მართალია, სემეკის გვერდზე გამოქვეყნებულია ელექტროენერგიის (და არა მხოლოდ) ტარიფის დათვლის მეთოდოლოგია, მაგრამ მასში გარკვევა რთულია არასპეციალისტისთვის (ეჭვი მაქვს, სპეციალისტისთვისაც). თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ, მაგალითად, ელექტროენერგიის ტარიფში ასახულია აფხაზების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია, იმას გარდა, რომ ასახულია ყველა ინვესტიცია, რაც „რაომ“ (თბილისის ელექტროგამანაწილებელი ქსელის მმართველმა კომპანიამ) განახორციელა, როდესაც თავის დროზე „თელასი“ შეიძინა, იმასაც ამბობენ, რომ ტარიფში ასახული ამერიკული „ე ი ესის“ მიერ განხორციელებული ინვესტიციებიც, არადა, თუ ინვესტიცია ამოიწურა, ანუ კომპანიამ კრედიტი გაისტუმრა, ტარიფმა უნდა დაიწიოს იმავე ოდენობით, რა ოდენობითაც გაიზარდა ინვესტიციისთვის. უფრო მეტიც, სულ ბოლოს სემეკმა წინსწრებად ჩაუდო „თელასს“ ტარიფში განსახორციელებელი ინვესტიცია (ანუ გარანტია მისცა) და არავის უცნობებია მომხმარებლისთვის, განახორციელა თუ არა ეს ინვესტიცია თბილისის ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიამ. მამუკა გიორგაძესთან ერთად ვიმსჯელებთ, თუ როგორაა შესაძლებელი, რომ, ბოლოს და ბოლოს, თავი დავიხსნათ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია სეპარატისტებისგან და ოკუპანტებისგან, რომლებიც თითქმის სრულად მოიხმარენ საქართველოს ჰესების გიგანტის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას საქართველოს ენერგეტიკისა და საქართველოს არასეპარატისტი მოქალაქეების ხარჯით.
მამუკა გიორგაძე: ქართული ეკონომიკისა და, საერთოდ, ნებისმიერი სფეროს გაანალიზებისას მარტივად დავინახავთ იმ მოცემულობას, რომელშიც ვიმყოფებით, უპირველესად, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება, მეორე – დაკავშირებულია რუსულ სპეცსამსახურებთან ან რუსულ სახელმწიფო კაპიტალთან, ან ორივესთან ერთად და იმავდროულად, მასში არის კორუფციული შემადგენელი. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც მოწოდებული უნდა იყოს, რომ დაიცვას ქვეყნისა და მოქალაქეთა ინტერესები, აქ გვევლინება მტრის მხარის მოწილედ და საქართველოს სახელით მტერთან, ოკუპანტთან მსგავს გარიგებას დებს. ქართული ენერგეტიკის ძირითადი ნაწილი, თავიდან ბოლომდე, დამოკიდებულია რუსულ სახელმწიფო კაპიტალსა და რუსულ სპეცსამსახურზე.
– მოდი, მკითხველს გავახსენოთ, რომ „რაო“, რუსული სახელმწიფო კომპანია, ქართულ ენერგეტიკულ ბაზარზე ამერიკული კერძო კომპანია „ეი ი იესის“ შემდეგ შემოვიდა მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას და ჩვენ დღემდე არ გვინახავს ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა რუსებთან 2008 წლის შემდეგ. ეს არ ნიშნავს, რომ ახლაც იგივე უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ახლა ამის უმტკივნეულოდ შეწყვეტა შესაძლებელია?
– ძალიან მარტივადაა შესაძლებელი, თუ ამას ქართული სახელმწიფო მოინდომებს, რა თქმა უნდა, სჭირდება პროცედურები, მუშაობა, მაგრამ შესაძლებელია ამის განხორციელება პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში.
– შესაძლებელი ყველაფერია, მაგრამ გართულებების თავიდან აცილება თუა შესაძლებელი?
