USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის - 9 ივნისის შეჯამება
თარიღი:  328
- ლუგანსკის რაიონში, კადიივკაში, პოპასნაიას აღმოსავლეთით, დილით, რუსული "ვაგნერის" ძალების თავყრილობა უკრაინულმა არტილერიამ სრულად გაანადგურა. ბოლო დღეებია "ვაგნერი" განსაკუთრებით დიდ დანაკარგებს განიცდის ლუგანსკის რაიონში. ამ შემთხვევაში დანაკარგი 100 სამხედროზე მეტი შეიძლება იყოს.
- დონეცკის რაიონში, ლიმანის სამხრეთით სოფელ დიბროვასთან რუსებმა შემტევ ძალებს მოუყარეს თავი, რომელთაც მდინარე სივერსკი დონეცი უნდა გადაელახათ, თუმცა უკრაინულმა დრონებმა მათი აღმოჩენა შეძლეს და კოორდინატების დაზუსტების შემდეგ მძიმე და ხანგრძლივი საარტილერიო ცეცხლით რუსული ნაწილების თავყრილობა გაანადგურეს.
- დონეცკის რაიონში, ლიმანის ჩრდილო-აღმოსაველეთით 18 კილომეტრში მდებარე სვიატოჰირსკი რუსებმა სრულად დაიკავეს (გუშინ მხოლოდ ნაწილს აკონტროლებდნენ). უკრაინელები მდინარის სამხრეთით გამაგრდნენ. სამონასტრო კომპლექსი კვლავ უკრაინელთა ხელში რჩება. ირგვლივ ტყიანი და მთიანი მასივიდან უკრაინული არტილერია ამუშავდა რუსული პოზიციების წინააღმდეგ, რათა მათ მდინარის გადმოლახვა და ქალაქში საცეცხლე პოზიციების გამართვა ვერ შეძლონ.
- დონეცკის რაიონში, ბოლო რამდენიმე დღეა პრაქტიკულად უწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს იზიუმი-სლავიანსკის გზაზე, თუმცა უკრაინელებმა ძალიან კარგად გაართვეს თავი დასახულ ამოცანას და გააჩერეს რუსული იერიში. რუსებს ამ მიმართულებით სამ დღეში ძალიან დიდი დანაკარგები აქვს. უკრაინელებმა რუსების განადგურებულ ნაწილებზე საუბრისას 800 სამხედროს შესახებ გააჟღერეს. რთული სათქმელია რეალურად რა მდგომარეობაა, მაგრამ ტყიანი მასივის, ჭაობებისა და საარტილერიო ცეცხლის ფონზე რუსების მაღალი დანაკარგი უცნაური ნამდვილად არ იქნება.
- ლუგანსკის რაიონში ხელიდან ხელში გადადის სოფელი ტოშკივკა და მისი შემოგარენის კონტროლი. ორ კვირაში დაახლოებით ოთხჯერ შეიცვალა სიტუაცია სოფელში. ტოშკივკა ლისიჩანსკისაკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს, თუმცა იქვე, სამხრეთითაა ზოლოტეც, რომელზეც უკრაინული თავდაცვის ძირითადი ზღუდე გადის.
- პოპასნაიადან დაძრული რუსები ინტენსიურად უტევენ კომიშუვახასაც, რომლის ნაწილიც მათ ხელშია, მაგრამ სრულად აღებას ვერ ახერხებენ. სოფლის დაკავება ზოლოტეს მდგომარეობას ბევრად დაამძიმებს და შესაძლოა მისი ევაკუაციაც კი გახდეს საჭირო. მიუხედავად ამ მძიმე მდგომარეობისა დღეს უკრაინელებმა დამატებითი ძალების მიშველება და რუსების შეტევის მოგერიება შეძლეს, რის შემდეგაც რუსებმა მცირედით დაიხიეს უკან და საარტილერიო იერიში წამოიწყეს.
- ბრძოლა სევეროდონეცკისათვის კრიტიკულ ფაზაშია შესული. რუსებმა ქალაქის ცენტრის დაკავება კვლავ მოახერხეს, თუმცა სამხრეთით შეტევა ჩაუვარდათ. ლისიჩანსკიდან უკრაინული არტილერია უწყვეტად ბომბავს რუსულ პოზიციებს. ამასთან, სამხრეთის რაიონს ესაზღვრება ინდუსტრიული რაიონიც, რომელში ბრძოლაც დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორც მარიუპოლის "აზოვსტალის" ქარხანაში იყო იმ განსხვავებით, რომ უკრაინელებს მომარაგების ქსელი არ გადაეჭრებათ. თუმცა ჯერჯერობით უკრაინელები ქალაქის ურბანული ნაწილის დაახლოებით 30%-ს კვლავ აკონტროლებენ.
- უკრაინულმა დრონებმა და არტილერიამ რუსულ სანგრებზე, იარაღის საწყობებსა და სამალავებზე ერთიანად მიიტანეს იერიში ხერსონის რაიონში. ქალაქზე შეტევის დაწყებისათვის უკრაინელებმა რუსული გამაგრებული პოზიციები უნდა გაანადგურონ ჯერ.
- უკრაინულმა ავიაციამ არტილერიასთან ერთად ხერსონის რაიონში რუსული მომარაგების ქსელი დაბომბა. განადგურდა ის რკინიგზის ეშელონებიც, რომელთაც რუსებისათვის იარაღი, საკვები და საწვავი მოჰქონდათ. იგორ გირკინი - ცნობილი რუსული სეპარატისტი - აცხადებს, რომ ამ ტემპის გაგრძელების შემთხვევაში უკრაინული არმია მალე ხერსონზე პირდაპირ იერიშს წამოიწყებს.
- რუსები უკრაინელთა შეტევას ზაპორიჟიას რაიონშიც ელოდებიან. ამ დღეებში მათ სამხედრო ნაწილები აქედან ხერსონისაკენ გადაიყვანეს, თუმცა ახლა უკან დააბრუნეს. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ უკრაინული არტილერია განმეორებით ბომბავს რუსული იარაღის საწყობებსა და მომარაგების ქსელს პოლოჰისა და მელიტოპოლის მახლობლად.
- საარტილერიო თვალსაზრისით იცვლება მდგომარეობა უკრაინაში. უკვე 90 ერთეული M777 საარტილერიო დანადგარი მუშაობს უკრაინელთა მხარეს. მალე საქმეში ჩაერთვება ბრიტანელების მიერ გადაცემული M270 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემაც. ამასთან, დამატებითი პოლონური "კრაბები" იმაზე მოკლე ხანში აღმოჩნდა უკრაინელთა ხელში, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
ძალიან კარგად მუშაობს ფრანგული CAESAR-ის თვითმავალი არტილერია. პრაქტიკულად უმაღლესი სიზუსტით იბომბება რუსული პოზიციები მისი გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ხელისუფლების მხრიდან მრავალი საკამათო განცხადება იქნა გაკეთებული ომთან მიმართებით მაინც, მათ ღირებული საარტილერიო დანადგარები გადასცეს უკრაინელებს. ერთადერთი პრობლემა, რომელსაც უკრაინელები აწყდებიან ათვისების ნელი პროცესია, ხოლო რადგან სისტემის ეფექტურად მუშაობისათვის ინგლისური ენის ცოდნაა აუცილებელი ამან გარკვეული პრობლემები წარმოშვა, რაზეც თავად უკრაინელი სამხედროებიც საუბრობდნენ უკრაინულ რადიო თავისუფლებასთან. თუმცა პრობლემა მალე სრულად დაიძლევა. დასავლური ტიპის იარაღის შესწავლას ყველა ვარიანტში დიდი დრო დასჭირდებოდა არმიას, რომელიც სულ რამდენიმე თვეა ომის პირობებში სწავლობს მათ.
რეალური სურათის ცვლილება დიდი რაოდენობით თანამედროვე დასავლურ ტექნიკას შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ რუსებს კვლავ აქვთ ტექნიკური უპირატესობა სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება უკრაინელთა სასარგებლოდ, ხოლო სიზუსტის თვალსაზრისით უკრაინელები ბევრად აღემატებიან მოწინააღმდეგეს.
- რუსმა სეპარატისტებმა მარიუპოლში დატყვევებულ ორ ბრიტანელ მოხალისეს სიკვდილი მიუსაჯეს. ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით "ყველაფერი გაკეთდება მათ გამოსახსნელად".
 
გიორგი კობერიძე
ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.