USD 2.5971
EUR 2.9090
RUB 3.2237
თბილისი
რამდენად გონივრულად იხარჯება სახელმწიფოს საგარეო ვალი
თარიღი:  1696

სანამ უშუალოდ ციფრებზე გადავალთ, მოდით გავიგოთ: რა არის საგარეო ვალი? რატომ იღებენ მას სახელმწიფოები? რა არის მისი მიზანი და როდისაა ის გამართლებული.

საგარეო ვალი  არის თანხა, რომელსაც სახელმწიფოს მთავრობა სესხულობს სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ორგანიზაციებისგან მაშინ, როცა ქვეყანას არ ჰყოფნის საკუთარი ფინანსური რესურსი ამა თუ იმ ეკონომიკური მიზნის შესასრულებლად.

საგარეო ვალში, როგორც წესი, შედის, როგორც უშუალოდ სახელმწიფოს, ისე ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო საწარმოების მიერ აღებული ვალიც. 

ასე რომ, ყველა ქვეყანა, თუ მას პასუხისმგებლიანი ხელისუფალი ჰყავს,  ცდილობს ვალის ოდენობა მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე განსაზღვროს და ის ეკონომიკის სწორი სტიმულირებისათვის გამოიყენოს. იმაზე მეტი საგარეო ვალის ქონა, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკას შეუძლია, როგორც წესი, კრიზისის საფუძველი ხდება. რასაკვირველია, რაც უფრო დიდია ეკონომიკა, მით უფრო დიდი რესურსი აქვს მას, რომ სახელმწიფო კრედიტის ვალდებულებები შეასრულოს. 

რაც უფრო დიდია ეკონომიკა, ქვეყანა მით უფრო ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს საბიუჯეტო დეფიციტს და თავს ხარჯების გაზრდის უფლებას აძლევს. სტაბილური  ეკონომიკა მათთვის დაბალანსებულ ბიუჯეტზე მნიშვნელოვანია. განვითარებული ქვეყნებისთვის ვალი წარმოების გაზრდის, გადასახადების შემცირებისა და სამუშაო ადგილების შექმნის საშუალება და წინასწარ განსაზღვრული ფისკალური პოლიტიკის ნაწილია.

რაც შეეხება მცირე ეკონომიკებს, მათ როგორც წესი, ვალი ყოველგვარი სტრატეგიის გარეშე უგროვდებათ და ამ ვალის მოხმარების ეკონომიკური შედეგები არ იგრძნობა არც ეკონომიკურ ზრდაზე და არც მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

სტატისტიკური და ფინანსური მაჩვენებლებით მტკიცდება, რომ  საქართველოშიც ასეა. ვალებს ვიღებთ, თუმცა მისი ხარჯვის შედეგი წინააღმდეგობაში მოდის ვალის აღების მიზანთან.

ფინანსისტები და ეკონომისტები თანხმდებიან, რომ ვალის აღება მაშინაა გამართლებული, როცა ქვეყანაში საფუძველი ეყრება ისეთ საქმეს, რომელიც გამიზნულია მოსახლეობის დასაქმებისა და სამუშაო ადგილების ზრდისთვის, მოქალაქეებისა და ბიზნესისათვის მეტი შემოსავლების გენერირებისათვის, რაც საბოლოოდ ზრდის ქვეყნის ეკონომიკასა და მოსახლეობის ცხოვრების დონეს.

ვნახოთ რა ხდება ამ მხრივ საქართველოში:

საქართველომ 2020 წელი 7 მილიარდ დოლარიანი ვალით დახურა, ანუ  2020 წელს მთავრობამ საშინაო და საგარეო ვალის სახით 7 მილიარდ დოლარზე მეტი მოიზიდა. 

 

2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.9 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალო რეალური ზრდა მინუს 6.1 პროცენტით განისაზღვრა.

2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში გაიზარდა უმუშევრობის დონე და შემცირდა დასაქმების დონის მაჩვენებელი. 2020 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 17.0 პროცენტი შეადგინა.

2020 წლის მესამე კვარტალში 2020 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 11.9 პროცენტი შეადგინა. დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 1.9 პროცენტული პუნქტით, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 2.3 პროცენტული პუნქტით.

 

 

სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები გვარწმუნებენ, რომ პანდემიამ ისინი აიძულა 2020 წელს საგარეო ვალის უდიდესი ნაწილი კორონავირუსის პანდემიის შესაკავებლად დაეხარჯათ და  მოსახლეობისა და ბიზნესის დასახმარებლად სხვადასხვა ანტიკრიზისულ აქტივობებში გაეწერათ.

„თბილისი პოსტმა“ თვალი გადაავლო 2019-2018-2017 წლების მონაცემებს, როცა კორონავირუსი არც კი არსებობდა და შეეცადა დაენახა, რა ეკონომიკური ეფექტი მისცა საქართველოს მილიარდობით ვალების აღებამ.

2019 წელს საქართველომ აიღო 5.7 მილიარდი დოლარის საგარეო ვალი, 2018 წელს აღებულია 5.4 მილიარდი დოლარის საგარეო ვალი, ხოლო 2017 წელს  საგარეო ვალი 5.2 მილიარდ დოლარს უტოლდება.

 

2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, ქვეყანას მთლიანი შიდა პროდუქტის(მშპ) რეალური ზრდა საერთოდ არ აქვს. ის ორივე წელს 4.8%-ზე ფიქსირდება, ხოლო 2018 წლიდან 2019 წლამდე ქვეყნის რეალური მშპ მხოლოდ 0.2%-ითაა გაზრდილი და 5.0%-ზე ფიქსირდება. 2020 წლის მშპ-ის საშუალო რეალური ზრდა მინუს 6.1 პროცენტით განისაზღვრა.

 


 

მონაცემები აჩვენებს, რომ 2017 წლიდან 2020 წლის ჩათვლით საქართველოს აღებული აქვს დაახლოებით, 16.3 მილიარდი დოლარი და მისი ეკონომიკა ანუ მშპ, ანუ მოსახლეობის მიერ შექმნილი დოვლათი პანდემიამდე მხოლოდ 2%-ით გაიზარდა, ხოლო 2020 წელს პანდემიისასა, 6 %-ით შემცირდა, რაც არათუ დამაკმაყოფილებელი, არამედ ძალიან ცუდი შედეგია.

2017-2019 წლებში ხელშესახები შედეგი არც დასაქმების მაჩვენებელშია. ასე მაგალითად: 2017 წელს დასაქმებული იყო 1 მილიონ 286 ათას  900 კაცი, 2018 წელს მათი რიცხი სულ ოდნავ გაიზარდა და 1 მილიონ 296 ათას 200  კაცს გაუტოლდა , 2019 წელს მათი რიცხვი შემცირდა 1 მილიონ  295 ათას  900 ადამიანამდე, ხოლო 2020 წლის III კვარტალში დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 1.3 პროცენტული პუნქტით, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 2.1 პროცენტული პუნქტით.

 

ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ ქვეყანაში ინფლაცია მაღალია, ანუ სამომხმარებლო ფასები იზრდება, მოსახლეობის შემოსავლები კი იკლებს, ლარი უფასურდება და მოსახლების მსყიდველუნარიანობაც მცირდება,  ვალის ხარჯვის ეფექტზე მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში, საუბარიც კი ზედმეტია.

მაგალითისთვის, 2021 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.7 პროცენტით განისაზღვრა.ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტის განცხადებით, 2021 წელს ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში საშუალოდ 4%-ის დონეზე შენარჩუნდება.

ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი აცხადებს, რომ რეალური ინფლაცია ოფიციალურ მაჩვენებლს, მინიმუმ, 2-ჯერ ჩამორჩება. მისი თქმით, სხვაობის მიზეზი მეთოდოლოგიაა, რითაც საქსტატი ინფლაციას ითვლის. სიმონიშვილს მიაჩნია, რომ გაცილებით ზუსტია ინფლაციის გამოთვლა სოციალური ჯგუფების შემოსავლების მიხედვით, რითაც ევროპული ქვეყნები ითვლიან, თუმცა საქართველო სულ სხვა მეთოდიკით ხელმძღვანელობს და ძველ, საბჭოურ მიდგომას დღემდე ინარჩუნებს.

გარდა იმისა, რომ ვალს, რომელიც მომავალმა თაობებმა უნდა გაისტუმრონ, შედეგი ვერ მოაქვს და თაობებს ფუჭად დახარჯული ვალის გადახდა მოუწევთ, მისი ასე ხელაღებით აღება და ხარჯვა კიდევ ერთ პრობლემას ქმნის.  დიდი საგარეო ვალი ქვეყანას უფუჭებს საკრედიტო რეიტინგს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში შეიძლება სულ უფრო ნაკლები ფული გვასესხონ. ანუ გამოდის, რომ მომავალში ქვეყანას ფულის სესხება რომ დასჭირდეს, შეიძლება ვეღარც ისესხოს.

ვალის შემცირებაზე ზრუნავენ თვით განვითარებული სახელმწიფოებიც. მაგალითად, ევროზონის ქვეყნებისთვის სახელმწიფო ვალთან მიმართებაში საკმაოდ ხისტი პოლიტიკა არსებობს: იმისთვის, რომ ქვეყანა ევროზონაში მოხვდეს, ქვეყნის საგარეო ვალი მისი მშპ-ის 60%-ს არ უნდა აჭარბებდეს.

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 17.2 მლრდ აშშ დოლარი (45.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 107.4 პროცენტია. 

შედარებისთვის, სომხეთის საგარეო ვალი 2018 წელს მხოლოდ 6,7 მილიარდი აშშ დოლარი იყო, რაც სომხეთის მშპ-ის 60%-ს არ აჭარბებს. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის საგარეო ვალი 21-22 მილიარდი აშშ დოლარია, არც ის აჭარბებს ქვეყნის მშპ-ის 60%-ს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ამ მხრივ რეგიონში ყველაზე უარესი ვითარება აქვს. 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საგარეო ვალი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და ის ყველა ქვეყანას აქვს, თუმცა ამ ვალს  ვალდებულებებიც ახლავს, რომელიც გადასახადების გადამხდელებს მძიმე ტვირთად აწვება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის საგარეო ვალი შესაბამისობაში არ მოდის მის საბიუჯეტო შემოსავლებთან, ეკონომიკური ზრდის ტემპთან, ექსპორტთან და მშპ-ის მოცულობასთან.  ასეთ დროს ქვეყანა დეფოლტის ანუ გაკოტრების წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს.

ამ მხრივ ფინანსისტების დიდი ნაწილი საგანგაშოს უწოდებენ 2021 წლის დაგეგმილ საგარეო ვალს.

2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობა მომდევნო წელს საგარეო ვალის სახით 5,3 მილიარდ ლარს აიღებს. საშინაო ვალდებულებების ზრდა კი დაგეგმილი არაა. როგორც ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტშია განმარტებული, მომდევნო წელს საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვაზე 3,1 მილიარდი ლარი დაიხარჯება. ხოლო, საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვაზე 570 მილიონი ლარი. 

2021 წლის ბოლოსათვის „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მთავრობის ვალი განისაზღვრება მშპ-ის 60.1%-ის ოდენობით. ანუ საქართველო ევროკავშირის მოთხოვნილ ჩარჩოში ვალთან დაკავშირებით ვერ ჯდება.

რამდენად საგანგაშოა საგარეო ვალის ზრდა? რამდენად ეფექტურად იხარჯება აღებული ვალები?  - ამ კითხვებით „თბილისი პოსტმა“ ეკონომისტებსა და ფინანსისტებს მიმართა:

“ჩვენისთანა ღარიბი ქვეყნისთვის საგარეო ვალი რეალურად დიდი დაბრკოლებაა, რადგან ამ ვალის მომსახურებაა პრობლემა. თუმცა, არიან ქვეყნები, მათ შორის განვითარებულები, რომელთა სახელმწიფო ვალი მშპ-ზე მაღალია. მაგალითად, იაპონიაში საგარეო ვალი, ქვეყნის მშპ-თან შედარებით, 200%-ის ფარგლებშია, აშშ-ს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 100%-ს აჭარბებს.  თვითონ ვალის მოცულობას არ აქვს  არსებითი მნიშვნელობა, გააჩნია ვალს რაში ვიღებთ და როგორ ვხარჯავთ. როცა იგი არამწარმოებლურია და ფული იფლანგება, ბუნებრივია, რაიმე დოვლათის შექმნას არ ემსახურება. ჩვენ ასეთი სიტუაცია გვახსოვს 2003 წელს, როცა საქართველოს მთავრობა და ბიუჯეტი ვერ ემსახურებოდა საგარეო ვალდებულებებს და გლობალური ფინანსური ორგანიზაციები მზად იყვნენ სუვერენული დეფოლტის გამოცხადებისთვის. მაშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდი დაგვეხმარა. მისი ჩარევის გარეშე ჩვენ დღესაც ამ პოზიციაზე ვიქნებოდით, რაც ნიშნავს, რომ ფულს არავინ გვასესხებდა. შესაძლებელია, მთავრობას ახლაც სავალუტო ფონდის იმედადაა, რომ ხელს შეუწყობს ამ ვალის დაფარვას მისი რესტუქტურიზაციის ან ჩამოწერის გზით. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს დამოუკიდებლად ამ ვალის გასტუმრება ნამდვილად გაუჭირდება., საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ყოველთვის ეჭვით უყურებენ მთავრობას, რომელიც ძალიან დიდ ვალს იღებს და არ შეუძლია მისი მომსახურება. საქართველოს შესაძლებლობები მათ ჩვენზე უკეთ იციან. შესაბამისად, სახელმწიფოს მიმართ ნდობაც ნაკლებია და ინვესტიციური შესაძლებლობებიც მინიმალურია,” - აცხადებს ფინანსისტი ლია ელიავა.

 

“მინდა, ხაზი გავსუვა იმას, რომ საგარეო ვალების აღების მხრივ საქართველო უკვე თავის ზღვარს უახლოვდება, რომელიც გააჩნია როგორც შიდა კანონმდებლობით, ასევე სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, მთლიან შიდა პროდუქტთან 60 %-იან ნიშნულზე. ეს ზღვარი აუცილებლად უნდა იქნას დაცული იმისთვის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი საზოგადოება, სახელმწიფო თავს უფრო თამამად გრძნობდნენ, რომ ქვეყანა ზედმეტად არაა გადატვირთული ჭარბვალიანობით. აქვე იმ განცხადებებსაც გამოვეხმაურები, რომლის თანახმადაც შესაძლოა, საქართველო დეფოლტის წინაშე იდგეს. კატეგორიულად გამოვრიცხავ მსგავს შესაძლებლობას. იმ პირობებში, რა პირობებშიც დღეს მიდის ქვეყნის ეკონომიკა, იმ პირობებში – რა მდგომაროებაც გვაქვს კოვიდთან მიმართებით, უმაღლეს დონეზე მობილიზებული საერთაშორისო მხარდაჭრის ფონზე, ფაქტობრივად, გამორიცხულია, საქართველომ ვერ შეასრულოს ვალდებულებები თავისი ინვესტორების, თავისი მსესხებლების წინაშე. მოგეხსენებათ, ყოველწლიურად საქართველო როგორც იღებს საგარეო ვალებს, ასევე ფარავს ვალების გარკვეულ ნაწილს. შესაბამისად ეს უნდა გაგრძელდეს მომდევნო წლებშიც და დეფოლტის რისკი, ფაქტობრივად, არ არსებობს. მთლიანობაში ბიუჯეტი პასუხობს იმ ძირითად ვალდებულებებს, რაც სახელმწიფოს აქვს აღებული. კოვიდპანდემიამ საკმაოდ დიდი ზიანი მოგვაყენა და ამისთვისაც გათვალისწინებულია საკმაოდ დიდი თანხები. შეიძლება ითქვას, რომ, ამ ბიუჯეტის მონაცემებით, საქართველოს ახლო მოამავალში რაიმე რადიკალური არ ემუქრება, რომ ვერ შეძლოს თავისი ვალდებულებების შესრულება. პირიქით, ყველა ვალდებულის შესრულება საკმაოდ კარგადაა შესაძლებელი,” -  განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ვახტანგ ჭარაიამ.

“ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდების 60%-იანი ზღვრის გადალახვა უარყოფითად აისახება ქვეყნის საკრედიტო რეიტინგებზე. ასევე შეზღუდავს მთავრობას მომავალში ახალი ვალის აღებისგან. ზოგადად მნიშვნელოვანია, რაში ხარჯავს მთავრობა აღებულ საგარეო თუ საშინაო ვალს. გამართლებულია, თუ ის იხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ან გრძელვადიანი ეფექტის მომცემ რეფორმებში. ვალით სოციალური ხარჯების ზრდა მიზანშეწონილი არ არის. თუმცა მთავრობები ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილებებს ეკონომიკური ციკლის ნაცვლად პოლიტიკური და საარჩევნო ციკლის მიხედვით იღებენ," - განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკებში."

 

“2021 წლის ბიუჯეტის დაახლოებით მეათედი მიდის ვალის მომსახურებაზე, რაც შეშფოთების საფუძველს იძლევა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ბიუჯეტი არის ეკონომიკის დაახლოებით 30-32% და ამის მეათედი ვალის მოხმარებაზე მიდის, ეს უკვე ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენთაგანი, თითოეული მოქალაქე ვალის მომსახურებაში დიდ თანხას იხდის თავისი გამომუშავებული ფულიდან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ცალსახაა ის მავნე პრაქტიკა, რასაც მთავრობა ახორციელებს. როგორც ვიცით, ვალი იყო მშპ-ს 30%-ის ფარგლებში დ აუცებ 55%-მდე ავარდა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად დაგვაწვება“, - ამბობს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი.

"ყოველთვის წინააღმდეგი ვარ ხოლმე საგარეო ვალების აღების, მაგრამ ყოველთვის მომხრე ვარ რომ, თუკი აუცილებელია, ავიღოთ საერთაშორისო კრედიტი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობიისათვის. მიუხედავად პანდემიისა, მიუხედავად ღრმა ეკონომიკური კრიზისისა, მოვახერხეთ და 2020 წელს ავაშენეთ 70 კილომეტრი ავტობანი, რაც ისტორიული რეკორდია. ამის გარდა რეაბილიტირდა 580 კილომეტრი გზა. მიხარია, რომ დაიწყება 2021 წელს თბილისი-საგარეჯოს ავტომაგისტრალის მშენებლობა. ქვეყნის სხვა რეგიონებშიც მიმდინარეობს გზების მშენებლობები. აღარ ვსაუბრობ, წყალმომარაგების კონკრეტულ პროექტების განხორციელებაზე და მუზეუმების გახსნა-რემონტზე სხვადასხვა რეგიონებში," - აცხადებს ეკონომისტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

 

“საგარეო ვალის ზღვრული მაჩვენებელი 60% განსაზღვრულია ეკონომიკური თავისუფლების აქტის საფუძველზე და ამ ზღვრული დონით ბევრი ქვეყანა განსაზღვრავს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო ვალების მოცულობას. ეს ის დონეა, რომლის ზემოთაც უკვე ,,წითელი ინთება".  საქართველოს შემთხვევაში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შევძლებთ ეკონომიკის დინამიურ განვითარებას და რამდენად დაგვჭირდება დამატებითი სესხების აღებას, რომ კორონავირუსს გავუმკლავდეთ. სხვათაშორის, არა მარტო სავალუტო ფონდი, ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი პერიოდულად გადახედავს  თავის პროგნოზებს, ამიტომ ეს არ არის ის შეფასება, რომელიც გარემოებაში ცვლილების გამო შესაძლოა უცლელი დარჩეს. ამჟამინდელი ხელისუფლების დროს, წინა ხელისუფლებასთან შედარებით, 2012 წელს, სოციალური ხარჯი თავისი ყველა ასპექტით, 1,5-ჯერ გაიზარდა - 32%-დან 48%-მდე. პანდემიამ სოციალური ხარჯი კიდევ უფრო გაზარდა და მოითხოვა დამატებითი რესურსების მობილიზაცია. ბიუჯეტის შემოსავლები შემცირდა და ხარჯი გაიზარდა ანუ საბიუჯეტო მაკრატელი წარმოიქმნა, ამის დაბალანსება, დროებითი მაინც, სესხების აღებას მოითხოვდა. სახელმწიფო არ არის ილუზიონისტი, რომ საიდანმე მოეტანა ფული, სხვანაირად მოევლო ამ პრობლემისთვის, ეს წარმოუდგენელია. ახლა გვჭირდება ამ რესურსების მიზნობრივი, რაციონალური და გამჭვირვალე, ტრანსფარენტული გამოყენება.  ამ სამ კომპონენტს თუ დავიცავთ,  მოზიდული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით, მაქსიმალური ეფექტის მიღწევას შევძლებთ", -განმარტავს სტატისტიკოსი და ეკონომისტი იოსებ არჩვაძე.

ვალის სოციალურ პროგრამებში გახარჯვას არ იწონებს და არაგონივრულს უწოდებს ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი. „სოციალური დახმარებები მინიმუმამდე უნდა შემცირდეს. ყოველ შემთხვევაში მასზე ვალის მიმართვა არის უგუნურება. ვალი უნდა იხარჯებოდეს. გრძელვადიან პროექტებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებში, განათლებაში, სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ზრდაში, სამეწარმეო უნარების განვითარებაში, ადგილობრივი წარმოების ზრდაში, ბიზნესისთვის იაფი ფულის მიცემაში კონკრეტული პირობით და სხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის რომ ვალს ვიღებთ, რომ ვჭამოთ დღეს და ხვალინდელი სარჩო ისევ საძებარ-სამათხოვრო გვრჩება. ფული კი არ უნდა მისცე ხალხს, ფულის უნდა აშოვნინო, გამოამუშავებინო,“ - გვეუბნება ქუთაისის აკაკი წერეთლის ეკონომიკის პროფესორი ზვიად გვარამია.

„ქამრების შემოჭერის პოლიტიკაზე” საქართველოს მთავრობაც ბევრს ლაპარაკობს, თუმცა რეალურად სხვა რამ ხდება. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიის მიუხედავად (2020 წელს ეკონომიკა 5 %-ით შემცირდა), 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხარჯები 221 მილიონი ლარით იზრდება და იგი ჯამში 3,3 მლრდ ლარამდე იქნება. ამ ხარჯების ზრდას შრომის ანაზღაურებაზე 60 მლნ ლარით მეტის და საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე 151 მლნ ლარით მეტის დახარჯვა განაპირობებს. 2019 წელთან შედარებით კი, ადმინისტრაციული ხარჯები 520 მლნ ლარით იზრდება,“ -მიიჩნევს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომისტი გია ჯანდიერი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიზის თანახმად, მომავალი წლის ბიუჯეტის ხარჯებში კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებაზე საჭირო თანხების ასახვა მნიშვნელოვანწილად უნდა მომხდარიყო ხარჯების ეკონომიით და არა ახალი ვალების აღებით. ორგანიზაციის დასკვნის მიხედვით, მაღალი ვალის (მშპ-ის 60 %-ზე მეტი) მქონე ქვეყნების ჯგუფში გადასვლა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობასა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას შეასუსტებს.

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის