გერმანული გაზეთის „ფრანკფურტერ რუნდშაუს“ (Frankfurter Rundschau) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო რუსეთთან 34-წლიან მტრობას ივიწყებს?! ბიძინა ივანიშვილს მოსკოვის დიპლომატიური კეთილგანწყობის მოპოვება სურს“ (ავტორი - შტეფან შოლი), რომელშიც განხილულია თბილის-მოსკოვის ურთიერთობების ასპექტები, საპარლამენტო წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ბიძინა ივანიშვილმა, სამხრეთკავკასიური ქვეყნის საქართველოს ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა - ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პარლამენტის არჩევნების (26 ოქტომბრის) შემდეგ ქართულ-ოსური მეგობრობის ჩაშლაში დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან. მისი თქმით, საქართველო მოძებნის ძალას და ოსი და-ძმების წინააღმდეგ ომის გამო მათ წინაშე ბოდიშს მოიხდის.
პოლიტიკური სენსაცია
მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერმა და მილიარდერმა თავისი განცხადებით პოლიტიკური სენსაცია მოახდინა - იგი ბოდიშის მოხდას აპირებს სამხრეთ ოსეთთან, რომელიც 1990-იანი წლებიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის. გარდა ამისა, ორივე ხალხი - ქართველებიც და ოსებიც - ერთმანეთს ეთნიკურ წმენდებში ადანაშაულებს.
2008 წლის აგვისტოში საქართველოს იმდროინდელმა პროდასავლელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სეპარატისტული რესპუბლიკის სამხედრო ოკუპაციის მცდელობა განახორციელა, მაგრამ [ოსების დასახმარებლად საქართველოში შეჭრილმა რუსეთის არმიამ] სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ ქართული ჯარი უკუაქცია. იმ დროიდან მოყოლებული, საქართველოს ლიბერალი პატრიოტები რუსეთს დაუძინებელ მტრად თვლიან, ხოლო სამხრეთ ოსეთს რუსეთის ოკუპაციის ზონად, აფხაზეთთან - მეორე სეპარატისტულ რეგიონთან - ერთად, რომელიც შავი ზღვის ნაპირზე მდებარეობს.
საქარტველოს ხელისუფლებას განზრახული აქვს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანაც, რომ ქვეყნის შემადგენლობაში სეპარატისტული რეგიონების დაბრუნება შესაძლებელი გახდეს.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებული ბოდიშის მოხდა სამხრეთ ოსეთში უნდობლობა გამოიწვია, რომელიც ოსებმა არაგულწრფელ წინასაარჩევნო რიტორიკად შეაფასეს. აფხაზებმა კი დაუყონებლივ განაცხადეს, რომ საქართველოს მიერ ბოდიშის მოხდამ და პოლიტიკურ-ეკონომიკურ ზეწოლაზე უარისთქმამ შეიძლება [ორ სახელმწიფოს შორის] მშვიდობიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარების პროცესის დაწყება გამოიწვიოსო.
თავის მხრივ, ქართულმა ოპოზიციამ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში დემონსტრაციები ჩაატარა, რომლის დროსაც ბიძინა ივანიშვილი კრემლის მარიონეტად შერაცხეს. 34-წლიანი მტრობის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ შერიგების შეთავაზებამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ საზოგადოების აზრი ორად გაიყო.
საქართველო დასავლეთის წინააღმდეგ?!
ივანიშვილის „ქართულმა ოცნების“ მოქმედებამ პროდასავლური ქართული ოპოზიცია ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს აღაშფოთა, როცა ხელისუფლებამ განაცხადა - ნატოსა და ევროკავშირს „გლობალური ომის პარტია“ აკონტროლებს, რომელსაც სურს საქართველო „საზარბაზნე ხორცად გამოიყენოსო“. ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ ინიციატივით, საქართველოს პარლამენტი იღებს კანონებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, „ლგბტ-საზოგადოების წინააღმდეგ, რომელიც კრძალავს ჰომოსექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას, ერთსქესიანთა ქორწინებებს და სქესის ქირურგიული ჩარევით შეცვლას. ოპოზიციის აზრით, ორივე კანონი რუსული კანონმდებლობის ასლს წარმოადგენს, რომლითაც ვლადიმერ პუტინი რეპრესიულ კურსს ახორციელებს. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ მიჰყვება კრემლის პოლიტიკურ კურსს „ტრადიციული ფასეულობების ერთგულების“ თაობაზე, რომელიც დაცული უნდა იყოს ლიბერალთა გამხრწნელი ზემოქმედებისაგან.
გერმანელი სოციოლოგის იან კელერის თვალსაზრისით, ბიძინა ივანიშვილი - ისევე როგორც დასავლეთევროპელი [ულტრამემარჯვენე] პოპულისტები - ფსონს სდებს დასავლური პოლიტკორექტულობის შესუსტებაზე, რომელიც, მათი აზრით, უკვე პოლიტიკური მოდიდან გადის.
რუსეთის რეაქცია: „საქართველო გამოფხიზლდა“
მოსკოვი პრინციპში, იწონებს საქართველოს ინიციატივას. „საქართველო მასობრივი ფსიქოზის შემდეგ გამოფხიზლდა და სრულიად ადექვატურად რეაგირებს. ეს მისასალმებელია“, - ასეთ კომენტარს აკეთებს მარგარიტა სიმონიანი, კრემლის პროპაგანდისტული ტელეარხის „რაშა თუდეის“ ხელმძღვანელი. რუსეთის პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში უკვე დაწყებულია დისკუსია სამხრეთ კავკასიაში საქართველოსა და ორი სეპარატისტული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის კავშირის შექმნის შესახებ. კრემლისათვის კონფედერაციის შექმნის იდეა სრულიად მომგებიან პროექტს წარმოადგენს.
როგორც ჩანს, რუსეთს, როგორც ადრე, ისე ახლაც შანსი გაუჩნდება, რომ საქართველოზე გავლენის განახლება გეოპოლიტიკური კონკურენციისათვის გამოიყენოს და რეგიონში დასავლეთი შეავიწროვოს. საქართველო 2011 წლიდან ნატოში, ხოლო 2023 წლიდან ევროკავშირში მიღების კანდიდატად ითვლება, მაგრამ ახლა, როცა თბილისმა ანტიდემოკრატიული კანონები მიიღო, ბრიუსელი და ვაშინგტონი მისგან დისტანცირდება. ამას წინათ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პერსონალური სანქციები დაუწესა 60-მდე ქართველ პოლიტიკოსს და მათი ოჯახის წევრებს, დემოკრატიის შეზღუდვაში მონაწილეობის გამო.
საბოლოო ჯამში, ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილმა არჩევნებმა შეიძლება საქართველოს საგარეოპოლიტიკური ბედი გადაწყვიტოს.
წყარო: https://www.fr.de/politik/34-jahre-feindschaft-mit-russland-sind-vergessen-93337661.html