USD 2.7585
EUR 2.9910
RUB 3.0337
Tbilisi
რატომ არ შედგა „წითელი ცუნამი“ - 2022 წლის შუალედური არჩევნების შედეგები
Date:  421

გიორგი ბადრიძე, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი 

2022 წლის შუალედურმა არჩევნებმა შეერთებულ შტატებში უჩვეულო ყურადღება მიიპყრო ქვეყნის და მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რესპუბლიკელი ლიდერები და მათი მხარდამჭერი მედია ამტკიცებდნენ, რომ ისინი კონგრესში უმრავლესობას მოიგებდნენ, რაც 2024 წელს თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ტრიუმფალურ დაბრუნებას მოასწავებდა. ბევრი ამას „წითელ ტალღას“ ან „ცუნამისაც“ უწოდებდა (რესპუბლიკური პარტიის ფერის გამო). დემოკრატები, თავის მხრივ, ცდილობდნენ საკუთარი ამომრჩევლების მობილიზებას იმის მტკიცებით, რომ სასწორზე თავად ამერიკული დემოკრატიის ბედი იდო.

მართლაც, უმრავლესობის მოლოდინით რესპუბლიკელებს არ უნდა გასჭირვებოდათ კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობის დაბრუნება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მათ წარმომადგენელთა პალატაში მცირე უმრავლესობა მოიპოვეს, „წითელი ტალღა“ არ შედგა. მეტიც, დემოკრატებმა სენატზე კონტროლი შეინარჩუნეს (და შესაძლოა გაზარდონ უმრავლესობა ჯორჯიაში დეკემბრის განმეორებითი არჩევნების შედეგად). წლევანდელი შუალედური არჩევნების კონტექსტის და მნიშვნელობის გასაგებად ამერიკის პოლიტიკური სისტემის ისტორიას და მის დღევანდელ არქიტექტურას უნდა შევეხოთ.  

როდესაც შეერთებული შტატების დამფუძნებელი მამები ამერიკის პოლიტიკურ სისტემას ქმნიდნენ, მათ სურდათ არ დაეშვათ ერთი ადამიანის ან პარტიის მიერ ძალაუფლებაზე მონოპოლიის მოპოვების შესაძლებლობა, რაც რესპუბლიკას დიქტატურას დაამსგავსებდა.  ამისთვის მათ არა მხოლოდ ძალაუფლების შტოების მკაცრი დაყოფა და დაბალანსების და ერთმანეთის კონტროლის სისტემა შემოიღეს, არამედ ისე მოაწყვეს კონგრესისა და პრეზიდენტის არჩევნები, რომ არჩევნების ერთ ფაზას მთელი ძალაუფლება ერთი პარტიის ხელში ადვილად ვერ ჩაეგდო.

ამერიკული კონგრესი წარმომადგენელთა პალატისგან და სენატისგან შედგება. წარმომადგენელთა პალატაში 435 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებიდან არჩეული დეპუტატები (ხშირად „კონგრესმენებად“ წოდებული წარმომადგენლები) შედიან, ხოლო სენატში 100 წევრია, რომლებიც 50 შტატს წარმოადგენენ (თითო შტატს - ორი სენატორი).  წარმომადგენელთა პალატაში წევრებს უჩვეულოდ მოკლე - 2 წლის ვადით - ირჩევენ, ხოლო სენატორებს - 6 წლით. თუმცა იმისთვის, რომ ერთი არჩევნების შედეგად სენატზე კონტროლი ერთმა პარტიამ ადვილად ვერ მოიპოვოს, არჩევნების თითოეულ ციკლში სენატის ადგილების მხოლოდ ერთ მესამედს ირჩევენ.  შესაბამისად, კონგრესის არჩევნები ყოველ 2 წელში ერთხელ ტარდება, რომელშიც წარმომადგენელთა პალატის 435-დან ყველა ადგილს და სენატის ერთ მესამედს ახლიდან ირჩევენ. მეტიც, კონგრესის არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნებთან არის სინქრონიზებული, რაც ნიშნავს, რომ ყოველ 4 წელიწადში ერთხელ კონგრესის და პრეზიდენტის არჩევნები ერთდროულად ტარდება, ხოლო შემდეგი არჩევნები კონგრესში - საპრეზიდენტო არჩევნებიდან 2 წლის შემდეგ, ამას შუალედური არჩევნები ეწოდება და პრეზიდენტის მიმართ ნდობის ვოტუმის ირიბი ფუნქციაც აქვს.  შედეგად, თუ ორი წლის თავზე ამომრჩეველი უკმაყოფილოა პრეზიდენტით, ის პრეზიდენტის პარტიას „სჯის“ შუალედურ არჩევნებზე და კონგრესში ხმას მის მოწინააღმდეგეს აძლევს. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო წლევანდელ შუალედურ არჩევნებამდე.

როგორც წესი, როდესაც პრეზიდენტი იმდენად არაპოპულარულია, როგორც ჯო ბაიდენი იყო 2022 წლის ოქტომბერში (გელაპის გამოკითხვით მას მხარს 40% უჭერდა, ხოლო 56% უკმაყოფილო იყო), მისი პარტია განწირულია ხოლმე შუალედურ არჩევნებში. ამის მიუხედავად, არა მხოლოდ არ შედგე „წითელი ცუნამი“, რესპუბლიკელებმა გაჭირვებით მოიპოვეს 221 ადგილი წარმომადგენელთა პალატაში (უმრავლესობისთვის 218 ადგილია საჭირო, რამდენიმე ოლქის შედეგს ჯერაც ითვლიან) და ვერ შეძლეს სენატში უმრავლესობის დაბრუნება, სადაც დემოკრატებს უკვე აქვთ 50 ადგილი (რაც ვიცე-პრეზიდენტის ხმის გათვალისწინებით მათ უმრავლესობას უნარჩუნებს) და შეუძლიათ უმრავლესობა კიდეც გაზარდონ, თუ, როგორც მოსალოდნელია, ჯორჯიის განმეორებით არჩევნებსაც მოიგებენ.

მაშ რამ შეუშალა ხელი რესპუბლიკელებს დემოკრატების სისუსტეებით სარგებლობაში? მით უმეტეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის სასარგებლოდ არც ეკონომიკური მაჩვენებლები მეტყველებდა - როგორც წესი, ეკონომიკა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ამომრჩევლის გადაწყვეტილებაში. მიუხედავად გარკვეული პროგრესისა სამუშაო ადგილების შექმნაში, ინფლაცია 40-წლიან მაქსიმუმზეა (ის ოქტომბერში 7.745%-ს შეადგენდა, მას შემდეგ, რაც ივნისში 9%-ს მიაღწია), რაც მმართველ პარტიას უკიდურესად უარყოფით ფონს უქმნიდა.   

მაშ რა მოხდა? შესაძლოა, ზედმეტად მარტივად ჟღერს, მაგრამ მმართველი პარტიის არაპოპულარობა არაა საკმარისი იმისთვის, რომ ამომრჩეველმა ცვლილებას მისცეს ხმა. ალტერნატივა დამაჯერებელი და უფრო მიმზიდველი უნდა იყოს, ვიდრე არსებული ხელისუფლება და ზუსტად ეს იყო რესპუბლიკელების მთავარი სისუსტე.  დონალდ ტრამპის მრავალი მტკიცე მხარდამჭერიც იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ 2022 წლის შუალედურ არჩევნებში პარტიის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი პირადად ტრამპი იყო. ეს არცაა  საფუძველს მოკლებული: რესპუბლიკელებს ყველაზე ცუდი შედეგი ორივე პალატაში სწორედ იქ ჰქონდათ, სადაც  პირადად ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები იყრიდნენ კენჭს (ასევე - გუბერნატორის და შტატის სახელმწიფო მდივნის პოსტზე). ამავე დროს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის კანდიდატობის ტრამპის მთავარმა კონკურენტმა რომ დესანტისმა იოლად გაიმარჯვა ფლორიდის გუბერნატორის არჩევნებში.

მრავალმა რესპუბლიკელმა და განსაკუთრებით დამოუკიდებელმა ამომრჩეველმა უბრალოდ უარი თქვეს ტრამპიზმის მხარდაჭერაზე, რომელიც აქტიურად ახალისებდა და იყენებდა  ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმს ტრადიციულად მემარჯვენე ცენტრისტულ პარტიაში. გუბერნატორი დესანტისი თავადაც არაა ცნობილი ლიბერალური შეხედულებებით, რაც იმას მიანიშნებს, რომ რესპუბლიკურ პარტიაში ტრამპის ხანა მთავრდება, რადგან კონსერვატიული ფრთა თავისთვის ახალ ლიდერს ეძებს.

ამასთან, ყოფილმა პრეზიდენტმა უარი თქვა ახალი რეალობის აღიარებაზე და,  ყველაფრის მიუხედავ განაცხადა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაწყების შესახებ, რის გადადებასაც (ან უფრო გაუქმებას) მას  პარტიის გავლენიანი წარმომადგენლები სთხოვდნენ. სხვა ვითარებაში, პარტიის მიმართ უფრო მეტი ერთგულების მქონე კანდიდატი აღიარებდა საკუთარ პასუხისმგებლობას და გზას იმას დაუთმობდა, ვისაც 2024 წლის არჩევნების მოგების უკეთესი შანსი ექნებოდა. მაგრამ ისევე, როგორც 2016 წელს, ტრამპი უფრო დიდი ალბათობით კვლავ შანტაჟს მოუწყობს პარტიას საკუთარი თავის დამოუკიდებელ კანდიდატად დასახელებით და შედეგად რესპუბლიკელების ხმის გაყოფით, ვიდრე გაითვალისწინებს პარტიის ინტერესებს. 

რომ შევაჯამოთ, რესპუბლიკური პარტია ელოდა შუალედურ არჩევნებში ტრიუმფალურ გამარჯვებას და ემზადებოდა 2024 წელს თეთრი სახლის იოლად დაბრუნებისთვის სუსტი დემოკრატი პრეზიდენტისგან, რომლის მართვა აღინიშნა ისტორიული მასშტაბის ინფლაციით (იმ შემთხვევაში, თუ დემოკრატები ამ დროს უკვე 82 წლის ბაიდენს შემცვლელს უპოვიდნენ). მაგრამ რეალურად მათ აღმოაჩინეს, რომ პარტიაში თავად აქვთ დიდი პრობლემა. მართლაც, თუკი რესპუბლიკელები მეტი ადგილის მოპოვებას ვერ ახერხებენ შუალედურ არჩევნებში, რომელიც მმართველი პარტიისთვის უკიდურესად წამგებიან ფონზე იმართება, 2024 წელს მათი გამარჯვების პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანია. ეს პრობლემა დიდწილად დონალდ ტრამპში გამოიხატება. მართალია, საშუალო ამომრჩევლის ულტრამემარჯვენეობით „გადაღლა“ შესაძლოა უფრო ფართო  რეალობას უკავშირდებოდეს, ვიდრე მხოლოდ ტრამპის პიროვნებას, მაგრამ ახლა სწორედ მასში ხედავს რესპუბლიკური ისტებლიშმენტი მთავარ საფრთხეს: უკვე გამოჩნდა, რომ ტრამპს არა აქვს შანსი გაიმარჯვოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ თუკი პარტია მას უარს ეტყვის კანდიდატად დასახელებაში, ის დიდი ალბათობით  2024 წელს გახლეჩს არა მხოლოდ რესპუბლიკელი ამომრჩევლების ხმებს, არამედ პარტიასაც, რომლიდანაც თან გაიყოლებს ულტრამემარჯვენე ფრაქციას. როგორც უკვე ითქვა, 2016 წელს ტრამპის შანტაჟმა რესპუბლიკური ისტებლიშმენტი დაიყოლია, როდესაც გაირკვა, რომ მას კონსერვატიული ფრთა ემხრობოდა, მაგრამ ამჯერად ძნელი წარმოსადგენია, რომ ტრამპი იმავე მდინარეში მეორედ შესვლას შეძლებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებლობა, ტრამპმა ნომინაცია მოიპოვოს, სულაც არ არის ნულის ტოლი - ამის შანსს იძლევა არჩევნების უბრალო უმრავლესობის წესი: თუკი პარტიაში ვერ შეთანხმდებიან ტრამპის საპირწონედ ერთი მთავარი კანდიდატის დასახელებაზე, ეს შანსი არცთუ უმნიშვნელო იქნება.  

ეს ვითარება დემოკრატებს თვითკმაყოფილების საფუძველს სულაც არ უნდა აძლევდეს: მათ სანდოობის სერიოზული პრობლემა აქვთ, რადგან საშუალო ამომრჩეველი დემოკრატების მრავალ დღევანდელ პრიორიტეტს საკუთარ პრიორიტეტად ვერ აღიქვამს. მათ უნდა აღიარონ, რომ მათი მცირე წარმატება სენატში და სრული განადგურებისგან გადარჩენა წარმომადგენელთა პალატაში არაა იმის შედეგი, რომ ამომრჩეველმა დემოკრატების დღის წესრიგი აიტაცა. მათ უნდა გადახედონ იმ მიზეზებს, რის გამოც უკვე წლებია კარგავენ მრავალ ტრადიციულ მომხრეს, მათ შორის, ლათინოამერიკელ და შავკანიან ამომრჩევლებს. და რაც მთავარია, მათ დაუყოვნებლივ უნდა გადაწყვიტონ დღეისათვის მთავარი - ლიდერის პრობლემა. ბოლოს და ბოლოს პრეზიდენტი ბაიდენი უკვე 80 წლისაა და 2024 წელს 82-ის იქნება. 

2022 წლის შუალედურ არჩევნებს დიდი ყურადღებით აკვირდებოდნენ მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით - ევროპაში, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი კრიზისია. რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ დრამატულად შეცვალა ცივი ომის დამთავრების შემდეგ ჩამოყალიბებული პარადიგმები და ილუზიები. ევროპელები კვლავ აღმოჩნდნენ ვითარებაში, როდესაც დამოკიდებული არიან ამერიკის ლიდერობაზე. ამიტომ პოლიტიკურ ვითარებას შეერთებული შტატების შიგნით კრიტიკული გავლენა აქვს ომის მსვლელობაზე და ევროპული კონტინენტის უსაფრთხოების (და მსოფლიოს სტაბილურობის) გრძელვადიან პერსპექტივებზე.  მაგალითად, ტრამპის მხარდაჭერილ მრავალ რესპუბლიკელს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განცხადებული ჰქონდა, რომ შეკვეცავდა უკრაინის სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას, ხოლო ტრამპის შვილმა დონალდ ტრამპ ჯუნიორმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე რაკეტის აფეთქების შემდეგ ტვიტერზე დაწერა:  „რადგან უკრაინული რაკეტა ნატოს წევრი პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა, უკრაინის შეიარაღებაზე მილიარდობით დოლარის ხარჯვა იქნებ ახლა მაინც შეგეწყვიტა?“ ეს აჩვენებს, რომ ტრამპის დროშის ქვეშ რესპუბლიკური პარტიის გამარჯვებას პირდაპირი გავლენა ექნებოდა ომზე უკრაინაში.  მის კონტროლის ქვეშ კონგრესი მაქსიმალურად შეაფერხებდა შეიარაღების და ფინანსური დახმარების გაწევას ბაიდენის ადმინისტრაციის დარჩენილი ორი წლის განმავლობაში. რაც მთავარია, ტრამპის მომხრეების გამარჯვება კონგრესში გზას გაუხსნიდა ტრამპის პრეზიდენტობას 2024 წელს, რასაც ამერიკული საგარეო პოლიტიკის კიდევ უფრო დრამატული ცვლილება მოჰყვებოდა. ახლახან არჩეული წარმომადგენლების პალატის უმრავლესობის ლიდერმა კევინ მაკართიმაც გამოაცხადა რესპუბლიკელების განზრახვა - „მეტი კონტროლი“ დაუწესონ უკრაინისთვის განკუთვნილ დახმარებას. წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური უმრავლესობა სრულად ვერ შეაჩერებს უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევას (განსაკუთრებით ისეთს, რომელიც გაწერილია 2022 წლის უკრაინის დემოკრატიის მხარდაჭერის ლენდ-ლიზის აქტით ), მაგრამ შესაძლოა ვიხილოთ ადმინისტრაციის ძალისხმევის გაჭიანურება, როცა საჭირო იქნება ახალი დაფინანსება.     

შეერთებული შტატების  საშინაო პოლიტიკას ყოველთვის ჰქონდა გავლენა გლობალურ პოლიტიკაზე. ამიტომ მაშინ, როცა მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო კრიზისში შედის, ამერიკის შიდა არეულობა სრულიად უდროო იქნებოდა. ამ რთულ ჟამს ბაიდენის ადმინისტრაციამ ჯერჯერობით მოსალოდნელზე უკეთ გაართვა თავი ლიდერობას, მაგრამ დემოკრატიულ პარტიაში მისი ადგილმონაცვლის საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელი  რჩება. ულტრამემარჯვენეობისკენ გადახრის შემდეგ რესპუბლიკურ პარტიასაც ლიდერობის კრიზისი უდგას, რაც შესაძლოა მისთვის ყოფნა-არყოფნის საკითხად იქცეს, საკითხად, რომელიც პარტიის ერთიანობისა და მისი იდენტობის საკითხს განსაზღვრავს.

წყარო:https://gfsis.org.ge/

business
რას წარმოადგენს ამერიკული BlackRock-ი, რომელიც $10.5 ტრილიონის აქტივებს მართავს?

გლობალური ფინანსური ქსოვილი სხვადასხვა ტიპის კომპანიების ურთიერთქმედებაზე დგას. ფინანსურ ეკოსისტემაში ვხვდებით, როგორც ბანკებს, ასევე ნეობანკებს და ფინტექ-კომპანიებს, საპენსიო ფონდებს, საგადახდო სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, კერძო კაპიტალის მმართველებს, ჰეჯ-ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებს. აი, სწორედ ამ ბოლო კატეგორიას განეკუთვნება ამერიკული BlackRock-ი, რომელიც სხვა ადამიანებისა და კომპანიების აქტივებს მართავს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტიციას მათ ნაცვლად დებს. გამართული ბიზნესმოდელის გარდა, ამერიკულ კორპორაციას მაღალი რეპუტაცია, ინვესტორებისთვის ფინანსური სარგებლის გენერირების დეკადების განმავლობაში დამტკიცებული შედეგები და პლანეტარული მასშტაბის კავშირები გამოარჩევს.

ამ ყველაფრის დამსახურებით, BlackRock-ი პლანეტის უდიდეს აქტივების მმართველ კომპანიად იქცა, რომლის პორტფელი, ბოლო შედეგებით, $10.5 ტრილიონად იყო შეფასებული. 2024 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ ერთ წელიწადში, ამერიკულმა კორპორაციამ აქტივების ზომა $1.4 ტრილიონით გაზარდა. ამ თანხის მასშტაბს რომ მიხვდეთ, გეტყვით, რომ მექსიკის მთლიანი შიდა პროდუქტი სწორედ $1.4 ტრილიონია, როცა ესპანეთის, ინდონეზიის და საუდის არაბეთის - ნაკლები. თუმცა BlackRock-ის ჯამური აქტივების ზომა უფრო შთამბეჭდავია, რადგან ამ მაჩვენებელს ქვეყნების მშპ-სთან თუ შევაფარდებთ, აღმოვაჩენთ, რომ მას მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი უსწრებს.

რა შემოსავალს და წმინდა მოგებას აგენერირებს BlackRock-ი $10.5 ტრილიონად შეფასებული აქტივების მართვით?

2024 წლის I კვარტალში, BlackRock-მა $4.7 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც 11%-ით მეტია, ვიდრე შარშან. შემოსავალთან ერთად, ბოლო პერიოდში მკვეთრად, კერძოდ 36%-ითაა გაზრდილი კომპანიის წმინდა მოგება, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში $1.5 მილიარდი შეადგინა. აღნიშნულ მაჩვენებლებს, უმეტესწილად, ის ფინანსური ინსტრუმენტები აგენერირებენ, რომელთაც BlackRock-ის პორტფელში ვხვდებით - აქ იგულისხმება, როგორც კომპანიების კაპიტალი, ანუ აქციები, ასევე ფიზიკური აქტივები, მათ შორის უძრავი ქონება.

აქციების კუთხით, BlackRock-ის აქტივებს შორის ყველაზე დიდი წილი მსოფლიოს უდიდეს ტექნოლოგიურ, ფარმაკოლოგიურ და ფინანსურ კომპანიებზე მოდის. BlackRock-ის აქციების პორტფელის ათი უდიდესი პოზიცია კი, შემდეგნაირად გამოიყურება:

#1 - Microsoft - $229.7 მილიარდად შეფასებული 542.02 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 5.37%)

#2 - Apple - $178.4 მილიარდად შეფასებული 1.04 მილიარდი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 4.17%)

#3 - NVIDIA - $164.66 მილიარდად შეფასებული 182.42 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 3.85%)

#4- Amazon - $115.18 მილიარდად შეფასებული 638.54 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 2.69%)

#5 - META - $77.18 მილიარდად შეფასებული 158.94 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.8%)

#6 - Alphabet (Class A) - $62.77 მილიარდად შეფასებული 415.9 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.47%)

#7 - Alphabet (Class C) - $54.11 მილიარდად შეფასებული 355.37 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.27%)

#8 - Eli Lilly - $50.78 მილიარდად შეფასებული 65.27 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.19%)

#9 - Broadcom - $46.27 მილიარდად შეფასებული 34.91 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.08%)

#10 - Berkshire Hathaway (Class B) - $45.21 მილიარდად შეფასებული 107.51 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.06%)

წყარო:https://bm.ge/

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way