USD 2.6860
EUR 2.8987
RUB 2.8982
თბილისი
რატომ გარიცხეს იმედა კახიანი ოთხჯერ თეატრალური ინსტიტუტიდან და ვის „ტყვეობაში“ გაატარა მან ცხოვრება
თარიღი:  2771

საქართველოს დამსახურებული არტისტი იმედა კახიანი წელს თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. ყველასთვის საყვარელი მსახიობი, რომელიც ძალიან ბევრ ფილმშია გადაღებული საზოგადოებისთვის დღემდე „საბუდარელ ჭაბუკად“ რჩება - როლი, რომელიც თეატრალური ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტმა შეასრულა, ერთგვარად მის ბედისწერად იქცა -  გარდა იმის, რომ ამ როლმა გაუხსნა გზა კინოში, ფილმზე მუშაობის დროს შეხვდა ცხოვრების მთავარ მეგზურს - ფლორა ანთიძეს, რომელმაც  შვილთან ეკა კახიანთან და სამ შვილიშვილთან ერთად, როგორც თავად ბატონი იმედა ხუმრობს, „ხუთი ქალის სასიამოვნო „ტყვეობაში“ გაატარებინა ცხოვრება“, რომელიც კახიანების დიდი ოჯახის ბედნიერი მოგონებებით არის სავსე.

იმედა კახიანი: თბილისის საპატიო მოქალაქეობა დიდი პატივისცემა და აღიარებაა, მე კი არა ისეთი  დიდი  პიროვნებები ვერ მოესწრნენ ამ ტიტულს, გაცილებით ჩემზე მეტს რომ იმსახურებდნენ. მადლიერი ვარ, რომ გავახსენდი ადამიანებს, ეს მარტო ჩემი კი არა, ჩემი თაობის დაფასება და აღიარებაა. გულწრფელად გეტყვით, მე თბილისმა გამზარდა. ჩემი ცხოვრება ისე აეწყო,  რომ მე გავიზარდე თბილისში:  თბილისურ ეზოში, ქუჩაში, ბირჟაზე. მამაჩემი რეპრესირებული იყო. როდესაც გადასახლებიდან, ციმბირიდან  დაბრუნდა ქალაქის ტიპის დასახლებაში ცხოვრების უფლება არ  მისცეს, რადგან პოლიტიკურად არასაიმედოდ იყო მიჩნეული.  მამა დედაჩემთან  და ჩემს  ორ  უმცროს ძმასთან ერთად   სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში, მამისეულ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. მე დავრჩი თბილისში, მამიდასთან ერთად. მამიდა გაუთხოვარი ქალი იყო, როგორც შვილს ისე მზრდიდა.  ჩვენ  ვცხოვრობდით პლეხანოვზე,  ვორონცოვისკენ,  ძველი ფოსტის წინ. სახლი, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, დადიანების აშენებული იყო.  ჩვენს ეზოში ცხოვრობდნენ რუსები, ებრაელები, სომხები. ერთმანეთთან  ისეთი  თბილი ურთიერთობა გვქონდა, არ ვარჩევდით ვინ რომელი ეროვნების  იყო. ერთ ოთახში ვცხოვრობდით მე და მამიდა. ეს  იყო 18 კვადრატული მეტრი  ოთახი, რომელიც  ადრე თამარ გურიელის საძინებელს წარმოადგენდა. ის ცოლად ჰყავდა თავად დადიანს. მე და მამიდა მეორე სართულზე ეზოს მხარეს ვცხოვრობდით,  ჩვენს ოთახს  შუშაბანდი ჰქონდა.  მახსოვს ას წელს მიღწეული ქალბატონი თამარ გურიელი, რომელიც გამოიტანდა ხოლმე პატარა სკამს  და მთელი დღე  ჩვენს შუშაბანდთან იჯდა წიგნით  ხელში.

 მამიდა  სახელმწიფო ბანკში მუშაობდა, მორწმუნე ქალი იყო. ყოველ კვირა დღეს დამბანდა, დამვარცხნიდა, გამომაწყობდა და სიონის ეკლესიაში მივყავდი.  ეს რომ ვინმეს გაეგო, მამიდას ცუდი დღე დაადგებოდა - სამსახურიდანაც გააგდებდნენ  და დაიჭერდნენ კიდეც, პიონერი ბავშვი ეკლესიაში რომ დავყავდი. 12 წლის ვიყავი, როდესაც უცაბედად მამიდაჩემი გარდაიცვალა. დავრჩი სულ მარტო. იმ დროს ბინები სახელმწიფო საკუთრებაში იყო. იმ ბინაში  ვიყავი ჩაწერილი, მაგრამ 12 წლის ბავშვს ბინას ვინ მომცემდა. მამიდის გარდაცვალების შემდეგ დადგა ამ ბინიდან ჩემი გამოსახლების საკითხი. სასამართლოში იყო საქმე. მეზობლებმა, დადიანების ხელმძღვანელობით, ძალიან მოინდომეს, რომ იმ ბინაში დავრჩენილიყავი. მიშუამდგომლეს  მოსამართლესთან, არ წაართვათ ბავშვს ბინა, ჩვენ მივხედავთ და მოვუვლითო. სკოლამაც კარგი დახასიათება მომცა და ასე დამტოვეს იმ ბინაში. 12 წლიდან მარტო,დამოუკიდებლად ვცხოვრობდი. დედაჩემი და მამაჩემი სანახავად ჩამოდიოდნენ ხოლმე, მაგრამ  თბილისში დარჩენის უფლება არ ჰქონდათ. მე ველოდებოდი არდადეგებს, რომ გავქცეულიყავი სოფელში ჩემს ძმებთან.

  - მარტო როგორ ირჩენდით თავს, ვინ ზრუნავდა თქვენზე?

-  ომი ახალი დამთავრებული იყო, ყველას უჭირდა. ხალხს პური არ ჰქონდა. დედაჩემი სოფელში სკოლის მასწავლებელი იყო. რა შემოსავალი უნდა ჰქონოდა? მამა ვერ მუშაობდა, უფლება არ ჰქონდა. დედაჩემი თავისი მცირე  ხელფასით ინახავდა  ავადმყოფ ქმარს, ორ შვილს და ცოტა თანხას  გადადებდა ხოლმე, რომელსაც  მეც მიგზავნიდა თბილისში.  მეზობელი მყავდა ვერა ალექსანდროვნა, დედა მას უგზავნიდა თანხას, ის კი საკვებს  დღეში ერთხელ, სკოლიდან დაბრუნების შემდეგ  მაწვდიდა. ასე ვიცხოვრე რამდენიმე წელი, ამიტომაც ვამბობ რომ თბილისმა გამზარდა. მთელ დღეებს  ეზოში, ქუჩაში ვატარებდი, ორშაბათობით კინო თუ გამოვიდოდა,  იქ მივდიოდით ბიჭები,  თუ  ფეხბურთი იყო, „დინამოზე“ გავრბოდით.  ჩემი მეგობრების ოჯახებში გავიზარდე, იქ საჭმელსაც მაჭმევდნენ, მივლიდნენ კიდეც, ერთადაც ვმეცადინეობდით.  როცა   წამოვიზარდე, მთელ დღეებს ბირჟაზე ვატარებდი. იქ   ყველა ასაკის ბიჭებს ჩვენი ადგილი გქვონდა.   ცალკ-ცალკე ვიდექით, მაგრამ ერთმანეთის მიმართ დიდი  პატივისცემა გვქონდა.  ბირჟას თავისი წესები ჰქონდა. იქ  დგომასაც დამსახურება უნდოდა. თუ ცუდად მოიქცეოდი,  ბირჟაზე დგომის უფლებას არავინ მოგცემდა. პლეხანოვის ბირჟაზე თუ  იდექი, სულ  იქ  უნდა ყოფილიყავი.  ყველა თავის უბანში იდგა ბირჟაზე. ერთ დღეს პლეხანოვზე და  მეორე დღეს რუსთაველის ბირჟაზე  დგომას, არავინ გაპატიებდა,  მერე პლეხანოვზე არავინ აღარ დაგაყენებდა.

უფროსების მეთვალყურეობის გარეშე კი ვიზრდებოდი, მაგრამ მაშინ ყველა  პატიოსნად ვცხოვრობდით. არ იყო  ნარკომანია, სხვა ცუდი საქციელი.  ქალაქში ერთი  - ორი ნარკომანი იყო და ეს ყველამ იცოდა. ნარკომანია სამარცხვინოდ ითვლებოდა. იმ დროს ადამიანებს ერთმანეთთან კარგი, გულწრფელი ურთიერთობები ჰქონდათ. პლეხანოვზე გოგოსთან ერთად რომ გამოვივლიდი, ისე მესალმებოდნენ ჩემს ბირჟაზე, თითქოს გენერალი ვიყავი. პაპიროსს თუ ეწეოდა ვინმე, იმასაც  კი გადააგდებდა. ასე ვიყავით ერთმანეთის მიმართ, პატივს ვცემდით უფროსსაც და უმცროსსაც, ამ კაცურ საქციელებზე  ვიზრდებოდით. იყო სიყვარული, ადამიანური თვისებები - მე ეს მაკლდა და ეს იყო ჩემთვის მთავარი.

ამდენი წლები გავიდა და ის პერიოდი, სულ მენატრება. იმის მიუხედავად, რომ ყველას  გვიჭირდა და 300 გრამი შავი პურისთვის მთელი დღე რიგში უნდა მდგარიყავი, ისეთი ძალა ჰქონდა ჩვენი, მშიერი ადამიანების ურთიერთობებს, გაჭირვება ვერაფერს გვაკლებდა. ჩვენი ურთიერთობა გულწრფელი და ხალასი იყო.

ჩემს ეზოში ცხოვრობდა შოთა იამანიძე. მასთან ბევრი ფეხბურთელები მოდიოდნენ ხოლმე,  ზოგი იქ გავიცანი, ზოგი ქალაქში, ძალიან მიყვარდა მიშა მესხი, ვლადიმერ  ბარქაია. ჩვენი ფეხბურთელები სამაგალითო ადამიანები იყვნენ. მე მოვესწარი ბორის პაიჭაძეს. ის იყო ქართული ფეხბურთის  ლეგენდა. როგორც ფეხბურთელი ხომ იყო უნიკალური, მაგრამ იყო საუკეთესო პიროვნება და ადამიანი. როცა აქტიურ ფეხბურთს დაანება თავი, თბილისის “დინამოს“ მწვრთნელი გახდა. როგორც მწვრთნელი არ იყო ისეთი მასშტაბის, როგორც ფეხბურთელი, მაგრამ ერთ ამბავს გეტყვით და თავად მიხვდებით, როგორი დიდი ადამიანი იყო. სერგო კოტრიკაძე მიყვებოდა,  ყველა თამაშზე გასვლის წინ  ბორის პაიჭაძე მეუბნებოდა:  გახსოვდეს,  თბილისის „დინამოს“ კარს კი არა, დარიალის ხეობაში  საქართველოში შემოსასვლელ კარს იცავ და თავი არ დაზოგოო. წარმოიდგინეთ, როგორი პატრიოტიზმი და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა ამ ნათქვამში. ასე ცხოვრობდა ეს  საოცარი ხალხი, ასე მოიტანეს ჩვენი ქვეყანა აქამდე.  ეს იყო ქვეყნის სიყვარული. ახლა შეიძლება გაგიჟდე, ერთი პარტია  მეორეს აგინებს, ამდენი  ბრძოლა, დაპირისპირება, აგრესია, როგორ შეიძლება.  ერთმანეთის გინებაში ქვეყანას აგინებენ, აგინე ვისაც გინდა, მაგრამ ქვეყანა  ხომ არ უნდა დააზარალო.  არ შეიძლება ასე თავაშვებულად ყველაფრის უფლება მისცე საკუთარ თავს.  კაცს რომ არ გისწავლია, არ გიმსახურია, თავი არაფრით გამოგიჩენია და  ქვეყანა გინდა  მართო, პრეტენზიას აცხადებ, ასე არ შეიძლება. კაცს  ამისი  უფლება,  დამსახურება  უნდა გქონდეს. ვგიჟდებოდი ჩემს წინა თაობაზე, მამაჩემის თაობამ იმდენი რამ გადაიტანა, რა უბედურება და გაჭირვება არ ნახა, მაგრამ არ გაბოროტებულა და არც ქვეყანაზე უთქვავთ აუგი. ასე გაგვზარდეს ჩვენც.

იმის მიუხედავად, რომ  ძალიან მძიმე პერიოდში მომიწია ახალგაზრდობის  წლების გატარება, მაინც მენატრება ის დრო - ერთმანეთზე ზრუნვა გვაძლიერებდა ადამიანებს,  გაჭირვება  არ გვაკარგვინებდა სახეს, სიყვარულმა და თანადგომამ მოგვიყვანა აქამდე. ჩემმა ეზომ, ჩემმა ქუჩამ, ჩემმა ქალაქმა გამზარდა და გამხადა ის, ვინც ვარ დღეს. 

- იმ მძიმე დროში, დიდ ქალაქში მარტო მყოფმა, გზა როგორ გაიკვლიეთ?

-კეთილი ადამიანების  დახმარებით. მე არ ვფიქრობდი არც მსახიობობაზე, არც თეატრალურ ინსტიტუტზე.  პატარა ვიყავი, როცა  კინოში სპარტაკ ბაღაშვილი ვნახე, რას წარმოვიდგენდი, დრო გავიდოდი და  მე ვიმუშავებდი ბატონ სპარტაკთან, თან ის „მამა“ იქნებოდა ჩემი. დედაჩემს ძალიან უნდოდა ექიმი ვყოფილიყავი, მეც ძალიან მომწონდა ექიმობა, მაგრამ ქულა დამაკლდა და ვერ ჩავაბარე. იმ  პერიოდში, ისეთი ამბავი  იყო, რომ ხუთიანები კი არა, სულ ასი ქულა  რომ მიგეღო, ჩაწყობის და მფარველის გარეშე  სამედიცინო ინსტიტუტში  ვერ ჩააბარებდი.   მომზადებული კი ვიყავი, მაგრამ მე სად მყავდა პატრონი,ამიტომაც დავრჩი გარეთ.  ჩემს ეზოში ცხოვრობდა ნოდარ ფირანიშვილი. ერთ დღეს  ფირანა შემიჩნდა,  წამოდი თეატრალურში ჩააბარეო. თვითონ  უკვე თეატრალურის სტუდენტი იყო. თავიდან შორს დავიჭირე, გიჟი ხომ არ ხარ, როგორ უნდა ჩავაბარო, ცხოვრებაში ლექსი არ წამიკითხავს ხმამაღლა -მეთქი. მე მოგამზადებო, დამპირდა. წამოვედით ბირჟიდან ჩემს  სახლში,  მეხუთე კლასის ქართულის წიგნი ვიპოვეთ.   იმ წიგნიდან  ვისწავლე   ვაჟა ფშაველას  ლექსი „არწივი“, ყველაზე პატარა ლექსი ეს იყო იმ წიგნში (იცინის) ეს დიდებული  ლექსი კი ვიცოდი, მაგრამ ფირანა მეუბნებოდა, ვაჟკაცურად  უნდა თქვა, უნდა  დასჭექო, თამამად, არ მოგერიდოსო.  ლექსის გამოთქმაში მამეცადინა, ასევე ვისწავლე კრილოვის ერთი იგავი და  ვაჟას „ამოდის ნათდება“

ვეუბნებოდი, ფირან, სასაცილო ამბავში არ ჩამაგდო -მეთქი, არაო, დაიჟინა. მეორე დღეს მივედით თეატრალურ ინსტიტუტში. შევიტანეთ საბუთები. დიდი რეჟისორი დიმიტრი ალექსიძე იყვანდა დრამის სამსახიობო  ჯგუფს, მაგრამ მხოლოდ  12 ბავშვს იღებდნენ, ინსტიტუტში 400 მდე ბავშვი იყო საბუთების  რიგში.  არც მიფიქრია, რომ  ამ კონკურსში რამე გამომივიდოდა. სულ სამი ტური უნდა გამევლო, მეორე დღეს მივედი პირველ ტურზე. ჩემი რიგი რომ მოვიდა და დამიძახეს, აღმოვჩნდი დიდ აუდიტორიაში, რომელიც  პროჟექტორებით იყო განათებული.  ასეთი რამე პირველად ვნახე და ძალიან დავიბენი.  ერთ მხარეს გრძელ მაგიდასთან ვიღაც კაცები  და ქალები ისხდნენ,  წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყვნენ.   გავჩერდი შუა დარბაზში,   დაიწყეო -მითხრეს. დავჭექე და რა დავჭექე ლექსი, ხმამაღლა, თვალებდაქაჩულმა,  როგორც ფირანამ მასწავლა. კაციშვილმა ხმა ამოიღო ისე  დავამთავრე ლექსი.  ჩამოვარდა სიჩუმე. არც მლანძღავს ვინმე, არც მაქებს, ყველა მიყურებს გაკვირვებული.  ერთი კაცი, რომელიც შუაში იდგა, თურმე დიმიტრი ალექსიძეა და მე არ ვიცი, მეუბნება: თუ იცი მაგ ლექსში რა წერიაო? როგორ არ ვიცი მეთქი, გავიოცე, დაჭრილ არწივს დაესივნენ ყვავ-ყორნები, დაჭრილი რომ არ იყოს,  არწივს ყვავ-ყორანი რას გაუბედავდა მეთქი.   ეს თუ გესმის, რა გაყვირებს, არ გეცოდება არწივიო? - მითხრა დიმიტრი ალექსიძემ.  დამსვა სკამზე მაგიდასთან, ახლა არ დაიწყო ყვირილი და თვალების ქაჩვა ისე თქვი, რაც გაქვს მომზადებულიო. საუბედუროდ, ისე ვიყავი დაბნეული, იგავ-არაკი დამავიწყდა, თავიდან დავიწყე და ვერ ვაგრძელებ, ახლა „ამოდის ნათდება“ დავიწყე და იქაც ამერია, ვეღარ გავიხსნე, ვერ მოვყევი ვერაფერი. გამოვედი გარეთ დაძმარებული, ფირან, აქ სად მომიყვანე -მეთქი, ვუთხარი. თვითონაც გაკვირვებული დარჩა, რომ ასე „კარგად“ მომამზადა და არ მოეწონათ (იცინის)  მეორე დღეს დილით ისევ დამადგა თავზე, რუსთაველზე წავიდეთო,  ტყუილ-ტყუილით მიმიყვანა თეატრალურ ინსტიტუტთან, ისე გავიაროთო, მითხრა.  მივედით ახლოს და რას ვხედავ, ინსტიტუტთან ვიტრინაზე გამოკრულ სიაში ჩემი გვარიც წერია, იმ ხალხის სიაა, ვინც მეორე ტურშია დაშვებული. ეს იყო საოცრება, ალბათ  სწორედ  ესაა იღბალი, აბა სხვას რას უნდა დავაბრალო. ალბათ, რაღაც დაინახეს და შანსი მომცეს, აბა სხვა რითი გამომარჩევდნენ?!

ფირანას ვუთხარი:  ეს ყოფილა ჩემი საქმე, არც სწავლა სდომებია, არც დიდი შრომა, მზად ვარ მსახიობი გავხდე მეთქი.  ასე უცნაურად მოვხვდი თეატრალურ ინსტიტუტში.

-  ვისთან ერთად მოგიწიათ პროფესიული კარიერის დაწყება თეატრალურში?    

-  მე მოვხვდი საოცარ ჯგუფში, 7 ბიჭი ვიყავით და 5 გოგო გვყავდა. ჯგუფში  გვერდით მეჯდა  ბელა მირიანაშვილი, ჩვენთან იყო გურანდა გაბუნია, თინა სისაური, ლია პაპავა, მერე გადმოვიდნენ ჯულიეტა ვაშაყმაძე, თინა ლაღიძე, ბიჭებიდან - მალხაზ გორგილაძე,  თენგიზ დაუშვილი, გრიშა წიტაიშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, ჩვენ გვყავდა  გენიალური პედაგოგები, რომლებიც მართლაც გამორჩეულები იყვნენ.

პატარა ჯგუფი ვიყავით და  ყველა  ძალიან ვმეგობრობდით, პლეხანოვზე  ჩემი ოთახის კარი არ იკეტებოდა, გურანდა გოგოებს წაიყვანდა ხოლმე და სახლს მილაგებდნენ, მივიდოდი და სახლი დალაგებული - დაწკრიალებული მხვდებოდა. გურანდა ცეცხლივით  გოგო იყო, თავი და თავი ჩვენი  ჯგუფის.

მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, ერთ დღეს ინსტიტუტში ახალგაზრდა კაცი მოვიდა და გამოაცხადა: შოთა მანაგაძე ფილმს იღებს, მთავარ როლზე უკვე  აყვანილი გვყავს მსახიობი, გარემოცვისთვის გვჭირდება მისი ტოლი ბიჭები, ხვალ რეჟისორი თავად  მოვა   და თვითონ აარჩევს პირველკურსელებს შორისო. მართლაც მეორე დღეს მივედით შეხვედრაზე შოთა მანაგაძესთან. ბატონმა შოთამ ყველას გამოგვკითხა  რაღაც-რაღაცეები, ლაპარაკის დროს, ბატონი შოთა თავის ასისტენტს მიუბრუნდა და უთხრა: მოდი ამ ბიჭს გოგიტას ტანსაცმელი ჩააცვიო.  გამიკეთეს გრიმი, ჩავედით პავილიონში სასინჯი გადაღებისთვის. დამთავრდა გადაღება და მეორე დღისთვის დამიბარეს, მერე კიდევ ახალი გადაღებისთვის. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ერთ დღეს კინოსტუდიაში მოვედი, დამხვდა ერთი ახმახი, ჯმუხი კაცი, რომელიც როგორც მერე გავიგე, თურმე ბატონი შოთას მძღოლი იყო. - სამხატვრო საბჭოზე მე შენ დაგიჭირე ამ როლზე მხარი  და აბა შენ იცი, მაღარიჩი  უნდა იკისროო. გავიქეცი ბესიკის ქუჩაზე, ფული ვისესხე ნათესავებისგან, გოჩამ თავისი ძმაკაცები წამოიყვანა და კეცხოველის ქუჩაზე, ინტურისტში ავღნიშნეთ ჩემი დამტკიცება გოგიტას როლზე. თურმე, სამხატვრო საბჭოზე მოისმინა გადაწყვეტილება, რომ როლზე ვიყავი დამტკიცებული და პირველმა გადაწყვიტა ჩემთვის ამისი თქმა და „მაღარიჩიც’ გამომტყუა (იცინის)  

- როგორ შეცვალა ამ ფილმმა თქვენი ცხოვრება?

-  როგორც კი ფილმი გამოვიდა, უცებ გავხდი პოპულარული.1957 წელს ერთ დღეში გამიცნო ყველამ. პოპულარულობა დიდი პასუხისმგებლობაა. სულ მიკვირდა, ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან პოპულარულები იყვნენ, როგორ ატარებდნენ ამ ტვირთს ასე ღირსეულად. ჩემს თანატოლ  კოლეგებს ხშირად ვეუბნებოდი, სადმე როცა მივდიოდით, ნუ ხმაურობთ, ისედაც გვიყურებენ, გვამჩნევენ და ზედმეტი ხმაური და თავის გამოჩენა აღარ არის საჭირო მეთქი.იოლი არაა ღირსეულად ატარო პოპულარობის ტვირთი, ბევრი წააქცია ამ ტვირთმა.  

ის კი არა, ამდენი წელი გავიდა და დღესაც, სადმე რომ მხვდებიან, საბუდარელი ჭაბუკიო, ამბობენ ხოლმე. რაღა დროს ჩემი ჭაბუკობაა (იცინის) ბოლო წლებში, საბუდარელი ჭაბუკი, ეკა კახიანის მამით და ნინის ბაბუის სტატუსით „ჩანაცვლდა“.

იმ წლებში კინოს ბევრი მაყურებელი ჰყავდა. კინოს გარდა, არც არაფერი იყო. თან ძალიან კარგი ფილმი გამოვიდა. ამითი დაიწყო ჩემი ცხოვრება. თებროლეს როლის შემსრულებელზე  მთელ საქართველოში გამოცხადებული იყო ძებნა, მერე შემთხვევით ვიღაცამ ბელა მოიყვანა.  მე და ბელა გადაღებებზე რომ წავედით, მეორე დღესვე გაგვრიცხეს ინსტიტუტიდან. არ შეიძლებოდა სტუდენტის  კინოში გადაღება, ასეთი წესი იყო თეატრალურ ინსტიტუტში. კინო გადაღებები რომ დასრულდა, ორივე აღგვადგინეს, საერთო კრებაზე  დაგვაწერინეს განცხადება და დაგვადებინეს პირობა, რომ არ გავიხედავდით კინოსკენ, სანამ ინსტიტუტს არ დავამთავრებდით, თუმცა მე ამის შემდეგ  კიდევ სამჯერ გამრიცხეს ინსტიტუტიდან გადაღებების გამო და სამჯერვე თავიდან  აღმადგინეს. 

კინო სპექტაკლი ხომ არ არის, დღეს არ ითამაშო და შემდეგ დადგმაზე აგიყვანენ, როგორია მსახიობმა გადაღებაზე უარი თქვას? ამას გარდა, კინოში კარგი ანაზაღაურება იყო.  თეატრში იმის მესამედსაც  არ უხდიდნენ მსახიობებს, რამდენსაც კინოში. როდესაც კინოსტუდიაში  დაუშვეს შტატი და  გავხდით  საშტატო მსახიობები, ბევრი კარგი მსახიობი იყო შტატში: დუდუხანა წეროძე, სპარტაკ ბაღაშვილი,  მე ყველაზე პატარა  ვიყავი.  პირველი ხელფასი ავიღე 1800 მანეთი, იმ დროს რამაზ ჩხიკვაძე რუსთაველის თეატრში 450 მანეთს იღებდა.  სად რამაზ ჩხიკვაძე და სად მე, მაგრამ ასეთი დიდი განსხვავება იყო კინოს და თეატრის მსახიობებს შორის. ახლა გული მწყდება ჩვენს მსახიობებზე. მე ისეთი დაკავებული ვიყავი, ხან ერთდროულად  სამ - ოთხ  ფილმში მიღებდნენ.  ახლა ახალგაზრდებს უნდათ მუშაობა, მაგრამ საქმე არ არის, თუმცა ბევრი კარგი, ნიჭიერი რეჟისორი და მსახიობი გვყავს. არა და  კინოს გარეშე ჩვენნაირი პატარა ქვეყანა ვერ გავა ასპარეზზე, ხელოვნებას, სპორტს დიდი ღვაწლი აქვს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ასე იყო  წარსულში,  და ასე იქნება  მომავალშიც. 

- ოჯახზე მინდა გკითხოთ, თქვენი  მომავალი მეუღლე, ქალბატონი  ფლორა კინოს წყალობით გაიცანით?

- დიახ, ფლორა მოიყვანეს თებროლეს როლის სინჯებზე,  მთელი ქალაქიდან შეკრიბეს კარგი გოგოები. მათ შორის იყო ფლორა. მას მე ვიცნობდი, ფლორაც პლეხანოვზე ცხოვრობდა, მაგრამ ის ქალთა სკოლაში დადიოდა,  მე ვაჟთა სკოლაში ვსწავლობდი და ერთმანეთთან შეხება არ გვქონდა. როცა ფლორა სინჯებზე მოიყვანეს, მე უკვე დამტკიცებული ვიყავი გოგიტას როლზე, ერთად გადაგვიღეს, გვქონდა  ერთობლივი სასინჯი გადაღება. ფლორა არ აიყვანეს ამ როლზე.  მერე ვეხუმრებოდი ხშირად, კინოში არ გაგიმართლა, მაგრამ ცხოვრებაში ხომ გახდი თებროლე, რა გინდა ჩამიგდე ხელში და ვარ შენი მონა-მეთქი (იცინის) 

მე ბედნიერი ვარ ჩემი ოჯახით, კარგი შვილი და კარგი შვილიშვილები მყავს. მეც კარგი მეუღლე,  მამა და  ბაბუა ვარ. იმის მიუხედავად, რომ  კინოში აქტიურად  ვიყავი  დაკავებული, ოჯახის  ცხოვრებაში არასდროს არაფერი დამიკლია. ეკა მე მგავს ხასიათით, ასე ამბობს ჩემი ცოლი. ეს ქალები, ვინც სახლში მყავს,  ყველანი ჩემი უფროსები არიან. გოგო დიდი ბედნიერებაა, ბიჭი მაინც ვერ  მოგეფერება და ჩაგიხუტებს  ისე, როგორც გოგონებს შეუძლიათ.  დამტრიალებენ თავზე ჩემი გოგოები, რაც დიდი ბედნიერებაა, თუმცა სულ ვამბობ, რომ ამ ოჯახში ფლორა რასაც იტყვის, ის არის მთავარი.  ჯერ ერთი  ფლორა გურულია. მერე კიდევ, პროფესორია, წლებია ჯავახიშვილის უნივერსიტეტში კითხულობს არაბულ ენას.  როგორია გურული ქალი არაბულად რომ გელაპარაკება?! ( იცინის)

ოჯახთან ერთად ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყვნენ ჩემი  მეგობრები. იმ ჯგუფიდან, ვისთან ერთადაც ვსწავლობდი, ყველასთან ახლო მეგობრობა მქონდა, კინოში შეძენილი  მეგობრობა  დაიწყო „თეთრი ქარავნიდან“. თამაზ მელიავა და ელდარ შენგელაია ახალი ჩამოსულები იყვნენ მოსკოვიდან, მისცეს ერთობლივი ფილმი „თეთრი ქარავანი“. იმ დროს ასეთი ტრადიცია იყო ქართულ კინოში, მოსკოვიდან ჩამოსულ რეჟისორებს ერთად უნდა გადაეღოთ ფილმი, ასე გადაიღეს  თენგიზ აბულაძემ  და რეზო ჩხეიძემ „მაგდანას ლურჯა“,  გიზო გაბესკირიამ და გიგა ლორთქიფანიძემ „დათა თუთაშხია“. „თეთრი ქარავანის“  გადაღებებიდან დავძმაკაცდით მე, ელდარი, თამაზ მელიავა, გიზო გაბესკირია, გურამ ლორთქია. სამი წელი მიდიოდა გადაღებები,  ამ პერიოდში ბევრი დავქორწინდით, გვეყოლა შვილები. იქიდან მოდის ჩვენი მეგობრობა, სამწუხაროდ, დღეს მე, ელდარი და გიზო დავრჩით, ჩვენი ტოლი არავინ აღარ არის ცოცხალი. ეს ძალიან ცუდია. დრო და ასაკი იწირავს ბევრ რამეს, მაგრამ მეგობრობა რჩება.   მეგობრობის სიყვარულით და  იმედით ვიყავი  მთელი ცხოვრება და ასე მოვედი  ამ ასაკამდე. ეს ჩვენი ოჯახის ტრადიაციაა. ასეთი მეგობრობა იციან ჩემმა შვილმა, შვილიშვილებმა, ამიტომაცაა რომ ჩვენი სახლი ყოველთვის მეგობრებით არის სავსე.

თამარ ნიჟარაძე

უცნობი ნაცნობი
აპოლონ ჯინჭარაძე - ქართველი გენეტიკოსის უნიკალური აღმოჩენა

აპოლონ ჯინჭარაძემ ხანმოკლე, მაგრამ ნაყოფიერი ცხოვრება განვლო. არ შეუშინდა გამოწვევებს, თავისი ნიჭისა და ცოდნის წყალობით მიაკვლია იმ დროისთვის უცნობ კანონზომიერებას და სამუდამოდ დაიმკვიდრა სახელი მსოფლიოს უდიდეს მეცნიერთა შორის. გენეტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი თეიმურაზ ლეჟავა მიიჩნევს, რომ მას თავისი აღმოჩენისთვის არა მარტო დოქტორის ხარისხი, არამედ ნობელის პრემიაც ეკუთვნოდა, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე კი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აპოლონ ჯინჭარაძე ერის სიამაყე და, სამწუხაროდ, ჯეროვნად დაუფასებელი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

დიდ მადლობას ვუხდით კარდიოლოგ ბადრი ჯინჭარაძეს, რომელმაც უფროს ძმასთან დაკავშირებული უამრავი საინტერესო მოგონება გაგვიზიარა. სწორედ ის გახლავთ ავტორი წიგნისა “აპოლონ ჯინჭარაძე და მისი ერთი აღმოჩენის ისტორია”.

ბავშვობა

აპოლონ ჯინჭარაძე 1961 წლის 6 იანვარს დაიბადა თბილისში. დედამისი, ტერეზა ჩხატარაიშვილი, ზოოინჟინერი და ინგლისური ენის მასწავლებელი იყო, მამა, გიზო ჯინჭარაძე – ეკონომისტი. აპოლონის მშობლები ოზურგეთის რაიონიდან იყვნენ. მამის მამა, უფროსი აპოლონ ჯინჭარაძე, სოფელ ცხემლის ხიდში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. მას იცნობდნენ როგორც შესანიშნავ პედაგოგს, განათლებულ პიროვნებას, არაერთი თაობის აღმზრდელს. ყველაზე ძვირფას საჩუქრად თურმე წიგნი მიაჩნდა და იმ დროისთვის საუკეთესო ბიბლიოთეკაც ჰქონია. მისი ნამოწაფარი, ცნობილი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი, ავტობიოგრაფიაში წერს: "რუსულ ენასა და ლიტერატურას გვასწავლიდა აპოლონ ჯინჭარაძე, რომელიც ნიკოლოზ II-ის ყოფილი ოფიცერი იყო. მისი შიში და რიდი ყველას გვქონდა“.

აპოლონის ვაჟი მშრომელი კაცი ყოფილა. ბატონი ბადრი იხსენებს, რომ მამა ყველაზე ადრე გადიოდა შინიდან და ყველაზე გვიან ბრუნდებოდა. არ ეშინოდა საკუთარი აზრის გამოთქმის და თუ რამეს ხელს მოჰკიდებდა, ბოლომდე მიიყვანდა. იზიდავდა სიახლეები და არც ფანტაზიის ნაკლებობას უჩიოდა, თუმცა იმდროინდელი წეს-წყობილების გამო ბევრი იდეა ხორცშეუსხმელი დარჩა.

მომავალი მეუღლე გიზო ჯინჭარაძემ მატარებელში გაიცნო. 38 წელი გაატარეს ერთად. აპოლონის დედამ წარჩინებით დაამთავრა ორი უმაღლესი სასწავლებელი, მაგრამ მთელი თავისი ნიჭი, ძალა და ენერგია შვილების აღზრდას მოახმარა. როცა ბავშვები წამოიზარდნენ, ტერეზამ ინგლისური ენის კერძო გაკვეთილების ჩატარება დაიწყო და მალევე გაითქვა სახელი როგორც საუკეთესო მასწავლებელმა.

– ბავშვობაში მე და ჩემი ძმა განებივრებულები ვიყავით დედის ძმის, ქველი ბიძიას ყურადღებით, –  იხსენებს ბატონი ბადრი, – მიუხედავად მუდმისი მოუცლელობისა (ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მუშაობდა), მაინც ახერხებდა ჩვენს გართობასა და ინტელექტუალურ განვითარებაზე ზრუნვას. უქმეებზე ხშირად მოდიოდა ჩვენთან, მოჰქონდა შემეცნებითი წიგნები, შვილებთან ერთად დავყავდით კინოში, ზოოპარკში, საახალწლო ნაძვის ხეზე, რომელიც იმ დროს სპორტის სასახლეში იმართებოდა. კინოში წასვლა განსაკუთრებით გვიხაროდა.

ქველი ბიძიამ და მშობლებმა გვასწავლეს წიგნის, ენებისა და ბუნების სიყვარული.

ოჯახური ტრადიცია გახლდათ თეატრში სიარულიც. თავიდან მთელი ოჯახი დავდიოდით, მოგვიანებით – უფრო მამა და ჩვენ. აპოლონის საყვარელი გამოთქმა იყო ფრაზა "კავკასიური ცარცის წრიდან": "მე რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ლაზათიანად ვაკეთებ".

სტუდენტობა

1967 წელს აპოლონ ჯინჭარაძე მშობლებმა თბილისის 47-ე საშუალო სკოლაში შეიყვანეს. იქ ინგლისურ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ და დედის არჩევანიც ამან განაპირობა. სკოლა მთავრობის სახლის უკან, ჯინჭარაძეების სახლის ახლოს მდებარეობდა. ასე რომ, აპოლონის ბავშვობამ და ყრმობამ რუსთაველის გამზირზე და მთაწმინდის უბანში ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით ზაფხულის არდადეგებს, როდესაც მთელი ოჯახი კოჯორში მიდიოდა დასასვენებლად.

– კოჯორში, ჩვენი სახლის წინა მხარეს, ნაძვნარი იყო, უკან კი – ფოთლოვანი ტყე და წყარო. ამ ტყეში ხშირად დავდიოდით. გვქონდა პეპლების კოლექცია, ნაირგვარი ჰერბარიუმები. ტყეში უმეტესად ქველი ბიძია იყო ჩვენი მეგზური. გვაცნობდა მცენარეებს, გვასწავლიდა საკვებად ვარგისი სოკოების შხამიანისგან გარჩევას. აპოლონს განსაკუთრებულად უყვარდა ბუნება. ბაყაყის ან ხვლიკის ხელში აყვანა მისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა. მათზე რაღაც დაკვირვებებსაც კი აწარმოებდა. ვფიქრობ, მომავალში გამოადგა კიდეც ეს გამოცდილება. მახსოვს, სტუდენტობისას გენეტიკის რომელიღაც საკითხზე მუშაობდა და ექსპერიმენტებს ატარებდა თეთრ თაგვებზე. ერთხელ ლაბორატორიაში მეც გამიყოლა. ისე კოხტად იჭერდა ხელში თაგვებს და ისე ოსტატურად უკეთებდა ნემსს, რომ გაკვირვებული დავრჩი.

აპოლონს ძალიან დაკვირვებული თვალი ჰქონდა. ჩვენს საოჯახო არქივში უამრავი ფოტოა, რომლებზეც აპოლონი რაღაცას აკვირდება ხან ხეზე, ხან მიწაზე, ხან ბალახებში. მზერა სულ რაღაცისკენ ჰქონდა მიპყრობილი. მის თვალს არაფერი გამოეპარებოდა.

1978 წლის 26 მარტს, სასკოლო არდადეგების პერიოდში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღე მოეწყო. სწორედ მაშინ, პროფესორ თემურ ლეჟავას დამსახურებით, მიიღო აპოლონმა გადაწყვეტილება, მუშაობა გენეტიკის განხრით გაეგრძელებინა – მანამდე დიდი ივანე ბერიტაშვილის სიყვარულით ფიზიოლოგობას აპირებდა.

მეცნიერის გზა

1983 წელს აპოლონ ჯინჭარაძემ წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი გენეტიკის სპეციალიზაციით.

გიზო ჯინჭარაძე შვილებს ყოველგვარ პირობას უქმნიდა სწავლისთვის და წასახალისებლად არც კინოსა და თეატრში სიარულს უკრძალავდა.

აპოლონი ხშირად ინტერესდებოდა უმცროსი ძმის ინსტიტუტის ამბებით და რჩევა-დარიგებასაც აძლევდა, თუმცა დიდხანს საუბარი და ბევრი კითხვის დასმა არ უყვარდა. ყველა, ვინც აპოლონ ჯინჭარაძეს იცნობდა, აღნიშნავდა მის კეთილშობილებას, ახლობლებისადმი კეთილგანწყობას, მეგობრებისადმი ყურადღებას. მისი დღიურის გამჭვირვალე ყდას ჟურნალიდან ამოჭრილი ილიას ცნობილი სტროფი ამშვენებდა:

„კაცად მაშინ ხარ საქები,

თუ ეს წესი წესად დარგე,

ყოველს დღესა შენს თავს ჰკითხო,

აბა, დღეს მე ვის რა ვარგე?“

– აპოლონი სერიოზულად იყო გატაცებული ფოტოგრაფიით. ეს ინტერესი მამისგან გამოჰყვა, რომელიც მთელი ცხოვრება იღებდა სურათებს და თვითონვე ბეჭდავდა შინ მოწყობილ ლაბორატორიაში. თავად აპოლონსაც თითქმის მთელი საქართველო ჰქონდა მოვლილი და ფოტოაპარატი მუდამ თან დაჰქონდა.

ფოტოგადაღებისა და ენების ცოდნა აპოლონს სამეცნიერო საქმიანობაშიც გამოადგა. ის მუდამ ფეხდაფეხ მიჰყვებოდა მსოფლიო მეცნიერებაში მიმდინარე მოვლენებს, რაშიც ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნაც უწყობდა ხელს, მისი სადისერტაციო ნაშრომი კი სავსეა მის მიერვე გადაღებული ფოტოებით.

პოეზიაც უყვარდა. თვითონაც ცდილობდა წერას. საერთოდ, უნდოდა, ყველაფერში მოესინჯა ძალა. უყვარდა ფანქრით ჩანახატების გაკეთება. ხშირად ხატავდა პორტრეტებს.

ძალიან უყვარდა მუსიკაც. თავისუფალ დროს, ტრანზისტორს ჩართავდა ხოლმე და სიმღერებს უსმენდა. უმეტესად – "რადიო მონტე-კარლოს“. აგროვებდა ბრძნულ გამონათქვამებს და პატარა ალბომებად კინძავდა.

აღმოჩენა

სტუდენტობის წლებში აპოლონ ჯინჭარაძემ არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი დაწერა, თუმცა მისი ინტერესი გენეტიკით არ შემოიფარგლებოდა. IV კურსზე რუსულენოვანი ნაშრომისთვის "ეკონომიკურ-ეკოლოგიური პრობლემები XXVI ყრილობის მასალებში" სტუდენტთა ნამუშევრების საკავშირო კონკურსზე პირველი ხარისხის დიპლომი მიიღო, მერე კი კიევში დიპლომითა და მედლით დააჯილდოეს. წარმატება თითქოს დაებედა ახალგაზრდა მეცნიერს. ერთხელ, ცოტა არ იყოს, გაკვირვებულს უთქვამს ძმისთვის, ხალხი "ნახვამდის, აპოლონ!" – კი აღარ მეუბნება, არამედ: "მომავალ წარმატებებს გისურვებ", – ასე მემშვიდობებაო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის გენეტიკის კათედრის გამგემ, პროფესორმა თეიმურაზ ლეჟავამ, აპოლონში მეცნიერი დაინახა და ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მიავლინა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ნუკლეინის მჟავების ლაბორატორიაში მოლეკულურ ბიოლოგიასა და მოლეკულურ გენეტიკაში მოსამზადებლად. ლაბორატოორიის ხელმძღვანელმა, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა თენგიზ ბერიძემაც ირწმუნა ახალგაზრდა მეცნიერის წარმატებული მომავლის და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აპოლონ ჯინჭარაძის ნიჭს ფრთები გაეშალა. შეგირდიც განსაკუთრებულად აფასებდა თავის აღმზრდელებს და თავს არ ზოგავდა მათი იმედების გასამართლებლად. მოგვიანებით, მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ სხდომაზე, როცა თენგიზ ბერიძე აპოლონის გამორჩეულობაზე საუბრობდა, აღნიშნა, რომ პროფესორ ლეჟავას არც მანამდე და არც მის შემდეგ აღარავინ მიუვლენია ბიოქიმიის ინსტიტუტში.

1988 წელს აპოლონ ჯინჭარაძემ მუშაობა გააგრძელა მოსკოვში, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვ. ენგელჰარტის სახელობის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "დნმ-ს ევოლუციურად კონსერვატიული განმეორებადი თანმიმდევრობები და მათი გამოყენება გენომურ დაქტილოსკოპიაში". სწორედ საკანდიდატო დისერტაციაზე მუშაობისას აღმოაჩინა და სრულყოფილად დაამუშავა გენეტიკური დაქტილოსკოპიის მეთოდი (ე.წ. დნმ-ს ტესტი).

აღსანიშნავია, რომ აპოლონ ჯინჭარაძე თავდაპირველად სულ სხვა სამეცნიერო თემაზე მუშაობდა, მაგრამ მისი აღმოჩენა იმდენად მოულოდნელი და განსაცვიფრებელი იყო, რომ მკვლევარმა შეაჩერა ძირითადი სამუშაო და, ხელმძღვანელის დაჟინებული თხოვნით, გადამოწმების ექსპერიმენტებს მიჰყო ხელი.

აპოლონს შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა თანამშრომლებსა და სამეცნიერო ხელმძღვანელებთან. როდესაც სადისერტაციო ნაშრომი დაასრულა და სამშობლოში დასაბრუნებლად ემზადებოდა, აკადემიკოსმა გეორგიევმა უთხრა: თუ ოდესმე რაიმე მიზეზით გადაწყვეტ ჩვენთან დაბრუნებას, იცოდე, რომ შენ აქ ადგილი ყოველთვის გექნებაო. ხელმძღვანელის დაჟინებული რჩევის მიუხედავად, აპოლონ ჯინჭარაძემ უარყო წინადადება მოსკოვში, დოქტორანტურაში დარჩენის თაობაზე, საქართველოში დაბრუნდა და მუშაობა განაგრძო ს. დურმიშიძის სახელობის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში, რომელსაც იმხანად აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე ედგა სათავეში.

როგორც ცნობილია, ყოველი ცოცხალი ორგანიზმი გენების სახით ატარებს მემკვიდრეობით ინფორმაციას. გენები განაპირობებს ცოცხალი ორგანიზმისთვის დამახასიათებელ ყოველ ნიშან-თვისებას და თაობიდან თაობას გადაეცემა. გენების რაოდენობა სხვადასხვა ორგანიზმში სხვადასხვაა. ადამიანს დაახლოებით 50-100 ათასი გენი აქვს. ცალკეული ინდივიდუმები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან გენების თანმიმდევრობით, ე. წ. ალელებით. გენის ქიმიური საფუძველი დეზოქსირიბონუკლეინის მჟავაა. გენომური დაქტილოსკოპიის მეთოდი დაფუძნებულია ცალკეული ინდივიდუუმების დნმ-ს მოლეკულებში არსებულ ამ განსხვავებათა გამოვლენაზე. ჩვეულებრივი დაქტილოსკოპიის მეთოდი ადამიანის იდენტიფიცირებას ხელის თითების კანის ქარგების აღნაგობით ახდენს, ხოლო გენომური დაქტილოსკოპიით შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია მის უჯრედებში არსებული დნმ-ს მოლეკულების ანალიზის საფუძველზე.

მსოფლიოში გენომური დაქტილოსკოპიის ფუძემდებლად ინგლისელი მეცნიერი ალეკ ჯეფრისი ითვლება, ხოლო მეთოდის დაბადების თარიღად მიჩნეულია 1987 წლის იანვარი. ჯეფრისის დამსახურება ის არის, რომ მან აღმოაჩინა სპეციფიკური მოლეკულური ზონდი, რომლითაც შესაძლებელი გახდა ადამიანების დნმ-ებს შორის განსხვავებათა იდენტიფიცირება, თუმცა აღნიშნული კვლევა კრიმინალისტებს მხოლოდ თხევადი ბიოლოგიური მასალის ანალიზის საშუალებას აძლევდა, მაშინ როდესაც ამა თუ იმ საქმის გამოსაძიებლად ხშირად საჭიროა გამხმარი სისხლის, სპერმის თუ სხვა გენეტიკური მასალის შესწავლა.

აპოლონ ჯინჭარაძემ ერთ-ერთი ბაქტერიოფაგის საფუძველზე მიაგნო ახალ ზონდს, რომელიც ცოცხალი სამყაროს მიმართ უნივერსალური აღმოჩნდა. ამ ზონდის საშუალებით შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ადამიანებში, ცხოველებსა და მცენარეებში ცალკეული ინდივიდუუმების იდენტიფიცირება მათი გენების უნიკალური თანმიმდევრობის საფუძველზე, არამედ მიკროორგანიზმების ცალკეულ შტამებს შორის განსხვავებათა დადგენაც. სწორედ ა. ჯინჭარაძის მიერ აღმოჩენილი ზონდის წყალობით მოხერხდა 1918 წელს დახვრეტილი ნიკოლოზ მეორის ნეშტის იდენტიფიცირება, რისთვისაც იაპონიაში შემონახული მეფის სისხლით გაჟღენთილი დოლბანდი გამოიყენეს.

– აპოლონს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაურეკეს და ამცნეს, რომ მისი ნაშრომის სახელმწიფო პრემიაზე წარდგენას აპირებდნენ, თანაც ჰკითხეს, წინააღმდეგი ხომ არ იქნებოდა, ლაურეატთა სიაში კიდევ რამდენიმე კაცი რომ შეეყვანათ. იმხანად ბორჯომში ვმუშაობდი. დედაჩემი იხსენებს, რომ აპოლონი დათანხმდა, ხოლო როცა საუბარი დაასრულა, აგვიხსნა: მათ წინადადებაზე უარი რომ ვთქვა, საერთოდ არაფერი იქნებაო. ბუნებრივია, ჩემმა ძმამ კარგად იცოდა, რომ მხოლოდ მისთვის ასეთ აღიარებას არავინ გაიმეტებდა.

გენომური დაქტილოსკოპიის მეთოდით შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილი სისხლის ერთი წვეთის, თმის რამდენიმე ბოლქვის ანალიზის საფუძველზე. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, დადგენილ იქნეს უტყუარი კავშირი დაკარგულ მშობლებსა და შვილებს შორის ან საუკუნეების წინათ გარდაცვლილი ადამიანების ვინაობა.

აპოლონ ჯინჭარაძის სიცოცხლეშივე მისი აღმოჩენით დაინტერესდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალური სამმართველოს მაშინდელი უფროსი დორიან როსტიაშვილი. გარკვეული ხნის შემდეგ კვლევის აღნიშნული მეთოდი საქართველოშიც დაინერგა.

1989 წლის 4 მარტს ახალგაზრდა მეცნიერი მოულოდნელად გარდაიცვალა, სწორედ იმ დროს, როდესაც უნივერსიტეტში ლექციის წასაკითხად ემზადებოდა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

1996 წელს, რუსეთის ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტის ბრძანებით, აპოლონ ჯინჭარაძეს, რამდენიმე რუს კოლეგასთან ერთად, მიენიჭა რუსეთის სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში გენეტიკური დაქტოლოსკოპიის თეორიული და გამოყენებითი პრობლემების დამუშავებისთვის. ის ერთადერთი ქართველი ბიოლოგია, ვინც რუსეთის ხელისუფლებამ ამ ჯილდოს ღირსად ცნო.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს არის მსოფლიო დონის აღმოჩენა, მაგრამ აპოლონ ჯინჭარაძეს კვლევების დროულად გამოქვეყნების საშუალება არ მიეცა. მან მხოლოდ მას შემდეგ შეძლო თავისი მასალების გამომზეურება, რაც დაიბეჭდა უცხოელ მეცნიერთა ნაშრომები მსგავსი აღმოჩენის შესახებ.

აპოლონ ჯინჭარაძის ნაშრომებმა საფუძველი ჩაუყარა ახალ სამეცნიერო მიმართულებებს ბიოლოგიასა და მედიცინის მომიჯნავე სფეროებში – სოფლის მეურნეობაში, ბიოტექნოლოგიაში, ეკოლოგიაში, კრიმინალისტიკასა და სასამართლო მედიცინაში.

მარი მარღანია

წყარო: ჟურნალი ავერსი

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.