– რუსეთს არ აქვს არანაირი რეალური ბერკეტი საქართველოზე ზემოქმედებისთვის, ამ ბერკეტს მას საქართველოს ხელისუფლებები აძლევენ. როგორც კი გამოართმევ ბერკეტს, მაშინვე მთავრდება რუსეთის შესაძლებლობები. რუსეთიდან ჩვენთვის ერთადერთი რამ შეიძლება, იყოს საფრთხილო – სამხედრო მდგენელი, დანარჩენი: პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი, დიპლომატიური, არანაირ საფრთხეს არ შეიცავს და ამ ბერკეტების სწორი გამოყენების შემთხვევაში რუსეთს ზემოქმედების არანაირი შესაძლებლობა არ ექნება. კიდევ ერთი ბერკეტი, რომელიც რუსეთს გააჩნია, ეს არის მისი აგენტურა საქართველოში, რომლებიც განფენილნი არიან სხვადასხვა სფეროში – პოლიტიკაში, ბიზნესში, ხელოვნებაში, სახელმწიფო, ოპოზიციურსა თუ არასამთავრობო სეგმენტში და, შესაბამისად, ეს ადამიანები აქ ქმნიან ფატალური გარდაუვლობის განცდას, არიქა, თუ ამას არ გავაკეთებთ, თავზე დაგვენგრევა ყველაფერი. ეს განწყობა აისახება ენერგეტიკაშიც, როდესაც ხელისუფლება, ფაქტობრივად, ყიდის საქართველოს ინტერესებს. პირველი ცნობილი ინვესტიციისგან, რომელიც უნდა განეხორციელებინა „თელასს“, ველოდებოდით, რომ შეიცვლებოდა ინფრასტრუქტურა, მაგრამ ინვესტიცია დაიყვანეს მრიცხველების ბინებიდან გატანამდე.
– ეს ჯერ კიდევ ამერიკულმა „ეი იე ეს თელასმა“ ჩაიდინა. აქვე გავახსენებ მკითხველს, რომ „თელასი“ ამერიკულმა „ეი ი ესმა“ შეიძინა შევარდნაძის დროს და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიცირება უნდა მოეხდინა პარლამენტს. დოკუმენტი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შევიდა მხოლოდ ინგლისურ ენაზე, ქართულადაც კი არ უთარგმნეს დეპუტატებს, ისე მიაცემინეს ხმა.
– ესაა პრობლემა, დღევანდელი ხელისუფლებაც მემკვიდრეა შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებების, ისინიც ასე იქცეოდნენ. ანალოგიური რამ მოხდა სხვადასხვა დროს გაზისა და წყლის შემთხვევაშიც. ის დანაკარგები, რომლებიც შეიძლება, ბუნებრივად ახლდეს მიწოდებას ან გაუმართავი ინფრასტრუქტურის მიზეზით იყოს, ტარიფებშია ასახული, მაშინ, როდესაც კომპანიის ვალდებულებაა, მოიტანოს ჩემამდე პროდუქტი და მე გადავიხადო მხოლოდ ჩემ მიერ მოხმარებული გაზისა თუ წყლის საფასური. ამასთან, ტარიფი გათვლილია მაღალ მოგებაზე, ისინი ხომ ბუნებრივი მონოპოლისტები არიან, ჩვენ კი არ გვაქვს შესაბამისი დამცავი კანონმდებლობა და ამიტომ შეუძლიათ, ნებისმიერი ხარჯი ასახონ ტარიფში. იგივე ლოგიკაა აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდებისას. ენგურჰესის მემორანდუმი გაფორმდა ომის შემდგომ, ორ კვირაში და ჩვენთვის დღემდე უცნობია მისი შინაარსი, არც წინა ხელისუფლება ამბობს და არც ახლანდელი, კომერციული საიდუმლოაო და როგორ შეიძლება, სახელმწიფო გადაწყვეტილებები იყოს კომერციული საიდუმლო?! მეორე – იმის გაანგარიშებით, რომ საქართველო აწარმოებდა აქტიურ პოლიტიკას ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ, დაიგეგმა ღონისძიებები ელექტროენერგიის ფულის გადახდით, მკურნალობით თუ სხვა ღონისძიების გატარებით. სამწუხაროდ, ეს შემდეგ შეიცვალა. ქართული სახელმწიფო არანაირ პოლიტიკას აღარ ატარებს ოკუპირებული რეგიონებისადმი, მაქსიმუმ სადამკვირვებლო მისიებს მიაწოდონ ინფორმაცია. მაშინ, რატომ ვხარჯავთ ამდენ თანხას?! რატომ არსებობს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ან აფხაზეთის უზენაესი საბჭო?! იმავე კატეგორიაში გადის ელექტროენერგიის ტარიფიც. საბოლოოდ, სახელმწიფომ მოიხსნა პასუხისმგებლობა, ეს ყველაფერი დააკისრა მოსახლეობას და ჩვენ ვიხდით ტარიფში იმ დენის საფასურს, რაც მიდის აფხაზეთში. მაგრამ კიდევ დგება ერთი საკითხი. წინასწარი მოლაპარაკებით, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 60 პროცენტი დანარჩენ საქართველოს უნდა მოეხმარა და 40 პროცენტი – აფხაზებს, მაგრამ ამაში არ შედის ის გრანტები და კრედიტები, რომლებიც ენგურჰესის რეაბილიტაციას სჭირდებოდა და სჭირდება. ანუ საქართველოს მთავრობა იღებს ამ გრანტებს, კრედიტებს და გარკვეულ ნაწილს ახმარს ოკუპანტსაც, რადგან არა მარტო აფხაზ მოსახლეობას მიეწოდება ჩვენს ხარჯზე ელექტროენერგია, არამედ საოკუპაციო ძალებსაც.
– მეტსაც გეტყვით, ზამთარში, როდესაც ენგური წყალმარჩხია, საქართველოს მთავრობა ელენერგიას შეიძენს რუსეთისგან აფხაზეთისთვის, ეს ელენერგია მოგვეწოდება აფხაზეთის ტერიტორიით და აფხაზმა ჟურნალისტებმა, ერთ შეხვედრაზე, რომელსაც მეც ვესწრებოდი, დააზუსტეს, მაგრამ თქვენ ხომ აფხაზეთზე ტრანზიტის საფასურს არ იხდითო.
– თუნდაც, ყოფითი თავხედობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად აღკვეთავ თუ ვერ აღკვეთავ მას. მათ უჩნდებათ განცდა, რომ უნდა ითავხედონ და ეს არ არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. კორუფციული მდგენელია მაღალი, რადგან რა რაოდენობის დენი გამოიმუშავა ენგურჰესმა ან რა რაოდენობა მიეწოდა აფხაზეთს, ფაქტობრივად, ვერ დგინდება. თავის დროზე ჩვენ პარლამენტში დავსვით ენგურჰესის პრობლემის გადაჭრის საკითხი. მოვამზადეთ კიდეც მასალები. მაშინ საკმაოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობა გვქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ბევრ მათგანთან ერთად განვიხილეთ, როგორ უნდა მოგვეგვარებინა ეს პრობლემა და დონორებიც კი მოვიზიდეთ. მთავარი სირთულე არის კაშხალი, ეს კაშხალი კი არის ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება. სწორედ კაშხლის აგებას სჭირდება ბევრი დრო და ფული, კაშხლის გარდა კი არის გვირაბი, რომელიც გალის ტერიტორიაზე არსებულ ტურბინებს ატრიალებს. კომუნისტების დროსაც კი ქართველმა ჰიდროტექნიკოსებმა (სხვათა შორის, მე თავდაპირველი განათლებით ჰიდროტექნიკოსი ვარ და ეს დეტალები აქედანაც ვიცი) შეიმუშავეს გვირაბის გაყვანის სხვა ვარიანტები, მაგრამ, ვინაიდან საბჭოთა კავშირმა იმთავითვე მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, გვირაბი ააგეს გალის ტერიტორიაზე, იმ საფუძვლით, თითქოს უფრო იაფი დაჯდებოდა, სინამდვილეში იაფი არ დამჯდარა, უბრალოდ, მაშინ გაგანია კომუნისტების დროსაც კი ყველა საწარმო და ობიექტი იგეგმებოდა იმ პოლიტიკური გათვლით, რომ შეიძლება, საქართველომ ოდესმე დამოუკიდებლობაზე იფიქროს და უნდა გვქონდეს ზემოქმედების ბერკეტებიო. მაშინ, როდესაც საქართველოს კომუნისტური ლიდერები ვერც კი გაიფიქრებდნენ დამოუკიდებლობაზე, რუსეთის შესაბამისი სამსახურები ამაზე ფიქრობდნენ. საქართველო დაპყრობილი არც ჰქონდა რუსეთს, როდესაც 1920 წელს როსტოვში კავბიურომ შექმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ამიტომაც უგულებელყვეს ქართველი ინჟინრების ნამუშევრები, რომ გვირაბი აგებულიყო სამეგრელოსა და არა აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს პროექტები ხომ დარჩა?!
– და შეგვიძლია, გვირაბი გავიყვანოთ ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ?
– დიახ, არ ვარგა ძველი პროექტები? მაშინ, მოდი, ახალი გვირაბი ავაგოთ, რაც არ ჯდება ძვირი და ხობის რაიონში დავაყენოთ ტურბინა. ამით ჩვენ გვექნება ხელში პოლიტიკური ბერკეტი, რომ საკმარისია, ერთ ქართველს თმიდან ბეწვი ჩამოუვარდეს გალსა თუ გულრიფშში, მაშინვე შეუწყვეტ ელექტროენერგიის მიწოდებას. მაშინ შევარდნაძის ხელისუფლებამ და „მოქალაქეთა კავშირმა“, რომელიც დღეს „ნაცმოძრაობის“ ეგიდით მოქმედებს, განაცხადეს, რატომ უნდა დავხარჯოთ 2-3 წელი გვირაბის მშენებლობაზე, როდესაც 2-3 წელიწადში სოხუმში უნდა დავბრუნდეთო. 25 წელი გავიდა და ისევ აქ ვართ. პირიქით – რაც დრო გადის, იმედი უფრო შორს ინაცვლებს.
ავტორი: ნინო ხაჩიძე