს განცხადებები დაემთხვა საქართველოში შიდა პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც დაკავშირებულია ხელისუფლების განზრახვასთან, მიიღოს „რუსული კანონი“ უცხოელ აგენტებზე. თუ ვიმსჯელებთ პრესაში და სოციალურ ქსელებში გამართული დისკუსიების მიხედვით, ბევრმა ეს ნაბიჯი  ოფიციალური თბილისის პრორუსული კურსის მხარდაჭერის აქტად მიიჩნია. რა იყო ეს - დამთხვევა თუ რაიმე სახის მხარდაჭერა?,

„მინდა ვთქვა, 17 იანვრის ბოლო შეხვედრიდან დღემდე პერიოდი ინციდენტების კუთხით ყველაზე მშვიდია. შეიძლება ითქვას, რომ ამ შეხვედრების დაწყებიდან, ზოგადად, ყველაზე მშვიდია. ჩვენ არ გვქონია დამრღვევის დაკავება, ანუ ქართული მხრიდან სახელმწიფო საზღვრის დამრღვევი არ ყოფილა. ჩვენ გვქონდა მინიმალური რაოდენობის ინციდენტები უპილოტო საფრენი აპარატების ფრენებთან დაკავშირებით. საზღვრის დარღვევა საქართველოს უშიშროების უწყებების - პოლიციისა თუ სხვა შეიარაღებული პირების მხრიდან არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე მშვიდობიანი პერიოდი იანვრის შუა რიცხვებიდან დღემდე.

თავის მხრივ, აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა სიტუაციას აკონტროლებს“.

აქამდე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას კომპლიმენტური განცხადებებით არ ანებივრებდნენ, ამიტომ ბევრი დამკვირვებელი ამ განცხადებებს საქართველოში არსებულ კრიზისულ ვითარებასთან მიმართებაში განიხილავს, რომელიც დაკავშირებულია ქართული ოცნების მცდელობებთან, მიიროს ე.წ. პუტინის კანონი უცხოური აგენტების შესახებ და ეს განცხადებები თითქმის ოფიციალური თბილისის პრორუსული კურსის მხარდაჭერის აქტად მიიჩნია.

ოსი პოლიტოლოგი ვიაჩესლავ გობოზოვი ამ ვერსიებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს:

„ეს მხოლოდ შეთქმულების თეორიაა. ცხინვალსა და სოხუმში, რა თქმა უნდა, ესმით, რომ საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა არ არის საუკეთესო, მაგრამ მათი ამჟამინდელი ოპონენტები კიდევ უფრო უარესები არიან. მაგრამ, მეორე მხრივ, სამხრეთ ოსეთსაც და აფხაზეთსაც კარგად ესმით: მათთან მიმართებაში, როგორც მოქმედი ხელისუფლება, ასევე მათი ოპონენტები ერთიანდებიან და თუ საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა არ საუბრობს პრობლემის სამხედრო გადაწყვეტაზე, ეს იმის გამო კი არ არის, რომ ისინი უფრო მშვიდობიანები არიან ვიდრე წინამორბედები, არამედ იმიტომ, რომ ისინი უფრო ფხიზლად აფასებენ რუსეთის ფაქტორს და ხვდებიან, როგორ შეიძლება ეს მოხდეს. მათ უკვე ჰქონდათ სააკაშვილის მაგალითი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ახლანდელ ხელმძღვანელობაში უფრო ფხიზელი ხალხია, მაგრამ ცხინვალისა და სოხუმის რიტორიკა საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებასთან არაფერ შუაშია.

- მოსკოვი ვერ სთხოვს ან დაავალებს სოხუმს და ცხინვალს, მხარი დაუჭირონ საქართველოს ხელმძღვანელობას?

- არა, მოსკოვი არ აძლევს მათ მსგავს მითითებებს, რადგან ფხიზელი აფასებს საქართველოში არსებულ ვითარებას და, ალბათ, ბევრად მეტი ინფორმაცია აქვს და ბევრად მეტი ესმის, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის განცხადებები არანაირ როლს არ ითამაშებს შიდაქართულ დაპირისპირებაში. მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შიგნით ზიანის მეტი არაფერი მოუტანს. ამიტომ მოსკოვი ასეთ მითითებებს არ იძლევა. მას აქვს საკმარისი ბერკეტი, რათა სამხრეთ ოსური და აფხაზური ფაქტორის გარეშე ცდილობდეს სასურველი შედეგის მიღწევას“.

ვიაჩესლავ გობოზოვის თქმით, იეგორ კოჩიევის განცხადება უფრო მეტად არის საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევის მცდელობა სამშვიდობო ფორმატების და ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობაზე.

ეუთოს, გაეროს და ევროკავშირის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა, დამკვიდრებული პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, ცალმხრივად, შეხვედრების მონაწილეებთან კონსულტაციების გარეშე, გადადეს ჟენევის დისკუსიები თებერვლიდან აპრილამდე და ეს მიუხედავად იმისა, რომ მთელი გასული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ტური იყო, შემდეგ კი შეკვეცილი ფორმატით. თავის განცხადებაში, ვიაჩესლავ გობოზოვის აზრით, იგორ კოჩიევმა აღნიშნა ამ შეხვედრების მნიშვნელობა და ფორმატის შემცირების დაუშვებლობა:

„სამშვიდობო ფორმატი, განსხვავებით ჟენევის დისკუსიების ფორმატისაგან, ყოველთვის უფრო ეფექტურად მუშაობდა. აქ  გარკვეული ტაქტიკური საკითხები მაინც გვარდებოდა. ამავდროულად, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ჯერ კიდევ ესმით, რომ ჟენევის დისკუსიები, იქნება ეს კარგი თუ ცუდი, ერთადერთი პლატფორმაა, სადაც შეიძლება ასე მაღალ დონეზე საკუთარი პოზიციის გამოხატვა და დაცვა. ამ მხრივ სრულიად გასაგებია ამ ფორმატის შენარჩუნების სურვილი, მიუხედავად ყველა იმ პრობლემისა, რომელიც ახლახან წარმოიშვა. ამ თვალსაზრისით, იგორ კოჩიევის განცხადება იყო დემონსტრაციული სიგნალი იმისა, რომ მოლაპარაკების პროცესი არ უნდა დაიმარხოს, ის შემდგომში უნდა გაგრძელდეს“.

ამ ვერსიას ეთანხმება საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის ანალიტიკოსი ოლესია ვარტანიანი. მისი თქმით, სოხუმსა და ცხინვალში განცხადებები ჟენევის მოლაპარაკებების რაუნდის გადადების გამო შეშფოთების დემონსტრირებაა.

„ისე მოხდა, რომ მოსკოვში, სოხუმსა და ცხინვალში მოლაპარაკებების აპრილისთვის გადადების შესახებ განცხადება თანათავმჯდომარეების ცალმხრივ გადაწყვეტილებად იქნა მიჩნეული. უკრაინის ომის ფონზე, მათ ეს აღიქვეს, როგორც დასავლეთის ოპონენტების ინდულგენცია, რომლებიც თვლიან, რომ რუსეთს ახლა სხვანაირად სჭირდება საუბარი და არა ისე, როგორც ადრე. ამ თემაზე სპეციალური განცხადებები გაკეთდა მოსკოვში, სოხუმში და ცხინვალში. სხვათა შორის, ყველაზე დაბალანსებული განცხადება გაკეთდა ცხინვალში, რადგან თავიდანვე ხაზი გაუსვეს იმ ფორმატის შენარჩუნების აუცილებლობას, რომელიც ითვალისწინებს გამყოფი ხაზის გასწვრივ სტაბილურობის კონტროლს.

- ანუ, ეს განცხადებები არ არის ერთგვარი შეურაცხყოფა თბილისის მიმართ?

„ეს არ არის რევერანსები. ეს არის ფაქტი: გასული წლის განმავლობაში, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, სტაბილურობა გამიჯვნის ხაზის გასწვრივ ბევრად უფრო მართვადი გახდა. მე ვესაუბრები არა მარტო უცხოელ შუამავლებს, არამედ ამ პროცესების მონაწილეებსაც და ისინი ამბობენ, რომ 2008 წლიდან, გასული წელი საუკეთესო იყო სტაბილურობის თვალსაზრისით: როდესაც იყო რაიმე ინციდენტი, ისინი საკმაოდ სწრაფად გვარდებოდა. მაშინაც კი, როდესაც სამართალდამცავ უწყებებში ხდებოდა გარკვეული წარსულის მქონე ადამიანების დაკავება, ისინი საკმაოდ სწრაფად თავისუფლდებიან და მათ არ აპატიმრებენ ხანგრძლივი ვადით, როგორც ეს ხშირად ხდებოდა ადრე. ერთის მხრივ, ეს იმის მტკიცებულებაა, რომ რუსეთს დღეს არ სჭირდება თავისი რესურსების გაფანტვა რაიმე დამატებით ფრონტზე. როცა მათ ვხვდები, ისინი თავად მეუბნებიან ამას: მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობის შენარჩუნება, რომ არ იყოს საჭირო, მაგალითად, რაიმე დიპლომატიური დავის დაწყება უკრაინის გარდა სხვა მიმართულებით. მეორე მხრივ, არის საქართველოს ხელმძღვანელობა, რომელიც აცხადებს საკუთარ ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების პოლიტიკას. ინტერესთა ასეთი დაახლოება. რაც შეეხება შედეგებს, რომლებსაც იგორ კოჩიევი აცხადებს, მათ უკან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დგას კონკრეტული მტკიცებულებები“.

წყარო - https://www.ekhokavkaza.com/a/32298323.html

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати