USD 2.8323
EUR 2.9742
RUB 2.7300
თბილისი
რატომ ითხოვს რუსეთის იმპერიის არსებობა მმართველად არარუსს
თარიღი:  1934

ყველა სახელმწიფოს, განსაკუთრებით, იმპერიული წარსულისა და ამბიციების მქონეს, განვითარების მხოლოდ თავისთვის ორგანული ლოგიკა ახასიათებს, რის ცოდნაც, უდავოდ, აადვილებს ამ სახელმწიფოს ქცევის სავარაუდო მოდელისა და მიზნის ამოცნობას. აგრეთვე, მოსალოდნელი საფრთხეების გამოთვლასა და, ცხადია, პრევენციას. იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს რუსეთის კვლევის ინსტიტუტი (ისევე, როგორც არც სხვა დანარჩენი ქვეყნებისა), საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ვახტანგ გურულის დახმარებით შევეცდებით რუსული სახელმწიფოს ისტორიულად ჩამოყალიბებული სტრატეგიისა და ტაქტიკის ამოცნობას.

 

მოქმედების რა გენერალური ხაზი გასდევს დღიდან იმპერიის ჩამოყალიბებისა რუსულ სახელმწიფოს და თუ იცვლებოდა, რუსეთის იმპერიის პოლიტიკა ბოლო ორი თუ სამი საუკუნეა?

რუსეთის იმპერია ჩამოყალიბებას იწყებს მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულიდან და ამ პროცესს საფუძველი ჩაუყარა პეტრე პირველმა, რომელმაც 1721 წელს ოფიციალურად მიიღო იმპერატორის ტიტული. შემდეგ ეს პროცესი ოდნავ შეფერხდა და რუსეთში სახელმწიფოებრიობა გარკვეულწილად დაკნინდა, სანამ სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ტახტზე არ ავიდა ეთნიკურად გერმანელი იმპერატორი ეკატერინე მეორე. შეიძლება, ითქვას, რომ ამ პერიოდში დასრულდა რუსეთში იმპერიის ჩამოყალიბების პროცესი. მართალია, პეტრე პირველი მამით ეთნიკური ქართველი იყო, ეკატერინე კი ორივე მხრიდან –  ეთნიკური გერმანელი, მაგრამ ორივე რუსი მოღვაწე იყო და არც პეტრეს თავისი ქართველობით და არც ეკატერინეს თავისი გერმანელობით, რუსეთისთვის არანაირი ზიანი არ მოუტანია. როდესაც 1696 წელს პეტრე პირველი ერთმმართველი გახდა, რუსეთი წარმოადგენდა ტიპურ რუსულ სამყაროს. მაგრამ პეტრემ დაინახა, რომ ასე რუსული სახელმწიფო ვერ აღორძინდებოდა და ყველა მისი რეფორმის განმხორციელებლები იყვნენ უცხოტომელები, ძირითადად, გერმანელები. პეტრე პირველისა და ეკატერინე მეორის შედარებისას ერთმა ძალიან ნიჭიერმა რუსმა თქვა: პეტრე პირველმა ჩვენ გვაქცია ევროპის მოქალაქეებად, მაგრამ ეკატერინემ გაგვახსენა, რომ ჩვენ მაინც რუსები ვართო. უცხო, ანუ გერმანულ-სკანდინავიური და რუსული ელემენტები ეკატერინე მეორის ხელში ისევ შეერწყა ერთმანეთს და ეს გახდა რუსული იმპერიის საფუძველი.

როგორ მოქმედებდა ეს იმპერია, რა სტრატეგია და ტაქტიკა გამოიკვეთა?

Картинки по запросу "ეკატერინე დიდი"რუსეთის იმპერიის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო უცხო ელემენტი. ანუ იმპერიის საგარეო და საშინაო პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებაში უცხო ელემენტის არსებობა იყო ამ იმპერიის პირველი ნიშანი. რაც შეეხება მეორე ელემენტს: თუმცა პეტრე პირველმა დაიწყო რუსეთის ევროპეიზაცია, რუსეთი მაინც განსხვავდებოდა ევროპისგან. იმ დროის და ცოტა უფრო ადრეული ევროპა ვითარდებოდა არა სივრცეში, არამედ –  თვისებრივად. რუსეთმა ევროპიდან ეს თავისებურება არ აიღო, ამიტომ ის ვითარდებოდა არა თვისებრივად, ანუ სიღრმეში, არამედ –  სივრცეში. ახლებური პოლიტიკური აზროვნება, ახალი ტექნოლოგიები კი არ შედიოდა, არამედ ახალი მიწების დაპყრობა იყო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება. ეს პროცესი დაიწყო პეტრე პირველმა, რომელმაც სცადა გასვლა შავიზღვისპირეთში, გაჭრა გასასვლელი ბალტიის ზღვაზე, სცადა შესვლა ბალკანეთში, მაგრამ წარუმატებლად, მოლდოვას ვერ გასცდა; თუმცა დიდი წარმატება მოიპოვა უკრაინაში; უკვე ეკატერინემ კი მთლიანად დაიპყრო უკრაინა. მეთვრამეტე საუკუნის ბოლოდან წაიწია იმპერიამ ყაზახეთისა და შუა აზიის მიმართულებით. ეს იყო პეტრე პირველისა და ეკატერინე მეორის იმპერატორობისას იმპერიის სივრცეში განვითარების გამოვლინება.

გაფართოების მიმართულებები როგორ განისაზღვრებოდა თუ სპონტანური იყო. რა სტრატეგია იკვეთებოდა?

პეტრე პირველისა და ეკატერინეს დროს გამოიკვეთა შემდეგი სტრატეგია: დასავლეთი ევროპა უნდა ჩაიკეტოს ბალტიის ზღვამდე. ბალტიისპირეთში არ უნდა დაუშვან ევროპის ქვეყნები; მეორე მიმართულება იყო: უკრაინა, ბელორუსია, მოლდავეთი, სადაც, ასევე, არავის დაშვება არ შეიძლებოდა. მესამე –  შავი ზღვა უნდა გამხდარიყო რუსეთის. ამ პოლიტიკის მიზანი იყო ოსმალეთის, როგორც სახელმწიფოს და სპარსეთის, როგორც სახელმწიფოს დანგრევა და მათ ადგილას ქრისტიანული ხალხებისგან უნდა შექმნილიყო ქრისტიანული სახელმწიფოები.

Картинки по запросу "პეტრე პირველი"დავუშვათ, სპარსეთთან და ოსმალეთთან სარწმუნოებრივი შეუთავსებლობაც ჰქონდა, იმას გარდა, რომ იმ ორსაც იმპერიული განზრახვები ამოძრავებდა, მაგრამ ევროპასთან დაახლოებას რატომ აღიქვამდა საფრთხედ რუსეთის იმპერია?

ევროპასთან რუსეთს თავისებური ურთიერთობა ჰქონდა. ევროპა რუსეთში, ამ უხეშ ძალაში, ხედავდა საფრთხეს; რუსეთი კი განვითარებულ ევროპაში ხედავდა საფრთხეს. ევროპა ასე აფასებდა: მოვა ეს უხეში რუსეთი და ჩაგყლაპავს. ბალტიის ზღვასთან კი არ შეჩერდება, არამედ უფრო შორს გადაიტანს თავის აგრესიას. დაპირისპირებას განაპირობებდა ევროპის შიში ველური რუსეთისადმი და რუსეთის შიში განვითარებული ევროპისადმი. პეტრე პირველმა ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომლის არსი მაშინ თითქმის ვერავინ გაიგო. საუკუნეების განმავლობაში დედაქალაქი იყო მოსკოვი, მაგრამ სრულიად მოულოდნელად სადღაც ბალტიის ზღვაში მდინარე ნევის ჩადინების ადგილას, ერთ-ერთ პატარა კუნძულზე, პეტრე პირველმა დაიწყო ქალაქის დაარსება, რომელსაც საბოლოოდ დაერქვა სანკტ-პეტერბურგი. რისთვის იყო ეს საჭირო? რუსეთს ჰქონდა უზარმაზარი სამხედრო ძალა, მაგრამ ის მოსკოვიდან ევროპაზე ვერ იბატონებდა, მხოლოდ გააკონტროლებდა მას. ევროპაზე რომ ებატონა, სხვა სამხედრო-პოლიტიკური ცენტრი უნდა აეშენებინა უშუალოდ რუსეთიდან ევროპისკენ გამავალ კარიბჭეში და ეს იყო სწორედ ფინეთის ყურე. პეტერბურგი არის ევროპის გულში პირდაპირ დამიზნებული ცენტრი, საიდანაც რუსეთი თავის აგრესიას ახორციელებს. ამიტომ ეშინია ევროპას. ევროპელი პოლიტიკოსები ზუსტად ხვდებიან, რაში სჭირდება ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთს; რატომ წაართვა შვედეთს ფინეთი: ფინეთი არის სტრატეგიული წერტილი, რომლითაც რუსეთი ბატონობს სკანდინავიაზე და შემდეგ –  ევროპაზე. ლიტვა-ლატვია-ესტონეთია, რითაც ბატონობს ბალტიის ზღვაზე და ბალტიის ზღვაა ევროპის კარი.


გამოდის, რომ საბჭოთა რუსეთმა განაგრძო რუსეთის იმპერიის ორივე მთავარი მახასიათებლით მოქმედება: უცხო ელემენტი მართვაში და გაფართოება, თუმცა მეფის ოჯახი ამოხოცეს.

საქმეც ისაა, რომ ლენინის მთავრობამ ვერ გააგრძელა, რადგან 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციიდან 1918 წლის დამდეგამდე, რუსებს იმპერია შემოეხარჯათ. თავდაპირველად, კონტროლი დაკარგეს შუა აზიაზე. შემდეგ საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა; ასევე, ლიტვა-ლატვია-ესტონეთმა; უკრაინამ, ბელორუსიამ; რუსეთის შიგნითაც მძიმე ვითარება შეიქმნა; დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ ვოლგისპირელი თათრები, კონტროლი დაიკარგა აღმოსავლეთ ციმბირზეც. ასე რომ, ბოლშევიკებმა დაშლილი იმპერია აღადგინეს და ამას ძალიან დიდხანს მოუნდნენ. საბოლოოდ, თავიანთი ტერიტორია აღადგინეს 1939-1940 წლებში და განვითარების ვექტორი კვლავ იყო არა სიღრმეში, ანუ თვისებრივად, არამედ –  სივრცეში, ანუ გაფართოებით. სსრკ მანამ იყო ძლიერი, სანამ იყენებდნენ იმ სიმდიდრეს, რაც რუსეთის იმპერიამ შექმნა: თავად ვერაფერს ქმნიდნენ, მხოლოდ ნაძარცვით ცხოვრობდნენ; ყველა ქარხანა, რომელიც საბჭოთა კავშირში მუშაობდა, ეს ხომ რუსეთისა და უცხოული ბურჟუაზიის მიერ იყო აგებული?! და როდესაც ეს წყარო დაიშრიტა და სივრცული განვითარების დროც დამთავრდა, კიდევაც დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლა.

მაგრამ ვლადიმირ პუტინიც ისევ განაგრძობს სივრცული განვითარების პოლიტიკას და, თან, ყველასთან ცუდი ურთიერთობა აქვს.

ვლადიმირ პუტინი კი არ განაგრძობს ამ პოლიტიკას, რუსეთი მიდის ამ გზით. ის სხვა გზით ვერც წავა, რადგან მაშინ რუსეთად შეწყვეტს არსებობას და რუსეთის ამოვარდნა განვითარების ბუნებრივი გზიდან საშიშია თვითონ რუსეთისთვისაც და ევროპისთვისაც. ამიტომ, ჩემი აზრით, ევროპა არ უშლის რუსეთს ხელს, დარჩეს რუსეთად და რუსეთსაც არ უნდა, იქცეს ევროპად.

რას ნიშნავს რუსეთის ქცევა ევროპად, ანუ მისი ბუნებრივი განვითარების გზიდან აცდენა?

ერთ ამბავს გავიხსენებ: უკვე დამარცხებულ და გადასახლებაში მყოფ ნაპოლეონს ჰკითხეს: ნუთუ, არ იცოდით, რომ რუსეთს ვერ დაიპყრობიდით? ნაპოლეონმა უპასუხა: მე რუსეთის დაპყრობა არ მიცდია, მინდოდა, რუსეთი ევროპის ნაწილად მექცია, ამისთვის კი მისი სამხედრო დამარცხება იყო საჭიროო. ეს გენიოსი მოღვაწე მიხვდა, რომ რუსეთის რუსეთად და ევროპის ევროპად დარჩენა ორივე მხარისთვის საშიში იყო. რუსეთის გახდომა ევროპად ნიშნავს მის დაშლას რამდენიმე სახელმწიფოდ. ამის მაგალითია 1917-1918 წლები, როდესაც რომანოვების იმპერიის აღსასრულის შემდეგ, რუსეთმა დაშლა დიწყო, ბოლშევიკები მაშინვე მიხვდნენ, რომ ხსნა იყო იმპერიაში, უბრალოდ, მას სახელი უნდა შეუცვალო და ხალხი მოატყუო.

იმავეს ემსახურება, ესე იგი, ევრაზიული კავშირის იდეაც. ძალიან ცუდია ჩვენთვის, თუ ევროპისთვის რუსეთის შენარჩუნება ისეთად, როგორიც არის, მნიშვნელოვანია.

როდესაც რომანოვების იმპერია დაინგრა და შეიქმნა იმის საფრთხე, რომ ეს უზარმაზარი მონსტრი ცალკეულ სახელმწიფოებად დაიშლებოდა, რომელთა შორისაც დაიწყებოდა ომები, ბოლშევიკებმა რუსეთი გადაარჩინეს ამ ქაოსს იმით, რომ შექმნეს კიდევ უფრო ტოტალიტარული იმპერია. არც ევროპისკენ, არც აზიისკენ –  ევროპასა და აზიას შორის, როგორც მუდმივი საფრთხე ევროპისთვისაც და აზიისთვისაც. ეს არის რუსეთის მისია პეტრედან მოყოლებული: ებრძვის ორივეს და არსებობს ამ ორ სამყაროს შორის.

გამოდის, სავსებით ბუნებრივია, რომ სტალინი, ანუ არარუსი იყო რუსეთის ლამის იმპერატორი?
Картинки по запросу "სტალინი"სტალინი იყო რუსეთის იმპერატორი, რომელსაც ჰქონდა იმდენი ძალაუფლება, რამდენიც 1801-1917 წლებში მოღვაწე რუსეთის ხუთივე იმპერატორს, ერთად აღებულს. სტალინს რომ ძალაუფლება ჰქონდა, ასეთი არ ჰქონია ეკატერინესაც, ჰქონდა მხოლოდ პეტრე პირველს.

იმის თქმა მინდოდა, რომ სტალინი, როგორც უცხოური ელემენტი, ორგანული ყოფილა-მეთქი. საკუთრივ ეთნიკური რუსი რატომ ვერ მართავს რუსულ იმპერიას?

–1917-1918 წლებისა და მომდევნო კრიზისების დროს ვერც ერთმა რუსმა და არარუსმა პოლიტუკრმა მოღვაწემ, რომლებიც თავიანთი ნამდვილი თუ შეცვლილი გვარებით მოღვაწეობდნენ, ვერ გაიგო, საით მიდიოდა რუსეთი. განა მათ არ უნდოდათ, რომ რუსეთში მეტი ცივილიზაცია, უკეთესი პოლიტიკური და ეკონომიკური წყობა ყოფილიყო –  ევროპა მათთვისაც მისაბაძი იყო, მაგრამ სტალინმა დაინახა, რომ ეს ყოვლად წარმოუდგენელი იქნებოდა. რუსეთს აქვს თავისი განვითარების გზა და თუ ის ასცდა მას, ეს შეუქმნის დიდ საფრთხეს ევროპას, აზიას და საკუთრივ რუსეთსაც. რუსეთს აქვს არსებობის თავისი წესი – ამას ჰქვია იმპერია და სტალინმა ეს იმპერია შეაკოწიწა. ომისგან დასუსტებული ევროპა ვერ ჩაერია ამ პროცესში, თუმცა მას შეეძლო, ხელი შეეშალა სტალინისთვის. საბჭოთა იმპერიის შექმნაში ლენინს არანაირი წვლილი არ მიუძღვის. საბჭოთა იმპერიის შექმნის ინიციატორი და მისი პრაქტიკული განმხორციელებელი იყო სტალინი. მაგრამ საბჭოთა კავშირში გასული საუკუნის  80-ან წლებში განვითარებული კრიზისი უკვე რუსეთის საშინაო საქმე კი აღარ იყო, არამედ მსოფლიოს საქმედ იქცა. ამ პროცესს აკონტროლებდნენ ევროპა და ამერიკა. ყველა სადავე მათ ხელში იყო, ნაყიდი ჰყავდათ საბჭოთა პოლიტიკური და სამხედრო ელიტა. ამდენად, რუსეთის საშინაო საქმე აღარ იყო არც დაშლა და არც ის, რაც იმ დაშლის შემდეგ შეიქმნებოდა. რუსეთმა მოგვიანებით, მართალია, დაიბრუნა 1917-1918 წლებში დაკარგული  ტერიტორიები, მაგრამ, რაც 1990-ან წლებში დაკარგა, ვეღარ დაიბრუნა, შეინარჩუნა მხოლოდ ციმბირი. რუკაზე მოიხაზა რუსეთის ფედერაცია, დანარჩენს კი რუსეთი გამოეთხოვა. ოღონდ ევროამერიკულმა სამყარომ დაუშვა დიდი შეცდომა: საბჭოთა კავშირი დაიშალა მოკავშირე რესპუბლიკების დონეზე. არსებობდა აზრი, რომ რუსეთი დაშლილიყო ფედერაციის ერთეულებად, რაც იქნებოდა რუსული იმპერიული აზროვნების დასასრული, მაგრამ ევროპამ და ამერიკამ შეიკავეს თავი. დატოვეს რუსეთის ფედერაცია, რომელმაც 20-წლიანი კრიზისი გაიარა და ფეხზე წამოდგა. ის ისეთ პრობლემებს ვეღარ უქმნის მსოფლიოს, როგორსაც საბჭოთა კავშირი უქმნიდა, მაგრამ მაინც უქმნის და ამ შემთხვევაში, დასავლეთი მოიმკის თავისი მცდარი პოლიტიკის შედეგს. ასეთი სახით რუსეთის შენარჩუნება არის ევროპის მისია. მათ რომ რუსეთის დაშლა სდომოდათ, ამისთვის საუკეთესო პერიოდი იყო 90-ანი წლები, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ითქვა, რომ მოკავშირე რესპუბლიკები იარსებებდნენ საბჭოთა კავშირის დროს დადგენილ საზღვრებში. ამას ყველა დათანხმდა, მაგრამ ვის ახსოვს, სად გადიოდა საზღვარი თათრეთსა და რუსეთს შორის 300 წლის წინათ?! რა მოარიგებს საზღვრის საკითხზე ჩეჩენსა და ოსს?! რას იტყვის მორდველი  და ჩუვაში, დაკმაყოფილდებიან იმ ტერიტორიით, რომელსაც გამოუყოფენ?! რუსეთის ფედერაციის დაშლის შემთხვევაში ომის 20-30 კერა გაჩნდება ბალტიის ზღვიდან ურალის მთებამდე და შავი ზღვიდან – მდინარე ვოლგამდე. იმის თქმა მინდა, რომ რუსეთის ამ ფორმით არსებობა ხელს აძლევს რუსეთსაც და ევროამერიკულ სამყაროსაც.

ნინო ხაჩიძე

ჟურნალი "თბილისელები"

უცნობი ნაცნობი
როგორ გახდა გვანჯი მანია თბილისობის დღესასწაულის იდეის ავტორი და რატომ მიანიჭეს მას საპატიო თბილისელის წოდება 48 წლის შემდეგ

დამსახურებული ჟურნალისტი, ეკოლოგი, მოგზაური, მხარეთმცოდნე, კარტოგრაფი,  საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშეწყობის კავშირის „გიორგის“ დამუძნებელი და თავმჯდომარე, ფაზისის აკადემიის გამგეობის და გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრი, ქეთევან დედოფლის საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე - ეს  85 წლის გვანჯი მანიას  პროფესიული ტიტულების არასრული ჩამონათვალია და მკაფიოდ ასახავს იმ ადამიანის ცხოვრებას, რომელიც მრავალმხრივი ინტერესებით იყო გამორჩეული. 1998 წელს გვანჯი მანია ღირსების ორდენით დააჯილდოვეს, ცოტა ხნის წინ კი თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს, რასაც მისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს -  სწორედ  გვანჯი მანიას  ეკუთვნის თბილისობის დღესასწაულის დაწესების იდეა, რაც მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ ისე „მიითვისა“, რომ  მისი სახელი და გვარი არასდროს არსად გამოჩენილა. ბატონი გვანჯი ბევრი საინტერესო იდეის და ინიციატივის ავტორია, რასაც ის  ჩვენთან ინტერვიუშიც   იხსენებს.

- ბატონო გვანჯი, მოგვიანებით  გილოცავთ თბილისის საპატიო მოქალაქედ არჩევას. უცნაურია, რომ ადამიანს, ვინც იყავით თბილისობის დღესასწაულის დაარსების იდეის ავტორი, აქამდე არ გქონდათ ეს წოდება.    

 - ძალიან გამიხარდა, რომ ამდენი წლის შემდეგ მაინც გავახსენდი ადამიანებს თბილისობის, როგორც დიდი სახალხო დღესასწაულის იდეის ავტორი და თბილისის საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს. სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი, რადგან უკვე 48 წელი გავიდა მას შემდეგ,  რაც პირველი თბილისობა გაიმართა. მაშინდელმა ხელისუფლებამ, პარტიამ, მთავრობამ მიიწერა თბილისობის დღესასწაული, არ უნდა გამოჩენილიყო კონკრეტული ადამიანის, პირადად ჩემი ვინაობა, ვისი თაოსნობითაც დაიწყო თბილისობის ისტორია. წლებთან ერთად თითქოს დავიწყებას მიეცა ეს ამბავი, თუმცა მაშინაც ბევრმა იცოდა, რომ თბილისობის დღის დაწესების იდეის ავტორი მე გახლდით.   

1976 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „თბილისში“ გამოვაქვეყნე  პუბლიკაცია სათაურით „დაწესდეს ახალი დღესასწაული“,  სადაც მიმოვიხილე თბილისის წარსული და აწმყო, ყოფა, ტრადიციები. გამოვთქვი ჩემი აზრი, რომ  1958 წლის  შემდეგ, როდესაც გაიმართა თბილისის დაარსების   1500 წლისთვის საზეიმო ღონისძიებები, მსგავსი დღესასწაული არ გამართულა და ხომ არ დაველოდებით 2058 წელს, როცა ავღნიშნავთ  თბილისის დაარსების 1600 წელიწადს?! იქნებ დავაწესოთ თბილისობის დღესასწაული, რომელიც გაიმართება ყოველი წლის ოქტომბერში, ხოხობზე ნადირობის ჟამს. ეს დღესასწაული გამოავლენდა შემოქმედებით ნიჭს და ფანტაზიებს, გააერთიანებდა თბილისელებს და თბილისის ყველა გულშემატკივარს. ამ წერილს  საზოგადოებაში მოჰყვა დიდი გამოხმაურება და  დისკუსია, ყველა მიესალმა ამ  წინადადებას, რომელიც ძალიან მისაღები იყო თბილისელებისთვის.

ყველა მხარს უჭერდა ამ საერთო სახალხო ზეიმის დაარსების წინადადებას. სამი წლის შემდეგ ჩემი იდეა - პროექტი წარმატებით  განახორციელა მაშინდელმა ხელისუფლებამ, საქალაქო საბჭომ,  პირველი დღესასწაული გაიმართა 1979 წელს. მაშინ  ცეკას მდივანი იყო ედუარდ შევარდნაძე, საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე - თენგიზ მენთეშაშვილი, გამოყვეს მხატვრები, რეჟისორები. პირველი თბილისობის რეჟისორად არჩეული იყო  ლერი პაქსაშვილი. პირველი თბილისობის საპატიო მოქალაქეები გახდნენ ლადო გუდიაშვილი, კონსტანტინე ილურიძე, აკაკი შანიძე და შუშანა ჩიქოვანი. მას შემდეგ ამდენი დრო გავიდა და თბილისობა იმ წლების გარდა, როდესაც  თბილისში იყო  არეულობა, დაპირისპირება და ომი, ყოველ წელს იმართება და თბილისელებისთვის საყვარელი დღესასწაულია. მე თბილისში არ დავბადებულვარ, ჯვარში ვარ დაბადებული და გაზრდილი. კარგი ოჯახი გვქონდა. მამაჩემი მეტივე იყო, დედა მეაბრეშუმე და სახალხო მკურნალი. თბილისში მაშინ ჩამოვედი, როდესაც 21 წლის ასაკში უნივერსიტეტში  ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მთელი ცხოვრებით თბილისთან ვარ დაკავშირებული, თუმცა ღა მშობლიურ მხარესთან და ჯვართან კავშირი არასდროს გამიწყვეტია.    

- ძალიან საინტერესო ცხოვრება გაიარეთ,  მრავალფეროვანია თქვენი ბიოგრაფია. თავად, როგორ ფიქრობთ, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში?  

- ეს იმას ჰგავს, ადამიანს ჰკითხო, რომელი შვილი მეტად გიყვარსო. მე მიყვარდა ყველა საქმე, რომელსაც ვაკეთებდი. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დავინტერესდი მშობლიური კუთხის შესწავლით. სათავგადასავლო მოგზაურობა პატარა ასაკიდან დავიწყე, როდესაც შევქმენი ჯგუფი და მოვიარე მაგანას და ინწრას ხეობა. წლების შემდეგ ორგანიზება გავუკეთე ბევრ ექსპედიციას: 1962 წელს  თბილისის რკალს, 1963 წელს ექსპედიციას იალბუზის გარშემო, იყო ასეთი ექსპედიცია რუსთაველის კვალდაკვალ, რომელიც 1966 წელს განხორციელდა აჭარაში, სამცხე - ჯავახეთში. 24 წლის ვიყავი, სამ მეგობართან ერთად ველოსიპედით დავფარეთ რვაათასკილომეტრიანი დისტანცია საბჭოთა კავშირის რვა რესპუბლიკაში. ველოსიპედები უნივერსიტეტმა გვიყიდა, სტიპენდიებიც წინასწარ მოგვცეს. გზაზე ბევრი დაბრკოლება შეგხვდა, მაგრამ ამ მოგზაურობამ დიდი გამოცდილება და ცოდნა მომცა, რაც მერე ძალიან გამომადგა. 

gvanji_mania-066 გვანჯი მანია და ტიმ სევრერინი 1984 წელი 

მქონდა აქტიური ჟურნალისტური ცხოვრება. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ პარალელურად ვსწავლობდი ეკოლოგიას, სოციოლოგიას, ხელოვნებას.  წლები ვიმუშავე საქინფორმში, გაზეთებში „კომუნისტი“, „ახალგაზრდა ივერიელი“, მიღებული მაქვს ჟურნალისტური პრემიები. ძალიან მაინტერესებდა ბუნება, ადამიანები, კავკასიის ხალხთა ცხოვრება, კულტურა, ისტორია. ვმუშაობდი საქართველოს ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტში, სამეცნიერო - ტექნიკური ინფორმაციის განყოფილებისა და ბუნების დაცვის საზოგადოების ეკოლოგიური განათლების განყოფილების უფროსად. მოგვიანებით  ჩემი ინიციატივით მოხდა  „ ბუნების ქომაგის“ საპატიო  წოდების დაწესება,  რომელსაც გადავცემდით ბუნების დამცველებს.

ახალგაზრდობიდან აქტიური და  შეუპოვარი ხასიათი მქონდა, ალბათ ამიტომაც  ჯერ კიდევ სტუდენტობისას, როგორც არასაიმედო პერსონა, უშიშროებას აღრიცხვაზე ვყავდი აყვანილი. არ ვერიდებოდი საზოგადოებაში იმის მხილებას და კრიტიკას, რაც მაწუხებდა და არასწორად მიმაჩნდა. ბევრ რამეში მიშლიდნენ ხელს, მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვაკეთებდი ჩემს საქმეს.  საბჭოთა  რეჟიმის  პირობებში, როდესაც ხელისუფლება გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის აღნიშვნისთვის ემზადებოდა, მოვაწყვეთ სამდინარო -საზღვაო ექსპედიცია „ ოქროს საწმისი“, რომელიც უპრეცედენტო ამბავი აღმოჩნდა. ავაგეთ ძველკოლხური ნიმუშის ხომალდი, რომელსაც ვუწოდეთ „ოქროს საწმისი“. ვიმოგზაურეთ ისტორიულ კოლხეთში, ექსპედიციის მესამე წელს გერმანიაში იმართებოდა ოლიმპიური თამაშები, გვინდოდა დუნაის გავლით  ქართული დროშით შევსულიყავით მიუნხენში, მაგრამ უფლება არ მოგვცეს უშიშროების სამსახურებმა. ვიცოდი, რომ არგონავტების მარშუტის გამეორება და  კოლხური კულტურის პოპულარიზაცია საბჭოთა ხელისუფლებას დიდად არ მოეწონებოდა, ამიტომ ისე შევფუთეთ, თითქოს  ექსპედიცია გასაბჭოების 50 წლისთავს ეძღვნებოდა. ასეთივე თამამი განაცხადი იყო, საცხენოსნო ექსპედიცია, რომელიც მოვაწყვეთ  კასპის რაიონში, დიდგორის ბრძოლის ადგილებში. რუსეთის მიერ დიდგორის თემაზე საუბარი აკრძალული იყო, რუსების დახმარების გარეშე, როგორ გაიმარჯვეთო, ჩვენ  კი დიდგორის ბრძოლის ადგილებში მოვაწყვეთ ექსპედიცია, რომელშიც 16 ცხენოსანი მონაწილეობდა. ეს საკითხი წამოჭრა ლევან გოთუამ, რომელმაც მიგვანიშნა ამის შესახებ ლიტერატურულ გაზეთში. მე ეს ლაშქრობა მივუძღვენი მის ხსოვნას, დავით აღმაშენებლის, გიორგი სააკაძის და თევდორე მღვდლის მოღვაწეობას. 

 - თქვენი ხელშეწყობით საქართველოში დამყარებული არაერთი რეკორდი მოხვდა გინესების რეკორდების  წიგნში, როგორ  დაუკავშირდით  გინესების რეკორდებს?

 - გინესების რეკორდების საქმესთან  დამაკავშირა ჯუმბერ ლეჟავამ, რომელთანაც როგორც ჟურნალისტს მქონდა ურთიერთობა იმ პერიოდიდან,  როდესაც  ვმუშაობდი საქინფორმის რედაქციაში. ჯუმბერ ლეჟავა არის ერთ-ერთი პირველი ქართველი, ვინც დაიმკვიდრა ადგილი გინესის რეკორდების წიგნში. მან ჯერ დაამყარა რეკორდი ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში, შემდეგ კი - 3333 დღის განმავლობაში იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით. გადალახა აზიის, ავსტრალია - ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპის და აფრიკის ქვეყნები, ორჯერ ეწვია ანტარქტიდას.

გინესის რეკორდების წიგნში პიროვნებები ავტომატურადაც ხვდებიან. მაგალითად, წიგნში მაია ჩიბურდანიძე შეტანილია, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ქალთა შორის. მე გინესების რეკორდების  წიგნის მიმართ ინტერესი მქონდა, როგორც ჟურნალისტს, მაგრამ მოგვიანებით, 1993 წელს როდესაც დავაარსე მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირი „გიორგი,“ უკვე  აქტიურად ჩავერთე საგინესო მოძრაობაში. ჩემი დახმარებით და ხელშეწყობით  საქართველოდან ბევრი რეკორდი აისახა გინესის რეკორდების წიგნში, მაგრამ არის რეკორდები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ აისახა.

ჩემი ინიციატივა იყო, იუნესკოსა და მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტში ქართული ცურვის სამი სახეობის მოხვედრა. ესაა ფეხური ცურვა, ხელფეხშეკრული ცურვა და მენჩურუა. ფეხური ცურვა  ძველ კოლხეთში ოდითგან იყო ცნობილი. მენჩურუა წყალში ორთაბრძოლის ხალხური  სახეობაა. რაც შეეხება ხელფეხშეკრულ ცურვას, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჰენრი კუპრაშვილის მარათონს, როდესაც მან ხელფეხშეკრულმა გადაცურა 12 კილომეტრიანი დისტანცია, დარდანელის სრუტე. სამწუხაროდ ის ვერ მოხვდა გინესის რეკორდებში, სიცოცხლისათვის დიდი რისკის გამო.  

მე ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა. გული იმაზე მწყდება, რომ ჩაკეტილ ქვეყანაში ვცხოვრობდით და არსად არ გვიშვებდნენ, კი ბატონო, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები პრობლემა არ იყო, მაგრამ საზღვრებს გარეთ ვერ გახვიდოდი. მინდოდა რამდენიმე ექსპედიციის მოწყობა და  საქართელოსთვის  თავდადებული, დამსახურებული ადამიანების ისტორიების წარმოჩენა, რაფიელ დანიბეგაშვილის, სულხან საბა ორბელიანის მოგზაურობების, ასევე  ქართული თემატიკის საკითხების მოძიება, მაგრამ არ გამიშვეს. მაშინ უცხოეთში მხოლოდ იმ ხალხს უშვებდნენ, ვისაც უშიშროების კომიტეტისგან ჰქონდა ამისი უფლება, ან მათთან იყვნენ შეთანხმებულები, როგორც ჩანს, ისინი კომპრომისზე მიდიოდნენ. ჰყავდათ მათ „რჩეულები,“  მე მათ რიცხვში არ ვიყავი. უარი მითხრეს რუმინეთში, ბულგარეთში გასვლაზე, ჩაკეტილი ვიყავი. საბჭოთა უშიშროებას ჩემი ნდობა არ ჰქონდა, ამას ყველა ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი.  ჩემი ჯიუტი ხასიათით ვცდილობდი ხოლმე ჩაკეტილი წრის გარღვევას, რასაც ზოგჯერ  ვახერხებდი, ზოგჯერ - არ გამომდიოდა. 

თამუნა ნიჟარაძე

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.